ლიმბო - პარალელური რეალობა თბილისში

Admin
ხელოვნება
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე ფოტოები: თამუნა ჩქარეულის და ანა თოფურიძის ჩვენს უსასრულო ცნ...

limbo10

limbo17

limbo6

limbo15

limbo5

limbo18

limbo16

limbo19

ავტორი: ანა თოფურიძე

ფოტოები: თამუნა ჩქარეულის და ანა თოფურიძის

ჩვენს უსასრულო ცნობიერებებში უამრავი თეორია არსებობს სხვადასხვა განზომილებებზე, დროში მოგზაურობებზე, სიცოცხლეზე სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლეზე სხვა პლანეტებზე, პარალელურ სამყაროებზე, ჩვენთვის უხილავ განზომილებებზე და ა.შ.. ბევრს გვიყვარს კითხვა და ფანტაზიორობა იმაზე თუ როგორია სხვა ცხოვრება, იმის წარმოდგენა თუ როგორ ვიცხოვრებდით სხვა რეალობაში რომ მოვხვედრილიყავით. მაგალითად იქ, სადაც ჯერ ტექნოლოგიები არაა განვითარებული, სადაც ადამიანების გარდა სხვა არსებები, დემონები, ელფები, ჯადოქრები და მაქციები ცხოვრობენ. სადაც სხვა ისტორია და წესები აქვთ.. ახლა მე მოგიყვებით ერთ-ერთ ასეთ გამოგონილ და ხორცშესხმულ სხვა რეალობაზე, სადაც თავადაც ბევრი დაუვიწყარი საათი გავატარე.

„ლიმბო“ ლათინურად განსაწმენდელს ნიშნავს, ადგილს სადაც სულები სიკვდილის შემდეგ ხვდებიან და ასევე „ლიმბო“ თბილისში შექმნილი და ახალგაზრდებში გავრცელებული ცოცხალი როლური თამაშის სახელიცაა. თავდაპირველად თამაშს „ლარპი“ ერქვა, ინგლისურად LARP რაც Live Action Role Play (ცოცხალი როლური თამაშები) შემოკლებული სახელია. ღონისძიება ტარდება ორ კვირაში ერთხელ ქალაქისგან მოშორებულ ადგილას ბუნებაში და ის მოიცავს როგორც სპორტულ, ასევე თეატრალურ ელემენტებს. აქ ზოგი საბრძოლველად მოდის, ზოგს სხვა არსებად გარდაქმნა მოსწონს, ზოგს საყვარელი ფილმის თუ ვიდეოთამაშის გმირის შთაგონებით პერსონაჟის განსახიერება, ზოგს ფიზიკური ენერგიის დახარჯვა და ბრძოლა მოსწონს და ეს მონაწილეები ერთობლიობაში ნამდვილად სხვა რეალობას ქმნიან.

ბევჯერ დამვიწყებია ჩემი სახელიც, სამსახურიც, რეალური მეგობობრებიც და ჩემი თავიც სხვა მედ ყოფნისას გართულს. როდესაც პირველად ჩავედი მშიერ მიწებზე ელფის პერსონაჟით და ლისბურგში ტავერნაში დამხმარედ დავიწყე მუშაობა, სადაც პირველი ხუთი ადამანტი გადამიხადეს, რომლითაც შემდეგ პირველი კაგამის გამოცდებში მივიღე მონაწილეობა. როდესაც პირველად ვიბრძოლე და ომში საოცარი შთაბეჭდილებები მივიღე. საერთოდ ყოველი ურთიერთობა „ლიმბოში“ სხვა მოთამაშესთან უნიკალური გაამოცდილებაა, რადგან ეს არაა „მე ვაკო მქვია, სხვა რას შვები..“ ესაა სხვა რასის, სხვა იდეოლოგიის სხვა სამყაროს წარმოამდგენლის გაცნობა, რომელსაც შეიძლება ჯერ როგორც მტერს ისე შეხვდე და შემდეგ უახლოესი ადამიანი გახდეს და განსახიერებულ როლებში ისეთი ახალი თვისებებიც აღმოაჩინო რაც ადრე არ გამოგიცდია. ზოგადად ჩემი ცხოვრება ძალიან მიყვარს თავის მრავალფეროვნებით, მაგრამ ამ თამაშში, მოკლე დროში მიღებული ძლიერი ემოციები, შთაბეჭდილებები და გამოცდილებები ახლა მეტად ფერადად მახსენდება, ვიდრე სხვა გასართობების უმეტესობაში. ყველას ვუსურვებდი ერთხელ მაინც გამოსცადოს როგორია „ლიმბოს“ სამყაროში მოგზაურობა..

ახლა გაგაცნობთ ამ თამაშის სხვა მონაწილეებს, რომლებმაც კითხვებზე ძალიან საინტერესო პასუხები გამცეს:

limbo1

ანდრო:

როდის დაიწყეთ „ლიმბოს“ თამაში?

ლიმბოს თამაში დავიწყე 2018 წლის აპრილში, და იმ დღიდან არც ერთი ღონისძიება არ გამომიტოვებია.

რა შეცვალა ამ თამაშმა თქვენს ცხოვრებაში?

ის გახდა ცხოვრების ნაწილი, სხვა გართობის საშუალებებთან შედარებით გაცილებით უფრო სერიოზულ დონეზე, სოციალური უნარები გავაუმჯობესე, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, რომლებსაც ამ მომენტში ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ, ტყავისგან და ლითონისგან სხვადასხვა რამის დამზადებაც ვისწავლე.

რით განსხვავდება „ლიმბო“ თბილისში არსებული სხვა გასართობი სივრცეებისგან?

ზოგადად უნიკალური გასართობი სივრცეა ლიმბო, არ არსებობს საქართველოში მისი ანალოგი და კერძოდ სრული ჩართულობით განსხვავდება, ამაში ვგულისხმობ, რომ ყოველი მოთამაშე წარმოადგენს ამ გამოგონილი ფენტეზ-სამყაროს ნაწილს და შესაბამისად კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას იღებს, ისეთი გართობაა, სადაც ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, იმაზე თუ რა გზით მუშაობს შენი ფანტაზია და აზროვნება. ასევე იმით, რომ არავინ არ გზღუდავს იმაში თუ რას გააკეთებ თამაშის მსვლელობისას, ერთადერთი, რაც უნდა დაიცვა - ესაა როლური გარემოება.

რა მინიმალური დრესკოდი უნდა დაიცვას მოთამაშემ?

ტანსაცმელში არ უნდა ჩანდეს ბრენდები და თანამედროვე ტიპის ტანსაცმელიც არ უნდა იყოს გამოყენებული. რეალურად შავი შარვალი და რობა (დიდი ზომის დაძველებული მაისური რომელშიც ნახვრეტები და თასმები არის გაკეთებული) იდეალური მინიმალური დრესკოდია.

რით განსხვავდება თქვენი „ლიმბოს“ პერსონაჟი თქვენი რეალური პიროვნებისგან როგორიც ყოველდღიურობაში სწავლობთ და მუშაობთ?

ჩემს პერსონაჟსაც უყვარს ინფორმაციის ფლობა ისევე როგორც მე, მონდომებულია სწავლაში როგორც მე, მაგრამ მე არ ვარ ისეთი პრაგმატული როგორიცაა ჩემი პერსონაჟი, ასევე მე რეალურ ცხოვრებაში გარშემო მყოფებს არ ვიყენებ მისგან განსხვავებით და უფრო მჯერა ადამიანების, ჩემს პერსონაჟს პრაქტიკულად არავისი სჯერა.

თქვენი საყვარელი პერსონაჟი „ლიმბოს“ სამყაროში?

პალადინი ისილიენი ან ჩემი მასწავლებელი ბნელი მაგი - აიკი. ორივე ძალიან მიყავარს და ვერ გავაკეთებ ამ არჩევანს.

რომ შეგეძლოთ სრულად თუ გადახვიდოდით „ლიმბოს“ რეალობაში საცხოვრებლად?

არამგონია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიმზიდველია მაგიურ სამყაროში ცხოვრება- ასევე ძალიან სახიფათოც არის.

რას გაძლევთ „ლიმბო“ რასაც ფენტეზის ყურებით ან ვიდეოთამაშით ვერ მიიღებდით?

სულ სხვა ემოციებია ჩართულობის დროს, ბრძოლაში და რიტუალებში მონაწილეობის მიღება ვერ შეედრება ვერც ერთ ფილმს ან სერიალს. მე ვიტყოდი რომ ლიმბო არის წიგნი პირდაპირ გადმოსული რეალობაში, კამერების გარეშე და პროფესიონალი მსახიობების და რეჟისორის გარეშე, ფაქტობრივად წიგნი რომ იწერებოდეს 100 კაცის მიერ და ამავე 100 კაცის მიერ გადმოტანილი იყოს რეალობაში, რთული ასახსნელია.

ბევრი მოთამაშე ამბობს, რომ თამაშმა ბევრი ცხოვრებისეული გაკვეთილი ასწავლა, თქვენ რა გასწავლათ?

დიალოგის მნიშვნელობა და უკეთ მანახა რამდენად შეიძლება განსხვავდებოდნენ ადამიანები, კიდევ მეგობრობის მნიშვნელობაც უკეთესად მანახა ალბათ. რეალურად მე ერთხელ ვთქვი ასეთი რამ: ლიმბოს გამოწვევების შემდეგ რეალური ცხოვრების გამოწვევები აღარაა ასეთი რთული როგორც ადრე ჩანდა- ლიმბოს მოთამაშეები ერთგვარი cheater-ები ვართ რეალობაში.

თუ „იცნობთ“ პერსონაჟს რომელსაც ისურვებდით, რომ რეალობაშიც თქვენი კურსელი, თანამშრომელი ან მეზობელი ყოფილიყო?

ალბათ ბორდო - ის ყოველთვის მზადაა დაგეხმაროს და ბევრი რამ ეხერხება. კარგი მეზობელი ან თანამშრომელი იქნებოდა.

რომელ დღეს იცხოვრებდით კიდევ ერთხელ?

როდესაც მოვიპარე დაწყევლილი ხანჯალი, ძალიან ემოციური ღონისძიება იყო და სიამოვნებით ვიცხოვრებდი კიდევ ერთხელ.

რა არის „ლიმბოს“ მამოძრავებელი ძალა, რა მთავარი მოტივაცია აერთიანებს ყველა მოთამაშეს?

მე ვიტყოდი რომ საუკეთესო საშუალებაა ერთი დღით გადავდოთ რეალური ცხოვრების პრობლემები, ეგრედ წოდებული ესკაპიზმის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ალბათ ამით იზიდავს ის ხალხს, ასევე ალბათ ის რომ აქ მაგიას შენი ხელით შეგიძლია შეეხო.

teo

თეონა:

რა შეცვალა ამ თამაშმა თქვენს ცხოვრებაში?

ნუ პირველ რიგში ახალი ჰობი გამიჩნდა და კვირაობით ბუნებაში გასვლის მიზეზი, ცოტა კერვა ვისწავლე და ადამიანებთან ურთიერთობის მხრივაც მივიღე საინტერესო გაკვეთილები, ახალი მეგობრებიც შევიძინე.

რა ასაკიდან შეიძლება თამაში?

ასაკი არაა შეზღუდული თუმცა არასრულწლოვანს მშობლის ნებართვა ჭირდება.

რა თანხებთანაა დაკავშირებული მონაწილეობა?

თითო ივენთი 5 ლარი ჯდება, რაც ძირითადად ფოტოგრაფის და რეგისტრატორის დასაქირავებლად იხარჯება. თუმცა ასევე დაგჭირდება იარაღი და ფორმა რისი ფასიც უკვე იმაზეა დამოკიდებული კონკრეტულად რა გინდათ.

შეიძლება თუ არა ფორმის და იარაღის შეძენა სადმე?

ფორმა თუ გინდათ თქვენი გემოვნებით დაამზადებინოთ ჯობია მკერავს მიმართოთ, თუმცა გააჩნია რა უნდა მოთამაშეს, მაგალითად თუ იაპონური კულტურა აინტერესებს შეუძლია კიმონო შეიძინოს. იარაღებს რამდენიმე მოთამაშე აკეთებს თან საკმაოდ კარგს და შეიძლება მათთან ყიდვა. ასევე არსებობს ბევრი ონლაინ მაღაზია საიდანაც შეიძლება ლარპის ინვენტარის გამოწერა.

გყავთ თუ არა მმართველი? მეფე ან იმპერატორი?

ლიმბოს სამყაროში არის სხვადასხვა დაჯგუფებები და ფრაქციები თავიანთი სტრუქტურით. შეიძლება მეფე მართავდეს რომელიმე დაჯგუფებას ან კაპიტანი ან საერთოდ არ ყავდეთ აღიარებული ლიდერი. ერთადერთი ადამიანი იყო პრინცი დურანდი, რომელმაც თითქმის მთელი ლიმბო გააერთიანა თავისი მმართველობის ქვეშ დროებით.

რა მინიმალური დრესკოდი უნდა დაიცვას მოთამაშემ?

მთავარია ადამიანს ეტყობოდეს, რომ ძველ დროში ცხოვრობს. არ შეიძლება მაგალითად ჯინსებით სიარული და ზოგადად თანამედროვე ატრიბუტიკა. თუმცა მინიმუმისთვის საკმარისია მაგალითად შავ ტანსაცმელზე კიმონო მოიხვიო,

რით განსხვავდება თქვენი „ლიმბოს“ პერსონაჟი თქვენი რეალური პიროვნებისგან როგორიც ყოველდღიურობაში სწავლობთ და მუშაობთ?

ნუ ალბათ ჩემი პერსონაჟი ჩემზე ბევრად თავდაჯერებულია, სწერვა და მბრძანებლობა უყვარს. მე ბევრად კეთილი ვარ. სწავლით და მუშაობით ორივე მკურნალები ვართ უბრალოდ ის მაგია მე კიდე მედიკი.

თქვენი საყვარელი პერსონაჟი „ლიმბოს“ სამყაროში?

ძნელი ამოსარჩევია, მაგრამ ალბათ ერთი ორკი, რომელმაც ქართული ვითომ ცუდად იცოდა და სასაცილოდ ლაპარაკობდა.

ბევრი მოთამაშე ამბობს, რომ თამაშმა ბევრი ცხოვრებისეული გაკვეთილი ასწავლა, თქვენ რა გასწავლათ?

მე რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ისაა, რომ ვისწავლე უფრო თავდაჯერებული ვიყო და ის რომ როცა რაღაც გინდა, უნდა გააკეთო ყველაფერი ამის მისაღებად და ხშირ შემთხვევაში მიიღებ კიდეც.

თუ „იცნობთ“ პერსონაჟს რომელსაც ისურვებდით რეალობაშიც თქვენი კურსელი, თანამშრომელი ან მეზობელი ყოფილიყო?

იყო ერთი პერსონაჟი ფაზიკი ერქვა, ძალიან მხიარული და არანაკლებად აფერისტი ვაჭარი. სიამოვნებით ვიყიდიდი დილაობით ფაზიკისგან ყავას.

limbo3

გურამი:

რით განსხვავდება „ლიმბო“ თბილისში არსებული სხვა გასართობი სივრცეებისგან?

თითქმის ყველაფრით განსხვავდება. აქ შენთან ერთად შენი ფანტაზია მონაწილეობს. შენ არ ხარ მორიგი ვიღაც რომელიმე გასართობ ცენტრში არამედ თავად ქმნი იმ ხაზს სადაც ფრთებს შლი. თანამედროვეობის ჯაჭვით არ ხარ შებოჭილი და ალტერნატიულ სამყაროში აღებ კარიბჭეს, ხოლო ერთი რიგითი მოსიარულე იქნები თუ ლიდერი უკვე შენზეა დამოკიდებული ისევე როგორც სხვა ყველაფერი ამ სამყაროში.

რამდენი წლის იყო ყველაზე პატარა მოთამაშე ვისაც თქვენს სამყაროში უცხოვრია?

ზუსტად არ ვიცი რამდენის იყო სავარაუდოდ 6-7 შლის. მამას „დრუიდს“ ამოყავდა მისი პატარა შვილი და მე როგორც სრულფასოვან მონაწილეს ისე ავღვიქვამდი . მათთან ურთიერთობა ერთ ერთი ყველაზე საისამოვნო და სახალისო მომენტი იყო ჩემთვის.

რა საერთო აქვთ თქვენს პერსონაჟებს ერთმანეთთან?

ჩემი პერსონაჟები ბნელი ელფების „დრუვინ“ ის შტოს ერთი საგვარეულოს წარმომაფგენლები არიან , დამატებითი ინტერესის შემთხვევასი ტავად პერსონაჟს კითხეთ.

რით განსხვავდება თქვენი „ლიმბოს“ პერსონაჟი თქვენი რეალური პიროვნებისგან როგორიც ყოველდღიურობაში სწავლობთ და მუშაობთ?

დავიწყოთ იმით რომ ნაცრისფერი კანი არ მაქვს და არც წაწვეტებული ყურები . ხასიათით იმდენად განსხვავდება როგორც მონეტის ორი მხარე ერთმანეთისგან და ისევ მეტი აზარტისთვის ჯობია თავად პერსონაჟი გაიცნოთ.

თამაშის სცენარი წინასწარ დაწერილია თუ სპონტანურად იქმნება?

ადრე სცენარის მსგავსი არსებობდა მაგრამ ეხლა უკვე მთლიანად სპონტანურია.

რას გაძლევთ „ლიმბო“ რასაც ფენტეზის ყურებით ან ვიდეოთამაშით ვერ მიიღებდით?

ვიღაცის მიერ შემოხაზულ ქცევით ქმედებით ჩარჩოში ყოფნა კი სასიამოვნოა სათამაშოდ მაგრამ როდესაც შენ ხარ , პირადად გრძნობ, როგორია პარზე წნეხის გრძნობა , რას ნიშნავს შენს თავს უნარებს და ჯავშნის ნდობა და რა გრძნობაა იარაღის ფლობა, მომენტებში სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გარბენა და გააზრება, შიშის მიუხედავად წინსვლა და შიშის დაძლევა ბრძოლის ველზე ... მრავალი სიტყვათა წყობა არსებობს მაგრამ ეს გრძნობები არ ითქმის ეს პირადად უნდა განიცადო გასაგებად.

„ლიმბო“ რომ არ იყოს, რით ჩაანაცვლებდით ამ გასართობ აქტივობას?

ჰმმმ.... ბუნებაში აქტიური ვარჯიშებით , ლაშქრობებითა და მსგავსი ღონისძიებებით.

„ლიმბოს“ სამყაროში ადამიანები ავლენენ იმ მეს ნაწილებს, რომელიც სოციუმში მიუღებელი იქნებოდა?

დაკვირვების შედეგად კი. თითქმის ყველა ავლენს ოღონდ განსხვავებულად, ზოგნი ნაკლებად ზოგნი მთლიანად შთანთქმულია მაგით და კონტროლი აქვთ დაკარგული.

თქვენს პერსონაჟს რა სახასიათი თვისებები აქვს რითაც ყველა გიცნობთ?

უნდობლობა, მდუმარება, ცივსისხლიანობა, ბრძოლის მართვის ეფექტურობა. ზოგადად დომინიონის რაინდთა კოდექსის შესაფერისი თვისებები. რავი, ვინ რას იტყვის.

თუ ყოფილა დღე, როცა დიდ ხნის დაგეგმილი იდეები ვერ განგიხორციელებიათ და „ლიმბოს“ ცხოვრებამ სულ სხვა გზით წაგიყვანათ? რამდენად გარანტირებულია წინასწარ დაგეგმილის განხორციელება?

წინასწარ დაგეგმილს ფრიად უცნაური თვისება აქვს. იგივეა მომავალს ჩახედო , ის აუცილებლად შეიცვლება.

რატომ უნდა ითამაშოს ადამიანმა „ლიმბო“?

ყველაზე მინიმუმ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ფიზიკური აქტივობა როგორც სხეულის ასევე გონების. შემდგომ განტვირთვა ხდება , ასევე ახალს გაიგებ შეიცნობ ან გაიცნობ.

რა სლოგანი ექნებოდა ამ თამაშს, რომელსაც ყველას ეტყოდით?

„ალტერნატიული მე“

როგორ პასუხობთ, როცა გეკითხებიან რა არის „ლიმბო“?

აქეთ ვუსვამ კითხვებს : ფარიკაობა იცი? ფანტაზია და ტვინის უჯრედების გატოკება მოგწონს? და კიდე რამდენიმეს , თუ დადებითად მპასუხობს მაშინ ვეუბნები რომ ეგ ყველაფერი ერთ ფორმულაშია მოთავსებული სახელად ლიმბო. თუ უარყოფითად მაშ ან ვუხსნი ან ვეუბნები რომ კითხვა დაივიწყოს.

limbo2

ავთო:

რით განსხვავდება „ლიმბო“ თბილისში არსებული სხვა გასართობი სივრცეებისგან? 

ბევრი რამით განსხვავდება ალბათ. ადგილია სადაც ფენტეზის მოყვარული ადამიანს შეუძლია წიგნთან და კომპიუტერთან ჯდომის მაგივრად გავიდეს სუფთა ჰაერზე და ფიზიკური აქტივობით დაკავდეს. ასევე კარგად ავარჯიშებ ფანტაზიას და შესაძლებლობა გაქვს საკმაოდ ბევრი ადამიანი გაიცნო.

თქვენ საკუთარი ისტორია წელთაღრიცხვა გაქვთ, ახლა რომელი საუკუნეა ლიმბოს რეალობაში?

კი, გვაქვს საკუთარი წელთაღრიცხვა. ცეცხლის წვიმიდან აითვლება წლები და ახლა ლიმბოში სადღაც 710-715 წელია ცეცხლის წვიმიდან.

რით განსხვავდება თქვენი „ლიმბოს“ პერსონაჟი თქვენი რეალური პიროვნებისგან როგორიც ყოველდღიურობაში სწავლობთ და მუშაობთ?

უფრო სასტიკია და ნაკლებად მომთმენი :დ

თქვენი საყვარელი პერსონაჟი „ლიმბოს“ სამყაროში?

ძალიან რთული კითხვაა ბევრი პერსონაჟი მომწონს მაგრამ ალბათ ნამარიე (ელფი გოგო კაი ხნის წინ მოკვდა მაგრამ მომწონდა ძალიან).

რას გაძლევთ „ლიმბო“ რასაც ფენტეზის ყურებით ან ვიდეოთამაშით ვერ მიიღებდით?

limbo21

რეალურობის შეგრძნებას. ერთია, უყურო როგორ ებრძვიან ორკებს და მეორეა თვითონ ებრძოლო :დ ბევრად მეტი ადრენალინი და ჟინი მოაქვს და ემოციაც ბევრად ძლიერია.

ბევრი მოთამაშე ამბობს, რომ თამაშმა ბევრი ცხოვრებისეული გაკვეთილი ასწავლა, თქვენ რა გასწავლათ?

საინტერესო ის ვისწავლე, რომ ადამიანი 1 შეხედვით არ უნდა შეაფასო და ყველაზე ახლობლისგანაც შეიძლება მოგხვდეს ზურგში დანა. გარდა ამისა ბევრად უკეთ გავერკვიე ადამიანებში და რეალურ ცხოვრებაში ძალიან მეხმარება.

თუ „იცნობთ“ პერსონაჟს რომელსაც ისურვებდით რეალობაშიც თქვენი კურსელი, თანამშრომელი ან მეზობელი ყოფილიყო?

სინათლის ბავშვებთან :დ ანორაკთან და რენესთან ანუ ვიმეგობრებდი რეალურ ცხოვრებაში სიამოვნებით. სამსახურში კიდე რორშაჰისნაირი თანამშრომელი მინდა :დ

რომელ დღეს იცხოვრებდით კიდევ ერთხელ?

იმპერიისა და კაგამი/ქორების რაზმის ომის ღონისძებებს გავივლიდი თავიდან დიდი სიამოვნებით :დ

limbo4

ანა:

რა შეცვალა ამ თამაშმა თქვენს ცხოვრებაში?

შემოქმედებითად ძალიან გამამდიდრა. ამ თამაშში ვინც გავიცანი თითქმის ყველამ თავის სამყარო გამინაწილა, ზოგმა წიგნის რჩევით, მუსიკით, ანიმაციით თუ ანიმეებით, ვიდეოთამაშებით, განსხვავებული სამყაროს ხედვებით, ურთიერთობის ფორმებით და ა.შ.. მოთამაშეები უნიკალური პერსონაჟები არიან, სხვადასხვა ისტორიულ ეპოქას და კულტურას განსახიერებენხოლმე, ბევრი მათგანი დავხატე კიდეც და ამ ყველაფერმა ვფიქრობ ჩემს შემოქმედებითობაზე დადებითი გავლენა მოახდინა.

რით განსხვავდება „ლიმბო“ თბილისში არსებული სხვა გასართობი სივრცეებისგან?

ტექნოლოგიებისგან დასვენებით და ბუნებასთან დაახლოებით. ასევე სპონტანურ სიტუაციებში ხვდები სადაც შენს თავში ახალი თვისებების აღმოჩენა გიწევს. კიდევ იმით რომ უამრავ ზღაპრულ პერსონაჟს ხვდები რეალურ ცხოვრებაში და ამით სიამოვნებას იღებ, გაიცნობ მაქციებს, ელფებს, ჯადოქრებს, რაინდებს, დემონებს, ვაჭრებს და ა.შ.. ეს კომპონენტები ერთად სხვაგან არსადაა.

რამდენი წლის იყო ყველაზე პატარა მოთამაშე ვისაც თქვენს სამყაროში უცხოვრია?

მგონი ექვსი წლის იყო, ენოტის ძალიან საყვარელი ფორმა ეცვა. ფუმფულა კუდით, ყურებით, ზოლიანი კაბით და მოხატული სახით. მახსოვს დავმეგობრდით და ძალიან გამიხარდა რომ დამხატა და ნახატი მაჩუქა. ახლაც შენახული მაქვს ის ნახატი. მეტი პატარა ბავშვი და ოჯახი რომ იყოს თამაში ჩართული, ჩემი აღქმით უფრო ლამაზი და მრავალფეროვანი გახდებოდა თამაშის გარემო.

რა საერთო აქვთ თქვენს პერსონაჟებს ერთმანეთთან?

ყველას ელფის სისხლი ურევია. მშვიდი ხასიათი, კეთილი, ბუნების და მუსიკის სიყვარული, ყვავილების შეგროვება უყვარს. ასევე ადამიანების რასის ცხოვრების წესისგნ გაუცხოება, არცერთს ესმოდა რატომ იყო ამდენი ძალადობა სამყაროში და მეგობრული დუელების გარდა ბრძოლებში მონაწილეობა სულაც არ ეხალისებოდა არცერთ ჩემს პერსონაჟს.)))

რას ისურვებდით „ლიმბოს“ სამყაროდან, რომ რეალობაში არსებობდეს?

იყო ასეთი ადგილი, ალ’მორაკი. სადაც სამაგიდო თამაშები ქონდათ და ფულზე ვთამაშობდით, იქვე კოცონზე მოდუღებული ჩაი, თეატრალური დასი ძალიან ნიჭიერი მსახიობებით და სხვა გასართობები, გონებამახვილი და მხიარული მაცხოვრებლებით. ცოტა სარისკო, მაგრამ რაღაც ჩემთვის კომფორტული ატმოსფერო იყო ყველაზე მეტად მანდ მისვლა მიყვარდა.. და აი ალ’მორაკი რომ რეალური იყოს სადმე თბილისში, ძალიან ხშირი სტუმარი ვიქნებოდი.
პერსონაჟებიდან ბორდოს ვისურვებდი მეზობლად.

რას გაძლევთ „ლიმბო“ რასაც ფენტეზის ყურებით ან ვიდეოთამაშით ვერ მიიღებდით?

ბუნებასთან ცოცხალ კავშირს, რაც დღევანდელი ცხოვრების რიტმში შეუფასებელი ბედნიერებაა.

„ლიმბოს“ სამყაროში ადამიანები ავლენენ იმ მეს ნაწილებს, რომელიც სოციუმში მიუღებელი იქნებოდა?

დიახ ბევრი ამას აკეთებს და ეს თერაპიული ხასიათისაცაა, გყავდეს შინაგანი დაუკმაყოფილებელი გამოუვლენელი ალტერეგო ტანჯვა მგონია. თამაშში კი ყველას ესმის შენი უსიტყვოდ და გყვება იმ მედ ყოფნაში რომელიც გინდა შეზღუდვების გარეშე.

რატომ უნდა ითამაშოს ადამიანმა „ლიმბო“?

კონკრეტულ მიზეზს ვერ ვიტყვი რაც ვინმეს თამაშში ჩართვას მოანდომებს, მხოლოდ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცას იპოვის აქ, რასაც ტექნოლოგიურ დაპროგრამებულ რეალობაში ვერ ნახავდა.

როგორ პასუხობთ, როცა გეკითხებიან რა არის „ლიმბო“?

რომ ეს თამაშია. ჯანსაღი გასართობი, რომელიც ბევრ არაჯანსაღ გასართობს ბევრად მირჩევნია. მთელი დღე ტყეში დარბიხარ, ენერგიით იმუხტები და სხვა სამყაროში მოგზაურობ.

სად შეუძლია დაინტერესებულ ადამიანს, გაეცნოს თქვენს ისტორიას და სამყაროს, ფოტო თუ ვიდეომასალებს და ა.შ?

facebook გვერდზე - ლიმბო

გუშინ ჩემს რესპოდენტებს პირადადაც შევხვდი და ვესაუბრე. გთავაზობთ მოკლე სიუჟეტს, სადაც ვეცადე გადმომეცა ის განწყობა და დამოკიდებულება რაც ყველა მოთამაშეს აერთიანებს. მკითხველს კი გისურვებთ გადალახოთ ქალაქის რუტინული კომფორტის ზონა და ერთხელ მაინც იმოგზაუროთ თბილისის პარალელურ რეალობაში.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

 

მსგავსი სტატიები

„მატრიცის“ ნამდვილი სცენარი, რომელიც პროდიუსერებმა უარყვეს


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო და აი ახლა, ბოლოს და ბოლოს, ვიპ...

რეჟისორები და მათი მუზები


  თარგმანი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი წყარო 1. ლორა დერ...

ცნობილი მწერლების რჩევები დამწყებ მწერლებს


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  წყარო 1. „უპირველესად, მწერალმა ...

"ვარდის სახელი"


უმბერტო ეკოს პირველ რომანში "ვარდის სახელი" მოქმედება, პერსონაჟთა მ...

ნარასიმჰა


ნარასიმჰა - კაცი-ლომი, ინდურ პანთეონში უზენაესი ღვთაების ვიშნუს ერთ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff