დიდოსტატის მარჯვენა და იერუსალიმის ტაძრის ხუროთმოძღვარი ჰირამი

Admin
ხელოვნება
0
0

კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში" სამი მთავარი გმირის ამბავი თავისი შინაარსით ზუსტ...

didostati

ავტორი: ინკოგნიტო

კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში" სამი მთავარი გმირის ამბავი თავისი შინაარსით ზუსტად იმეორებს თავისუფალ კალატოზთა (მასონთა) ლეგენდას იერუსალიმის ტაძრის მშენებლის, ჰირამ აბიფის შესახებ.

მასონური ლეგენდის მიხედვით, იერუსალიმის ტაძარი, რომელიც ებრაელთა სულიერი ძიებების მწვერვალის სიმბოლოა, აშენებულია ჰირამ აბიფის მიერ, მეფე სოლომონის კარზე მსახურების დროს. სოლომონს სტუმრობს შებას დედოფალი სახელად ბალქისი. მეფეს ძლიერ შეუყვარდება ქალი, მაგრამ ბალქისი შეიყვარებს არა სოლომონს, არამედ ტაძრის მაშენებელს - ჰირამს. როდესაც ამას გაიგებს მეფე განრისხდება, მაგრამ ეცდება ცბიერებით მოიშოროს თავიდან არქიტექტორი. მან იცის, რომ სხვა ხუროებს შურთ ჰირამის, და აუმხედრებს მათ, შეაგულიანებს მის მოსაკლავად. ხუროები კლავენ ჰირამს, მაგრამ მაინც ვერ შეძლებენ რომ ხუროთმოძღვარს დააცდენონ "სამი სიტყვა" - დიდი საიდუმლო, ერთგვარი პაროლი. თუმცა ტაძრის მშენებლობა მაინც გასრულდება, რადგან სიბრძნის ტაძრის აღმართვას ვერაფერი შეუშლის ხელს, ხოლო ჰირამი თავის სიტყვას შეინახავს, არ გასცემს საიდუმლოს. ამ ისტორიას მასონური ხელდასხმის დროს ხსნიან როდესაც დიდოსტატის ხარისხში აჰყავთ პიროვნება. ხოლო თავად ამბავი ასწავლის საკუთარი სიტყვის ერთგულებისა და სიცოცხლის სწრაფწარმავლობის შესახებ.

ამ ისტორიის ანალოგიურად, სოლომონში შეგვიძლია დავინახოთ საქართველოს მეფე გიორგი I, ჰირამში - არსაკიძე, ხოლო ბალქისში - სადედოფლოდ გამზადებული შორენა კოლონკელიძე. ამ სასიყვარულო სამკუთხედში იგივე მოტივები და იგივე ქმედებები გვხვდება: მეფე, რომლის დროსაც წარჩინებული ხუროთმოძღვარი აშენებს ეროვნული მნიშვნელობის ტაძარს, მეფე კი განრისხდება, რადგან ქალი, რომელიც მას უყვარს საპასუხო გრძნობით პასუხობს არა მეფეს, არამედ არქიტექტორს, რის გამოც მეფე წირავს ტაძრის მაშენებელს. დიდოსტატი არსაკიძეც ერთგულია თავისი სიტყვის, რასაც ჩაუთქვამს თავის შემოქმედებას. მიუხედავად დაბრკოლებებისა, ის პირველ რიგში ხელოვანია და განასრულებს ტაძრის შენებას. ძველად იერუსალიმში აღმართული ტაძარი და მცხეთაში მდგარი სვეტიცხოველი ერთნაირი მნიშვნელობისაა: ერთი სულიერი ცენტრია ებრაელი ერისთვის, კრავს მას. სვეტიცხოველი კი ქართველი ხალხის სულის გამოხატულებაა, მისი ერთიანობის სიმბოლო. ერთიც და მეორე ტაძარიც არა ერთხელ არის დარღვეული და ხელახლა აღდგენილი, რაც მიუთითებს იმ პრინციპების ურღვევობაზე, რომელიც ორივე ნაგებობას ჩაუთქვეს. და მცხეთაც ცნობილია როგორც ქართველთა იერუსალიმი, სადაც ტაძრების მნიშვნელობა და ზოგიერთი ადგილის დასახელებაც იმეორებს იერუსალიმისა და მისი შემოგარენის სახელებს. თითქოს ისტორიაც და მწერლის შემოქმედებაც იმეორებს ნიცშეს მარადიული მობრუნების იდეას, როცა ერთსა და იმავე სიუჟეტებს იმეორებს ისტორიაც და მწერლის წარმოსახვაც, ოღონდ აღწერილს სხვადასხვა ეპოქასა და სივრცეში. ხოლო ჰირამის ისტორიის გაცნობა გამსახურდიას შეეძლო რუდოლფ შტაინერის ნაწერებშიც, სადაც ანთროპოსოფიის ფუძემდებელი ახსენებს ამ ლეგენდას, ხოლო მწერალი კი ძლიერ დაინტერესებული იყო ანთროპოსოფიით.

არსაკიძე დამსახურებულად იწოდება "დიდოსტატად", რაც არა მხოლოდ მის შემოქმედებით ნიჭს უსვამს ხაზს, არამედ ემთხვევა თავისუფალ კალატოზთა მაღალი ხელდასხმის რანგს, რომელსაც ეწოდება "დიდოსტატი", რაც მიუთითებს ხელდასხმულის უნარებსა და ცოდნას სულიერ საკითხებში. არსაკიძე კი იმ მაღალი სულიერების წარმომადგენელია, რომელიც ხელოვანს გააცნობიერებინებს, რომ ის შემოქმედი ღმერთის მსგავსებაა, ამიტომ ჩურჩულებს არსაკიძე დასრულებულ ტაძარში ყოფნისას ბიბლიური ღმერთის სიტყვებს: "იქმენინ ნათელი!"... ეს შემოქმედის შეძახილია, რომელიც ხედავს როგორი მშვენიერია მისი ნაყოფი, ხოლო შემოქმედი-ღმერთი ოკულტურ ლიტერატურაში ასევე იწოდება როგორც "სამყაროს დიდი არქიტექტორი"... არსაკიძე ფორმულად წარმოთქვამს სიტყვებს: "გჯეროდეს, ჩემო, საპატიო ვალია კაცისა არა გლახურ ღმერთის ძიება, არამედ თავათ უნდა გახდეს შემომქმედ უფლის მეტოქედ". ეს კი ზუსტად იმეორებს XV საუკუნის იტალიური რენესანსის წარმომადგენლის, ჰუმანისტი ფილოსოფოსის ლეონ ბატისტა ალბერტის სიტყვებს: "გჯეროდეს, რომ ადამიანი იბადება არა იმისათვის, რომ უმოქმედობაში ათრიოს სევდიანი არსებობა, არამედ ის უნდა შრომობდეს დიად საქმეზე". ეს სიტყვები შეეფერება მეთერთმეტე საუკუნის ქართველ ხელოვანსაც, რადგან ეს ის ეპოქაა, როცა საქართველო ჰუმანისტური ტენდენციებით თავის კულტურულ რენესანსს უახლოვდება, სვეტიცხოვლის ტაძარი კი ქართული რენესანსის საგანძურია. გამოთქმაში "დიადი საქმე" ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ასევე ალქიმიური ტერმინი "დიადი საქმე"(Magnum opus), რაც არის ფილოსოფიური ქვის ძიება, სულიერი ოქროს აღმოჩენა საკუთარ თავში, ეს კი ნამდვილი დიდოსტატის ხვედრია.

 არსაკიძისთვის თავად სვეტიცხოველია მისი Magnum opus, ანუ დიადი, მთავარი ნაწარმოები, რომელშიც მატერიალიზაციას ახდენს როგორც საკუთარი სულიერი ძიებების, ისე კრავს მასში ეროვნულ ეგრეგორსაც და ხალხის ძალებს... რომანის ეპილოგში მწერალი აღნიშნავს, რომ სურდა ეჩვენებინა "ხელოვანის ბედი ტირანიულ სახელმწიფოში" (რითიც საკუთარ ეპოქაზე მიგვანიშნებს), მაგრამ არსაკიძის პიროვნება მხოლოდ ამაზე არ ჩერდება, აქ "მარჯვენის მოკვეთა" მხოლოდ სამართლიანობის დამხობას არ ნიშნავს. არსაკიძე მსხვერპლისთვისაც მზად არის შეგნებულად და ეს შეგვიძლია შევადაროთ სხვადასხვა ქვეყნებში ოსტატების ისტორიებს, რომლებსაც ლეგენდის მიხედვით ასევე მოკვეთეს მარჯვენა, რადგან "მარჯვენის მოკვეთა" არქიტექტორისათვის არის იმის ნიშანი, რომ ნაგებობა აღარ უნდა განმეორდეს, შემოქმედმა კი მიაღწია სრულყოფას და მოემზადა რომ განისვენოს ბიბლიური ღმერთივით. მსგავს მოვლენას აღწერს ორჰან ფამუქი თავის რომანში "მე წითელი მქვია", სადაც მინიატურისტი მხატვრები დაოსტატების უმაღლეს მწვერვალზე ნებაყოფლობით იღებდნენ სიბრმავეს. ან შეგვიძლია გავიხსენოთ შექსპირის ბოლო პიესა "ქარიშხალი", სადაც ჯადოქარი პროსპერო საკუთარი ნებით ამბობს უარს თავის ჯადოქრობაზე, რაშიც ხედავენ მწერლის მზადყოფნას გაათავისუფლოს საკუთარი შემოქმედება და თავად განისვენოს. შემთხვევით არ წერს კ.გამსახურდიაც: როდესაც ნაწარმოებზე ბოლო წერტილი დაისმება, ის უკვე შემოქმედს აღარ ეკუთვნის, მან უნდა გააცნობიეროს რომ ნაწარმოებმა საკუთარი სიცოცხლე შეიძინა, როგორც ღმერთისგან შექმნილმა ადამიანმა. შემოქმედი კი "განისვენებს", ყველა ქმედების შემდეგ მიაღწევს უმოქმედობის სიბრძნეს. "ყოვლადბრძენი არ მოქმედებს. იქმს და უმოქმედოა. უმოქმედოა და: ყოველი არსი მას მორჩილებს." (დაო დე ძინი)

გასათვალისწინებელია ის კონტექსტიც, თუ რომელ ეპოქაში დაიწერა ეს რომანი: საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დროს, და ამ დროს კონსტანტინე გამსახურდია შეიმუშავებს კონცეფციას: როცა ქვეყანა დაპყრობილია და ეროვნული ხელისუფლება ვეღარ იცავს მას, ასეთ დროს უნდა დამყარდეს კულტურის დიქტატურა - როცა კულტურის სფერო აიღებს ხელში ერის გამაგრებასა და გამხნევებას. ამ მხრივ რომანის სიმბოლური, იგავური ენა და მისი ქვეტექსტები-მინიშნებები ერთგვარი პასუხია, რომელსაც მწერალი მიაგებებს იმ სისტემას, რომელიც ძალმომრეობით დამყარდა საქართველოში, რომანს ასრულებს სიტყვებით "ქვაში ჩაკირული საიდუმლო განვაცხადე სიტყვაში." ის, რასაც ქვისმთლელები საიდუმლო მინიშნებებად დებდნენ ქვის ნაგებობებში, მწერალმა იგივე გააცხადა სიტყვაში, რაც გამგებმა უნდა გაიგოს: შექმნილია ნაწარმოები, რომელიც სასკოლო პროგრამაშიც შედის და რომელზეც თაობები იზრდება, თაობებს შორის იკვრება უხილავი კავშირები, ტექსტთან ურთიერთობისას კი მკითხველში სვეტიცხოვლის კედლებივით აღიმართება და მაგრდება ის ეროვნული სული, ეგრეგორი, იმპულსი და ღირებულებები, რომელსაც ატარებს რომანი...

მსგავსი სტატიები

„კრედიტის ლიმიტი“ და უმოძრაო კამერა


  ავტორები: ანეტ შტრაუსი და ფჯოსიდ ვრდოორი   ანეტ შტ...

რას ნიშნავს იყო „ნამდვილი“?


მონაკვეთი მარჯერი უილიამსის წიგნიდან „ვილვეტის კურდღელი“ მთარგმნ...

ნესტან-დარეჯანის წერილი ვეფხისტყაოსნიდან და მოცარტის ჯადოსნური ფლეიტის ერთი ეპიზოდი


როცა მოცარტის ოპერაში პრინცი ტამინო გამოცდას გადის პირამიდაში, იქ წ...

The Show Must Go On...


ავტორი: მამუკა გურული გუშინ ვუყურე ფრედი მერკურიზე გადაღებულ ბიო...

ვიდეო თამაშები, როგორც ხელოვნება


ავტორი: ანა თოფურიძე ინტერვიუ: გიორგი აბელაშვილთან არის თუ არა ვი...

სანდრო ბოტიჩელი


  სანდრო ბოტიჩელი ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპე ცნობ...

რენე მაგრიტი


(ფოტოს ავტორი: Bill Brandt)   რენე მაგრიტი (დ. 21 ნოე...

21 ფაქტი ედვარდ ჰოპერის შესახებ


21 ფაქტი ედვარდ ჰოპერის შესახებ მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai /...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff