როგორ ააშენეს ძველმა ეგვიპტელებმა გიზას პირამიდები

Admin
ისტორია
0
0

სტატიის წყარო ძველი ეგვიპტე – ეს სიტყვები 4000 წლის განმავლობაში ასოცირდება გიზას დიდ პირამიდე...

pyramids of giza

სტატიის წყარო

ძველი ეგვიპტე – ეს სიტყვები 4000 წლის განმავლობაში ასოცირდება გიზას დიდ პირამიდებთან და ერთადერთ შემორჩენილ უძველეს საოცრებასთან. რამდენჯერ გვიოცნებია მათ ნახვაზე, ვინ დათვლის რამდენი წიგნი-სტატია წაგვიკითხავს მათი საიდუმლოებების შესახებ. და მაინც, ყველაზე საინტერესო კითხვა – როგორ ააგეს პირამიდები, თითქოს პასუხგაუცემელი რჩება. უნდა ვაღიარო, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდი მასალებს, წიგნებს, მათ სანდოობას ვამოწმებდი და ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე, რომ მათ თავი მოვუყარო და თქვენც გაგიზიაროთ.

გიზას ველზე გათხრებმა, ბოლო 30 წლის განმავლობაში აქამდე არნახულ მასშტაბებს მიაღწია, გაითხარა ნეკროპოლისები, დასახლებები, აღმოჩნდა უამრავი სამუშაო იარაღი, მუშების სასაფლაოები, მათი კვების რაციონის მენიუც კი. და ამ ყველფრის შემდეგ, არსებობენ „მეცნიერები“ და მათი იდეების გამზიარებლები, რომლებიც საოცარ ძველ ეგვიპტურ სამყაროს უგულებელყოფენ, ადამიანის შესაძლებლობებს გვერდზე დებენ და კაცობრიობის მიერ აგებულ ერთ-ერთ ყველაზე საოცარ მონუმენტს არამიწიერ ცივილიზაციებს მიაწერენ.

მაშ ასე, იმედია არ მოგაწყინეთ თავი და ჩემთან ერთად გაეცნობით სწორ არგუმენტებსა და მეცნიერულ კვლევებს.

costruzione delle piramidi

რამდენი ადამიანი მუშაობდა პირამიდების მშენებლობაზე?

ალბათ, ერთ-ერთი პირველი პარადოქსი რაც პირამიდებთან დაკავშირებით გვახსენდება, ჰეროდოტეს მიერ გაკეთებული ჩანაწერებია, რომ პირამიდას 100 000 მონა აშენებდა. მგონი, ამ საკითხში მაინც ყველა უკვე გავერკვიეთ და ვიცით, პირამიდებს თავისუფალი მოსახლეობა აგებდა ფარაონისათვის, რომელიც დედამიწაზე ჰორის განსახიერებად ითვლებოდა. მოდი ახლა ციფრებს მივუბრუნდეთ. 100 000, მგონი საკმაოდ ყვირის. რა თქმა უნდა, ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია, მაგრამ ნებისმიერი კვლევა და გამოთვლა ამტკიცებს, რომ მაქსიმუმ 36 000 მუშა, სრულიად საკმარისი იყო პირამიდების აგებისათვის. მეცნიერების უმეტესობა განიხილავს თეორიას, რომ 20 000 – 30 000 მუშას შესწევდა უნარი შეესრულებინა ეს სამუშაო. არქეოლოგი მარკ ლეჰნერის გამოთვლებით აქ მაქსიმუმ 33 000 ადამიანს შეეძლო ცხოვრება. ის 1992 წლიდან მუშაობს ე.წ. „დაკარგული ქალაქის“ გათხრებზე. ეს ის სამოსახლოა, სადაც მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები ცხოვრობდნენ. მისი მარკის გუნდმა, ასევე გამოთვალა რამდენი ადამიანი იყო საჭირო, რომ ყოველდღიურად მშენებლობაზე 340 ქვა მიეტანათ. შედეგი ასეთია: 1200 ადამიანი მუშაობდა კარიერში, ქვის ჭრაზე; 2000 მის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა. ადგილზე უკვე ხდებოდა ქვის დამუშავება და უშუალოდ პირამიდაზე ატანა. ამ სამუშაოს ყოველდღიურად დაახლ. 5000 ადამიანი დასჭირდებოდა.

არქეოლოგი რიჩარდ რედინგი – უძველესი ეგვიპტის კვლევის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი (AERA) საკუთარ კვლევაში რომელიც ჟურნალ Live Science გამოაქვეყნა წერს, რომ მუშების დასახლებაში ჩატარებული გათხრებისას, მათ აღმოაჩინეს საყასბოები, ასევე ადგილი სადაც დაკლული ცხოველების ძვლები იყრებოდა, აღმოჩენილი ძვლების რაოდენობაზე დაყრდნობით, დადგინდა რომ ყოველდღიურად დაახლ. 1850 კგ. ხორცი და მინიმუმ 3ჯერ მეტი რაოდენობის ბოსტნეული იხარჯებოდა მუშების კვებაში (მშვენიერი მადა ჰქონიათ უცხოპლანეტელებს).

egyp ship

ძველ ეგვიპტური ნავის მოდელი მენნას სამარხიდან

როგორ იგებოდა პირამიდები?

საკმაოდ ხშირად გვესმოს და ძველი თაობის მეცნიერებიც არაერთხელ იმეორებენ „თუ ვინმე ამბობს, რომ იცის როგორ ააშენეს პირამიდები, ისინი აუცილებლად გატყუებენ“. ჩემი აზრით და ამაში ბევრი წამყვანი მეცნიერის დასკვნებს ვემხრობი, ეს ყველაფერი უკვე ძალიან დიდი ტყუილი და უმეცრებაა. ათასობით არქეოლოგმა, ინჟინერმა და ანთროპოლოგმა უკვე რამდენიმე ათწლეულია დადეს დასკვა, თუ როგორ შენდებოდა უძველესი სამყაროს საოცრებები. ნუღარ დაუჯერებთ ადამიანებს, რომლებიც კლავიატურაზე კაკუნით არ იღლებიან და კვლავ იმეორებენ, რომ ადამიანს არ შეეძლო მსგავსი ნაგებობის აშენება ყველანაირი მეტალის იარაღის გარეშე. ბოლოს როდის წაიკითხე მეცნიერული ნაშრომი და გუგლში ჩამოწერილი რამდენიმე ცნობა, ფეისბუქზე გაზიარებული ვიდეობი და ვითომ ვაი მეცნიერების აზრები გადაამოწმეთ?

ფაქტი სახეზეა, პირამიდის 90% აგებულია ადვილად დასამუშავებული კირქვით, რომლის კარიერიც მშენებლობიდან არც თუ ისე შორს მდებარეობდა (ეხერხებოდათ ძველ ეგვიპტელებს მშენებლობის ადგილის არჩევა, ისე რომ საძირკველი მყარი ყოფილიყო, მდინარესთან და კარიერთანაც წვდომა ჰქონოდათ. ხომ სულ ვიმეორებ, ჭკვიანები იყვნენ თქო!). თუ კიდევ გეტყვიან, რომ მეტალის იარაღი არ არსებობდა და ვერც გამოიყენებდნენ, მოიშველიეთ ტოლედოს უნივერსიტეტის არქეოლოგების მიერ ჩატარებული გათხრების შედეგები, მათ გიზას პლატოზე უამრავი სპილენძის სოლი აღმოაჩინეს.

ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ჯერ კიდევ საჰაერო ხომალდების, ანტი-გრავიტაციული მექანიზმებისა და მაგიის ჯერა, წითელ ზღვასთან ნაპოვნი პაპირუსი ნამდვილად დიდი დარტყმა იყო. მაგრამ, სულ დამავიწყდა, ჩვენთან ხომ ამაზე საერთოდ არ საუბრობენ , სწორედ ამიტომ ცოტა გამიგრძელდება სიტყვა ამ თემასთან დაკავშირებით.
2013 წელს, სუეციდან სამხრეთით დაახლ. 180 კილომეტრიში, მსოფლიოში უძელესი პორტი აღმოაჩინეს, რომელიც ახლა ცნობილია ვადი ალ ჯარფის სახელით (Wadi al-Jarf). პორტის ნანგრეებში აღმოაჩინეს ასევე მეტალის იარაღები, თოკების ნარჩენები, დოქები და რაც მთავარია, ასევე უძველესი პაპირუსი. 4500 წლის პაპირუსი ხუფუს მეფობის 27-ე წლით თარიღდებდა, დაწერილია მერრერის მიერ და დეტალურად აღწერს, რომ პირამიდის მოსაპირკეთებლად საჭირო ქვები ტურადან მიჰქონდათ, რომელიც დღეს თანამედროვე კაირომ შთანთქა. ნავს ტურადან სამშენებლო მოედნამდე ზუსტად 4 დღე სჭირდებოდა და დაახლოებით 200 ადამიანი ჰყოფნიდა ამ სამუშაოს.

construccion de las piramides 1000x485

ჯეჰუტიჰოტეპის სამარხის რელიეფი – შუა სამეფო

ახლა განვიხილოთ, თუ რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც ქვები მშენებლობის მოედანზე ხვდებოდა. როგორ გადაჰქონდათ უშუალოდ პირამიდამდე და როგორ აჰქონდათ 100 მეტრზე უფრო მაღალ ნაგებობაზე. ამსტერდამის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა ამ კითხვას ამომწურავი პასუხი 2004 წელს გასცეს ვრცელი სტატიით. ქვები თავსდებოდა ხის მარხილებზე, ქვიშას კი წყლით აჯერებდნენ. ამ მარტივი ხერხით მარხილი ქვიშაზე ადვილად სრიალდებოდა და ტრანსპორტირებაც მარტივდებოდა. ამ ხერხს ეგვიპტელები ათასობით წლის განმავლობაში იყენებდნენ. სწორედ ასე გადაჰქონდათ ასუანიდან ჩამოტანილი უდიდესი გრანიტის ქვები, ობელისკები და ქანდაკებები.

სკეპტიკოსებს კიდევ აქვთ კითხვა დარწმუნებული ვარ. მაგალითად, როგორ მოახერხეს ფერმერების ცივილიზაციამ პირამიდების აგება? პასუხი ძალიან მარტივია და ნებისმიერ წიგნში შეგიძლიათ იპოვოთ. გიზას მშნებებლობა არ ყოფილა მხოლოდ ერთი ადამიანის ახირება, რომელმაც გაიღვიძა და გადაწყვიტა არქიტექტორებს შეუძლებელი მოსთხოვოს. ყველაფერი ბევრად უფრო ადრე დაიყო, როდესაც პირველმა ფარაონებმა საკუთარ სამარხად ე.წ. „მასტაბების“ აგება დაიწყეს. ამას მოჰყვა გენიალური ინჟინერის იმჰოტეპის იდეა მასტაბების ერთმანეთზე “დადგმა” და ქვის სამშენებლო მასალად გამოყენება. მისმა რევოლუციურმა იდეებმა კაცობრიობას პირველი ქვის ნაგებობა და ჯოსერის პირამიდა აჩუქა. როგორ შეიძლება პირამიდებზე საუბრისას უდიდეს მშენებელსა და პიროვნებას – სნეფერუს ავუაროთ გვერდი. ადამიანმა, რომელმაც 3 უდიდესი პირამიდა ააგო, ვიდრე პირველი კლასიკური ფორმის პირამიდის აგების საიდუმლოს არ ჩასწვდა. დღესაც შეგიძლიათ მის არაჩვეულებრივ მემკვიდრეობას გაეცნოთ მედუმსა და დაშურში – მედუმის პირამიდა, დაშურის დახრილი და წითელი პირამიდები.

giza

გიზა (მარცხნიდან: მენკაურას. ხაფრასა და ხუფუს პირამიდები)

პირამიდებთან დაკავშირებით კვლავ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვებია. მაგალითად, სულ ახლახანს მეცნიერებმა ინფრაწითელი გამოკვლევების შემდეგ ნაგებობაში ცარიელი სივრცეები აღმოაჩინეს; გაურკვეველია რა მიზანს ემსახურებოდა ვიწრო გვირაბების სისტემა, რომლებიც სამარხი კამერებიდან იწყება და 2 მცირე კარითაა ჩაკეტილი. აღმოჩენილია უამრავი სამარხი, მცირე პირამიდები, სარიტუალო გზები, კას პირამიდები, ყოველდღე ამ უდიდესი კომპლექსის შესახებ ახალი ცოდნა და თეორეიბი იქმნება. თუნდაც მეორე სფინქსის არსებობს შესახებ. რეალურად ამ ყველაფრის გარკვევისაკენ უნდა მივმართოთ ჩვენი ყურადღება და ცოდნა, რათა ჩავწვდეთ ძველი ეგვიპტელების ცოდნას, რწმენას, სიბრძნეს. ადამიანს ყოველთვის შეეძლო საკუთარი შესაძლებლობებით წარმოუდგენელისათვის მიღწევა, ძველი ეგვიპტელები კი ყველანაირი იმდროინდელი მეცნიერული საზღვრის არაჩვეულებრივი გამღვევები იყვნენ. მე მიყვარს ეს ცივილიზაცია და ყველაფერი რაც მათ შეუქმნიათ. იმედია ყველა კითხვას დასაბუთებული პასუხი გავეცი, წინააღმდეგ შემთხვევაში გელოდებით კომენტარების ველში ?

P.S. სტატიაში მეცნიერებისა და მათი ნაშრომების ხსენებისას, თან დავურთე ბმულები რომლითაც გადახვალთ ინგლისურენოვან ტექსტებზე. აქედან გამომდინარე აღარ დავურთე გამოყენებული მასალა.

მადლობა Mariam Meritamen's Blog-ს მასალის გაზიარებისთვის. ბლოგის ლინკი: https://mariammeritamen.wordpress.com

 

მსგავსი სტატიები

ისტორიის ბნელი პერიოდი


ავტორი: სერგო ღამბაშიძე არსებობს ისტორიაში დაახლოებით 1000 წლიან...

მამა მზე, დედა მთვარე


ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებში, ოსაგას ტომში არის თქმულება ორ ძმაზე, ...

„შესაძლოა ჩვენ ჰომო საპიენსის ერთ-ერთი უკანასკნელი თაობა ვართ“ - იუვალ ნოა ჰარარი


დავოსში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, ებრაელი მეცნიერი იუვალ ნო...

ზენობია


ავტორი: ჯოშუა ჯ. მარკი მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წყარო ზენობია...

როგორ ააშენეს ძველმა ეგვიპტელებმა გიზას პირამიდები


სტატიის წყარო ძველი ეგვიპტე – ეს სიტყვები 4000 წლის განმავლობაში...

უძველესი ნუბია: მოკლე ისტორია


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო  ისინი რომაელებს ებრძოდნენ,...

გიზას გამქრალი სფინქსი – გჯერათ მეორე სფინქსის თეორიის?


წყარო კირკიტა და ცნობისმოყვარე მეცნიერები ვერ ისვენებენ, მუდმივა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff