ცნობიერების ომი

Admin
ფსიქოლოგია
0
0

მთარგმნელი: ნუცა აივაზაშვილი წყარო მოწყენილობის ექვსმილიონიანი წლის მერე, ანუ შიმპანზეობიდან ევ...

მთარგმნელი: ნუცა აივაზაშვილი

წყარო

მოწყენილობის ექვსმილიონიანი წლის მერე, ანუ შიმპანზეობიდან ევოლოციური განვითარების შემდგომ, დაახლოებით ასი ათასი წლის წინ, არაორდინალური რამ წარმოიშვა. დიდი ხნის შემდგომ, რაც ანატომიურად ჩამოვყალიბდით ისეთებად, როგორებიც ახლა ვართ, რაღაც ცვლილება მოხდა ცნობიერებაში და განისაზღვრება ერთადერთ და ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად ადამიანის ევოლუციურ გზაზე. ეს ცვლილება უკავშირდება გამოქვაბულების ტრანსცენდენტულ ხელოვნებას მთელ მსოფლიოში.

    უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე, კვლევა, რომელიც ჩატარდა პროფესორ დევიდ ლუის უილიამსის ხელმძღვანელობით, სამხრეთ აფრიკის ვითვოთერსრენდის უნივერსიტეტში, გვიჩვენებს, რომ ცნობიერების ეს ცვლილება გამოიწვია ჩვენი წინაპრების მიერ ჰალუცინოგენური მცენარეების გამოყენებამ და შამანიზმის დაწყებამ. თუ გავაანალიზებთ გამოქვაბულების ტრანსცენდენტულ ხელოვნებას, აღმოვაჩენთ ბევრ ისეთ დეტალს, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, რომ ეს იყო შეცვლილი ცნობიერების ხელოვნება, ხილვების საშუალებით გადმოცემული. ისეთი სოკოები, როგორებიცაა Amanita Muscaria და Psylocibin პირდაპირ კავშირშია ცნობიერების უცაბედ და რადიკალურ ცვლილებასთან. როდესაც ამ თემით ძალიან დავინტერესდი, გავემგზავრე ამაზონის ჯუნგლებში, სადაც დღემდე არსებობს შამანისტური კულტურები და სადაც დღემდე სვამენ მცენარეების ჰალუცინოგენურ ნარევს,- აიაჰუასკას, რომლის აქტიური ინგრედიენტიც არის Dimethyl Tryptomine (DMT). დიემთის დასავლეთში ეწევიან, მაგრამ ის ვერ აქტიურდება ამ წესით; ჩვენ კუჭში გვაქვს ფერმენტი სახელად მონოამინოქსიდაზა, რომელიც ანეიტრალებს დიემთის, თუმცა, შამანისტურ ტომებს ამის პრობლემა არ აქვთ და ამბობენ, რომ სულებმა ასწავლეს დიემთის სწორად გამოყენება. ეს ნივთიერება გვხვდება მცენარის ფოთლებში, რომელსაც ისინი შაკრუნას ეძახიან და რომელსაც სხვა მცენარის ყლორტებს ურევენ. 150 000-ზე მეტი განსხვავებული ჯიშის მცენარიდან, მხოლოდ ეს ყლორტები შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ფერმენტ მონოამინოქსიდაზას ანეიტრალებს და შესაბამისად, აიაჰუასკას მონელებაც შესაძლებელი ხდება, რაც ოთხსაათიანი ამოუცნობი მოგზაურობის საშუალებას გვაძლევს უცნობ სამყაროებში. აიაჰუასკას დალევა სახუმარო ამბავი არაა. ამ ნარევს აქვს უხეში გემო და საშინელი სუნი. დალევიდან 45 წუთის შემდეგ, აღმოაჩენ, რომ ოფლიანდები და გული გერევა, ან კუჭი გეშლება. შესაბამისად, აიჰუასკას გასართობად არავინ სვამს. და ზოგადადაც, არცერთი მცენარე არ უნდა გამოიყენებოდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს იყენებენ, ამგვარ მცენარეებს უფრო მაღალი დანიშნულება აქვთ, ვიდრე უბრალოდ ‘’კაიფია’’.

 

cave art

 

    დავუბრუნდეთ თემას; ის რაც ხალხს აიძულებს აიაჰუასკას მიუბრუნდნენ ისევ და ისევ, არის მისი არაორდინალური თვისებები ცნობიერების შეცვლისა. ერთ-ერთი ასეთი თვისებაა კრეატიულობა და ჩვენ თვითონაც შეგვიძლია დავინახოთ კოსმოგენური იმპულსების არსებობა შამანების ნახატებში, ისეთებში, როგორიცაა, მაგალითად, პაბლო ამარინგოს ნახატები, თავისი გასაოცარი ფერების სპექტრებით. ამ ნახატების მიხედვით, თვალსაჩინოა, რომ არსებობენ სხვა სამყაროს უნივერსალური ინტელიგენტი არსებები, რომლებიც აიაჰუასკას დახმარებით, ტელეპათიურად ამყარებენ კონტაქტს ცნობიერთან. მე არ ვამტკიცებ ამ არსებების ობიექტურ რეალურობას, თუმცა ისინი არსებობენ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აიაჰუასკას მთავარი სული, არსება, რაც გინდათ უწოდეთ, რომელიც არის მკურნავი სული, როგორც ჩანს დიდ ინტერესს ავლენს ჩვენდამი, როგორც ინდივიდებისადმი. ის კურნავს ჩვენს დაავადებებს, სურს რომ ვიყოთ ჩვენი ყოფიერების მაქსიმუმები, გამოვასწოროთ ხარვეზები და შეცდომები იმ გზაზე, რომელსაც შესაძლოა არასწორი მიმართულებით მივყავართ. და მართლაც, ახლა გეტყვით ჯერ ართქმულს: აიაჰუასკა წარმოუდგენლად ეფექტურია მძიმე ნარკოტიკებისადმი (ისეთი, როგორიცაა ჰეროინი და კოკაინი) ბრძოლაში. ჟაკ მობიტმა, ტაკივასის კლინიკიდან პერუში, შეკრიბა ნარკოდამოკიდებული პირები და ერთი თვის მანძილზე უმკურნალა აიაჰუასკას ხსნარით. ეს ადამიანები მკურნალობის დროს ‘’შეხვდნენ’ აიაჰუასკას სულს, რამაც მათი შემდგომი გამოჯანმრთელება გამოიწვია. ამ ადამიანების ნახევარზე მეტი სრულიად გათავისუფლდა დამოკიდებულებისგან, აღარასდროს მიბრუნებიან ნარკოტიკებს და რაც მთავარია, სურვილიც აღარ გასჩენიათ ამის. მსგავსი ექსპერიმენტი ჩატარდა კანადაში ექიმ გაბორ მათეს მიერ, შემდეგ კანადის მთავრობამ შეაჩერა ექსპერიმენტი, იმის საფუძველზე, რომ აიაჰუასკა თვითონ არის არალეგალური ნარკოტიკი.

    ახლა გიამბობთ თავად ჩემს მბავს, მე არ ვყოფილვარ მძიმე ნარკოტიკზე დამოკიდებული არასდროს, თუმცა 24 წელი მქონდა მარიხუანის მოწევის შეუჩერებელი ჩვევა, რომელმაც ფაქტობრივად გამაქვავა. რაც მთავარია, ამ გაქვავებისგან მე დიდ სიამოვნებას ვიღებდი. მე ვფიქრობდი, რომ მარიხუანა მეხმარებოდა ჩემს სამწერლო საქმიანობაში, შესაძლოა რაღაც კუთხით მართლაც ასე იყო. როდესაც მე აიაჰუასკას გავეცანი, მარიხუანის მოწევის 16 წლიანი პრაქტიკა მქონდა უკვე, აიაჰუასკამ ნათლად დამანახა, რომ არასწორ გზაზე ვიდექი, რომ ეს ყველაფერი ცუდ შედეგებამდე მიმიყვანდა გარშემომყოფი ადამიანების მიმართ. რა თქმა უნდა, მე ეს ყველაფერი ვაიგნორე წლების მანძილზე და გავაგრძელე ‘’გაქვავებულ’’ მდგომარეობაში ყოფნა. მაგრამ აიაჰუასკას მესიჯიც მძაფრდებოდა და მძაფრდებოდა. სწორად გამიგეთ, მე არავის არაფერს მოვუწოდებ, ყველა ზრდასრულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს კანაფს მოწევს, არ მოწევს, თუ თავს დაანებებს. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მე კანაფის ‘’ოვერდოზა’’ მქონდა, გავხდი პარანოიით შეპყრობილი, ეჭვიანი, მესაკუთრე, ადვილად ვღიზიანდებოდი და ჩემს საყვარელ ადამიანს სიცოცხლე გავუმწარე. და როდესაც აიაჰუასკას მივაკითხე 2011 წლის ოქტომბერში, მე მისგან ყველაზე დიდი ‘’წიხლი’’ ვიწვნიე. მე გამოვცადე ჯოჯოხეთი, რომელიც ცხოვრების გადახედვა-გადაფასებას გავდა. მე ვნახე ჩემი სიკვდილი და ის, თუ რა მელოდებოდა ამ სიკვდილის შემდეგ, თუ კი არ გამოვასწორებდი იმ შეცდომებს, რომლებზეც ასე აშკარად მიმითითებდა სული. ამ ყველაფერმა ისეთი შოკით გამომაფხიზლა, რომ როდესაც ინგლისში დავბრუნდი, 2011 წლის გვიან ოქტომბერს, მე სამუდამოდ თავი დავანებე კანაფს და მას შემდეგ აღარასდროს მომიწევია. ეს გავდა მაიმუნის ჩამოგდებას ჩემი ზურგიდან, მე გავთავისუფლდი და გაცილებით უფრო ნაყოფიერად და კრეატიულადაც დავიწყე წერა. გავიაზრე კანაფის მიერ გამოწვეული ჩემი უსაქციელობის სიმწვავე და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დავუბრუნდი მშვიდ და გაწონასწორებულ ცხოვრებას. ჩემი შემობრუნება, როგორც უკვე აღვნიშნე, სიკვდილის სცენამ განაპირობა. ეს მაძლევს საბაბს ვისაუბრო სიკვდილზე...

     რა არის სიკვდილი? ჩვენს მატერიალისტურ მეცნიერებას ყველაფერი სხეულის დონეზე დაყავს. დასავლელი მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ჩვენ მხოლოდ ხორცის ნაგლეჯი ვართ, მხოლოდ სხეულები და მეტი არაფერი, შესაბამისად, როდესაც ტვინი კვდება, ცნობიერიც კვდება და აღარ არის სიცოცხლე სიკვდილის შემდგომ, არ არსებობს არანაირი სული, ჩვენ უბრალოდ ვლპებით და ვქრებით. თუმცა, გულახდილმა მეცნიერებმა უნდა აღიარონ, რომ ცნობიერება ყველაზე დიდი მისტიკაა მეცნიერებისთვის, არ ვიცით ის როგორ მუშაობს; დიახ, ტვინი ცნობიერის მუშაობაში ერევა, მაგრამ ჩვენ ზუსტად არ ვიცით როგორ. შესაძლოა ტვინი ენერგიას აძლევს ცნობიერს, მსგავსად იმისა, როგორც გენერატორი წარმოშობს ელექტრო-ენერგიას. თუ ამ უკანასკნელის გწამს, მაშინ სიკვდილის შემდგომ არსებობასაც გამორიცხავ - როცა გენერატორი ფუჭდება, ცნობიერიც ქრება. თუმცა, ასევე შესაძლებელია, რომ როდესაც, მაგალითად, ტელევიზორის მოწყობილობა ფუჭდება, სიგნალი მაინც გადაიცემა. ეს უკანასკნელი არის პარადიგმა ყველა სპირიტუალისტური ტრადიციისა, რომ ჩვენ ვართ უკვდავი სულები, დროებით მოვლენილები ფიზიკური ფორმით, რომ შევიმეცნოთ, გავიზარდოთ და განვვითარდეთ. ყველაზე მეტად ვისაც ამ ამბავში აზრი მოეკითხებათ, იყვენენ ძველი ეგვიპტელები, რომლებმაც 3000 წელი იჭყლიტეს ტვინი სიკვდილის პრობლემაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ მზად ვიყოთ სიკვდილის შემდგომ ცხოვრებისთვის. ძველმა ეგვიპტელებმა გამოხატეს თავიანთი იდეები ტრანსცენდენტული ხელოვნების სახით და მივიდნენ დასკვნებამდე, რომ სული უკვდავია, რომ ჩვენი თითოეული საქციელი და ფიქრიც კი არსად ქრება, რომ დროა სერიოზულად მივუდგეთ იმ შესაძლებლობას, რომელიც ადამიანად მოსვლას გულისხმობს. ეგვიპტელები მარტო საკუთარ წარმოსახვას არ იყენებდნენ ამ დასკვნების გამოსატანად. ისინი ეყრდნობოდნენ სიზმრებს და ახლახანს გახდა ცნობილი, რომ ისინი ასევე იყენებდნენ ჰალუცინოგენურ მცენარეებს, როგორიცაა, მაგალითად, წყლის ლურჯი ლილია, ასევე, ეგვიპტური სიცოცხლის ხე, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს დიემთის (მთავარი ნივთიერება აიჰუასკაში). ჩვენი საზოგადოება დღეს ყველაზე ნაკლებად გავს ძველ ეგვიპტურ საზოგადოებას. დღეს ჩვენ გვეზიზღება ხილვითი მდგომარეობები, ჩვენს საზოგადოებაში, თუ ვინმეს შეურაცხყოფა გვსურს, მეოცნებეს ვეძახით, თუმცა, ეს წოდება ძველ ეგვიპტელებში შექების ტოლფასი იყო. ჩვენმა საზოგადოებამ შექმნა შეიარაღებული ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც იჭრება ჩვენს ცხოვრებაში და გვაპატიმრებს დიემთის გამოყნების გამო, როდესაც ვიცით, რომ დიემთი არის ტვინის ბუნებრივი ჰორმონი, რომელიც ტვინში ისედაც გვაქვს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ზუსტად არ ვიცით ამ ნივეთიერების ეფექტზე არაფერი, კვლევების არარსებობის გამო.

Consciousness

ყველაზე ცუდი ისაა, რომ მილიარდები კეთდება იმ ფარმაციების და ფსიქიატრების მიერ, რომლებიც ფულის გამო მზად არიან თინეიჯერ პაციენტებს გამოუწერონ საშიში ფსიქოტროპული წამლები, დეპრესიის ან ყურადღების კონცენტარციის დარღვევის დროს. სასაცილო კი ისაა, რომ ალკოჰოლს, რომელიც არანაკლებ საშიში ნივთიერებაა, ჩვენი საზოგადოება აღმერთებს. ასევე ვაღმერთებთ სტიმულანტებს: ჩაის, ყავას, ენერგეტიკულ სასმელებს, შაქარს... სიმართლე ისაა, რომ ამ ყველაფერს ვაღმერთებთ იმიტომ, რომ მათ ცნობიერების რაღაც დონეზე შეცვლა შეუძლიათ, თუმცა მიზეზი, რატომაც არ ვკრძალავთ მათ დიემთისგან განსხვავებით, არის ის, რომ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერება არ ცვლის ცნობიერების იმ ფუნდამენტურ მდგომარეობას, რომელიც მიღებულია ჩვენი საზოგადოების მიერ; იმ ფუნდამენტურ მდგომარეობას, რომელსაც მე ვუწოდებდი პრობლემის გადაჭრისკენ მიმართულ ცნობიერებას. პრობლემის გადაჭრისკენ მიმართული ცნობიერება კარგია ზედაპირული მეცნიერებისთვის, ომებისთვის, ვაჭრობისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ისტორიამ გვიჩვენა, რომ ამ ფუნდამენტურ ცნობიერებაზე დაფუძნებულ მონოპოლიას გარღვევა აქვს, რომ ასეთი ცნობიერება არ მუშაობს და ამის ნათელი მაგალითებია: გლობალური დაბინძურების მაჩვენებლი, რომელიც გამოიწვია ცალკეული ადამიანის გონის სწრაფვამ სარგებლიანობისკენ; ატომური იარაღი; შიმშილობის მაჩვენებელი... ჩვენი ფუნდამენტური, პრობლემის-გადაჭრისკენ მიმართული ცნობიერებით, ფაქტია ვერ ვახერხებთ ვერაფრის შეცვლას. და შეხედეთ, რა ხდება ამაზონში, დედამიწის ფილტვებში, ამ შეუფასებელ ბიო-მრავალფეროვნებაში: იჩეხება უძველესი ტყეები და ნაცვლდება სოიოს პლანტაციებით, რათა გამოვკვებოთ პირუტყვი და ვჭამოთ ჰამბურგერები. მხოლოდ ცნობიერების ავადმყოფურ მდგომარეობას თუ შეუძლია ასეთი კატასტროფის გამოწვევა და შემდეგ თვალის დახუჭვა.

   ერაყის ომის დროს, მე ჩავატარე გამოთვლები და შედეგი ასეთია: ექვსთვიანი ომისთვის გაწეული ხარჯებით, სრულად შეგვეძლო ამაზონის პრობლემების გადაჭრა: იქ მაცხოვრებლების უზრუნველყოფა ისე, რომ ისინი მოუვლიდნენ და დაიცავდნენ ჯუნგლებს და აღარასდროს მოიჭრებოდა ერთი ხეც კი. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება როგორც გლობალურ თემს. ჩვენ შეგვიძლია მილიარდების ხარჯვა ომებზე, სიძულვილზე, შიშებზე, ეჭვებზე, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია კოლექტიურად პლანეტის ფილტვების გადარჩენა. როდესაც შამანებს ვკითხე ‘’დასავლურ ავადმყოფობაზე’’, მათ მარტივი პასუხი გამცეს: ‘’თქვენ დაკარგეთ სულთან კავშირი და სანამ არ აღადგენთ, ყველაფერს თავზე ჩამოგვანგრევთ.’’ და სწორად თუ არასწორად, მათ სჯერათ, რომ აიჰუასკა არის წამალი ამ დასავლური ავადმყოფობის. და ბევრი მიდის ამაზონში მის მისაღებად, ან თავად შამანები, უდიდესი რისკის ფასად, მოგზაურობენ დასავლეთში და ხალხს სთავაზობენ აიჰუასკას ნაყენს, რათა შეცვალონ ავადმყოფური ცნობიერება. აქვე აღსანიშნავია, რომ აიჰუასკას გარდა არსებობს კიდევ რამდენიმე მსგავსი ნივთიერება (მაგალითად: კაიკიონი, რომელიც ანტიკურ ბერძნებთან გვხვდება, ეგვიპტური სიცოცხლის ხე და ა.შ), რომელთა მიზანია ცნობიერების სწორი, ეტაპობრივი და ეფექტური ტრანსფორმაცია. და დღეს მე ვდგავარ აქ, თქვენს წინაშე, ძნელად მოპოვებული სიტყვის თავისუფლებით და ვითხოვ, ზრდასრულ ადამიანებს გვქონდეს საკუთარი ცნობიერების მართვის და ტრანსფორმაციის უფლება. თუკი ჩვენ, ზრდასრულ ადამიანებს, არ გავქვს უფლება საკუთარი ცნობიერების საკუთარ ნებაზე მართვისა, მაშინ როდესაც არანაირ ზიანს არ ვაყენებთ ამით სხვებს, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული უკვე არსებობს პრაქტიკაში, ე.ი ჩვენ ვერანაირი პრეტენზია ვერ გვექნება თავისუფლებაზე.
გრეჰემ ჰენქოქი

მსგავსი სტატიები

როგორ მოქმედებს თქვენი ბავშვობა პირად ურთიერთობებზე


„გააცნობიერეთ რომ სამყაროში ყველაფერი კავშირშია ყველაფერთან“, როგ...

ტაბუ სექსუალობაზე


ავტორი: ნინო დიდებაშვილი მაშინ , როდესაც ფროიდმა დაიწყო მოღვაწეო...

ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები


მთარგმნელი: ანა მორჩილაძე წყარო ადამიანი, განსაკუთრებით კი მისი პ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff