„გააცნობიერეთ რომ სამყაროში ყველაფერი კავშირშია ყველაფერთან“, როგორც ჩემი საყვარელი ლეონარდო და ვინჩი ამბობდა. ყველაფერს აქვს გავლენა ყველაფერზე. ამაზე თუ დიდხანს ვიფიქრებთ და ყოველდღიურობაში დავნერგავთ ამ ცნებას საგნების აღქმასა და შეფასებაში, ცხოვრება მეტ ლოგიკას შეიძენს, ჯაჭვურ რეაქციებს დავინახავთ და მეტად სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ.
ნებისმიერი ადამიანი ბავშვობიდან იწყება. ვინც არ უნდა გაიხსენოთ, მეზობელი, მეგობარი, მსახიობი, პოლიტიკოსი, ნარკობარონი თუ პრეზიდენტი, ყველა ოდესღაც პატარა მშობლებზე მიხუტებული ბავშვი იყო. თითეული მათგანის სამყარო მხოლოდ დედის ღიმილი და მამის ძლიერი ხელი იყო. ბავშვისთვის დედის კაბა სამყაროში ყველა უსაფრთხო ადგილია და მამის მკლავი ყველაზე მშვიდი, ამიტომ მიაბრუნებენ ხოლმე თავს მშობლებისკენ როცა უცხოსი რცხვენიათ ან ეშინიათ. ეს ჩვენი გადმოსახედიდან ძალიან სასაცილოა, მაგრამ მის აღქმულ რეალობაში მშობელი სახლია და დედის თეძოს უკან მიმალვა უსაფრთხოების გარანტი, ის დარწმუნებულია, რომ მშობელი მას ყველაფრისგან დაიცავს. ის ასე ხედავს სამყაროს და მისთვის ცხოვრების მასწავლებლები მშობლების მათდამი გამოვლენილი ქცევებია. მოეფერებით? ის სიყვარულს გრძნობს და სამყაროს ენდობა, დაუყვირებთ? მისი სამყარო იძაბება და ითგრუნება. ვფიქრობ უმეტესობას ჯერ კიდევ არ გვესმის თითეული ჩვენი სიტყვა როგორ აყალიბებს ბავშვის ფსიქიკას და მის მომავალ ცხოვრებას.
ბევრი ფსიქოლოგი იკვლევს იმას თუ როგორ მოქმედებს ჩვენი ბავშობის გამოცდილებები ზრდასრულ ცხოვრებაზე და ამაზე წიგნებიც ბევრია დაწერილი. რათქმაუნდა ეს ამოუწურავი თემაა, რადგან ადამიანი ამოუწურავია, მაგრამ აქ მოგიყვებით მშობლების და ბავშვების რამდენიმე ურთიერთობის დინამიკაზე, რომელსაც ლოგიკური გაგრძელება და შედეგი აქვს.
კონკრეტულ გარემოში გაზრდას ზრდასრულ ასაკში კონრეტული ფსიქოტიპის ჩამოყლიბება მოყვება. ჩვენ თუ რომელიმე ტიპაჟს მივეკუთნებით ან ჩვენს ქვევაში არის გარკვეული ტენდენციები, ეს ბავშობაში მიღებულ გარე გამღიზიანებლებზე ჩვენი რეაქციებისგან ჩამოყალიბებული ჩვევებია და არა ის ვინც ვართ. არის ქცევების და სიყვარულის გამოვლინების ტიპები რომელსაც ჩვენ ვავლენთ, და თუ ქვემოთ აღწერილთაგან რომელიმეში თქვენს თავს ამოიცნობთ, გაგიხარდეთ, რადგან ეგოს ნაწილის გაშიფვრა შეძელით და საკუთარი ემოციების და ქცევების დაკვირვების შემთხვევაში ცხოვრების სასარგებლო შედეგებისკენ მართვას დაიწყებთ.
1. მათხოვარი
„მათხოვარის“ ფსიქოტიპის ადამიანები გაიზარდნენ ოჯახში სადაც მშობლები გადამეტებულად მზრუნველები, იდეალისტები და ან კრიტიკულები იყვნენ. როცა ბავშვს უწევდა მათ ხასიათზე მორგებისთვის თავისი თავის საუკეთესოდ წარმოჩენა. ბავშვს უწევდა ყოფილიყო კარგი, რომ მშობლებისგან ქება და სიყვარული მიეღო. ან შეიძლება ვთქვათ უბრალოდ ეშინოდა რომ მშობლების კრიტიკა მათზე არ გადასულიყო და ამიტომ ცდილობდნენ არაფრით გაეღიზიანებინათ. ბავშვი არასოდეს იღებდა უპირობო ზრუნვას, პირიქით მას უწევდა რაიმეს კეთება და დამსახურება იმისა რომ მისი კრიტიკოსი მშობლის დადებითი დამოკიდებულება მიეღო.
ასეთი ბავშვი ზრდასრულ ასაკში როგორი გაიზრდება თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა იქ სადაც უწევდა „კარგად მოქცევა“, ფეხის წვერებზე სიარული და ბალანსის შენარჩუნება თავისი შინაგანი ემოციების დამალვა და გარემოზე მორგება. მას ეს ჩვევაში გადაუვიდა და სამყარო მისთვის მშობლების განვრცობილი მოდელი გახდა. ისინი ყველა ადამიანში ჯერ მშობლებს ხედავენ და შემდეგ იმ ადამიანს ვისაც რეალურად ეურთიერთებიან. ისინი სამსახურშიც, მეგობრებთანაც და ყველა სოციალურ სიტუაციაში ცდილობენ იყვნენ კარგები, რომ გარშემო შექმნან სიმშვიდე და დადებითი განწყობა, როგორც ამას ბავშობაში აკეთებდნენ. მაგრამ ეს ქცევა არასწორია და უარყოფითი შედეგებისკენ წამყვანი. ადამიანი რომელიც ცდილობს ყველას ასიამოვნოს და ყველაზე იზრუნოს ენერგეტიკულად იფიტება და თვითშეფასებაც უმდაბლდება, რადგან ლოგიკურია ყველას ვერ გააბედნიერებენ და თუ ამას შეძლებენ კიდეც, სხვა მათგან იგივეს მრავალჯერ გამეორებას მოითხოვს და თავად მასზე არავინ იზრუნებს.
ხშირად გაიგებთ „მე ყველასთვის კარგი მინდა და ვცდილობ ვასიამოვნო და ადამიანები უმადურები არიან..“ „ყველასთვის მე ვარ და ჩემთვის არავინაა“. ეს ამ ფსიქოტიპის ადამიანის სიტყვებია, თუმცა ისინი ცდებიან, მათ თავად გადაწყვიტეს ყოფილიყვნენ ყველას გამაბედნიერებლები და საკუთარი მოთხოვნილებები უკან გადაწიეს. ასეთმა ადამიანმა შეიძლება მეუღლესთანაც იგივე დინამიკით გააგრძელოს ურთერთობა და მთელი ცხოვრება უბედური იყოს, მხოლოდ ბედნიერი ოჯახის გარე ფასადი შექმნას, რადგან რეალურად თუ ბედნიერების გაზიარება ორმხრივი არაა ეს სიყალბეა და ოჯახი აუცილებლად დაინგრევა, და რომელიმე მხარეს ნამდვილი გრძნობის სადღაც ძებნა მოუნდება. ეცადო სხვისი ცხოვრება იდეალური გახადო - არასწორია, სწორია - საკუთარი ცხოვრება გახადო ბედნიერი და გაუნაწილო მათ, ვისაც ამის სურვილი აქვთ. მოკლედ ეს ბავშობიდან გადმოყოლილი ჩვევა დამღუპველია ამ რეალობაში და ამიტომ სჯობს საკუთარ თავზე ზრუნვა დაიწყონ. არ შეეშინდეთ ზოგჯერ საკუთარი სურვილების გამოთქმის და სხვებსაც მისცენ უფლება თავად მათზე იზრუნონ.
2. მსხვერპლი
„მსხვერპლი“ ხშირად იზრდება ქაოტურ და არეულ ოჯახში. იქ სადაც ჩხუბი და აყალ-მაყალია. ასეთ ოჯახში ბავშვი პატარაობიდან სწავლობს გახდეს შეუმჩნეველი. იყოს წყნარი და დაიმალოს მაგიდის ქვეშ, რომ მთვრალი მამის ან ისტერიკაში გადასული დედის ხელი არ მოხვდეთ. ერთი ძალიან ლამაზი ფენტეზის „ნისლქმნილის“ მთავარი პერსონაჟი ვინი, სრულიად ამ ტიპაჟის განსახიერებაა. ავტორს იდეალურად აქვს აღწერილი ვინი პატარაობიდან როგორ სწავლობდა დამალვას, როგორ დაოსტატდა არარაობის განსახიერებაში და როგორ შეეძლო ყოფილიყო ჩუმად და მარტო სახლის ბნელ კუთხეში საათობით რომ ის არავის შეემჩნია, ეცემა ან გაეუპატიურებინა. წიგნის დიდი ნაწილი ვინის ფიქრები და მისი თვალით დანახული ცხოვრებაა და თუ წაიკითხავთ ნათლად გაეცნობით ამ ფსიქოტპის. რადგან ასეთი ბავშვებისთვის სახლში და აწმყოში ყოფნა აუტანელია, „მსხვერპლის“ ტიპაჟები გონებაში ქმნიან წარმოსახვით სამყაროებს სადაც თავს კარგად გრძნობენ. ამიტომ თუ ბავშვს დასწამებენ რომ ის ღრუბლებში დაფრინავს ან სხვა სამყაროშია, ჩაფლულია წიგნებში ან ვიდეოთამაშებში, კარგად გამოიკვლიეთ მისი ოჯახი. ხომ არ ქონდა პატარაობაში მიცემული მიზეზი იმისთვის რომ თავშესაფარი სადღაც სხვაგან ეძებნა? და ზრდასრულ ასაკშიც ამიტომ სტუმრობს ხშირად წარმოსახვით რეალობებს.
მსხვერპლი როცა ბავშობიდან ცდილობს შეუმჩნევლობა და თავდაცვა ისწავლოს, ადვილი წარმოსადგენია როგორ ადამიანად ყალიბდება. მათთვის სამყარო კონფლიქტური და საშიშია ამიტომ სულ უნდა დაიმალონ. მათ აქვთ დაბალი თვითშეფასება და ხშირად დეპრესიული განწყობა. ასეთი ადამიანები ზოგჯერ მეგობრებად ან მეუღლეებად სწორედ მშობლების მსგავს ადამიანებს ირჩევენ, რადგან მათ სხვა ურთიერთობა არ იციან. მათ გონებაში და შეგრძნებებში 99% ბავშობის იყო შიში, დაუცველობა, დამალვა და მათ წარმოდგენაც არ აქვთ რომ შეიძლება ვიღაცას უპირობოდ დადებითად უყვარდეთ, ფიქრობენ რომ არ იმსახურებენ. ამიტომ ზოგჯერ მათი ოჯახიც იგივეა როგორშიც თავად გაიზარდნენ. შეიძლება გაიგოთ წუწუნი: „რა დავაშავე, მამაჩემიც ასეთი იყო და ქმარიც ასეთი შემხვდა..“ ან „მთელი ცხოვრება ყველა ჩემზე ძალადობს და მიყენებს“.
ასეთი აზრები „მსხვერპლის“ ფსიქოტიპის ადამიანებს ეკუთვნით. რადგან ისინი ასეთებად გაიზარდნენ. მათთვის ცხოვრება ნათელი და ბედნიერი არასოდესაა, რადგან მათ ეს არ უგრძვნიათ არც ბავშობაში და არც შემდეგ. მაგრამ ეს საბოლოო განაჩენი, კარმა ან სასჯელი არაა. მათ უბრალოდ ოჯახში ნასწავლი თვისებები უნდა გადაისწავლონ. დაინახონ რომ დანარჩენი შვიდი მილიარდი ადამიანი მისი მშობლებისნაირი არაა და მას მუდამ დამალვა არ სჭირდება, არც შეუმჩნევლად ყოფნა. არამედ შეძლონ და სინათლეზე გამოვიდნენ, გაიღიმონ და მოძებნონ ურთიერთობები, რომელიც თავის თავში და ცხოვრებაში მზისფერ გრძნობებს და ემოციებს დაანახებთ.
3. მაკონტროლებელი
„მაკონტროლებელი“ როგორც წესი გაიზარდა ოჯახში სადაც დაცულობას არ გრძნობდა. ბავშვი გაიზარდა „თავისუფალი“, „პოხუისტი“ ან უყურადღებო მშობლების გარემოცვაში. იქ სადაც მასზე არ ზრუნავდნენ. ამიტომ პატარა ასაკიდან უწევდა თავად ეზრუნა თავდაცვის მექანიზმებზე, ეფიქრა და შეემუშავებინა თავად როგორ ემართა ცხოვრება. ამ ბავშვს აღარ ქონდა მშობლებისგან დაცვის მოლოდინი, არც შექების, არც მშობლების შიში და არც მათგან სიყვარულის მიღების სურვილი. ერთადერთი გამოსავალი რაც ნახა იყო გამხდარიყო ძლიერი და ჭკვიანი ისე როგორც შეეძლო რომ თავისი ბავშვური დაუცველობა თავად დაეცვა. ის შეეჩვია ყოველ დღე თავად მიეღო გადაწყვეტილებები და თავად ეცხოვრა. თუ გაიგონებთ ფრაზებს „ბავშობიდან ვისწავლე რომ ჩემ თავზე უნდა მეზრუნა“, „ჩემი ცხოვრების მმართველი მე ვარ“. თუ ადამიანი ემოციურ ტანკში ზის და არც მენტალურად და არც ემოციურად სხვას არ უშვებს შიგნით, ეს მაკონტროლებლის ფსიქოტიპია. ისინი თვლიან რომ თავად მოაგვარებენ ყველა პრობლემას და არ სჭირდებათ სხვისი დახმარება, რადგან ბავშობაში ამის გამოცდილება არ ჰქონიათ და რაც არ გამოგიცდია საშიშია, რეალურად მაკონტროლებელს ძალიან ეშინია კომფორტის ზონიდან გამოსვლა. პანიკურად ეშინია სხვას ენდოს ან აზრი კითხოს. რადგან მათ ცნობიერებაში ბავშობიდან ჩამოყალიბდა მოდელი რომ გადარჩენის ერთადერთი გზა საკუთარ თავზე და საკუთარ აზრებზე დაყრდნობაა. ეს ჩვევა ზრდასრულ ასაკში საზიანოა ურთიერთობებში, რადგან გულის გახსნის და ნდობის გარეშე მეორე ადამიანთან ვერ იგძნობ იმ ჰარმონიას და სიმშვიდეს რაც სიყვარულს მოაქვს.
მეგობრისთვის ან მეღლისთვის კი მაკონტროლებელის ტიპაჟი მიუწვდომელი სულია, ეს კი ადრე თუ გვიან ყველას ბეზრდება, რადგან ურთიერთობა ორმხრივი გახსნილობა და გრძნობების გულწრფელად გაზიარებაა. ხოლო ადამიანი ვინც მუდამ თავის თავის და ცხოვრების პატრონია მარტოობისთვისაა განწირული, რადგან ყველას ურთიერთობა უნდა და არა ტანკის გვერდით დგომა. ასეთ ტიპაჟად გაზრდილმა ადამიანმა უნდა ისწავლოს სხვისი ნდობა და სამყაროს დანახვა როგორც ერთ ჰარმონიულ ცოცხლად ორგანიზმად და თავი მის ნაწილად იგძნოს, ისწავლოს რომ ურთიერთობა ორმხირივია, მასზე ზოგჯერ სხვა იზრუნებს და ის ზოგჯერ სხვაზე. განმარტოებით ბედნიერებას ვერავინ მიაღწევს.
4. არამდგრადი
„არამდგრადი“ ადამიანები იზრდებიან ოჯახებში სადაც მშობლები მათთვის გაუგებარ და უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებენ. როცა ოჯახში არ არის სტაბილურობა და ბავშვმა არ იცის, როდის ელოდოს უყურადღებოდ დატოვებას და როდის სიყვარულს. ზოგჯერ მშობელი გასართობად მიდის მეგობრებთან და ბავშვი ძიძასთან მარტო რჩება ან მშობელი პირდება მის შეჯიბრზე მოსვლას, მაგრამ არ მოდის სამსახურის გამო. ხოლო საჩუქარს მოგვიანებით იღებს. შეიძლება ქმედებით მშობლები თვლიან რომ ბავშვს დანაკლისი აუნაზღაურეს, მაგრამ მის მსოფლ-აღქმაზე არ უზრუნიათ. მშობლები მისთვის ხან არიან ხან არა, მათ არ აქვთ სტაბილურობის შეგრძნება და არ თვლიან რომ ისინი სულ უყვართ. ასე რომ სამ დღეში ერთხელ ჩახუტებასაც ვერ იღებენ ბოლომდე, რადგან წინა ორი დღე უყურადღებოდ იყვნენ. ბავშვს თუ არასტაბილურად ეძლევა სიყვარული და ყურადღება, ის ასეც სწავლობს ურთიერთობებს. ის არასოდესაა დარწმუნებული რომ ვიღაც მასთან მეგობრობას ან ურთიერთობას სულ მოინდომებს, მას მუდამ აქვს მიტოვების და დაშორების შიში. ეს თვითაღქმა ქვეცნობიერადაა მასში მშობლების გამო ჩამოყალიბებული და ამიტომ აქვს მიდრეკილება გაცნობისთანავე მეორე ადამიანში ცხოვრების თანამგზავრი დაინახოს, ხოლო დროთა განმავლობაში იმედი გაუცრუვდეს, რადგან სამყაროში ბევრი ურთიერთობა მხოლოდ დროებითი გამოცდილებაა და თავის თავს წურავს. ამის გაცნობიერებამდე „არამდგრად“ ადამიანს სურს ვინც გვერდით ეყოლება სიბერემდე ყავდეს და ამის მოთხოვნილება გაცნობის პირველივე კვირაში უჩნდება. ზრდასრულ ასაკში კი ეს ეჭვი ხშირად უქმნით ემოციურ დიკომფორტს, მაგალითად შეიძლება იყოს მათ ცხოვრებაში ადამიანი ვისაც ნამდვილად უყვართ, მაგრამ საქმის გამო ვერ ნახონ ან ვერ დაურეკონ.
თავად მიხვდით ამ დროს რა გაახსენდება ადამიანს? ასეთ ერთ შემთხვევაში ადამიანში ის ბავშვობის გაურკვევლობა ღვივდება რომელიც პატარაობიდან სახლში ისწავლა. შეიძლება ხშირად იბუტებოდეს და თუ გაიგებთ რომ რომელიმე ადამიანს „ბუტიას“ უწოდებენ ან „ემოციურად ცვალებადს“, ეს მისი ბავშობიდან მოდის, იმ დინამიკიდან რომ მშობლები მას სიყვარულს არასტაბილურად აწვდიდნენ. თუ ამ აღწერაში საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანი ან მეგობარი აღმოაჩინეთ, სჯობს საკუთარი თავის სიყვარული ასწავლოთ და უთხრათ რომ ამ ქვეყნად მუდამ ვერავინ იქნება მათ გვერდით. ვერც ერთი ადამიანი ვერ მისცემთ გარანტიას რომ 24/7 ყურადღებას და სიყვარულს მისცემთ. აუხსენით რომ თუ ვერ დაურეკავთ მაინც მასზე ფიქრობთ. ამის მოსმენა მათ დაამშვიდებთ. და რაც მთავარია უნდა ისწავლოს რომ მთავარი ადამიანი ვინც მასზე მუდამ უნდა იზრუნოს თავადაა. თუმცა „მაკონტროლებლის“ ტიპაჟში არ გადავიდეს.
5. ამრიდებელი
„ამრიდებელი“ იზრდება მშობლებთან, რომლებიც ეუბნებიან რომ თავს თავად მიხედოს. ეს შეიძლება მშობლებმა კარგი განზრახვით გააკეთოს, რომ ბავშობიდანვე შვილს საკუთარ თავზე ზრუნვა ასწავლოს, მაგრამ დედობა და მამობა მხოლოდ საჭმლის კეთება და კარუსელზე წაყვანაა და სათამაშო ყიდვა არაა. ბავშვი პატარა ასაკშიც საჭიროებს თავისი პატარა წუხილების გაზიარებას, სიხარულების მიღებას და მშობელთან ჰარმონიულ ემოციურ კავშირს. „ამრიდებელი“ კი პატარა ასაკიდან სწავლობს თავის თავზე ზრუნვას და მშობლის არ შეწუხებას. ასევე თავისი ემოციების, სიხარულის თუ ბრაზის თავის თავში შენახვას. რეალურად ბავშვს მშობელი სჭირდება ამ ყველაფრისთვის, მაგრამ თუ უყურადღებოდ ტოვებენ და ეუბნებიან რომ ეს თავად გააკეთოს, ის თავის თავში ჩაკეტილი ხდება. მასში ყალიბდება ფუნქცია ყველაფერს თვითონ მიხედოს. ეს ჩვევა ზრდასრულ ასაკში გადადის როგორც ინტროვერტი ადამიანის ტიპაჟი. მათ არ უყვართ ხალხმრავლობა. ისინი მხოლოდ თავის ლოგიკას ენდობიან და არა გრძნობებს. რადგან პატარაობაში მათ არავინ ასწავლა გრძნობის გამოხატვა და მათზე ვერც მოსიყვარულე რეაქცია ვერ მიიღო. სამწუხაროდ ისინი ემოციებს ზრდასრულ ასაკში ხალხში ვერ გამოხატავენ, ვერც დადებითს და ვერც უარყოფითს, მათ ეს ფუნქცია არ გამოუმუშავდათ ოჯახში გაზრდისას და უემოციოს შთაბეჭდილებას ტოვებენ.
გარშემომყოფებს შეიძლება მისი პიროვნების იდენტიფიცირება გაუჭირდეთ და მოერიდონ და შესაბამისად ღრმა ურთიერთობაში შესვლა არ მოუნდეთ, რადგან ადამიანი, რომელიც არც კარგს გამოხატავს შენს მიმართ და არც ცუდს ღიად, სანდოდ არ გვეჩვენება. ის თავის თავში ხარშავს ყველაფერს, და რადგან მშობელმა არ ასწავლა გახსნილი ურთიერთობა, ის ვერც ურთიერთობს. საკუთარ ოჯახშიც შესაძლოა იგივე მოდელი გაიმეოროს, თავის შვილს არ მოუსმინოს, არ მისცეს ემოციები და არც გაცემა ასწავლოს. ასეთი ურთიერთობა ცივია და ვერ მივა იმ ლამაზ მდგომარეობებამდე რომელიც ორ ადამიანს შეუძლია შექმნას მრავალჯერადი ენერგიის გაცვლის შედეგად. ურთიერთობა უნდა იზრდებოდეს, იცვლებოდეს, საჭიროა კონფლიქტიც, ჩხუბიც, შერიგებაც და ერთმანეთის მრავალი მხრიდან დანახვაც.
„ამრიდებელი“ თუ აირიდებს ყოველგვარ ემოციურ გახსნილობას, ის დარჩება თავის იზოლირებულ სამყაროში და სავარაუდოდ დეპრესიისკენ ექნება მიდრეკილება, რადგან ყველა სხეულში წარმოქმნილ ემოციას გამოშვება ესაჭიროება. ეს აუცილებელია. როგორც ერთ უსაყვარელ ანიმაციაში, ავატარ ანგს მასწავლებელი უხსნის, ენერგიებმა უნდა იმოძრაონ როგორც წყალმა, თორემ დაჭაობდებიან და აყროლდებიან. თუ ყველაფერს „აირიდებთ“, სიხარულის გაცემას და „პროტესტის“ გამოხატვასაც, მაშინ შესაძლოა თქვენს სხეულში ენერგია დაჭაობდეს, რაც ხასიათზეც და ჯანმრთელობაზეც აისახება. ასეთმა ადამიანებმა უნდა ისწავლონ გახსნა და თავის ემოციების გულწრფელად გამოხატვა, და დარწმუნებულები იყვნენ რომ თუ მათ მშობელი არ პასუხობდა, მოიძებნება სხვა ბევრი მეგობარი და მოსიყვარულე ადამიანი ვინც მათ მიიღებს...
ეს მხოლოდ ხუთი ტიპი აღვწერეთ, თუმცა კიდევ ბევრია, და მთავარი, რაც ყველა მშობელმა უნდა გააცნობიეროს, არის ის, რომ მათ შვილთან ურთიერთობა უნდა ისწავლონ, იკითხონ და განვითარდნენ როგორც ადამიანები. ხოლო შვილებმა გაიგონ, რომ მათი მშობლებიც ოდესღაც არაჰარმონიულად გაზრდილი შვილები არიან და სამყაროში ბევრი რამ თავადვე უნდა მოიპოვონ. მშობლები მათ ყველაფერს ვერ მისცემენ, თუმცა თავად მთელი ცხოვრება აქვთ ყველაფრის შესაცნობად.
სტატია მოამზადა ანა თოფურიძემ
გამოყენებული წყარო
თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...