როგორ არ გავუფუჭოთ ბავშვს ცხოვრება - ინტერვიუ მარინა მელიასთან

Admin
ფსიქოლოგია ბავშვების აღზრდა
0
0

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ არ გავუფუჭოთ ბავშვს ცხოვრება. ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგიის პრო...

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო
 
დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ არ გავუფუჭოთ ბავშვს ცხოვრება. ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგიის პროფესორი, რუსული ბიზნესის პირველი პირების ქოუჩი კონსულტანტი ლეგენდარული მარინა მელია. 
 
- მარინა გამარჯობა. მოხარული ვარ, რომ ამ სტუდიაში გხედავთ. თქვენი მახვილგონივრული გამოთქმით, ჩვენ ყველანი ახლა ვცხოვრობთ ბავშვზე ცენტრირებულ სამყაროში, სადაც ბავში სამყაროს ცენტრია, ყურადღების ცენტრია, და მშობლები, რა თქმა უნდა, უსურვებენ რა ბავშვებს ყველაზე საუკეთესოს, ხშირად ცხოვრებას უფუჭებენ მათ. რატომ ხდება ასე და როგორ არ დავუშვათ ეს? ამაზე ვისაუბრებთ დღეს. დავიწყოთ იმით, თუ რატომაა ასე? 
 
- დიახ, თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, რომ ბავშვზე ცენტრირებულობის სიტუაცია რა თქმა უნდა ძალიან ამძიმებს გზას წარმატებისკენ, ბედნიერებისკენ, მომავლისკენ და მათ შორის აწმყოს ბავშვისთვის. რადგან ბავშვი ოჯახის ცენტრშია და მთელი იმედები, მთელი შეხედულებები მათზეა მიმართული, და ყველაფერი მისთვის კეთდება, ოჯახდებიან იმისთვის, რომ ბავშვი ყავდეთ. არ ეყრებიან ერთმანეთს, ითმენენ იმიტომ, რომ ბავშვია ცენტრში. მე ვმუშაობ, ვაკეთებ იმას, რაც არ მიყვარს, და ეს იმისთვის, რომ უნდა შევინახო ბავშვი. ეს ჩემი მთავარი მისიაა, ბავშვებისთვის ვცხოვრობ. ეს ფრაზები უფრო და უფრო ხშირად გვესმის, და მათ მიესალმებიან კიდეც საზოგადოებაში: „ნახეთ, რა თავდადებული დედაა, ყველაფერს აკეთებს თავისი შვილისთვის“. ეს საშინელებაა. ეს უმძიმესი ტვირთია, რომელიც ბავშვს მხრებზე აწევს. და რაც მთავარია, მისგან ითხოვენ... თუ მე ასეთი იდეალური დედა ვარ, მაშინ აბსოლუტურად იდეალური ბავშვიც უნდა მყავდეს. და წარმატების ეს კულტი, რომელიც ამჟამად სუფევს მრავალ ოჯახში, რა თქმა უნდა ძალიან საზიანოა ბავშვებისთვის.
 
თუკი წარმატების კულტზე ვისაუბრებთ, მე დავასახელებდი ორ ვარიანტს: პირველს პირობითად შეგვიძლია დავარქვათ ჩემპიონი. ბავშვისგან ცდილობენ გამოზარდონ ოლიმპიური ჩემპიონი, საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, ისეთივე ბანკირი, როგორიც მამამისია, სახელგანთქმული ქიმიკოსი, რომელიც ნობელის პრემიას მიიღებს და ა.შ. ანუ რაღაც ერთში - მწვერვალისკენ. ან მეორე ვარიანტი - სრული ფრიადოსანი. როცა ბავშვმა რაც შეიძლება მეტი დისციპლინა უნდა დააგროვოს, რაც შეიძლება მეტი უნარი უნდა დააგროვოს, ანუ მისი ცხოვრების ზურგჩანთაში რაც შეიძლება ბევრი უნდა ჩაყარონ. რადგან მშობლები ღელავენ შვილების მომავალზე, და ეს მღელვარება რეალურია, მათ მართლაც უკეთესი სურთ მათთვის, მაგრამ რა გამოდის? ბავშვი ადრეული ასაკიდანვე ასე იტვირთება. იგი დაჰყავთ უამრავ წრეზე, სექციაზე, 3 წლიდან რამდენიმე ენას ასწავლიან. წარმოგიდგენიათ რა მძიმე დატვირთვაა ბავშვზე? მაგრამ რაც მთავარია, ეს საერთოდ არაა დაკავშირებული მომავალ წარმატებასთან, და მითუმეტეს ბედნიერებასთან. რაც არ უნდა ვეცადოთ, რომ ასე დავტვირთოთ ბავშვი, ხშირად ხდება შემდეგი. მოზარდობის ასაკში, როცა ბავშვს ესმის, რომ შეუძლია საერთოდ არაფერი აკეთოს და ამით არაფერი დაუშავდება, ბევრი უბრალოდ მიაგდებს ხოლმე ყველაფერს და მშობლები წუწუნებენ: რა ვქნა? არაფერი არ აინტერესებს. ეს მშობლების ძალიან ხშირი ჩივილია დღეს. მას უკვე აღარაფერი უნდა. და მაშინ მომავალშიც აღარაფერი ხდება კარგი. ჩვენ არ ვიცით რა უნარ-ჩვევები და ცოდნა გამოადგება ბავშვს მომავალში. და მნიშვნელოვანია, რომ რაღაც კონკრეტული კი არ ვასწავლოთ შედეგების დადების მოლოდინით, ისე რომ შეცდომის უფლება არ მივცეთ მას, და პასუხისმგებლობა დავაკისროთ იმ ყველაფერზე, რასაც მასში ვდებთ, არამედ მნიშვნელოვანია, რომ მასში გარკვეული თვისებები განვავითაროთ, რომლებიც შემდეგ დაეხმარებიან ცხოვრებაში, რომ თავი თავისუფლად იგრძნოს, რომ თავად შეეძლოს მიზნების დასახვა, თავად გაიგოს, რა უნდას, რა შეუძლია, და ის გაიგებს, რა სჭირდება ამ სამყაროში. 
 
- და როგორ განვავითაროთ ეს თვისებები? და რა თვისებებია ეს?
 
- იცით, არსებობს თვისებათა გარკვეული ნაკრებები. მაგალითად, სელიგმანი და პეტერსონი იძლევიან თვისებათა ნაკრებს, რომლებსაც ბავშვი უნდა ფლობდეს. დავოსში ყოველ წელს განიხილავენ, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს XXI საუკუნეში. ანუ ამაზე მიდის საუბარი. და თუ დავფიქრდებით, რა იქნება მოთხოვნადი? რა თქმა უნდა, მოთხოვნადი ის იქნება, რასაც რობოტები ვერ შეძლებენ. რადგან რობოტიზაციის საუკუნე მოდის. და რა არ შეუძლიათ რობოტებს? მათ არ შეუძლიათ  ჩვენნაირი კომუნიკაცია. მათ არ შეუძლიათ გაუგონ სხვა ადამიანს. ეს იქნება მოთხოვნადი - გაუგო სხვა ადამიანს, გაიგო მისი, შეძლო მისი დარწმუნება, შეძლო ადამიანების დიდ რაოდენობასთან ურთიერთქმედება, რადგან იქნება დიდი პროექტები და ჩვენს ბავშვს მომავალში უნდა შეეძლოს ურთიერთქმედება. 
 
- ანუ გუნდური მუშაობა და არა ინდივიდუალური?

amarina 

- რა თქმა უნდა. რადგან დიდი პროექტები, ვხედავთ, რომ ახლა, კორონავირუსის პირობებში რა მოხდა? ბევრი ქვეყანა გაერთიანდა. ექიმები საზღვრებს გარეშე არიან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ყველა ერთმანეთს ურეკავდა, ყველა ერთმანეთს სწერდა, უკავშირდებოდა და ეძებდა საერთო მეთოდებს, რომლებიც დაგვეხმარებოდნენ. ეს ერთმანეთთან ურთიერთქმედება. უნარი - დაარწმუნო, უნარი - მართო, უნარი - ილაპარაკო, უნარი - მოუსმინო და გაუგო სხვა ადამიანს, ეს იქნება ძალიან მოთხოვნადი თვისებები. და რას ისწავლის ბავშვი, რომელსაც ერთი წრიდან მეორეზე დაატარებენ, და ის ვეღარ ასწრებს გაიგოს - რა მინდა სინამდვილეში? იგი ვერ ასწრებს ვერაფერზე ფიქრს. თავისუფალი დრო არ აქვს. კიდევ რა იქნება მოთხოვნადი? კრეატიულობა. კრეატიულობა და ცნობისმოყვარეობა. და როდისაა ეს შესაძლებელი? მხოლოდ თავისუფალ დროს. მხოლოდ თავისუფალ დროს შეუძლია განავითაროს შემოქმედებითობა, ხელოვნება, ლიდერობა, ცნობისმოყვარეობა. ანუ ბავშვს უნდა მივცეთ თავისუფალი დრო იმისთვის, რომ მას შეეძლოს იოცნებოს, იფიქროს, შეხედოს, რომ შეეძლოს რამე შეუძლებლის გაკეთება. ერთ წუთში მას შეუძლია იქცეს მეხანძრიდან ან სასწრაფოს ექიმიდან ჯადოქრად, ჰარი პოტერად, და ეს ყველაფერი სწრაფად ხდება. ანუ მას შეუძლია იოცნებოს, და შეუძლია მიაღწიოს ამას. და რაც მთავარია იღებს ამ გამოცდილებას. თუ ეს გამოცდილება არ ექნება, ვეღარ დაისახავს იმ მიზნებს, რომლებზეც ყველანი ეტყვიან: „რას ამბობ, არ გამოგივა“.
 
- ანუ მთავარი საიდუმლო თავისუფალი დროა. სწორად გავიგე?
 
- დიახ, მთავარი საიდუმლო თავისუფალი დროა. მაგრამ არა მხოლოდ ეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზღვრები დავუწესოთ ბავშვს. რატომ? იმიტომ, რომ უმნიშვნელოვანესი თვისებები, რომლებიც ადამიანს თავისი მიზნების დასახვისთვის და მიღწევისთვის ჭირდება, რადგან ბევს ხომ უბრალოდ ეშინია საქმის დაწყება, თავდაჯერებულია არაა, უნდა, რომ ყველაფერი სრულყოფილად გამოუვიდეს, მითუმეტეს ასწავლეს, რომ ყველაფერი ყველაზე უკეთ უნდა აკეთოს. მან კი არ იცის, გამოუვა თუ არა. და აქ უკვე უმნიშვნელოვანესი თვისებებია: არ ეშინოდეს შეცდომების, ჰქონდეს თვითკონტროლი, ხასიათის სიმტკიცე, ნება. დღეს ხომ ბიოლოგია ძალიან განვითარდა, და ბიოლოგები ხშირად წერენ იმას, რომ რა ნებისყოფაც გაქვს თავიდან, ის ნებისყოფა გექნება მთელი ცხოვრება. იცით ალბათ ზეფირის ეს ტრადიციული ტესტი (ლინკი: https://www.facebook.com/watch/?v=259078198193616) 4-5 წლის ბავშვებში ერთმა მესამედმა მოითმინა, ორმა მესამედმა ვერ მოითმინა, და ოცი წლის მერე შეხედეს, შემდეგაც დააკვირდნენ და ნახეს, რომ ბავშვები, რომლებმაც მოითმინეს, ყველა გაგებით უფრო წარმატებულნი იყვნენ, უკეთ სწავლობდნენ, აღნაგობა და ჯანმრთელობაც კი უკეთესი ჰქონდათ. მოკლედ ყველაფერი უკეთ ჰქონდათ, მაგრამ აქ ერთი პატარა დეტალია. რამდენი წლის იყვნენ ეს ბავშვები? 4-5 წლის. და საზღვრების ეს პროგრამა მშობლებმა უკვე ერთი წლის შემდეგ უნდა განუსაზღვრონ. უნდა იცოდეთ, როგორ დაუსაზღვროთ ბავშვს გარეგნული საზღვრები, რათა იგი არ იყოს მზად გამუდმებით ამ იმპულსური მოქმედებებისკენ. რათა მისი „ცივი ტვინი“  ჯობნიდეს „ცხელ ტვინს“, როცა გამუდმებით ამ სიამოვნებებს ელოდები, და ეს გარეგნული საზღვრები თავიდან მშობელმა უნდა დააწესოს. 
 
- და როგორ უნდა დავაწესოთ ისინი? როგორ ვისწავლოთ ეს? ვფიქრობ მშობლებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. თუ დედა ამბობს: „არ ჭამო ტკბილი“, და ამ დროს ერთ ზეფირს მეორეზე მიირთმევს...
 
- დიახ, დიახ... ჯერ საზღვრები დავაწესოთ და მერე ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მივაღწიოთ მათ დაცვას. თქვენ მე მკითხეთ კიდევ რა თვისებებია საჭირო. კიდევ აუცილებელია ოპტიმიზმი, რომლის განვითარებაც ასევე შესაძლებელია. არადა ასევე ბიოლოგები გვეუბნებიან, რომ ერთნი ოპტიმისტებად იბადებიან, მეორენი კი არაოპტიმისტებნად. უდავოდ ასეა. ჩვენი დაახლოებით 50% რა თქმა უნდა გენეტიკაა. და ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგ ბავშვს განწყობის ერთი დონე აქვს, ზოგს კი მეორე, მაგრამ თუკი ისეთ ცნობილ მეცნიერს მივმართავთ, როგორიცაა სელიგმანი, რომელიც ბედნიერებას იკვლევს, იქ არსებობს ე.წ. ბედნიერების ნამცხვარი. 50% გენეტიკაა, 10%  განსაზღვრული ატმოსფეროა, რომელშიც ბავშვს ვათავსებთ, ხოლო 40% ჩვენი სიტყვები და ქმედებებია, ჩვენი აზრებია. ანუ მშობლებს შეუძლიათ ისე ქნან, რომ ეს ნება, იგივე ეს ოპტიმიზმი ოჯახში აღიზარდონ. ესაა მაგალითიც და ესაა გარკვეული შეზღუდვებიც, თუკი საზღვრებზე ვსაუბრობთ. თუ მშობელმა თქვა არა - მშვიდად, თავდაჯერებულად, მაშინ ეს არა თანდათანობით კი-ში არ უნდა გადადიოდეს. ბავშვი კაპრიზულია, ათას ვარიანტს იგონებს, თუ რატომ უნდა უთხრა „კი“, - დავიღალეთ, ისეთ განწყობაზე არ ვართ, და კაი, ჯანდაბას, „კი“, აიღე ეს შენი კომპიუტერი და კი აგიკრძალე, მაგრამ ითამაშე. მოცემულ შემთხვევაში ეს საზღვრები თავდაპირველად მშობლებმა უნდა განსაზღვრონ. შეზუდვები არ უნდა იყოს ყველაფერში, მაგრამ გარკვეული მომენტები მკაცრად უნდა იყოს დაცული. ჩემს წიგნში - „შეეშვით ბავშვს“, სწორედ ასე ვწერ: არის ასეთი მშვენიერი წესი: თუკი თქვით არა, მაშინ მიყევით ამ არა-ს და არ გადახვიდეთ კი-ზე. მაგრამ უნდა აირჩიოთ ისეთი „არა“, რომ ეს იყოს ერთი, ორი ან სამი, და არა ისე, რომ ჯერ ყველაფერზე არა თქვათ და მერე ყველაფერზე „კი“.  ამიტომ დაფიქრდით, რისთვის ხართ მზათ რომ იბრძოლოთ? რაში ხართ მზად, რომ სიმტკიცე გამოიჩინოთ? რა გსურთ ჩანერგოთ ბავშვში, რომ ეს - უბრალოდ „არა“. 
 
- მაგალითად გაჯეტები.
 
- დიახ, მშვენიერი მაგალითია, რომელიც დღეს ყველასთვის მტკივნეულია. მაგრამ უნდა ითქვას, რომ გაჯეტები მშვენიერი რამეა, მთლიანობაში ეს კარგია, ეს სამყაროს გვიხსნის, ეს ახალ ურთიერთობებს, ახალ რეალობას გვიხსნის, და ის უნდა მივიღოთ. მაგრამ უნდა შევუზღუდოთ თუ არა? რა თქმა უნდა. განსაკუთრებით ის ბავშვები, რომელთაც მიდრეკილება აქვთ დამოკიდებულობაზე. და აქ ვეთანხმები ბიოლოგებს: ზოგს მეტად აქვს ეს მიდრეკილება, ზოგს ნაკლებად. მაგრამ შეზღუდვები აუცილებლად უნდა იყოს. დროის რა მონაკვეთში ვაძლევთ მისი გამოყენების ნებას? რა მონაკვეთში არასდროს არ ვაძლევთ? და ჩვენ შეგვიძლია ეს განვსაზღვროთ. მაგალითად, ოჯახი სუფრასთან ჯდება სასადილოდ, და ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს. და არავინ არ უნდა აიღოს გაჯეტი. აქ მუშაობს მაგალითიც და აკრძალვაც. დავუშვათ, ძილის წინ, ყველა ერთ ყუთში დებს გაჯეტებს და კეტავს. მშობლებისთვის ეს ძნელი იქნება, მაგრამ უნდა მოითმინოთ. „არა“ ყველასთვის არაა. 

amariana
 
- და თუ ბავშვი ისტერიკებს მართავს, ითხოვს და ცუდ ხასიათზეა, და მაგალითად ჭამაზე ამბობს უარს, თუ ეს სადილობის დროა, ან არ იძინებს, მაშინ რა ვქნათ?
 
- საქმე იმაშია, რომ თუ თქვენი საკუთარი თავისთვის რაღაც მკაფიოდ განსაზღვრეთ და თქვით, რომ ეს - „არა“. მაშინ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით არცერთხელ არ ყოფილა, რომ სიტუაცია არ გაუმჯობესებულიყო, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშობლები მოქმედებენ რკინის ხელით, მაგრამ ხავერდის ხელთათმანით. მშვიდად, ღირსეულად, თავდაჯერებულად და ისე რომ არ დანებდნენ. მანამდე უნდა გაიაზრონ, მზად არიან თუ არა, რომ წავიდნენ ამ კაპრიზებზე, ისტერიკებზე, აგრესიაზე. მშობლების ამოცანაა - აღზარდონ, სრულიად მკაფიოდ გამოთქვან თავიანთი მოთხოვნები, მაგრამ ამასთან ესმოდეთ, რომ ეს მოთხოვნები ბევრი არ უნდა იყოს. მიყვარს ხოლმე თქმა, რომ ყოველთვის მიყევით „შვეიცარიული ყველის“ მეთოდს, როცა პრობლემების უზარმაზარი კედელია, გააკეთეთ მასში ერთი ხვრელი, რომ სინათლე გამოჩნდეს, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე და მორჩა, მიაღწიეთ ამას, სრულიად მშვიდად, და თუ ამას აბსოლუტურად ღირსეულად, მკაფიოდ და მშვიდათ გააკეთებთ, ბავშვები მაშინვე იგრძნობენ ამას. ცოტა ისტერიკას მოაწყობენ, ცოტას ინერვიულებენ, თქვენც გაიძულებენ რომ ინერვიულოთ, მაგრამ მშვიდად, სიყვარულით აუხსენით, რატომაა ასე საჭირო, და მორჩა.  „და სხვებთან რომ ასე და ასეა?“ „ჩვენს ოჯახში ასეა.“ და რატომ ვამბობთ - შეეშვით ბავშვებს, იმიტომ, რომ პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა გადაიტანოთ ყურადღების ფოკუსი. თუ თქვენი ქცევა ასეთი იქნება, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება. 
 
მაგრამ, ამასთან ერთად, რატომ იტანჯებიან დღეს ასე ბავშვები მშობლებისგან? იმიტომ, რომ მშობლებს სურთ სრულყოფილები იყვნენ. ეს სრულყოფილების, იდეალის, სუპერ-დედობის კომპლექსი ძალიან სახიფათოა ბავშვისთვის, რადგან სუპერ დედას სუპერ შვილი უნდა ყავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ დავამტკიცო რომ სუპერ-დედა ვარ? ის ყველაზე ადრე უნდა კითხულობდეს, ყველაზე ადრე უნდა დადიოდეს, ყველაზე ადრე უნდა დაჯდეს ქოთანზე, ყველაზე ადრე უნდა იაროს ბალეტზე და ა.შ.
 
- რა ემართებათ ისეთ ბავშვებს, რომლებიც ასეთ პირობებში იზრდებიან? ალბათ თქვენს კლიენტებს შორის ბევრია ასეთი ოჯახიდან. 
 
- ყველაზე ხშირად, სამწუხაროდ, ასეთ ბავშვებს არაფერი არ უნდათ. და სწორედ ამაზე ვიწყებ მუშაობას. მოცემულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მშობლების სრულყოფილებისადმი მიდრეკილების ეს ჩვევა იმის ხარჯზე, რომ ბავშვი წაიყვანოს სრულყოფილებისკენ, საკმაოდ სახიფათოა, პირველ რიგში ბავშვებისთვის, და ამიტომ ხშირად ვამბობ, რომ მშობლებმა აუცილებლად უნდა იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით. არ შეიძლება ილაპარაკო, და რეალურად ისე იმოქმედო, რომ ბავშვისთვის ცხოვრობ. საერთოდ, ცხოვრება ვინმეს გულისთვის - არასოდეს არ შეიძლება. შენ უნდა იცხოვრო საკუთარი თავისთვის. ბავშვს მაქსიმალურად უნდა დაუთმოთ ის ყურადღება, რაც ჭირდება, მაგრამ სინამდვილეში არც ისე ბევრი სჭირდებათ. და მოცემულ შემთხვევაში დრო საკუთარ თავს უნდა დაუთმოთ: საკუთარ ინტერესებს, საკუთარ სამუშაოს, რადგან როცა ბავშვზე გადაგვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენს ცხოვრებაზე - „მთელი ცხოვრება შენ მოგიძღვენი“, „ყველაფერი მივატოვე შენს გამო“, - ეს საშინელებაა. წარმოგიდგენიათ, რამხელა პასუხისმგებლობა აქვს ადამიანს არა მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე, არამედ სხვა, მისთვის ძვირფას ადამიანზეც. ამის გაძლება შეუძლებელია, ამიტომ მშობლების მოვალეობაა - გააჩნდეთ საკუთარი ცხოვრება, და აქცენტი გააკეთონ ბავშვის პრობლემებზე მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ჩნდება. დიახ, პირველი წელი მაქსიმალურად ვართ ბავშვთან, ეს საიმედო კავშირი სწორედ ასეთი კონტაქტით მყარდება, შემდეგ კი ბავშვს უფრო და უფრო ნაკლები დრო უნდა დაეთმოს, და უფრო და უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოს საკუთარ თავს, და ოჯახში გარკვეული ატმოსფეო შეიქმნას. თუკი ბავშვთან საკუთარ საქმეებს განიხილავთ, და თუ გაქვთ რაიმე სათქმელი, გასაზიარებელი, ის ხედავს, როგორ ცხოვრობთ და ეს იქნება ცხოვრების მოდელი მისთვის. 
 
- და თვითონაც შეძლებს, რომ მოგიყვეთ თავის შესახებ.
 
- რა თქმა უნდა, თუ მას ესმის, რომ შეუძლია მოგიყვეთ, და ეს იქნება ჯანსაღი საუბარი, იგი მიხვდება, რომ მშობელი მისი საყრდენი და იმედია, და ეს ყველაფერი არის, მაგრამ არ არის გამუდმებული წნეხი და ყოველ წვრილმანზე კონტროლი მშობლების მხრიდან. 
 
- თქვენ თქვით, რომ ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო. რამდენი უნდა იყოს ეს დრო, და როგორ უნდა გაატაროს ბავშვმა ის? იწვეს და ჭერს უყუროს, თუ როგორ?
 
- იცით, ეგეც არაა ცუდი. თუ ბავშვი წამოწვება და ჭერს დააკვირდება, ნახავს, მეზობლებმა წყალი ხომ არ ჩამოუშვეს, იოცნებებს, იფანტაზიორებს, ეს საერთოდ არაა ცუდი. იგი ისწავლის მოწყენას, საკუთარ თავთან ყოფნას, რაღაცის კეთებას, ფიქრს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ახალგაზრდების უმეტესობამ, რომლებიც ასეთ რბოლაში გაიზარდნენ, უკვე აღარ იციან რა მოუხერხონ საკუთარ თავს. არ იციან რა უნდათ, საკუთარ თავთან მოწყენილები არიან, საკუთარი თავისთვისაც კი არ აქვთ ფორმულირებული სურვილები. ეს სამი მთავარი წესი: საზღვრები, თავისუფალი დრო და სითბო, სიყვარული, ეს სამივე ერთიანობაშ უნდა იყოს, რადგან თუკი უბრალოდ ოთხივე მხარეს გავუშვით ბავშვი და არანაირი საზღვრები არ დავუწესეთ, და არ არის სიყვარულის და მზრუნველობის ატმოსფერო ოჯახში, მაშინ ეს ძალიან საზიანოა. თუ მხოლოდ მკაცრი საზღვრები და გამუდმებული კონტროლია თავისუფლებისა და სიყვარულის გარეშე, ესეც ასევე საზიანოა. ამიტომ ეს სამი ოქროს წესი ხდის ბავშვს ბედნიერს და წარმატებულს. 
 
- ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა არ მოახდინონ თავიანთი ამბიციების ან არარეალიზებული წარსული სურვილების განცორციელება ბავშვის მეშვეობით.
 
- ჩვენ ვისაუბრეთ წარმატების კულტზე. და როდის ხდება ხოლმე ეს ჩვეულებრივ? მაშინ, როცა სურთ, რომ მათი საქმე გააგრძელონ. ასეთ მაგალითებს ხშირად ვხედავთ, ანუ როცა მინდა, რომ ჩემნაირი გახდეს, ან მეორე ვარიანტი, როცა ამაზე ოცნებაც კი არ შემეძლო. მაგალითად მინდოდა ბალეტზე მევლო და ამიტომ ვოცნებობ, რომ დიდ თეატრში ვიჯდე და ჩემი შვილი მაკნატუნაში მონაწილეობდეს და სცენაზე ვხედავდე. და ამ ოცნების გამო ბავშვი იტანჯება. 
 
- თავისუფალი დროის შესახებ ისევ მინდა გკითხოთ, რამდენი უნდა იყოს იგი თქვენი რეკომენდაციით? დღეში ერთი საათი, ორი საათი?
 
- ყოველ შემთხვევაში 2 საათი მაინც. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ამის შესაბამისად, მაგრამ სკოლამდელი ასაკის ბავშვს 3 საათი მაინც უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა ვაკვირდებით მას და თვალყურს ვადევნებთ, მაგრამ თავისუფალი თამაში ბავშვის მთავარი საქმიანობა უნდა იყოს სკოლამდე. და ბევრი მშობელი უკვე 4-5 წლიდან ართმევს ბავშვს ამის შესაძლებლობას. თავისუფალი თამაშის გარეშე იგი ვერ განვითარდება. საქმე იმაშია, რომ ჩვენს ტვინს განვითარების გარკვეული კანონები აქვს, და თავდაპირველად ყალიბდება ემოციური სფერო, მამოძრავებელი სფერო, სენსორული სფერო, და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ინტელექტუალური სფეროს განვითარება, კითხვა და ა.შ. როცა ვარღვევთ ბუნების ამ კანონებს და მის წინააღმდეგ მივდივართ, ეს ძალიან მავნეა ბავშვისთვის. და ეს თავისუფალი თამაში წამყვანი საქმიანობაა ბავშვისთვის ზოგადად. როლური თამაშები, ფანტაზიები, როცა ჯოხი იქცევა ცხენად, კოვზად, თერმომეტრად ან ჯადოსნურ ჯოხად. ეს უბრალოდ აუცილებელია. თუკი ბავშვს სკოლამდელ ასაკამდე ეს ყველაფერი არ ექნება, მისი განვითარება დაირღვევა. ეს ძალიან სახიფათოა. ის ვერ იქნება ლიდერი, ვერ შეძლებს ნორმალურად ურთიერთობას, ოცნებას, ცნობისმოყვარეობის გამოვლენას. ფაქტიურად ვთრგუნავთ ამ გრძნობებს და განვითარების საშუალებას არ ვაძლევთ. ტვინს თავისი განვითარების ეტაპები აქვს, და როცა დროზე ადრე ვასწავლით კიტხვას და დათვლას, ბუნების წინააღმდეგ მივდივართ და ლოგიკას ემოციებს ვუპირისპირებთ. არადა ემოციური სფერო უნდა მომწიფდეს, და ზემოთ ნახსენები ძალიან მოთხოვნადი ემოციური ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ბავშვები მაინც ისწავლიან კიტხვასაც, წერასაც და თვლასაც, არაფერი საშიში არ მოხდება თუ ეს ცოტათი დაგვიანდება. 
 
რატომაა ეს ასე სახიფათო? იმიტომ, რომ ჩვენ ვიპარავთ თავის ტვინის იმ ზონებისგან, რომლებიც ამ მომენტში ამ ენერგიას საჭიროებენ, და გადაგვაქვს იმ ზონებში, რომლებიც ჯერ არაა მომწიფებული. და გამოდის, რომ უბრალოდ ზიანს ვაყენებთ ბავშვს. საჭიროა ბუნებას მივყვეთ, და ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ეს. ბავშვს უნდა მივცეთ თავისუფალი დრო და რაც შეიძლება მეტი ისეთი თამაში, სადაც თვითონ შეუძლიათ შემოქმედებითობის გამოვლენა, და რაც შეიძლება ნაკლები ისეთი თამაში, სადაც ყველაფერი უკვე წინასწარგანსაზღვრულია. 
 
- თავისუფალი დრო ალბათ მოზარდობის პერიოდშიც მნიშვნელოვანია.
 
- ყოველთვის. თავისუფალი დრო საჭიროა ყოველთვის. ის სჭირდება ნებისმიერ ადამიანს, ჩემს ასაკშიც, რადგან მე ახლა ახალ წიგნს ვწერ, და იქ მექნება თავი სიზარმაცის და პროკრასტინაციის სარგებელის შესახებ. როგორ გვეხმარებიან ისინი.
 
- შეგიძლიათ მოკლედ მოგვითხროთ?
 
- საქმე იმაშია, რომ შემოქმედება მხოლოდ სიმშვიდეში შეგვიძლია. და მაშინ, როცა შეგვიძლია ჩავიძიროთ რაღაცაში, ვიფიქროთ მასზე, ამ მომენტში შეიძლება დაიბადოს რაღაც იდეა. 
 
- ვისაუბროთ შედარებებზე, რამდენად ცუდია ეს ბავშვისთვის, მაგალითად მაშენკამ უკვე ჩინური ისწავლა, შენ კიდევ ინგლისურს ძლივს სწავლობ. 
 
- საქმე იმაშია, რომ ეს ბავშვში მხოლოდ ნეგატიურ გძნობებს ჰბადებს. პირველ რიგში აგრესიას მაშასადმი.იცით, ასეთი შემთხვევა მქონდა ჩემს პირად ცხოვრებაში. ჩემი უფროსი ვაჟი სკოლიდან მოდიოდა, შემდეგ სადღაც მიდიოდა სამეცადინოდ. ჩემთან მოდიოდა, რაღაცეებს განვიხილავდით, შემდეგ მეგობრებთან მიდიოდა და ა.შ. მოკლედ კარგი მაგალითი იყო სხვა დედისთვის. და მან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ტვინი გაუბურღა თავის ბავშვს ამ მაგალითით. ეჩვენებოდა, რომ ამით თავისი ბავშვის მობილიზებას მოახდენდა. და იცით, რით დასრულდა ეს? ფრიად ტრაგიკულად. როცა ჩემი შვილი კოდს კრეფდა სადარბაზოში, ის უკნიდან მივარდა და ზურგში დანა ჩაარტყა. ესაა რეალური აგრესია. მე რა თქმა უნდა არ აღმიძრავს არანაირი საქმე და ისე მოვაგვარე ყველაფერი, და მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით. და აგრესია ასე გამოვლინდა, მაგრამ აგრესიას ყველა განიცდისს. მათ შეუძლიათ დათრგუნონ იგი, ან ასეთი ფორმით არ გამოავლინონ, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ, რას განიცდის ბავშვი?
 
შემდეგი - ესაა არასრფულფასოვნების გრძნობა. ტემპერამენტის მიხედვით ყველას სხვადასხვანაირად გამოუვლინდება. ზოგში ჭარბობს აგრესია, ზოგში კი დათრგუნულობა: „არაფერი გამომივა, მაშაზე უარესი ვარ“ და ა.შ., ანუ არასრულფასოვნების გრძნობა. ჩვენს ყველა ასეთ არასწორ ქცევაზე ყოველ ბავშვს შესაძლოა სხვადასხვა საპასუხო რეაქცია ჰქონდეს, მაგრამ მისი სხვასთან შედარება როგორც წესი არაფერს პოზიტიურს არ მოიტანს. ჯობია იმას შეადაროთ, რაც აქამდე გაუკეთებია. მაგალითად რაღაც ადრინდელზე უკეთ გააკეთა. ასეთი შედარებები ყოველთვის სასარგებლოა, თან კონკრეტულია: შეხედე, ადრე ასე აკეთებდი ამას, ახლა კი ასე შეგიძლია. და როცა სურთ, რომ შედეგები გააუმჯობესონ სწავლაში, საჭიროა ორიენტირება არა რაღაც შორეულ შედეგზე, მაგალითად, თუ ამას და ამას ჩააბარებ, ამას და ამას გიყიდი. არა. საჭიროა პროცესზე ორიენტირება, და ასეც უნდა მივაწოდოთ ბავშვებს. პროცესისთვის უნდა შევაქოთ იგი. მე ხშირად ვეცნობი ხოლმე ამერიკის კვლევებს, და თუ გვინდა, რომ ბავშვმა უკეთ ისწავლოს, უნდა შევაქოთ პროცესისთვის, და არა შედეგისთვის. არა შედეგისთვის, არამედ იმისთვის, თუ როგორ აკეთებს ამას. სხვებს კი არ შევადაროთ იგი, არამედ იმას, რაც აქამდე გაუკეთებია. ნახე, რა კარგად იმეცადინე, ორი საათი იჯექი, რა კარგი ნებისყოფა გაქვს. 
 
- სწორედ ამის კითხვა მინდოდა: როგორ შევაქოთ სწორად და როგორ გავაკრიტიკოთ სწორად? 
 
- შექება საჭიროა პირველ რიგში პროცესისთვის. უნდა შეგვეძლოს დიდი შედეგისკენ მიმავალი გზის მცირე ეტაპებად დაყოფა. და უნდა შეგვეძლოს ამ ეტაპებით გახარება, მათ შორის ჩვენც, ზრდასრულებსაც, მაგალითი უნდა ვაჩვენოთ ბავშვს, თუ რა კარგია ეს. და უნდა შეაქოთ იმ თვისებებისთვის, რომლებსაც ავლენს. მაგალითად: „რა მაგარი ნებისყოფა გაქვს, ყოჩაღ!“ დავუშვათ, ბავშვს არ შეუძლია კონცენტრირება. ჩვენ ვასწავლით ამას. ვეუბნებით: „15 წუთი არაფერზე არ მოცდე“. არ გამოსდის? მაშინ 5 წუთი არაფერზე არ ცდები, მხოლოდ საგანზე კონცენტრირდები. ყოჩაღ. შემდეგ 10 წუთი, შემდეგ 15 და ა.შ. უნდა შეაქოთ საქმისთვის, იმისთვის, რაც გააკეთა, და არა ყველაფრისთვის. ზოგი მაშინაც აქებს ბავშვს, ხაზი რომ გაუსვას ქაღალდზე, ან უბრალოდ ახტეს, 5 წლის ასაკში. ასეთ შემთხვევაში ბავშვი მუდმივად მოითხოვს აღტაცებას სხვა ადამიანებისგან და ვერ მიიღებს მას. ამიტომ მხოლოდ საქმისთვის, პროცესისთვის, თვისებებისთვის. და ის განვითარდება, მიხვდება რომ უკეთესობისკენ მიდის და არ დაიწყებს აქეთ-იქეთ ყურებას და საკუთარი თავის სხვებთან შედარებას. მას თავად მოუწევს მიზნების დასახვა და მათი მიღწევა, და თუ შესაბამისი მიზანი ვერ დაისახა, ან ვერ მიაღწია მას, რაღაც უნდა შეცვალოს, რაღაც უნდა გადააკეთოს თავის ცხოვრებაში.
 
- და როგორ უნდა გავუბრაზდეთ?
 
- შენიშვნები აუცილებლად უნდა მივცეთ. პირველ რიგში თქვენში არაფერი არ უნდა დაიგროვოთ, რადგან როცა გროვდება, გროვდება, გროვდება, მერე ერთბაშად იღვრება ხოლმე. ყველაზე მთავარია, შეაფასოთ ის კონკრეტული ნეგატიური მოქმედება, რომელიც მოხდა, და არა ადამიანი, რომელმაც ეს გააკეთა. რადგან ეს სიტყვები: სულელო, დებილო, შენ არაფერი არ გესმის - ეს იარლიყები არავის, და მითუმეტეს ბავშვს არ უნდა მივაკეროთ, რადგან ეს ყველაფერი მასში აღიბეჭდება. და აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაფასებთ კონკრეტულ ქმედებას, და გამოვთქვამთ საკუთარ ემოციას: „მე არ მომწონს, რომ ბებოს წამალი არ უყიდე“. და არა ისე, რომ „შენთვის სულერთია“, „მხოლოდ შენ თავზე ფიქრობ, სხვებზე არ ფიქრობ“... „როგორ თუ არ ვფიქრობ“ და იწყება... აქ საჭიროა ჩემი ემოცია: „მე არ მომწონს“ „გაბრაზებული ვარ“, „შენ ეს არ გააკეთე“. უნდა იყოს შეფასება კონკრეტულ მოქმედებაზე: რა არ მომწონს, რა მაღელვებს. და აქ ვერ შეგეკამათება. ჩემი ემოცია, კონკრეტული ქცევა, და არაფრის ინტერპრეტაცია არაა საჭირო: „ეს იმიტომ, რომ ფეხებზე გკიდია“, „იმიტომ არ მოხვედი დროულად, რომ მეგობრები შენთვის ჩემზე უფრო ძვირფასია“, და ა.შ. არანაირი განზოგადება, ინტერპრეტაცია და ფანტაზია. მხოლოდ ემოცია, კონკრეტული საქციელი და შეგიძლიათ უთხრათ რა გსურთ. არაა საჭირო ასჯერ გაუმეოროთ: დროზე მოდი, დროზე მოდი. შეთანხმდით დროზე? ის მოდის ამა და ამ დროს, და თუ აგვიანებს უბრალოდ შემდეგში აღარ უშვებთ. 
 
- რაც შეეხება დასჯას: საჭიროა თუ არა დასჯა, და როგორ უნდა დავსაჯოთ ბავშვი? 
 
- დასჯა საჭიროა, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად უნდა გავაკეთოთ, რადგან უფრო ხშირად, თუ სწორად დაალაგებთ მთელ ამ სისტემას, საზღვრებს, „კი“-ს, „არა“-ს, მაშინ დასჯაც დიდად აღარაფრისთვის დაგჭირდებათ. 
 
- და თუ მაინც მოხდა ასე, როგორ დავსაჯოთ სწორად?
 
- აი, მაგალითად, ზოგი ფიქრობს, რომ დასჯაა, თუ ბავშვს ჯიბის ფულს აღარ მივცემთ. არ შეიძლება ასე გაკეთება. როგორც აძლევდით ისევე უნდა მისცეთ. მე უბრალოდ ვამბობ, რომ დასჯის მეთოდი არც ისე ბევრია. ჯიბის ფულზე კი ბავშვს უარი არ უნდა უთხრათ, რადგან ესაა ბავშვის კუთვნილება ოჯახისადმი, და ჩემი აზრით ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული არც მის ქცევაზე, არც მის წარმატებებზე. მაგალითად, განსაზღვრეთ, რომ გარკვეულ თანხას აძლევთ ბავშვს. ე.ი. უნდა მისცეთ. ესაა მისი კუთვნილება ოჯახისადმი. თანხა უნდა იყოს სრულიად განსაზღვრული და მან უნდა იცოდეს როდის მიიღებს მას, და თქვენ უნდა შეასრულოთ საკუთარი ვალდებულებები მის წინაშე. 
 
- ბავშვდა უნდა ჩაგაბაროთ თუ არა ანგარიში, რამდენი რაში დახარჯა? 
 
- თავიდან შეგიძლიათ ასწავლოთ ეს, განიხილოთ ხოლმე, ეს დამოკიდებულია ოჯახურ ატმოსფეროზე, მაგრამ არაა საჭირო ზედმეტი დაწვრილმანება. არსებობს გარკვეული საზღვრები, მაგალითად აძლევთ გარკვეულ თანხას, მას კი შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ ხარჯოს ეს თანხა. უდავოა, რომ უნდა იყოს საზღვრები, არ უნდა იყიდოს ალკოჰოლი, სიგარეტი, სხვა შემთხვევაში კი რასაც უნდა იმას იყიდის. და კიდევ, რაც ძალიან ნიშვნელოვანია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააჯილდოვოთ ბავშვი საშინაო დავალების შესრულებისთვის, რადგან ოჯახი - ეს არაა მარკეტინგული ურთიერთობები. ოჯახი - ესაა მზრუნველობა, სიყვარული, სიკეთე. და აქ ადამიანი იწყებს იმის გაგებას, თუ რა არის ეს. ბავშვი - ესაა ერთგვარი კუნძული, ჩვენი ღირებულებების კუნძული, და ფულს ვიხდით? არავითარ შემთხვევაში. მე ყოველთვის ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს არაა ბიზნეს ურთიერთობები. მე ვდებ ბავშვში ყველაფერს რაც შემიძლია, და ისიც დებს თავისას ოჯახში, რაც შეუძლია. ეს ურთიერთობები ფორმირდება და ეს ნორმალურია. რა თქმა უნდა, ბავშვს დიდად არ უნდა დალაგება, რაღაცეების კეთება, მაგრამ ეგ არაფერი, ჩვენც არ გვინდა, მაგრამ ვაკეთებთ. კიდევ ვიმეორებ, არ უნდა გადაუხადოთ ბავშვს ამ ყველაფრისთვის. ასევე არ შეიძლება დაჯარიმება ჯიბის ფულით, თუ რაღაც ისე არ გააკეთა. 
 
- ძალიან საინტერესოა. არ გეჩვენებათ, რომ ბავშვს შესაძლოა ჩამოუყალიბდეს არასწორი ფსიქოლოგიური შეგრძნება, რომ ფული ციდან ცვივა. ჩვენ ხომ გამოვიმუშავებთ მათ, ტყუილად ხომ არ გვაძლევენ. მას კი უხდიან, და გაუგებარია რისთვის. 
 
- მას არაფრისთვის არ უხდიან. ჯიბის ფული არაა ანაზღაურება. ჯიბის ფულით მას ეძლევა საშუალება, რომ თავისი სხვადასხვა სურვილების რეალიზაცია მოახდინოს. მას შეუძლია ის გააკეთოს, რაც უნდა. ის სწავლობს ამით. ჯიბის ფული კარგი ტრენაჟორია იმისთვის, რომ მან გამოიყენოს გარკვეული დონით თავისუფლება, ისწავლოს ფულის ხარჯვა, მისი განკარგვა. ეს მშვენიერი ტრენაჟორია, და ეს არაა ანაზღაურება რაღაცისთვის. ამიტომაც ვამბობ, რომ ფული არ უნდა მისცეთ ანაზღაურების სახით. ჩვენ ვმუშაობთ და გამოვიმუშავებთ ფულს, მას კი ფული ეძლევა, როგორც ოჯახის წევრს, რომ შეეძლოს კინოში წასვლა, რაღაცის ყიდვა. მაგრამ ამასთან, დავუშვათ, შვილთან ერთად მაღაზიაში შეხვედით და საღეჭი რეზინის ყიდვას გთხოვთ. თქვენ ეუბნებით: „შენ ხომ გაქვს ჯიბის ფული“. ის გეუბნებათ: „სახლში დამრჩა“. თქვენ აძლევთ, მაგრამ მან უნდა დაგიბრუნოთ. დავუშვათ არ გაახსენეთ და აკვირდებით როგორ მოიქცევა. შემდეგ ჯერზეც თუ იგივე განმეორდა, თქვენ ეუბნებით: „ვეღარ მოგცემ ფულს, შენ ცუდი საკრედიტო ისტორია გაქვს“ (იცინის). 
 
- და თუ ბავშვს იმაზე მეტის დახარჯვა უნდა, ვიდრე აქვს, და ან ვალად გვთხოვს, ან უბრალოდ გვთხოვს?
 
- იცით, ჯობია არ მისცეთ და ისწავლოს ხარჯების სწორად გათვლა. ყველაფერი მშობლებზეა დამოკიდებული. თუ თქვენ სრულიად მკაფიოდ და განსაზღვრულად აკეთებთ ამას, ყველაფერი აუხსენით და არ წამოეგებით მის კაპრიზებზე, ან იმაზე, რომ მას ისე უყვარხართ მოცემულ მომენტში, რომ გინდათ ძალიან კარგი იყოთ მისთვის, მაშინ ბავშვები მალევე გებულობენ ყველაფერს. ბავშვები ადაპტიურები არიან. მათ ყველაფერი მშვენივრად ესმით და ძალიან მალე იწყებენ ისე გაკეთებას, როგორც საჭიროა. ყველაფერი დამოკიდებულია მშობლებზე. ამიტომაც ვამბობ: შეეშვით ბავშვებს და მოახდინეთ ყურადღების კონცენტრაცია საკუთარ თავზე. თუ პრინციპულად მოქმედებთ, ბავშვები მალე ეჩვევიან ამას, და როცა გეტყვიან, რომ იმ ოჯახში ისეა, და იქ მეტ ფულს აძლევენ, მე ყოველთვის ერთი და იგივეს ვამბობ: „ჩვენს ოჯახში ასეა“. ეს რკინის პასუხია, რომელიც კარგად მუშაობს.
 
- მარინა, როგორ ფიქრობთ, კარგია, როცა ბავშვის სურვილები მაშინვე, პირველივე მოთხოვნაზევე სრულდება. მშობლებს ხომ საუკეთესო უნდათ შვილისთვის, როგორც თავიდანვე ვთქვით. ბევრი ფიქრობს, აი, მე ბავშვობაშ არ მქონდა ესა და ეს სათამაშო, ან გაჯეტი, ჩემს შვილს კი აუცილებლად ექნება. სწორია თუ არა ეს?
 
- ეს ძალიან არასწორია, რადგან ბავშვი არ განიცდის ოპტიმალურ ფრუსტრაციას. იგი ვერ სწავლობს ლოდინს, მოთმინებას, რაღაცის მიღწევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვს უნდა შეეძლოს მოთმენა. და მოთმინების დრო მის ასაკს უნდა შეესაბამებოდეს. პატარა ბავშვისთვის ეს დრო ძალიან მცირე უნდა იყოს: „მოიცადე, ჯერ ამას გავაკეთებთ, და მერე ამას“. ასაკთან ერთად დროის ხანგრძლივობა უნდა გაიზარდოს. და ეს ოპტიმალური ფრუსტრაცია ძალზე მნიშვნელოვანია. ბავშვები, რომლებმაც ვერ ისწავლეს ამ ოპტიმალური ფრუსტრაციის განცდა, და ვერ იპოვეს თავიანთი „ქოფინგ-სტრატეგია“, ქოფინგ-სტრატეგია - ესაა ქცევა სტრესის პროცესში. ოპტიმალური ფრუსტრაცია ნიშნავს, რომ მე დაუკმაყოფილებელი ვარ რაღაცით. რაღაც მინდა, და არ მაქვს. და ორგანიზმი გარკვეულ სტრესს განიცდის. და ამ შემთხვევაში უნდა ვასწავლოთ ეს ბავშვს. და როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ „ნებაზე“, უდავოა, რომ ყველას დაბადებიდან თავისი წინაპირობა აქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ შეგვიძლია თუ არა აღვზარდოთ ნების გამოვლინებები? უდავოდ. სწორედ ამის ხარჯზე. დღეს ბევრი წიგნი გამოდის ამ თემაზე, რომ ნება, ოპტიმიზმი, როგორც თანდაყოლილადაა ისევე დარჩება, როგორც თვალების ფერი. ეს ბევრს სიტყვა-სიტყვით ესმის. დიახ, რა თქმა უნდა, ყველანი დაბადებიდან ინდივიდუალურები ვართ ამ მხრივ, მაგრამ ნებელობითი ქცევის აღზრდა შესაძლებელია ამ ცნობიერი ოპტიმალური ფრუსტრაციის ხარჯზე. მაშინვე ნუ წამოეგებით ბავშვის ანკესზე. არავითარ შემთხვევაში არ აუსრულოთ ყველა სურვილი. ეს მისთვისვე საზიანოა. აუცილებლად უნდა დატოვოთ გარკვეული მანძილი, და შემდეგ უფრო და უფრო უნდა გაზარდოთ იგი. და მაშინ ის ისწავლოს ლოდინს და მოთმინებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის ისწავლის მიღწევას, ახლა კი საერთოდ განუსაზღვრელობის საუკუნეა. და ისწავლო ცხოვრება განუსაზღვრელობის საუკუნეში „ქოფინგ-სტრატეგიების“ ფლობის გარეშე, ამ ოპტიმალური ფრუსტრაციების განცდის გარეშე, შემდეგ კი არაოპტიმალური ფრუსტრაციებიც ხდება ცხოვრებაში, ნიშნავს რომ შესაძლოა დაანგრიო ადამიანის ცხოვრება. სუიციდების რაოდენობა მოზარდებშ უფრო და უფრო იზრდება. ეს საშინელებაა. ამიტომ, საჭიროა თუ არა ყველა სურვილის ასრულება? რა თქმა უნდა ყველასი არა. მეკითხებიან ხოლმე: კარგია თუ არა, რომ ბავშვს ყველაფერი აქვს? რა თქმა უნდა, კარგია, როცა ყველაფერი აქვს, რაც სჭირდება. და მშობლების საქმეა, რომ განსაზღვრონ, რა სჭირდება. 
 
- და თუ მშობლები ფიქრობენ, რომ არ სჭირდება, ბავშვს კი ამის გარეშე ცოხვრება არ შეუძლია? მაგალითად, ეს კლასში ყველას აქვს, მას კი არ აქვს. და მას შესაბამისად ტრავმა აქვს.
 
- თუ ბავშვები თვლიან, რომ მათ ბავშვს ეს არ სჭირდება, მაშინ მათ შეუძლიათ არ მიაქციონ ყურადღება იმას, რომ ეს სხვებს აქვთ.
 
- ანუ ამ შემთხვევაში ბავშვს ტრავმა არ ექნება?
 
- არ ექნება. ტრავმა ექნება იცით როდის? როცა: არა... კი... კი... არა... ეს იწვევს ტრავმას. 
 
- ფული, თავდაჯერება და წარმატება. როგორც მილიარდელების ქოუჩი-კონსულტანტი, რა კავშირს ხედავთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ადრეული ასაკიდან? 
 
- თუ საერთოდ ფულზე ვილაპარაკებთ, ფული რა თქმა უნდა დიდი ძალაა, გარკვეული ენერგიაა, ყველასთვის მნიშვნელოვანი. მათთვისაც კი, ვინც ამბობს, რომ მათთვის სულერთია, ჩვენს დროში ფული მნიშვნელოვანია, და ეს უნდა ვაღიაროთ. რით განსხვავდებიან წარმატებული ადამიანები, რომლებიც ქმნიან თავიანთ ბიზნესებს, რომლებიც თავდაჯერებულნი და წარმატებულნი არიან, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ფულთან? მათი დამოკიდებულება ფულთან - ესაა როგორც ინსტრუმენტთან, როგორც საშუალებასთან, და არა როგორც მიზანთან. მათ აინტერესებთ თავად ბიზნესი. ფული მათთვის საშუალებაა, რომ ეს ბიზნესი გააფართოვონ, ჰქონდეთ ეს პროექტები, მათ ესმით, რომ ამაზეა დამოკიდებული 5 000 ადამიანი იქნება დასაქმებული მათ ბიზნესში თუ 25 000, ამ პროექტს შექმნიან თუ იმ პროექტს, და ფული ამისთვის ჭირდებათ. ეს სულ სხვაა. არა ფული თავისთავად, არამედ როგორც ინსტრუმენტი, საშუალება საკუთარი სურვილების, შესაძლებლობების, ოცნებების ასრულებისთვის. ანუ ისინი არიან ფულის ბატონები. და ძალიან ცუდია, როცა ფული ხდება შენი ბატონი, როცა ის იწყებს ადამიანის მართვას. და ასეთი შემთხვევები ბევრია. და ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ტერმინი: „ფულთან დაკავშირებული ქცევა“, რომელიც ყველა ადამიანს აბსოლუტურად სხვადასხვა აქვს. და ეს „ფულთან დაკავშირებული ქცევა“ შეიძლება ფორმირებულ იქნეს ბავშვობიდან. ამის მაგალითია, როცა ადამიანი დამოკიდებულია ფულზე: ძუნწი რაინდი, პლიუშკინი და ა.შ. ანუ ისინი, ვინც აგროვებენ. ესაა ფული უბრალოდ იმისთვის, რომ დააგროვოს, დააგროვოს, დააგროვოს და ა.შ. ადამიანი მსხვერპლად წირავს აწმყოს, არ ცხოვრობს იმ ცხოვრებით, რომლითაც შეიძლება იცხოვროს. თავის ახლობლებსაც სიღატაკეში აცხოვრებს, თვითონაც არ ხარჯავს, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფული იყოს. რა არის ეს? ესაა როცა თავდაჯერებულობა არ გაქვს. წეღან თქვით: ფული თავდაჯერებულობაა? არა, შეიძლება უზარმაზარი ფული გქონდეს, მაგრამ თავდაჯერებული არ იყო. ესაა ცხოვრებისგან გარკვეული საფრთხის შეგრძნება. ამიტომ ის ინახავს ფულს, როგორც უსაფრთხოების გარანტს. და ფული მართავს მას, და არა პირიქით. ან დავუშვათ, ცნობილი შოპოჰოლიკები - ეს იმპულსური ხარჯვა, როცა ადამიანს არ შეუძლია თავის შეკავება და შეუძლია ფაქტიუყრად ყველაფერი დახარჯოს. რა თქმა უნდა, ასეთი იმპულსური ხარჯვა გარკვეული დოზით ყველასთვიოს კარგია: რამე იყიდოს, სადმე დაჯდეს და ყველაზე ძვირადღირებული სასმელი დალიოს, რაღაც უსარგებლო ნივთი იყიდოს და ა.შ. ეს ყველაფერი ცუდი არაა, მაგრამ როცა ადამიანს საერთოდ აღარ შეუძლია საკუთარი თავის კონტროლი, აქ არანაირ თავდაჯერებაზე საუბარი აღარაა. ეს ძალიან დაბალი თვითშეფასების ნიშანია, რომელიც ადამიანს სურს რომ აიმაღლოს, ხშირად ფლანგვის ხარჯზე, რომ აჩვენოს: მე ეს შემიძლია, ამის ყიდვა შემიძლია, თითქოს ყავარჯნებივით აქვს ეს ფული. ეს თავდაუჯერებლობაა. ან დავუშვათ ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებს ყიდულობენ: მეგობრობას, სიყვარულს. ან საკუთარ გარემოცვად მასზე დამოკიდებულ ადამიანებს ირჩევს, თითქოს მისი მეგობრები არიან. იგი ყიდულობს ამ ფსევდო-მეგობრობას. ესეც თავდაჯერების არქონაა. ამიტომ ბევრია „ფულთან დაკავშირებული ქცევის“ ასეთი სახე, რომლებიც შეგვიძლია გავაანალიზოთ და რომლებიც ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მეტყველებენ. და აქ მნიშვნელოვანია: ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, როცა ფული ჩვენთვის ინსტრუმენტია. გვიხარია, როცა გამოვიმუშავებთ მას, რადგან ეს ჩვენს პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვიხარია, რომ თავისუფლად შეგვიძლია განვკარგოთ იგი, სადმე წავიდეთ და ა.შ. მოკლედ, ეს მშვენიერია, როცა ჩვენ მათ ვეპყრობით, როგორც ერთგვარ ინსტრუმენტს, მაგრამ ამის ფორმირება ბავშვობიდანვეა საჭირო. 
 
პირველ რიგში უნდა შევხედოთ საკუთარ თავს: რის ტრანსლირებას ვახდენთ ბავშვისთვის. და თუ ჩვენს სიტყვებს, რომლებიც ფულს ეხება, ჩავიწერთ ხოლმე, მაშინ გავიგებთ, რას შთავუნერგავთ ბავშვს. რადგან მშობლების პროგრამები ჩვენი ხმით შემდეგ ზრდასრულ ადამიანებში იწყებენ მუშაობას. 
 
- ჩემმა მეგობარმა დაიჭირა საკუთარი თავი იმაზე, რომ გამუდმებით ეუბნებოდა თავის შვილს: „ხელი არ მოკიდო, ძვირია“.
 
 - ან ფრაზე: „ამის ყიდვის უფლებას ვერ მივცემთ თავს“. ეს ეთხელ ისეთი ადამიანის ცოლმა თქვა... და ეს სწორედ მშობლების პროგრამებია. ადრე, მეოცე საუკუნეში მაინც შედარებით ადვილი იყო, იმ დროს ყველა მეტ-ნაკლებად ერთნაირად ცხოვრობდა, ახლა ყველაფერი ბევრად გართულდა, და მშობლების პასუხისმგებლობაც ამასთან მიმართებაში უფრო მეტია. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რის ტრანსლაციას ვახდენთ, რას ვამბობთ, რას ვაკეთებთ. და ყველას საკმარისი ინტელექტი აქვს ამაზე რომ დაფიქრდეს. 
 
- ადრე მირებული იყო, რომ „ფულში არა ბედნიერება“, „ფული არაა მთავარი“... როგორ მოვეპყროთ სწორად ფულს, რომ  არც ბედნიერებაა, მაგრამ მათ გარეშეც ცუდია...
 
- სელიგმანმა ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარა. საშუალო კლასამდე ფული მართლაც დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან და ბედნიერებასთან. როგორც კი მიიღწევა ეს საშუალო დონე და შეგვიძლია ვუზრუნველყოთ თავი სახლით, ტანსაცმლით, საჭმლით, დასვენებით, შემდეგ უკვე მას ბედნიერებასთან არანაირი კორელაცია აღარ გააჩნია. ეს ძალიანმნიშვნელოვანია. ამიტომ ასეთი გონივრული ქცევა, მათ შორის ქველმოქმედება, სუსტების და ავადმყოფების დახმარება, როცა მშობლები იძლევიან ამის მაგალითს, ეს ძალიან კარგად მოქმედებს ბავშვებზე. ამიტომ ფული შეიძლება იყოს აღზრდის ინსტრუმენტი, როცა ჯიბის ფულს ვაძლევთ, ვინმეს ვეხმარებით, ცნობიერად ვხარჯავთ და ვაჩვენებთ, რა რა ღირს. ანუ ფულზე უნდა ვისაუბროთ მშვიდად და ღირსებით. არ ვაქციოთ იგი გოლიათად, რომელიც გვმართავს, არც დავამციროთ მისი მნიშვნელობა, არამედ ზუსტად იმდენს უნდა ნიშნავდეს ჩვენთვის, რამდენსაც ნიშნავს. სულ ესაა. და როცა მშობლებს ასეთი მშვიდი დამოკიდებულება ექნებათ, ეს ბავშვებსაც გადაეცემათ. 
 
- მაგრამ ფული - ეს წარმატებაა თანამედროვე მსოფლიოში? და რა არის წარმატება?
 
- ფული ყოველთვის წარმატება არაა, რადგან არსებობს პროფესიები, რომლებიც არ ღირს იმდენი, მაგალითად პოპ-მომღერალმა შეიძლება მეტი ფული აიღოს, ვიდრე ოპერის მომღერალმა. შეგვიძლია თუ არ ვთქვათ, რომ ის არაა წარმატებული? რა თქმა უნდა არა. ფული არაა წარმატების აბსოლუტური საზომი. და ესეც უნდა ვასწავლოთ ბავშვებს. თუკი მას რაღაც სურს, და აქვს ამის გაკეთების შესაძლებლობა, მან უნდა გაიგოს, რომ ამან შეიძლება არ მოუტანოს ბევრი ფული, მაგრამ მოუტანს წარმატების შეგრძნებას. მაგალითად, ჩემი უფროსი ვაჟი აუტისტ ბავშვებთან მუშაობს. ამ სამუშაოს არ მოაქვს ბევრი ფული, მაგრამ წარმატებულია თუ არა იგი? უდავოდ. 
 
- როგორი დამოკიდებულება გაქვთ იმასთან, რომ ზოგიერთი მშობელი აიძულებს ბავშვს, რომ გამოიმუშავოს, გარკვეულ კონკურსებზე, შეჯიბრებებზე და ა.შ. რათა ფული გამოიმუშავონ. რამდენად საზიანოა ეს? 
 
- მოცემულ შემთხვევაში ვთვლი, რომ ფულის გამომუშავება ბავშვების მიერ, მათი ექსპლუატაციაა. სულ ესაა. და ამას კარგი არაფერი მოაქვს, რადგან ეს არაა ბავშვის პოზიცია. უნდა გაითვალისწინოთ, შეესაბამება თუ არა ეს ბავშის ასაკს. ყოველ ასაკს გააჩნია გარკვეული მოთხოვნები განვითარებისთვის, აღზრდისთვის, ფიზიოლოგიისთვის, ცნობიერებისთვის. ცნობიერებაც ხომ თანდათანობით ვითარდება. მაგალითად, ფრონტალური წილები 21 წლის ასაკისთვის მწიფდება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი ძალიან თანდათანობით ხდება, და როცა ბავშვს უკვე ესმის, რომ ახლა უკვე დიდია, და სინამდვილეში ზრდასრული არაა, ისეთი ქაოსი ექმნება გონებაში, რომ მშობლები უნდა დაფიქრდნენ საკუთარი შვილის ფსიქიკის უსაფრთხოებაზე. რადგან ამით მას ნორმალურად განვითარების საშუალებას არ აძლევენ. 
 
- მარინა, მე ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ბრძენი მშობლების წესები, ასეთი ჰეშთეგი ინსტაგრამზე, და იქ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა ალბათ ესაა, „როგორ აღვზარდოთ ბავში წარმატებული?“ და თქვენ კონკრეტული რეცეპტი გაქვთ. გაგვიზიარეთ თუ შეიძლება.
 
- იცით, ასეთი რეცეპტი ბევრია. როცა ინდივიდუალური კონსულტაცია მიდის, ბავშვის შესაბამისად ხედავ და გესმის რა უნდა გააკეთო მოცემულ შემთხვევაში. და აქ მინდა ვუთხრა მშობლებს, რომ პირველ რიგში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ისწრაფვოდეთ სრულყოფილებისკენ, არც თქვენ და არც ბავშვს უბიძგოთ ამისკენ. ეს ძალიან საზიანოა, თქვენთვისაც და პირველ რიგში ბავშვისთვის. და მეორე - უნდა ენდოთ საკუთარ ინტუიციას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს უამრავი წიგნი, უამრავი თეორია. აი, მეც ვლაპარაკობ, ესეც მნიშვნელოვანია, მოისმინეთ, მაგრამ გააკეთოთ საკუთარი დასკვნები. თქვენზე უკეთ არავინ იცნობს თქვენს ბავშვს. თუ მშობლები ცნობიერად მიუდგებიან ამას და მიხვდებიან, თუ როგორ მოქმედებს მშობლების სიტყვები და ავტორიტეტი, ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამრიგად, არ უნდა ისწრაფვოდეთ სრულყოფილებისკენ, დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას, და შეხედეთ საკუთარ თავს, ცხოვრების როგორ მოდელს აძლევთ ბავშვს. ჩვენი საუბრის შემდეგ ასე მოვახდინე ამ წესების ფორმულირება. სხვა დროს ეს შეიძლება შეიცვალოს. ბრძენი მშობლების ეს მარტივი წესები, ყველაზე მთავარია, რომ ყველამ თვითონ უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი თავისთვის. რა არის საჭირო მოცემულ მომენტში? დაფიქრდით ამაზე, და ყველაფერი გამოგივათ. ბავშვიც ბედნიერი და წარმატებული იქნება. 
 
- უღრმესი მადლობა მარინა. ეს იყო მარინა მელია და მარიანა მინსკერი. ყველას გისურვებთ სიყვარულს. 

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

11 რამ, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს


მთარგმნელი: ალექს ელიოსიძე წყარო 25 წლიანი პედიატრიული პრაქტიკი...

აღზარდე საკუთარი თავი, სანამ ბავშვებს აღზრდი


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული გაახმოვ...

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის აღრზდისას?


ავტორი: ნანა აბესაძე 1.აუცილებლად მოუსმინეთ მას, როცა სტრესის ქვ...

მარია მონტესორი - 40 რჩევა მშობლებისთვის


(მარია მონტესორის წიგნის - "მონტესორის ენციკლოპედიის" - მასალების...

მასტურბაცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებში


რა არის მასტურბაცია? მასტურბაცია არის გენიტალიების თვით-სტიმულაც...

სტრესის გამოვლინება ბავშვებში


ავტორი: ნანა აბესაძე სტრესი არის ფსიქიკის რეაქცია, გარემო მატრავ...

როგორ არ გავუფუჭოთ ბავშვს ცხოვრება - ინტერვიუ მარინა მელიასთან


დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ არ გავუფუჭოთ ბავშვს ცხოვრება. ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff