ავტორი: გიორგი დოლიძე
1926 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა დიდი ავსტრიელი პოეტი რაინერ მარია რილკე. იგი მიმოწერით ურთიერთობდა რუს პოეტთან მარინა ცვეტაევასთან ისე, რომ ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან. რილკეს გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში ცვეტაევამ მიიღო წერილი უცნობი ქალისაგან, რომელსაც სურდა რილკეს ცხოვრების ერთ ძალიან საგულისხმო დეტალზე მოეთხრო. უცნობი ქალი ცვეტაევას წერდა:
"მე მას ვიცნობდი ომამდე და მსურს მოგითხროთ ის, რაც მხოლოდ ქალის თანდასწრებით შეიძლებოდა მომხდარიყო. ჩვენ ვსეირნობდით ლუქსემბურგის ბაღის გისოსების გასწვრივ... იმ დღეს ის ჩემთან რომ მოვიდა, ხელში ეჭირა ულამაზესი ვარდი. ჩემთვის ის ვარდი არ მოუცია, არც ჩემი ორი წლის ბავშვისთვის მიუცია ხელებში, რომელთა სილამაზე მას უყვარდა, და არაფერი ვკითხე რისთვის სჭირდებოდა ეს ყვავილი, დამატყვევებელი და უჩვეულო.
იქვე კუთხეში ჩვენ თითქმის ყოველდღე ვხედავდით მოხუც ქალს, რომელიც გისოსების ქვიან კიდეზე იჯდა. ის მოწყალებას ითხოვდა - მოკრძალებით და მორცხვად, რადგან ჩვენ არასოდეს გვინახავს მისი თვალები და არც მისი ხმა გაგვიგია. ის ითხოვდა მოწყალებას მთელი თავისი პოზით, მრგვალი ზურგით, რომელიც შავი შალით ჰქონდა შემოსილი, - მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული იყო, ის ჩამოშვებული ჰქონდა ტუჩებამდე, ხელის მტევნები კი შეკრული და მუხლებს შორის დამალული. ხელები უფრო ღატაკი, ვიდრე წინ გაწვდილი ხელები... იმ დღეს ქალი თავის ჩვეულ პოზაში დაჯდა, მას ჯერ არაფერი მიეღო. მე დავინახე რილკე, რომელმაც მის წინაშე ქედი მოიხარა, არა ვინმეს დასანახად და ზემოდან ყურებით, არამედ რილკესეული სრული მოწიწებით, მთელი გულით. შემდეგ დადო მშვენიერი ვარდი მოხუცი ქალის მუხლებზე. ქალმა ახედა რაინერს (ისეთი ლურჯი და კამკამა თვალები, აწითლებულ და დაჩირქებულ ქუთუთოებს შორის!), რილკეს ხელებს სწრაფად ჩაავლო, ეამბორა და წავიდა პატარა ნაბიჯებით, - იმ დღეს მას უკვე აღარ უთხოვია მოწყალება... როდესაც რილკემ შემომხედა, მე უსიტყვოდ მივახვედრე, რომ გავიგე მისი გაკვეთილი, რომ უსაზღვროდ მიყვარს მისი ხედვა ადამიანებისა, როდესაც ის მათ მოიაზრებს ასე მშვენიერებად, ასე გამორჩეულებად, ასე ღვთაებრივებად, ის თავად ქმნის მათ როგორც მშვენიერებს და ღვთაებრივებს, და აღვივებს მათში ჟესტებს, რომელიც უშუალოდ კეთილშობილებიდან მოდის..."
რილკეს მთელი ცხოვრება და შემოქმედება ზუსტად ასეთია. ის აღვივებს ჩვენში იმ აღქმას საკუთარი ადამიანურობის, რომელზეც ამ პოეტამდე ასე ღრმად არ გვიფიქრია. მისით აღფრთოვანებული ცვეტაევა ერთ წერილში წერს რილკეს: "ყველაფერი უნდა მომხდარიყო, რომ შენ მოსულიყავი". ეს სიტყვები გვახსენებს, რომ ყველა მოვლენა და არსება, და ასევე რილკეც სწორედ მაშინ შემოდიან ამ სამყაროში, როცა მათთვის გარემო და მომწიფებულია. ერთხელ ერთმა კაცმა მითხრა: სცადე იფიქრო, რომ შენ გაჩნდი არა იმიტომ, რომ შენმა მშობლებმა გაგაჩინეს, არამედ შენი მშობლები გადაიკვეთნენ ცხოვრებაში და შეერთდნენ რათა შენ მოვლენილიყავი სამყაროს. ყოველი მოვლენა და წუთი საკუთარი თავის ჩათვლით აღიქვი როგორც განსაკუთრებული მიზანი ამ სამყაროსთვის. ავსტრიელი პოეტის მოსვლაც თავის დროზე ასეთი მომწიფებული მოვლენა იყო. სამყარო მას ზუსტად იმ დროს ელოდა და იმ პერიოდში სურდა მისგან ასეთი ქმედებები. კაცობრიობის ძიებებს და შემოქმედებით წვას უნდა გაევლო მრავალი ეპოქა და თაობა და მხოლოდ მაშინ უნდა მოსულიყო რილკე, როცა მისი ცხოვრების ვარდი უნდა გაშლილიყო. ჩვენ კი რილკეს შემდგომ ეპოქაში ვცხოვობთ და მოწოდებულები ვართ მისი მემკვიდრეობა და მისგან წამოსული იმპულსები გავიაზროთ. წერილში მოთხრობილი ეს პატარა ამბავიც ის მიზანი სამყაროსათვის, რომლითაც უნდა გაგვეაზრებინა, რომ ნამდვილად არსებობდა ასეთი შეგნების ადამიანი. ვარდი მის შემოქმედებაში გამორჩეული სიმბოლოა და როგორც ეს ყვავილი გვიმხელს ფურცელ-ფურცელ უფრო ღრმა შრეებს, ისე რილკემ თავისი ცხოვრებით და შემოქმედებით გახსნა ადამიანების სულებში ახალი პლასტები. ასევე მოიქცა იგი მაშინაც, როცა ქუჩაში მჯდარ მოხუც ღატაკ ქალს მუხლებზე მოწიწებით დაუდო ვარდი და ქალს აგრძნობინა ის, რაც ალბათ აღარავის ჰქონდა მისთვის. ქალმა იგრძნო ის შინაგანი სიმდიდრე - სიხარული, საკუთარი ადამიანობისა და ქალობის სიღრმე, რომელსაც პოეტი ერთი ცალით ვარდით შეეხო და გააღვივა. მან შეძლო ერთი ვარდით ის, რასაც სხვები ვერ შეძლებდნენ ყოველდღე ქალის ხელებში ფულის ჩაყრით...
და შენც გაიხსენე ხოლმე, ყველაზე მოსაწყენ ყოველდღიურობაშიც კი, რომ ერთი პატარა წვრილმანითაც კი შეიძლება დიდი ცვლილება შეიტანო ადამიანებში. შენი ერთი ცალი ვარდიც კი შეიძლება ისეთ დიდ გადატრიალებებსა და გამონათებას იწვევდეს ადამიანში, როგორსაც ვერ შეძლებს სხვისი სიმდიდრე და დიდძალი ქონება...