ანდროგინია და დიადა: ტყუპების მითოსის მსოფლმხედველობრივი ასპექტები; არქაული და ინდოირანული კონცეპტები

Admin
მეცნიერება
0
0

ანდროგინია და დიადა: ტყუპების მითოსის მსოფლმხედველობრივი ასპექტები
არქაული და ინდოირანული კონცეპტები

ავტორი: ხათუნა თავდგირიძე
 
,,ორი სული რომლებიც დასაბამის ხილვებშივე იყვნენ ვითარცა ტყუპი,
ყოველ აზრში, სიტყვასა და საქმეში არიან არსით კეთილი და ბოროტი,  ...“
(ავესტა,იასნა 30,3).

მითიური ტყუპები - ერთად შობილი ზებუნებრივი პირველ-არსებები, რომელთა გაჩენაც წინ უსწრებს სამყაროს წარმოშობას, ხოლო მოღვაწეობა განსაზღვრავს  შესაქმეს - სამყაროს იმ ფორმით არსებობას, როგორიც დღეს არის, არქაულ კულტურებში გამოხატავენ პირველყოფილი  აზროვნების  მაღალგანვითარებულ,  შეიძლება ითქვას, - ონტოლოგიურ, ფორმას. ტყუპების მითოსში ორი ტყუპისცალის სახით წარმოდგენილია კოსმიური და სოციალური უნივერსალური დიქოტომიები - სამყაროს პოლარული საწყისები.
 
ტყუპების მითოლოგიური სახის წარმოშობა და ონტოლოგიური დამუშავება(რასაც ბუნებრივია წინ უსწრებდა ემპირიული დაკვირვება და პირველადი პრიმიტიული ცოდნა ტყუპების ბიოლოგიურ ფენომენზე) პირველყოფილ მითოლოგიებში უშუალოდ უკავშირდება პირველადი მთლიანობის დაშლის თანამდევ კოსმოგონიურ პროცესებს - კოსმოგონია და მისი სტატიკური კოსმიური მოდელი - სამყაროს მოწყობა, შესაქმის მეტნაკლებად მარტივი მონო-მთლიანობის  სქემიდან (რაც ბუნების ობიექტების, ადამიანის წარმოშობით, სხვადასხვა ეტიოლოგიებით, და რაც მთავარია, - სამყაროს, ადამიანისა და ბუნების პარტიციპაციით განისაზღვრება) გაცილებით რთულ - დიქოტომიურ და საბოლოოდ, დუალურ სტრუქტურაზე გადადის: ა).საწყისიდან გამოცალკევებული და უნივერსალურად (რადიკალურად) დიფერენცირებული დიქოტომიური პოლარობების (ზედა და ქვედა, მარჯვენა და მარცხენა და ა.შ.) - უნივერსალური დიქოტომიების ფორმირება(მათი კოსმოგონიური ფუნქციისა და ადგილის განსაზღვრა კოსმოსში);  ბ).მოგვიანებით(და საბოლოოდ) - წინარე უნივერსალურ დიქოტომიებზე დაფუძნებული სამყაროს ფუნდამენტური დუალური  ონტოლოგიური საწყისების(სიკეთე და ბოროტება) გაფორმება მითოსში.
 
ტყუპების მითოსის არქაულ ვერსიებშივე იწყება უნივერსალური დიქოტომიების გადამუშავება და მითიური ტყუპების საწყისთა/პოლარობათა დიფერენციაცია წმინდა დუალური ნიშნით  - ტყუპებს შორის არსებული ფუნდამენტური განსხვავებისა და ამ საფუძველზე წარმოშობილი კოსმიური მასშტაბის დაპირისპირების ჩვენება; თუმცა დუალური მსოფლმხედველობა რელიგიური დოქტრინების სახეს მაღალგანვითარებულ მითოლოგიებში, განსაკუთრებით, ინდო-ირანულ კოსმოგონიებში - ინდური პრაჯაპატის ბრაჰმანურ ინტერპრეტაციებსა და ძველირანულ ზურვანიზმში იძენს. 
 
ინდური დუალური კოსმოგონია ირანულთან შედარებით მეტ-ნაკლებად ლოიალური ხასიათისაა: თუკი ინდური კოსმოგონიის ფარგლებში გარკვეული დოზით ხერხდება  ორი ანტიპოდური საწყისის - ღმერთების ორი მოდგმის (ერთმანეთის ძმების) - ნათლისა(,,დღის“) და წყვდიადის(,,ღამის“) ღმერთების ,,ურთიერთთანამშრომლობა“, ირანული კოსმოგონია რადიკალური, რეაქციული დუალიზმით გამორჩევა და  ონტოლოგიური საწყისების უკიდერესი  დაპირისპირების რეალიზებას  ახდენს.
 
ინდური პრაჯაპატი სამყაროს შექმნასთან ერთად ქმნის ღმერთების  ორ სახეობას - ზედა და ქვედა ღმერთებს (ასურებს). ძმათა ეს ორი მოდგმა ერთმანეთს ანტიპოდური პოლარული საწყისებით უპირისპირდებიან: პრაჯაპატიმ ,,ზედა ღმერთები“  შექმნა დღისაგან და ღამისაგან შექმნა ,,ქვედა ღმერთები“ - ასურები. ძველინდურ მითში, რომელიც შესულია ,,ბაჰავატ-გიტაში“ (VIII,24,25) ნათქვამია, რომ ღმერთები იყვნენ თეთრები, ასურები - შავები, ღმერთებთან იყო ჭეშმარიტება, ასურებთან სიცრუე და უსამართლობა; პრაჯაპატიმ ღმერთები შექმნა მარჯვენა ხელით, ხოლო ასურები - მარცხენათი. ღმერთებს მიანიჭა ძალა, ხოლო ასურებს ის გამოაცალა, რის გამოც  დაიღუპნენ კიდეც. ინდური პრაჯაპატის მსგავსად, ირანული ზურვანიც  სამყაროში ორ ანტიპოდურ პოლარობას წარმოშობს. მისი მითორელიგიური სახე დუალისტურად კიდევ უფრო  ღრმადაა დამუშავებული: ზურვანი დასაბამისეული მთლიანობის,  უსასრულო დროისა და სივრცის (ზოგიერთი მკვლევარი ზურვანს აიგივებს სივრცესთანაც (Hinnells, 1985:72),[1] არადიფერენცირებული ნათლისა და ბნელის, მდედრობითისა და მამრობითის განმასახიერებელი ანდროგინური არსებაა. ზურვანის მითი და მთელი ირანული კოსმოგონიური კომპლექსი, რომელიც სხვადასხვა პერიოდის რელიგიურ ტექსტებს მოიცავს(უპირველესად ,,ავესტა“ და ,,დიდი ბუნდაჰიშნი“),საბოლოოდ ორ დუალურ ტყუპ სულზე დაიყვანება და მარადიული დროიდან (ზურვანიდან, რომელიც არის დრო) ამოზრდილი და თავად ამ დროში განფენილი სიკეთისა და ბოროტების, როგორც მთლიანი სუბსტანციის (თავად ზურვანის სუბსტანცია) დიფერენციაციას (ორმაზდი და არიმანი), დუალურ კოსმოგონიას/შესაქმესა და კოსმოსის სიცოცხლის ციკლურ რიტმზე (კოსმიური ციკლები) ორგანიზებას ისახავს მიზნად. ,,ორი სული რომელი დასაბამის ხილვებშივე იყვნენ ვითარცა ტყუპი, ყოველ აზრში, სიტყვასა და საქმეში არიან არსით კეთილი და ბოროტი...“(Avesta,1896:Yasna, გათა 30,3.), - ნათქვამია ძველირანულ წმინდა წიგნში - ავესტა. ორი დასაბამისეული დუალური  ტყუპი სულის მითოსი, რომელთა შესახებ სტრიქონები ავესტას გათებში არაერთხელ გვხვდება, როგორც ბოიესი თვლის, არის ის ძირითადი წყარო, საიდანაც ძველირანული დუალური სწავლება, ერესად შერაცხული ზურვანიზმი აღმოცენდა (Boyce, 1979:68). ზურვანიზმის სწავლების მრავალვარიანტული, თუმცა ერთადერთი მითი ტყუპი ძმის - ორმაზდისა და არიმანის შესახებ[2]  მთლიანობაში მოიცავს დუალური მითოსის ყველა იმ ასპექტს რომელთა ცალკეულ ელემენტებს  მეტ-ნაკლები  ინტენსივობით ვხვდებით ტყუპების არქაულ   მითებში. საბოლოოდ, ტყუპების მითოსის არქაული და კლასიკური ვერსიებით სახეზეა დუალური შესაქმის უნივერსალური  მითოსური პარადიგმა. იგი მოიცავს ბოროტების წარმოშობის მიზეზ-შედეგობრივ კავშირსა და ბოროტების პირველად  აქტს, რასაც საბოლოოდ სამყარო მიჰყავს დუალურად მოწყობილ კოსმიურ მოდელამდე. 
 
პირველშობილი ტყუპისცალი და ბოროტების პირველი აქტი
 
მითიური ტყუპები არ არიან თანაბარი გონებრივი და  ფიზიკური ძალის და  შემოქმედებითი უნარის, არც - ,,თანაბარი ასაკის“ - ტყუპთაგან ერთ-ერთი ყოველთვის პირველი იბადება და კოსმიურ დროში(რაც მითოლოგიურ დონეზე უამრავ ღვთიურ ,,წელს“ მოიცავს) წინ უსწრებს მეორე ტყუპისცალის დაბადებას: ტყუპების უფროს-უმცროსობა მთლიანად განსაზღვრავს მათ ონტოლოგიურ საწყისებს: პირველშობილი ზეციური, ნათელი  არსება და სამყაროშო ყოველგვარი სიკეთის შემოქმედია, ხოლო გვიანშობილი - წყვდიადის არსება და ყოველგვარი ბოროტების შემქმნელი. შესაბამისად:  პირველშობა უპირობოდ განსაზღვრავს პირველშობილის დემიურგულ, კოსმოკრატულ უნარს/ძალასა და კოსმოსში უზენაესობის ლეგიტიმურ სტატუსს.

%E1%83%A2%E1%83%95 2
 
დუალური ტყუპების კოსმოგონიების არქაულ ვერსიებში ძმების პირველი დაპირისპირებაც პირველშობილის სტატუსის მოსაპოვებლად იწყება: ამერიკის ინდიელთა Coahuila-ს ტომის მითიური ტყუპები - მუკათი და  თემაიუითი, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ერთდროულად იბადებიან [3] შესაქმემდელ ქაოსურ სივრცეში, მთელ მათ კოსმოგონიურ მოღვაწეობას თან სდევს ჩხუბი უფროს-უმცროსობის გამოსარკვევად: ,,მათ ერთსა და იმავე დროს გამოარღვიეს თავიანთი წიაღი და თავდაპირველად მათი თავები გამოჩნდა, შემდეგ გამოჩნდა მათი - მხრები, წელი, მუხლები, ფეხები. ასე ერთდროულად გამოვინდნენ ისინი თავიანთი გარსიდან გარეთ, წყვდიადში. ბნელი სივრცის მიღმა ისინი კვლავინდებურად ვერ ხედავდნენ ერთმანეთს, თუმც კი ისხდენენ ერთმანეთის გვერდიგვერდ.  მაშინ თემაიოითიმ თქვა: - ,,მე შენზე უფროსი ვარ, რადგან პირველად მე გავიგონე ხმები, რომლებიც გაისმის  არაწყვდიადიდან!“ მუკათი შეეწინააღმდეგა: - ,,არა, მე ვარ უფროსი, მე გავიგონე ხმები თავდაპირველად!“ - და დაიწყეს მათ ჩხუბი.“(Strong, 1929: 130-132). 
 
პირველშობილი ტყუპისცალი ჭეშმარიტი კრეატორია, - ნამდვილი დემიურგი. რასაც მოკლებულია, ან მნიშვნელოვნად ჩამორჩება მეორე ტყუპისცალი. ამიტომ  შესაქმეში უუნარო ნეგატიური ტყუპისცალის სურვილი და ბაძვა შექმნას ისეთივე მშვენიერი სამყარო, როგორსაც  კრეატორი ძმა ქმნის, აბსურდად გადააქცევს ძმებს შორის არსებულ კონკურენციის  იდეას - უუნარო ტყუპისცალის ,,შესაქმე“ საწყისშივე განწირულია. ტყუპების არათანაბარუნარიანობა არის  ის მითოლოგიური და ონტოლოგიური წინაპირობა, რაც მოგვიანებით წარმოშობს რადიკალურ დაპირისპირებას ტყუპებს შორის და ჰარმონიულ ტყუპებს გადააქცევს ანტაგონისტურ ტყუპებად. სწორედ აქ, ტყუპების არქაული მითოსის ამ ეპიზოდში ისახება დუალიზმის პირველი ნიშნები. 
 
*    *    *
პირველშობილის სტატუსის მოპოვებას თან ახლავს ბოროტების პირველი აქტი, რაც ონტოლოგიურ დონეზე   ბოროტების, როგორც ონტოლოგიური  საწყისის  გაფორმებას ნიშნავს - სამყაროში ბოროტი საწყისის შემოსვლა (წარმოშობა) გაფორმებულია  ბოროტების პირველი აქტით.  ამერიკის ინდიელთა, იროკეზულ-გურონების მრავალ ვარიანტებად ცნობილ მითში თავისქარასა და თავისკარონის  შესახებ(ვარ.: Barbeau,1915:44; 306-309; Kenton,1927:84,229), ძმებს შორის დუალურ-ანტაგონისტური დამოკიდებულება ჯერ კიდევ დედის წიაღში იწყება: უფროსი კეთილი და შემოქმედი ძმა იოსკეჰა იბადება ბუნებრივი წესით და სამყაროსთვის ყოველგვარი სიკეთე მოაქვს,  ხოლო მისი ბოროტი უმცროსი ძმა თავისკარონი, რომელიც ძალადობრივი გზით იბადება,  სამყაროში ყოველგვარი ბოროტების წარმოშობის საწყისია: ,,ცის ქალმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო ტყუპებზე. ტყუპთაგან უფროსი - თავისქარა იყო კეთილი და მეორე უმცროსი - თავისკარონი იყო ბოროტი. სანამ დაიბადებოდა მან უთხრა ძმას დედის წიაღში: ,,არ მოვევლინები მე ქვეყნიერებას ჩვეულებრივი გზით, არამედ გავარღვევ დედის საშოს და ჩემით გამოვალ გარეთ“. ძმამ უთხრა ,,ასე არ შეიძლება, ეს მოკლავს ჩევენს დედას“. მაგრამ ბოროტმა ძმამ უპასუხა, რომ ამას მისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. კეთილი ძმა დაიბადა ბუნებრივი წესით, მეორე ძმამ კი როგორც თქვა,  გააპო დედის წიაღი და გარეთ გამოვიდა, რითაც გამოიწვია დედის სიკვდილი“(Barbeau, 1915:44-47).  
 
მითიური ტყუპების დაბადების არქაული  მითოლოგემა თითქმის უცვლელად გვხვდება  განვითარებულ მითოლოგიებში. ორმაზდისა და არიმანის ირანულ მითში, ბოროტი არიმანი პირველდაბადების მიზნით დროზე ადრე აპობს ანდროგინური მამის - ზურვანის წიაღს და მამის წინაშე წარმსდგარი, როგორც პირველშობილი ძე,  თავის სამყაროს მეუფედ გამოცხადებას მოითხოვს.  ძალადობრივი ადრეშობის აქტს იმეორებს დუალურ-კოსმოგონიური ხასიათის ეგვიპტური მითი ორ ანტაგონისტ ძმაზე - ოსირისსა და სეთზე. პლუტარქეს გადმოცემით, ბუნებრივ დროზე ადრე  ძალადობრივი გზით იბადება უდაბნოს ბოროტი ღმერთი სეთი, რომელმაც ძლიერი დარტყმით გააპო დედის - ცის ქალღმერთის მხარი და გარეთ გამოვიდა(Plutarch,12. 1939:33). ძმების ონტოლოგიური დაპირისპირება და ოსირისის სიკვდილ-აღდგომა საფუძველს უყრის სამყაროში ზეციური და მიწისქვეშა(საიქიო) სამეფოების, როგორც საპირისპირო პოლარულ საწყისთა საბოლოო ფორმირებას (კალენდარულ-სეზონურ ასპექტთან ერთად).
 
ამდენად, ტყუპების მითოსურ ციკლში, ,,პირველშობილის“ არქეტიპი, რაც გულისმობს მშობელი პირველწიაღიდან (დედის საშო, ან ანდროგინური მამის წიაღი) ,,ჭეშმარიტი ძის“/დემიურგის ბუნებრივი გზით დაბადებას,  გავრცობილია ,,ადრეშობილის“ არქეტიპით,  - ,,ფსევდო ძის“/უარყოფითი ტყუპისცალის - ტრიქსტერის არაბუნებრივი (ხელოვნური, ძალადობრივი) დაბადებით  ბუნებრივ დროზე ადრე, ,,პირველშობილის“ სტატუსის/ძალაუფლების მოსაპოვებლად. აქ სახეზეა უძველესი არქეტიპების თვისობრივად ახალი ონტოლოგიური გადამუშავება, რაც წარმოშობს სრულიად ახალ მსოფლმხედველობრივ, უკვე დუალურ მითოლოგემას. ამ ახალი დუალური მითოლოგემის ონტოლოგიური საზრისი და მორალიც ასეთია: -  ბოროტება იბადება ბოროტებრივი გზით და თავს  ავლენს დაბადებისთანავე (წარმოშობისთანავე).
 
დუალური კოსმოგონიის ბოროტების წარმოშობის მითოლოგემა ონტოლოგიურად კიდევ უფრო ღრმაა: იგი გვეუბნება, რომ პირველშობილის სტატუსის ძალადობრივი გზით მოპოვება, ნეგატიურ ტყუპისცალს მართალია გარკვეული დროით უნაწილებს/ანიჭებს   სამყაროს მეუფების სტატუსს, მაგრამ მას არ უცვლის ონტოლოგიურ საწყისს, იგი სამარადისოდ წყვდიადის არსებად რჩება და ვერასოდეს იძენს  დემიურგის/კოსმოკრატის შემოქმედებით უნარს/ძალას, რაც სამყაროს მეუფების ნამდვილი ლეგიტიმაციისათვის არის აუცილებელი: ამიტომ არის, რომ ასეთი გულმოდგინებით ბაძავს ქმნადობაში დემიურგ ძმას ნეგატიური ტყუპისცალი, თუმცა მისი ყოველი მცდელობა წარუმატებელია: ქმნადობის  უუნარობაში  გაცხადებულია ნეგატიური ტყუპისცალის თავად საწყისი, რომელიც შესაქმის  ანტიპოდურია - მისი საწყისი ქაოსია, დამანგრეველი ძალაა და არა ქმნა. ამიტომ მისი  მოღვაწეობა შეიძლება მიმართული იყოს მხოლოდ განადგურებისაკენ, ქაოსურობისაკენ, ესაა მისი ბუნებრივი მდგომარეობა. უარყოფითი ტყუპისცალის  ადგილი კოსმოსში არ არის და როცა ,,შემოქმედებითი ბაძვით“ ცდილობს გახდეს ჭეშმარიტი  დემიურგი, იგი წინააღმდეგობაში მოდის თავისსავე ქაოსურ საწყისთან და გადაიქცევა კომიკურ მითოსახედ - ტრიქსტერად [4]:როცა დემიურგი ქმნის სამყაროს დადებით გამოვლინებებს, ტრიქსტერი წარუმატებელი მიმბაძველობით ამ დადებით მოვლენებს უარყოფით მხრეებს სძენს. მაგ. დღეს შესძენს ღამეს, მცენარეს-ეკალს, ცეცხლს-კვამლს და ა.შ. თანდათანობით ტრიქსტერის მითოლოგიური სახე დემიურგის მიმბაძველი უბრალო ორეულის ფარგლებს სცდება, ფართოვდება და დუალიზმის ონტოლოგიურ კატეგორიაში გადადის: საბოლოოდ ტრიქსტერი სამყაროს ბოროტი საწყისის პარადიგმულ ფუნქციას იძენს და კეთილ საწყისთან მარადიულად დაპირისპირებულ ძალად გვევლინება. იგი მიწისქვეშეთში, ან წყვდიადის განმასახიერებელ რომელიმე განზომილებაშია განდევნილ-დამკვიდრებული; თუმცა არქაული მითების დუალური ონტოლოგია, კოსმოსის საკეთილდღეოდ ბოროტი საწყისის ტყუპისცალის სრულ განადგურებასაც უშვებს, თავად კეთილი ტყუპისცალის მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელებით  - ასეთია იროკეზულ-გურონების მითი ,,თავისქარა და თავისკარონის“ შესახებ.    
 
ამდენად, დუალური კოსმოგონიების არქაული ვერსიების  მთავარი კონცეპტები ამგვარად ლაგდება: მითიური ტყუპების - დემიურგისა და ტრიქსტერის მითოსახეებით გამოხატულია  უნივერსალური დიქოტომიები და პირველყოფილი დუალისტური მსოფლმხედველობა;  ბოროტება იბადება ბოროტებრივი გზით და თავს  ავლენს წარმოშობისთანავე; პირველშობილის სტატუსის ძალადობრივი გზით მოპოვება არ ცვლის ონტოლოგიურ საწყისს; შესაქმის  უუნარობაში  გაცხადებულია ნეგატიური ტყუპისცალის  ბოროტი საწყისი, რომელიც შესაქმის  ანტიპოდურია;  ბოროტი საწყისის  ადგილი არ არის კოსმოსში და იგი თავისივე საწყისში - წყვდიადში განიდევნება.

%E1%83%A2%E1%83%A7 1
 
ამ მნიშვნელოვანი დუალისტური კონცეპტების შემდეგ დგება ტყუპების მითოსის ყველაზე მნიშვნელოვანი ონტოლოგიური საკითხი: რა კოსმოგონიური პროცესები განაპირობებს სამყაროში დიადას - ორი პოლარობის წარმოშობას? რატომ მოხდა სამყაროში ერთის ნაცვლად ორი ანტიპოდური საწყისის  - ნათლისა და ბნელის ერთდროული ჰიეროფანია? ამ ონტოლოგიურ კითხვას კიდევ უფრო წინარედასაბამისეულ მოვლენებში - წინარედიადის - პირველმთლიანობის, ანდროგინიის დროში  გადავყავართ: ტყუპების მითოსს იწყებს  ანდროგინიის, როგორც დასაბამისეული პირველმთლიანობისა და მისი რღვევა-ჰიეროფანიის მითოონტოლოგიური პარადიგმა. უნდა გვახსოვდეს, რომ ანდროგინია გაცილებით კომპლექსური მოვლენაა, ვიდრე უბრალოდ სქესთა შერწყმა. როგორც ელიადე ფიქრობს, ანდროგინია არის მთლიანობის,  საპირისპიროთა თანაარსებობის, coincidentia oppositorum-ის გამოხატვის არქაული, უნივერსალური ფორმულა.[5]ღვთაებრივი ანდროგინია თავისი მთლიანობის - სტატიკური  ონტოლოგიური ფორმის გადალახვით, დასაბამს აძლევს შესაქმის ხანგრძლივ პროცესს.[6] ამერიკის ინდიელთა იუმას ტომის მითის მიხედვით, ,,კოკომათი იყო  შემოქმედი და ცხოვრობდა იგი წყლის ქვეშ. იყო ორი არსება ერთში. ის აღდგა წყლიდან და წარმოთქვა საკუთარი სახელი: - კოკომათი, მამა და  შემოქმედი ყოვლისა! მაგრამ მალე მისგან წარმოიქმნა მეორე ქმნილება, რომელსაც ერქვა ბაკოთალი...“(Curtis 1968, 562-568). ტყუპების ჩრდილოამერიკულ ზუნის ტომის მითში ანდროგინური შემოქმედი პირველარსება თავისივე წიაღიდან გამოაცალკევებს კოსმოგენეზურ გამანაყოფიერებელ ორ თესლს: ,,თავდაპირველად იყო მხოლოდ Awonawilono - ყველაფრის შემოქმედი, რომელიც იმ საყოველთაო სიცარიელეში სრულიად მარტო იყო. მერე მზედ გადაიქცა და თავისივე სუბსტანციიდან შექმნა ორი თესლი, რომლითაც დიდი წყლები გაანაყოფიერა . . .“ (Cushing 1896,379). 
 
ღვთაებრივი ანდროგინიის რღვევას ყოველთვის მივყავართ ონტოლოგიურ დიადასთან, მაშინაც კი როცა ანდროგინური  პირველწიაღი ერთადერთი (და არა ორი) ნათელი საწყისის  ჰიეროფანიის მოლოდინშია.,,ერთი და არა ორი“ - ეს ონტოლოგიური პრობლემა მთელი თავისი სისრულით უკვე ინდოირანულ მაღალგანვითარებულ დუალურ მითოლოგიებშია  გაცნობიერებული. 
 
ინდოირანული დუალური პარადიგმა ონტოლოგიური თვითწინააღმდეგობის ფონზე ყალიბდება: უზენაესი მსხვერპლშეწირვების თანხლებით ზურვანიცა და პრაჯაპატიც  ერთადერთი ჭეშმარიტი ძის (და არა ორის) დაბადების მოლოდინშია - ეს უკანსაკნელი ფაქტორი, გვევლინება ინდოირინალური ანდროგინიის გამორჩეულ ონტოკოსმოგენეზურ შტრიხად, რაც თავისთავად პირველყოფილი მითოწარმოდგენების შემდგომი ღრმად თეოლოგიური გადამუშავების შედეგია. მივყვეთ მოვლენათა განვითარებას ინდოირანული ანდროგინურ-კოსმოგენეზური სცენარით.  
 
დუალური კოსმოგონიური პარადიგმა გვეუბნება, რომ რამდენადაც ანდროგინური პირველწიაღი - მარადიული დრო - ზურვანი, პრაჯაპატი (პრაჯაპატიც ზერვანის მსგავსად პირველარსებულ უსასრულო დროს განასახიერებს) თანაბრად ატარებს ორივე საწყისს საერთო სუბსტანციაში, სწორედ ამიტომ,  შესაქმისას, როცა შესაქმე საკუთარი წიაღიდან საკუთარი სუბსტანციით ხდება და არა რაიმე გარეგანი ,,მატერიისაგან“, ასეთ შემთხვევაში, გარეთ გამოდის ყველაფერი ის რაც შიგნით არის, გარეთ გამოდის (გაცხადდება) ღვთაების დაფარული ბნელი ნაწილიც, რაც კოსმოსის შემოქმედის, ტრანსცენდენტული უზენაესი ღვთაების სრული ონტოლოგიური ლუსტრაციაა (რა თქმა უნდა, აქ არ დგას ღვთაებრივი ,,მორალის“  საკითხი, არამედ დგას ონტოლოგიური პოზიციის საკითხი). ამ ონტოლოგიურ ლუსტრაციას, როგორც შესაქმეში კატასტროფული ,,ხინჯის“ შესაძლო გაპარვას, მომავალი კოსმოსის საკეთილდღეოდ, ათასწლოვანი მსხვერპლშეწირვებით მთელი არსებით შეეწინააღმდეგა ზურვანიც და პრაჯაპატიც: ,,როცა არაფერი არ იყო, არ იყო მიწა, არ იყო ცა, არ იყო არანაირი სულდგმული ცისა და მიწისა, იყო ერთადერთი არსება  - უსასრულო დრო, სახელად ზურვანი. ზურვანი, თავისივე სიდიადით გარემოცული, არსებობდა ყოველთვის და იარსებებდა მარადიულად. მაგრამ ზურვანი მარტო იყო  საკუთარ სიდიადეში და რადგან არავინ შეუქმნია მას სამყაროში არც არავინ ეთაყვანებოდა მას და არავინ უწოდებდა შემოქმედს. სამყარო იყო ცარიელი, ზურვანს სურდა შესძენოდა ვაჟი ორმაზდი, რომელიც შექმნიდა ცას, მიწას და ყოველივეს, რაც არის მათში. ამისთვის ზურვანი ათასი წლის მანძილზე სწირავდა მსხვერპლს . . .“(Zaehner, 1955: 438) - მოგვითხრობს ზურვანის მითი.  პრაჯაპატიც თავისი თავიდან  ქმნის სამყაროს და რომ მიეცეს ვაჟი ამისათვის  მიმართავს განსაკუთრებულ მსვერპლშეწირვას - Daksayana-ს (Eliade,1982:312). 
 
ფალაურ ენაზე დაწერილ ირანული შესაქმის ტექსტში ,,დიდი ბუნდაჰიშნი“ წერია, რომ  ,,ყველა ქმნილება შეიქმნა მსხვერპლშეწირვის გზით“(Bundahishn, 3,20) და ეს მსხვერპლშეწირვები თავისი ხასიათით განსაკუთრებულია. როგორც ჰინელსი შენიშნავს ზურვანის მითთან დაკავშირებით, სპარსულ რწმენა-წარმოდგენებში მსხვერპლშეწირვას გააჩნია თავისთავადი ღირებულება და ძალა(Hinnells, 1985:71). არც ზურვანის და არც პრაჯაპატის მსხვერპლშეწირვა არ არის ტიპური (ტრადიციულ-არქეტიპული) კოსმოგონიური მსხვერპლშეწირვა, რომელიც  მიმართულია ,,გარეთ“ კონკრეტული ობიექტისკენ/სუბიექტისკენ - პირველელემენტის/სუბსტანციის მოსაპოვებლად, როცა მსხვერპლშეწირვა მოიაზრებს ღვთაების დაკვლას, - ,,დასაბამიერ მკვლელობას“. არამედ, ინდო-ირანული დუალური კოსმოგონიების მსხვერპლშეწირვა არის მსვერპლშეწირვის სრულიად ახალი კოსმოგონიური მოდელი, მიმართული - არსად და არავისკენ, რაც თავისთავადობას, თვითკმარ ონტოლოგიურ ღირებულებას ანიჭებს მსხვერპლშეწირვის ამ ახალ პარადიგმას. ირანული ზურვანი და ინდური პრაჯაპატი ამ მსხვერპლშეწირვებით საკუთარი წიაღიდანვე ქმნიან სამყაროს და  ,,ვაჟებს“ რომელთაც ეს სამყარო უნდა შექმნან (რაც ერთი და იგივეა  -შესაქმის პროცესის დაწყება საკუთარი არსებიდანვე), ისე რომ ამით მათი არსება  არ ცარიელდება, ეს მათ ღვთაებრივ საწყისს ოდნავადაც არ ასუსტებს. ეს არის ზურვანისა და პრაჯაპატის(და ყველა მათი ტიპის ღვთაების) უზენაესობის უმაღლესი ტრანსცენდენტულობის არსებითი ნიშანი და ყველაზე ონტოლოგიური შესაქმის - Creatio ex nihilo, ,,შესაქმე არარადან“ - მითორელიგიური გაფორმება.
 
ათასწლოვანი მსხვერპლშეწირვების შემდეგ, კოსმოგონიის დუალური სცენარით განვითარებაც,  ამ ონტოლოგიური  შესაქმის -  Creatio ex nihilo, ხასიათით არის განსაზღვრული - სამყარო იქმნება ,,არარადან“ უზენაესი ღვთაების მიერ საკუთარი წიაღიდანვე გამოტანილი ნათელი და ბნელი ,,საწყისებით“(და არა ქაოსური პირველმატერიით) - ეს საწყისებია, არამატერიალურის, სულიერის ,,იდეალურის“ , ისევ ირანულ მითორელიგიურ ტერმინებში რომ მოვაქციოთ - menok -ის განზომილება, მომავალში ორმაზდის პირველქმნილი პრემატერიალური სულიერი ქმნილებები. ისინი წინ უსწრებს მატერიალურ getik-ს[7], რომელიც ასევე ორმაზდის ქმნილებებია -  არამატერიალური მდგომარეობიდან მატერიალურში გადაყვანილი - და ამით შესაქმის დაგვირგვინება. 
 
ამიტომ ის ,,რიტუალური შეცდომაც“   - ,,დაეჭვება“, რომელიც ხორცს ასხამს შესაქმის დუალურ  სცენარს, შესაძლოა მართლაც ,,ტექნიკური ხასიათის“[8] იყოს: ვაჟის შეძენის სურვილით შეპყრობილი პრაჯაპატი, რომელიც მიმართავს განსაკუთრებულ მსხვერპლშეწირვას, ვარდება ეჭვში -,,უნდა ვწირავდე მსხვერპლს, თუ არ უნდა ვწირავდე მსხვერპლს“?(Eliade,1982:312); ისევე როგორც ეჭვი ანგრევს ზურვანის მსხვრეპლშეწირვას:,,მაგრამ გადიოდა დრო, ორმაზდი კი არ ესახებოდა..ათასი წლის  შემდეგ ზურვანს გაუჩნდა ეჭვი: - რა სარგებელი მოაქვს ჩემს მსხვერპლშეწირვას, კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიცადო? მომეცემა კი საერთოდ ვაჟი ორმაზდი? ამ ეჭვებში ჩაესახა ორმაზდი - მსხვერპლშეწირვის ძალით, მაგრამ მასთან ერთად ჩაესახა  არიმანიც - დაეჭვების ძალით“ (Zaehner, 1955: 438-439).
 
,,ეჭვი“ ბოროტების, როგორც საწყისის ონტოლოგიური მეტასტაზია, რომელსაც როგორც კი გასაქანი მიეცა ,,მოძრაობაში მოვიდა“.  მაგრამ იგი, მხოლოდ და მხოლოდ ,,მეტასტაზია“ და მთელი თავისი დამანგრეველი პოტენციალის მიუხედავად, უბრალოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს - წყვდიადი/ბოროტება ნებისმიერ შემთხვევაში დაიბადება თავისი ანდროგინური(ზურვანი, პრაჯაპატი) პირველწიაღიდან, რადგან ასეთია  Creatio ex nihilo-ს  კოსმოგონიური სტრუქტურა:  კოსმოგონიის არცერთ პარადიგმაში არ არსებობს ისეთი ღვთაებრივი ტრანსცენდენტური ძალა, რომელიც თავისთავს, თავისსავე ღვთაებრივს - საკუთარ ტრანსცენდენტურ საწყისებს გააქარწყლებდა.
 
ბოროტების, როგორც ონტოლოგიური საწყისის წარმოშობა ,,არარადან  შესაქმის“ - Creatio ex nihilo, პირდაპირი განსხეულებაა და  მთლიანად განსაზღვრავს სამყაროს მოდელის დუალურ პარადიგმას, რომლის ცენტრშიც  სამყაროს უზენაესი შემოქმედი,  წინააღმდეგობრივი მრისხანე ღმერთი დგას. 
 
 
კომენტარები:

[1] ძველი ბერძენი ფილოსოფოსის ევდემე როდოსელის(ძვ. წ. IV ს.) ცნობით, ,,მაგები ყოველგვარ მთლიანობას და გონით  საწვდომს უწოდებენ ზოგჯერ სივრცეს, ზოგჯერ დროს, რომლისგანაც წარმოიშვა ორმუზდი და არიმანი - ნათელი და ბნელი“. როგორც ელიადე წერს, ეს ცნობა მნიშვნელოვანია, რამდენადაც მოწმობს, რომ აქემენიდების ეპოქის დასასრულისთვის ირანელებისთვის ცნობილი იყო დრო-სივრცის გაგების რელიგიური სპეკულაციები: დრო-სივრცე გვევლინება ორმუზდისა და არიმანის სახეებით ხორცშესხმული სიკეთისა და ბოროტების  საერთო წყაროდ(Eliade,1982:309). 

[2]ორმაზდისა და არიმანის მითოსი არის ერთ-ერთი ფუნდამენტური სპარსული რელიგიური სწავლების - ,,ზურვანიზმის“(VIIს. ჩვ.წ.-მდე) ტექსტი. მითის ვარიანტების არსებობა, რაც ძირითადად არა სიუჟეტურ, არამედ იდეოლოგიურ განსხვავებებში გამოიხატება, ცხადყობს, რომ ზურვანისტული სწავლება არ ყოფილა საბოლოოდ კანონიზირებული. ზურვანიზმის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ერთი ვერსიით, ზურვანიზმი ამოიზარდა ზოროასტრიზმის წიაღში, თუმცა სხვა უფრო საწმუნო ვერსიით ზურვანის მითორელიგიური სახე და მასთან დაკავშირებული დოქტრინა გაცილებით ძველი და რთული სტრუქტურისაა  და წარმოადგენს პრეზოროასტრულ  რელიგიურ ტრადიციას, რომელიც აღმოცენდა აქამენიდების პერიოდში მიდიაში მაგების ქურუმთა წრეში. ზურვანიზმი ზოროასტრიზმისაგან იმით განსხვავდება, რომ კეთილ და ბოროტ საწყისებს აღიარებს ერთი საერთო სუბსტანციიდან წარმოშობილად. ეს სუბსტანციები თავმოყრილია ზურვანში - უსასრულო დროში. ზურვანიზმის დროის კონცეფცია გულისხმობს კოსმოსის არსებობის ციკლიზაციას დროის ფაზებად(ნათლისა და ბნელის მეუფების ფაზები). ზურვანიზმის სწავლებიდან თითქმის არაფერი შემორჩა. ზურვანიზმის მითოლოგიამ  ფრაგმენტულად მოაღწია გაცილებით გვიანდელი, სასანიდური და პოსტსასანიდური პერიოდის წყაროებით.  ზურვანის მითის ყველაზე სრული ტექსტი კი ცნობილია არაირანული წარმოშობის წყაროებიდან,  კონკრეტულად, სომეხი ფილოსოფოსისა და ღვთისმეტყველის ეზნიკ კოლბელი(Vს.ჩვ.წ.-ით.) და სირიელი ავტორის ბარ კონაის მონათხრობებიდან. მითის საინტერესო ინტერპრეტაციას ვკითხულობთ პლუტარქეს ტრაქტატში ,,ისიდასა და ოსირისზე“, თუმცა პლუტარქე თავად ზურვანს არ ახსენებს(Zaehner, 1955:438-439; Hinnells, 1985:71-73; Boyce, 2001:67-69; Corbin, 1983:12-20; Eliade, 1982:309-313; Plutarch, 46-47.1939:111-115).  

[3] მითში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია პრედუალური დიქოტომიურ-ჰარმონიული ასპექტი.

[4] ,,ტრიქსტერი“, იგივე ,,მითოლოგიური გაიძვერა“. ტერმინი მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან “ trick“,’’trickster” ტრიუკების მოყვარული, მატყუარა, თაღლითი, ხუმარა.

[5] ანდროგინიის საკითხი ფუნდამენტურად აქვს შესწავლილი მირჩა ელიადეს,  წიგნებში: Eliade Mircea, Mephistopheles and the Androgyne: studies in religious myth and symbol. Sheed and Ward, 1965.

[6] ანდროგინური პირველმთლიანობის დიფერენციაცია ორ პოლარულ საწყისად კოსმოგონიებში ორი განსხვავებული ფუნდამენტური ნიშნით არის რეალიზებული - ონტოლოგიურ საწყისთა(ნათელი და ბნელი) ნიშნით - ტყუპების კოსმოგონიებში(პირველარსებული ანდროგინური წიაღიდან გამოიყოფა სამყაროს ნათელი და ბნელი ონტოლოგიური საწყისები ორი ტყუპისცალის სახით) და სქესობრივი ნიშნით: ჰიეროგამიური წყვილის(,,საკრალური ქორწინება“) - მამრი-ზეცისა და მდედრი-მიწის დაშორიშორების კოსმოგონიური აქტით. 

[7] ,,menok  და getik“ - არამატერიალური და მატერიალური განზომილებები(იგი არ გამოხატავს  ოპოზიციას - ნათელი და ბნელი). მე-4 საუკუნის ტექსტში - “Pand Namak i Zartusht “(“The Book of Counsels of Zartusht)“ ნათქვამია: ,,მე მოვედი ზეციური სამყაროდან(menok), არ არის მიწიერი(getik)  ის რაც მე გავხდი. თავდაპირველად მე გამოვჩნდი სულიერი მდგომარეობით და ჩემი პირველქმნილი არსი -  არ არის მიწიერი...“ (Corbin 1983:1).

[8] მაგრამ თავად ბოროტების წარმოშობა ვერ იქნება ,,ტექნიკური ხასიათის უბედური შემთხვევის შედეგი, გამოწვეული ღვთაებრივი მსხვერპლშემწირველის გაუფრთხილებლობით“(Eliade,1982:312), -  როგორც ამას ელიადე წერს. 

ბიბლიოგრაფია:

Avesta: Yasna(sacred liturgy). Based on edition of Karl F. Geldner, Avesta, the Sacred Books of the Parsis, Stuttgart, 1896. This digital edition prepared 2010 by Joseph H. Peterson.
Barbeau, C. M. Huron and Wyandot Mythology, MEMOIR 80, No. 11, Anthropological Series, Government Printing Bureau, OTTAWA,1915.
Boyce, Mary. Zoroastrians. Their Religious Beliefs AND Practices. The Library of Religious Reliefs and Practicec. “ROUTLEDGE & KEGAN PAUL”. London, Boston and Henley,1979.
BUNDAHISHN. ZAND-AKASIH. IRANIAN OR GREATER BUNDAHISHN. TRANSLITERATION AND TRANSLATION IN ENGLISH By BEHRAMGORE TEHMURAS ANKLESARIA, M. A. BOMBAY, 1956. 
Eliade, Mircea. The Quest History and Meaning in Religion. Chicago-London: The University of Chicago Press, 1975.
Eliade, Mircea. A HISTORY OF RELIGIOUS IDEAS, 2. From Gautama Buddha to the Triumph of Christianity. The University of Chicago Press. Chicago and London, 1982.
Curtis, natalie. The indians book, New York, Dover, 1968.
Kenton E, The Indians of North America. New York, 1927.
Corbin, Henry. Cyclical Time and Ismaili Gnosis.Kegan Paul International Londan, Boston, Melbourne and Henley in association with  Islamic publications London, 1983.
Plutarch. Moralia, Volume V, Isis and Osiris. Series “Loeb Classical Library”, Harvard University Press. 1939.
Strong, William  Duncan. Aboriginal society in southern California. University of California. Publications in American Archaeology, 1929, volume 26. https://babel.hathitrust.org/cgi/pt?id=uc1.32106000538527;view=1up;seq=149
Hinnells, Jon. Persian Mythology. LIBRARY OF THE WORLD'S MYTHS AND LEGENDS.  New York: Peter Bedrick Books, 1985.
Zaehner 1955: Zaehner R. C. Zurvan: A Zoroastrian Dilema. Oxford. 1955. 
 

 

მსგავსი სტატიები

ვაქცინებში ალუმინის შემცველობის შესახებ...


ავტორი: Andreas Bachmair წყარო დღესდღეობით არსებული ვაქცინ...

როგორ "შევაკეთოთ" სწრაფად სეროტონინი


წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: ნანა აბესაძე დღეს ვისაუბრებთ ი...

5 საუკეთესო პროდუქტი ტვინისათვის


წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: ნანა აბესაძე მე შემიძლია გითხრ...

რატომ შეიძლება არსებობდეს სხვა სამყარო?


 მთარგმნელი: სალომე ჭიტაძე წყარო არსებობს თუ არა სხვა სამყ...

ფსიქოდელიურ ნარკოტიკებს ტვინის სტრუქტურის შეცვლა შეუძლიათ


წყარო ავტორი: Yasemin Saplakoglu მთარგმნელი: დავით ტურაშვილი უ...

წრფივი და არაწრფივი სისტემები (მოკლე მიმოხილვა)


ავტორი: იოანე შენგელია   წარმოიდგინეთ, რომ ერთ ხელში გაქვთ ე...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff