ფსიქოსომატიკა - ნაწილი მეორე (აფექტის ფენომენი)

woody180
ფსიქიატრის აზრი (ანდრის საულიტისი)
0
0

ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული ლექციის პირველი ნაწილი იხ. ამ...

ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან

მთარგმნელი: მამუკა გურული

ლექციის პირველი ნაწილი იხ. ამ ლინკზე

ამ ლექციაში განვიხილოთ აფექტის ფენომენი. რა არის აფექტი, როგორ წარმოიშობა იგი, როგორ იქცევა ქიმიად, ფსიქიკად, რეაქციებად, განწყობებად და ბოლოს კიდევ სხვა რამეებზეც ვისაუბრებთ.

aff1

დავიწყოთ მხედველობით. თვალი, ლინზა, შემდეგ თვალის ნერვი, ნათხემი, და შემდეგ ვხედავთ სურათს. ეს მნიშვნელოვანი იქნება, როცა გავარკვევთ, ვინ უყურებს სურათს.

aff2

შემდეგია ყური, მთელი ამ ნერვებით და სადენებით. ყური - ესაა ხმა და ვესტიბულარული აპარატი. შემდეგ კვლავ ტვინია. ეს სლაიდიც მხოლოდ იმიტომ წარმოგიდგინეთ, რომ მეჩვენებინა - ყველაფერი ტვინში ხდება.

aff3

შემდეგაც იგივე ისტორიაა: ყნოსვა და გემოვნება. აზრი აქაც იგივეა. ემოციური ტვინი, ლიმბური სისტემა - ტვინის რეაქტიული ნაწილი. ანუ აქაც იგივე ტვინია, იგივე განყოფილებებია. ყველაფერი თალამუსისკენ მიდის. ამ ლათინურ ან ინგლისურ დასახელებებს არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ გამღიზიანებლის სიგნალი რეცეპტორების მეშვეობით იმავე ადგილამდე აღწევს, სადამდეც მხედველობისა და სმენის დროს.

aff4

მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი ტვინში ხდება, მაგრამ აქ საინტერესოა, ვინ? ვინ ისმენს, ვინ ხედავს? როგორ ხედავს? როგორ ხდება ეს ყველაფერი?

aff5

საინტერესო სლაიდია... აქ ნაჩვენებია ტვინი. დაახლოებით 70% აქ ცხიმია. ამიტომაც ვამბობ ყოველთვის, საჭიროა ომეგა-3, ომეგა-5, საჭმელი, რომელიც ხარისხიან ცხიმებს შეიცავს. ალკოჰოლის მიღებისას ცხიმი გამოიდევნება, მაგრამ დღეს ამაზე არ ვსაუბრობთ. ტვინი შეიცავს რკინას, როგორც კომპიუტერი (მარცხენა ფოტოზე). რაც ყველაზე საინტერესოა, კიდევ არის SOFT-ი პროგრამული უზრუნველყოფა), მასზე ყველაზე ბოლოს ვისაუბრებ, საიდან მოდის SOFT-ი და როგორ მოქმედებს იგი.

aff6

ახლა კი დავუბრუნდეთ ფსიქო-ნეირო-ენდოკრინოლოგიას. ამ სლაიდზე ნაჩვენებია ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო - გირჩისებრი ჯირკვალი (Pineal gland). ინტერნეტში ბევრი თეორიაა ამაზე, მაგრამ მე სუფთად ფიზიოლოგიიდან, ბიოლოგიიდან და ანატომიიდან ავიღე ის, რაც ვიცით. ხედავთ ალბათ ფოტოზე, ესაა ცენტრში განლაგებული ტაბლეტის ზომის ჯირკვალი.

აქ მთავარი ერთი მომენტია: მთელი ინფორმაცია, რომელიც შემოდის, პირველად ამ გირჩისებრ ჯირკვალში ხვდება. ესაა ერთგვარი მარეგულირებელი, პოლიციელი, და აქ იწყება ყველაზე მთავარი, როგორც კი ის შუქნიშანს ჩართავს, თუკი ის მწვანე ფერს რთავს, თქვენ არაფერი გემუქრებათ, ამ დროს ირთვება ნეო-კორტექსი, და თქვენ ხდებით ადამიანი: ფიქრობთ, ქმნით... თუ ინფორმაცია შემოდის და გირჩისებრი ჯირკვალი ამ ინფორმაციას შიფრავს, როგორც სახიფათოს, მაშინ ირთვება ემოციური ტვინი, ლიმბური, რეაქტიული სისტემა (წითელი ფერი). მაშინ აზროვნება, ანუ ნეოკორტექსი ჩერდება და ჩვენ ვიწყებთ რეაგირებას.

არსებობს ყვითელი ფერი, შუალედური. რა არის აქ მნიშვნელოვანი? რა შეგიცვლით რეალურად ცხოვრებას? ესაა ძალიან მარტივი რამ: თუ ჩაირთვება მწვანე (ნეოკორტექსი), ავტომატურად გამოირთვება წითელი (ლიმბური სისტემა). თუკი ჩაირთვება რეაქტიული სისტემა, მაშინ ავტომატურად გამოირთვება ნეოკორტექსი. ორივე სისტემას არ შეუძლიათ ერთი და იგივე მომენტში მოქმედება. თუკი ჩაირთო ემოციური ტვინი, ლიმბური სისტემა, ანუ სისტემა, რომელიც პასუხს აგებს რეაქციაზე, მაშინ კრიტიკა, ნეოკორტექსი გამოირთვება. ამიტომ, თუ ადამიანი რეაქტიულ მდგომარეობაში იმყოფება, მაშინ მთელი თქვენი თხოვნები, მოწოდებები, რჩევები, უბრალოდ ვერ მიდიან საჭირო ადგილამდე. ინფორმაცია იბლოკება, და მიდის მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც ბრძოლის ან გაქცევის პროგრამას შეესაბამება. ვინც ფიქრობდა, მაშინ, როცა ლომი მოსდევდა, დღევანდელ დღემდე ვერ მოაღწევდა. მთელი ეს ფსიქოლოგები, ფსიქოანალიტიკოსები, რას აკეთებენ? ადამიანს ეს რეაქტიული პროგრამა ჩაერთო, ისინი კი ცდილობენ, რომ „კოგნიტიური კორექციით“ გამორთონ რეაქტიული ტვინი. ანუ ადამიანი ლომს გაურბის, ისინი კი ეუბნებიან: „შეიცვალე შენი აზროვნება“, „იქნებ ბავშვობაში დედა არასწორად გეპყრობოდა?“, სრული სისულელე.

კიდევ ერთხელ: თუ ადამიანი ამ ემოციურ თრობაში ხვდება, მას არ შეუძლია რაციონალური აზროვნება ან კრიტიკა. როცა ადამიანები დამოკიდებულნი არიან აზარტულ თამაშებზე, ალკოჰოლზე, როცა მათ ერთვებათ ეს აფექტური მდგომარეობები, ფაზური მდგომარეობები, მაშინ მორჩა, ისინი ვეღარაფერს უხერხებენ ამას, ზომბებივით ხდებიან, თვითონაც ვერ აცნობიერებენ ამას და უბრალოდ აკეთებენ ამას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მივიდეთ ასეთ მდგომარეობებამდე.

ყვითელი ფერი საჭიროა, რადგან ბევრი, როდესაც თავს აღწევს ალკოჰოლის გადაბმულად სმას, გადადის ყვითელ ფერზე, რომელიც ციმციმებს, და თუ მათ არ ესმით, როგორ მოიქცნენ ამის შემდეგ, უბრალოდ გაჩერებულნი არიან ამ ყვითელზე, და არც იქით მიდან და არც აქეთ, სანამ კვლავ არ მოვა ახალი გამღიზიანებელი და ისევ არ ჩართავს რეაქტიულ წრეში. და გამოდის, რომ ადამიანი ხან ყვითელშია, ხან წითელში, ხან ყვითელში, ხან წითელში, ნეოკორტექსი კი არ ირთვება, და ადამიანურად ცხოვრებას ვერ ახერხებს.

aff7

აქ უკვე უფრო საინტერესოა, და ხარს რქებში ჩავავლებთ. ეს ჩვენი ლიმბური ტვინია. იგი ჩაირთო. სტრესის შემდეგ ჩვენმა პოლიციელმა (გირჩისებრმა ჯირკვალმა) გაქცევის რეჟიმი ჩართო. ჰიპოთალამუსი გამოიმუშავებს კორტიკოლიბერინს, რომელიც მიდის თირკმელზედა ჯირკვლებთან, და გამოიყოფა ჰორმონების მთელი რიგი, რომელიც განაპირობებს ჩვენს ქცევას, მათ შორის კორტიზოლი. თანაც საქმე იმაშია, რომ გამოყოფილი კორტიზოლი კიდევ უფრო მეტად განაპირობებს კორტიკოლიბერინის გამოყოფას, და შესაბამისად უფრო მეტი კორტიზოლის გამოყოფას. ანუ ირთვება მანკიერი წრე.

აქ საინტერესოა, რომ სტრესი, და შემდეგ კორტიზოლის გამოყოფა, სხვადასხვა რეაქციებს იწვევენ. აქ შესაძლებელია სამნაირი რეაქცია:

Fight- თავდასხმა
Flight - გაქცევა
Freeze - გაყინვა

ანუ მნიშვნელოვანია ამის გაგება, რომ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც შიშის დროს იყინება, შეშდება. აქაც ორი მექანიზმია, ერთია გაშეშება, ეს მნიშვნელოვანია, როცა სხვადასხვა სახის დეპრესიებს განვიხილავთ, და მეორეა კატექოლამინების დიდი სიჭარბე, და ამ დროს ხდება გაყინვა. ამაზე დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებთ...

aff8

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია და მისი ჰორმონები. სლაიდზე ხედავთ თირკმელზედა ჯირკვლის განაკვეთს. მას სხვადასხვა ზონები აქვს. და ზონების შესაბამისად ვხედავთ ჰორმონებს: პეპტიდები (სომასტატინი), კატექოლამინები (ეპინეფრინი და ნორეპინეფრინი), ანდროგენები (ტესტოსტერონი და ესტროგენი), გლუკოკორტიკოიდები (კორტიზოლი და კორტიზონი), და მინერალოკორტიკოიდები (კორტიკოსტერონი და ალდოსტერონი). რატომ გაჩვენეთ ეს ყველაფერი? როცა იწყება სტრესი, როცა იწყება გადაძაბვა, ყველა ეს ნივთიერება გამოიყოფა და ანადგურებს ჩვენს ორგანიზმს. ვნახოთ როგორ:

aff9

შემდეგი სლაიდი - „ქრონიკული სტრესი/დეპრესია“. აქ ჩანს, როგორ მოქმედებს კორტიზოლი შაქრის დონეზე. კორტიზოლის გამოყოფა განაპირობებს სისხლში გლუკოზის გამოყოფას, ეს თავის მხრივ იწვევს ინსულინის გამოყოფას, ინსულინი განაპირობებს, რომ გლუკოზა კუნთებში მოხვდეს, რათა ორგანიზმმა უკეთესად მოახდინოს რეაგირება (ბრძოლა ან გაქცევა), მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ არსებობს ზღვრები, ყველა უჯრედი სავსეა გლუკოზით, ინსულინი ვეღარაფერს უხერხებს, ამიტომ ჩნდება ინსულინური რეზისტენტობა, რასაც მივყავართ შაქრიან დიაბეტამდე. ზიანდება კუჭქვეშა ჯირკვალი, ძვლები (ოსტეოპოროზი), ნაწლავების პრობლემები, სექსუალობის პრობლემები, იმუნური სისტემის პრობლემები და ა.შ.

aff10

კიდევ ერთი სლაიდი, რომელიც მოგიმზადეთ, ეხება კატექოლამინებს: ნორადრენალინი (ენერგია, ძალა, ინტერესი), სეროტონინი (ნაყროვანება, სიმშვიდე, დაკმაყოფილება), და დოფამინი (მოძრაობა, მოტორიკა). როცა ისინი ნორმალურად მუშაობენ, როცა ისინი ახდენენ ყველა ამ სტრესის და გაღიზიანების კომპენსირებას, როცა გამღიზიანებელს სიხარული მოაქვს, ჩვენი ჯანმრთელობისთვის ადეკვატურია, მაშინ ნორადრენალინი გვაძლევს ენერგიას, ძალას, ინტერესს, სეროტონინი - სიმშვიდეს, კმაყოფილებას, დოფამინი - კარგ განწყობას, სექსს. მე ისინი სპეციალურად გავაერთიანე მწვანე წრეში, რადგან ერთად მუშაობენ, ერთმანეთს ავსებენ.

თუ სტრესის დროს ეს ლიმბური სისტემა ირთვება, და ეს დიდხანს გრძელდება, ანუ აღდგენა ვეღარ ხდება, მაშინ უკვე ეს ყველაფერი გვაძლევს შემდეგ რეაქციებს: შიშს, შფოთვას, იმპულსურობას, აგრესიას (როცა სეროტონინის სისტემა მწყობრიდან გამოდის). როცა ნორადრენალინის სისტემა გამოდის მწყობრიდან, მაშინ ადგილი აქვს ძალების ნაკლებობას, აბულიას, ანჰედონიას, გაშეშებას. როცა ეს სისტემები მუშაობენ, მაშინ მწვანე წრეა ჩართული (ენერგია, ძალა, ინტერესი, სიმშვიდე...), და ცხოვრებისეული სიტუაციების შესაბამისად, ამ სისტემებიდან (ნორადრენალინი, სეროტონინი, დოფამინი), რომელიღაც უფრო აქცენტირებულია, და ამ დროს გარკვეული განცდები გვაქვს, მაგრამ ისინი ნორმალურია, ისინი შეფერილია ნორმალური, კარგი აფექტით. ხოლო როცა ეს სისტემები მწყობრიდან გამოდიან, მაშინ ვხედავთ (თეთრ კვადრატებში), როგორ ემოციურ მდგომარეობებს ვღებულობთ.

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ასე მარტივად, ბიოქიმიას, ცხოვრების სტილს, შეუძლია ჩართოს ეს ემოციური, რეაქტიული, ლიმბური სისტემა. და მორჩა, სანამ ამ ქიმიას არ გააწონასწორებთ, ყველანაირი რჩევა-დარიგებები, ფსიქოანალიზები - ესაა გადაყრილი დრო, ფული და ენერგია. ეს ცალსახად არ მუშაობს. ეს იგივეა, რომ ეცადო რაიმე გააგებინო ადამიანს, რომელმაც ორი ლიტრი არაყი დალია.

aff11

შემდეგ, კიდევ ერთი საინტერესო სლაიდი, რომელიც ყველაფერს აჯამებს. როცა გამღიზიანებელი ზომაზე მეტია, იგი სტრესს იწვევს. რა განაპირობებს იმას, თუ ვისთვის იქნება გამღიზიანებელი ზედმეტი, და ვისთვის - ნორმალური? ესენია: ინდივიდუალური მახასიათებლები, გენები, ნეიროპლასტიკურობა, Soft-ი. თუ თქვენში გაიზარდა გამოწყრთობილი და გაკაჟებული ნერვული სისტემა, ნეიროპლასტიურობა, მაშინ ერთი და იგივე გამღიზიანებელი თქვენ ცალ ფეხზე გეკიდებათ, სხვაში კი აფექტს გამოიწვევს. რაც შეეხება Soft-ს, როცა აქ ადამიანი ნორმალურია, როცა ყვითელი კი არ ციმციმებს, არამედ ნეოკორტექსი აქვს ჩართული, და როცა სწორი Soft-ი აქვს, ანუ აქ საჭიროა ნორმალური, ჯანსაღი ფსიქოლოგია, რომელიც რაღაც მეცნიერულ საფუძვლებზე მაინც დგას. და მაშინ ჩვენ ვასწავლით ადამიანს, როგორ არ დავუშვათ სიტუაცია, როცა ნეიროპლასტიურობა და ინდივიდუალური მახასიათებლები უარესდება. ცხოვრების როგორ წესს, როგორ ფილოსოფიას, აზროვნების სტილს, გადაწყვეტილების მიღების ალგორითმებს ვიყენებთ, სწორედ ესაა უნარები (სქილები), და შესაძლებლობები, და ეს ყველაფერი უზარმაზარ როლს თამაშობს იმაში, რომ გამღიზიანებელი არ იქცეს სტრეს-ფაქტორად.

რა ხდება შემდეგ? ვთქვათ, გამოვიწვიეთ ეს სტრესული რეაქცია (ემოციური ტვინის რეაქცია - Fight or Flight). რა ხდება ამ დროს? თუ ორგანიზმი ნორმალურია. თუ მას კარგი გენები, ნეიროპლასტიურობა, სოფტი და გარემო აქვს, მაშინ ხდება ადაპტაცია ფსიქოლოგიურ, ბიოლოგიურ და სოციალურ დონეებზე. მას გააჩნია გამოცდილება ფსიქოლოგიურ დონეზე; ბიოლოგიურად - გაკაჟებულია, ვარჯიშობს, ვიტამინებს ღებულობს; და სოციალურად - იგი მიდის ტოქსიკური სიტუაციებისგან, მიდის იქიდან, სადაც ამცირებენ, ცემენ და ა.შ.

და რა ხდება? ამ დროს ხდება ადაპტაცია, ხდება ჰომეოსტაზის აღდგენა, მაგრამ ამჯერად უკვე ცოტა უფრო მაღალ დონეზე, რომლის დარღვევისთვისაც გამღიზიანებლის მხრიდან უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო. მაგრამ თუ გამღიზიანებლის გადამუშავების ეს მექანიზმები, რესურსები ვერ ახდენენ ამ დატვირთვის კომპენსაციას, მაშინ ადაპტაციის პროცესი ირღვევა. ხდება სისტემის გადაძაბვა, და ჰომეოსტაზის აღდგენა შეუძლებელი ხდება, რაც საბოლოოდ იწვევს ფსიქოსომატიკას, ფსიქოტრავმას. წინა სლაიდებში ვნახეთ, რამდენი სახის ავადმყოფობა შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა: ოსტეოპოროზი, მიოკარდიტები, ინსულტები, რევმატოლოგია, ალერგიები, ონკოლოგია, იმუნიტეტი ქვეითდება. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის მთელი მედიცინა ფსიქოსომატიკაა, გარდა გენეტიკური ავადმყოფობებისა, რომელიც სულ რაღაც 5-10 პროცენტია მთელი ამ აშლილობებიდან. თანაც ამ გენეტიკურ წინასწარგანწყობებზეც გარემო და SOFT-ი ზემოქმედებს, და განაპირობებს, თუ რამდენად ძლიერად გამოვლინდებიან ეს აშლილობები.

ეს ყველაფერი გასაგებია, ლამაზად ავაწყვე და წარმოვადგინე, მაგრამ გახსოვთ სლაიდი: „ვინ ხედავს, ვინ ისმენს ამ ყველაფერს?“, ჰოდა ახლა წარმოგიდგენთ მთავარ სლაიდს, რისთვისაც ეს ლექცია გავაკეთე.

aff12

მარცნივ ტვინია. მუშა მდგომარეობაშია და ანათებს. აი ახლა კი, ინფორმაციულ დონეზე გაჩვენებთ, ვინ იყურება, და როგორ ხდება ეს ყველაფერი. თუ ირთვება ნეოკორტექსი, ჩვენ ვუკავშირდებით ინტერნეტს. სპეციალურად გავაკეთე ცნობიერების ფრაქტალი, ცნობიერების ფენომენი. ჩვენ მას ვუერთდებით, და იგი კვებავს ცნობიერების ჩვენს ფენომენს. სწორედ ესაა გაცნობიერებულობა. სხვა ვიდეოებში ჩვენ განვიხილავთ, რა მეთოდები გვეხმარება ცნობიერების ამ „ინტერნეტთან“, ოკეანესთან, სამყაროსთან მიერთებაში. რა თქმა უნდა, ჩვენც ამის ნაწილი ვართ, მაგრამ განსაზღვრული ნაწილი.

ცოტა ხნის წინ გაჩვენეთ სლაიდი, სადაც ტვინია, რკინა და SOFT-ი. ჰოდა თავად ტვინში მრავალი პროგრამული უზრუნველყოფაა, რომლებიც ავტომატურად უზრუნველჰყოფენ ჩვენს ამ ბიოლოგიას, ნეიროლოგიას, ენდოკრინოლოგიას. არსებობს მრავალი უპირობო და პირობითი რეფლექსი, რომლებიც შეყვანილია ჩვენში. მე გამუდმებით ვამბობ ხოლმე: მე მაცვია შარვალი, მაგრამ მე არ ვარ შარვალი; მე მაცვია პერანგი, მაგრამ მე არ ვარ პერანგი; მე მაქვს ტვინი, მაგრამ მე არ ვარ ტვინი; მე მაქვს აზრები, მაგრამ მე არ ვარ აზრები. ყველა ეს აზრი (სლაიდზე მიანიშნებს რეაქტიულ სისტემაზე, მარჯვნივ ქვემოთ მთარგმ. შენიშვნა), რომლებსაც მექანიკურად გადავყავართ რეაგირების და გაქცევის მდგომარეობაში, შეყვანილია ამ „რკინაში“, ამ „კომპიუტერში“. ისინი განაპირობებენ რეატიულ ქცევას: შუქნიშნის წითელ ან ყვითელ ფერებს. და როცა ჩვენ ვცხოვრობთ სუგესტიის ქვეშ, ძალაუფლების ქვეშ, ზეგავლენის ქვეშ, ინდუცირებული ბოდვის ქვეშ... როგორც აქაა ნაჩვენები, სოც-ქსელების, ტოქსიკური მეგობრების, ტოქსიკური მდგომარეობების მეშვეობით ხდება ამ ყველაფრის ჩაწერა მყარ დისკზე. თუ იგი ძალაუფლებას მიიტაცებს, ან რაიმე ტრიგერის შედეგად იქნება გაშვებული, როგორც მაგალითად, პირობითი რეფლექსი, მაშინვე ირთვება რეაქტიული, ემოციური ტვინი. გახსოვთ შუქნიშანი? ჰოდა ამ დროს ირთვება „ღვთაებრივი ინტერნეტი“ და ჩვენ ადამიანიდან მაიმუნად ვიქცევით. მაიმუნი უკეთესიცაა, მას ინტელექტი არა აქვს, ადამიანი კი გამოდის მხეცი - ინტელექტუალური უნარებით. რისი ჩადენა შეუძლია მას ასეთ ფაზურ მდგომარეობაში, როცა ადამიანი ამ გამღიზიანებლების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, თქვენთვის კარგადაა ცნობილი. მნიშვნელობა არ აქვს რა გამოიწვევს ამ აფექტს: ტოქსიკური მეგობრები, ტელევიზია, სოც-ქსელები თუ სხვა რამ, შედეგია, რომ თქვენ ამ ემოციურ-რეაქტიული ტვინის ზეგავლენის ქვეშ ექცევით და ვერც აცნობიერებთ ამას. შემდეგ, როცა ეს Fight or Flight-ის მდგომარეობა მძიმდება, ეს გადადის ან შფოთვით დეპრესიაში, ან გაშეშება-კატატონიაში. და თუ ეს აფექტური რეაქტიული ტვინი ჩაირთო, ამ დროს უკვე ვეღარაფერს იზამ, ის ყველაფერ დანარჩენს გამორთავს ხოლმე. ის თქვენ გამოგრთავთ ნორმალური ცხოვრებიდან, და იმის შესაძლებლობაც კი აღარაა, რომ ვინმემ თქვენამდე შემოაღწიოს. რადგან ეს ყველა შესასვლელს კეტავს. გახსოვთ, გირჩისებრი სხეული? ისინი მის ოკუპირებას ახდენენ და თავის მხარეს გადაჰყავთ რელსები.

კლასიკურად, ესაა ნევროზი, ფსიქოზი, ბოდვითი მდგომარეობები. ისინი შეიძლება შემოყვანილი იყვნენ თქვენში, და დარჩნენ, როგორც მეხსიერება. ეს შემდეგ იქნება მნიშვნელოვანი, როცა მეხსიერების ფენომენს შევეხებით. მოკლედ, პრობლემა იმაშია, რომ როცა ის ირთვება, და ადამიანი მისი ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, სანამ არ გათიშავ ამ პროგრამების ზემოქმედებას, რომლებიც განაპირობებენ რეაქტიულ მდგომარეობებს, ლიმბურ სისტემას, მორჩა, ვერაფერს ვეღარ იზამ. და ასე ტვირთავს ადამიანი მთელი ცხოვრება ამ სისტემას, მე უკვე გაჩვენეთ თირკმელზედა ჯირკვლები, ჰორმონები, ყველაფერი დანარჩენი... და ის უბრალოდ ავად ხდება, იხრწნება და კვდება.

ხდება ხოლმე, რომ ძლიერ ტკივილებს გამოყავს ადამიანი ამ პროგრამიდან, მაგრამ ამ დროს ყვითელი შუქი ირთვება, და თუ ნორმალურ დახმარებას არავინ გაუწევს, იგი მალევე კვლავ იმავე მდგომარეობას უბრუნდება.

კლასიკურად [იგულისხმა კლასიკური ფსიქოლოგია] ყველა ამ სლაიდს განვიხილავთ ხოლმე, მაგრამ ამ ბოლომდე ვერ მივდივართ. ამ სლაიდს, ცნობიერების, ნეოკორტექსის შესახებ ტრადიციული კლასიკური მეცნიერება დიდად არ აღიარებს, მაგრამ ყველგან ასე არაა. შვეიცარიაში უკვე ესმით, უკვე უყურებენ, უკვე ცდილობენ, რომ დააკავშირონ ხიდები. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შარლატანია, რომლებიც ამ თავის ზომბი-პროგრამებს უშვებენ, და გვაწვდიან, როგორც „ღვთაებრივ“ პროგრამებს. თამაშობენ ტერმინებით, და ადამიანი ფიქრობს, რომ ის გასხივოსნებულია, ზეციურ მანას იღებს და ა.შ., არადა მას რომელიღაც ამ პატარა ზომბი-პროგრამაზე სვავენ, და მორჩა, ჯიბეებსაც უცარიელებენ და ტვინსაც... მთელი ეს სექტები... ადამიანი კი ფიქრობს, რომ სამოთხეში მოხვდა.

იმას, თუ როგორ გავარჩიოთ და განვსაზღვროთ ეს ყველაფერი, სხვა ვიდეოებში შემოგთავაზებთ. მაგრამ შეაფასეთ, რამდენი ჩავდე ამ ვიდეოში. ვისაც არ გექნებათ ამ ზომბი პროგრამის ძლიერი ზეწოლა, და ვინც გაიგებთ შუქნიშნის პრინციპს, ეს რეალურად დაგეხმარებათ. გამოიყენეთ...

მესამე ნაწილის სანახავად გადადით ამ ლინკზე.

დამატებით გირჩევთ გაეცნოთ სტატიას - დოფამინი და კორტიზოლი, როგორც მოტივატორები

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ჰიტლერის დიაგნოზი (ფსიქიატრის აზრი)


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურულ...

ფსიქოსომატიკა - ნაწილი მეორე (აფექტის ფენომენი)


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული ...

სრული სიმართლე ჰომეოპათიის შესახებ


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ლიზი ხუციშვი...

ფსიქოსომატიკა (ნაწილი პირველი)


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან:  მთარგმნელი: მამუკა გურულ...

სოკოების შესახებ (ფსიქიატრის აზრი)...


ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ...

როგორ აღვზარდოთ ბავშვები (4 მთავარი წესი)


ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ...

ეზოთერიის შესახებ (ფსიქიატრის აზრი)


ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ...

რისკზე დამოკიდებულება (ფსიქიატრის აზრი)


მთარგმნელი: ნანა აბესაძე წყარო რა მიზეზი განაპირობებს იმას, რომ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff