აღელვებული კაცი ყავისფერ პიჯაკში

Admin
ხელოვნება
0
0

  მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  - ჟოაო ჟილბერტო   ავტორი: ტედ ჯოია.სტატია დაწერილი...

 

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი

João Gilberto. - ჟოაო ჟილბერტო

 

ავტორი: ტედ ჯოია.
სტატია დაწერილია 2019 წლის 7 ივლისს.

1998 წელს, მქონდა გამოცდილება, მენახა ბოსა-ნოვას პიონერის, ჟოაო ჟილბერტოს გამოსვლა სან-ფრანცისკოში. ჟილბერტო, რომელიც წინა შაბათს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, არამარტო მისი მაგიური მუსიკით იყო ცნობილი, არამედ შიშითაც, რომელიც სცენის მიმართ აკავშირებდა. თუ შანსი გქონდა, რომ მისი კონცერტი გენახა, აუცილებლად უნდა გამოყენებინა - რადგან, შეიძლება, ეს აღარ განმეორებულიყო.

„აღელვებული კაცი ყავისფერ პიჯაკში“

კაცი, რომელსაც გიტარა უჭირავს, ჰგავს ადამიანს, რომელიც ახლახანს ჩამოვიდა მატარებლიდან და ახლა ღელავს, არასწორი გაჩერება ხომ არ ავირჩიეო. კონცერტის ორგანიზატორი გაოგნებულია მისი მოულოდნელი გამოჩენით - ისევ თავისი შესავლის შუაშია ("მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს შეყვარებულს; აუდიტორიას მოსვლისთვის...“). ჯერ კიდევ არ უხსენებია "საღამოს ვარსკვლავი",- ჟოაო ჟილბერტო. და აი ისიც, უკვე სცენაზე, საერთოდაც არ ჰგავს საღამოს ვარსკვლავს. უბრალოდ არის კაცი ყავისფერ პიჯაკში, რომელსაც უნდა, სადგურზე დაბრუნდეს, მაგრამ თან ეშინია, რომ მატარებელი უკვე წავიდა.


როგორც ეს კარნეგი ჰოლში ხდება ხოლმე, აუდიტორია მას ფეხზე წამოდგომითა და ოვაციებით მიესალმა. თბილი დახვედრა თითქოს კიდევ უფრო უმძაფრებს მას აღელვებას. მაგრამ დაბრუნება უკვე შეუძლებელია - მატარებელმა აშკარად დატოვა სადგური. ის ცენტრში, სკამთან ინაცვლებს, ჯდება და თავის ფეხებს აშტერდება.
ჟილბერტოს სიმორცხვეზე ბევრი ისტორია მოუყოლიათ. ზოგიერთი მათგანი აპოკრიფულიც კი არის. მაგალითად, მომღერალ ელბას რამალიოს ამბავი: ის სპეციალურად გადავიდა ცნობილი მუსიკოსის კორპუსში, რომ როგორმე დამეგობრებოდა. ერთხელაც, ჟოაო ჟილბერტომ სთხოვა, ბანქოს დასტა ეთხოვებინა მისთვის. მომღერალმა ეს თავის შანსად ჩათვალა და მაშინვე მივიდა მის ბინასთან. კარზე დაუკაკუნა, მაგრამ ჟოაომ კარის გაღებაზე უარი თქვა და სთხოვა, ბანქო სათითაოდ შეეცურებინა კარის ქვეშ.

 

იგივე კვირას, როცა ჟილბერტოს სან-ფრანცისკოში უნდა ჩაეტარებინა კონცერტი, რამდენიმე ბრაზილიელი მომღერალი, მათ შორის ჟილბერტო ჟილი და ჩიქო ბურქი, საფრანგეთში, ბრაზილიური მუსიკის ფესტივალში იღებდნენ მონაწილეობას. მათი ვიზიტი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს ემთხვევა და ჩასვლის მიზეზიც, უპირველესად, ბრაზილიელი გუნდის მხარდაჭერაა. ამის მიუხედავად, ჟოაო როგორღაც დაითანხმეს, რომ კონცერტები შეერთებულ შტატებში - ნიუ-იორკში, მაიამისა და სან-ფრანცისკოში ჩაეტარებინა, სანამ მისი მეგობრები საფრანგეთში იყვნენ.


საქმეში ჩახედულმა ფანებმა იციან, თუ რამდენად იშვიათი სიამოვნებაა ეს. კარნეგი ჰოლში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ტონი ბენეტი, ჯონ ჰენდრიკსი, ჟოაო ბოსკო, ტომი მოტოლა, კორნელ დუპრი, სონია ბრეგა და ბევრი სხვა, მაგრამ სან-ფრანცისკოს კონცერტამდე ერთი დღით ადრე "San Francisco Chronicle"-მ დაწერა, რომ ჟილბერტოს გამოჩენა „ქალაქის მთავარი მოვლენა“ იყო.


ახლა, როცა სკამზე უკვე მოკალათებულია, ჟილბერტო ჩურჩულს იწყებს. ოვაცია ჯერ კიდევ არ იყო შემწყდარი, მაგრამ ამ დროს ყველა გაჩუმდა. არა, ის არ ჩურჩულებს - უბრალოდ ასე ჩანს. მღერის, მაგრამ ძალიან ნაზად. მე მესამე რიგში ვარ, მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი მაშორებს, თუმცა მაინც მიჭირს გავარჩიო მისი გიტარის ხმა, რომელიც ჩურჩულზე უფრო ჩუმია.


დაბნეულობა გასაკვირი არ არის. ჟილბერტოს სასიმღერო სტილი ისეთივე მორცხვია, როგორც მისი ქცევა სცენაზე. მაილს დევისმა ერთხელ თქვა, რომ ჟოაოს მღერა ისეთი ჰიპნოტურია, „ის ძალიან კარგად წაიკითხავდა გაზეთებს“. როცა ტომ ჟობიმმა ჟილბერტო პირველად მიიყვანა ხმის ჩამწერ სტუდიის წარმომადგენლებთან, ისინი შოკირებულები უყურებდნენ მომღერალს, რომელიც თითქმის არ ამოძრავებდა ტუჩებს. ერთს აღუნიშნავს კიდეც: „ტომმა თქვა, რომ მომღერალს მოგვიყვანდა, თუმცა საბოლოოდ მუცლით მეზღაპრე მოუყვანია“.


მათი პირველი ჩანაწერის, "Chega de Saudade"-ს გამოსვლა, თანამედროვე ბრაზილიური მუსიკის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. მაგრამ პირველად წინააღმდეგობა ბევრი იყო. როცა გამყიდველებმა მათ გავლენიან კლიენტს ჟოაოსა და ტომის ალბომი მოასმენინეს, კაცმა ის მაგიდაზე დაანარცხა და სარკასტულად თქვა: „რატომ უშვებენ გაციებული მომღერლების ალბომებს?“


რამდენიმე თვეში, ჟილბერტო ძალიან პოპულარული გახდა ბრაზილიაში. ბოსას სიგიჟემ ამერიკაც მოიცვა, სადაც ჟილბერტომ სტენ გეტსთან ერთად ჩაწერა ალბომი, ერთ-ერთი სიმღერა კი "Girl From Ipanema" იყო, რომელმაც თითქმის ორი წელი დაყო ბილბოარდის ალბომის ჩარტებში.
ჟილბერტო რევოლუციური იყო, მაგრამ არასოდეს ერიდებოდა მის წინამორბედ ბრაზილიელ მუსიკოსებთან კავშირს. შტატების ტურის დროს ბევრი კომპოზიცია შეასრულა ჟობიმის შემოქმედებიდან, რომელმაც იგი პოპულარული გახადა; მაგრამ ასევე იმღერა არი ბაროსოს და დორივალ ქეიმის სიმღერებიც. ასევე გაშინაურებული იყო "ტროპიკალისტ" ლირიცისტებთან, როგორებიც არიან კატანო ველოსო და ჟილბერტო ჟილი. აუდიტორიიდან ბევრი გაკვირვებული იყო, როცა ჟილბერტომ S' Wonderful ინგლისურად იმღერა, მაგრამ ჯორჯ გერშვინი და კოულ პორტერი ასევე იყვნენ მისი ინსპირაციის წყარო.


ჟილბერტო ამ გავლენების გამოყენებისას არასოდესაა მიმბაძველი. ისინი უბრალოდ მისი მუსიკალური ხედვის ნაწილები ხდებიან; ჟოაო არასოდეს ადაპტირდება მათთან. აუდიტორიასთანაც მსგავსი ტექნიკით ურთიერთობს. სწორედ აუდიტორია უნდა მოვიდეს მასთან, მის არტისტულ სივრცეში. ჟილბერტოს ბუნებაში არ ჯდება, რომ თავად ეძიოს ისინი. და ალბათ, ეს კონცერტის ყველაზე ლამაზი ნაწილია: თუ როგორ მიჰყავთ მსმენელებს საკუთარი თავი სცენაზე მყოფ მორცხვ კაცთან, ადაპტირდებიან მის ნაზ დინამიკასთან, მის მგრძნობიარობასთან, მის არტისტულ ხედვასთან. დროში, სადაც პერფორმერები პრიმიტიულ ხრიკებსა და „დიდებულ“ ჟესტებს მიმართავენ აუდიტორიის მოსაზიდად, ჟილბერტოს როლი საოცრად მომხიბვლელია.
მისი სასიმღერო სტილი დროის გასვლასთან ერთად უფროდაუფრო ექსცენტრიული გახდა. 1958 წლის ჩანაწერში მსმენელები მისი ნაზი ხმითა და ატმოსფეროთი მოიხიბლებოდნენ, მაგრამ ახლა ის უფრო მოსაუბრე გახდა, უფრო ნაკლებად პომპეზური. ის, როგორ ფორმულირებასაც უკეთებს სიმღერის ტექსტს, ყოველთვის იყო უჩვეულო, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად.


ჟილბერტოს მუსიკა ყოველთვის რელაქსაციურია, მაგრამ სცენაზე მისი გამოჩენა ყოველთვის დაძაბულობაა. შესრულების დროს აუდიტორიას არასოდეს უყურებს, სიმღერებს შორის თავის ფეხებს აკვირდება, აშკარაა, რომ იატაკზე სიმღერების სიას ამოწმებს, შემდეგ კი, ნერვიულად ისწორებს სათვალეს. ოვაციების ბოლომდე შეწყვეტას არ ელოდება და შემდეგი სიმღერის დაკვრას იწყებს.
ამ საღამოს ის არ უკეთებს შესავალს თავის სიმღერებს, არცერთ "მადლობას" ამბობს, არცერთ ოვაციას იმჩნევს. მიკროფონის გაუმართაობის მომენტშიც კი, აიგნორებს და უბრალოდ აგრძელებს დაკვრას. მთელი საღამოს განმავლობაში მხოლოდ ერთი რამე თქვა. შუა კონცერტის დროს, ხალხს უკვე მოუსვენრობა ეტყობა, რადგან ხმა ძალიან ცუდად ისმის. ხმის ინჟინერი სცენის კუთხეში ზის, მაგრამ ისე ჩანს, თითქოს ჟოაოსთვის სიმღერის გაწყვეტინება არ უნდა. საბოლოოდ, ახალგაზრდა კაცი სიმღერებს შორის პაუზის დროს სცენაზე ადის და მიკროფონს ასწორებს. აუდიტორიიდან ერთ-ერთი უხეშ კომენტარს ისვრის მოწყობილობის უხარისხობის შესახებ. როგორც კი ახალგაზრდა მიკროფონის გასწორებას ასრულებს, ჟილბერტო ამაყად, ნელი, მტკიცე ინგლისურით ხსნის: „ეს... ჩემი... შვილია“. აუდიტორია ტაშს უკრავს, რაღაც მომენტში თავად ჟილბერტოც კი, და წამის მეასედში მის სახეზე ღიმილი ჩნდება. შემდეგ ისევ საკუთარ თავს უბრუნდება და "Wave"-ს მღერას იწყებს.

 


ჟილბერტო ყველაზე კარგი მაშინაა, როცა თავად უკრავს და მხოლოდ საკუთარი გიტარა ჰყავს აკომპანიმენტად. მისი სოლო კომპოზიციები გეტსთან ჩაწერილ ცნობილ კოლაბორაციებსაც კი მირჩევნია. ნამდვილად, მქონდა საშუალება, რომ გეტსთან ერთად დამეკრა ისეთი სიმღერები, როგორიცაა "Desafinado" და "Garota De Ipanema" - ეს ძალიან დასამახსოვრებელი გამოცდილებაა ჩემთვის, როგორც ჯაზ-პიანისტისთვის. მაგრამ როცა ჟილბერტომ თავად დაუკრა ეს სიმღერები, ამან კიდევ უფრო ამაღელვა.
ადამიანი გაოცდება მისი უნარით, რომ ახალი სიცოცხლე შესძინოს ისეთ რაღაცებს, რომლებმაც დროში დაკარგეს თავიანთი სიხასხასე.

 

João Gilberto performing in 2008. - ჟილბერტო 2008 წელს

მიუხედავად იმისა, რომ მის პირველ ჩანაწერსა და დღევანდელ პერფორმანსს შორის ბევრი ცვლილებაა, მსგავსებები კიდევ უფრო განმაცვიფრებელია. ჟილბერტომ აშკარად უკუაგდო აზრი - რომელსაც უფრო მეტად პიკასოსთან აასოცირებენ, მაგრამ მეოცე საუკუნის ძირითად იდეად ითვლება - რომ შემოქმედებითმა ადამიანმა უნდა გაიაროს განსხვავებული "პერიოდები".


ჩემმა კუმირებმა ძალიან მიმაჩვიეს ამ ცვლილებებს - მაილზ დევისი, ბიტლები, ლუ ჰარისონი, ბრაიან უილსონი, გლენ გულდი. მაგრამ საბოლოოდ ჟილბერტოსნაირი არტისტებიც დავაფასე, რომლებიც მთელი თავიანთი კარიერის განმავლობაში დარჩნენ მართლები თავიანთი შემოქმედებითი ხედვის ძირითად ნაწილებთან. მქონდა ცდუნება, მეთქვა, რომ ჟილბერტოს სტილი არ შეცვლილა. მაგრამ სიტყვა "სტილი" ამ კონტექსტში უსამართლოა. ის უფრო რაღაც ხელოვნურს უკავშირდება, რაღაცას, რაც შეგვიძლია უკუვაგდოთ, როცა ახალი "სტილი" შემოვა მოდაში. ჟილბერტოს მუსიკა ამ მიდგომას უარყოფს. ეს "სტილი" მისი არსია, ნაწილია, და არა ხელოვნური დანამატი. ამიტომაც, ის "სტილის" მიღმა გადის. მე მჯერა, რომ ეს დაკავშირებულია მის ამბივალენტურობასთან აუდიტორიის მიმართ. სცენაზე ყოფნისას, ისე ჩანს, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ასრულებს. და ყველასთვის, ვისთვისაც მუსიკის კეთება პირად სიამოვნებასთანაა დაკავშირებული, ცხადია, რომ უმნიშვნელოა ის გარემოებები, რაც შეიძლება მოდურად ითვლებოდეს კონკრეტულ დროში.


ერთ საათზე ცოტა მეტხნიან პერფორმანსს ჟილბერტო "Desafinado"-თი ხურავს, შემდეგ კი მალევე ბრუნდება და რამდენიმე სიმღერას ბისზე ასრულებს. მათ შორისაა "Garota de Ipanema" და "Mas Que Nada". სცენას ისევ ტოვებს, მადლობის, ან რაიმე კომენტარის გარეშე. ქალს, რომელსაც ხელში ყვავილების თაიგული უჭირავს, უწევს, მთლიანი სცენა გაიაროს, რომ როგორმე მისწვდეს ჟილბერტოს, სანამ ის კულისებში ჩაიკარგება. კაცი ჩერდება, გაკვირვებული ჩანს, შემდეგ ყვავილებს ართმევს და ქალს თბილად ხვევს ხელებს, რაც ძალიან უჩვეულო და საკვირველია მთელი საღამო მისი noli me tangere ქცევის შემდეგ. შემდეგ მიდის. აუდიტორია ტაშს უკრავს და ყვირილით იკლებს დარბაზს. მიუხედავად იმისა, რომ შუქები ჯერ კიდევ ანთია, მე ვიცი, რომ სან ფრანცისკოში მეტჯერ ვეღარ ვნახავთ ჟოაო ჟილბერტოს - არც ამ საღამოს, არც სხვა რომელიმე საღამოს. და საფუძვლიანად ვარ დარწმუნებული, რომ რაც უფრო ხმამაღლა უკრავს ტაშს ხალხი, მით უფრო შეშინებულია ჩვენი საღამოს ვარსკვლავი, - მით უფრო სწრაფად უბრუნდება იგი თავის სამყაროს.

მსგავსი სტატიები

პოპ არტის საკულტო ფიგურის, ენდი უორჰოლის, ბიოგრაფია


წყარო  მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი;  Ikigai / იკიგაი ენდ...

ლისეტე ალკალდე - როდესაც დედამიწას სხეულით გრძნობ


ავტორი: ანა თოფურიძე ეს საოცარი გოგონა ჩემი ერთ–ერთი აღმოჩენაა, ...

წამი


ავტორი: ქრისტინე ბებია იყო ერთი ზარმაცი. ეჯავრებოდა შრომა. ღმერ...

ინტერვიუ ლორა მაკაბრესკუსთან


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი წყარო   ვიდეო-ვ...

ვენერა ვერტიკორდია


ჩვ.წ. 114 წელს რომაელებმა სიკვდილით დასაჯეს ვესტას სამი ქურუმი ქალი...

"ვარდის სახელი"


უმბერტო ეკოს პირველ რომანში "ვარდის სახელი" მოქმედება, პერსონაჟთა მ...

შტეფან თოდოროვიჩი


შტეფან თოდოროვიჩი (Stefan Todorovic) გერმანელი ილუსტრატორი და არქიტ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff