კარლ გუსტავ იუნგი: რაც უფრო დიდია ბრბო, მით უფრო უბადრუკია ინდივიდი

Admin
ფსიქოლოგია კარლ გუსტავ იუნგი
0
0

ბრბო

მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი

წყარო

როგორ შეიძლება გადაიქცეს ინდივიდი უპიროვნო წაშლილ ერთეულად;
 
რატომ ხდება სახელმწიფო, როგორც აბსტრაქტული იდეა, ადამიანურ ცხოვრებაზე უფრო მეტად რეალური და რამ შეიძლება შეცვალოს თანამედროვე სამყაროში ადამიანის არცთუ სახარბიელო მდგომარეობა: გიზიარებთ ფრაგმენტს შვეიცარელი ფსიქიატრის კარლ იუნგის წიგნიდან „გამოუმჟღავნებელი მეობა“:
 
როგორ უკავშირდება სამყაროში დღეს არსებული მდგომარეობა ადამიანის თვითშემეცნების ილუზორულობას ან მამოძრავებელ მოტივებს. გიზიარებთ ფრაგმენტს შვეიცარელი ფსიქიატრის კარლ იუნგის წიგნიდან „გამოუმჟღავნებელი მეობა“ (1957წ. თავი - „თანამედროვე სამყაროში ადამიანის არასახარბიელო მდგომარეობა“), სადაც ავტორი მსჯლობს იმაზე, თუ რატომ რჩება თანამედროვე სამყაროში ადამიანი არაცნობიერის მონად. როგორ ახერხებენ ისეთი აბსტრაქტული ცნებები, როგორებიცაა სახელმწიფო და საზოგადოება, დაუქვემდებაროს თავის პოლიტიკას ადამიანის აზრი და მიზანი, და სხვებთან შედარებით რატომ ახერხებენ ლატენტური ფსიქოზის მქონე ადამიანები კრიტიკულ სიტუაციაში უფრო იოლად ადაპტირებას ისე, რომ ძალაუფლებასაც იგდებენ ხელში და სხვებსაც მუხტავენ თავისი იდეებით.
 
თანამედროვე სამყაროში ადამიანის არასახარბიელო მდგომარება
 
რას მოგვიტანს მომავალი? ადამიანს უხსოვარი დროიდან  აინტერესებდა ეს საკითხი. ფიზიკური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სულიერი რყევების დროს იმედით და ძრწოლვით შეჰყურებდა ადამიანი მომავალს - იბადებოდა ახალი იმედები, უტოპიური იდეები და აპოკალიპტური ხედვები. მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ იმპერატორ ავგუსტინეს თანამედროვეების  ქილიასტიკური მოლოდინები ქრისტიანული ეპოქის დასაწყისში. ან დასავლეთში სულიერი ცვლილებები, რაც დამახასიათებელი იყო ქრისტეს დაბადებიდან პირველი ათასწლეულისთვის. 
 
დღეს, როდესაც ვუახლოვდებით მეორე ათასწლეულის დასასრულს, ჩვენ ისევ  საყოველთაო განადგურების აპოკალიპტური სურათებით სავსე სამყაროში ვცხოვრობთ.   რისთვის გაიყო   „რკინის ფარდით“ სამყარო ორ ბანაკად, რა აზრი იყო ამაში? რა ელის კაცობრიობას და ჩვენს ცივილიზაციას, თუ მოხდება წყალბადის ბომბების აფეთქება ან სახელმწიფოებრივი აბსოლუტიზმის  სულიერი და მორალური წყვდიადი შთანთქავს მთელ ევროპას?
 
არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ მოვლენების ასეთი განვითარება უტოპიურად ჩავთვალოთ. დასავლეთის ყველა ქვეყანაში არსებობენ პატარ-პატარა მარგინალური ჯგუფები, რომლებიც ბოროტად იყენებენ ჩვენს ჰუმანურობას და სამართლიანობისადმი სწრაფვას, ჰიპოტეტურად რომ ვთქვათ,  ისინი დგანან  ასაფეთქებელ ნივთიერებასთან  ასანთით ხელში  და მათი იდეების შეჩერება მხოლოდ საზოგადოების მაღალ დონეზე განვითარებულ და გონებრივად მაღალ საფეხურზე მდგომი ფენის კრიტიკულ გონს შეუძლია. ასეთი ფენა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია მოსახლეობის ნაციონალური ტემპერამენტის, განათლების ხარისხის და ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფაქტორების შესაბამისად. ეს ფენა დაახლოებით 40 %-ია ყველა ქვეყანაში. თუმცა ეს ციფრიც და ჩამოთვლილი კრიტერიუმებიც არ არის სტაბილური და იცვლება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესაბამისად.  
 
მასა თრგუნავს გამჭრიახობას და აზროვნებას, და როგორც კი კონსტიტუციური სახელმწიფო სუსტდება, იგივე მასას მივყავართ დოქტრინალურ და ავტორიტარულ ტირანიამდე.  
 
რაციონალური არგუმენტების გამოყენებას წარმატების შანსი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სიტუაციის ემოციური სიმაღლე არ აჭარბებს რაღაც კრიტიკულ დონეს. თუ ვნებათაღელვა დაშვებულ ზღვარს სცდება, ასეთ დროს ფაქტიურად გამორიცხულია რაიმე გონივრული ქმედების განხორციელება. ასეთ შემთხვევებში  გონივრულობას ანაცვლებს ლოზუნგები და ილუზორული სურვილები, ანუ დგება ასე ვთქვათ კოლექტიური უგუნურობა, რომელიც ფსიქოლოგიური ეპიდემიასავით ვრცელდება. შედეგად ზედაპირზე ტივტივდება ისეთი ელემენტები, რომლებიც აზრის ბატონობის შემთხვევაში, ჩაითვლება რთულად ასატან ასოციალურ ადამიანებად. ასეთი ინდივიდები იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენენ, მათი ხილვა შესაძლებელია ციხეებში ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში. ჩემი შეფასებით ერთი გამოკვეთილი შეშლილის მიღმა, ათი ფარული შეშლილი იმალება, რომელთა სიგიჟე იშვიათად ვლინდება ღია ფორმით. ერთი შეხედვით  გარეგნული ნორმალურობის მიუხედავად, მათი ხედვები და ქცევები პათოლოგიური და გაუკუღმართებულია. გასაგები მიზეზების გამო ფარული ფსიქოზის სამედიცინო სტატისტიკა არ არსებობს. როგორც წესი ასეთი ადამიანები არ წარმოადგენენ ქვეყნის უმრავლესობას, თუმცა მათი დანაშაულებრივი საშიში ხასიათი ხშირად იმარჯვებს ხოლმე. მათი გონებრივი მდგომარეობა ძალიან გავს აღგზნებულ  ბრბოს მდგომარეობას და ემორჩილება მიკერძოებულ შეფასებებს და სურვილ-ფანტაზიებს. თავიანთ მსგავსთა გარემოში ისინი გრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში და მალევე პოულობენ საერთო ენას ერთმანეთთან. მათი ქიმერული იდეები იკვებებიან ფანატიკური აღტკინებით, მოქმედებენ კოლექტიურ ირაციონალურზე და პოულობენ კიდეც ნაყოფიერ ნიადაგს იდეების განსახორციელებლად. ისინი აჟღერებენ ყველა იმ მოტივს და უკმაყოფილებას, რაც აწუხებს ჩვეულებრივ ნორმალურ ადამიანს და რასაც ხშირად ფარავენ ხოლმე წინდახედულობის და გამჭრიახობის ნიღბით. სწორედ ამიტომ მათი რაოდენობრივი  სიმცირის მიუხედავად ისინი ძალიან საშიშები არიან. ეს კი იმის ბრალია, რომ ნორმალური ადამიანების თვითგაცნობიერებულობა ძალიან დაბალ დონეზეა. ამის გამო უადვილდება ამ საშიშ ელემენტებს ადამიანების მართვა. 
 
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უმრავლესობას თვითშემეცნება ჰგონია თავისი ეგო-პიროვნების შეცნობა. ნებისმიერს, ვისაც გააჩნია ეგო-ცნობიერება სრულიად დარწმუნებულია იმაში, რომ იცნობს თავის თავს. მაგრამ ეგო აცნობიერებს მხოლოდ ეგოს შინაარსს  და საერთოდ ვერ აცნობიერებს არაცნობიერს. თვითგაცნობიერებას ადამიანები საზღვრავენ მათი სოციალური გარემოს მიხედვით და არა იმ რეალური ფსიქიკური ფაქტორების შესაბამისად, რომელთა უმრავლესობა მათგან ფარულად მიმდინარეობას. ამ გაგებით ფსიქიკა გავს სხეულს, რომლის ფიზიოლოგიას და ანატომიას საშუალო სტატისტიკური  ადამიანი არაცნობიერის მსგავსად, ასევე ნაკლებად იცნობს. მართალია ადამიანი ცხოვრობს სხეულში და სხეულთან ერთად, მაგრამ მისი დიდი ნაწილი საერთოდ შეუცნობელია მისთვის და ის ინფორმაციაც კი, რაც იცის ადამიანმა თავისი სხეულის შესახებ, გარედან მიეწოდება მეცნიერული დასკვნების სახით. 
   
შესაბამისად იმას, რასაც თვითშემეცნებას ვეძახით სინამდვილეში საკმაოდ შეზღუდული ცოდნაა, რომელიც ძირითადად გარემოზე და გარედან მოწოდებულ ინფორმაციაზეა დამყარებული. ხშირად ამის გამო ადამიანი იძირება ილუზიაში, რომ ის ფლობს რაღაც სასწაულ თვისებებს, რაც რეალურად მხოლოდ სინამდვილის დაფარვას ემსახურება.
 
ქვეცნობიერის ამ ფართო ზონაში, რომლიც საგანგებოდ დაცულია ცნობიერის კრიტიკისგან და კონტროლისგან, ჩვენ აბსოლიტურად დაუცველები ვართ და აბსოლიტურად ღია ვართ ათასი სახის ფსიქიკური ზემოქმედების და ფსიქოლოგიური ინფექციებისთვის. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საფრთხისგან, ფსიქიკური ინფექციის შეყრისგნაც მხოლოდ მაშინ შეიძლება დავიცვათ თავი, თუ გვეცოდინება, კონკრეტულად რა გვესხმის თავს, ასევე სად, როგორ და რა ფორმით მოხდება თავდასხმა. იმდენად, რამდენადაც თვითშემეცნება კონკრეტული ფაქტების ცოდნაა, თეორია აქ ნაკლებად დაგვეხმარება. რადგან რაც უფრო მეტი თეორია აყენებს პრეტენზიას თავის უნივერალურ ჭეშმარიტებაზე, მით ნაკლებად გამოდგება ის ცალკეული კონკრეტული ფაქტების სწორი შეფასებისთვის. ყოფიერებაზე დამყარებული ნებისმიერი თეორია მხოლოდ სტატისტიკურია. ის იდეალურად გამოდგება საშუალო სიდიდის გამოსათვლელად, მაგრამ უკიდურესობებს, გამონაკლის შემთხვევებს სრულიად გამორიცხავს და ახდენს მათ ჩანაცვლებას  აბსტრაქტული ცნებებით. რომელიმე თეორია შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტად, როგორც თეორია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ისე სულაც არ ხდება, როგორც ეს თეორია შეიძლება გვასწავლიდეს. მაგალითად: თუ მე სანაპიროზე დავითვლი ყველაზე წვრილ კენჭსაც კი  და შედეგად დავასკვნი, რომ საშუალოდ ერთი კენჭი დაახლოებით  5 უნციას იწონის,  ეს ციფრი საერთოდ არაფერს მეტყვის კენჭების ჭეშმარიტ ბუნებაზე, ამასთან ერთად ყველა, ვინც იფიქრებს, რომ ჩემი კვლევების საფუძველზე, პირველივე ცდით შეძლებს 5 უნციიანი კენჭის პოვნას, ძალიან მწარე იმედგაცრუება ელის. უფრო მეტიც, მრავალსაათიანი ძებნის მიუხედავადაც ის ვერ იპოვნის ზუსტად 5 უნციან კენჭს. თეორია ნამდვილად ვერ გადადის პრაქტიკულ, რეალურ ცხოვრებაში.  
 
სტატისტიკური მეთოდი ფაქტებს გვიჩვენებს მხოლოდ იდეალური საშუალო სიდიდის ჭრილში, მაგრამ არანაირ ცნობას არ გვაწვდის მათი ემპირიული რეალობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საშუალო სიდიდე უდაოდ ასახავს რეალობის გარკვეულ ასპექტს, მას ყველაზე მზაკვრულად შეუძლია სინამდვილის ფალსიფიცირება. ეს პირველ რიგში ეხება იმ თეორიებს, რომლებიც სტატისტიკაზე არიან დამყარებულნი.
   
აღსანიშნავია, რომ რეალური ცხოვრება სავსეა სწორედ ამ თეორიებით დადგენილი წესების საპირისპირო მოვლენებით. ე.წ. გამონაკლისებით. 
     
ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, როცა გვიმტკიცებენ, რომ თეორია შეიძლება იქცეს წინამძღოლად თვითშემეცნების გზაზე. არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს არანაირი თვითშემეცნება, რომელიც თეორიაზეა დამყარებული, იმიტომ რომ თვითშემეცნების ობიექტი არის ინდივიდი - თავად ფარდობითი გამონაკლისი და წესების დარღვევა. ინდივიდის სახასიათო ნიშანთვისებები სულაც არაა უნივერსალური და სწორი, ის უნიკალურია, ერთადერთი და განუმეორებელი. ინდივიდი უნდა განვიხილოთ არა როგოც რაღაც სტანდარტული ერთეული, არამედ როგორც რაღაც უნიკალური და ერთადერთი, რომლის ბოლომდე შეცნობაც პრინციპში შეუძლებელია და რომლის შედარებაც რამესთან ასევე შეუძლებელი. ამავე დროს ადამიანი, როგორც კაცობრიობის მოდგმა, შეიძლება და აუცილებელიცაა რომ აღიწეროს როგორც სტატისტიკური ერთეული, წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგადად მასზე რაიმეს თქმა შეუძლებელი იქნება. ამ ამოცანის გადასაწყვეტად ინდივიდი უნდა განვიხილოთ როგორც შესადარებელი ერთეული. ამ ხედვის შედეგია საყოველთაოდ აღიარებული ანთროპოლოგია და ფსიქოლოგია აბსტრაქტული ადამიანის ფიგურით. 
    
მეცნიერული ვარაუდების ზემოქმედების შედეგად არამხოლოდ ფსიქიკა, არამედ თავად ინდივიდუალური ადამიანი და ინდივიდუალური მოვლენაც კი იქცნენ „გათანაბრების“ და „განსხვავებების წაშლის“ მსვერპლებად. „გათანაბრება“ და „განსხვავებების წაშლა“ ამახინჯებენ რეალობას და გადააქცევენ ამ რეალობას რაღაც საშუალო სიდიდედ. ეს ცნებები  უარყოფენ ინდივიდს, ჩაანაცვლებენ რა მას რაღაც უსახო ერთეულით, რომელსაც შემდეგ მასობრივ ფორმაციაში აერთიანებს.  კონკრეტული ინდივიდის ნაცვლად, ჩვენ ვიღებთ ორგანიზაციულ ერთეულს და სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური რეალობის აბსტრაქტული იდეის კულმინაციას. - ინდივიდის მორალური პასუხისმგებლობა იცვლება სახელმწიფოს ინტერესებით -raison d’etat (სახელმწიფოებრივი აუცილებლობა, სახელმიფოებრივი სიკეთე). მორალური და გონებრივი დიფერენციაციის ნაცვლად, უპირატესობა ენიჭება საზოგადოებრივ კეთილდღეობას და ცხოვრების დონის ამაღლებას. ინდივიდუალური ცხოვრების მიზანი და აზრი (რაც ერთადერთ რეალურ ცხოვრებას წარმოადგენს) ხდება არა ინდივიდის განვითარება, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც გარედანაა თავსმოხვეული ტყუილი აბსტრაქტული იდეების სახით, იდეების, რომლებიც  ინდივიდის ფაქტიურად მთელ ცხოვრებას შთანთქავს. ინდივიდს უფრო და უფრო მეტად აკარგვინებენ უფლებას მართოს თავისი ცხოვრება მისივე შეხედულებისამებრ და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რასაც შინაგანი ზნეობა კარნახობს.  მას აჭმევენ, აცმევენ, ასწავლიან და წვრთნიან როგორც საზოგადოებრივ ერთეულს, ასახლებენ საშუალოსტატისტიკურ საცხოვრებელში და ანიჭებენ მას იმ სიამოვნებას და კმაყოფილებას, რომელსაც ბრბო მისაღებად მიიჩნევს. თავის მხრივ მმართველებიც ისეთივე საზოგადოებრივი ერთეულები არიან, როგორც მათი ქვეშევრდომები და ამ უკანასკნელებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ წარმოადგენენ სახელმწიფო დოქტრინის რუპორებს. სულაც არაა საჭირო მმართველები ფლობდნენ საღ აზრს, მათ მხოლოდ კარგი პროფესიონალიზმი მოეთხოვებათ, თავიანთი სპეციალობის მიღმა კი ისინი სრულიად გამოუსადეგარები არიან. სახელმწიფო პოლიტიკა განსაზღვრავს მხოლოდ იმას, თუ  რას უნდა ვასწავლიდეთ და რა უნდა ვისწავლოთ. 
 
სახელმწიფოს ყველაზე ძლევამოსილი დოქტრინაც კი გარკვეულწილად მაინც ხდება სახელმწიფოს მაღალ ეშელონებში მყოფი მმართველების მანიპულატორული ინტერესების მსხვერპლი. როგორც კი ადამიანი ხვდება ასეთ მაღალ თანამდებობაზე, ის უკვე არავის და არაფერს აღარ ემორჩილება, ის თავად ხდება „სახელმწიფოს პოლიტიკა“ და თავის ჭკუაზე მართავს ყველაფერს. ლუდოვიკო მეთოთხმეტის მსგავსად, მასაც შეუძლია თქვას „სახელმწიფო, ეს მე ვარ“. წარმოიდგინეთ რამხელა თავისუფლებაა, ასეთ ვითარებაში ამ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ გამოცალკევდნენ სახელმწიფო დოკტრინისგან და გამოავლონინ თავი, როგორც ინდივიდებმა, მაგრამ ნურას უკაცრავად, ისინი საკუთარი ყალბი შეხედულებების მონებად რჩებიან.  მსგავსი ცალხმრივობა ყოველთვის კომპენსირდება არაცნობიერის აფეთქებებით. მონობა და აჯანყება ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. 
 
თავისი ქაოტური უფორმობის კომპენსაციისთვის მასა ყოველთვის შობს „ბელადს“, რომელიც როგორც ისტორია გვასწავლის, აუცილებლად ხდება თავისივე უზომოდ გაბერილი ეგო-ცნობიერის მსხვერპლი. 
 
მოვლენების ასეთი განვითარება ლოგიკურად გარდაუვალია მაშინ, როცა ინდივიდი ერწყმის მასას და წყვეტს ინდივიდად არსებობას. უზარმაზარი მასების აგლომერაციის მიღმა, როდესაც ინდივიდი ყველა ვარიანტში ითქვიფება მასაში, მასობრივი ფსიქოლოგიური ცნობიერის ერთ-ერთი მთავარი საფუძველად იქცევა მეცნიერული რაციონალიზმი, რომელიც ინდივიდს ართმევს ინდივიდუალურ საწყისს და ღირსებას. როგორც სოციალური ერთეული, პიროვნება კარგავს თავის ინდივიდუალურობას და უბრალო აბსტრაქტული სტატისტიკურ ერთეულად იქცევა. მან მხოლოდ შეიძლება ითამაშოს ადვილად შესაცვლელი და სრულიად შეუმჩნეველი ჭანჭიკის როლი. ამ შემთხვევაში სრულიად აბსურდულია რაღაც ფასეულობებზე ან ინდივიდის მნიშვნელობებზე მსჯელობა. და მართლაც, სრულიად წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ღირსეული ინდივიდუალური ცხოვრება, თუ ის ცხოვრობს ისეთ რეალობაში, სადაც მისი ინდივიდუალურობა სრულიად იშლება. 
 
თუ ინდივიდს ამ ჭრილში განვიხილავთ, მისი მნიშვნელობა მართლაც მცირდება და ნებისმიერი,  რომელიც ამ მდგომარეობას საკამათოდ გახდის, მალევე აღმოაჩენს არგუმენტების ნაკლებობას. ის ფაქტი, რომ ინდივიდი საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, თუ ახლობლებს მნიშვნელოვან ადამიანებად თვლის, მხოლოდ მისი სუბიექტური შეგრძნებების კომიკურობას ადასტურებს. 
 
რაც უფრო დიდია ბრბო, მით უფრო არარაობა ხდება ინდივიდი. თუ ეს   ინდივიდი აივსება თავისი არარაობის და უსუსურობის შეგრძნებით, და იგრძნობს რომ მისმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა, იგრძნობს, რომ მისი ცხოვრება  უკვე აღარ შეესაბამება საზოგადოებრივ კეთლდღეობის და ცხოვრების მაღალ დონეს, ის უკვე იქცევა სახელმწიფოს მონად და მისივე ნების საწინააღმდეგოდ და გაუცნობიერებლად ხდება სახელმწიფოს და ბრბოს მგზნებარე მიმდევარი. ადამიანი, რომლის მზერაც მიმართულია მხოლოდ გარე სამყაროზე და რომელიც „დიდი ბატალიონის“ დანახვაზეც კი იბუზება, ვერაფრით პასუხობს იმ სურვილებს, რასაც კარნახობს მისივე გრძნობის ორგანოები და გონება. ზუსტად ეს ხდება ამჟამად: ჩვენ ყველანი მონუსხულები ქედს ვიხრით სტატისტიკური ჭეშმარიტებების და დიდი ციფრების წინაშე. დღეს ყოველდღიურად გვაგრძნობინებენ ინდივიდუალური პიროვნების არარაობას და უაზრობას თუ ეს ინდივიდი, რომელიმე მასობრივ ორგანიზაციასთან არ არის პერსონიფიცირებული.  ინდივიდი იკარგება და ქრება... და ამ დროს თავს მაღლა სწევენ  ის პერსონაჟები, რომლებიც ჭკვიანი სახეებით დადიან მსოფლიო სცენაზე და რომელთა ხმაც ყველგან და ყველასთან აღწევს, არაკრიტიკულად მოაზროვნე პუბლიკას ეს ადამიანები ესახებიან რომელიმე მასობრივი მოძრაობის ან საზოგადოებრივი აზრის მოწინავე სამაგალითო ლიდერებად. ამიტომ ბრბო ან ტაშს უკრავს მათ, ან წყევლა-კრულვით ავსებს. აქვე იბადება  კითხვა - იმდენად, რამდენადაც ამ გამოხატულებების დროს დომინირებულ როლს თამაშობს მასობრივი აზროვნება, ეს ადამიანები თავის კონკრეტულ აზრს გამოხატავენ და შესაბამისად პერსონალურადაც პასუხისმგებელნი არიან მასზე. თუ ისინი მხოლოდ კოლექტიური აზრის რუპორები არიან? 
 
ასეთ პირობებში საერთოდ აღარაა გასაკვირი, რომ ინდივიდს უფრო და უფრო უჭირს თავისი თავის შესახებ აზრის ფორმულირება და არც ისაა გასაკვირი, პასუხისმგებლობა მაქსიმალურად კოლექტიური ცნება რომ გახდა, ანუ ინდივიდმა მოიხსნა პასუხისმგებლობა და მოახდინა მისი დელეგირება კოლექტივზე. ამდენად ინდივიდი უფრო და უფრო ხდება საოზოგადოების რაღაც ფუნქცია, საზოგადოება კი თავის მხრივ ახდენს ინდივიდის ფუნქციის უზურპირებას. არადა სინამდვილეში საზოგადოება, სახელმწიფოს იდეის მსგავსად, სხვა არაფერია, თუ არა რაღაც აბსტრაქტული იდეა. ამ ორივე იდეამ ხორცი შეისხა და ავტონომიურობა შეიძინა. განსაკუთრებით სახელმწიფო  გახდა თითქოსდა ნახევრად გაცოცხლებული არსება, რომლისგანაც მუდმივად რაღაცას ელიან. სინამდვილეში კი სახელმწიფო მხოლოდ კამუფლიაჟია იმ ინდივიდებისთვის, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, როგორ გამოიყენონ ის სათავისოდ. სწორედ ამის გამო კონსტიტუციური სახელმწიფო გადაიზრდება ხოლმე საზოგადოების პრიმიტიულ ფორმაში - პირველყოფილი ტომების კომუნისტურ ფორმაციაში, სადაც თითოეული ინდივიდი, ქვეყნის სათავეში მყოფი ბელადის ან ოლიგარქის ავტოკრატიული მმართველობის სუბიექტი ხდება. 
 
1957 წელი.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

რამდენად თანდაყოლილია ფსიქოტიპი?


მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო რამდენად თანდაყოლილია ფსიქოტიპი...

როგორ არ გავუფუჭოთ ბავშვს ცხოვრება - ინტერვიუ მარინა მელიასთან


დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ არ გავუფუჭოთ ბავშვს ცხოვრება. ...

ვიქტორ გულენკო - ექსტრავერსია, ინტროვერსია და ამბივერსია (ინტერვიუ)


ვიქტორ გულენკო - კლინიკური ფსიქოლოგი და სოციოლოგი, რომელმაც საფუძვე...

მანიპულაცია


ავტორი: ნანა აბესაძე მანიპულაცია არის ერთგვარი ფსიქოლოგიუტი ტრიუ...

ოთხი ყურის მოდელი


ავტორი: ნანა აბესაძე რატომ არ ესმით ადამიანებს ერთმანეთის? მიზე...

ტაბუ სექსუალობაზე


ავტორი: ნინო დიდებაშვილი მაშინ , როდესაც ფროიდმა დაიწყო მოღვაწეო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff