მამა მზე, დედა მთვარე

Admin
ისტორია
0
0

ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებში, ოსაგას ტომში არის თქმულება ორ ძმაზე, რომლებიც ისე გაიზარდნენ, რომ ა...

 ავტორი: გიორგი დოლიძე

 ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებში, ოსაგას ტომში არის თქმულება ორ ძმაზე, რომლებიც ისე გაიზარდნენ, რომ არ იცოდნენ თუ ვინ იყო მათი მამა. დედა უყვებოდა რომ მამა დაიღუპა დიდ ბრძოლაში, როდესაც თავად ორსულად იყო. მაგრამ ძმები რომ გაიზარდნენ, მათ ყურამდე მივიდა ხალხში გავრცელებული ჭორები, რომლის თანახმად მათი მამა არ დაღუპულა ბრძოლაში, რომ სინამდვილეში ის მებრძოლი არც იყო, არამედ უცნობი, რომელმაც ერთ დღეს შემოისეირნა მათ სამყაროში. და ჭორი, რომ სიმართლის განდობა ძმებისთვის მხოლოდ მზეს შეეძლო...

sun 1349

 მზესთან მისვლა სახიფათო იყო, მაგრამ ძმებმა მაინც გადაწყვიტეს ჭეშმარიტების გარკვევა. დიდი გაჭირვებით მიაღწიეს მზემდე, რომელიც ზენიტში იყო. მზემ უთხრა რომ თვითონ იყო მათი მამა. და ასევე დაამატა, რომ ქალი რომელმაც ისინი ღვიძლი შვილებივით გაზარდა, მათი დედა არ არის, რომ მათი ნამდვილი დედა მთვარეა. მივიდნენ ძმები მთვარესთან და მთვარემაც დაუდასტურა, რომ ის მათი დედა იყო. უმცროსი ძმა გულნატკენი დარჩა, რადგან იცოდა, რომ უფროსი ძმა უხუცესებს აღარ დაუბრუნდებოდა, რადგან მათი წარმომავლობის არ იყო.

 მთვარე ჯერ გაირინდა, შემდეგ მიანიშნა ძმებს, რომ ეცხოვრათ ცხოველთა შორის. ძმები დაბრუნდნენ დედამიწაზე, მაგრამ გააცნობიერეს, რომ დედამიწა წყლით იყო დაფარული. ძმებმა ცხენ-ირმებს სთხოვეს შველა, ჯოგი მყისიერად დაიხარა და წყალს დაეწაფა, ამოაშრეს წყალი და ძმები ქვიშიან მიწაზე იდგნენ. მადლობა გადაუხადეს ჯოგს და დაპატიჟეს მათთან საცხოვრებლად. ცხენ-ირმებიც (ლოსები) დათანხმდნენ, ძმებმა ისწავლეს სიმინდისა და ლობიოს მოყვანა, რომელის მოსავალიც ჯოგთან უნდა გაეყოთ, მაგრამ ამავე დროს ძმებმა ზრდილობიანად იუარეს ჯოგის შემოთავაზება ბალახის გაზიარებასთან დაკავშირებით...

  შენ იბადები სამყაროში, სადაც შენი ჩვეული გარემო ხელახლა უნდა აღმოაჩინო. სამყაროზე დაკვირვებისას ნელნელა იწყებ აღმოჩენას, რომ ხარ ერთიანი ჯაჭვის ნაწილი, ბუნების შვილი, რომ მზეა მამაშენი, მთვარე კი დედაშენი, როგორც მსგავსი შედარება არის მეგრულ ლექსში ოღონდ მზე-მთვარის შეტრიალებული მნიშვნელობით ("ბჟა დიდა რე ჩქიმი, თუთა - მუმაჩქიმი..."). როცა ყურადღებით უსმენ ბუნებას, შენში ფართოვდება მშობლების გაგება. გაცდები საკუთარ ხორციელ ოჯახს და გაიჭრები ბუნებაში, იმავე დროს კი ფიქრებით მნათობებთან თამაშის შემდეგ ისევ დედამიწას უბრუნდები და ახლებურად აგრძელებ ცხოვრებას... შენი მშობლები არიან მზისა და მთვარის პრინციპის განსახიერება, და იმ დუალიზმის, რაც შენშია და შესაბამისად ამ გაორებას ხედავ სამყაროში, გაორება კი ითხოვს რომ ყველაფერი ისევ ერთიანობაში შეიგრძნო. აქვე გახსენდება ძენის ცნობილი გამონათქვამი "როგორი იყო შენი სახე შენი მშობლების შეხვედრამდე?"

 ამ მედიტაციებში წყდები შენს ჩვეულ გარემოს, ცხოვრების წესს, შენი სისხლისა და ხორცის აღქმას, და შემდეგ უბრუნდები უკან, ამ ყოველივეს კი არ უკუაგდებ, არამედ ახლებურად უყურებ და ხვდები რომ ძველი ცხოვრება შეუძლებელია. წყალი, რომელიც ფარავს დედამიწას, არის შენი არაცნობიერი სიღრმეები, რომელთა ფსკერამდე უნდა ჩახვიდე და ნათელი მოჰფინო მას. ამისთვის მოიხმობ შენს ტოტემს (ცხენ-ირმებს), რომელიც არის შენი გამოხატულება, თუ როგორს აღიქვამ საკუთარ თავს ქცევებში, ფიქრებში და იწყებ არაცნობიერი წყლების ამოშრობას სანამ არ გამოამზეურებ იმას, რაც შენშია დაფარული. იწყებ საკუთარი კულტურისა და ყოფის შექმნას საკუთარი შრომით, რომელსაც ბუნებაში უბრალოდ კი აღარ მოაგროვებ, არამედ საკუთარი ოფლით ქმნი და ეს წვალება და შრომა გაყალიბებს პიროვნებად, ებმები შემოქმედებით პროცესში ბუნების ძალებთან მეგობრობით როცა შენს ნაშრომს მათაც სთავაზობ და უწილადებ...

 უნდა გაუცხოვდე შენს უწინდელ ცხოვრებასთან და ჩაუღრმავდე ბუნებას, მიაყურადო მას, შეიგრძნო შენსა და ბუნების ძალებთან ერთობა და განუყოფელი კავშირი, შემდეგ კი მობრუნდე ახალი შემოქმედებითი ცხოვრებისთვის, რომელსაც მხოლოდ ბუნების ასეთი შეგრძნება ბადებს...

 

მსგავსი სტატიები

საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია


მონაკვეთი იუვალ ნოა ჰარარის წიგნიდან - "საპიენსი - კაცობრიობის მო...

ზურვანიზმი


ლეგენდარული ზარათუსტრას მიერ მოტანილი რელიგია - ზოროასტრიზმი ჩვეულე...

მამა მზე, დედა მთვარე


ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებში, ოსაგას ტომში არის თქმულება ორ ძმაზე, ...

მეროე


მეროე იყო ძველი სახელწიფოს - ქუშის მდიდარი მეტროპოლისი, რომელიც დ...

ისტორიის ბნელი პერიოდი


ავტორი: სერგო ღამბაშიძე არსებობს ისტორიაში დაახლოებით 1000 წლიან...

რომაელთა ყოველდღიური ცხოვრება


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო ადრეული დღეებიდან, რომის რესპუბლიკ...

გველი როგორც თავდაპირველი ქართულის მცოდნე


ჰერეთის მოსახლეობაში შენარჩუნებული იყო თქმულება, რომ თავდაპირველად ...

აბუ სიმბელი: ტაძრები რომლებიც გადაადგილეს


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო აბუ სიმბელის ტაძრები, ერთ-ერთი ყ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff