ავტორი: ინკოგნიტო
ჩვ.წ. 114 წელს რომაელებმა სიკვდილით დასაჯეს ვესტას სამი ქურუმი ქალი, რადგან მათ სასიყვარულო ურთიერთობები გააბეს მამაკაცებთან. ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ვესტას ტაძრისთვის გადაერქმიათ სახელი და მიეძღვნათ ვენერასთვის, რომლის ადგილობრივ კულტს ერქვა ვენერა ვერტიკორდია (გულების მომქცევი ვენერა). მას ევედრებოდნენ, რომ ქალების გულები ვნებიდან უბიწობისაკენ მოექცია...
მეცხრამეტე საუკუნეში ინგლისელი პრერაფაელიტი მხატვარი, დანტე გაბრიელ როსეტი ხელახლა გაიაზრებს ამ ქალღმერთის კულტს და შექმნის თავის ალტერნატიულ მითოსურ სახეს, რომელსაც ნახატზე ვხედავთ, სახელად "Venus Verticordia". მხატვარმა გამოსახა იმავე სახელწოდებით ძველი რომაული ღვთაება, მაგრამ შეუცვალა მნიშვნელობა. ის ვნებას კი არ აქრობს. პირიქით. ის აღვივებს ვნებას. ქალღმერთს ნახატზე ადგას შარავანდი, და ამას როსეტი ხსნის რომ იმით, რომ "ბერძნებიც ასე გამოსახავდნენ ღმერთებს". მაგრამ ქრისტიანული დასავლეთისათვის ეს უკვე ორაზროვნებას ატარებს და ირიბი მინიშნებაა ვენერას სიწმინდეზე, რომ ვნებასა და სექსუალურ ლტოლვაში თავისთავად არ არის არავითარი ბიწიერება. მარცხენა ხელში ვენერას უჭირავს ოქროს ვაშლი, მარჯვენაში კი - ისარი, რომელიც გულისკენ არის მიმართული. პეპლები, რომლებიც ვაშლზე არიან, სიმბოლოა სურვილისა და ნდომის. პეპლის ფრთები ჰქონდა ფსიქეს, ეროსის სატრფოს. ყვავილები - ვარდი და ცხრატყავა აღნიშნავს სიყვარულსა და გრძნობებს. ნახატის კონცეფცია და ჩანაფიქრია სიყვარულის გაგების გამთელება, ზეციურსა და მიწიერ სიყვარულს შორის ზღვარის წაშლა და მათი შეერთება, რადგან ჭეშმარიტი სიყვარულისა და ვნების იმპულსი ერთია, მას გაორებული შეგრძნება არ უნდა ახლდეს. შეგვიძლია მივიღოთ ეს ნახატი როგორც გამოძახილი იმ ამბის, რაც მეორე საუკუნეში მოხდა რომში, როცა უბიწობის აღთქმის დამდები ქურუმი ქალები დახოცეს მამაკაცებთან კავშირის გამო და აქ როსეტი შეატრიალებს მითოსს, ქმნის ახალ ქალღმერთს და ახალ აღქმას მითოსის, ამ ქალღმერთმა სწორედ წმინდა საქმისკენ - სიყვარულისა და ვნებისკენ უნდა მოაქციოს გულები, შესაბამისი კალაპოტი და გასავალი მოუნახოს ამ უძლიერეს ინსტინქტს. სქესობრივ სიყვარულს აღვასრულებთ აქ და ახლა, როცა ამ სხეულებში ვართ, სიყვარული ერთია, "მიწიერი" და იმავე დროს "ზეციური", რასაც აქ ვასხამთ ხორცს, და ეს აისახება იმაზე ფართოდ ამ სამყაროში, ვიდრე ჩვენ ერთი შეხედვით გვეჩვენება. სიყვარულია ერთია და თან მრავალფეროვანი, მრავალი ფორმის, როგორც ტოლსტოის რომანში ანა კარენინა აღნიშნავს "რამდენი გულიც არის, იმდენი სახის სიყვარულია."
რაინერ მარია რილკე, რომელმაც თავისი დროის პოეზიასა და აზროვნებაში დიდი სიღრმეები გააცხადა, თავის ერთ წერილში ახალგაზრდა პოეტს უხსნის:
"შემოქმედის ერთ აზრში ცოცხლდება ათასობით მივიწყებული სიყვარულის ღამე, რაც მათ სიდიადესა და ამაღლებულობას ანიჭებს. ხოლო ღამღამობით ერთმანეთს შერთული, ერთმანეთს ჩაწნული წყვილები, მონანავე, რწევად ვნებას რომ ეძლევიან - დიად საქმეს აღასრულებენ: ისინი აგროვებენ ნექტარს, სიღრმესა და ძალას რომელიმე მომავალი პოეტის სიმღერისათვის, რომელიც ოდესმე წამოიმართება, რათა გამოთქვას გამოუთქმელი ნეტარებანი. შეყვარებულნი მომავალს გამოიხმობენ და თუნდაც მცდარი იყოს ეს სიყვარული, თუნდაც ბრმად ეხვეოდნენ ისინი ერთმანეთს, მომავალი მაინც მოდის..."
ქურუმთა დრო გადავიდა, სატაძრო მსახურებები თავის ფერს კარგავს, და როგორც როსეტიმ შემოატრიალა და მოაქცია ახალი სიცოცხლისკენ ძველი მითოსი, ახლებურად გაიაზრა იგი, ისევე ყოველმა ჩვენთაგანმა ახლებურად უნდა გავიაზროთ სიყვარულისა და ვნების პრინციპები, ყოველმა ადამიანმა უბიწობის ბუნდოვანი და ხშირად ფარისევლური სულისკვეთებით კი არ დავიკონსერვოთ ცნობიერება, რომელიც შემდეგ მოგვიანებით მაინც მახინჯი ფორმებით გამოავლენს თავს, არამედ ჩვენი თავი და თვითგამოხატვის საკუთარი გზა ვიპოვოთ ამ პრინციპებში, რაც თვითრეალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენ ვართ ის ქურუმები, რომლებიც იმაზე დიდს აღვასრულებთ სიყვარულისა და ვნების გაცემით, ვიდრე გვეჩვენება ყოველდღიურობაში. უერთდები შენს მეუღლეს, თუ ერთი ღამის სექსს და სითბოს ჩუქნი სხვა ადამიანს, შენ აღასრულებ იმ დიად მსახურებას, რომელშიც ბუნება ხარობს. ბუნების შედეგი ხარ, რომელიც ყალიბდებოდა და მწიფდებოდა დიდი ხნის განმავლობაში და როცა გულით გასცემ კოცნას და ვნებას, როცა შენი სხეული ერწმის სხვა სხეულს, შენ აღასრულებ იმ დიად მსახურებას, რომლითაც ვინ იცის როგორ აფართოვებ ცნობიერებას მეორე ადამიანში და მასთან ერთად განივრცობა შენი შემეცნებაც... ეს არის გულის მომქცევი ვენერას ნამდვილი კულტი, რომელიც ისევე გავითავისოთ, როგორც ხელოვანები ახლებურად იაზრებდნენ ძველ კულტებს.