დოფამინი და კორტიზოლი, როგორც მოტივატორები

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ავტორი: ნანა აბესაძე (სტატია დაწერილია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით) როდესაც ვურთიერთობთ გ...

header1

ავტორი: ნანა აბესაძე

(სტატია დაწერილია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით)

როდესაც ვურთიერთობთ გარესამყაროსთან, ამისთვის გვჭირდება მოტივაცია.მოტივაცია იყოფა ორ ტიპად.

1. გარეგანი მოტივაცია-განპირობებულია კორტიზოლით.

2. შინაგანი მოტივაცია-განპირობებულია დოფამინით.

კორტიზოლური მოტივაციაა,როცა ჩვენ იძულებული ვართ რაღაც გავაკეთოთ, რომ არ მოხდეს ცუდი, არ ვიყოთ იმაზე უარესად, ვიდრე ვართ. დავუშვათ ვასრულებთ სამუშაოს, რომელიც მხოლოდ იმისათვის გვჭირდება, რომ არ ვიყოთ მშივრები. ამ დროს მოტივირებული ვართ კორტიზოლით. ანუ ჩვენს ორგანიზმში გამოიყოფა სტრესის ჰორმონი. სამუხაროდ ადამიანთა უმრავლესობა კორტიზოლის „სისტემაში“ ცხოვრობს. ისინი დადიან სამსახურში, აკეთებენ რაღაც საქმეებს, და ამას აკეთებენ არა იმისათვის რომ წინ წაიწიონ და სიხარული განიცადონ, არა. ისინი იძულებულნი არიან აკეთონ ეს საქმეები, რომ მათი ცხოვრება ცუდისკენ არ შეიცვალოს. ეს სისტემა ადამიანებს უკეთეს პირობებს არ უქმნის. ის მხოლოდ უარესისგან იცავს. თუ ადამიანს უნდა იყოს უკეთ, ვიდრე არის, მაშინ მას სჭირდება სხვა სისტემა, პოზიტიური, დოფამინური სისტემა. ეს კარგად უნდა გვესმოდეს, როცა ჩვენს თავს ვუსახავთ მიზნებს.

მაგალითად, რის გაკეთებას ვაპირებთ ხვალ, შემდეგ თვეში. ვთქვათ ხვალ აპირებთ რაღაცის გაკეთებას. დავფიქრდეთ, რა არიც ჩვენი მოტივატორი, კორტიზოლი თუ დოფამინი? რათქმაუნდა დოფამინი უნდა იყოს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ხდება. თუ დოფამინი არ არის მოტივატორი, რა ვქნათ მაშინ? ჩვენ იძულებული ვართ წავიდეთ სამსახურში, ვაკეთოთ საქმე. ეს აუცილებელია და ვერაფერს ვცვლით. ამ დროს, უნდა შევეცადოთ ცოტათი მაინც შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება იმ საქმის მიმართ, რომლის კეთებაც არ გვსიამოვნებს, ან თუნდაც ცოტათი გავიადვილოთ მაინც. ალბათ გაგიგიათ ფრაზა, „სამუშაოს დაწყებით, უკვე ნახევარი საქმე გაკეთებულია“. რაღაცის წამოწყებისას ჩვენს ტვინში ირთვება პროცესი, რომელსაც „ზეიგარნიკის ეფექტი“ ეწოდება. ეს ეფექტი შემუშავებული იქნა მეოცე საუკუნეში, ლიტველი ებრაელის, ბლუმა ზეიგარნიკის მიერ. ამ ეფექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ტვინი უფრო კარგად იმახსოვრებს შეწყვეტილ საქმეს, ვიდრე დამთავრებულს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ დისკომფორტს განვიცდით იმის გამო, რაც ვერ მივიყვანეთ ბოლომდე. აი აქ, შეიძლება დოფამინური მოტივაციის ჩართვა. მაგალითად-ამას დავამთავრებ, მივიყვან ბოლომდე და დავისვენებ, ამოვისუნთქებ. ანუ გველოდება სიხარული. ამისათვის მარტივ მაგალითს მოვიყვან. ჩვენი საყვარელი ტელესერიალი მთავრდება ყველაზე საინტერესო მომენტში და ჩვენ გვაქვს იმის სასიამოვნო მოლოდინი, რომ ხვალაც გაგრძელდება.

დოფამინური მოტივაციისას ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ იძულებით
მაგალითად, იმის წარმოდგენა, რომ ჩვენ ვხვდებით სასურველ ადამიანს, რომელთანაც გვაკავშირებს დადებითი ემოცია, მოველით რაღაც სასიამოვნოს. ან როცა იმის ვგრძნობთ და ვიაზრებთ, რომ ჩვენი შრომა გამოიღებს შედეგს და ეს შედეგი იქნება ჩვენთვის სასურველი და სასიხარულო. ამ დროს გვასტიმულირებს დოფამინი.

რა გამოდის? გარეგანი მოტივაციის სისტემა არის სტრესი, ტკივილი, ნეგატივი. ეს არის კორტიზოლის სისტემა. „ეს მე უნდა გავაკეთო, უარესად რომ არ ვიყო“.რაც შეეხება დოფამინურ სისტემას, ეს არის წამახალისებელი სისტემა. „ამით მე მივიღებ რაღაცას“.

scale 1200

რა არის დოფამინი?

• დოფამინი განაპირობებს ისეთ შეგრძნებებს, როგორებიცაა ბედნიერება, სიამოვნება, ეიფორია, მოტივაცია, კონცენტრირების, შემეცნების სურვილს. გუნებ-განწყობას , ასევე აკონტროლებს ძილს, როდესაც დოფამინი დიდი რაოდენობით გამოიყოფა, ადამიანი სიამოვნებას და სიხარულს განიცდის და სურვილი უჩნდება, კვლავაც გაიმეოროს ის ქცევა, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს. ხოლო როცა დოფამინის დონე დონის ქვეითდება, შესაბამისად იკლებს მოტივაცია ადამიანს აღარ უხარია ის რაც ადრე სიხარულს ანიჭებდა.

• როდესაც ჩვენ გვეზარება რაღაცის კეთება, გვაკლია მოტივაცია. მოტივაციაზე პასუხისმგებელი არის ჰორმონი დოფამინი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგან დოფამინის ნაკლებობა გვაქვს, მაგიტომ არ გვინდა არაფრის კეთება.დოფამინი გამომუშავდება მოტივაციის შედეგად, ანუ ჯერ მოტივაცია უნდა იყოს, რომ გამომუშავდეს დოფამინი. ამიტომ, თუ არ გვაქვს რაიმეს კეთების სურვილი, არ გვექნება დოფამინიც. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ზოგს მეტი აქვს დოფამინი, ზოგს ნაკლები.

• დიფამინი გვეხმარება წინსვლაში. ის გვიქმნის ბედნიერების შეგრძნებას მიზნის მისაღწევად. ანუ, სწორედ მაგიტომაცაა დოფამინური მოტივაცია მთავარი.. ზოგჯერ ისეც ხდება, როცა ადამიანს აქვს საკმარისი რაოდენობის დოფამინი და ის ისედაც ბედნიერია, ყველაფრის გარეშე. განიცდის სიამოვნებას ცხოვრებისგან.

როგორ მუშაობს დოფამინი

• დოფამინი გამომუშავდება ტვინში (ჰიპოთალამუსი). არსებობენ 5 დოფამინის რეცეპტორები D1, D2, D3, D4, D5. D1 და D5 ყველაზე მეტად გავრცელებულია ცნს-ში, ხელს უწყობენ ნერვული უჯრედების გაზრდას და განვითარებას. ასევე ისინი მონაწილეობენ უჯრედის ენერგეტიკულ პროცესებში, ატფ-ის დაშლაში. D2, D3, D4 რეცეპტორები უკავშირდება დოფამინის ემოციონალურ და ინტელექტუალურ თვისებებთან. სწორედ ამ რეცეპტორების მომატებული აქტიურობა დაკავშირებულია შიზოფრენიის განვითარებასთან.

• მოკლედ, რომ განვაზოგადოთ D1 და D5 რეცეპტორები არის ენერგია და ძალა, ხოლო D2, D3, D4 ემოცია, მოტივაცია, ინტელექტი.

• დოფამინი გამომუშავდება ტვინის გარკვეულ ნაწილებში, მერე სხვადასხვა გზებით ნაწილდება მთელ ტვინში. როცა დოფამინი ამ გზებზე ძალიან დაბალია, შეიძლება ტვინში წარმოიშვას სუიციდური აზრები, აპათია, არაფრის კეთების სურვილი.

• თუ ამ გზებზე დოფამინი ძალიან ბევრია, ეს იწვევს ნერვულ აშლილობას.

დოფამინის დადებითი მხარეები:

• აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას

• ადამიანი ხდება უფრო მოქმედი და უნარიანი, გადაწყვეტილების მიმღები, კრეატიული

• უუმჯობესდება მეხსიერება

დოფამინის უარყოფითი მხარეები:

• ყველაფერი გვინდა ერთბაშად, მუდმივად სურვილების ცვლა

• არაპროგნოზირებადი ქცევა

დოფამინის დეფიციტს თან სდევს:

ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა;
მოტივაციის დაქვეითება;
სიზარმაცე;
ძილის რეჟიმის დარღვევა;
სისუსტე;
მოუსვენარი ფეხების სინდრომი;
მეხსიერების გაუარესება;
კონცენტრირების უნარის დარღვევა;
იმპულსური ან მავნე ქცევა;
კოფეინზე ან სხვა სტიმულატორებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
წონის მატება;
დოფამინის უკიდურესი დეფიციტი პარკინსონის დაავადებისთვისაა დამახასიათებელი, განაპირობებს მოძრაობის უნარის შეზღუდვას, კუნთების სიხისტეს და ტრემორს (კანკალს).

ადამიანის ორგანიზმში დოფამინის დონეს ნერვული სისტემა არეგულირებს, თუმცა მისი მომატება ბუნებრივი საშუალებებითაც შეიძლება. დოფამინს ზრდის მოტივაცია, სურვილები და მიზნები.


რა ზრდის დოფამინს ბუნებრივ პირობებში:

1. მიიღეთ ბევრი ცილა.

ცილები შედგება ამინომჟავებისგან. ამინომჟავა თიროზინი, გადამწყვეტ როლს ასრულებს დოფამინის სინთეზში. დოფამინი შეიძლება ფენილალანინისგანაც წარმოიქმნას. თიროზინიც და ფენილალანინიც მოიპოვება ცილებით მდიდარ საკვებში: ინდაურის ხორცში, კვერცხში, რძის ნაწარმში, სოიოში, ბანანში, პარკოსანი მცენარეების ნაყოფში.

2. შეზღუდეთ საკვებ რაციონში ნაჯერი ცხიმების შემცველობა.

ნაჯერი ცხიმები (ქონი, კარაქი, ცხიმიანი რძის ნაწარმი, ქოქოსისა და პალმის ზეთი) ჭარბი მიღებისას არღვევს თავის ტვინში დოფამინური სიგნალების გადაცემას.

3. შეზღუდეთ შაქარი

შაქარი, ისევე როგორც ალკოჰოლი და ნარკოტიკი, ამცირებს ტვინში დოფამინის მარაგს და იწვევს ეიფორიას. დოფამინის დონის დაქვეითება კი შაქარზე დამოკიდებულებას განაპირობებს. შაქრის შეზღუდვა ორგანიზმს ტვინში დოფამინის დონის აღდგენაში ეხმარება.

4. მიიღეთ პრობიოტიკები

ნაწლავები და ტვინი მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ნაწლავები შეიცავს ნერვული უჯრედების მდიდარ ქსელს, რომელიც გამოიმუშავებს დოფამინსაც. ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიების ზოგიერთი სახეობაც წარმოქმნის დოფამინს. პრობიოტიკების მიღება ამცირებს შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებს.

5. მიირთვით ხავერდოვანი მარცვლეული

ხავერდოვანი მარცვლეული დიდი რაოდენობით შეიცავს L-დოფას – დოფამინის წინამორბედ ნივთიერებას.

6. ხშირად ივარჯიშეთ

ვარჯიში მაღლა სწევს ენდორფინების დონეს და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

7. კარგად გამოიძინეთ

ტვინში დოფამინის გამოყოფისას ადამიანი სიფხიზლეს და მხნეობას გრძნობს. დიდი რაოდენობით დოფამინი გამოიყოფა დილით, გაღვიძებისას, ხოლო საღამოს, ძილის წინ, მისი დონე ბუნებრივად მცირდება. ძილის უკმარისობა არღვევს დოფამინის გამოყოფის სადღეღამისო რიტმს.

8. უსმინეთ მუსიკას.

მუსიკის მოსმენა ტვინში დოფამინის გამომუშავების ერთ-ერთი სახალისო გზაა. მუსიკა ააქტიურებს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც მხიარულებასა და სიამოვნებაზეა პასუხისმგებელი და რომლებშიც უხვად არის დოფამინური რეცეპტორები.

9. საკმაო დრო გაატარეთ მზეზე.

ზამთრობით ადამიანები ცოტა დროს ატარებენ მზეზე, ამიტომ უფრო ხშირად ეუფლებათ მოწყენილობა და დეპრესია. ცნობილია, რომ მზის სხივების უკმარისობა ამცირებს განწყობაზე მოქმედი ნივთიერებების, მათ შორის დოფამინის, გამოყოფას.

10. დანამატები

ორგანიზმში დოფამინის წარმოსაქმნელად საჭიროა ისეთი ვიტამინები და მინერალები, როგორებიცაა რკინა, ნიაცინი, ფოლიუმის მჟავა, მაგნიუმი, B6. მათი დეფიციტის დროს დოფამინის რაოდენობა მცირდება.

საბოლოო ჯამში, დაბალანსებული კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი ზრდის ორგანიზმის მიერ დოფამინის ბუნებრივ გამომუშავებას და ტვინს მუშაობაში ეხმარება.

დოფამინის დონე გენეტიკურად გადმოგვეცემა მშობლებისგან, ძირითადად ნორმის ფარგლებში. მომავალში სავარაუდოდ მეცნიერები შეძლებენ გენეტიკურ კოდში ჩარევით მართონ დოფამინის დონე ადამიანის ორგანიზმში.

მოკლედ, დოფამინი არის მნიშვნელოვანი ნეირომედიატორი და ჰორმონი, რომელსაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მთავარია გამოვრიცხოთ მინუსები და განვავითაროთ პლიუსები. სწორედ დოფამინის დონე განსაზღვრავს ჩვენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და ჩვენს წარმატებას ცხოვრებაში. მთავარია არ მივიღოთ ცრუ დადებითი ემოციები, ანუ გავაკეთოთ ის, რაც ანვითარებს ადამიანს და არა რაიმე უაზრობაში ვკარგოთ დრო, რომელსაც არაფერი მატერიალური სიკეთე არ მოაქვს, მაგ. ვირტუალურ თამაშებში. დოფამინი ნარკოტიკების ძირითადი მოქმედი ნივთიერებაა.

cortisol

რა არის კორტიზოლი?

კორტიზოლს გამოიმუშავებს თირკმელზედა ჯირკვალი. მართალია კორტიზოლს სტრესის ჰორმონს ეძახიან, მაგრამ ის აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. ის ამზადებს ორგანიზმს მოქმედებისკენ სტრესის დროს. ექსტრემალურ სიტუაციებში – შიმშილის , თავდახსმის, ბარიერის გადალახვის, ტკივილის, ექსტრემალურ სიტუაციაში ყოფნისას,ნერვული დაძაბულობის დროს. ამით ის ეხმარება ადამიანს გადარჩეს.

კორტიზოლი აუცილებელია ორგანიზმის გამართული მუშაობისათვის. ის წარმოადგენს ორგანიზმის ნახშირწყლოვანი ცვლის რეგულატორს: არეგულირებს შაქრის ბალანსს, ინსულინს, მეტაბოლიზმს.

სისხლში გამოყოფილი კორტიზოლი ადვილად აღწევს ღვიძლის უჯრედებს, უჯრედების მემბრანის გავლით ხვდება ციტოპლაზმაში და ბირთვში, სადაც უკავშირდება სპეციფიკურ რეცეპტორებს, რომელიც ააქტიურებს დნმ-ს. ამის შედეგად გლუკოზის სინთეზი ღვიძლში ძლიერდება, მაშინ როცა კუნთებში გლუკოზის დაშლა მცირდება. ღვიძლის უჯრედებში გლუკოზა გროვდება გლიკოგენის სახით. ამ ფორმით კორტიზოლი ეხმარება ორგანიზმს ენერგეტიკული რესურსების შენახვაში.

კორტიზოლი ადრენალინთან ერთად არის სტრესის ჰორმონი. კორტიზოლი, ისევე როგორც ადრენალინი, როგორც ზემოთ ავღნიშნე, გვეხმარება გადავლახოთ წინააღმდეგობები. ადრენალინი უზრუნველყოფს სწრაფ რეაქციას სტრესზე და მოქმედებს 10 წუთის მანძილზე. თუ ჩვენ ვერ დავწყნარდით და სტრესმა არ გაიარა, მერე იწყებს კორტიზოლი გამოყოფას და სისხლში მეტხანს ჩერდება ვიდრე, ადრენალინი. ადრენალინი მაშინვე მოქმედებს სტრესისას, მერე მისი დონე იკლებს სისხლში, ხოლო ძირითად ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას და კორტიზოლი ახდენს.

კორტიზოლი ინსულინის ანტაგონისტი ჰორმონია – ზრდის ცხიმის დაშლას და იძლევა ენერგიას, ასევე აძლიერებს ქსოვილების რეგენერაციას, ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდას. აძლიერებს იმუნიტეტს,თუმცა როდესაც კორტიზოლი მუდმივად მაღალია, პირიქით აქვეითებს იმუნიტეტს.

კორტიზოლის გამოყოფის პიკი მოდის დილის 8-9 საათზე. კორტიზოლი გვეხმარება ორგანიზმის მოქმედებაში მოსაყვანად.

კორტიზოლი ჩვენს სიცოცხლის უნარიანობაზე მოქმედებს 3 გზით:

1. მაღლა წევს შაქარს სისხლში, როცა მისი დონე დაბალია.

2. მაღლა წევს არტერიულ წნევას.

3. არეგულირებს ანთებით პროცესებს, ებრძვის ანთებას.

კორტიზოლი ეხმარება ორგანიზმს ექსტრემალურ სიტუაციაში ენერგიის მობილიზებაში, რადგანაც იგი ასტიმულირებს ადამიანის რეაქციას სტრესზე. ამ დროს ადამიანი და მზად არის ან გასაქცევად, ან საბრძოლველად. ასეთ დროს კორტიზოლის ხარჯზე მატულობს შაქრის შემცველობა სისხლში და არტერიული წნევა. შესაბამისად იზრდება ჟანგბადის მიწოდება ტვინში, რაც ხელს უწყობს სწრაფ აზროვნებას და ადექვატური გადაწყვეტილების მიღებას.

თუ გამუდმებული სტრესის ქვეშ ხართ,შესაბამისად მაღალია კორტიზოლი და ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩამოყალიბდეს ჰიპერტონია, დაქვეითდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, პრობლემები შეექმნას გულისა და საჭმლის მომნელებელი ძვალ-სახსროვანი, კუნთოვანი სისტემას. დაქვეითდეს იმუნიტეტი განვივითარდეს ჭარბწონიანობა. თუ სტრესი ქრონიკულია, ორგანიზმს ჰიპოთალამუსი აწვდის სიგნალს, დააგროვოს ცხიმი ენერგეტიკული რეზერვისათვის, სწორედ კორტიზოლი გვიშლის ხელს ზედმეტი წონის დაგდებაში. თუ ჩვენ შეძლებისდაგვარად გაუმკლავდებით სტრესს, კორტიზოლი ისევ ნორმაში ჩადგება. დადებითი ემოციური ფონი ხელს უწყობს კორტიზოლის ნორმალიზებას.

როცა კორტიზოლი დიდი რაოდენობითაა ორგანიზმში , შაქრის დონე მუდმივად მაღალია. ქრონიკული სტრესის დროს, როდესაც კორტიზოლის შემცველობა ყოველთვის მაღალია სისხლში, უჯრედები აღარ რეაგირებენ მასზე და ხდებიან კორტიზოლრეზისტენტული. ამ დროს ადამიანი გრძნობს უღონობას, შფოთვას, ეს ხდება იმიტომ რომ უჯრედებში კორტიზოლი არ არის, ის რჩება მხოლოდ სისხლში და ის შაქარი, ცხიმები და ცილები, რომელიც ადამიანმა მიიღო, გადაინახა ცხიმში, ნაცვლად იმისა, რომ ორგანიზმს გამოეყენებინა საჭიროების მიზნთ, ამ მიზეზით კორტიზოლრეზისტენტულობას მივყავართ ინსულინრეზისტენტულობამდე. ანუ უჯრედის რეცეპტორები უკვე ინსულინზეც აღარ რეაგირებენ.

ორგანიზმზე კორტიზოლის მაღალი დონის უარყოფითი გავლენა გამოიხატება იმით, რომ ადამიანი თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებს, სწორადაც იკვებება, ვარჯიშობს, მაგრამ შედეგი მაინც არ აქვს – წონაში არ იკლებს, გრძელდება სხვადასხვა ჩივილები. ეს იმიტომ ხდება, რომ განვითარდა უჯრედების კორტიზოლრეზისტენტულობა და კორტიზოლის დონეს სისხლში ჯერ ისევ მაღალი შემცველობა აქვს. ამას ემატება რიგი ენდოკრინული პროცესები და შესაძლოა განვითარდეს განვითარდეს დიაბეტი, სიმსუქნე , რადგან კორტიზოლი ლეპტინზეც მოქმედებს. ასეთ დროს ასევე შეინიშნება გუნებ-განწყობის ცვალებადობა,მომატებული გამღირიანებლობა, ძილის დარღვევა, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება. საწყის ეტაპზე ადამიანი ჯერ კიდევ ქმედუნარიანია, თუმცა დროთა განმავლობაში მაღალი კორტიზოლის ფონზე დგება მეორე ეტაპი- თირკმელზედა ჯირკვლები იფიტება, კორტიზოლის გამოყოფა მცირდება და ის ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას.ადამიანი კარგავს შრომის უნარს, არტერიული წნევა ქვეითდება და შესაძლოა დეპრესია განვითარდეს.

ასე რომ, კორტიზოლის დისბალანსიც ისეთივე სახიფათოა ადამიანისთვის, როგორც დოფამინის.

მაღალი კორტიზოლის დონე იწვევს:

1. კუნთოვანი მასის დაკარგვას. თუ კორტიზოლის დონე ნორმაშია, ორგანიზმი ენერგიისთვის იყენებს ჯერ ნახშირწყლებს, ცხიმებს და შემდეგ კუნთოვან ქსოვილს, მაღალი კორტიზოლის შემთხვევაში პირველ რიგში კი იყენებს კუნთოვან ქსოვილს.

2. ცხიმის მასის მომატება, ცხიმის დაგროვება მუცლის არეში. კორტიზოლის მომატება აძლიერებს გშიმშილის გრძნობას , ტკბილის მიღების სურვილს, იმ მიზეზით რომ, შაქარი ცოტა ხნით ამცირებს კორტიზოლის დონეს. ამას მივყავართ ზედმეტი წონის და ცხიმის დაგროვებისკენ.

3. შაქრიანი დიაბეტის განვითარება. კორტიზოლის მაღალი დონე ზრდის შაქრის დონეს სისხლში. ამცირებს ინსულინის სეკრეციას და შემდეგ შლის კუნთებს გლუკოზამდე.
4. ტესტოსტერონის დონის შემცირება. კორტიზოლი ტესტოსტერონის საპირისპირო ჰორმონია, რაც უფრო მაღალია კორტიზოლი, მით დაბალია ტესტოსტერონი.

5. იმუნიტეტის დაქვეითება. მოკლე დროით კორტიზოლი მუშაობს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება, მაგრამ ხანგრძლივი დროით ის აქვეითებს იმუნიტეტს.

6. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარება. კორტიზოლის მარალი დონე, ორგანიზმს აიძულებს იმუშავოს ცვეთაზე და ეს ზრდის ინსულტის და გულის შეტევის რისკს.

7. ოსტეოპოროზის განვითარება. კორტიზოლი ამცირებს კალციუმის და კოლაგენის შეთვისებას, რაც ძვლებს ხდის უფრო მყიფეს და ანელებს რეგენარაციის პროცესებს.

კორტიზოლის მომატების მიზეზები:

1. შიმშილობა. სისხლში გლუკოზის დაბალი დონე ზრდის კორტიზოლის დონეს.

2. ქრონიკული სტრესი. ნერვული გადაძაბვა წინააღმდეგობის დასაძლევად, ორგანიზმს აიძულებს გამოიყენოს ენერგიის ყველა რესურსი ხანგრძლივად ასეთ რეჟიმში ყოფნა კი ფიტავს ორგანიზმს.

3. ფიზიკური ვარჯიშები. ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა გარკვეულ წილად წარმოადგენს სტრესს ორგანიზმისთვის, რაც უფრო დიდხანს და ინტენსიურად გრძელდება ვარჯიში, მით უფრო მაღალია კორტიზოლის შემცვაელბა სისხლში.

4. ყავა. ერთი ფინჯანი ყავა 30%-ით მაღლა წევს კორტიზოლის დონეს რამოდენიმე საათის მანძილზე.

მაღალი კორტიზოლის ნიშნები:

1. ზედმეტი წონა. იკვებებით სწორად, ვარჯიშობთ მაგრამ მაინც იმატებთ წონაში და ამავდროულად კარგავთ კუნთურ მასას, ეს ნიშნავს რომ კორტიზოლის მაღალი დონე გაქვთ.

2. აჩქარებული პულსი. კორტიზოლი იწვევს არტერიების შევიწროებას.

3. მუდმივი დაძაბულობა,გამღიზიანებლობა. კორტიზოლს ტყულად არ ეძახიან სტრესის ჰორმონს.

4. პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები. ტესტოსტერონის დაქვეითება იწვევს პოტენციის დაქვეითებას.

5. კუჭ-ნაწლავის პრობლემებს. კორტიზოლი ხელს უშლის საჭმლის მონელებას და ათვისებას.

6. ოფლიანობა და ხშირი შარდვა. მაღალი კორტიზოლი იწვევს ოფლიანობას და გახშირებულ შარდვას, რის გამოც ადამიანი კარგავს ორგანიზმისთვის აუცილებელ მინერალებს და ელექტროლიტებს.

7. უძილობა და დეპრესია. კორტიზოლის მაღალი დონე იწვევს დეპრესიას და უძილობას.

კორტიზოლის შემცირება კომპლექსური პროცესია, რომელიც სტრესთან ბრძოლით იწყება. არსებობს სტრესტან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი, თუმცა დღევანდელ სტატიაში ხაზი მინდა გავუსვა გარეგან-კორტიზოლურ და შინაგან-დოფამინურ მოტივაციებს. ორივე ჰორმონი სიცოცხლისთვის აუცილებელია. ორივე ჰორმონი გვეხმარება ამა თუ იმ პრობლემის დაძლევაში, თუმცა თუ ჩვენ გვექნება მეტი შინაგანი-დოფამინური მოტივაცია, ალბათ დამეთანხმებით, ბევრად მარტივად შევხედავთ ისეთ პრობლემებს, რომელთა გარეშეც ვერ წავალთ წინ, უბრალოდ ვერ ვიცხოვრებთ.

რა გამოდის? ჩვენ გვინდა თუ არა, მაინც გვიწევს სტრესულ გარემოში ცხოვრება და მეტნაკლებად ადაპტირებულნი ვართ კიდევაც, თუმცა ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მოტივაციის ასამაღლებელი ტექნიკები, ჩვენ შევძლებთ იმას, რისი გაკეთებაც აუცილებლად გვჭირდება და ამისგან მხოლოდ ნეგატივს ვიღებთ. მარტივ მაგალითს მოვიყვან. დავუშვათ ვაპირებთ რაღაცის კეთებას. დავიწყოთ 5-დან 0-მდე დათვლადა დავიწყოთ და არა პირიქით. 0-დან 5-ის მერე უამრავი ციფრია და ასე შეიძლება ვითვალოთ დაუსრულებლად. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს მუშა მეთოდია. ასევე არ დაგვავიწყდეს „ზეიგარნიკის ეფექტი“ და ის რეკომენდაციები, რაც დოფამინის და კორტიზოლის შესახებ მოგახსენეთ.

გისურვებთ სულიერ მხნეობას!

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

როგორ მოქმედებს თქვენი ბავშვობა პირად ურთიერთობებზე


„გააცნობიერეთ რომ სამყაროში ყველაფერი კავშირშია ყველაფერთან“, როგ...

შიშს რომ ნახევარწრე შემოუარო


 ავტორი: ანა თოფურიძე  სამყაროს შეუცნობელი ძალა მართავ...

თვითშეფასება


ავტორი: ნანა აბესაძე რა ფაქტორები განაპირობებს მოტივაციის გაქრობ...

ინდუქცია


ავტორი: ნანა აბესაძე ერთერთ სტატიაში, მანიპულაციაზე ვისაუბრე. ცო...

როგორ შევძლოთ თავის დაცვა


ავტორი: ნანა აბესაძე ჩვენ ხშრიად ვხვდებით სიტუაციებში, სადაც გვინდ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff