ილუმინატების ტარო - მაღალი არკანები

Admin
ტარო
0
0

  ავტორები: კიმ ჰაგინსი; ერიკ დანი მთარგმნელი: მამუკა გურული (ტექსტის სანახავად გადადით შ...

2 grica 

ავტორები: კიმ ჰაგინსი; ერიკ დანი

მთარგმნელი: მამუკა გურული

(ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე)


 

0 shut

0 – The Fool - სულელი

ქაოსის უსაზღვრო შესაძლებლობა

„დასაწყისამდე იყო მხოლოდ იდეა ღმერთის გონებაში, ეს იყო ჩემი ნაბიჯი ამ მსვლელობისა მზის ცენტრისგან გამომავალ გაუკვალავ ბილიკზე. რა მსურდა მე? არაფერი. და ყველაფერი. მე ვარ ცარიელი ფურცელი, რომელიც ელის, თუ როდის დაწერენ მასზე, თასი, რომელიც შევსებას ელის. ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ ჩვენი წარმოშობის სათავეს და იმედი გვაქვს, რომ გასხივოსნება თავად გვიპოვნის. ჩვენ პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიშლება გზა ჩვენს წინ. მე ვდგავარ სამყაროს ყველა შესაძლო გზის ცენტრში, ჯერ საჭიროა თუნდაც მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა. ეს არის ის ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც მიბიძგებს ცხოვრებაში თავზეხელაღებით გადაშვებისკენ, მძირავს სამყაროს საოცრებებითა და ფათერაკებით აღსავსე სამყაროში, და მე სიხარულით ვიღებ ამ ყველა გამოწვევას, რადგან ყველაფერი ეს გამოცდილებაა და იაფად არაფერი გვეძლევა. ვიღაც გეტყვის, რომ სანამ გადახტები უნდა გადაიხედო, მე კი გეუბნები - გააკეთო ნახტომი და არ შეიზღუდო თავი შიშითა და პირობითობით. ნება მომეცი გაჩვენო. ნება მომეცი ხელი ჩაგკიდო. ჩვენ ვდგავართ მოგზაურობის უფსკრულთან, მიზეზთა და შესაძლებლობათა კიდესთან. ნუ შეშინდები, გულში მხოლოდ სიხარული გქონდეს, და გაიცინე, როდესაც იგრძნობ, რომ ფრიალო კლდის ნაპირი ფეხქვეშ გეცლება. ეს მოსახდენია, და შეუძებელია არ მოხდეს. კეთილი იყოს შენი მობრძანება თავგადასავალში, გულღია და ალალო სულელო!“

საერთო წარმოდგენა: პოტენციალი; ქაოსი რეალობის წინ; ახალი წამოწყებანი, უმანკოება და გულუბრყვილობა; ბავშვურობა; პირველი ნაბიჯები შორეულ მოგზაურობაში; ათასმილიანი გზა ერთი ნაბიჯით იწყება; სიახლე; ცარიელი ფურცელი; სიცოცხლის თანდაყოლილი სიხარული; მგზავრად ყოფნა ცხოვრებაში; ცვლილებების უფსკრულთან დგომა; შიშის მოშორებით წინსვლას შეძლებთ; თავისუფლება; მდგომარეობა, სანამ მოგზაურობა დაიწყება.


 

1 mag

1 – The Alchemist - ალქიმიკოსი

შთაგონება ტრანსფორმაციისთვის

„რაც დადგენილია ზემოთ, იგივეა დაწესებული ქვემოთ. მატერიალურ და სულიერ სფეროებს პირდაპირი თანაფარდობა გააჩნიათ, და ისინი ერთმანეთის ანარეკლები არიან. მე და შენ ვდგავართ, როგორც დიდი ხეები ამ ორ სფეროს შორის, სვეტები, რომელთა გასწვრივაც გადაჭიმულია თანაფარდობა და ანარეკლი: ჩვენ ვართ ღვთაებრივი ენერგიის ტრანსფორმაციისა და ცვლილებათა არხები; ჩვენში დევს ტყვიის ოქროდ გარდაქმნის ძალა. ამგვარად, ჩვენ ვართ ცვლილებათა ნება და მიმართულება, ჩვენ ვართ ორივე - წამომწყებიც და მისი შედეგიც. მაგრამ შენ უნდა ისწავლო ცვლილების შექმნის ხელოვნება და მეცნიერება. უნდა განაწყო შენი გონება და იცნობდე საშუალებებს, რომლებიც შენს განკარგულებაშია და მიმართულებას, რომლისკენაც მოძრაობა გწადია; ასევე უნდა შეიცნო, თუ რას ნიშნავს განზრახვის ქონა. გახდი ჩემი შეგირდი, ოქროს მაძიებელო, და მე გასწავლი ვარსკვლავთა მოძრაობას ცაში და ბუნებრივ წესრიგს სამყაროში; გაჩვენებ, როგორ აქვს ყველაფერს თავის სისტემა და როგორ ერთიანდება ყველა ეს სისტემა; და გადმოგცემ ალქიმიის საიდუმლოს. სამყარო და მისი ყოველი ნაწილი, რომლისგანაც ხარ შექმნილი, არაა სტატიური ობიექტი, არამედ პროცესებისა და ტრანსმუტაციების დაუსრულებელი სერიაა, ხოლო მე და შენ შეგვიძლია უბრალოდ დავიკავოთ ჩვენი ადგილები ამ მარად-ცვალებად ვარსკვლავებს შორის, როგორც ამ დიადი მისტერიის მემკვიდრეებმა“.

საერთო წარმოდგენა: დიდი ცვლილებების წამოწყება; ყველა აუცილებელი საშუალების ქონა; ცოდნა, თუ როგორ ვაკონტროლოთ და ვმართოთ სიტუაცია; სულიერი და მიწიერი სამყაროები ერთმანეთს ირეკლავენ; კავშირი ღვთაებრივთან; განზრახვა, ენერგია, ნება და რესურსების ფოკუსირება ერთ მიზანზე; მთავარი გულისწადილი; პირველსაწყისი გეგმები და ქმედებები.


 

2 grica

2 – The High Priestess - ქურუმი ქალი

დუმილი ფეხმძიმედაა მისტერიებით

„ძველად ბევრს აქვს გავლილი ეს ბილიკი მისტერიებში განდობისთვის ძიებაში. ზოგი ამ გზას გადიოდა საუცხოო სიტყვებით და დიადი საქმეებით, ზოგი ძალით და ცეცხლით, ზოგიც მწველი სურვილით. მათი ნაბიჯები არ იყო დაშვებული მთვარის ტაძრის არც შიგნით და არც შორიახლოს. კარიბჭეზე და ისტორიის მემატიანეებში სამუდამოდაა აღბეჭდილი აქ შესასვლელი ფორმულა: შეიცან თავი. დუმილი ერთადერთი ეტლია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ შეხვიდეთ, და ამის მეშვეობით დალიოთ მეხსიერების მდინარიდან. მე ვარ მისტერიების კარიბჭის მცველი, ორაკული შენს შიგნით, რომელიც მუცლით ატარებს შინაგან სიბრძნეს შენი „მე“-ს ყველაზე ბნელ, ყველაზე მდუმარე ნაწილში. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადუმებ შენს მე-ს, შეგიძლია დაინახო სამყაროს შეუმჩნეველი ქსელი და მისი მიწისქვეშა მდინარეები; მხოლოდ მაშინ, როდესაც შეწყვეტ ლაპარაკს, შენი გონება ნამდვილად გაიხსნება ცოდნისთვის. და როდესაც იპოვნი მას, დაინახავ, რომ ეს მხოლოდ გახსენების პროცესია. იგი აქაა, დალიე: ესაა წყალი მდინარიდან, რომელსაც ჰქვია მეხსიერება. მოისმინე? მაშ, გაიკმინდე ხმა.“

საერთო წარმოდგენა:დუმილი პასუხების მისაღებად; ინტუიცია; თვითდაკვირვება; თვითშემეცნება; ფსიქიური უნარები და ხედვა (განმჭვრეტელობა); გახსენება; შინაგანი სიბრძნის ძიება; საიდუმლო; სიმშვიდე და ათვისების, მიმღებლობის უნარი; ვიღაც, დიდი შინაგანი ხედვით და სიბრძნით; სწავლა თქვენი ინტუიციისგან; უმოქმედობა, როგორც მოქმედების საუკეთესო მიმართულება.


 

3 imperatrica

3 – The Empress–იმპერატორი ქალი

გრძნობად სამყაროში განხორციელებული ვენერა

„განაყოფიერებული სიჩუმიდან და მისტერიიდან ფორმები უნდა გამოვლინდნენ, და მე ვარ ქმნილების კარიბჭე. მე ვბადებ უამრავ რამეს: მე ვარ შემქმნელი ყოველი მომენტისა, რომელიც წარმოშობს ყველა შესაძლებლობას აქტიური ძალით გამოვლინებისკენ. დედამიწა, რომელზეც დავაბიჯებთ, ჩემი სხეულია ისევე, როგორც ჩემი ბავშვი. მისი სილამაზე და საოცრება ჩემი ხელოვნების ნიმუშებია, ჩემი საჩუქარი ყველა დანარჩენი ბავშვისათვის, რომლებსაც შეუძლიათ ისეირნონ ამ სილამაზესა და საოცრებაში. რა აზრი აქვს სიცოცხლეს სილამაზის გარეშე? რა არის იგი, სიყვარულის გარეშე? მე ვარ სიყვარულის დედოფალი, და ესაა ჩემი საომარი ყიჟინა და გულის ფარი. როდესაც უპირობოდ გიყვართ, გულს უხსნით სამყაროს ტკივილებისთვის, მაგრამ ეს გულისტკივილი და დარდიც ჩემი სიყვარულიდან მოდიან. მე ყველა ქმნილებას ვჩუქნი იმდენ სასიცოცხლო ძალას და მგრძნობელობას, რომ მათ შეძლონ ცხოვრებაში ჩაბმა, მის მდიდრულ კალთაში ღრმად ჩაშვება და ყველაფრის განცდა. როგორ შეიძლება, შენი გული ალალი არ იყოს, როდესაც იცი, რომ ტკივილის სათავე ასევე სიყვარულის სათავეცაა? არაფერი იქმნება სირთულეებისა და წვალების გარეშე. შემოქმედებისა და წარმოშობის სიმღერა - ესაა მშობიარე ქალის ყვირილი, შეყვარებულების კივილი შეერთების მომენტში, გამარჯვების ყიჟინა ფინალის დროს. შენ ხარ შემოქმედი და თანა-შემოქმედი ყოველი მომენტისა და ყოველი ნაბიჯისა დედამიწის ზურგზე“.

საერთო წარმოდგენა: შემოქმედება; რაიმეს აქტიურად შექმნა; მუშაობა რაღაცის განხორციელებისთვის; ნედლი მასალისთვის ფორმის მიცემა; სიყვარული და მგრძნობელობა; ნაყოფიერება; ორსულობა; დედობა; აღზრდა; უპირობო სიყვარული; სილამაზის შექმნა; სასიცოცხლო ძალა; შვილებივით სამუშაო და პროექტები.


 

4 imperator

4 – The Emperor–იმპერატორი

თავის ძალაზე დაბრძანებული ვერძი

თავდაპირველად პოტენციური მეომარი მახვილით ხელშია, მას სჯერა, რომ ძალა თავად იარაღშია. ბევრი მათგანი, ვინც ინსტრუმენტს იყენებს თავის ცხოვრებაში რაიმეს შესაქმნელად, ფიქრობს, რომ ძალა და უნარი თავად ინსტრუმენტში დევს. მაგრამ როდესაც პოტენციური მეომარი მახვილის ფლობას სწავლობს, იგი ხვდება, რომ ძალა თავად მასშია, და ამიტომ ყველანაირი პასუხისმგებლობა ამ ძალაზე მასში და მის მოქმედებებში დევს. ტახტი, რომელზეც მმართველი ზის, ეძლევა მას როგორც პატივის მიგება თავისი ძალის გამო. არც ბრძანებები, არც კანონები და არც ძალები არ მოდიან ამ ტახტისგან: ისინი მოდიან მმართველისგან, რომელიც მასზე ზის. მრავალი პოტენციური მეომარი ცდილობს დაოსტატდეს მახვილისა და ნაჯახის ფლობაში; პირველ რიგში მე მათ ვასწავლი თვითკონტროლსა და დისციპლინას, რადგანაც როგორ შეგიძლიათ იმოქმედოთ პასუხისმგებლობით და საკუთარი ძალის მთელი წონის შეგრძნებით, თუკი ვერ გაგიგიათ - რას ნიშნავს რაიმეს წესრიგში მოყვანა? მე ვარ მეომარი, რომელსაც შეუძლია გასწავლოს საკუთარი ძალის ფლობა, გასწავლოს ამ სამყაროში ზუსტად, გაბედულად, მძლავრად და მიზანმიმართულად მოქმედება. მე ვარ ჯავშნოსანი მეფე-მზე, რომელიც არ იბრძვის და არ ეძებს კონფლიქტს. კონფლიქტი ძალის დისბალანსისა და ძალის წყურვილის დემონსტრაციას ახდენს. ძალა არასოდეს არაა მიზანი, არამედ საშუალებაა თქვენში, რომელსაც მიიღებთ, თუკი სწორი წარმოდგენა გექნებათ წესრიგსა და პასუხისმგებლობაზე.

საერთო წარმოდგენა: ძალა და თქვენს მიერ მისი გამოყენების უნარი; პასუხისმგებლობა; ძალის პოზიცია და ხელმძღვანელობა; ავტორიტეტი; ვიღაც, უფრო მაღალ პოზიციაზე, ვიდრე დანარჩენები; სტრუქტურა და წესრიგი; კანონებისა და წესების ერთგულება; ძლიერი მამრობითი სქესის ფიგურა; აქტიურობა და ძირითადი ძალა; კონფლიქტის გადაწყვეტა ძალის მეშვეობით; გამბედაობა; ამბიცია; წესრიგში მოყვანა.


 

5 ierofant grec

5 – The Hierophant–იეროფანტი

სულიერი ტრადიციები

„ათასწლეულმა ჩაიარა და მრავალი ქალისა და მამაკაცის სიცოცხლე მოვიდა და წავიდა. თავის ადგილზე მათ დატოვეს ისტორია და ამ ისტორიაში დატოვეს სიბრძნის საგანძური, გამოცდილება, ცოდნა და სწავლებები. ისინი მომდინარეობენ წარსული სიბრძნისა და ცოდნის ამ კოლექტიური საუნჯისგან, და ყველაზე ეფექტური გზა ამ ტრადიციების შესწავლისთვის და წვდომისთვის - ესაა ორგანიზაციები და ინსტიტუტები. მათი თავდაპირველი მიზანი იყო უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნას ტრადიციებისა და მასში არსებული სიბრძნის შენარჩუნებისთვის. როდესაც ჩემს ტაძარში შემოდიხარ, ჭეშმარიტების მაძიებელო, შენ ფეხს ადგამ იმ მდიდარ ტრადიციაზე, რომელსაც იგი ეყრდნობა; როდესაც ცოდნას ეძებ ჩემთან, ასევე იკავებ შენს კანონიერ ადგილს ცოდნას მოწყურებულ მსახურთა და ნეოფიტთა გრძელ რიგში. მე ვარ მაცნე ამ დიადი და კეთილშობილი ცოდნისა, რომელსაც მილიონები ეძებენ, და რომელიც ეხსნებათ მათ იეროფანტის მანტიით მოსილი წმინდა საიდუმლოთა დამცველების მეშვეობით. მე შემიძლია გაჩვენო მისტერიები, და გადმოგცე ცოდნის კართა გასაღებები, მაგრამ უნდა იცოდე, რომ მასწავლებლისგან ტრადიციული სიბრძნის მიღება აუცილებელი ნაბიჯია ცოდნის ნებისმიერ ჭეშმარიტ გზაზე.

საერთო წარმოდგენა: ორგანიზაციები და ინსტიტუტები; სულიერი ავტორიტეტი; მეხსიერება; ტრადიციული სწავლებები; ჩვეულება; საღმრთოს, წმინდას გამომჟღავნება; ცოდნა და წიგნებით სწავლა; მასწავლებელი; ბერ-მონაზვნები; ისტორია და წარსულის შესწავლა; სხვათა გამოცდილებისგან სწავლა. 


 

6 vlublennie

6 – The Lovers–შეყვარებულები

კვლავ შეერთების მწველი სურვილი

„ყოველი მამაკაცი და ყოველი ქალი ვარსკვლავია: ჩვენ, და სამყარო ყველანი ერთი მასალისგან ვართ შექმნილნი. როდესაც ვიქმნებით, ჩვენში უკვე დევს ღვთაებრიობის ნაპერწკალი, ვარსკვლავი ჩვენს სხეულებში პირდაპირი ანარეკლია ყველა სხვა ვარსკვლავისა დედამიწის სხვა არსებებში. ჩვენ ვერთიანდებით ჯგუფებად, რათა ნიმუშები შევქმნათ ცაში. ჩვენვმოძრაობთ ცაში და ორბიტები გაგვაჩნია, და ზოგიერთი ჩვენგანი ეჯახება ერთმანეთს, ზოგი კი ერთიანდება მშვენიერ თანავარსკვლავედებად. მაგრამ ჩვენ ყველანი ვარსკვლავი-ბავშვები ვართ, და-ძმანი ერთი ცის ქვეშ, და ყველანი ვეძებთ კვლავ-შეერთებას ჩვენს პირველ-მიზეზთან. ვარსკვლავები ჩვენში ჰყვებიან თავიანთ წყაროზე, და ჩვენ გვწყურია მასთან დაბრუნება. მოგზაურობა ხანგრძლივია, მაგრამ ჩვენ ვპოულობთ სხვა პიროვნებას, ვარსკვლავს, რომელიც ყველაზე ახლობელია და ყველაზე მეტად გვიზიდავს, და მასში ვხედავთ სიცოცხლის წყაროს, ის კი - ჩვენში. ჩვენ ვუერთდებით მას, მწველი სურვილით, ვნებით და ჟინით, და მისი მეშვეობით დასრულებულნი და მთლიანნი ვხდებით. ეს სიყვარულია: ადამიანის სხეულებში მოქცეული ორი ვარსკვლავის შერწყმა, გამოხატული მათ შორის დამაკავშირებელი ხიდით. მაშ, არ დაწყევლო ხიდი, შეყვარებულო, არ დაიტირო ის სივრცე, რომელიც კვლავ გაერთიანებისთვის უნდა გადალახო, სწორედ ამ ხიდის წყალობითაა, რომ მონატრება და სიყვარულიშეგიძლია საერთოდ.“

საერთო წარმოდგენა: სიყვარული; სხვა პიროვნებასთან ან ღვთაებრივთან გაერთიანების ძიება; მწველი სურვილი; ერთი მთლიანის ორ ნაწილად ყოფნა; თქვენი „მეორე ნახევრის“ პოვნა; ვნება; განშორება, რომელიც იწვევს მიზიდულობის გაძლიერებას; ღვთაებრივი წყაროს ამოცნობა; ძლიერი კავშირი ადამიანებს შორის; წინააღმდეგობათა გაერთიანება.


 

7 kolesnica

7 – The Chariot–ეტლი

სულის განგრძობა მოქმედებაში

„სული - ეტლია, ცხენებზე შებმული და მეეტლით მართული. მათ, ვინც იციან სულის ბუნება, იციან, რომ ეს არაა უძრავი, წყნარი არსება, არამედ უფრო მბრუნავი ცეცხლის ძალაა, რომელიც ზღვარს სცდება მოქმედებით და შემოაქვს სამყაროში განზრახვა, სხეული, სიტყვა და კეთილგონიერება. სული მაძიებელ გმირს ჰგავს, რომელიც ამ დიდ სამყაროში გამოწვევებს, კითხვებსა და პასუხებს ეძებს. მე - შენი სული ვარ, მამაცო მაძიებელო, შენი სულის ძალა ვარ, კეთილგონიერებისა და მართვის ნიჭი. ყველაფერი ეს შეუღლებული უნდა იყოს სულის წადილთან ისე, რომ გამარჯვება მიღწეულ იქნას. შენს წინ გრძელი გზაა, და ამ მეკავშირეების გარეშე, რომლებსაც წინ მიჰყავხარ, მარცხს განიცდიდი. შენ არ დანებდები, რადგან არ შეგიძლია: ძიება იქაა, და თუმცა თვალებს ხუჭავ და უარს ამბობ ეტლზე, შენი სული მაინც წინისკენ მსწრაფი იქნება, მაგრამ სადავეები შენს ხელებში ძალზე მიშვებულია და დაუმორჩილებელი ცხენების ძალა უმეცრებისკენ და კატასტროფისკენ წაგიყვანს. გაბედე შენი სულის სადავეების ხელში აღება, გქონდეს სიმამაცე და ხელების ძალა კონტროლის განხორციელებისთვის, გამოავლინე ნებისყოფა საკუთარ თავზე და გამარჯვებაში დარწმუნებულმა გასწიე მსოფლიოსკენ.

საერთო წარმოდგენა: ძალისა და სიჩქარის აკრეფა; სწრაფი, თავდაჯერებული გამარჯვება; სიტუაციასთან თავით (წინა ნაწილით) შეჯახება; წინსვლა, პროგრესი; ყველა სახის მოძრაობა; კონტროლის განხორციელება; მოქმედების ხანგრძლივი აფეთქება; განზრახვა, განგრძობილი მოქმედებაში; დაბალი მე-ს კონტროლი; ძიება და მოგზაურობა; მოძრაობა ნათელი (მკაფიო) მიზნისკენ.


 

8 sila

8 – Strength– ძალა

ქალიშვილი და მხეცი

„არსებობს ამბავი გმირი რაინდის შესახებ, რომელმაც თავისი სიყვარული, მშვენიერი ქალიშვილი, საშინელი მხეცის კლანჭებისგან იხსნა და მოკლა ეს მხეცი. მან გამარჯვება მოიპოვა ცხოველზე, ამიტომ გადალახა თავისი ლიბიდო და ცხოველური ბუნება, რომლებსაც მისი სიყვარული და თავად თვითონ მოიცავდა. მაგრამ ამ რაინდმა ორივეს, საკუთარ თავსაც და თავის სიყვარულსაც ცუდი სამსახური გაუწია. ამბავი მცდარადაა განდიდებული. შინაგანი მხეცის მოკვლა, მისი დამორჩილება და გისოსებში მოქცევა, საკუთარი თავის ნაწილის დანგრევას ნიშნავს. ძალა მახვილში ან მკლავში არაა, არამედ მოთმინებასა და სიკეთეშია: ეს შიგნიდან მოდის. ვერც ყველაზე სწრაფი მახვილი და ვერც ყველაზე ძლიერი მკლავი ვერ მოგცემს სიმამაცეს, თუკი უკვე არ გაგაჩნია იგი. იცოდე: მე არ მეშინია მხეცის ჩემს სხეულში, არ მეშინია არც მისი ძალისა და ზომების. მე გავწვრთენი იგი, მაგრამ არ დამინგრევია მისი ძალა, რამეთუ ამით ჩემს საკუთარს დავანგრევდი. იგი მე ვარ და მე - იგია. ასეთი დიადი მხეცი არასოდეს არ უნდა მოიკლას, არამედ გაგებული და მიღებული უნდა იქნეს, და უნდა გახსოვდეს, რომ დიდი ხანი არაა გასული მას შემდეგ, რაც ჩვენც ცხოველები ვიყავით...“

საერთო წარმოდგენა: ცხოველური მე; ლიბიდოსა და ვნებების მიღება; სიმბიოზური ურთიერთობა ორ ადამიანს შორის, რომლებიც ძალზე განსხვავებულნი არიან; შინაგანი ძალა; ძალა და სიკეთე; ბზიკების მოკვლა თაფლით უკეთესია, ვიდრე ძმრით; მხეცი შიგნით; კავშირი ცხოველებთან.


 

9 otshelnik

9 – The Hermit– განდეგილი

სინათლის მარცვალი სიბნელეში

„მე გრძელი გზა გამოვიარე, რათა აქ ვყოფილიყავი, სიბნელეში, სამყაროს წიაღში, სიცოცხლის, სიკვდილისა და კვლავ დაბადების დიდ კოსმიურ ჩვენებაზე. ჩვენს ზემოთ, ვარსკვლავები კვდებიან და იბადებიან, პლანეტები მოძრაობენ, და სამყაროს სახე მარადიულად იცვლება. ჩვენს ქვემოთ მიწა იძვრის, ლავა მოძრაობს, ჭიები შთანთქავენ ხრწნად მატერიას და წარმოიქმნება თესლები. ესაა პირველყოფილი ცეკვა, საიდუმლო, რომელსაც მოკვდავები ეძებენ, იქექებიან მასში, როგორც ადამიანი, რომელიც ბნელ გამოქვაბულში სინათლითეძებს. მე ამ მისტერიის გზამკვლევი ვარ, იმ გზების გიდი, რომლებიც უნდა გაიაროთ მის აღმოსაჩენად. ეს გზები თავად გავიარე, მრავალი ეპოქის წინ, და სინათლე, რომელსაც ვასხივებ და რომელიც შესაძლოა ნახოთ, ჩემი საკუთარი სიბრძნეა. ეს არის პატარა შუქი, სუსტი და მბჟუტავი, მაგრამ სიბნელის იმ სიღრმეებში, სადაც ჩვენ დავდივართ, იგი შესაძლოა მზის სინათლეს ჰგავდეს. შენ მეკითხები, რატომ ვარ ასე მარტო - ესაა გზა, რომელზეც მარტო უნდა ვიყო. მე უნდა გავუძლო მარადიულობის სიბნელეს იმისთვის, რომ სხვებმა შეძლონ სინათლის დანახვა. მე ვარ ის, ვისაც ეყრდნობა ყველა თვალი, როდესაც ყველაფერი დანარჩენი მარცხს განიცდის, და მე ვარ ის, ვინც გაგიძღვებათ ველური უდაბნოდან აღქმული ქვეყნისკენ. ეს შუქი, რომელსაც ვატარებ, ჩემი ტვირთიცაა და კურთხევაც; ხელებგაშლილი ვთავაზობ მას ყველას, რადგან ესაა თესლი, რომელიც სამყაროს იხსნის.

საერთო წარმოდგენა: სიბრძნიდან აღებული; განდეგილი, ან ის, ვინც მარტოობით ტკბება; სიბრძნე მარტოობაში; მარტოდ ყოფნა; სინათლე სიბნელეში; ხელმძღვანელობა შიგნიდან; სხვისი სიბრძნე, რომელიც გზას გიჩვენებთ; დახმარების ხელი; ასაკი და გამოცდილება; თქვენი შინაგანი სინათლის სხვებისთვის ჩვენება; სულიერი ჭეშმარიტება, როგორც დანიშნულების პუნქტი.


 

10 koleso fortuni

10 – The Wheel–ბორბალი

მუდმივი ცვლილების გამოცანა

„გამოცანა მაქვს შენთვის. თუ სწორად უპასუხებ, გაივლი გამოცდას, რამეთუ მართლა გესმით სამყაროს ბუნება და ტაროს ძვირფასი სიბრძნე. არსებობს დიდი ძალაუფლების მქონე ოთხი არსება: ერთს წყალი დააქვს, მეორე მაღლა ნავარდობს, მესამეს მიწის ძალა აქვს, ხოლო მეოთხე დიდებულების წარმომადგენელია. რისი პოვნა შეიძლება მათ შორის?“

საერთო წარმოდგენა: გამოცანები და აზარტული თამაში; აღმასვლები და ვარდნები; ემოციური „ამერიკული გორები“; დაურწმუნებლობა, იჭვნეულობა, გაურკვევლობა; ცვლილება; განმეორებადი თემები; ციკლები; რასაც გაუშვებ ის დაგიბრუნდება; ცვლილების ცენტრში ყოფნა; თავბრუდამხვევი ცვლილება; კითხვები; ბედი თავისუფალი ნების წინააღმდეგ; დარდი (მღელვარება) ბედისა და ცხოვრების გზის გამო.

 


 

11 spravedlivost

11 – Justice– მართლმსაჯულება

კოსმიური ბალანსის სასწორი

ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას (რეაქციას). ყოველი მიზეზი იწვევს შედეგს. მე ვდგავარ ყველა შედეგის შუა ცენტრში, დინამიური პროცესის, რომლის მეშვეობითაც შენარჩუნებულია სამყაროს ბალანსი. მე ვარ ცენტრში მდგომი საყრდენი წერტილი. ზოგი ამბობს, რომ ბრმა ვარ, მაგრამ მე ყველაფერს ვხედავ; მე არ განვსჯი, მაგრამ ამასთან ერთად არც ერთ საგანს არ ვაძლევ მეორეზე მეტ ღირებულებას. მე მხოლოდ ვანგარიშობ, რამეთუ სამყარო - ერთი დიდი ანგარიშია. იცოდეთ ფორმულა, და დაინახავთ, როგორ უთმობს გზას ერთი საგანი მეორეს, რაღაცის შექმნა ყოველთვის მოითხოვს მეორეს გადანაცვლებას, და თქვენი სამყაროს ნატიფი ბალანსი დამოკიდებულია ბუნებაზე, კბილებიანზე და ბრჭყალებიანზე, რომელიც თამაშობს თავის, როგორც მოხერხებული შემქმნელის, შემანარჩუნებელის და დამანგრეველის როლს. ჩემს კოსმიურ სასწორში შეგიძლიათ იხილოთ თქვენი საკუთარი სამართლიანობის ანარეკლი, და უნდა იცოდეთ, რომ ყოველ თქვენს საქმეს თავისი შედეგი და საფასური აქვს - თქვენი არსებობის ყოველ მომენტშისასწორის თასებს ამა თუ იმ მხარეს გადახრით. მაგრამ საშუალება არ მისცეთ მორალსა და წესებზე საუბარს, რომ თავგზა აგიბნიოთ. იმ ფარდის გადასალახად, რომლიც თქვენს დასაცავად მაქვს ჩამოფარებული, პირველ რიგში უნდა გაიგოთ, რომ თქვენც ასევე დგახართ კოსმიური წონასწორობის საყრდენ წერტილში, და რომ თქვენც მიზეზისა და შედეგის, ქმედებისა და უკუქმედების ქსელის ნაწილი ხართ, ქსელისა, რომელთანაც დაკავშირებულია ყველა ცოცხალი არსება. ამ ქსელის დაშლა შეუძლებელია, და იცით რა ეს, თქვენ მაინც შეგიძლიათ გააწონასწოროთ თქვენს გულში ჩემი სასწორის თასებს შორის ბალანსი და გადალახოთ ფარდა.

საერთო წარმოდგენა: ბალანსი; წონასწორობა; რეგულირება; რეზულტატი და ეფექტი; საგნების გაწონასწორება; წონასწორობის საყრდენ წერტილში ყოფნა; ცენტრის შენარჩუნება; სამართლიანობა; მორალი და კანონი; წესრიგი.


 

12 poveshenniy

12 – The Hanged Man– დაკიდებული კაცი

სულის ბნელი ღამე

„მათ მოღალატე მიწოდეს, მაგრამ თავის მხრივ თვითონ მიღალატეს, და ეს არაა ჩემი ჯილდო ჩემი სულის თავისუფლების პოვნისთვის. საშუალება უნდა მივცე ჩემს ყოველ ნაწილს, რომ განმშორდეს, დავიტოვო მხოლოდ ის, რაც რჩება შიშველი, ქვემოთ, ბნელ უფსკრულში მჭვრეტელი. სიყვარულსა და სინათლეს მოწყვეტილი, ჩემი სულის ბნელ ღამეში ვიძირები. მაგრამ რა არის ის, რაც რჩება? მხოლოდ ის, რასაც შეუძლია გამოეკიდოს წარსულსა და მომავალს, ცასა და მიწას შორის. ესაა დაღმავალი გზა ხვეული კიბით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ქვემოთ, ქვემოთ, ქვემოთ. ესაა მსხვერპლის გზა, და ცოტა თუ გაივლის მას სიამოვნებით. ესაა დანებების, გაშვების და მინდობის აუცილებლობა - არა იმის გამო, რომ ყველაფერი დაკარგულია, ან იმედი აღარ დარჩა, არამედ თავად იმედის მიზეზის გამო. თუკი შეგიძლიათ მთლიანად დანებდეთ, მაშინ შეძლებთ გაიგოთ, თუ რას ნიშნავს იყო გეგმის ნაწილი, პაწაწინა ნაწილი დიადისა, და დაუკავშირდეთ თქვენს უმაღლეს მეს. არ იბრძოლოთ, არ გააპროტესტოთ, არამედ იპოვეთ უშფოთველობა და სიმშვიდე თქვენს დანებებაში. ყველა მოვლენას აქვს თავისი მაღალი დანიშნულება, თქვენს ტკივილსაც, და იმ სიბნელესაც, რომელშიც თქვენი სული მიაბიჯებს. ყველაფერი ეს თქვენთვისაა მოცემული, რათა თავიდან ფეხებამდე ამოაყირავოთ სამყაროს თქვენეული ხედვა და სხვა კუთხით დაგანახოთ იგი. ნუ იბრძოლებთ.“

საერთო წარმოდგენა: დანებება; გაშვება და დათმობა; მსხვერპლად შეწირვა; შიგნითკენ შემობრუნება; საგნების განსხვავებული კუთხით დანახვა; პაუზა საქმიანობაში, ან სტაბილური პლატო; უშფოთველობა; რაღაც მიზეზის გამო ტანჯვა; დიდი სურათის დანახვა; თავის მიძღვნა უმაღლესი მესადმი; სულის ბნელი ღამე; ქვესკნელში, ჯოჯოხეთში (დანაშაულებრივ სამყაროში) ჩაშვება; უფსკრულის ჭვრეტა.


 

13 smert

13 – The Death– სიკვდილი

დაისი გზაა მეტამორფოზის

როდესაც გმირის სისხლით შეფერილი დაისისფერი მეწამული მდინარეები მოჩხრიალებენ და და დამწუხრებული დედის გოდება მთელ დედამიწაზე ისმის, ამ დროს მე ცხენზე ამხედრებული ძლევამოსილი მოვსეირნობ. მაშინ გაგიხსნით ჩემს საიდუმლოებებს, როგორც ყვავის ფრთებს ან ჭუპრიდან გამოსულ პეპელას. იცოდეთ ეს და არ შეშინდეთ: ყველაფერი კვდება, მაგრამ არაფერი არ ნადგურდება. ამ სამყაროში სიკვდილის ტკივილის შიშით შემოაბიჯეთ, და თქვენ უკვე კვდებით. თქვენი სიკვდილის საათი უცნობია, მაგრამ იგი გარდუვალია, და ვერავინ შეგპირდებათ ხვალინდელ დღეს. ზოგჯერ მე მოვდივარ, როგორც მტერი, ზოგჯერ, როგორც დაპირისპირებული მეომარი, ზოგჯერ როგორც მეგობარი და ყველაზე ხშირად, როგორც უცნობი. მაგრამ ნუ შეშინდებით: თქვენ უკვე ათასჯერ მოკვდით. თქვენი შემადგენელი ნაწილები დიდი ხნის წინ გაიხრწნენ იმისთვის, რომ ახალი ნაწილებისთვის ზრდის საშუალება მიეცათ; თქვენი წარმოდგენა საკუთარი მე-ს შესახებ უკვე უთვალავჯერ მოკვდა და დაიბადა როგორც ფენიქსი ფერფლიდან; უკვე დაემშვიდობეთ იმას, ვინც მანამდე იყავით, და რაც მანდამდე იცოდით, და მიაბიჯებთ დაისის გზით, რომელსაც განთიადისკენ მიჰყავხართ. ყოველი ნაბიჯის დროს თქვენ ჰგავხართ თავთავებს, რომლებიც ჩემს ცელს ელოდებიან; ყოველი ამოსუნთქვისას თქვენ აჩვევთ თქვენს ფილტვებს ბოლო სასიკვდილო ამოქშენას. სანამ ცოცხლები ხართ, სიკვდილში ხართ. მესამედ და საბოლოოდ გეუბნებით: ნუ გეშინიათ. გახსოვდეთ, თქვენ უნდა მოკვდეთ, და თქვენი ცხოვრების პატარა სიკვდილები - ესაა მზადება იმ საბოლოო მწუხრისთვის, როდესაც თქვენი თვალებიდან ამ სამყაროს უკანასკნელი ჩრდილები ქრება, ხელს თქვენთვის გამოწვდილ ხელში მკიდებთ, და დაისისკენ მიმავალ გზაზე ერთად მივდივართ.

საერთო წარმოდგენა: გადასვლა და ტრანსფორმაცია; მეტამორფოზა; სიკვდილი მრავალი ფორმით; ძველი მე-ს გაშვება; იმის მოჭრა, რაც უკვე აღარაა საჭირო; ნელი ხრწნა; ცხოვრებაში ახალი ფორმების ან გზების მიღება; გაცილება ცვლილებებისკენ.


 

14 umerennost

14 – Temperance– ზომიერება

შუა გზის ანგელოზი

არის ცეცხლი, და არის წყალი. არის მამაკაცი და ქალი, ცა და მიწა, სიცოცხლე და სიკვდილი, ყოფნა და არყოფნა... და მე მათ ყველას შორის ვდგავარ. ბევრი განიხილავს მათ, როგორც თეთრს და შავს, ურთიერთწინააღმდეგობებს, რომელთა შორისაც ბარიერია და რომლის გადაკვეთაც არცერთს არ ძალუძს. მაგრამ აქ მხოლოდ მე ვარ, მედიატორი, რომელიც შუა გზაზე დგას, ბილიკზე, რომელიც შერბილებისა და ზომიერების მეშვეობით აერთიანებს. ყველაფერი მოძრაობაშია, და როდესაც გესმით ეს, შეგიძლიათ ყველაფერი გამოიყენოთ, შეურიოთ ერთმანეთში, ჩაყაროთ ადუღებულ ქვაბში და შექმნათ რაიმე ამ გარემოდან, უფრო მეტი, ვიდრე მისი ნაწილების ჯამია. მე ერთიანობის მიღმა ვარ: ის ვარ, ვინც მისგან მოდის. და მაინც, მე ის პროცესიც ვარ, რომლითაც იგი იქმნება. გაიარეთ ჩემი გზა თქვენი ტერფებით, სველითაც და მშრალითაც, მდინარიდან გამოსულებმა, რომელიც აღარასოდეს იქნება ისევ ისეთი, როდესაც მას დაუბრუნდებით, და ისწავლეთ ალქიმიის საიდუმლოებები. საშუალება მიეცით თქვენს ცხოვრებას, რომ ხელოვნების ნიმუში იყოს, დინებადობის და ადაპტაციის შემოქმედებითი პროცესი, და არასოდეს - გადაჭარბებულად მკაცრი წესები. ნება მიეცით საკუთარ მე-ს, რომ იყოს ქვაბი, რომელშიც მიქსტურა დუღს, და რომ იყოს აქ შექმნილი ფილოსოფიური ქვა.

საერთო წარმოდგენა: ზომიერება და თავშეკავება; გადაჭარბებისგან თავის არიდება; სათნოება ნაცვლად მანკიერებისა; შუა გზის პოვნა, სხვადასხვა მიდგომების შერევით; ეკლექტიზმი; დინება; შუამავლობა; რაღაც მეტის შექმნა, ვიდრე ნაწილების ჯამია; საწინააღმდეგო მხარეების გაერთიანება რაღაცის შესაქმნელად.


 

15 devil

15 – The Devil– ეშმაკი

ჯაჭვები, რომლითაც დაბმული ხართ

„როდესაც არაფერი არ გსურთ, ვერაფერს ვერ მიიღებთ; როდესაც ქვეყნიერება გსურთ, დიდ სახელს და სიმდიდრეს მოიპოვებთ. შიშისა და ყოყმანის გარეშე უნდა უბიძგოთ საკუთარ თავს სიცოცხლისკენ. თავშეკავებულობა სუსტებისთვისაა, და ისინი მხოლოდ ყველაზე უგემურ ხილს იგემებენ. დამარხეთ საკუთარი თავი ღრმად, დაცემულობის (დეკადანსის) წიაღში, და ჯილდო საუცხოო იქნება. ადით მწვერვალზე და განადიდეთ საკუთარი თავი, და თქვენს წარმატებებს ამქვეყნად ყველა იხილავს. მე ვარ წყურვილი დიდებისა და ამქვეყნიური წარმატებისა, მატერიალური დეკადანსისა, სიჭარბისა და უკიდურესობისა. როდესაც თქვენ ხარჯავთ, მე ვაღვივებ სურვილის ცეცხლს თქვენში; როდესაც კვალს ტოვებთ, მე მაშინაც იქვე ვარ და გაქეზებთ. მაგრამ გეშინოდეთ არა ჯაჭვების, რომლებსაც საკუთარ ყელზე პოულობთ - თქვენ ხომ მონა ხართ, არამედ მხოლოდ საკუთარი სურვილებისა და ამბიციების. საშუალება მიეცით თქვენს ვნებას, რომ მართოს თქვენი წელი და თქვენს ამბიციებს - მართოს თქვენი გული. ის, რაც ერთისთვის ცოდვაა, მეორესთვის ღირსებაა.

საერთო წარმოდგენა: გადაჭარბება, თავშეუკავებლობა; ცდუნება; ჟინი, სურვილი, გატაცება; კონტრაქტები და კავშირები ადამიანებს შორის; შინაგანი დემონები; დაცემა (დეკადანსი); მანკიერება; რაიმეს მონობაში ყოფნა; დამღუპველი, საზიანო ჩვევა; საკუთარი პიროვნების ბნელი ნაწილები; მისწრაფებები, რომლებიც სხვებს აყენებენ ტკივილს; ეგოს განდიდება; სიცოცხლის წყურვილი.


 

16 bashnya

16 – The Tower– კოშკი

საკუთარი მე-ს დანგრევა უფსკრულის კიდეზე

„რა შეუპოვრად მუშაობდით, რომ აგეშენებინათ ასეთი მაღალი, ასეთი დიდი კედლები და შეგექმნათ მშვენიერი საგნები. ერთგულებდით მათ და თვლიდით, რომ ისინი გააფართოებდნენ თქვენს მე-ს, თქვენს პიროვნებას, თქვენს ეგოს... ეს იყო თქვენი შეცდომა: ბოლოს ყველაფერი უნდა დაინგრეს. თუკი ყალბ კოშკებს აშენებთ არამდგრადი საძირკვლით, თქვენი შენობები დაიშლება და მტვრად იქცევა. ყველაფერი, რისთვისაც იბრძოდით, ყველაფერი, რაც წარმოუდგინეთ სამყაროს, როგორც საკუთარი თავი, უნდა განადგურდეს: მხოლოდ მაშინ მიაღწევთ გასხივოსნებას, როცა მოიკვეთთ ეგოს ყველა შეგრძნებას და მისადმი ერთგულებას. მრავალი წლის განმავლობაში გარესამყაროს უმზერდით პაწაწუნა სარკმელებიდან, რომლებიც უკნიდან დაცულნი იყვნენ აგურებისა და კირდუღაბის ნიღბით. უკვე ძალიან დიდი ხანია იცნობთ საკუთარ „მე“-ს. ყველანაირი ცოდნა, რაც დღემდე გქონდათ, მცდარია; რაც უფრო ძლიერად ეჭიდებით მას, მით უფრო ძნელი იქნება მისი გაშვება. ეს გასხივოსნების დროა, და რადგანაც ასე რთული გახადეთ მისი თქვენდამი გამომჟღავნება, მეხის დაცემას უნდა შეეჯახოთ. თქვენამდე მოსაღწევად მან ყველაფერი უნდა დაანგრიოს, რაც გარს შემოიწყვეთ, და როდესაც ეს მოხდება, თქვენ ჩამოვარდებით. ვერანაირი შეწყალება ვერ გადაგარჩენთ ამისგან. თქვენ განთავისუფლდებით ამ კოშკისგან და როდესაც ჩამოვარდებით, შეძლებთ, რომ კვლავ იხილოთ ვარსკვლავები, რომლებიც ასე მოგენატრათ.

საერთო წარმოდგენა: უეცარი ნგრევა და აოხრება; კატასტროფა; ეგოს, ანუ საკუთარი „მე“-ს შეგრძნების ნგრევა; მტკივნეული გაღვიძება და რეალიზაცია; ციდან მეხის ჩამოვარდნა; თქვენი ცხოვრების კონსტრუქციის შეცვლა; წყალობის დაკარგვა; თქვენი ცხოვრების მცდარად აგებული ნაწილების ნგრევა; სიამაყე; მეტისმეტი ტკივილის შედეგად მოსული ზეშთაგონება.


 

17 zvezda

17 – The Star– ვარსკვლავი

განახლების მომტანი სინათლე

ყოველთვის იქნება ბნელი დროებები, მაგრამ არასოდეს დადგება დრო, როდესაც სინათლე საერთოდ გაქრება. დაქანცულო მოგზაურო, მე გთავაზობ შანსს, რომ დაიცხრო წყურვილი და დაიამო ცეცხლისგან დამწვარი სხეული მსოფლიოს ყველაზე ღრმა გუბურებში; ისინი ზედაპირზე ზემოდან ვარსკვლავების შუქს ირეკლავენ, ხოლო ქვემოთ წარმოადგენენ წყალსატევს განკურნებისა და გაახალგაზრდავებისთვის. მე იქ თავიდანვე ვიყავი, როდესაც შემოქმედმა ყოველ არსებას დაუდგინა თავისი ვარსკვლავი და დედამიწაზე გამოუშვა ცეცხლოვანი კვალის სახით. თქვენ მეტეორად ხართ დაბადებულნი, ბრილიანტად, ციდან ჩამომავალ ოქროს ცეცხლად, რომელიც კვალს ტოვებს დედამიწაზე, და ზოგიერთ თქვენგანი საკმარისად იღბლიანი ხართ იმისთვის, რომ თქვენი სულის უკვდავება ღამის ცაზე, თანავარსკვლავედებში და ადამიანთა შესახებ ნაამბობში აისახოს. და მაინც, რა იოლია, მისცეთ საშუალება თქვენს სინათლეს, რომ მოზომილად ანათოს, და სხვების სინათლესაც იგივე აიძულოს; და როდესაც სინათლექრება ამ სამყაროში, მე ვეშვები იმ გზებით, რომლებსაც მრავალი ათასწლეულის წინ თქვენ აბრწყინებდით, რათა გავხდე მაცნე გამოღვიძების ახალი განთიადისა და დავამშვიდო ეს დაჭრილი სამყარო. იქნებით ის, ვინც გულთბილად შემხვდება მე, ვარსკვლავად შობილს? იქნებით ის, ვინც საჯაროდ გამოაცხადებს მშვიდობისა და ჰარმონიის ეპოქას?

საერთო წარმოდგენა: მკურნალობა; განახლება და გაახალგაზრდავება; მშვიდობა და ჰარმონია; ახალი ერა; ინტერესი ალტერნატიული თერაპიისადმი და სულიერებისადმი; დიდება და ფორტუნა; წარმმართველი სინათლე; დამშვიდება ტანჯვის შემდეგ; გზის პოვნა; იმედი; არაფერია შეუძლებელი; დიდი ბედ-იღბალი; ნათელი ბნელში.


 

18 luna

18 – The Moon– მთვარე

აჩრდილთა და მიქცევ-მოქცევათა ვერცხლისფერი გზა

ახლა თქვენ მთვარის ველით უნდა დაბრუნდეთ, გამოიაროთ ილუზიის მიხვეულ-მოხვეული, ნისლიანი გზა, რომელზეც ყველაფერი იცვლება და მიედინება. სამყაროში ყველგან არის მიქცევა-მოქცევები და თქვენ არა მხოლოდ მათი ნაწილი ხართ, არამედ ისინიც ღრმად არიან თქვენში, და სწორედ ჩემი სინათლის მეშვეობით გიყვართ და გძულთ, გეშინიათ და გიხარიათ, გიყვარდებათ და გადაგიყვარდებათ. და მაინც, ჩემს სინათლეს არ გააჩნია საკუთარი ძალა, არამედ მზისგან აქვს ნასესხები, და მე გადმოგცემთ ამ სიმართლეს ისე, რომ არ დაბრმავდეთ. მაგრამ სინათლე სრულად არასოდეს აღწევს თქვენამდე, იგი მახინჯდება. ნუ გეშინიათ, აჩრდილებშიც კია სიმართლესთან მსგავსება: ისინი ხომ სინათლის წყალობით არსებობენ. და მაინც, ნუ შეჩერდებით: მგლები სისხლისთვის ყმუიან და მალე ძაღლებიც მათ მიბაძავენ. მაგრამ შიშის მიზეზს არ უნდა წარმოადგენდნენ არც ველური ცხოველები და არც მტრებად ქცეული მოკავშირეები: გეშინოდეთ მხოლოდ თავად შიშის, რომელიც თქვენი საკუთარი ქვეცნობიერიდან იზრდება, პრიმიტიული არსების, რომელიც მხოლოდ გადარჩენის ინსტიქტისგან შედგება და შემორჩენილია იმ დროიდან, როცა არაფერი იყო გარდა კბილებით გამარჯვებისა, ბრჭყალებით ფლეთისა და უსასრულო სიბნელისა. გამოუყევით მთვარის ველს და ნუ შეგეშინდებათ აჩრდილების, მხოლოდ იცოდეთ, რომ ეს ვერცხლისფერი გზა წინაპირობა და მზადებაა იმისა, რაც გელოდებათ.

საერთო წარმოდგენა: ილუზია; გაურკვევლობა; იდუმალება და მისტერია; მთვარეულობა და სიგიჟე; ნახევრად-სიმართლე; დაფარული ჭეშმარიტებები; ქარაგმები, მინიშნებები; ეჭვები; მიქცევ-მოქცევა; ქალის საიდუმლოებები; ქვეცნობიერი; აჩრდილების შიში; სიმართლის ანარეკლი; სიმართლის გაფილტვრა; ყალბი ხმების დაყრა.


 

19 solnce

19 – The Sun– მზე

ჭეშმარიტების სინათლე

ნება მიეცი სიბნელეს – გაიქცეს, ხოლო აჩრდილებს–გაქრნენ, ნება მიეცით სიცოცხლეს – აღმოცენდეს იქ, სადაც ჩემი სხივები მიწაზე ეშვებიან. მე ვარ ყველა სიცოცხლის ცენტრი და მათი წყარო... და მე ვარ ასევე მათი დანიშნულების ადგილი. როდესაც ჩემგან შორს წახვედი, როგორც პატარა ნაპერწკალი, ამით გინდოდა ჩემი გაცნობიერება და ჩემთან გაერთიანება, და ახლა უკვე აღარ ხარ ნაპერწკალი, არამედ ნათელი, ელვარე ალი ხარ, საოცარი დიდებით მოსილი და ჩემი სინათლის დროშის გადამცემი. შენ –ჩემი ოქროსფერი განთიადის ბავშვი ხარ, პატარა მზე დედამიწაზე, მაგრამ ყოველთვის ასეთად რჩებოდი: მხოლოდ ამის გაცნობიერება გაკლდა. უამრავ აჩრდილს შორის დააბიჯებდი, მრავალგვარ ჭეშმარიტებას ხედავდი, მრავალი სახის ილუმინაციას წარმოადგენდი, მაგრამ ეს მხოლოდ მე ვარ, ვისაც ძალუძს ნამდვილი განათლება გადმოგცეს. არასოდეს მისცე ნება შენს დაჟინებულ მზერას, რომ ჩემგან შებრუნდეს, ამიერიდან გამოჰყევი ჭეშმარიტებას და სინათლეს, და ხელი ჩამკიდე, მზის შვილო, რამეთუ ჩვენ ვახარებთ მსოფლიოს სინათლესა და ჭეშმარიტებას. თვალი ადევნე ჩვენს აღზევებას!

საერთო წარმოდგენა: ჭეშმარიტება; განათება და გამომჟღავნება; ცნობიერების ამაღლება და გამოღვიძება; ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი; სიხარული და ბედნიერება; ნამდვილი ნეტარება; ზეიმი; უმეცრებისა და ტყუილის განდევნა; კარგი ბედ-იღბლისა და აყვავების დრო; უფრო ბედნიერი დროის დაბრუნება; რეალიზაცია; აღზევება, აღმასვლა.


 

20 sud

20 – Judgement– სამსჯავრო

მოწოდება გამოღვიძებისკენ

დაბადებიდან სიკვდილამდე თქვენ იმყოფებით ამქვეყნიური ნივთების გალიაში, რომელიც გტვირთავთ და ქვემოთკენ გექაჩებათ. თქვენ ხართ ტყვია, მეტალი, რომელიც უგვანოა ყოველდღიური გამოყენებისთვის, და რომელსაც ოდნავ ეხება სინათლე. მაგრამ შეგიძლიათ სინათლით სავსე მზერა მოავლოთ თქვენი საფლავების აჩრდილებს, მიუახლოვდეთ მათ და მოათავსოთ თქვენი „მე“ ალქიმიურ პროცესში, რომელიც ტყვიას ოქროდ გარდაქმნის. თქვენ ქვისგან, მიწის მტვერისგან ხართ შობილი, მაგრამ არ დაგჭირდებათ მიწად დაბრუნება თქვენი დღეების აღსასრულის დროს, თუკი სინათლისკენ ისწრაფვით. ერთხელაც, გაიგებთ ჩემს მოწოდებას გამოღვიძებისკენ და მკვდრეთით აღდგომისკენ. გადააგდებთ ჯაჭვებს და განაგდებთ შიშებს, წამოხვალთ სიბნელიდან სინათლისკენ. ხელებს აღაპყრობთ ზეცისკენ და იყვირებთ, რომ თავისუფლები ხართ, და ცრემლები, რომლებიც წამოგივათ, თქვენს შიშებს თან წაიღებენ. დასაწყისში დედამიწა ცარიელი იყო, ფორმის გარეშე, და სიბნელეს მოეცვა ყველაფერი; და ანგელოზი მოევლინა წყალთა ზედა და თქვა: დაე იყოს სინათლე! და იქმნა სინათლე. ეს მხოლოდ დასაწყისია, და არა დასასრული.

საერთო წარმოდგენა: მიზნისკენ მოწოდების ხმის გაგება; ხელახლა დაბადება; საკუთარი ფერფლისგან აღმდგარი ფენიქსი; საკუთარი თავის განთავისუფლება იმისგან, რაც გაკავებთ; წარსულის უკან ჩამოტოვება; ახალი ერის განთიადი თქვენს ცხოვრებაში; სულიერი მოწოდების გაგება; გაღვიძება; ტანჯვისგან განთავისუფლება.


 

21 mir

21 – The World– სამყარო

დასასრულისა და დასაწყისის ციკლები

დიადი გზა გრძელია, და შენ ყოველდღიურად გადიოდი ამ მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებს. ცხოვრების ყოველი გამოცდა და უსიამოვნება - ესაა გაკვეთილი და შესაძლებლობა, რომელიც ზრდის საშუალებას მოგცემს და ცხოვრების ცეკვის შეგნებულ მონაწილედ გაქცევს. ახლა, როცა უკან იხედები, უკვე იცი, თუ რამდენის სწავლა შეიძლება მათგან. და ასევე ხედავ, რამდენი რამ შეცვალე. ცვლილებები გარდუვალია, და ვერასოდეს შეძლებ განვლილი გზის დაბრუნებას, ვერასოდეს დაუბრუნდები საწყის წერტილს, თუმცა შეგიძლია კვლავაც შთაგონებით შეუდგე ახალ გზას, დადგე ახალ საწყის წერტილზე - ახალი დანიშნულების პუნქტით. იქ ყოველთვის უფრო მეტი გელოდება, ვიდრე წარმოგიდგენია, მოგზაურო, და არასოდეს დაიღლები ამ მოგზაურობით. შენ ახლა რითმულად ცეკვავ ცხოვრების ზეიმში, იცი, თუ რას ნიშნავს საკუთარი გულისა და სამყაროს რიტმთან ერთად მოძრაობა, ხედავ ანარეკლს ამ ორს შორის და ადგილს პოულობ მათ შორის. ახლა მე და შენ ვდგავართ უსასრულოდ მცირე წერტილში დასაწყისსა და დასარულს შორის, და შენ სამყაროს ცენტრში ხარ, ყველა შენი თავგადასავლის შედეგში და ყველა შენი ცოდნის სინთეზში. იცეკვე ჩემთან ერთად, ამ მომენტში, წარსულისა და მომავლის გარეშე, უბრალოდაწმყოში, უბრალოდ დაბადებიდან მონიჭებული უფლებით, იცეკვე შენი სამყაროს გულისცემასთან ერთად: ესაა გაცნობიერებულობა, და ესაა გასხივოსნება.

საერთო წარმოდგენა: დასრულება, დაგვირგვინება; დასასრულები, რომლებიც გზას იძლევიან ახალი დასაწყისებისთვის; ციკლები; მოგზაურობა არასოდეს მთავრდება; სინთეზი; გამოცდილება, როგორც მასწავლებელი; ყველაფერი გაკვეთილია; (ხელსაყრელი) შემთხვევა, შესაძლებლობა; თქვენი ცხოვრების რიტმების შესწავლა; სიცოცხლით ზეიმი; სრული გაცნობიერებულობა და ცოდნა; ყველაფრის ქონა, რაც გჭირდებათ.

 

 

მსგავსი სტატიები

ტარო და გმირის მოგზაურობა (შესავალი)


ავტორი: ჰაიო ბანცჰაფი მთარგმნელი: მამუკა გურული  ავტორის წ...

ტაროს არქეტიპები - სულის გზა მაღალი არკანების სივრცეში


მთარგმნელი: მამუკა გურული ჩვენ დაუღალავად უნდა ვიკვლიოთ სამყარო....

The Fool - სულელი


22-ე არკანი. სულელი (ალექსეი პახაბოვის წიგნებიდან). მთარგმნელი: მა...

მე-17 არკანი - ვარსკვლავი


(ამონარიდები ალექსეი პახაბოვის წიგნებიდან) მთარგმნელი: მამუკა გურუ...

ილუმინატების ტარო - მაღალი არკანები


  ავტორები: კიმ ჰაგინსი; ერიკ დანი მთარგმნელი: მამუკა გურული...

მაღალი არკანები (მოკლე აღწერები)


ალიონა სოლოდილოვას წიგნიდან - "ტარო ფსიქოლოგის საქმეში" მთარგმნე...

ტაროს არქეტიპები


სულის გზა მაღალი არკანების სივრცეში მთარგმნელი: მამუკა გურული &...

ოშო - ცხოვრების თამაში (ძენ ტარო)


მთარგმნელი: მამუკა გურული ცხოვრება თამაშია, უმაღლესი თამაში. თუ ცხ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff