გველი როგორც თავდაპირველი ქართულის მცოდნე

ალქიმიკოსი
ისტორია
0
0

ჰერეთის მოსახლეობაში შენარჩუნებული იყო თქმულება, რომ თავდაპირველად ყველა არსება ერთ ქართულზე ლაპა...

ავტორი: გიორგი დოლიძე

 

ჰერეთის მოსახლეობაში შენარჩუნებული იყო თქმულება, რომ თავდაპირველად ყველა არსება ერთ ქართულზე ლაპარაკობდა. ყველას ერთი ქართული ჰქონდა: არა მხოლოდ ადამიანებს, მხეცებს, ფრინველებსაც, მცენარეებსაც, მიწასაც, წყალსაც, ჰაერსაც, ცეცხლსაც, ყველა ქმნილებას. მაგრამ გავიდა დრო და ქართული დანაწილდა, განშტოვდა, ყველამ თავის ქართულზე დაიწყო ლაპარაკი... ცხოველებმა - თავის ქართულზე, ფრინველებმა - თავის ქართულზე, მცენარეებმა - თავის ქართულზე. მხოლოდ ადამიანებს შერჩათ ერთიანი ქართული. მაგრამ რაც დრო გადიოდა, ადამიანებმაც ვეღარ გაუგეს ერთმანეთს: თავ-თავიანთ ქართულზე ალაპარაკდნენ და ერთმანეთისთვის უცხონი გახდნენ. ერთადერთი არსება გველი იყო, რომელმაც შეინარჩუნა თავდაპირველი ქართულიც და სხვა ქართულებიც. მას მთელი ქვეყნიერების ენა ესმის ყველა ადამიანის, ყოველი სულდგმულის და უსულოსი, მთელი ბუნების... 

როგორც სხვა ხალხებში, ქართველების ცნობიერებაშიც გაიელვებს ქართული როგორც უნივერსალური ენა. თუმცა ეს არ უნდა გავაიგივოთ მხოლოდ ქართველთა შორის საკომუნიკაციო, ერთიან სალიტერატურო ენასთან. ცნება „ქართული“ ზოგჯერ  სიტყვის მნიშვნელობით გამოდის, მაგალითად „ვეფხისტყაოსნის“ დასაწყისში: „არა შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა“, სადაც პოეტი სიტყვის შემოკლებაზე უსვამს ხაზს და აქ „ქართული“ არის იგივე სიტყვა. ძველად მცხოვრები ქართველები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კულტურულად საკუთარი ეთნოგრაფიული სივრციდან არ გადიოდა, ერთგვარად სამყაროს აღიქვამდა თავისი ეთნიკური სივრცის შიგნით და ეს ერთგვარი მიკროსამყაროა ქართველებისთვის, რომლიდანაც ხედავენ გარემოს. საკუთარი ენის პრიზმაში დანახული სამყარო...

„ქართული“ ამ შემთხვევაში ისეთივე ფართო ცნება ხდება, როგორც იუდეო-ქრისტიანულ სამყაროში ცნება „ისრაელი“. როდესაც ქრისტიანი თავის რელიგიურ პრაქტიკაში იყენებს ებრაული წარმომავლობის ტექსტებს, მათ შორის ფსალმუნებს, იქ მუდამ აღინიშნება მლოცველის მიმართვა ღვთაების მიმართ, რათა გამოიხსნას „თავისი ერი“, ეს არის რჩეული „ისრაელი“, რომელშიც შედიან არა მარტო ებრაელები, არამედ მას საკუთარ თავს მიაკუთვნებენ ის ქრისტიანებიც, რომლებიც ე.წ. აბრაამისეულ ვექტორს ცნობენ, და ეს ებრაული წარმომავლობისაა. გარკვეული გაგებით გაქრისტიანებული ხალხი გაებრაელებულიც არიან არა ეთნიკური გაგებით, არამედ ჩაერთვნენ იმ პროგრამაში, რომელიც ებრაელთა წიაღიდან გამოვიდა უკვე როგორც ზეეროვნული გაგება. თუ ებრაელს სწამს, რომ პასექის აღნიშვნის დროს ის იხსენებს საკუთარი ერის დახსნას ეგვიპტელებისაგან, კაბალისტური ტრადიცია და ასევე ქრისტიანობაც ამ მოვლენას სულიერ პლანში განმარტავენ და განავრცობენ როგორც ყოველი ადამიანის სულიერი ბრძოლის  სიმბოლოს, მაგრამ მაინც ებრაულ თქმულებას და ტერმინებს ტოვებენ ამის სიმბოლოდ, მაინც თავისი ეროვნული წყარო აქვს ყოველ სისტემასა და პროგრამას, ის ბატონდება ყველა დანარჩენზე, რადგან ყოველ არსს და მათ შორის მენტალურ პროგრამებსაც აქვთ გაფართოვების შინაგანი მოთხოვნილება, იბრძვიან ამისთვის. და როგორც ებრაული რელიგია ან ებრაული ტრადიციიდან ამოზრდილი მიმდინარეობები ამ ერის სულიერ სისტემას არგებს ყველა დანარჩენ ერებსა და კულტურებს, ისევე ზემოთ მოყვანილი თქმულება არის მსგავსი სულისკვეთების: დაინახოს სამყარო თავისი ენის როგორც აზროვნების ფორმის ფარგლებში, განავრცოს მასზე ეს ფორმა. თუნდაც სურვილის დონეზე გაიაზროს ეს...

თქმულება გვიყვება ენის დაშლის შესახებ, და ეს არის მოგონება ბაბილონის გოდოლის, რომლის მშენებლობის დაწყებამდე ადამიანები ერთ ენაზე საუბრობდნენ, მაგრამ გოდოლის შენებისას ბიბლიურმა ღმერთმა დაიწყო მათი ენების აღრევა, ხალხი ერთმანეთს ვეღარ უგებდა და გოდოლის შენებაც ვეღარ დაასრულეს. ქართველებისთვისაც თავიანთი ენა ერთგვარი ნამსხვერვი და გამოძახილია იმ ძველი ენის, რომელიც საფუძველს უდებს ყოველგვარ მეტყველებას. საერთო ენის დაშლა არის გამოვლინება ინდივიდუალიზაციის პროცესის, როდესაც ყოველი ჯგუფი და ყოველი ადამიანი, ასევე ყოველი ქმნილება იწყებს გაძლიერებულ თვითშემეცნებას, თვითიდენტიფიკაციას, რასაც შემდეგ მოჰყვება ისევ ამ ნაწილაკების ერთმანეთთან შეკვრა ახალი ფორმით. ეს არის პულსაცია მუდმივი დაშლა-შეერთების ციკლის. დაშლა ხდება არა მხოლოდ ადამიანების, არამედ „უსულო“ საგანთა შორის, მაგრამ აქ ეს საგნები უსულოდ აღარ ითვლებიან, მათი არსებობაც უკვე თვითგამოხატვაა, საკუთარი არსის გამოვლინება, ამით მეტყველებენ ისინიც. აქ ისევ უნდა გავიხსენოთ ხოგაის მინდის მისტერია, როდესაც გველთან(!) ზიარების შემდეგ ის იგებს ყოველი სულიერისა და უსულო არსის ენას, აღიდგენს ადამიანთა მიერ დაკარგულ უნარს - სამყაროს ღრმა წვდომას და მის მოსმენას... ინგილოთა შორის შემორჩენილი თქმულებაც ერთგვარი გამოძახილია უწინდელი ერთობის დაშლაზე, მათ შორის ქართველთა შორისაც, როცა ქართველური ჯგუფის ყოველი ნაწილი ჯერ ცალკე გადის, შეიმეცნებს საკუთარ თავს და შემდეგ ისევ ერთიანობისკენ ისწრაფვიან. 

CABALA

გადმოცემის მიხედვით თავდაპირველი ქართულისა და სხვა ქართულების ერთადერთ მცოდნედ გამოდის გველი - ისევ ის არსება, რომელიც ყოველთვის თავის სიძველეს უსვამს ხაზს და ინახავს ცოდნას. ის არის ენობრივ-მენტალური რეკონსტრუქციის მასწავლებელი, რომელსაც უნდა მიჰყვეს ადამიანი. პარალელი შეიძლება გავავლოთ კაბალისტურ სწავლებასთან, სადაც გველი არ არის მხოლოდ ცდუნებისა და დაცემის სიმბოლო, რომელიც მოძულებულია ადამიანების მიერ. ეს გველის მოძულებაც არის მხოლოდ გაუცნობიერებელი შიში მის მიმართ და ეს უნდა დაიძლიოს. როგორც კი ხდება ადამიანის მიერ სამყაროს მოქმედების პრინციპების წვდომა და იმის შეგნება, რომ ყველაფერი ისე ხდება როგორც უნდა მოხდეს, და რომ ბიბლიური სიმბოლური „დაცემაც“ არის განვითარების პროგრამის ნაწილი, სწორედ ამ დროს ქრება გაუაზრებელი შიში გველის მიმართ და ჩვენ მასთან ვაიგივებთ კიდეც თავს, ის გამოდის როგორც ჩვენი ერთგვარი ტოტემი, რომელსაც უნდა ავყვეთ ამჯერად უკვე „ქვემოდან ზემოთ“, და არა პირიქით, როდესაც ვიყავით სადღაც „ზემოთ“ და იქიდან დავეშვით „ქვემოთ“ შემეცნების გზაზე. კაბალისტურ სწავლებაში სამყაროს გამოვლინებების - ათი სფიროტის შესახებ იხსენიება ე.წ. „გველის გზა“. გველი, რომელმაც დასცა კაცობრიობა, იწყებს ამჯერად მის აყვანას ისევ ზედა საფეხურებზე, მალქუტიდან კეტერამდე. მალქუტი, როგორც ქვედა, მატერიალური და მიწიერი გამოხატულება არის საფუძველი, საიდანაც ვიწყებთ ისევ აღმასვლას და ეს არის „გველის გზა“. კულტურაში ამის გამოხატულებები ახალ დროში გამოჩნდა, ისევ ბაბილონის გოდოლს თუ გავიხსენებთ, თუნდაც ფრიც ლანგის მუნჯ ფილმში „მეტროპოლისი“, სადაც ხდება ბიბლიური ლეგენდის განსხვავებული ინტერპრეტაცია: კაცობრიობამ გოდოლის შენება დაიწყო არა საკუთარი ამპარტავნებიდან გამომდინარე, არამედ მიზნად დაისახა, რომ აეშენებინა გოდოლი, რომლის მწვერვალზე დაწერდნენ ფრაზას „დიდია სამყაროს შემოქმედი და დიდია ადამიანი.“ მაგრამ მშენებლობისას ხელმძღვანელებმა (გონება) და მუშებმა (ხელები) ვერ გაუგეს ერთმანეთს და ვერ აღსრულდა ჩანაფიქრი. ამის დასასრულებლად კი საჭიროა შუამავალი (გული) რომელიც ურთიერთგაგებას, მოსმენას ასწავლის ყველას. ეს არის ის გულისმიერი და უნივერსალური, „თავდაპირველი ენა“, რომელმაც უნდა შეკრას ერთ მთლიანობად დაშლილი ნაწილები. ან იმავე ეპოქიდან გავიხსენოთ ნიკოს კაზანძაკისი, რომელმაც თავის ნაშრომში „ასკეზა“ ჩამოაყალიბა პიროვნების განვითარების ოთხი საფეხური: პიროვნება ჯერ იაზრებს და აიგივებს საკუთარ თავს „მე“-სთან, შემდეგ ის არის მთელი თავისი რასის გამოხატულება, მომდევნო საფეხურზე ის ცხოვრობს საკაცობრიო ცხოვრებით, ხოლო ბოლო საფეხურზე ის აიგივებს თავს მთელს დედამიწასთან... ყოველი ასეთი ნაწარმოები არის სწორედ ის „გველის გზა“, რომელიც დაშლილი მდგომარეობიდან ადამიანებს აღძრავს „ზემოთ“ სვლისკენ. 

JOHN_SINEL

ამ თემის ვიზუალიზაციისთვის კარგი მაგალითია ასევე ერთი ქართული კალიგრამი ძველი ხელნაწერიდან. კალიგრამი არის ტექსტის იმგვარი წერა, როდესაც სიტყვების განლაგება ქმნის ნახატს და ეს ნახატი თემატურად ხშირად კავშირშია თავად ტექსტის შინაარსთან. ასეთი კალიგრამი არის ჩანახატი იოანე სინელის „კლემაქსისთვის“, რომელიც გვაჩვენებს გველის ფორმას, და ის მოიცავს ფრაგმენტს „კლემაქსის“ ტექსტიდან. იოანე სინელის „კლემაქსი“ (ანუ „კიბე“) ეს არის ღრმა სულიერი სწავლება თუ როგორ ადის ადამიანი ყველაზე დაბალი საფეხურებიდან შემეცნების მაღალ საფეხურებამდე. აქაც ვხვდებით ზეასვლის მოტივს და შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ერთ-ერთ ფრაგმენტში ჩნდება გველის, როგორც შემეცნების, უძველესი მეხსიერების აღმნიშვნელი კალიგრამი. გველი, რომელმაც დაგვცა და რომელიც შემდეგ აღგვადგენს ჩვენივე დაბალი საფეხურებიდან, რადგან ამ პულსაციით და ამ მონაცვლეობით არის შესაძლებელი განვითარება, მხოლოდ მუდმივი „ტყავის ცვლით“. 

იმ თქმულებაში, რომელიც ჰერეთის მოსახლეობამ შემოინახა, „ქართული“ როგორც ცნება აყვანილია უნივერსალურ მნიშვნელობამდე, მაგრამ იმავე დროს ეს ენა მოიხსენიება მაინც როგორც „ქართული“ - ეს არის გამოხატულება იმ ძალაუფლების ნების, გინდა სხვანაირად ვთქვათ იმ თვითგამოხატვის, რომელსაც იწყებს ყოველი ჯგუფი და ყოველი ერი, როგორც კი ის საკუთარ თავს შეიმეცნებს და იწყებს ექსპანსიას. როგორც ადამიანებს შორის, ისევე ერებს შორისაც განვითარების პროცესი არ არის ერთგვაროვანი და უმტკივნეულო, ეს არის ასევე ბრძოლაც, რომელშიც მონაწილეობს კულტურული ელემენტებიც. როგორც ებრაელთა ნაწილიდან - ქრისტეს პირველი მიმდევრებიდან - წამოვიდა მათივე კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანობა და სხვა ერებიც გარკვეული გაგებით გადაიყვანა „ისრაელში“, ანუ კონკრეტულ ზეეროვნულ პროგრამაში, რომელიც მაინც ებრაელების შექმნილია, ასევე სხვა ერებიც გრძნობენ ამ მოთხოვნილებას, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს ამას. ეს იგრძნობა ზემოთ მოყვანილ ლეგენდაშიც. ქართველიც ისევე შეიგრძნობს საკუთარ ენას, როგორც ებრაელმა შეიგრძნო საკუთარი რწმენა და პირდაპირ თუ ირიბად მოახდინა თავისი პროგრამის ექსპანსია და ეს პროგრამა მოიხსენიება როგორც „აბრაამისეული რელიგიები“. ეს ერთვარი დამცავი ფარიც არის, რომლითაც ერი ქმნის იმ დამცავ სივრცეს, რომელმაც კულტურულად და ფსიქოლოგიურად უფრო მყარად უნდა აგრძნობინოს თავის ერს. ჩვენს შემთხვევაში ქართველ ერს მსგავსი ექსპანსია არ გამოსვლია და ეს კარგად ჩანს ასევე ქართული ენის მდგომარეობაში არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ თავად საქართველოშიც. ნელნელა დგება ის დრო, როდესაც განსაკუთრებით ამ ინფორმაციის ეპოქაში სულ უფრო კარგად აცნობიერებენ ერები ენის მნიშვნელობას, რომელიც არის არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ საკუთარი მენტალური პროგრამით სხვა პროგრამების გადაფარვა თუ არა, მინიმუმ საკუთარი თავის შენახვისა და შენარჩუნების საშუალება. ამავე დროს ერის მიერ საკუთარი სალიტერატურო ენის დაცვა და განვითარება არის ის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც აუცილებელია კონკრეტული კულტურის არა მხოლოდ შენარჩუნებისთვის, არამედ მისი განვითარებისთვის, რადგან კულტურა, რომელიც წყვეტს განვითარებას, სიკვდილისთვის განწირულია. ეთნიკურ დონეზე ამ ლეგენდის გამოხატულება სწორედ ასე შეგვიძლია გავიგოთ. სხვა პლანზე ეს არის იგივე, რაც ადამიანში მისი შინაგანი „გველის გზის“ გავლა. ან ზეეროვნულ საფეხურზე ეს შეიძლება გავიგოთ როგორც ჯგუფებს შორის ურთიერთქმედება... 

ეს თქმულება არის იმის გამოხატულება, თუ ენის როგორ აღქმამდე მივიდა ქართველი ერი და რამდენად ღრმად აღიქვამს ის ამ ენას, როგორც გრძელვადიანი განვითარების პროგრამას, რომელიც ჯგუფს არა მხოლოდ დაღმა ჩაიყვანს, დაშლისკენ, იზოლირებისა თვითანალიზისთვის, არამედ შემდეგ ისევ მაღლა აიტაცებს უკვე შემდგომი ექსპანსიისთვის. ენა კი ყოველი ერისთვის არის კონკრეტული გრძელვადიანი გეგმა, რომელიც საფუძველია არა მხოლოდ პიროვნული, არამედ ჯგუფის განვითარებისთვის, რათა ურთიერთქმედებაში შევიდეს სხვა ჯგუფებთან და მთელ სამყაროსთან.

მსგავსი სტატიები

ზენობია


ავტორი: ჯოშუა ჯ. მარკი მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წყარო ზენობია...

მეროე


მეროე იყო ძველი სახელწიფოს - ქუშის მდიდარი მეტროპოლისი, რომელიც დ...

საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია


მონაკვეთი იუვალ ნოა ჰარარის წიგნიდან - "საპიენსი - კაცობრიობის მო...

უძველესი ნუბია: მოკლე ისტორია


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო  ისინი რომაელებს ებრძოდნენ,...

ზურვანიზმი


ლეგენდარული ზარათუსტრას მიერ მოტანილი რელიგია - ზოროასტრიზმი ჩვეულე...

აბუ სიმბელი: ტაძრები რომლებიც გადაადგილეს


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო აბუ სიმბელის ტაძრები, ერთ-ერთი ყ...

მამა მზე, დედა მთვარე


ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებში, ოსაგას ტომში არის თქმულება ორ ძმაზე, ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff