ავტორი: მამუკა გურული
ამ სტატიაში ვეცდები უფრო მარტივი გავხადო ჩრდილის იუნგიანური კონცეფცია.
ჩრდილი მჭიდრო კავშირშია ეგოსთან და მის გარეშე არ არსებობს, ისევე როგორც ეგო ვერ იარსებებს ჩრდილის გარეშე. ზოგადად ჩრდილზე გვაქვს წარმოდგენა, რომ ეს არის განდევნილი სურვილები, დათრგუნული თვისებები და ა.შ. მოდი ვცადოთ და კოგნიტური ფსიქოლოგიის კუთხით მივუდგეთ ამ საკითხს.
კოგნიტურ ფსიქოლოგიაში დიდ როლს თამაშობს არჩევანის საკითხი. ადამიანი მისი უამრავი არჩევანის შედეგად ფორმირდება. ეს არჩევანი ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებელია, სოციუმისგან თავსმოხვეულია, ან საკუთარი წინა გადაწყვეტილებების ავტომატური გაგრძელებაა, მაგრამ ფსიქიკეზე მაინც არჩევანის კვალს ტოვებს.
კოგნიტურ ფსიქოლოგიაში ექსპერიმეტების შედეგად დადასტურდა ასეთი ფაქტი. თუ მე გავაკეთებ არჩევანს A-ს და B-ს შორის, და A-ს ავირჩევ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაც ავირჩიე, არამედ ისიც, თუ რა არ ავირჩიე, რადგან არ არჩეული - მინუს ნიშანს იძენს, და სხვა შემთხვევაში, როცა მაგალითად B-ს და D-ს შორის მექნება არჩევანი, მეტი მიდრეკილება მექნება, რომ B კვლავაც არ ავირჩიო, და ავირჩიო D, მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკურად შესაძლოა B-ს არჩევა უკეთესიც იყოს. ამ შემთხვევაში B-ს კიდევ ერთი მინუსი დაემატება, და კიდევ უფრო შემცირდება იმის შანსი, რომ სხვა დროს მას ავირჩევ.
ასეთი დამინუსებული არჩევანები, ერთობლივად ქმნიან კლასტერის მაგვარ სტრუქტურას, მეორე ცენტრს, რომელიც ეგოს საპირისპიროა, თუმცა ორგანულადაა მასთან დაკავშირებული.
მაგალითად, თუ გარკვეული მიზეზების და წინაპირობების გამო მე ბავშვობიდან მრავალჯერ ვთქვი უარი ისეთი თვისების გამოვლენაზე, როგორიცაა ღიად გამოხატული აგრესია, ამ შემთხვევაში ეს თვისება ჩრდილში გადავა და ჩემთვის მიუღებელი გახდება. უფრო მეტიც, ეს თვისება სხვა ადამიანებშც გამაღიზიანებს - სწორედ ამას უწოდებენ ჩრდილის პროექციას - ანუ სხვა ადამიანებში როგორც წესი ძალიან გვაღიზიანებს ის, რაც ჩვენივე ჩრდილია (აქ უნდა გავითვალისწინოთ კოლქტიური ჩრდილების თემაც).
ჩრდილში მყოფი თვისებები თუ სურვილები არ ნიშნავს, რომ ისინი "ცუდია". ჩრდილში შეიძლება "მორალური კუთხით" კარგმა სურვილებმა და თვისებებმაც გადაინაცვლოს, მაგალითად, კრიმინალურ სამყაროში თანაგრძნობის გამოვლინება ხშირად სისუსტედ აღიქმება, ამიტომ ხშირად მინუს ნიშანს იძენს და ჩრდილში გადადის. მაგრამ როგორც წესი აღზრდიდან გამომდინარე ის თვისებები და სურვილები იჩრდილება, რომლებიც სოციუმისთვის მეტ-ნაკლებად მიუღებელი, "ამორალური" და "დემონიზებულია". განსაკუთრებით ეს ეხება სექსუალობის სფეროს და სექსუალურ ტაბუებს.
ჩრდილთან ინტეგრაციის პირველი ეტაპი - მისი დანახვა და აღიარებაა. მისი მიღება, თუნდაც დაშვების დონეზე, შემდეგ კი რეაურად დანახვა.
შემდეგი ეტაპია - ჩრდილის გარკვეული დოზით გამოვლენა. არა აფექტურ მდგომარეობაში, ან ალკოჰოლური ან სხვა საშუალებების ზემოქმედების ქვეშ, არამედ სიფხიზლეში და ცნობიერად გამოვლენა.
და ბოლო ეტაპია, ჩრდილთან სრული ინტეგრაცია, როდესაც ამ თვისებებს საერთოდ აღარ აქვს "მინუს" ნიშანი და მთლიანობის ისეთივე ორგანული ნაწილია, როგორც ეგო-სტრუქტურის სხვა თვისებები და სურვილები. თუმცა დამინუსებისკენ მიდრეკილება ამ სურვილებში ყოველთვის დარჩება, თუკი ადამიანი გაცნობიერებულობას დაკარგავს.
კიდევ ცალკე საკითხია - "ჩრდილით შეპყრობილობა", როდესაც ჩრდილი იმარჯვებს ეგოზე და ასე ვთქვათ პიროვნების სრული ამოყირავება ხდება. ამის კარგი მაგალითია "ჯოკერის" გმირი, ან "დრაკონების დედოფალი" ფილმიდან - "სამეფო კარის თამაშები".
ჩრდილის თემაზე როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად ვიმუშავებთ ჩვენს ახალ ტრენინგზე - "მეტამორფოზა".
მეტი დეტალის სანახავად გადადით ამ ლინკზე.