„ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი“ - მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი და სიცოცხლე

Admin
ხელოვნება
0
0

ავტორი: მეკო გელაშვილი

რა სათქმელი აქვს ანიმაციურ სერიალს „ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი“ და რატომ გამოხატავს ამ თავის სათქმელს სამყაროს ოთხი ელემენტის დახმარებით?

მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი ის ოთხი ელემენტია, რომელიც, ჯამში მეხუთეს - სიცოცხლეს ქმნის. მიწა სიმყარე, რეალობის შეგრძნება, სიმტკიცე და სტაბილურობაა. წყალი როგორც ბალანსის, ამავდროულად, ცვლილების მომტანია. ცეცხლი ტრანსფორმაციას მოიცავს, მუდამ დასაპყრობადაა მზად და ფეთქებადია. ჰაერი სიცოცხლის ენერგიაა, მუდმივ მოძრაობაშია და სუნთქვას ერითმება.

ანიმაციური სერიალი „ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი“ თავისებურად გვიყვება ამბავს და გვიხატავს სამყაროს, რომელიც ოთხ ელემენტადაა დაყოფილი, შესაბამისად, ადამიანებიც ამ ელემენტებთან იდენტიფიცირდებიან და შესაბამისი დასახელების მიწას მიეკუთვნებიან - მიწის სამეფო, წყლის ტომი, ცეცხლის ერი, ჰაერის მომთაბარეები, რაც, სიმბოლურად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. ყველას არა, თუმცა, უმეტესობას ჩინური საბრძოლო ხელოვნების შთაგონებით შეუძლიათ მართონ თავიანთი ელემენტი. ერთადერთი გმირი, რომელსაც ერთზე მეტი, ფაქტობრივად, ოთხივე ელემენტის დაუფლება შეუძლია ავატარია, რომელიც, ადამიანების აღქმით, ზებუნებრივმა ძალებმა გამოგზავნეს.

ყველაფერი იდეალურად იყო, მანამ, სანამ ცეცხლის ერმა გენოციდი, დანარჩენი 3 სამეფოს დაპყრობა გადაწყვიტა. საბოლოოდ, თავისი ელემენტის, ცეცხლის თვისება გამოიყენა და მთელ სამყაროს მოედო. სოზინს, ცეცხლის მბრძანებელს სურდა არამხოლოდ მიწის დაპყრობა, არამედ, ყველა გამორჩეული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანის პოვნა. შესაბამისად, ანადგურებდა ყველას, ვისაც თავისი ელემენტის მართვის ნიჭი ჰქონდა. სრულად განადგურდა ჰაერის მომთაბარეთა ტომი, სადაც ახალი ავატარი გადიოდა წვრთნას და, სამწუხაროდ, ჯერ არ იყო მზად არც თავისი მისიის გასააზრებლად და არც, შესაბამისად, საბრძოლველად. ჰაერის ელემენტის წარმომადგენელმა ბერებმა აანგი (შემდგომში ავატარი) დამანგრეველ ბრძოლას გაარიდეს, სხვაგან გაგზავნეს და გამანადგურებელ ცეცხლს დანებდნენ. აანგი შტორმში მოჰყვა და, როგორც ანიმაციის სცენარი გვამცნობს, ის 100 წლის მანძილზე, სიცოცხლისა და სიკვდილის გასაყარზე იყო გაყინული უზარმაზარ ყინულში, მანამ, სანამ კატარამ და მისმა ძმამ არ აღმოაჩინეს. ამ 100 წლის მანძილზე, ცეცხლის ერი აგრძელებდა ბატონობას და ხალხიც, ელოდა რა ავატარის გამოჩენას, ვერ ახერხებდა ცეცხლთან დაპირისპირებას.

ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი, რაც ამ ისტორიას გასდევს ლაიტმოტივად ისაა, რომ 100 წლის შემდეგ მკვდრეთით აღმდგარი აანგი ისევ ბავშვია, გულუბრყვილო ბავშვი, რომელიც აქამდე არანაირ ბოროტებას არ შეხებია. ბავშვი, რომლის გამოჩენასაც მთელი სამყარო ელის. ბავშვი, რომელშიც ხალხი ხსნას ხედავს. ბავშვი, რომელმაც იცოცხლა, მაგრამ, ვერ იცხოვრა.

აანგი მალევე იაზრებს, თუ რას ელის ხალხი მისგან და იწყებს საკუთარი თავის გაწვრთნას, რათა დაეუფლოს ჰაერის გარდა სამ დანარჩენ ელემენტს. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ ავატარს დანარჩენი სამი ელემენტის ფლობა თავისთავად არ გადაეცემა, ამისთვის წვრთნა, ბრძოლა და შრომაა საჭირო. ავატარი გმირია, რომელმაც ბალანსი უნდა მოუტანოს სამყაროს. ოთხივე ელემენტს თავისი წვლილი მიუძღვის ამ ბალანსში და არ არსებობს ერთი მეორეს გარეშე.

ერთ-ერთი გურუ აანგს ეუბნება, რომ ჩაკრების, ანუ, ჩვენს ორგანიზმში არსებული ენერგეტიკული კვანძების მიხედვით, ოთხივე ელემენტი ადამიანის შიგნით არსებობს. ავატარის არსებობის, მისი დედამიწაზე გამოჩენის საკითხი მაშინ ხდება აქუალური, როცა სამყაროს უჭირს და გადარჩენა სჭირდება. ავატარი ინკარნაციაა თავად ღმერთის, ფაქტობრივად, ხორცშესხმული ხსნა. მაგალითისთვის, ყველაზე თვალსაჩინო ავატარები რომ დავასახელოთ, ინდუიზმში კრიშნა და რამა, ქრისტიანობაში თავად ქრისტე. ინდუიზმი და სხვა მსგავსი აღმოსავლური სწავლება, ისევე როგორც ქრისტიანობა გვეუბნება, რომ ღმერთი ყველა ჩვენგანშია და ეს ფაქტი, ტექნიკურად, ღმერთის ავატარებად გვაქცევს, უბრალოდ, არ გვაქვს გაცნობიერებული. ასე რომ, ავატარის ისტორია თავად ყველა ჩვენგანის ისტორიაა საკუთარი „უმაღლესი მე“-ს გამოვლინების გზაზე.

ვაჟა ამბობს - „ნუ დამასვენებ ნურა დროს, მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული“-ო და ზუსტად ეგაა ეს გზაც. დარდის გადალახვის, შემეცნების, სირთულეების გავლის და წვალების ხარჯზე შეიცნობ საკუთარ თავს და ზუსტად მანდ მოიპოვება თავისუფლებაც.

ავატარი, როცა თავის მისიას ასრულებს და სწორ გადაწყვეტილებას იღებს, შედის „ავატარის მდგომარეობაში“, რაც ნიშნავს, რომ ის ამყარებს კონტაქტს წინა ავატარებთან და როგორც წარსული გამოცდილების, ასევე, მომავლის გააზრების ხარჯზე ხდება აწმყოს ბედის გადაწყვეტა.

საბოლოოდ, ავატარი, სხვების დახმარებით, მოიპოვებს ბალანსს სამყაროში და ადამიანები იაზრებენ, რომ ამ ბალანსის შენარჩუნებაზე თავად არიან პასუხისმგებელნი.

მსგავსი სტატიები

ჟან კოკტო როგორც ორფიკოსი ხელოვანი


ძველ ბერძნულ სამყაროში ორფიზმი როგორც ფილოსოფია და რელიგიური მიმდინ...

გაი რიჩის დანახული "უძღები შვილის დაბრუნების" იგავი..


  მთარგმნელი: ანა თოფურიძე წყარო "..ამ იგავის გაგება ადვი...

„შენი სახელი დამიძახე“: მიმზიდველი კადრების მიღმა


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი (ფოტოები იხილეთ გალერეაში) წყარო ფილმი ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff