ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი II)

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წესი I  წესი II - მოეპყარით...

Hans Baldung Three Ages of Man WGA01195

ავტორი: ჯორდან პიტერსონი

მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე

შესავალი

წესი I 

წესი II - მოეპყარით საკუთარ თავს ისე, როგორც ვინმეს, ვის დახმარებაზეც პასუხისმგებელნი ხართ.

უბრალოდ, რატომ არ მიიღებთ თქვენს დაწყევლილ ტაბლეტებს?

წარმოიდიგინეთ, რომ ას ადამიანს გამოუწერეს წამალი. იფიქრეთ რა მოხდება შემდეგ. 1/3 არც კი გამოიტანს მას აფთიაქიდან. ნახევარი, დარჩენილი 67-იდან გამოიტანს, თუმცა არ მიიღებს მას სწორად. მათ აერევათ დოზები, დროზე ადრე შეწყვეტენ მათ მიღებას ან, შესაძლოა, საერთოდაც არ მიიღონ ეს წამლები.
ექიმები და ფარმაცევტები ადანაშაულებენ ასეთ პაციენტებს დაუდევრობაში, უმოქმედობასა და შეცდომაში. შეგიძლიათ ვინმეს დაეხმაროთ, თუმცა ვერაფერს აიძულებთ - ასკვნიან ისინი. ფსიქოლოგები მიდრეკილნი არიან სკეპტიკურად შეხედონ ამგვარ შეფასებებს. ჩვენ მომზადებულნი ვართ ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ პაციენტის შეცდომა, მიჰყვეს პროფესიონალურ რჩევას, არის არა პაციენტის, არამედ პრაქტიკოსის ბრალი. გვჯერა, რომ სამედიცინო წარმომადგენელს აქვს პასუხისმგებლობა, შესთავაზოს პაციენტს ისეთი რჩევა, რომელიც შესრულებული იქნება, შესთავაზოს მას ისეთი ჩარევა, რომელიც დაფასებული იქნება, განაგრძოს სიტუაციის დაგეგმვა პაციენტთან ან კლიენტთან მანამ, სანამ სასურველი შედეგი არ მიიღება და აიყვანოს აღრიცხვაზე, რათა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი სწორად ვითარდება. ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რასაც ფსიქოლოგი ასე არაჩვეულებრივად აკეთებს - :). რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს ჩვენს პაციენტებთან დროის გატარების ფუფუნება, განსხვავებით სხვა, უფრო გაღიზიანებული პროფესიონალებისაგან, რომლებსაც ანცვიფრებთ, თუ რატომ არ იღებენ ავადმყოფი ადამიანები თავიანთ მედიკამენტებს. რა სჭირთ? არ სურთ რომ კარგად იყვნენ?

უარესიც ხდება. წარმოიდგინეთ, ვიღაც იღებს ორგანოს ტრანსპლანტანტს. ვთქვათ, ეს თირკმელია. ტრანსპლანტანტი, როგორც წესი, დიდი ხნის, დამქანცველი ლოდინის შემდეგ ჩნდება. ადამიანთა მხოლოდ მცირედი ნაწილი გასცემს საკუთარ ორგანოებს სიკვდილის შემდეგ (და ამაზე უფრო ცოტა, როცა ჯერ კიდევ ცოცხალნი არიან). გაცემული ორგნაოების მხოლოდ მცირედი ნაწილი მიესადაგება რომელიმე იმედით აღსავსე პაციენტს. ეს ნიშნავს, რომ თირკმლის ტიპურ რეციპიენტს უწევს დიალიზის გადატანა, რაც წლების განმავლობაში ერთადერთ ალტერნატივას წარმოადგენს. დიალიზი მოიცავს დანადგარის საშუალებით პაციენტის სისხლის მთლიანი მოცულობის გარეთ გამოდინებასა და შემდეგ უკან დაბრუნებას. ეს უჩვეულო და სასწაულებრივი მკურნალობაა - ეს ყველაფერი კარგია, თუმცა არასასიამოვნო. ეს პროცესი კვირაში ხუთი-შვიდჯერ უნდა ჩატარდეს, ყოველ ჯერზე რვა საათის ხანგრძლივობით და უმჯობესია მაშინ გაკეთდეს, როცა პაციენტს სძინავს. ეს მეტისმეტია. არავის უნდა დიალიზზე დარჩენა.

ტრანსპლანტაციის ერთ-ერთი გართულება არის მიუღებლობა - თქვენს სხეულს არ მოსწონს, როდესაც სხვისი სხეულის ნაწილია მასთან მიმაგრებული. თქვენი იმუნური სისტემა თავს ესხმის და ანადგურებს ამგვარ უცხო ელემენტებს, მაშინაც კი, როდესაც ისინი აუცილებელია თქვენი გადარჩენისათვის. ამის თავიდან ასარიდებლად, უნდა მიიღოთ უარყოფის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც იმუნურ სისტემას ასუსტებენ და ზრდიან თქვენს მგრძნობელობას ინფექციური დაავადებების მიმართ. ადამიანთა უმეტესობა სიხარულით მიდის ამ დათმობაზე. მიუხედავად ამ წამლების არსებობისა და გამოსადეგიანობისა, რეციპიენტები მაინც იტანჯებიან ორგანული მიუღებლობის ზეგავლენებისაგან. ეს იმის გამო არ ხდება, რომ წამლები სათანადოდ არ მოქმედებენ (თუმცა, ზოგჯერ ასეც ხდება). უმეტესწილად ამის მიზეზი ისაა, რომ პაციენტები არ იღებენ გამოწერილ წამლებს. ეს რწმენას ამცირებს. შენი თირკმელი რომ გამართულად არ მუშაობს, ნამდვილად არ არის კარგი. დიალიზი პიკნიკი არაა. ტრანსპლანტაციის ოპერაცია დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ხდება შესაძლებელი და დიდ რისკებთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული. დაკარგო ეს ყველაფერი იმის გამო, რომ შენს მედიკამენტებს არ იღებ? როგორ უკეთებენ ადამიანები ასეთ რამეს საკუთარ თავს? როგორაა ეს შესაძლებელი?

რთულია, იყო სამართლიანი. ბევრი ადამიანი, ვინც ტრანსპლანტაციას იკეთებს იზოლირებულია ან ჯანმრთელობის უამრავი თანდართული პრობლემა აქვს (რომ აღარაფერი ვთქვათ უმუშვრობასა და ოჯახურ კრიზისზე). ისინი შეიძლება კოგნიტურად დასუსტებულნი ან დეპრესიულნი იყვნენ. შესაძლოა, სრულად არ ენდობიან თავიანთ ექიმს, ან ვერ იგებენ მედიკამენტის აუცილებლობას. შეიძლება გაჭირვებით იძენენ წამლებს და მათ უგუნურად და არაეფექტურად ანაწილებენ.

მაგრამ აი, რა არის გასაოცარი - წარმოიდგინეთ, რომ ავად ხართ არა თქვენ, არამედ თქვენი ძაღლი. თქვენ მიგყავთ ის ვეტერინართან. ვეტ-ექიმი გაძლევთ დანიშნულებას და რა ხდება შემდეგ? ზუსტად იმდენივე მიზეზი გაქვთ, არ ენდოთ ვეტერინარს, რამდენიც ადამიანების ექიმის შემთხვევაში. გარდა ამისა, თუ თქვენ ისე ნაკლებად გედარდათ თქვენს შინაურ ცხოველზე, რომ არ შეეშფოთებინეთ იმ უვარგის, დაბალი სტანდარტის თუ წასაკითხად რთულ რეცეპტს, რომელიც შეიძლებოდა ვეტერინარს მოეცა, პირველ რიგში, არ წაიყვანდით თქვენს ძაღლს ვეტერინართან. მაშასადამე, გადარდებთ. ამას თქვენი ქმედებები ამტკიცებს. ფაქტობრივად, საერთო ჯამში თქვენ საშუალო მაჩვენებელზე მეტადაც კი ღელავთ. ადამიანები უკეთესნი არიან, წამლის აფთიაქიდან გამოტანასა და მედიკამენტების დანიშნულების სწორად ხელმძღვანელობაში საკუთარი ცხოველებისთვის, ვიდრე თავიანთი თავისათვის. ეს კარგი არ არის. თქვენი ცხოველის გადმოსახედიდანაც კი არ არის კარგი. თქვენს შინაურ ცხოველს (სავარაუდოდ) უყვარხართ და უფრო ბედნიერი იქნებოდა, თუ თქვენს წამლებს მიიღებდით.

რთულია რაიმეს შეჯამება ფაქტების ამ მოცემულობით, გარდა იმისა, რომ როგორც ჩანს, ადამიანებს თავიანთი ძაღლები, კატები, ქრცვინები და ჩიტები (და შესაძლოა ხვლიკებიც კი) უფრო მეტად უყვართ, ვიდრე თავიანთი თავი. ეს რა საშინელებაა? რამდენი სირცხვილი უნდა არსებობდეს, რომ ასეთი რამ სიმართლეს შეესაბამებოდეს? რა შეიძლება სჭირდეთ იმ ადამიანებს, ვინც თავიანთ თავს თავიანთ ცხოველებს ამჯობინებენ?

ძველი აღთქმის პირველ წიგნში, „წიგნი დაბადებისა“, იყო ერთი უძველესი ამბავი, რომელიც დამეხმარა ამ ჩიხში მომქცევი შეკითხვისათვის პასუხის გაცემაში.

უძველესი ამბავი და სამყაროს ბუნება

სამყაროს შექმნის ამბავი, ორი სხვადასხვა შუა-აღმოსავლური წყაროდან, როგორც ჩანს, „წიგნი დაბადებისა“-ში ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ქრონოლოგიურად პირველ, მაგრამ ისტორიულად უფრო ახალ წიგნში, ცნობილი, როგორც „სამღვდელმსახურო“ (Priestly) – ღმერთმა შექმნა კოსმოსი თავისი ღვთაებრივი სიტყვის გამოყენებით, შექმნა ნათელი, წყალი და ხმელეთი, შემდგომ მცენარეები და ზეციური არსებები. შემდეგ მან შექმნა ფრინველები და ცხოველები და თევზები (კვლავ მეტყველების გამოყენებით) და დაასრულა ადამიანით, მამრობითითა და მდედრობითით, ორივე, როგორღაც მსგავსად თავისი ხატისა. ეს ყველაფერი ხდება დაბადება 1-ში. მეორეში, უფრო ძველ, „იაჰვისტურ“ ვერსიაში, ჩვენ წარმოშობის სხვაგვარ ახსნას ვპოულობთ, ის მოიცავს ადამსა და ევას (სადაც შექმნის დეტალები გარკვეულწილად განსხვავდება), ისევე, როგორც კაენსა და აბელს, ნოეს და ბაბილონის გოდოლს. ეს არის დაბადება 2-11. იმისათვის, რომ გავიგოთ დაბადება 1-ის „სამღვდელმსახურო“ ამბავი, თავისი დაჟინებულობით მეტყველებაზე, როგორც შექმნის ფუნდამენტალურ ძალაზე, თავდაპირველად, საჭიროა მიმოვიხილოთ უძველესი ჰიპოთეზები (ისინი ტიპურად და შინაარსით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მეცნიერული ჰიპოთეზებისაგან, რომლებიც ისტორიულად საკმაოდ ახლებია).

მეცნიერული ჭეშმარიტებები სულ რაღაც ხუთასი წლის წინ გახდა ცხადი ფრენსის ბეკონის, რენე დეკარტისა და ისააკ ნიუტონის ნაშრომთა მეშვეობით. როგორც არ უნდა შეეხედათ ჩვენს წინაპრებს სამყაროსათვის აქამდე, ეს არ იქნებოდა მეცნიერულ ჭრილში ხედვა (იმაზე მეტი, ვიდრე შეძლებოდათ ეყურებინათ მთვარისა და ვარსკვლავებისათვის მათი დროის უახლესი ტელესკოპის მინის ლინზიდან). იმის გამო, რომ ჩვენ დღესდღეობით ასეთი მეცნიერულები და ასე შეუპოვრად მატერიალისტები ვართ, ჩვენთვის ძალიან რთულია გავიგოთ, რომ შესაძლებელია ხედვის სხვა გზებიც არსებობდეს და რომ არსებობენ კიდეც. მაგრამ ისინი, ვინც დროის ასეთი დაშორებით ცხოვრობდნენ, რომელშიც ჩვენი კულტურის ფუნდამენტური ეპოსი აღმოცენდა, იყვნენ ბევრად უფრო დაინტერესებულნი გადარჩენისათვის ნაკარნახევი ქმედებებით, (და სამყაროს მიზნის შესაბამისი ინტერპრეტაციით), ვიდრე ნებისმიერი იმის მსგავსი რამით, რასაც ჩვენ ახლა ობიექტურ ჭეშმარიტებად აღვიქვამთ.

მეცნიერული მსოფლმხედველობის გარიჟრაჟამდე, რეალობა სხვაგვარად იყო განმარტებული. ყოფიერება, გაგებული იყო არა როგორც საგანთა, არამედ როგორც ქმედებათა ასპარეზი. ის გაგებული იყო მსგავსად უფრო მოთხრობისა ან დრამისა. ეს მოთხრობა ან დრამა იყო ცოცხალი, სუბიექტური ცხოვრებისეული გამოცდილება, რამეთუ ის თავის თავს დრო და დრო თითოეული ცოცხალი ადამიანის ცნობიერებაში გამოხატავდა. ეს იყო მსგავსი იმ ისტორიებისა, რომლებსაც ერთმანეთს ვუყვებით ჩვენს ცხოვრებასა და მათ პირად მნიშვნელობაზე, რაღაც, მსგავსი შეგრძნებებისა, რასაც ნოველისტები აღწერენ მათი წიგნების გვერდებზე ყოფიერების გადმოტანისას. სუბიექტური გამოცდილება - ის მოიცავს ნაცნობ, ძირითადად მათსავე არსებობაში არამიკერძოებულ ობიექტებს, როგორიცაა ხეები და ღრუბლები, მაგრამ ასევე (და უფრო მნიშვნელოვნად) ისეთ მოვლენებს, როგორიცაა ემოციები და ოცნებები, ისევე როგორც შიმშილი, წყურვილი და ტკივილი. ეს არის მოვლენები, გამოცდილი პერსონალურად, რომლებიც ადამიანთა ცხოვრების ყველაზე ფუნდამენტურ ელემენტებს წარმოადგენენ. არქაული, დრამატული შეხედულებიდან ისინი არ არიან ადვილად დასაყვანნი მიუკერძოებლობამდე და ობიექტურობამდე - თანამედროვე რედუქციული და მატერიალისტური გონებისთისაც კი. ავიღოთ ტკივილი, მაგალითად - სუბიექტური ტკივილი. ეს ისეთი რეალური რამაა, რომ წინ ვერანაირი არგუმენტი ვერ აღუდგება. ყველა ისე იქცევა, თითქოს მათი ტკივილი რეალურია, უკიდურესად და უმთავრესად რეალური. ტკივილს აქვს მნიშვნელობა, იმაზე მეტი მნიშვნელობა, ვიდრე მატერიას აქვს. ზუსტად ამ მიზეზით, ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ასე მრავალი ტრადიცია, ტანჯვის ჩათვლით, თან ახლავს არსებობას, როგორც ყოფიერების შეუსუსტებელი ჭეშმარიტება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რასაც ჩვენ სუბიექტურად განვიცდით, შეიძლება მეტად იყოს დაკავშირებული ნოველასთან ან ფილმთან, ვიდრე ფიზიკური რეალობის მეცნიერულ აღწერასთან. ეს არის ცოცხალი ცხოვრებისეული გამოცდილების დრამა - უნიკალური, ტრაგიკული, პირადი გარდაცვალება თქვენი მამის, შედარებული ობიექტურ გარდაცვალებათა სიასთან საავადმყოფის ჩანაწერებიდან. თქვენი პირველი სასიყვარულო ტკივილი, დამხობილი იმედებით გამოწვეული სასოწარკვეთა, სიხარულის განცდა შვილის წარმატებისას.

არა მატერიის, არამედ მნიშვნელობის სამფლობელო

მატერიის მეცნიერული სამყაროს დაყვანა, გარკვეული გაგებით, შეიძლება მის ფუნდამენტალურ შემადგენელ ნაწილებამდე: მოლეკულებამდე, ატომებამდე, კვარკებამდეც კი. თუმცა, გამოცდილების სამყაროსაც ასევე აქვს უმთავრესი შემადგენელი ნაწილები. ესენია საჭირო ელემენტები, რომელთა ურთიერთქმედებაც განსაზღვრავს დრამასა და რომანს. ერთი-ერთი მათგანია ქაოსი. მეორე - წესრიგი. მესამე (რამეთუ სულ სამია) არის პროცესი, რომელიც ამ ორს შორის მდებარეობს, რაც, როგორც ჩანს, იდენტურია იმისა, რასაც თანამედროვე ადამიანები ცნობიერებას უწოდებენ. ეს ჩვენი სამარადისო დამონებაა პირველი ორისადმი, რაც გვაეჭვებს არსებობის საფუძვლიანობაში - ეს გვაიძულებს სასოწარკვეთით ჩავიქნიოთ ხელი და ვერ შევძლოთ საკუთარ თავზე სათადანოდ ზრუნვა. მესამე არის მაჩვენებლის სათანადოდ გაგება - ის, რომელიც რეალური გამოსავალის პოვნის საშუალებას გვაძლევს.

თავად ქაოსი უმეცრების სამფლობელოა. ის შეუსწავლელი ტერიტორიაა. ქაოსი არის ის, რაც ფართოვდება მუდმივად და უსასრულოდ, საზღვრების გარეშე, ყველა მდგომარეობის, ყველა იდეისა და ყოველგვარი წესრიგის ზღვარს მიღმა. ის უცხოა, უცნობია, სხვა ჯგუფის წევრია, ღამით ბუჩქების შრიალია, საწოლის ქვეშ მყოფი ურჩხულია, დედის დაფარული ბრაზი და თქვენი შვილის ავადმყოფობაა. ქაოსი არის შიში და უიმედობა, რომელსაც მაშინ გრძნობთ, როცა გღალატობენ. ეს ის ადგილია, სადაც მაშინ ხვდებით, როდესაც რაიმე ინგრევა, როცა თქვენი ოცნებები კვდება, თქვენი კარიერა ინგრევა, თქვენი ქორწინება სრულდება. ეს ზღაპრებისა და მითების ჯოჯოხეთია, სადაც დრაკონი და ოქრო, რომელსაც ის დარაჯობს, ერთად არსებობენ. ქაოსი ისაა, სადაც ვიმყოფებით მაშინ, როცა არ ვიცით, თუ სად ვიმყოფებით და ისაა, რასაც ვაკეთებთ მაშინ, როდესაც არ ვიცით თუ რას ავკეთებთ. ის, მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ის მოვლენა და სიტუაციაა, რომელიც არც ვიცით და ვერც ვიგებთ.

ქაოსი, აგრეთვე, ის უფორმო პოტენციალია, რომლისგანაც „დაბადება-1“-ის ღმერთმა წარმოქმნა წესრიგი ენის გამოყენებით დროის დასაწყისში. ეს იგივე პოტენციალია, რომლისგანაც, ამგვარად, ვთხზავთ ნოველას და ჩვენი ცხოვრების შეუცვლელ მომენტებს. და ქაოსი ასევე თავისუფლებაა, შემაძრწუნებელი თავისუფლება.

წესრიგი, პირიქით, გამოკვლეული ტერიტორიაა. ეს არის ასობით მილიონი წლის ადგილი, პოზიცია და ძალაუფლება. ეს საზოგადოების სტრუქტურაა. ის ბიოლოგიის მიერ უზრუნველყოფილი სტრუქტურაა, იმდენად, რამდენადაც თქვენ ხართ ადაპტირებული საზოგადოების სტრუქტურასთან. წესრიგი არის ტომი, რელიგია, ოჯახი, სახლი და ქვეყანა. ის არის თბილი, დაცული სასტუმრო ოთახი, სადაც ბუხარი გიზგიზებს და ბავშვები თამაშობენ. ის არის ეროვნული დროშა. ის არის ვალუტის ღირებულება. წესრიგი არის იატაკი თქვენ ფეხქვეშ და თქვენი დღის გეგმა. ის ტრადიციის დიდებულებაა, საკლასო ოთახში მერხების მწკრივებია, მატარებლებია, რომლებიც დროულად ტოვებენ სადგურს, კალენდარი და საათია. წესრიგი ის საზოგადო იერია, რომელიც დიდი ხნის წინ მოვირგეთ, ერთად შეკრებილ უცხოელთა თავაზიანობაა და ის თხელი ყინულია, რომელზეც ყველანი ვსრიალებთ. წესრიგი ის ადგილია, სადაც სამყაროს ქცევა უკავშირდება ჩვენს მოლოდინებსა და სურვილებს. ადილი, სადაც ყველაფერი ისე გამოდის, როგორც თავად გვსურს. თუმცა, ზოგჯერ, წესრიგი ტირანია და მოწყენილობაა, ისევე როგორც, დარწმუნებულობის მოთხოვნა და ერთგვაროვნება და სიცხადე ზედმეტად ცალმხრივი ხდება.

სადაც ყველაფერი განსაზღვრულია, იქ ნორმალურად ვართ. იქ მაშინ ვიმყოფებით, როდესაც მოვლენები გეგმის შესაბამისად ვითარდება და ახალი და ხელისშემშლელი არაფერია, წესრიგის სამფლობელოში, მოვლენები ღვთისნიერად ვითარდება. ჩვენ მოგვწონს იქ ყოფნა. ნაცნობი გარემოცვა ხელსაყრელია. წესრიგში შეგვიძლია ვიფიქროთ საგნებზე გრძელვადიან პერსპექტივაში. აქ რაღაცები ამართლებს და ჩვენც სტაბილურები, მშვიდები და კომპეტენტურები ვართ. იშვიათად ვტოვებთ ადგილებს, რომლებსაც გეოგრაფიულად თუ კონცეპტუალურად ვეწყობით, ამის გამო, ცხადია, არ მოგვწონს, როდესაც იძულებულნი ვართ დავტოვოთ ის, ან როცა ეს მოულოდნელად ხდება.

თქვენ იმყოფებით წესრიგში და გყავთ ერთგული მეგობარი, სანდო მოკავშირე. როდესაც ეს პიროვნება გიღალატებთ, გაგყიდით, თქვენ გამჭვირვალე და ნათელი სამყაროდან ინაცვლებთ ბნელ, ქაოსურ ქვესკნელში, დაბნეულობასა და უიმედობაში. ამავე მოძრაობას აკეთებთ და ამავე ადგილს სტუმრობთ, როცა კომპანია, სადაც მუშაობთ გაკოტრებას იწყებს და თქვენი სამსახური ეჭვქვეშ დგება. თუ თქვენი საშემოსავლო დეკლარაცია თანმიმდევრულადაა დალაგებული - ეს წესრიგია. თუ თქვენი ფინანსური ანგარიშები და დოკუმენტები შეამოწმეს - ეს ქაოსია. ადამიანთა უმეტესობას ურჩევნია გაძარცვონ, ვიდრე ფინანსური შემოწმება ჩაუტარონ. სანამ ტყუპი ცათამბჯენები დაინგრეოდნენ - იყო წესრიგი. ქაოსმა შემდგომ წარმოაჩინა თავი. ეს ყველამ იგრძნო. გაურკვევლობამ მთელი გარემო მოიცვა. რა იყო კერძოდ ეს ნგრევა? არასწორი კითხვაა. კერძოდ რა გადარჩა დაუზიანებლად? ეს იყო დისკუსიის საგანი.

როდესაც ყინული, რომელზეც სრიალებთ, მყარია - ეს წესრიგია. როდესაც ფენა ვარდება, იმსხვრევა და ყინულში ვარდებით - ეს ქაოსია. წესრიგი ტოლკინის ჰობიტთა საგრაფოა: მშვიდობიანი, პროდუქტიული და საცხოვრებლად უსაფრთხო, გულუბრყვილოთათვისაც კი. ქაოსი ჯუჯათა მიწისქვეშა სამეფოა, დაპყრობილი სმაუგის, განძის შემგროვებელი გელეშაპის მიერ. ქაოსი ღრმა ოკეანის ფსკერია, საითაც პინოქიო მამამისის მონსტროსაგან, ვეშაპისა და ცეცხლმფრქვევი დრაკონისგან გადასარჩენად გაემართა. ეს სიბნელეში მოგზაურობა და მამის გადარჩენა ყველაზე რთულად გასაკეთებელი რამაა თოჯინასათვის, თუკი მას რეალურ არსებად გარდაქმნა უნდა. თუ სურს გაითავისუფლოს თავი სიცრუის დაუძლეველი სურვილისაგან, მოქმედებისაგან, ჩაგვრის, იმპულსური სიამოვნებისა და ტოტალიტარული დამორჩილებისაგან. თუ უნდა, რომ დაიკავოს თავისი ადგილი, როგორც სამყაროს ნამდვილმა ქმნილებამ.

წესრიგი თქვენი ქორწინების სტაბილურობაა. ის დაფუძნებულია ძველ ტრადიციებსა და თქვენს მოლოდინებზე, რომლებიც, ხშირად ტრადიციების ფონზე უჩინარია. ქაოსი თქვენ ტერფებქვეშ ნგრევაა, როდესაც აღმოაჩენთ პარტნიორის ღალატს. ქაოსი არის უსაზღვრო და უსაყრდენო რყევა სივრცეში, როდესაც თქვენი წარმმართველი რუტინა და ტრადიციები ინგრევა.

წესრიგი ის ადგილი და დროა, სადაც ხშირად უჩინარი აქსიომები, რომელთა მიხედვითაც ცხოვრობთ, იმგვარად უკეთებენ ორგანიზებას თქვენს გამოცდილებებსა და ქმედებებს, რომ რაც უნდა მოხდეს სწორედ ის ხდება. ქაოსი ახალი ადგილი და დროა, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც უბედურება უცაბედად დაგატყდებათ თავს, ან ბოროტება გამოააშკარავებს თავის დამბლადამცემ სახეს, თუნდაც თქვენსავე სახლის ფარგლებში. ყოველთვის შეიძლება რაღაც მოულოდნელი ან არასასურველი გამოჩნდეს მაშინ, როცა გეგმა დასახულია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენაც ნაცნობია გარემოებები. როდესაც ეს ხდება, ტერიტორია იცვლება. არ შეცდეთ ამაში: სივრცე, ხილული სივრცე, შეიძლება უცვლელი იყოს, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ დროში, ისევე როგორც სივრცეში. შედეგად, ყველაზე ძველი და ნაცნობი ადგილებიც კი ფლობენ ამოუწურავ უნარს, გაგაოცონ. შეიძლება ბედნიერად მიუყვებოდეთ გზას თქვენი ავტომობილით, რომელსაც უკვე წლებია იცნობთ და გიყვართ, მაგრამ დრო გადის, შეიძლება მუხრუჭმა გიმტყუნოთ. შესაძლოა გზაზე მიდიოდეთ ფეხით, იმ სხეულით, რომელსაც ყოველთვის ენდობოდით. თუკი გული გიმტყუნებთ, თუნდაც წამიერად, ყელაფერი შეიცვლება. ძველმა მეგობრულმა ძაღლმაც კი შეიძლება გიკბინოთ. ძველმა და სანდო მეგობარმაც შეიძლება გული გაგიტეხოთ. ახალმა იდეამ შეიძლება ძველი, კომფორტული და უტყუარი ფაქტი გაანადგუროს. ასეთი რამეები ხდება. ეს რეალურია. როდესაც ქაოსი ჩნდება, ჩვენი ტვინი მყისიერად პასუხობს მარტივი, ზე-სწრაფი წრებრუნვებით, მოყოლებული უძველესი დროიდან, როდესაც ჩვენი წინაპრები ხეებზე ცხოვრობდნენ და გველები უცაბედად ესხმოდნენ თავს. ამ მყისიერი სიახლოვის შემდეგ, ჩნდება სხეულის ღრმად რეფლექსური, გვიან განვითარებადი პასუხი, მეტად კომპლექსური, მაგრამ უფრო ნელი ემოციური პასუხი და ამის შემდეგ მოდის ფიქრი უფრო მაღალ წესრიგზე, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს წამები, წუთები ან წლები. ყველა ეს პასუხი ინსტინქტურია გარკვეული გაგებით, თუმცა რაც უფრო სწრაფია პასუხი, მით უფრო ინსტინქტურია ის.

haos

ქაოსი და წესრიგი: პიროვნება, მდედრობითი და მამრობითი

ქაოსი და წესრიგი წარმოადგენენ ორ ყველაზე ფუნდამენტალურ ელემენტს ცხოვრებისეული გამოცდილებისას - საკუთარ თავად ყოფნის ორ ყველაზე ბაზისურ დაყოფას. თუმცა ისინი არ არიან საგნები ან ნივთები და როგორც ასეთი, არ წარმოადგენენ პირადად განცდილს. საგნები და ნივთები ობიექტური სამყაროს ნაწილებია. ისინი არიან უსიცოცხლო და უსულო. ისინი მკვდრები არიან. ეს არ შეესაბამება სიმართლეს ქაოსსა და წესრიგთან მიმართებაში. ისინი აღქმული, გამოცდილი და გაგებულია (იმდენად, რამდენადაც ისინი საერთოდაა გაგებული) როგორც პიროვნული თავისებურებანი და ეს ისეთივე ჭეშმარიტებას წარმოადგენს თანამედროვე ადამიანების აღქმის, ცხოვრებისეული გამოცდილებისა და გაგებისათვის, როგორც მათი უძველესი წინაპრებისათვის. უბრალოდ, თანამედროვენი ამას ვერ ამჩნევენ.

პიროვნული თვისებები, რომლებიც აღქმისათვის განვივითარეთ, არსებობენ პროგნოზირებადი ფორმით და ტიპური, იერარქიული კონფიგურაციებით, მუდმივად, ყველა განზრახვისა და მიზნისთვის. მაგალითად, მილიარდობით წლებია არსებობს ქალი და მამაკაცი. ეს დიდი დროა. სიცოცხლის სქესის მიხედვით დაყოფა დაიწყო მანამდე ვიდრე მოხდებოდა მრავალუჯრედიანი ცხოველების განვითარება. ეს მოხდა იმ დროის საკმაოდ მნიშვნელოვან 1/5-ში, როდესაც გამოჩნდნენ ძუძუმწოვრები, რომლებიც თავიანთ ნაშიერებზე ზრუნავდნენ. მაშასადამე, „მშობლისა“ ან/და „შვილის“ კატეგორია დაახლოებით 200 მილიონი წელია არსებობს. ეს იმაზე დიდი დროა, ვიდრე ფრინველები არსებობენ. ეს იმაზე დიდი დროა, ვიდრე ყვავილები იზრდებიან. არ არის მილიარდი წელი, თუმცა მაინც ძალიან დიდი დროა. ეს საკმაოდ ხანგრძლივი დროა მამაკაცისა და ქალისათვის და მშობლისა და შვილისათვის, რათა იყოს იმ გარემოს სასიცოცხლო და ფუნდამენტალური ნაწილების სამსახურში, რომელსაც ჩვენ მოვერგეთ. ეს ნიშნავს, რომ მამაკაცი და ქალი, მშობელი და შვილი არის კატეგორიები, ჩვენთვის ბუნებრივი კატეგორიები, ღრმად გამჯდარი ჩვენს შემეცნებით, ემოციონალურ და მოტივაციურ სტრუქტურებთან.

ჩვენი ტვინები ღრმად სოციალურნი არიან. სხვა ქმნილებები (განსაკუთრებით სხვა ადამიანები) გადამწყვეტად მნიშვნელოვანნი იყვნენ ჩვენი ცხოვრების, შეუღლებისა და განვითარებისათვის. ეს ქმნილებები იყვნენ, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი გავრცელების ბუნებრივი გარემო - ჩვენი გარემოცვა. დარვინის შეხედულებით, ბუნება თავად რეალობაა. გარემო არის ის, რაც გადაარჩევს. გარემოს განმარტება არ შეიძლება სხვა უფრო მეტად ფუნდამენტალური მეთოდით. ის არ არის უბრალოდ ინერტული მატერია. თავად რეალობა არის ის, რასაც ჩვენ ვებრძვით მაშინ, როდესაც გადარჩენასა და გამრავლებას ვცდილობთ. მის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ სხვა ადამიანები, მათი შეხედულებები ჩვენზე და მათი გაერთიანებები. ეს არის და ეს.

ათასწლეულების განმავლობაში, გაიზარდა რა ჩვენი ტვინის მოცულობა, გამოვამჟღავნეთ ცნობისმოყვარეობა კოსმოსის მიმართ, გავხდით უფრო და უფრო გაცნობიერებულნი და დაინტერესებულნი სამყაროს ბუნებით - რისი გააზრებაც, საბოლოო ჯამში, მოვახდინეთ, როგორც ობიექტური სამყაროსი - ოჯახის თავისებურებებსა და ჯგუფებს მიღმა. და „მიღმა“ არ არის მარტოოდენ გამოუკვლეველი მატერიალური ტერიტორია. მიღმა არის იმის მიღმა, რაც ჩვენთვის მოცემულ მომენტში გასაგებია - ხოლო გაგება არის გარიგება, გამკლავება და არა უბრალოდ წარმოდგენილი ობიექტურობა. მაგრამ ჩვენი ტვინები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ კონცენტრირებულნი სხვა ადამიანებზე. შესაბამისად, გამოდის, რომ პირველ რიგში ვაცნობიერებთ უცნობ, ქაოტურ, არაადამიანურ სამყაროს ჩვენი სოციალური ტვინის თანდაყოლილი კატეგორიებით. და ეს შეცდომაც კია: როდესაც პირველად დავიწყეთ უცნობი, ქაოსური, არაცოცხალი სამყაროს გაცნობიერება, გამოვიყენეთ კატეგორიები, რომლებიც თავდაპირველად ადამიანთა წინამორბედი ცხოველური სოციალური სამყაროს წარმოსაჩენად განვითარდა. ჩვენი გონება ბევრად ხნიერია, ვიდრე უბრალოდ კაცობრიობა. ჩვენი კატეგორიები ბევრად უფრო ძველია, ვიდრე ჩვენი სახეობა. ჩვენი ყველაზე ძირითადი კატეგორია - ისეთივე ძველი, გარკვეული გაგებით, როგორიც თავად სექსუალური აქტია - როგორც ჩანს, არის სქესი, მდედრობითი და მამრობითი. ჩვენ, როგორც ჩანს, ავიღეთ ის პირველყოფილი ცოდნა სტრუქტურირებული, შემოქმედებითი ოპოზიციისა და დავიწყეთ ყველაფრის ხედვის ამ არეალიდან ინტერპრეტირება.

წესრიგი, ცნობილი, როგორც ჩანს, სიმბოლურად ასოცირებულია მამაკაცურობასთან (როგორც ნაჩვენებია ზემოთხსენებული იანი, დაოსურ ინ-იან სიმბოლოში). ეს ალბათ იმიტომაა, რომ ძირითადი იერარქიული სტრუქტურა ადამიანთა საზოგადოებისა არის მასკულინური, ისევე, როგორც ცხოველთა უმეტესობას შორის, შიმპანზეების ჩათვლით, რომლებიც გენეტიკურად ყველაზე ახლოს დგანან ჩვენთან და შეიძლება ითქვას, რომ ქცევითაც მსგავსნი არიან. ასე იმიტომაა, რომ კაცები არიან და მთელი ისტორიის განმავლობაში იყვნენ დიდი და პატარა ქალაქების მშენებლები, ინჟინრები, ქვის მთლელები, კალატოზები, ტყის მჩეხავები, მძიმე ტექნიკების მმართველები. წესრიგი არის მამა-ღმერთი, მარადიული განმსჯელი, წიგნთა მცველი, ჯილდოთა მომნიჭებელი და სასჯელთა აღმსრულებელი. წესრიგი არის პოლიციელთა და ჯარისკაცთა სამშვიდობო არმია. ის პოლიტიკური კულტურაა, კორპორაციული გარემო და სისტემაა. ის არის „ისინი“, გამოთქმაში „ჩვენ ვიცით რასაც ისინი ამბობენ“. ის არის საკრედიტო ბარათები, საკლასო ოთახები, რიგი სუპერმარკეტების სალაროსთან, ის არის რიგის აღება, საგზაო განათება და ნაცნობი სამარშრუტო გზა სამსახურში ყოველ დღე მოსიარულე ადამიანისა. წესრიგმა, როდესაც ის ზედმეტად ზეწოლის მომხდენი და დაუბალანსებელია, შეიძლება თავი დესტრუქციულად და საშინლად წარმოაჩინოს. ეს ხდება იძულებითი მიგრაციისას, საკონცენტრაციო ბანაკებსა და სამხედროთა სულისშემძვრელად ერთფეროვანი მარშისას.

ქაოსი - უცნობი - სიმბოლურად ასოცირებულია ქალურთან. ასე ნაწილობრივ იმიტომაა, რომ ყველაფერი, რისი გაგებაც გვიწევს, თავდაპირველად იშვა უცნობისაგან, ისევე, როგორც დედისაგან იშვა ნებისმიერი არსება, რომელსაც კი შეიძლება სადმე გადავაწყდეთ. ქაოსი არის მატერია, საწყისი, პირველწყარო, დედა. მატერია - სუბსტანცია, რომელიც საწყისია ყველაფრისა. სწორედ ეს არის არსი, ან რასაც მნიშვნელობა აქვს - ყველაზე სუბიექტური მნიშვნელობა ფიქრისა და კომუნიკაციისა. პოზიტიური ფორმით, ქაოსი თავად შესაძლებლობაა, იდეათა წყარო, ორსულობისა და დაბადების იდუმალი სფეროა. ნეგატიური ქმედითობით, გამოქვაბულში გამეფებული უკუნი და გზის პირას მომხდარი ავტო-კატასტროფაა. ის დედა დათვია, ნაშიერთა თანამგრძნობი, რომელიც პოტენციურ გამტაცებლად მიგიჩნევთ და ნაწილებად გგლეჯთ.

ქაოსი, მუდმივად ქალური, ასევე გამანადგურებელი ძალაა სექსუალური გადარჩევისა. ქალები წუნია დედები არიან (განსხვავებით მდედრი შიმპანზეებისაგან, მათი უახლოესი კოლეგებისაგან). მამაკაცთა უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს ქალების ადამიანურ სტანდარტებს. სწორედ ამ მიზეზითაა, რომ გაცნობის საიტებზე მამაკაცთა 85%-ს მომხიბვლელობაში საშუალოზე დაბალი რეიტინგი აქვს. სწორედ ამის გამოა, რომ ჩვენ ყველას ორჯერ მეტი მდედრობითი წინაპარი გვყავს, ვიდრე მამრობითი (წარმოიდგინეთ, რომ ყველა ქალს, რომელსაც კი ოდესმე უარსებია, საშუალოდ ერთი შვილი ჰყავდა. შემდეგ კი წარმოიდგინეთ, რომ კაცების ნახევარს, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია, ჰყავდათ ორი შვილი, ხოლო დანარჩენი ნახევარი არასოდეს გამხდარა მამა.) - ქალი, როგორც ბუნება, შეხედავს მამაკაცთა ნახევარს და ამბობს, „არა!“ მამაკაცებისათვის ეს ქაოსთან პირდაპირი შეჯახებაა და ეს ყოველ ჯერზე გამანადგურებელი ძალით ვლინდება პაემანზე უარის მიღებისას. ქალური ქაოტურობაა ასევე იმის მიზეზი, თუ რატომ ვართ ძალიან განსხვავებულები ჩვენი და ჩვენი ბიძაშვილი შიმპანზეების საერთო წინაპრისაგან, მაშინ, როდესაც შიმპანზეები ასე ძალიან ჰგვანან მას. ქალების მიდრეკილებამ არას თქმისადმი, სხვა ნებისმიერ ძალაზე მეტად მოახდინა ზეგავლენა ჩვენს განვითარებაზე - კრეატიულ, შრომისმოყვერე, ფართო-ტვინიან (კონკურენტუნარიან, აგრესიულ, დომინანტურ) ქმნილებებად ჩამოყალიბებაზე, როგორნიც ახლა ვართ. სწორედ ბუნება, როგორ ქალი, ამბობს: „აბა, ბაქიავ, შენ კარგი ხარ სამეგობროდ, მაგრამ ჩემმა შენდამი გამოცდილებამ ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინა შენი გენეტიკური მონაცემების გამოსადეგობა შთამომავლობის გასაგრძელებლად.“

ყველაზე ღრმააზროვანი რელიგიური სიმბოლოები, თავიანთი სიძლიერით, ეყრდნობა არსებითად ბიპარტიული კონცეპტუალური დაყოფის საფუძველს. მაგალითად, დავითის ვარსკვლავი შედგება ქალურობის აღმნიშვნელი ქვემოთმიმართული სამკუთხედისა და ზემოთმიმართული მამაკაცურობის გამომხატველი სამკუთხედისაგან. იგივეა ინდუიზმის იონისა და ლინგამის შემთხვევაში (რომელიც დაფარულია გველებით, ჩვენი უძველესი მეტოქისა და პროვოკატორის: შივა ლინგა გამოსახულია ღვთაება გველით, სახელად ნეგასი). ძველი ეგვიპტელები, ოსირისს, ქვეყნიერების ღმერთს და ისიდას, საიქიოს ღვთაებას გამოხატავდნენ ორი ტყუპი კობრათი, რომელთა კუდებიც ერთმანეთზეა გადაკვანძული. იგივე სიმბოლო იყო გამოყენებული ჩინეთში, ფუქსისა და ნუვას ადამიანის მოდგმისა და დამწერლობის შემქმნელების გამოსახატად. ქრისტიანობის გამოხატულება ნაკლებად აბსტრაქტულია, უფრო მეტად პიროვნული, მაგრამ ცნობილი დასავლური გამოსახულებები ქალწული მარიამისა ჩვილი იესოთი და პიეტა, ორივე მათგანი გამოხატავს ქალურ/მამაკაცურ დუალურ ერთობას, როგორც ტრადიციული მტკიცებულება ქრისტეს ჰერმაფროდიტიზმზე.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოოდ, თავად ტვინის სტრუქტურა უხეშ მორფოლოგიურ დონეზე, ხასიათდება ამ დუალობის არეკვლით. ეს, ჩემთვის, მიანიშნებს ძირითად, ამ სიმბოლოს ქალურ/მამაკაცური დაყოფის მეტაფორულობის-მიღმა რეალობაზე, ვინაიდან ტვინი, განმარტების მიხედვით, შეგუებულია თავად რეალობას (ეს არის რეალობა კონცეპტუალიზებული დაახლოებით დარვინისეული მეთოდით). ელქონონ გოლდბერგმა, დიდი რუსი ნეიროფსიქოლოგის, ალექსანდრ ლურიას სტუდენტმა, საკმაოდ ნათლად და პირდაპირ შემოიტანა იდეა, რომ სწორედ თავის ტვინის ქერქის ჰემისფერული სტუქტურა აირეკლავს ძირითად დაყოფას სიახლესა (უცნობი, ან ქაოსი) და რუტინას (ნაცნობი, ან წესრიგი) შორის. ის არ მიუთითებს სიმბოლოებზე, რომლებიც სამყაროს სტრუქტურას წარმოაჩენენ, ამ თეორიის ხსენებისას, მაგრამ ეს უკეთესიც კია: იდეა მაშინ უფრო სარწმუნოა, როცა ის სხვადასხვა სფეროს გამოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნა აღმოჩნდება.

ჩვენ უკვე ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ არ ვიცით, რომ ეს ცოდნა გვაქვს. თუმცა, დაუყოვნებლივ ვწვდებით მის არსს, როცა ის ამგვარადაა ფორმულირებული. ყველასათვის გასაგებია წესრიგი და ქაოსი, ამქვეყნიური და იმქვეყნიური, როცა ისინი ამ ტერმინების გამოყენებითაა ახსნილი. ყველას გვაქვს ხელით შეხებადი შეგრძნება ქაოსისა, რომელიც ყოველივე ნაცნობის ქვეშ იმალება. სწორედ ამ მიზეზით გვესმის პინოქიოსი, მზეთუნახავისა და ურჩხულის, მეფე ლომისა და პატარა ქალთევზას უცნაური, სიურეალური ისტორიები, ნაცნობისა და უცნობის, სააქაოსა და საიქიოს მუდმივი აღწერით. ყველანი ვყოფილვართ ორივე ადგილას ძალიან ბევრჯერ: ზოგჯერ შემთხვევით, ზოგჯერ კი საკუთარი ნებით.

ბევრი რამე დგება მწყობრში, როცა სამყაროს ამგვარად გაგებას გაცნობიერებულად იწყებთ. თითქოს, თქვენი სხეულისა და სულის ცოდნა თქვენი ინტელექტუალური ცოდნის მწკრივში ეწყობა. და უფრო მეტიც: ასეთი ცოდნა არის ამკრძალავი, ისევე, როგორც აღწერითი. ეს არის ცოდნა „რაობის“ შესახებ, რომელიც გეხმარებათ გაიგოთ „როგორ“. ეს არის იმგვარი „არის“, რომლისგანაც შეგიძლიათ მოიპოვოთ შესაძლებლობა. მაგალითად, დაოსისტური ურთიერთგანთავსება ინისა და იანისა, უბრალოდ არ გამოხატავს ქაოსსა და წესრიგს, როგორც ყოფიერების ფუნდამენტალურ ელემენტებს - ის ასევე მოგვითხობს იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედოთ. გზა - დაოსისტური ბილიკი ცხოვრებისა, წარმოდგენილია (ან არსებობს) ორი ტყუპი გველის საზღვარზე. ეს გზა არის ბილიკი მართებული ყოფიერებისა. ეს იგივე გზაა, რომელიც მოხსენებულია ქრისტეს მიერ იოანეს სახარებაში 14:6: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.“ იგივე იდეაა გადმოცემული მათეს სახარებაში 7:14: „ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს და მცირედნი ჰპოვებენ მას.“

ჩვენ მუდმივად ვცხოვრობთ წესრიგში, რომელიც ქაოსითაა გარშემორტყმული. ჩვენ მუდმივად ვიკავებთ ნაცნობ ტერიტორიას, რომელიც უცნობითაა გარემოცული. ჩვენ გამოვცდით მრავლისმომცველ საქმიანობებს, როდესაც ამ ორს შორის სათანადოდ ვშუამდგომლობთ. ჩვენ შეგუებულნი ვართ, ყველაზე ღრმა დარვინისეული აზრით, არა სამყაროს ობიექტებს, არამედ ქაოსისა და წესრიგის მეტა-რეალობებს, ინსა და იანს. ქაოსი და წესრიგი ქმნიან ცხოვრების მუდმივ, ტრანსცენდენტულ გარემოს.

ამ ორი ფუნდამენტალური დუალობის ორივე მხარეს ყოფნა გულისხმობს დაბალანსებულობას: ერთი ფეხით მყარად დგომას წესრიგსა და დაცულობაში, ხოლო მეორეთი - ქაოსში, შესაძლებლობაში, ზრდასა და თავგადასავალში. როდესაც ცხოვრება უცაბედად გამოავლენს თავს, როგორც ძლიერი, მებატონე და მრავალმნიშვნელოვანი, როდესაც დრო გადის და იმდენად ხართ ჩაფლული საქმეში, ვერ ამჩნევთ, რომ ის აქ არის და რომ ზუსტად ქაოსისა და წესრიგის ზღვარზე იმყოფებით. სუბიექტური მნიშვნელობა, რომელსაც მოულოდნელად ვაწყდებით არის ჩვენი ყველაზე ღრმა არსებობის რეაქცია, ჩვენი ნევროლოგიური და ევოლუციურად დაქუცმაცებული ინსტინქტური მე, მაჩვენებელი იმისა, რომ გარანტირებული გვაქვს სტაბილურობა, ისევე როგორც საცხოვრებელი სივრცე, პროდუქტიული ტერიტორია სივრცისა, რომელიც არის პირადი, სოციალური და ბუნებრივი. ნებისმიერი გაგებით ეს ყოფნისათვის სათანადო ადგილია. თქვენ აქ ხართ, მნიშვნელოვანია - როდის და სად.

სწორედ ამას გეუბნებათ მუსიკა, როდესაც უსმენთ და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტს, როცა ცეკვავთ - როდესაც მისი წინასწარჭვრეტისა და არაპროგნოზირებადობის ჰარმონიულად განლაგებული მოდელები ცვლიან თავიანთ მნიშვნელობას თქვენი არსებობის ყველაზე უძირო სიღრმეებში.

ქაოსი და წესრიგი ფუნდამენტალური ელემენტებია, რადგან ყოველი ცოხცალი სიტუაცია (ნებისმიერი შესაძლო ცხოვრებისეული სიტუაცია) ორივე მათგანისგანაა შექმნილი. მნიშვნელობა არ აქვს სად ვიმყოფებით, ყოველთვის არსებობს რაღაცები, რისი იდენტიფიცირებაც შეგვიძლია, შეგვიძლია სასიკეთოდ გამოვიყენოთ და წინასწარ განვჭვრიტოთ და ასევე არსებობენ ისეთი რაღაცები, რაც არც ვიცით და ვერც ვიგებთ. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვართ, კალაჰარის უდაბნოს მკვიდრი თუ უოლ-სტრიტის ბანკირი, რაღაც მოვლენები ექვემდებარება ჩვენს კონტროლს და რაღაცები - არა. სწორედ ამიტომ შეუძლია ორივე მათგანს ერთმანეთის მსგავსი ისტორიების გაგება და ერთსადაიმავე სამარადისო ჭეშმარიტების ფარგლებში ცხოვრება. საბოლოო ჯამში, ქაოსისა და წესრიგის ფუნდამენტალური რეალობა სიმართლეა ყველა ცოცხალისათვის და არა მხოლოდ ჩვენთვის. ცოცხალი არსებების პოვნა ყოველთვის შეიძლება ისეთ ადგილებში, რომელსაც კარგად არიან დაუფლებულნი და ისეთი მოვლენებითა და სიტუაციებით არიან გარემოცულნი, რომლებიც მათ მოწყვლადს ხდის.

წესრიგი არასაკმარისია. არ შეიძლება იყოთ უბრალოდ სტაბილურად, დაცულად და უცვლელად, რადგან ჯერ კიდევ არსებობს სხვა სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი ახალი საგნები, რომლებიც ასათვისებელია. და მაინც, ქაოსი შეიძლება მეტისმეტი იყოს. დიდხანს ვერ გაუძლებთ ჩაძირულად და დამარცხებულად ყოფნას თუ არ ისწავლით იმას, რისი ცოდნაც აუცილებლად გჭირდებათ. ასე რომ, ერთი ფეხით იმას უნდა დაეყრდნოთ, რაც კარგად გამოგდით და გესმით, ხოლო მეორეთი იმას, რასაც ამჟამაც იკვლევთ და რაზეც დაუფლებასაც ცდილობთ. ამგვარად ისეთ პოზიციას დაიკავებთ, სადაც არსებობის შიში კონტროლის ქვეშაა და თქვენ დაცულად იმყოფებით, თუმცა ამავდროულად ფხიზლად და ყურადღებით ხართ. სწორედ აქ უნდა დაეუფლოთ რაღაც ახალს და რაღაც მხრივ განვითარდეთ. სწორედ აქ შეიძლება აზრის პოვნა.

heaven copy

ედემის ბაღი

გაიხსენეთ, როგორც აქამდე განვიხილეთ, „დაბადების“ თავები შედგენილია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით. შედარებით ბოლოდროინდელი „სამღვდელმსახურო“ ამბების (დაბადება 1) შემდეგ, ქაოსიდან წესრიგის შექმნაზე მონათხრობის შემდეგ, მოდის მეორე, უფრო ძველი, „იაჰვისტური“ ნაწილი, რომელიც ძირითადად დაბადება 2-ით იწყება. იაჰვისტური ნაწილი, რომელიც ღმერთის წარმოსადგენად იყენებს YHWH-ს ან იაჰვეს, შეიცავს ადამისა და ევას ამბავს, უფრო სრულად განმარტებულ ექვს დღიან მოვლენებთან ერთად, რომელიც დამოწმებულია „სამღვდელმსახურო“ ნაწილში. ისტორიებს შორის არსებული თანმიმდევრობა, როგორ ჩანს, შედეგია პიროვნების ან პიროვნებების ფრთხილი შესწორებისა, რომლებიც ბიბლიური მკვლევარებისათვის სათითაოდ არიან ცნობილნი, როგორც „რედაქტორები“, რომლებმაც გააერთიანეს ისტორიები. შესაძლოა, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ამა თუ იმ მიზეზით ორი სხვადასხვა ტრადიციის ხალხი გაერთიანდა, და შეერთების შედეგად, მათი ისტორიების ალოგიკურობაც იზრდებოდა, მოუხეშავი ხდებოდა და დროთა განმავლობაში აწუხებდა ვიღაც მცოდნესა და გაბედულს და გავლენას ახდენდა თანმიმდევრობაზე.

სამყაროს შექმნის იაჰვისტური ისტორიის თანახმად, ღმერთმა პირველად შექმნა შემოსაზღვრული სივრცე, ცნობილი, როგორც ედემი (რაც არამეულად, იესოს სავარაუდო ენაზე, ნიშნავს უხვწყლიან ადგილს) ან სამოთხე (pairidaeza - ძველ ირანულად ან ავესტურად, რაც ნიშნავს გარსშემოვლებულს ან დაცულ ადგილს / ბაღს). ღმერთმა დაასახლა იქ ადამი ყველანაირი ხეხილით მსხმოიარე ხეებს შორის, რომელთაგან ორი დანიშნული იყო. ერთი მათგანი იყო სიცოცხლის ხე, ხოლო მეორე - ხე კეთილისა და ბოროტის შემეცნებისა. შემდეგ ღმერთმა უთხრა ადამს, რომ ნებისმიერი მათგანი შეეძლო მიერთმია, რამდენიც უნდოდა, მაგრამ დაამატა, რომ ბოროტისა და კეთილის შეცნობის ხის ნაყოფი აკრძალული იყო. ამის შემდეგ ღმერთმა შექმნა ევა, როგორც პარტნიორი ადამისა.

თავიდან, მათი სამოთხეში დასახლებისას, ჩანს, რომ ადამი და ევა არ იყვნენ მთლად ცნობიერნი და უდავოა, რომ არც მორცხვები იყვნენ. როგორც მონათხრობი ამტკიცებს, პირველი მშობლები შიშლები იყვნენ, თუმცა არ რცხვენოდათ. ამგვარი გამოხატვა პირველ რიგში მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანებისათვის სრულიად ბუნებრივი და ნორმალურია სიშიშვლის გამო სირცხვილის განცდა (სხვა შემთხვევაში, არაფერი იქნებოდა ნათქვამი მის არ არსებობაზე) და კიდევ იმაზე, რომ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჩვენს პირველ წინაპრებს რაღაც რიგზე ვერ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ გამონაკლისებიც არსებობენ, საზოგადოების წინაშე მოულოდნელად გაშიშვლების მხოლოდ იმ ადამიანებს არ შერცხვებათ, (უცნაურ ექსჰიბიციონისტებს თუ არ ჩავთვლით) ვინც სამ წელზე ნაკლები ასაკისაა. სინამდვილეში, ძალიან გავრცელებულ ღამის კოშმარს წარმოადგენს, როდესაც ადამიანს ესიზმრება, რომ უეცრად შიშველი ჩნდება სცენაზე ხალხით გადავსებულ დარბაზში.

„დაბადების“ მესამე აბზაცში ჩნდება გველი - თავიდან აშკარად როგორც ფეხების მქონე არსება. მხოლოდ უფალმა იცის თუ რატომ დაუშვა თუ დაასახლა ამგვარი ქმნილება ბაღში. დიდხანს ვიმტვრევდი თავს ამის გასაგებად. ეს, ნაწილობრივ, უნდა იყოს გამოხტულება წესრიგი/ქაოსის დიქოტომიისა, რაც ყოველგვარი გამოცდილებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც სამოთხე წარმოდგენილია საცხოვრებლად გამოსადეგ წესრიგად, ხოლო გველი ქაოსის როლშია. მაშასადამე, გველი ედემში ნიშნავს ზუსტად იგივეს, რასაც შავი წერტილი წარმოადგენს ერთიანობის გამომხატველი დაოსისტურ ინ/იან სიმბოლოს „ინ“ ნაწილში - ეს არის შესაძლებლობა უცნობისა და რევოლუციურისა, უცაბედად მოახდინოს საკუთარი თავის მანიფესტირება იქ, სადაც ყველაფერი მშვიდადაა.
უბრალოდ, როგორც ჩანს, თავად ღმერთისთვისაც კი არ არის შესაძლებელი, გარე სამყაროსაგან სრულიად დაცული შემოსაზღვრული სივრცის შექმნა - მითუმეტეს, გარდაუვალი შეზღუდვებითა და ტრანსცენდენტით გარემოცულ რეალურ სამყაროში. გარესამყარო, ქაოსი ყოველთვის მალულად მიიპარება შიგნით, რადგან არაფერი შეიძლება იყოს სრულიად იზოლირებული დანარჩენი რეალობისაგან. ასე რომ, უკიდურესად დაცულ სივრცეებშიც კი უცილობლად მიეცემა გველს თავშესაფარი. ჩვენი პირველყოფილი აფრიკელი წინაპრების სამოთხეში ყოველთვის არსებობდნენ ნამდვილი, ჩვეული, ქვეწარმავალი გველები ბალახსა და ხეებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი განიდევნა, (რაღაც გაურკვეველი გზით, წმ. გიორგის მიერ) გველები მაინც დარჩნენ ჩვენი წინაპრების მეტოქეებად (სულ მცირე მაშინ მაინც, როცა ისინი მტრულად იქცეოდნენ, ჩვენი შეზღუდული, ჯგუფებად შეკრული, ნათესაური შეჯგუფებების თვალთახედვიდან). ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენს წინაპრებს, ტომებსა და სხვა დაჯგუფებებს შორის არ იყო კონფლიქტთა და საბრძოლო მოქმედებათა ნაკლებობა.

და იმ შემთხვევაშიც კი, თუ გავანადგურებდით ყველა გველს, რომელიც გარს გვეხვია, მაინც ვერ ვიქნებოდით უსაფრთხოდ. და არც ახლა ვართ. ჩვენ ვნახეთ მტერი ყველაფრის შემდეგ და ის თავად ვართ. გველი სამუდამოდ ბინადრობს თითოეული ჩვენგანის სულში. ზუსტად ამ მიზეზით, რამდენადაც მე შემიძლია განვსაჯო, უცნაური ქრისტიანული დაჟინებულობით, რაც ყველაზე მკაფიოდ ჯონ მილტონმა გამოხატა, ეს გველი ედემის ბაღში, იყო სატანა, თავად ბოროტი სული. სიმბოლური იდენტიფიკაციის მნიშვნელოვანება - ეს გასაოცარი ბრწყინვალება - ძნელად შეიძლება გაზვიადდეს. წარმოსახვის ამ ათასობით წლის ვარჯიშმა, განავითარა თავად აბსტრაქტული მორალის კონცეფციები ყველაფერ იმასთან ერთად, რაც მან თან მოიტანა. გაუგებარი სამუშაო ინვესტირებული იყო კეთილისა და ბოროტის იდეაში და მის გარემომცველ, სიზმრისმაგვარ მეტაფორაში. ყველაზე საშინელი გველი, ეს არის ადამიანის მიდრეკილება ბოროტებისადმი. ყველაზე ცუდი გველი არის ფსიქოლოგიური, სულიერი, პიროვნული, შინაგანი. ვერავითარი კედელი, თუნდაც მაღალი, ვერ დააკავებს მას. გალავანიც რომ საკმარისად სქელი იყოს, პრინციპში, რაც კი ცუდი არსებობს ყველაფერი რომ გარეთ მოიტოვოს, ის მაინც მაშინვე მის შიგნით გაჩნდება. როგორც უდიდესი რუსი მწერალი ალექსანდრ სოლჟენიცინი ამტკიცებდა, კეთილისა და ბოროტის გამყოფი ხაზი გადაჰკვეთს ყველა ადამიანის გულს.

უბრალოდ, არ არსებობს გზა, დიდი გარემომცველი რეალობის რომელიღაც ნაწილის იზოლირებისა და მის ფარგლებში ყველაფრის წინასწარგანსაზღვრულად და დაცულად მოწყობისა. ზოგიერთი მათგანი, მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორი სიფრთხილით იქნა დახშული, მაინც ყოველთვის გაიხსნება. გველი, მეტაფორულად რომ ვთქვათ, უცილობლად გამოჩნდება. ყველაზე მზრუნველ მშობლებსაც კი არ შეუძლიათ სრულიად დაიცვან შვილი, მაშინაც კი, თუ მათ სარდაფში ჩაკეტავენ, ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და ინტერნეტ-პორნოებისაგან დაცულ ადგილას. ასეთ უკიდურეს შემთხვევაში, ზედმეტად ფრთხილი, ზედმეტად მზრუნველი მშობელი, უბრალოდ, სხვა საშინელ ცხოვრებისეულ პრობლემას გაუთავისუფლებს ადგილს საკუთარ ან შვილის ცხოვრებაში. ეს არის დიდებული ფროიდისეული ოიდიპოსის ღამის კოშმარი. ბევრად უკეთესია, თქვენს მზრუნველობაში მყოფებს კომპეტენტური დახმარება გაუწიოთ, ნაცვლად მათი დაცვისა.

მაშინაც კი, შესაძლებელი რომ იყოს განაგდოთ ყველაფერი საფრთხის შემცველი და საშიში (და მაშასადამე, ყველაფერი საპასუხისმგებლო და საინტერესო) ეს მხოლოდ სხვა საშიშროების გამოჩენას გამოიწვევდა: ადამიანის პერმანენტულ ინფანტილიზმსა და აბსოლუტურ გამოუსადეგრობას. როგორ შეიძლება გამოწვევისა და საფრთხის გარეშე ადამიანის ბუნებამ თავის სრულ პოტენციალს მიაღწიოს? როგორი მოსაწყენნი და უღირსნი გავხდებოდით ყურადღებით ყოფნის მიზეზი რომ აღარ გვქონდეს? იქნებ ღმერთმა იფიქრა, რომ მის ახალ ქმნილებას შეეძლო გველთან გამკლავება და მისი იქ ყოფნა საუკეთესო იყო იმ გადაწყვეტილებებს შორის, რომლის მიღებაც მას შეეძლო.

კითხვა მშობლებს: როგორი გინდათ გახადოთ თქვენი შვილები, დაცული თუ ძლიერი?

ნებისმიერ შემთხვევაში, ბაღში გველია და ის, უძველესი გადმოცემის თანახმად, „გამჭრიახი“ ცხოველია (რთულად შესამჩნევი, მამაცი, ცბიერი, მატყუარა და მოღალატე). გამომდინარე აქედან, მოულოდნელობას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მან ევას ცდუნება გადაწყვიტა. რატომ ევა და არა ადამი? შეიძლება ეს უბრალოდ შემთხვევითობა ყოფილიყო. სტატისტიკურად რომ მივუდგეთ, ევას არჩევის შესაძლებლობა 50/50 იყო და ეს საკმაოდ მაღალი შანსია. მაგრამ მე ვისწავლე, რომ ეს ძველი ისტორიები არავითარ ზედმეტს არ შეიცავენ. ნებისმიერი შემთხვევითობა, რომელიც გეგმას არ შეესაბამებოდა, დიდი ხანია რაც თქმულებებიდან დაიკარგა. როგორც რუსმა დრამატურგმა, ანტონ ჩეხოვმა გვირჩია, „თუკი პირველ მოქმედებაში კედელზე თოფი ჰკიდია, მომდევნო აქტში უნდა გაისროლოს. სხვა შემთხვევაში, მას იქ არაფერი ესაქმება.“ ალბათ, პირველყოფილ ევას ადამზე მეტი მიზეზი ჰქონდა, რომ გველებისათვის მოესმინა. იქნებ ისინი მის ხეზე მცხოვრებ ჩვილებზე ნადირობდნენ. იქნებ სწორედ ამ მიზეზით არიან ევას ამჟამინდელი შთამომავლები უფრო მზრუნველები, მორცხვები, შიშით აღსავსენი და ნერვიულები (გენდერული თანასწორობის მომხრე გაერთიანებებშიც კი, და შეიძლება იქ უფრო მეტადაც). ნებისმიერ შემთხვევაში, გველი ეუბნება ევას, რომ თუ ის ამ აკრძალულ ხილს შეჭამს, აღარ მოკვდება. პირიქით, თვალები აეხილება. ის გახდება ღმერთის მსავსი, შემცნობი კეთილისა და ბოროტის. რა თქმა უნდა, გველი არ ეუბნება მას, რომ ევა ღმერთის მსგავსი მხოლოდ ამ ერთი შესაძლებლობით გახდება. ის ხომ გველია! ევა გადაწყვეტს ხილის ჭამას, რამეთუ ის ადამიანია და მეტის გაგება უნდა. ჰოპ! ის იღვიძებს: და ის პირველადაა ცნობიერი ან შესაძლოა მორცხვი.

საეჭვოა, რომ ხედვაგახსნილი, ცნობიერი ქალი გაუღვიძებელ მამაკაცს აიტანდა. ასე რომ, ევა დაუყოვნებლივ უზიარებს ხილს ადამს. ეს მას სირცხვილს უღვიძებს. რაღაც შეიცვალა. ქალები მამაკაცებს ადრეული დროიდან აგდებენ უხერხულში. ისინი ამას უარის თქმით აღწევენ, თუმცა ასევე მამაკაცების შერცხვენით, თუ მამაკაცი პასუხისმგებლობას არ იღებს. ვინაიდან ქალი რეპროდუქციის უმთავრეს ტვირთს ატარებს, ეს გასაკვირიც არ არის. ძალიან რთულია დანახვა, თუ როგორ იქნებოდა სხვაგვარად, მაგრამ ქალის შესაძლებლობა შეარცხვინოს კაცი და მიიყვანოს ის უხერხულობამდე, ჯერ კიდევ უმთავრესი ძალაა ბუნებისა.

თქვენ შეიძლება იკითხოთ: რა საერთო აქვთ სამყაროში გველებს მხედველობასთან? პირველ რიგში, აშკარად მნიშვნელოვანია მათი დანახვა, რადგან ისინი შესაძლოა თქვენზე ნადირობდნენ (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ხარ და ხეზე ცხოვრობ, მსგავსად ჩვენი წინაპრებისა). დოქტორი ლინ ისბელი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ანთროპოლოოგიისა და ცხოველთა ქცევის პროფესორი, ვარაუდობს, რომ საოცრად მახვილი მხედველობა, რომელსაც ადამიანი თითქმის უნიკალურად ფლობს, იყო ადაპტაციის ზემოქმედება, რაც საჭირო იყო ათობით მილიონი წლის წინ, იმ გველებისაგან მოსალოდნელი საშინელი საფრთხის აღმოსაჩენად და თავიდან ასაცილებლად, რომლებთან ერთადაც ჩვენი წინაპრები განვითარდნენ. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ესაა, თუ რატომაა გამოხატული სამოთხეში გველი იმ ქმნილებად, ღვთიურ ხედვას რომ გვაძლევს (გარდა იმისა, რომ კაცობრიობის უპირველესი და მარადიული მტერია). ალბათ ესაა ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი, თუ რატომ უჭირავს მარიამს, არქეტიპულ დედას, ევას სრულყოფილ სახეს, ჩვილი იესო ჰაერში, რაც შესაძლებელია შორს მტაცებელი რეპტილიისაგან, რომელიც მაგრად ჰყავს დაკავებული საკუთარ ფეხქვეშ, მედიევურ და რენესანსულ იკონოგრაფიაზე. და კიდევ უფრო მეტიც, ეს არის ხილი, რომელსაც გველი სთავაზობს, ხილი ასევე ასოცირებულია ხედვის ტრანსფორმაციასთან, ჩვენი შესაძლებლობა, ვხედავდეთ ფერებს, არის ადაპტაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს სწრაფად შევამჩნიოთ მწიფე ნაყოფი და მაშასადამე ხეების საკვებად ვარგისი საჩუქარი.

ჩვენმა პირველყოფილმა წინაპრებმა მოუსმინეს გველს, შეჭამეს ხილი, თვალები აეხილათ და ორივემ გაიღვიძა. ისევე როგორც ევას, თავიდან შეიძლება ეს საქციელი თქვენც კარგი გგონებოდათ. თუმცა, ზოგჯერ, ნახევარი საჩუქარი, სულ არაფერზე უარესია. კარგი, ადამი და ევა იღვიძებენ, მაგრამ მხოლოდ იმ დოზით, რომ რაღაც საშინელებები აღმოაჩინონ. პირველად ისინი ამჩნევენ, რომ შიშვლები არიან.

შიშველი მაიმუნი

ჩემმა შვილმა 3 წლის ასაკამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე აღმოაჩინა თავისი სიშიშვლე. უნდოდა, რომ ჩაეცვა, სააბაზანოს კარს მაგრად კეტავდა. საზოგადოებაში ტანსაცმის გარეშე არ ჩნდებოდა. ვერაფრით ვხვდებოდი, თუ რა საერთო ჰქონდა ამას მის აღზრდასთან. ეს მისი საკუთარი აღმოჩენა იყო, საკუთარი გაცნობიერება და რეაგირების საკუთარი არჩევანი. მე ეს ჩვეულ მოვლენად მიმაჩნდა.

რას ნიშნავს, შეიცნო თავი შიშვლად, ან უარესი, საკუთარი თავი და პარტნიორი ერთად? - ყველაფერს საშინელებას - მაგალითად, რენესანსული ეპოქის მხატვარ, ჰანს ბალდუნგ გრინის საკმაოდ შემაძრწუნებელი სტილი, რომლის შთაგონებითაც შეიქმნა ილუსტრაცია, რომლითაც ეს თავი იწყება. სიშიშვლე არის სილამაზისა და სიჯანსაღის განსჯის საგანი. სიშიშვლე ნიშნავს დაუცველობასა და შეუიარაღებლობას ადამიანისა და ველური ბუნების წინაშე. სწორედ ამიტომ შერცხვათ ადამსა და ევას თვალების გახელისთანავე. მათ დანახვა შეეძლოთ და პირველად თავიანთი თავი დაინახეს. მათი ნაკლოვანებები გამოაშკარავდა. მათი დაუცველობა ცხადი გახდა. სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით, რომელთა ნაზ მუცელს ზურგი აბჯარივით იცავდა, ისინი ვერტიკალური ქმნილებები იყვნენ, სხეულის ყველაზე დაუცველი ნაწილები ღიად გამოეფინათ სამყაროსთვის. და უარესი ელოდათ. ადამმა და ევამ ფოთლებით შეიმოსეს თავი (სტანდარტული, საერთაშორისო ვერსიით; ხოლო მეფე ჯეიმსის მიხედვით - წინსაფრებით) მაშინვე, რათა დაეფარათ თავიანთი სუსტი სხეული და დაეცვათ თავიანთი ეგო. შემდეგ კი გაიქცნენ და დაიმალნენ, მიხვდნენ რა საკუთარი უმწეობის შეგრძნებით, რომ არ ღირდა ღმერთის წინააღმდეგ წასვლა.

თუ ამ შეგრძნებებთან იდენტიფიცირებას ვერ ახდენთ, ესეიგი, უბრალოდ არ ფიქრობთ. მშვენიერებას რცხვენია სიმახინჯის. ძლიერებას რხვენია სისუსტის. სიკვდილს რცხვენია სიცოცხლის და სრულყოფილს რცხვენია ჩვენი ყველასი. ამიტომაც გვეშინია, ვღიზიანდებით, გვძულს კიდეც (და, რა თქმა უნდა, ეს თემა წარმოჩინდა დაბადების მომდევნო თავში კაენისა და აბელის ამბავში). რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ? უარვყოთ ყოველგვარი იდეალი სილამაზის, ჯანმრთელობის, ბრწყინვალებისა და ძლიერების? ეს არ არის კარგი გამოსავალი. ეს მხოლოდ იმას დაამტკიცებს, რომ ყოველთვის ვიგრძნობთ სირცხვილს და შესაძლოა უფრო მეტადაც დავიმსახუროთ ის. არ მინდა, რომ ქალები, რომლებიც თავბრუს გახვევენ მათი უბრალოდ არსებობით, ისე გაქრნენ, რომ სხვებმა სირცხვილიც არ იგრძნონ. არ მინდა, რომ ისეთი ინტელექტუალები, როგორიც ჯონ ნოიმანია გაქრნენ, ჩემი ძლივს გადალახული მათემატიკის 12 კლასის გამო. 19 წლის ასაკისათვის, მან ხელახლა მოახდინა ციფრების დეფინირება. ციფრები! მადლობა ღმერთს ნოიმანისათვის! მადლობა უფალს გრეისი კელისათვის, ანიტა ეკბერგისა და მონიკა ბელუჩისათვის! ამაყი ვარ, რომ ასეთი ადამიანების არსებობის ფონზე თავს უღირსად ვგრძნობ. ეს ის საფასურია, რომელსაც ყველა ჩვენგანი იხდის მიზნის, წარმატების მიღწევისა და ძალაუფლებისათვის. თუმცა, ისიც არ არის გასაკვირი, რომ ადამმა და ევამ სხეული შეიმოსეს.

ჩემი აზრით, ამბის მომდევნო ნაწილი აშკარად კომიკურია, თუმცა ამავდროულად იგი ტრაგიკული და საზარელიცაა. იმ საღამოს, როდესაც ედემი სიმშვიდეს უბრუნდება, ღმერთი საღამოს გასეირნებას აწყობას, მაგრამ ადამი არ ჩანს. ეს საგონებელში აგდებს ღმერთს, რადგან ის ადამთან ერთად სიარულსაა მიჩვეული. „ადამ,“ ეძახის ღმერთი, როგორც ჩანს ავიწყდება, რომ ბუჩქებს მიღმაც შეუძლია დანახვა, „სად ხარ?“ ადამი მაშინვე გასცემს საკუთარ თავს, მაგრამ ცუდად, თავიდან როგორც ნევროზიანი, შემდეგ კი, როგორც მოღალატე. სამყაროს შემქმნელი ეძახის და ადამი პასუხობს: „გავიგონე უფალო, მაგრამ შიშველი ვიყავი და დავიმალე.“ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს შეშფოთებულს თავიანთი დაუცველობით, მარადიულად ეშინიათ სიმართლის თქმის, ქაოსსა და წესრიგს შორის ყოფნისა და საკუთარი ბედისწერის გამოხატვა. სხვა სიტყვებით, მათ ეშინიათ ღმერთთან ერთად სიარულის. ეს, ალბათ, არ არის განსაკუთრებულად მომხიბვლელი, თუმცა უდავოდ გასაგებია. ღმერთი განმსჯელი მამაა. მისი სტანდარტები მაღალია. რთულია ასიამოვნო მას.

ღმერთი ამბობს, „ვინ გითხრა, რომ შიშველი იყავი? რამე ისეთი შეჭამე, რაც არ უნდა გეჭამა?“ და ადამი საცოდავად უთითებს ევაზე, თავის სიყვარულზე, თავის პარტნიორზე, თავის სულის ნათესავზე და აბეზღებს მას. და შემდეგ ადანაშაულებს ღმერთს. ის ამბობს, „ქალმა, რომელიც შენ მომეცი, მან მომცა ის (და შევჭამე).“ როგორი პათეტიკურია - და როგორი ზუსტი. პირველმა ქალმა გახადა პირველი მამაკაცი შეცბუნებული და აღშფოთებული. შემდეგ პირველმა მამაკაცმა დაადანაშაულო ქალი. და შემდეგ პირველმა მამაკაცმა დაადანაშაულა ღმერთი. დღესდღეობით სწორედ ასე გრძნობს თავს ყველა უარყოფილი მამაკაცი. პირველ რიგში ის პატარად გრძნობს თავს თავისი სიყვარულის პოტენციური ობიექტის წინაშე, მას შემდეგ, რაც ქალი ჩირქს მოსცხებს მის პროდუქტიულ გამოსადეგობას. შემდეგ წყევლის ღმერთს, რომ ქალი ასეთი ცინიკური, თავად კი ასეთი გამოუსადეგი (თუ ცოტათი გონიერი მაინცაა) და ყოფიერება ასეთი ნაკლოვანი შექმნა. ამის შემდეგ ის სამაგიეროს გადახდაზე იწყებს ფიქრს. როგორი სიმდაბლეა (ამავდროულად აბსოლუტურად გასაგები). სულ მცირე, ქალს გველის დადანაშაულება მაინც შეეძლო, თან, მიუხედავად იმისა, რომ რთული დასაჯერებელია, მოგვიანებით ირკვევა რომ გველი თავად სატანაა. ასე რომ, შეგვიძლია გავუგოთ და თანავუგრძნოთ ევას შეცდომას. ის შეცდომაში საუკეთესომ შეიყვანა. მაგრამ ადამი?! არავის გამოუგლეჯია სიტყვები მისი პირიდან.

საუბედუროდ, უარესი, კაცის თუ მხეცის შესახებ, ჯერ კიდევ წინაა. პირველად ღმერთი წყევლის გველს, და ეუბნება, რომ ამიერიდან ყველგან ფეხების გარეშე იხოხებს, მუდმივად იმ შიშით, რომ გაბრაზებული ადამიანი გასრესს. შემდეგ ის ეუბნება ქალს, რომ მწუხარებით შობს შვილს და დაიმსახურებს უღირს, ზოგჯერ აღშფოთებულ მამაკაცს, რომელიც მის ბიოლოგიურ ბედს მუდმივად განსაზღვრავს. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ეს უბრალოდ უნდა ნიშნავდეს, რომ ღმერთი პატრიარქალური ტირანია, როგორც ამას დაჟინებით ამტკიცებენ უძველესი ისტორიის პოლიტიკურად მოტივირებული ინტერპრეტაციები. ვფიქრობ, ეს მარტივად თვალსაჩინოა. მარტივად. და აი რატომ: ადამიანის განვითარებასთან ერთად, ტვინები, რომლებმაც საბოლოოდ გაზარდა თვითცნობიერება, უაღრესად გაფართოვდა. ამან წარმოქმნა გამალებული ბრძოლა ნაყოფის თავსა და ქალის მენჯს შორის. ქალებმა გულმოწყალედ გაიფართოვეს თეძოები, თითქმის ისეთ მაჩვენებლამდე, სადაც სირბილი უკვე შეუძლებელი იქნება. ჩვილმა, თავის მხრივ, თავს საშუალება მისცა დაბადებულიყო ერთ წელზე უფრო ნაკლები დროით, ვიდრე მისი ზომის სხვა ძუძუმწოვრები და განივითარა ნახევრად-დასაკეცი თავი. ეს მორგების პროცესი ორივესთვის მტკივნეული იყო და არის კიდეც. ჩვილი ბავშვი, თავისი ცხოვრების პირველი წლის განმავლობაში, ყველაფრით თითქმის სრულიად დამოკიდებულია დედაზე. მისი მასიური ტვინის დაპროგრამების შესაძლებლობა ნიშნავს, რომ ის უნდა ავარჯიშონ სანამ 18 წლის გახდება (ან 30-ის), მანამ, სანამ ბუდიდან გადმოაგდებენ. აღარაფერს ვამბობს ქალის მნიშვნელოვან ტკივილზე ბავშვის დაბადებისას და როგორც დედის, ისე ბავშვის დაღუპვის რისკზე. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ქალები მაღალ საფასურს იხდიან ფეხმძიმობისა და ბავშვის აღზრდისათვის, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე და რომ ამის ერთ-ერთი გარდაუვალი შედეგი არის მამაკაცების გაზრდილი დამოკიდებულების გრძნობა, რაც გამომდინარეობს ზოგჯერ არასაიმედო და ყოველთვის პრობლემატური თავაზიანობისაგან.

მას შემდეგ, რაც ღმერთი ეტყვის ევას, თუ რა მოხდება მას შემდეგ, რაც უკვე გაიღვიძა, ის უბრუნდება ადამს, რომელიც თავის შთამომავლებთან ერთად ადვილად ვერ გამოძვრება. ღმერთი რაღაც ამის მსგავსს ამბობს: „კაცო, იმის გამო, რომ ქალს მოუსმინე, თვალები აგეხილა. შენი ღვთისმსგავსი ხედვა, რომელიც გიბოძა გველმა, ხილმა და სატრფომ, საშუალებას გაძლევს გაიხედო შორს, მომავალშიც კი. მაგრამ ის ვინც მომავალში იხედება, მუდმივად ხედავს მომავალ საფრთხეს და მაშინ უნდა მოემზადოს ყოველგვარი მოულოდნელობებისა და შესაძლებლობებისათვის. ამისათვის მოგიწევს მუდმივად მსხვერპლად შესწირო აწმყო მომავალს. გვერდზე უნდა გადადო სიამოვნება რათა იყო დაცული. მოკლედ: მოგიწევს იშრომო და ეს რთული იქნება. ვიმედოვნებ გიყვარს ეკლები და ნარშავები, რადგან ბევრ მათგანს გაზრდი.“

და შემდეგ ღმერთი აძევებს პირველ ქალსა და მამაკაცს სამოთხიდან, დასაწყისიდან, გაუცნობიერებელი, ცხოველური სამყაროდან თავად ისტორიის საშინელებებისაკენ. შემდეგ ის აყენებს ქერუბიმსა და ცეცხლოვან ხმალს სამოთხის კართან, რათა ადამმა და ევამ ვეღარ იგემონ ხილი სიცოცხლის ხისა. ეს საკმაოდ სულმდაბლური ჩანს. რატომ მაშინვე უკვდავი არ გახადა საბრალო ადამიანები? განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს მომავლის საბოლოო გეგმა იყო, ყოველ შემთხვევში, როგორც ამას ამბობენ. მაგრამ ვინ გაბედავდა ღმერთისათვის კითხვის დასმას?

იქნებ სამოთხე რაღაც ისეთია, რაც უნდა ააგო და მარადიულობა, რომელიც უნდა მოიპოვო.

და ასე, ვუბრუნდებით ჩვენს თავდაპირველ კითხვას: რატომ ყიდულობს ვიღაც მედიკამენტს თავისი ძაღლისათვის და შემდეგ მთელი სიფრთხილით უკეთებს მას ორგანიზებას, მაშინ, როდესაც იმავეს საკუთარი თავისთვის არ აკეთებს? თქვენ ახლა გაქვთ პასუხი, რომელიც კაცობრიობის ფუნდამენტური ტექსტიდან გამომდინარეობს. რატომ უნდა იზრუნოს ვინმემ რაიმე შიშველ, საძაგელ, შერცხვენილ, შეშინებულ, უღირს, მხდალ, აღშფოთებულ, თავდაცვით პოზიციაში მყოფ და ბრალმდებელ ადამის შთამომავალზე, მაშინაც კი, თუ ეს არსება თავადაა? და სულაც არ ვგულისხმობ, რომ ამ ფრაზით ქალები გამოვრიცხო.

ყველა ჯერჯერობით განხილული მიზეზი ბუნდოვან წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, რომ ადამიანთა მოდგმა ისეთივე გამოუსადეგარია სხვისთვის, როგორც საკუთარი თავისთვის. ისინი ადამიანის ბუნების განზოგადებას წარმოადგენენ და არაფერ სპეციფიკურს. მაგრამ თქვენ თავად უფრო მეტი იცით საკუთარ თავზე. თქვენ საკმარისად ცუდი ხართ, როგორც სხვები გიცნობენ, თუმცა თქვენი საიდუმლო დანაშაულებების სრული ჩამონათვალი, ნაკლოვანებები და არასრულფასოვნებები მხოლოდ თქვენთვისაა ცნობილი. არავინ იცნობს თქვენზე უკეთ თქვენი სხეულისა და გონების ნაკლოვანებებს. არავის აქვს უფრო მეტი მიზეზი ეზიზღებოდეთ, გხედავდეთ პათეტიკურს და უარყოს რაიმე ისეთი, რაც კარგად გაგხდით, შეგიძლიათ დასაჯოთ საკუთარი თავი ყველა წარუმატებლობისთვის. ძაღლი, უვნებელი, უცოდველი, გაუთვითცნობიერებელი ძაღლი, ცხადია, მეტს იმსახურებს.

თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული, განვიხილოთ სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოცემა. წესრიგი, ქაოსი, სიცოცხლე, სიკვდილი, ცოდვა, ოცნება, მუშაობა და ტანჯვა: ეს საკმარისი არაა „დაბადების“ ავტორებისათვის, ისევე, როგორც თავად კაცობრიობისათვის. ისტორია გრძელდება. საერთო ჯამში ის კატასროფა და ტრაგედიაა და მასში ჩართულმა ადამიანებმა (ეს ჩვენ ვართ) უნდა იბრძოლონ სხვა მტკივნეული გამოღვიძებისათვის. შემდეგ ჩვენ განწირულნი ვართ თავად ზნეობაზე ფიქრისათვის.

adam

სიკეთე და ბოროტება

თვალების ახელის შემდეგ, ადამმა და ევამ, ბევრად მეტი გააცნობიერეს, ვიდრე უბრალო სიშიშვლე და მძიმე შრომის საჭიროებაა. მათ ასევე შეიცნეს ბოროტი და კეთილი (გველი ამბობს ხილის ხსენებისას, „იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქმნებით.“) რას შეიძლება ეს შესაძლებლობა ნიშნავდეს? რა შეიძლება დარჩენილიყო გამოსაკვლევი და დასაკავშირებელი, მას შემდეგ, რაც დედამიწის უზარმაზარი ნაწილი უკვე დაიფარა? მარტივი კონტექსტი გვიჩვენებს, რომ აქ საქმე უნდა იყოს ბაღებში, გველებში, დაუმოჩილებლობაში, ხილში, სექსუალობასა და სიშიშვლეში. საბოლოოდ პასუხი ბოლო პუნქტმა, სიშიშვლემ მომცა, რასაც წლები დასჭირდა.

ძაღლი მტაცებელი ცხოველია, ისევე როგორც კატა. ისინი კლავენ არსებებს და ჭამენ მათ. ეს არ არის ლამაზი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ისინი შინაურ ცხოველებად გვყავს, ვზრუნავთ მათზე და როცა ავად ხდებიან, წამლებსაც ვაძლევთ. რატომ? ისინი მტაცებლები არიან, მაგრამ ეს მათი ბუნებაა. ისინი არ ატარენებ პასუხისმგებლობას ამის გამო. ისინი არიან მშიერნი და არა ბოროტნი. მათ არ აქვს ჭკუა, კრეატიულობა და ყველაფერთან ერთან თვითცნობიერება - რაც ადამიანის შთაგონებული ბოროტებისთვისაა საჭიროა.

რატომ არა? მარტივია. ჩვენგან გასხვავებით, მტაცებლები ვერ ხვდებიან თავიანთ ფუნდამენტალურ სისუსტეს, თავიანთ ფუნდამენტალურ მოწყვლადობას, საკუთარ მორჩილებას ტკივილისა და სიკვდილის მიმართ. ჩვენ კი ზუსტად ვიცით როგორ, სად და რატომ შეიძლება გვეტკინოს. ეს ისეთივე კარგი განმარტებაა, როგორც თვითცნობიერების ნებისნიერი განმარტება. ჩვენ ვიცით საკუთარი უსუსურობის, სასრულობისა და მოკვდავობის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ ტკივილი, ზიზღი საკუთარი თავის მიმართ, სირცხვილი, შიში და ჩვენ ვიცით ეს. ვიცით რა გვაყენებს ტანჯვას. ვიცით, თუ როგორი დარტყმა შეიძლება მოგვაყენოს ტკივილმა და ძრწოლამ - და ეს ნიშნავს, რომ ზუსტად ვიცით,თუ როგორ მივაყენოთ დარტყმა სხვებს. ვიცით, როგორები ვართ შიშველნი და როგორ გამოვიყენოთ ეს სიშიშვლე - ეს კი ნიშნავს რომ ვიცით როგორები არიან სხვები შიშველნი და მათ როგორ შეუძლიათ სიშიშვლის გამოყენება.

ჩვენ შეგნებულად შეგვიძლია შევაშინოთ სხვა ადამიანები. შეგვიძლია დავამციროთ და ტივილი მივაყენოთ იმ დანაშაულებებისათვს, რომლებიც მხოლოდ ჩვენ გვესმის ძალიან კარგად. შეგვიძლია ვაწამოთ ისინი ნელა, ზედმიწევნით, გაქნილად და საზარლად. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მტაცებლობა. ეს არის ხარისხობრივი ცვლილება გაგებაში. ეს ისეთივე დიდი კატაკლიზმაა, როგორც თავად თვითცნობიერების განვითარება. ეს არის შესასვლელი სამყაროს სიკეთისა და ბოროტების ცოდნაში. ეს არის მეორე, როგორც ჯერ კიდევ ამოუვსებელი ბზარი ყოფიერების სტრუქტურაში. ეს არის ტრანსფორმაცია საკუთარ თავად ყოფნიდან მორალური ძალისხმევისაკენ - ყველა თანამდევი გარემოებით გათვითცნობიერებულობის განვითარების გზაზე.

მხოლოდ კაცს შეეძლო აზრად მოსვლოდა ისეთი საწამებელი იარაღების შექმნა როგორიცაა „რკინის ქალწული“, „გასაჭიმი ჩარჩო“ და „ცერის საჭყლეტი“. მხოლოდ კაცს შეუძლია ტანჯვის გულისათვის მიაყენოს ტანჯვა. ეს ყველაზე კარგი განმარტებაა ბოროტებისა, რისი ფორმულირებაც კი შემეძლო. ცხოველები ვერ ართმევენ თავს ამას, მაგრამ ადამიანებს, თავიანთი აუტანელი, ნახევრად ღვთიური უნარებით, რა თქმა უნდა, შეუძლიათ. და ამ გაგებით ჩვენ გვაქვს თითქმის სრული ლეგიტიმაცია პირველყოფილი ცოდვის იდეისა, რომელიც ძალიან არაპოპულარულია თანამედროვე ინტელექტუალურ წრეებში. ვინ გაბედავდა თქმას, რომ ჩვენს ევოლუციურ, ინდივიდუალურ და თეოლოგიურ ტრანსფორმაციაში ნებაყოფლობითი არჩევანის ნატამალიც კი არ იყო? ჩვენი წინაპრები ირჩევდნენ სექსუალურ პარტნიორებს და ისინი ამას ცნობიერებისათვის, თვითცნობიერებისათვის და მორალური ცოდნისათვის აკეთებდნენ? და ვის შეუძლია უარყოს ეგზისტენციალური დანაშაულის გრძნობა, რომლითაც სავსეა ადამიანთა გამოცდილება? ვინ შეიძლებდა თავიდან აეცილებინა ამის აღნიშვნა დანაშაულის გრძნობის გარეშე - თანდაყოლილი გარყვნილებისა და დანაშაულის შეგრძნება, რომელიც ერთი ნაბიჯით აშორებს ადამიანს ფსიქოპათიისაგან?

ადამიანთა მოდგმას დანაშაულებრივი ქმედების არაჩვეულებრივი უნარი გააჩნია. ეს ის დამახასიათებელი ნიშანია, რომელიც უნიკალურია ცოცხალ სამყაროში. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი უარესად, საკუთარი ნებით გავაკეთოთ, ისე, რომ ზუსტად ვიცით რასაც ვაკეთებთ (ისევე, როგორც შემთხვევით, დაუდევრად და ისე, რომ თავი ავარიდოთ ყოველგვარ სასჯელს). ასეთი საშინელი მოცემულობით, რომელიც მიდრეკილია ბოროტი ქმედებებისაკენ, გასაკვირია რომ გვიჭირს საკუთარ თავზე, ან სხვებზე ზრუნვა? ან ის, რომ ეჭვი გვეპარება ადამიანთა მთელი მოდგმის არსებობის ღირებულებაში? გარკვეული მიზეზით, დიდი ხანია საკუთარ თავში ეჭვი შევიტანეთ. ათასობით წლის წინ, უძველესი მესოპოტამიის მკვიდრთ სჯეროდათ, რომ მაგალითად კაცობრიობა შექმნილი იყო კინგუს სისხლისაგან, ერთადერთი საშინელი ურჩხულის, რომელიც დიდებულმა ქაოსის ქალღმერთმა შვა, თავისი არსებობის ყველაზე შურისმაძიებლურ და დესტრუქციულ პერიოდში. ასეთი დასკვნების შემდეგ, როგორ შეგვიძლია არ შევიტანოთ ეჭვი ჩვენი არსებობისა და თავად ყოფიერების ღირებულებაში? მაშინ ვინ შეხვდება პირისპირ საკუთარ ან სხვის ავადმყოფობას მედიკამენტების გამოწერის მორალურ სისწორეში ეჭვის შეტანის გარეშე? ვერავინ იგებს ინდივიდუალიზმის სიბნელეს საკუთარ ინდივიდუალობაზე უკეთ. და მაშინ ვინღა აიღებს ავადმყოფობისას საკუთარ თავზე სრულ მზრუნველობას?

იქნებ, ადამიანი ისაა, ვინც უკეთესი იქნებოდა, რომ არასოდეს არსებულიყო? იქნებ, სამყარო უნდა გაწმენდილიყო კიდეც ადამიანებისაგან, ისე, რომ ყოფიერება და ცნობიერება ცხოველის უცოდველ ბრუტალურობას დაბრუნებოდა? მჯერა, რომ ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ არასოდეს უსურვია ასეთი რამ, არც მოგონებები გაუთვალისწინებია და არც საკუთარ უბნელეს ფანტაზიებს შეჯახებია.

მაშინ რისი გაკეთება შეიძლება?

ღვთიური ნაპერწკალი

დაბადება 1-ში ღმერთი ქმნის სამყაროს ღვთიური, მართალი სიტყვით, წარმოქმნის საცხოვრებლად ვარგის, სამოთხისებრ წესრიგს პრეკოსმოგენიური ქაოსისაგან. შემდეგ ის ქმნის მამაკაცსა და ქალს თავის ხატად, შთააგონებს რა მათ იმავეს კეთებას - შექმნან წესრიგი ქაოსისაგან და განაგრძონ მისი სამუშაო. შექმნის თითოეულ ეტაპზე, პირველი წყვილის შექმნის ჩათვლით, ღმერთი ასახავს მომავალს და მოიაზრებს მას კეთილად.

დაბადება 1-ის შეპირისპირება დაბადება 2-თან და 3-თან (მეორე წერილი ხატავს ადამიანის დაცემას, აღწერს რა, რატომ არის ჩვენი უმეტესობა ტრაგიკული და ეთიკურად დატანჯული) წარმოქმნის ნარატიულ თანმიმდევრობას თითქმის გაუსაძლისს თავისი სიძლიერით. დაბადება 1-ის მორალი არის, რომ ყოფიერება, შექმნილი მართალი მეტყველებით, არის სიკეთე. ეს ასევე ეხება ადამიანს, სანამ ის ღმერთს დაშორდებოდა. ეს სიკეთე საშინლად დარღვეულია დაცემის მოვლენების მიერ (ასევე კაენისა და აბელის, წარღვნისა და ბაბილონის გოდოლის), მაგრამ ჩვენ ვინარჩუნებთ ცოდვით დაცემამდელი მდგომარეობის ზოგად კონცეფციას. ამგვარად ჩვენ შეგვიძლია მეტყველება. ჩვენ მარადიულად განვიცდით ნოსტალგიას ბავშვობის დროინდელი უცოდველობის, ცხოველის ღვთიური, არაცნობიერი ყოფისა და ხელუხლებელი, ტაძრის მგავსი, ძველი ტყეების მიმართ. მსგავსი მოვლენებისაგან სიმშვიდეს ვიღებთ. ვაფასებთ მათ, მაშინაც კი, თუ ადამიანების მოწინააღმდეგე, თვითგამოცხადებული გარემოს დამცველი ათეისტები ვართ. ბუნების თავდაპირველი მდგომარეობა ჩაფიქრებულია სამოთხისმაგვარად. მაგრამ ჩვენ აღარ ვართ ერთიანნი ღმერთთან და ბუნებასთან და ვერც მარტივად დავუბრუნდებით ამ მდგომარეობას.

პირველყოფილი მამაკაცი და ქალი, შემქმნელთან უწყვეტი კავშირის მქონენი, არ იყვნენ ცნობიერნი (და რა თქმა უნდა, არც თვითცნობიერნი). მათ თვალები ახელილი არ ჰქონდათ. თუმცა, თავიანთი სრულყოფილებით, თავიანთ დაცემის შემდგომ ანალოგებზე მეტნი არ იყვნენ. მათი სიკარგე იყო რაღაც უფრო ნაწყალობევი, ვიდრე დამსახურებული ან გამომუშავებული. ისინი არ სარგებლობდნენ არჩევანით. ღმერთმა იცის, ასე უფრო მარტივია. მაგრამ, იქნებ ეს არ არის უკეთესი, ვიდრე, მაგალითად, ნამდვილად დამსახურებული მოწყალება. შესაძლოა, რომელიღაც კოსმიური აზრით (თუ ვივარაუდებთ, რომ თავად გაცნობიერებულობა არის კოსმიური მნიშვნელობის ფენომენი) თავისუფალ არჩევანს აქვს მნიშვნელობა. ვის შეუძლია დარწმუნებით ისაუბროს ამგვარ საკითხებზე? არ მსურს ამ კითხვებზე მსჯელობის შეწყვეტა, უბრალოდ იმიტომ, რომ რთულია. ასე რომ, აი განცხადება: ალბათ, არ არის მარტივი თვითცნობიერების გამომჟღავნება და ჩვენი მორალური ცოდნის გაზრდა სიკვდილისა და დაცემის შესახებ, რომლიც მთლიანად მოგვიცავს და ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს ღირებულებას. იქნებ ეს ჩვენი უხალისობის მაგიერია - ასახული ადამის სირცხვილით დამალვაში - ვიაროთ ღმერთთან ერთად, ნაცვლად ცდუნებისა და ბოროტებისადმი მიდრეკილებისა.

ბიბლია მთლიანობაში ისეა აწყობილი, რომ ყველაფერი ცოდვით დაცემის შემდეგ - ისრაელის ისტორია, წინასწარმეტყველები, ქრისტეს მოსვლა - წარმოჩენილია, როგორც დაცემის გამოსასწორებელი, ბოროტებასთან განშორების გზა. ცნობიერი ისტორიის დასაწყისი, სახელმწიფოთა აღზევება და მთელი მათი პათოლოგიები სიამაყისა და სიმტკიცისა, დიდებული მორალური ფიგურების გამოჩენა, რომლებიც ცდილობდნენ სწორად დაეწყოთ მოვლენები, თავად მესიაში კულმინირებით, ეს ყველაფერი არის კაცობრიობის მცდელობის შედეგი, ღვთის ნებით, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოს. და რას ნიშნავს ეს?

ეს გასაოცარი ფაქტია: პასუხს დაბადება 1 მოიცავს: განვასხეულოთ ღმერთის ხატი - იმისათვის, რომ ვისაუბროთ ქაოსზე, როგორც სიკეთეზე - მაგრამ ეს უნდა მოხდეს ცნობიერად, ჩვენი საკუთარი არჩევანით. უკუსვლა არის გზა წინისაკენ - როგორც ტ.ს. ელიოტი ასე სწორად ამტკიცებს - მაგრამ უკუსვლა, როგორც გაღვიძებული არსების, რომელიც სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და არა უკუსვლა ძილისაკენ:

არ უნდა შევწყვიტოთ ძიება
და დასასრული ჩვენი ყველა კვლევისა
იქნება დაბრუნება იქ საიდანაც დავიწყეთ
ადგილი, რომელიც პირველად შევიცანით.
უცნობის გავლით, შევიცნობთ ჭიშკარს,
როდესაც მხოლოდ მიწის ბოლოა აღმოსაჩენი,
ეს არის ის, რაც დასაწყისი იყო.
უგრძესი მდინარის დასაბამთან
დაფარული ჩანჩქერების ხმა
და ბავშვები ვაშლის ხეებზე
უცნობი, რადგან მას არ ვეძებდით,
მაგრამ გაგონილი, ნახევრად გაგონილი მდუმარებაში
ზღვის ორ ტალღას შორის.
ყველგან, აქ, ახლა, სამუდამოდ -
აბსოლუტური უბრალოების მდგომარეობა
( არანაკლებ ღირებული, ვიდრე ყველაფერი)
და ყველა კარგად იქნება და
ყოველივე კარგად იქნება,
როცა ცეცხლის ენები გახვეულნი არიან
ცეცხლის გვირგვინოვან კვანძში
და ცეცხლი და ვარდი არიან ერთნი.

(„სუსტი თავბრუსხვევა“ ოთხი კვარტეტი, 1943)

თუ გვსურს, რომ საკუთარ თავზე სათანადოდ ვიზრუნოთ, პატივი უნდა ვცეთ საკუთარ თავს, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ, რადგან ჩვენ ვართ, საკუთარ თვალში არც თუ ცოტა, დაცემული ქმნილებები. თუკი სიმართლეში ვიცხოვრებდით, თუ სიმართლეს ვილაპარაკებდით, მაშინ შეგვეძლებოდა კიდევ ერთხელ გაგვესეირნა ღმერთთან ერთან, დაგვეფასებინა საკუთარი თავი, სხვები და სამყარო. მაშინ ისე მოვეპყრობოდით საკუთარ თავს, როგორც იმათ, ვისზეც ვზრუნავთ. ძალა არ უნდა დავიშუროთ სამყაროს უკეთესად გარდაქმნისათვის. ორიენტაცია უნდა გვქონდეს წინ, სამოთხისაკენ, სადაც ის ადამიანები ცხოვრობენ, ვისზეც ჩვენ ვზრუნავთ, ნაცვლად ჯოჯოხეთისა, სადაც ჩვენი გულისწყრომა და ზიზღი სამუდამოდ აქვს ყველას მისჯილი.

იმ მიდამოში, სადაც ქრისტიანები ორი ათასი წლის წინ გამოჩნდნენ, ადამიანები მეტად ველურნი იყვნენ, ვიდრე დღესდღეობით. ყველგან უთანხმოება იყო. ადამიანთა მსხვერპლშეწირვა, მათ შორის ბავშვების, ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა, ტექნოლოგიურად მეტად განვითარებულ საზოგადოებაშიც კი, როგორიც მაგალითად უძველესი კართაგენი იყო. რომში, სპორტულ არენებზე სასიკვდილო შეჯიბრებები იმართებოდა და სისხლისღვრა ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა. იმის ალბათობა, რომ თანამედოვე ადამიანი მცხოვრები მოქმედ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოკვდება ან ვინმე მოკლავს, უსასრულოდ მცირეა იმ მაჩვენებელთან შედარებით, რაც წინა დროის საზოგადოებებში იყო (და ჯერ კიდევ არის მსოფლიოს არაორგანიზებულ და ანარქიულ ნაწილებში). მაშინ, საზოგადოების უმთავრეს მორალურ პრობლემას წარმოადგენდა ძალადობის კონტროლი, იმპულსური ეგოიზმი, უაზრო სიხარბე, თანმხლები სისასტიკით. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები ამგვარი აგრესიული მიდრეკილებებით. სულ მცირე, ახლა მათ იციან, რომ ამგვარი ქცევა მაღალ სტანდარტებს არ შეესაბამება და ან ცდილობენ მის გაკონტროლებას, და თუ არა, პირისპირ ეჯახებიან უდიდეს სოციალურ წინააღმდეგობებს.

თუმცა, ახლა სხვა პრობლემამ იჩინა თავი, რომელიც, ალბათ, ნაკლებად იყო დამახასიათებელი უხეში წარსულისათვის. ადვილი დასაჯერებელია, რომ ადამიანები არიან ქედმაღლები, ეგოისტები და ყურადღებიანნი საკუთარი თავის მიმართ. ცინიზმი, რომელიც ამ აზრს თავისთავად არსებულ უნივერსალურ ჭეშარტებად აქცევს, საყოველთაოდ გავრცელებული და მოდურია. მაგრამ სამყაროსადმი ასეთი ორიენტაცია, სულაც არ არის დამახასიათებელი ბევრი ადამიანისათვის. მათ საპირისპირო პრობლემა აქვთ: ისინი გაუსაძლის ტვირთად ატარებენ მხრებით საკუთარი თავის სიძულვილს, უპატივცემლობას, სირცხვილსა და მორიდებულობას. ამგვარად, საკუთარი მნიშვნელოვანობის ნარცისულად გაბერვის მაგივრად, ისინი საერთოდ არ აფასებენ საკუთარ თავს და არ იჩენენ მზრუნველობას მის მიმართ. როგორც ჩანს, ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში არ სჯერათ, რომ თავად საუკეთესო მზრუნველობას იმსახურებენ. ისინი აუტანლად აცნობიერებენ საკუთარ დანაშაულებებს, არასრულფასოვნებას, რეალურსა და გაზვიადებულს, რცხვენიათ და ეჭვი ეპარებათ თავიანთ ღირებულებაში. მათ სჯერათ, რომ სხვა ადამიანები არ უნდა იტანჯებოდნენ, და ისინი იმუშავებენ მუყაითად და ალტრუისტულად, რათა დაეხმარონ მათ ტანჯვის შემსუბუქებაში. ისინი იმავე თავაზიანობას ავრცელებენ ნაცნობ ცხოველებზეც კი, თუმცა საკუთარ თავთან ასე არ იქცევიან.

სიმართლეა, რომ ზნეობრივი თავგანწირვა ღრმადაა გამჯდარი დასავლურ კულტურაში (სულ მცირე, იმდენად, რამდენადაც ქრისტიანობას ჰქონდა დასავლეთზე გავლენა, რაც დაფუძნებულია მის იმიტაციაზე, ვინც თავგანწირვის უკიდურესი ფორმა შეასრულა). ნებისმიერი მტკიცება, რომ ოქროს წესი არ ნიშნავს „შეწირე საკუთარი თავი მსხვერპლად სხვებს“, საეჭვო უნდა ჩანდეს. მაგრამ ქრისტეს არქეტიპული სიკვდილი არსებობს როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მიიღო შეზღუდულობა, მუხთლობა და ტირანია გმირულად, როგორ უნდა იარო ღმერთთან ერთად თვითცნობიერი ცოდნის ტრაგიკულობის მიუხედავად და არა როგორც მაჩვენებელი იმისა, რომ შევწიროთ საკუთარი თავი მსხვერპლად სხვების მსახურებაში. საკუთარი თავის შესაწირად ღმერთისათვის (თუ გნებავთ უმაღლესი სიკეთისათვის) არ ნიშნავს ჩუმად და ნებაყოფლობით ტანჯვას, რომელიმე ადამიანის ან ორგანიზაციისათვის, რომელიც დაჟინებით და მუდმივად მოითხოვს იმაზე მეტს ჩვენგან, ვიდრე საპასუხოდ აბრუნებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ტირანიას და ნებას ვრთავთ საკუთარ თავს მონებივით მოგვეპყრონ. შეეწირო მსხვერპლად ჩაგვრას, არ არის პატიოსნება, მაშინაც კი, თუ მჩაგვრელი თავადვე ხართ.

ორი ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლე კარლ იუნგისაგან, შვეიცარელი სიღრმისეული ფსიქოლოგისაგან, დაახლოებით „მოეპყარი სხვებს ისე, როგორც გსურთ, რომ თქვენ მოგეპყრან“ ან „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. პირველი გაკვეთილი ის იყო, რომ ამ წინადადებებიდან არც ერთს აქვს რაიმე საერთო კარგთან. ხოლო მეორე გაკვეთილი იყო, რომ ორივე მათგანი გათანასწორებაა და არა აკრძალვა. თუკი მე ვარ ვიღაცის მეგობარი, ოჯახის წევრი, ან საყვარელი, მაშინ მე მორალურად ვალდებული ვარ გარიგება დავდო, როგორც ჩემი, ისე მეორე მხრის გამო. თუ ამის გაკეთება შემეშლება, საბოლოოდ მონა გამოვალ, მეორე ადამიანი კი - ტირანი. რა არის ამაში კარგი? ურთიერთობისთვის ბევრად უკეთესია, როდესაც ორივე პარტნიორი ძლიერია. უფრო მეტიც, მცირე განსხვავებაა მდგომარეობას, როდესაც დგახარ და ესაუბრები საკუთარ თავს მაშინ, როდესაც დაჩაგრული ან დამონებული ხარ და მდგომარეობას შორის, როდესაც დგახარ ვიღაც სხვისთვის საუბრობ. როგორც იუნგი აღნიშნავს, ეს ნიშნავს იმ ცოდვილის სიყვარულსა და გულში ჩაკვრას, რომელსაც საკუთარი თავი ჰქვია, ისევე როგორც, მის პატიებას და მხარში ამოდგომას, ვინც შეცდა და არასრულყოფილია.

როგორც თავად ღმერთი ამტკიცებს (ასე გრძელდება ამბავი), „შურისძიება ჩემია, და მე გადავიხდი - თქვა უფალმა.“ ამ ფილოსოფიის მიხედვით, თქვენ უბრალოდ თქვენს თავს არ ეკუთვნით. თქვენ უბრალოდ არ გაქვთ უფლება თქვენივე თავის წამებისა და სასტიკად მოპყრობის. ეს ნაწილობრივ იმიტომაა, რომ თქვენი არსებობა მკაცრადაა გადაბმული სხვების არსებობასთან და თქვენმა საკუთარი თავისადმი დაუნდობლად მოპყრობამ, შესაძლოა კატასტროფული შედეგი იქონიოს სხვებზე. ეს უფრო აშკარაა, ალბათ, თვითმკვლელობის შემდეგ, როცა ცოცხლად დარჩენილები სასოწარკვეთილნი და სულიერად განადგურებულნი არიან. მეტაფორულად შეიძლება ასეც ითქვას: თქვენ ფლობთ ღვთიურ ნაპერწკალს, რომელიც თქვენ კი არა, ღმერთს ეკუთვნის. დაბადების მიხედვით, ჩვენ მის ხატად ვართ შექმნილნი. ჩვენ გვაქვს ცნობიერების ნახევრად ღვთიური უნარი. ჩვენი ცნობიერება მონაწილეობას იღებს არსებობის თავისუფლებაში. ჩვენ ღმერთის დაბალ რეზოლუციური („კენოტიკური“) ვერსიები ვართ. შეგვიძლია შევქმნათ წესრიგი ქაოსისაგან და პირიქით, ჩვენებურად, ჩვენი სიტყვებით. ასე რომ, შეიძლება ზუსტად ღმერთი არ ვიყოთ, მაგრამ ასევე ზუსტად არ ვართ სხვა რამეც.

ჩემი საკუთარი სიბნელის პერიოდებში, სულის ქვესკნელში, ხშირად ვიმარჯვებდი და მაოცებდა ადამიანთა უნარი, დამეგობრებოდნენ ერთმანეთს, ჰყვარებოდათ თავიანთი ინტიმური პარტნიორები, მშობლები, შვილები და ეკეთებინათ ის, რასაც ჩვეულებრივ აკეთებდნენ, რათა მსოფლიოს ჩვეული სვლა შეენარჩუნებინათ. ვიცნობდი კაცს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და დაინვალიდდა, ის ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ იყო დასაქმებული. ავარიის შემდეგ, ის წლების განმავლობაში მუშაობდა ერთი კაცის გვერდით, რომელიც თავის მხრივ დეგენერაციული ნევროლოგიური დაავადებით იტანჯებოდა. ისინი თანამშრომლობდნენ იმგვარად, რომ ერთმანეთის ნაკლოვანებებს ავსებდნენ. მჯერა, რომ ამგვარი ყოველდღიური გმირობა არის წესი და არა გამონაკლისი. ინდივიდთა უმეტესობა უმკლავდება ჯანმრთელობის ერთსა და მეტ სერიოზულ პრობლემას, თავიანთი საქმის პროდუქტიულად და დაუჩივლებლად შესრულებისას. თუ ვინმე საკმარისად იღბლიანია იმისათვის, რომ პირადად მომხიბვლელობისა და ჯანმრთელობის იშვიათ პერიოდში იყოს, მაშინ მას, როგორც წესი, სულ მცირე ერთი ოჯახის წევრი მაინც ჰყავს კრიზისში. ჯერჯერობით ადამიანები ძლებენ და აგრძელებენ რთული და ძალისმიერი დავალებების შესრულებას, რათა ადგილი შეუნარჩუნონ სოციუმში თავიანთ თავებსა და თავიანთ ოჯახებს. ჩემთვის ეს სასწაულებრივია, იმდენად, რომ გაოცებულს, შესაფერის რეაქციად მხოლოდ მადლიერება მრჩება. იმდენი შესაძლებლობა არსებობს, რომ საგნები შეიძლება დაიშალოს, ან სრულიადაც მუშაობა შეწყვიტონ და დააზიანონ ადამიანები, რომლებიც მას მთლიანობას უნარჩუნებენ. ისინი ნამდვილ და გულითად აღტაცებას იმსახურებებ ამისათვის. ეს არის სულის სიმტკიცისა და შეუპოვრობის უწყვეტი სასწაული.

ჩემს კლინიკურ პრაქტიკაში, ვურჩევ პაციენტებს, რომ ენდონ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს, როგორც პროდუქტიული და მზრუნველი ქცევისათვის, ისე ნამდვილი კავშირებისა და გულისხმიერებისათვის, რომელსაც სხვების მიმართ გამოხატავენ. ხალხი ისეთი გაწამებულია ცხოვრებისეული შეზღუდვებითა და ძალდატანებით, რომ გაოცებული ვარ, ოდესმე მაინც რომ იქცევიან სწორად, ან საერთოდაც საკუთარი თავის მიღმა რომ იხედებიან. მაგრამ საკმარისია, რომ გვაქვს ცენტრალური გათბობა, მუდმივი წყალი, უსასრულო კომპიუტერული შესაძლებლობა, ელექტროენერგია, ყველასათვის საკმარისი საკვები და იმის შესაძლებლობაც კი, რომ დავაკვირდეთ ფართო საზოგადოებასა და ბუნებას, მის საშინელ ბუნებას. მთელი ეს კომპლექსური სისტემა, რომელიც გვიცავს გაყინვისაგან, შიმშილისაგან და წყლის ნაკლებობის შედეგად დაღუპვისაგან, უწყვეტადაა მიდრეკილი უწესივრობისაკენ ენტროპიის საშუალებით და მხოლოდ ფრთხილ ადამიანთა მუდმივი ყურადღება აიძულებს მას იმუშაოს ასე დაუჯერებლად კარგად. ზოგიერთ ადამიანს მოიცავს აღშფოთება და ცხოვრების სიძულვილი, თუმცა უმეტესობა ასე არ იქცევა, მიუხედავად მათი ტანჯვის, იმედგაცრუებების, წარუმატებლობების, არასრულფასოვნებისა და სიმახინჯისა. და ისევ, თვალებისათვის სასწაულია ამის ხილვა.

Blog Transformation Possible 1024x324

მთლიანად კაცობირიობა და ისინი, ვინც მას ქმნის ამოცნობად ადამიანებად, იმსახურებენ თანაგრძნობას საშინელი ტვირთისათვის, რომლის ქვეშაც ცალკეული ადამიანი ჭეშმარიტად ბარბაცებს. თანაგრძნობას იმსახურებს იმ მორჩილებისათვის, რომელსაც ავლენს სრული დაუცველობის, სახელმწიფო ტირანიისა და ბუნების შემოტევების მიმართ. ეს არის ეგზისტენციალური სიტუაცია, რომელიც არა უბრალოდ ცხოველთა შეტაკება და მათთვის გაძლებაა, არამედ ისეთი საშიშროება, რომლის ბოლომდე გასაძლებადაც ღმერთი იქნება საჭირო. ეს არის ის თანაგრძნობა, რომელიც შესაფერისი წამალი უნდა იყოს საკუთარი თავისადმი გაცნობიერებული იმ ზიზღის წინააღმდეგ, რომელსაც მტკიცებულება გააჩნია, მაგრამ სანახევროდაა მართალი. სიძულვილი საკუთარი თავისა და კაცობრიობის მიმართ დაბალანსებული უნდა იყოს მადლიერების გრძნობით ადათ-წესების მიმართ, ასევე იმ დგომარეობისა და გასაოცარი ქმედებებისადმი, რასაც ნორმალური ხალხი ყოველდღიურად ასრულებს, რომ არაფერი თქვათ ნამდვილად აღსანიშნავ გასაოცარ მიღწევებზე.

ჩვენ ვიმსახურებთ პატივისცემას. თქვენ იმსახურებთ პატივისცემას. თქვენ მნიშვნელოვანი ხართ სხვა ადამიანებისათვის, ისევე როგორც საკუთარი თავისათვის. თქვენ უნდა ითამაშოთ სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი სამყაროს წინასწარგანსაზღვრულ ბედისწერაში. მაშასადამე, თქვენ გეკისრებათ მორალური ვალდებულება, მზრუნველობა გამოიჩინოთ საკუთარი თავისადმი. უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე, იყოთ კეთილი ზუსტად ისე, როგორც იმ ადამიანებს, ვინც გიყვართ და ვისაც აფასებთ. ასე რომ, უნდა გაუძღვეთ საკუთარ თავს იმგვარად, რომ გქონდეთ საკმარისად სამართლიანი პატივისცემა საკუთარი ცხოვრების მიმართ. თუმცა, ადამიანთა უმეტესობა ღრმად ნაკლოვანია. ღმერთის დიდებას ყველა ჩამორჩება. თუ ეს მკაფიო ფაქტი გულისხმობს, რომ არ გვაკისრია პასუხისმგებლობა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე ისევე, როგორც სხვებზე, ყველა ყოველთვის სასტიკად დაისჯება. ეს არ იქნება კარგი. ეს წარმოაჩენს სამყაროს ნაკლოვანებებს, ნებისმიერი, ვინც პატიოსნად ფიქრობს, კითხვის ქვეშ დააყენებს სამყაროს კორექტულობას, რაც ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია. ეს, უბრალოდ, არ შეიძლება იყოს მართებული გზა წინსვლისათვის.

მოეპყრო საკუთარ თავს ისე, თითქოს მას ეხმარები, ვისზეც პასუხისმგებელი ხარ, ნიშნავს იფიქრო, თუ რა იქნებოდა ნამდვლად კარგი შენთვის. ეს არ არის - „რა გსურთ“. ასევე არ არის - „რა გაგაბედნიერებდათ“. ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვს რაიმე ტკბილს აძლევთ, თქვენ მას აბედნიერებთ, რაც არ ნიშნავს, რომ არაფერი გაუკეთოთ მას ტკბილეულის მიცემის გარდა. „ბედნიერი“ არ არის „კარგის“ სინონიმი. ბავშვს უნდა აიძულოთ კბილების გახეხვა. მათ უნდა ჩაიცვან თბილი ქურქი სიცივეში გარეთ გასვლისას, მიუხედავად იმისა, თუ ამას აქტიურად აპროტესტებენ. უნდა დაეხმაროთ ბავშვს გახდეს პატიოსანი, პასუხისმგებლობის მქონე, ფხიზელი არსება, ნაცვალგების უნარით, რომელსაც შეეძლება იზრუნოს საკუთარ თავსა და სხვებზე და უხაროდეს ამის კეთება. რატომ ფიქრობთ, რომ მისაღებია თქვენი თავისთვის ნაკლების გაკეთება?

უნდა აწონ-დაწონოთ მომავალი და იფიქროთ „როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, საკუთარ თავზე რომ სათანადოდ ვზრუნდავდე? რა იქნება ჩემთვის გამოწვევა და რა გამხდის პროდუქტიულსა და სასარგებლოს ისე, რომ შევძლო დატვირთვის საკუთარ თავზე აღება და ვისიამოვნო შედეგით? ცოტაოდენი თავისუფლება რომ მქონოდა, რას გავაკეთებდი ჩემი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ცოდნის გასაფართოვებლად და სხეულის გასაჯანსაღებლად?“ აუცილებელია იცოდეთ სად ხართ, რათა დასახოთ მიმართულება. უნდა იცოდეთ ვინ ხართ, რათა გაიგოთ თქვენი საბრძოლო საშუალება და გაამხნევოთ თავი თქვენი შეზღუდულობების პატივისცემით. დაგჭირდებათ იცოდეთ სად მიდიხართ, რათა შეამციროთ ქაოსის გავრცელება თქვენს ცხოვრებაში, მოახდინოთ წესრიგის ხელახლა სტრუქტურირება და მოიპოვოთ იმედის ღვთაებრივი ძალა სამყაროში.

უნდა განსაზღვროთ თუ სად მიდიხართ, ისე, რომ შეუთანხმდეთ თქვენს თავს, რათა აღშფოთებით, შურისძიების სურვილითა და გაბოროტებით არ დაასრულოთ. უნდა მოახდინოთ საკუთარი პრინციპების ფორმულირება, რათა დაიცვათ თავი სხვების წინაშე, რომლებიც ცდილობენ შეუსაბამო უპირატესობა მოიპოვონ თქვენ წინაშე. უნდა იყოთ დაცულად და უსაფრთხოდ მუშაობისა და თამაშისას. ფრთხილად უნდა გაწვრთნათ საკუთარი თავი. უნდა შეასრულოთ საკუთარი თავისადმი მიცემული დაპირებები, დააჯილდოვოთ ის, რათა ენდოთ და მოტივაცია მისცეთ თავს. უნდა განსაზღვროთ, თუ როგორ მოეპყრობით საკუთარ თავს ისე, რომ გახდეთ და დარჩეთ უკეთესი პიროვნება. კარგი იქნება, რომ მსოფლიო უკეთესი გავხადოთ. ბოლოსდაბოლოს, სამოთხე თავისით ვერ დაბრუნდება. მოგვიწევს მუშაობა, რათა იქამდე მივიდეთ და გავძლიერდეთ, რათა გავუძლოთ სასიკვდილო ანგელოზებს და განკიცხვის ცეცხლოვან მახვილს, რომელიც ღმერთმა სამოთხის შესასვლელის ჩასაკეტად გამოიყენა.

არასწორად ნუ შეაფასებთ ხედვისა და მიმართულების ძალას. ეს ძალები უძლეველია, მათ შეუძლიათ, ის რაც შესაძლოა დაუძლეველ წინააღმდეგობად ჩანდეს, გარდაქმნან გასავლელად შესაძლო გზებად და ფართო შესაძლებლობებად. გააძლიერეთ ინდივიდუალიზმი. დაიწყეთ საკუთარი თავით. იზრუნეთ მასზე. გაარკვიეთ ვინ ხართ. მოახდინეთ თქვენი პიროვნების სრულყოფა. აირჩიეთ გეზი და მოახდინეთ თქვენი ცხოვრების ფორმულირება. როგორც მე-19 საუკუნის დიდებულმა ფილოსოფოსმა ფრიდრიხ ნიცშემ ასე არაჩვეულებრივად აღნიშნა „მას, ვის ცხოვრებასაც გააჩნია რატომ, შეუძლია აიტანოს თითქმის ნებისმიერი როგორ.“

თქვენ შეგეძლოთ დახმარებოდით პირდაპირ სამყაროს, გადაგეხარათ მისი ტრაექტორია ცოტათი ახლოს სამოთხისაკენ და ცოტათი შორს ჯოჯოხეთისაგან. ჯოჯოხეთის გაგების და გამოკვლევის შემდეგ, განსაკუთრებით თქვენი პირადი ჯოჯოხეთისა, შეგეძლოთ გადაგეწყვიტათ, შეგექმნათ ის თუ მის წინააღმდეგ წასულიყავით. თქვენ ნებისიმერი ადგილისაკენ შეგეძლოთ სწრაფვა. ფაქტობრივად, შეგეძლოთ ამისათვის მიგეძღვნათ ცხოვრება. ამას შეეძლო თქვენთვის მნიშვნელობა („მ“ დიდი ასოთი) მოეცა. ეს გამართლებას მოუძებნიდა თქვენს საცოდავ არსებობას. ეს გამოასწორებდა თქვენს ცოდვიან ბუნებას და თქვენს გაცნობიერებულობასა და სირცხვილს ჩაანაცვლებდა ბუნებრივი სიამაყითა და სრული მინდობით იმისადმი, ვინც კიდევ ერთხელ ისწავლა ბაღში სეირნობა ღმერთთან ერთად.

შეგეძლოთ დაგეწყოთ ეს საკუთარი თავისადმი იმგვარად მოპყრობით, თითქოს ის ხართ ვის მიმართაც დახმარების პასუხისმგებლობა გაკისრიათ.

გაგრძელება იქნება...

გსურთ, რომ მსგავსი საინტერესო წიგნები ითარგმნოს? მაშინ შეიტანეთ თქვენი წვლილი და დაეხმარეთ MAGMA-ს.

 

მსგავსი სტატიები

როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია


ავტორი: ნანა აბესაძე ერთერთ სტატიაში, ზეიგარნიკის მეთოდი ვახსენე...

უპირობო სიყვარული: PROS, CONS და ფსიქოტიპები


სიყვარული ფასეულობათა განსჯის სისტემაა. ის ფაქტი, რომ გიყვარს მარ...

იუნგის არქეტიპები


 იუნგის თეორიის თანახმად, ცოცხალ ბუნებაში ყველა პროცესს არქეტი...

ურთიერთობის 6 ტოქსიკური ჩვევა, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა ნორმად აღიქვამს


ავტორი: მარკ მენსონი (ავტორი. მოაზროვნე. ცხოვრების ენთუზიასტი) ი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff