ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზი: წინაპირობები და საბაზო იდეები 5 წუთში.

Admin
ფსიქოლოგია
0
0

მთარგმნელი: ნანა აბესაძე წყარო ადამიანის ფსიქიკას დიდი ხანია სწავლობენ უდიდესი მოაზროვნეები, ...

freudddd

მთარგმნელი: ნანა აბესაძე

წყარო

ადამიანის ფსიქიკას დიდი ხანია სწავლობენ უდიდესი მოაზროვნეები, თუმცა ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება.

რა იმალება ადამიანის სულიერ სიღრმეებში? რატომ ხდება, რომ ბავშვობაში მომხდარი და განცდილი ფაქტები, ყოველთვის აისახება მოზრდილობის ასაკში? რატომ ვიმეორებთ ერთსა და იმავე შეცდომებს და რა გვაიძულებს კვლავ გავაგრძელოთ არაფრისმომცემი, საზიანო ურთიერთობები? სად იღებენ სათავეს ჩვენი სიზმრები და ინფორმაციაა მათში ჩადებული? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს იძლევა გამოჩენილი ავსტრიელი მეცნიერის, ნევროლოგისა და ფსიქიატრის ზიგმუნდ ფროიდის მიერ შექმნილი რევოლუციური ფსიქოანალიზის მეთოდი.

როგორ შეიქმნა ფსიქოანალიზი?

თავისი კარიერის დასაწყისში ფროიდი თანამშრომლობდა გამოჩენილ მეცნიერთან,ფიზიოლოგ ერნსტ ბრუკესთან, რომელიც ექიმ იოსებ ბრეიერთან და ნევროლოგ ჟან მარე შარკოსთან ერთად იყენებდა ჰიპნოზის მეთოდს. იდეები, რომლებიც ფროიდს ერნსტ ბრუკესთან და ჟან მარე შარკოსთან თანამშრომლობის დროს ჩაესახა, შემდგომ თავის სამეცნიერო ნაშრომებში განავითარა.

უფრო კონკრეტულად კი, ჰიპნოზზე დაკვირვებების შედეგად, იმ დროისათვის ახალგაზრდა ფროიდი მიიზიდა იმ ფაქტმა, რომ ისტერიის გამოვლინების ზოგიერთი სიმპტომი, არ შეიძლებოდა ყოფილიყო საყურადღებო ფიზიოლოგიის თვალსაზრისით. მაგალითად, ადამიანს შეეძლო არაფერი არ ეგრძნო სხეულის მხოლოდ ერთ ნაწილში, როცა სხვა ნაწილებში მგრძნობელობა ჩვეულებრივ აღინიშნებოდა. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ყველა ფსიქიკური პროცესი, არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ ადამიანის ნერვული სისტემის რეაქციით და ცნობიერით.

დღეს ყველას ესმის, რომ ჰიპნოზის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, შესაძლოა შთააგონო რაიმე ბრძანება. გაღვიძებისას მას ექნება ამ ბრძანების შესრულების არაცნობიერი მცდელობა. თუ დავინტერესდებით და ვკითხავთ პაციენტს, თუ რატომ უნდა რომ ეს გააკეთოს, იგი სრულიად ადექვატურად ახსნის თავის სურვილს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანის ფსიქიკას გააჩნია თავისებურება- მოუძებნოს ახსნა თავის ნებისმიერ ქმედებას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის აუცილებლობა.

ზიგმუნდ ფროიდის განაცხადი, რომ ადამიანების ქმედება შეიძლება კონტროლირდებოდეს მის ცნობიერში დაფარული მიზეზებით, აღმოჩნდა შოკისმომგვრელი. ფროიდის კვლევებამდე არ არსებობდა ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ქვეცნობიერი“ ან „არაცნობიერი“. მისეული დაკვირვებები ფსიქოანალიზის იმ პოზიციის განვითარებას საწყის ეტაპად იქცა, სადაც ადამიანის ფსიქიკის ანალიზი დაფუძნებულია წარსულთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე.

ფსიქოანალიზის საბაზო (ძირითადი) იდეები

ფროიდის ფსიქოანალიზის თეორია ემყარება მტკიცებულებას, სადაც ნათქვამია, რომ ადამიანის ფსიქიკაში არ შეიძლება არსებობდეს შეუსაბამობა და შეფერხებები. ნებისმიერ აზრს, ნებისმიერ სურვილს და ნებისმიერ ქმედებას ყოველთვის აქვს თავისი მიზეზი, რომელიც გამოწვეულია ცნობიერით ან არაცნობიერით. წარსულში მომხდარი მოვლენები გავლენას ახდენენ მომავალზე მაშინაც კი, თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ მის განცდას არანაირი საფუძველი არ აქვს. ყოველთვის არსებობენ ფარული კავშირები ერთ მოვლენასა და მეორეს შორის.

გამომდინარე აქედან, ფროიდმა ადამიანის ფსიქიკა სამ ნაწილად: ცნობიერ, წინარეცნობიერ და ქვეცნობიერ სფეროებად დაყო.

1. არაცნობიერ სფეროს მიეკუთვნება არაცნობიერი ინსტინქტი, რომელიც ცნობიერს ვერასდროს სწვდება. აქვე მოიაზრება ცნობიერიდან განდევნილი აზრები, გრძნობები და განცდები,რომლებსაც ადამიანის ცნობიერი აღიქვამს, როგორც ბინძურ, აკრძალულ, არსებობის უფლების არამქონე აზრებს.

არაცნობიერი სფერო, არ ექვემდებადება დროს. არ მოიცავს ჩარჩოებს. მაგალითად, რომელიმე ბავშვობისდროინდელი მოგონება, უეცრად შეიძლება ამოტივტივდეს ცნობიერებაში და ისეთივე მკაფიო იყოს, როგორც ოდესღაც, იმ მომენტში როცა ეს განიცადა.

2. წინარეცნობიერ სფეროს მიეკუთვნება არაცნობიერის ის ნაწილი, რომელიც ნებისმიერ მომენტში შესაძლოა აღმოჩნდეს ცნობიერში.

3. ცნობიერი სფერო მოიცავს ყველაფერს, რასაც კი აცნობიერებს ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.

ფროიდის მოძღვრების თანახმად, ადამიანის ფსიქიკის ძირითად მამოძრავებელ ძალად, გვევლინებიან ინსტინქტები - დაძაბულობები, რომლებიც პიროვნებას მიმართავენ რაიმე მიზნისაკენ. ამ ინსტინქტებში ორი დომინანტი ინსტინქტია.

1. ლიბიდო - საციცოცხლო ენერგია.
2. აგრესიული ენერგია - სიკვდილის ინსტინქტი.

ფსიქოანალიზი განიხილავს ლიბიდოს, რომელსაც საფუძვლად უდევს სექსუალური ენერგია. ის წარმოადგენს ცოცხალ ენერგიას, რომლის მახასიათებლებს (გარეგნობას, რაოდენობას, მოძრაობას, განაწილებას) შეუძლიათ ინტერპრეტაცია მოახდინონ ინდივიდის აზრებზე და ქცევის თავისებურებებზე, განცდებსა და ფსიქიკურ აშლილობაზე.

ფსიქოანალიზის თეორიის თანახმად, პიროვნება წარმოდგენილია სამი სტრუქტურისგან:

1.იგი (id)

2.მე (ego)

3.სუპერ-მე (superego)

იგი (id) ადამიანში არსებული ცხოველური, უკონტროლო საწყისია, რომელიც მიმართულია მაქსიმალური სიამოვნების მიღებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ. იგი მძლავრ იმპულსებს იძლევა და ხშირად გაუცნობიერებლად წარმართავს ადამიანის ქცევებს. მასზე არ მოქმედებს ლოგიკის კანონები. მისი მახასიათებლებია ქაოსი და დეზორგანიზაცია. იგი გავლენას ახდენს ეგოზე და სუპერეგოზე. უფრო მეტიც, ეს გავლენა შეუზღუდავია. იდი-შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც “ადამიანში არსებული ცხოველი"

მე (ego) არის პიროვნების ნაწილი, რომელიც მჭიდრო კავშირშია მის გარშემომყოფებთან. ეგო იდიდან იღებს სათავეს, იმ მომენტიდან, როდესაც ბავშვი იწყებს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების გაცნობიერებას. იდი კვებავს ეგოს, ეგო კი მას იცავს. Ego- ს და Id- ს ურთიერთდამოკიდებულების ლუსტრაცია შეიძლება სექსის მოთხოვნილებით. იდმა შეიძლება შეასრულოს ეს საჭიროება პირდაპირი სექსუალური კონტაქტის საშუალებით, მაგრამ ეგო გადაწყვეტს, როდის და რა პირობებში შეიძლება მოხდეს ეს. ეგოს შეუძლია იდს მისცეს მიმართულება ან პირიქით, შეაკავოს ის, რაც პიროვნების ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ერთგვარი გარანტია.

სუპერ-მე ( superego) ეგოდან იზრდება, როგორც მორალური პრინციპებისა და კანონების საცავი, შეზღუდვები და აკრძალვები, რომლებიც პიროვნებას ეკისრება. ფროიდი ამტკიცებდა, რომ სუპერ-თვითს აქვს სამი ფუნქცია:

1. სინდისის ფუნქცია
2. თვითკონტროლის ფუნქცია
3. იდეალების ფორმირების ფუნქცია

იდი, ეგო და სუპერეგო, აუცილებელია ერთობლივი მიზნის მისაღწევად - წონასწორობის შესანარჩუნებლად იმ სურვილებს შორის, რომლებიც იწვევენ სიამოვნებას და იმედგაცრუებას, რომელიც წარმოშობილია დაუკმაყოფილებლობით.

ენერგია, რომელიც წარმოიქმნა იდში, აისახება ეგოზე. სუპერეგო კი საზღვრებს განსაზღვრავს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ იდის მოთხოვნილებები და სუპერეგო, გარემო ფაქტიორებთან და სოციუმთან წინააღმდეგობაში მოდიან, ამას მოჰყვება გარდაუვალი შინაგანი პიროვნული კონფლიქტები. მათი მოგვარება ხდება რამოდენიმე მეთოდის საშუალებით.

1.სიზმრები
2.სუბლიმაცია
3.კომპენსაცია
4.დაცვითი მექანიზმების საშუალებით ბლოკირება.

სიზმრები შეიძლება იყოს არარეალიზებული სურვილების ანარეკლი. სიზმრები, რომლებიც მეორდება, შეიძლება მიუთითებდეს არარეალიზებულ მოთხოვნილებაზე და რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს თვითრეალიზაციას და პიროვნულ განვითარებას.

სუბლიმაცია არის ლიბიდოს ენერგიის გადამისამართება (პროექცია) საზოგადოების მიერ დასახული მიზნებისკენ. ხშირად ასეთი მიზნები არის შემოქმედებითი, სოციალური ან ინტელექტუალური საქმიანობა. სუბლიმაცია წარმატებული თავდაცვის ფორმაა, ხოლო ამაღლებული ენერგია ქმნის იმას, რასაც ჩვენ ცივილიზაციას ვეძახით.

შფოთვის მდგომარეობას, რომელიც წარმოიშობა დაუკმაყოფილებელი სურვილისგან, აქვს უნარი ნეიტრალიზება მოახდინოს პრობლემაზე უშუალო მიმართვის გზით. ამრიგად, ენერგია, რომელიც გამოსავალს ვერ პოულობს, მიზნად ისახავს დაბრკოლებების გადალახვას. ამ დაბრკოლებების შედეგების შემცირებას და დანაკარგის კომპენსაციას. ამის მაგალითია აბსოლუტური სმენა, რომელიც უვითარდებათ ბრმებს. ადამიანის ფსიქიკას შეუძლია იგივე გააკეთოს: მაგალითად, პიროვნებას, რომელსაც არ გააჩნია საკმარისი უნარები, მაგრამ წარმატების მიღწევის ძლიერი სურვილი აქვს, შესაძლოა გამოავლინოს წარმოუდგენელი შრომისუნაიანობა და შეუდარებელი სიჯიუტე.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არის სიტუაციები, როდესაც წარმოქმნილი დაძაბულობა შეიძლება დამახინჯებულ ან უარყოფილ იქნეს სპეციალური დამცავი მექანიზმებით, როგორებიცაა: ჰიპერკომპენსაცია, რეგრესია, პროექცია, იზოლაცია, რაციონალიზაცია, უარყოფა, ჩახშობა და სხვა. მაგალითად, ცალმხრივი ან დაკარგული სიყვარული შეიძლება დათრგუნოს (”სიყვარული არ მახსოვს”), უარყოს (”დიახ, სიყვარული არ ყოფილა”), მოახდინოს რაციონალიზაცია (”ეს ურთიერთობები შეცდომა იყო”), იზოლაცია (”მე არ მჭირდება სიყვარული”), პროექცია (”ადამიანებმა არ იციან როგორ უნდა უყვარდეთ სინამდვილეში”), ჰიპერკომპენსაცია (”მირჩევნია თავისუფალი ურთიერთობები”) და ა.შ.

რეზიუმე

ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზი არის უდიდესი მცდელობა იმისა, რომ ადამიანის ფსიქიური ცხოვრების ის კომპონენტები იქნას გათვალისწინებული, რომლებიც მანამდე სრულიად გაუგებარი და შეუსწავლელი იყო. თავად ტერმინ "ფსიქოანალიზით" ამჟამად მოიხსენიებენ:

1. სამეცნიერო დისციპლინას
2. გონებრივი პროცესების შესწავლის ღონისძიებათა ერთობლიობას
3. ნევროზული დარღვევების მკურნალობის მეთოდებს

ფროიდის საქმიანობას და მის ფსიქოანალიზს დღესაც ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა მის მიერ შემოღებული ცნებები (id, Ego, Super-Ego, თავდაცვის მექანიზმები, სუბლიმაცია, ლიბიდო) ეს ცნებები, ჩვენს დროშიც ესმით და მათ იყენებენ როგორც მეცნიერები, ასევე ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანები. ფსიქოანალიზი აისახა მრავალ მეცნიერებაში (სოციოლოგია, პედაგოგიკა, ეთნოგრაფია, ანთროპოლოგია და სხვა), ასევე ხელოვნებაში, ლიტერატურაში და თუნდაც კინემატოგრაფიაში.

მსგავსი სტატიები

ტვინი და მისი პროგრამები (ცნობიერების კონტურები)


რობერტ ანტონ უილსონის წიგნიდან - "ცნობიერების ევოლუცია" მთარგმნე...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (შესავალი)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნიკა ვასაძე წინასიტყვაობა...

ვიქტორ გულენკო - ექსტრავერსია, ინტროვერსია და ამბივერსია (ინტერვიუ)


ვიქტორ გულენკო - კლინიკური ფსიქოლოგი და სოციოლოგი, რომელმაც საფუძვე...

ოშო - ფსიქოანალიზის და ფსიქოსინთეზის შესახებ


ოშოს წიგნიდან - "სუფიების ჭეშმარიტება" მთარგმნელი: მამუკა ...

ცნობიერების ომი


მთარგმნელი: ნუცა აივაზაშვილი წყარო მოწყენილობის ექვსმილიონიანი წლ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff