კარლ იუნგი - დემონებს მასები იზიდავენ

Admin
ფსიქოლოგია კარლ გუსტავ იუნგი
0
0

V kabinete

მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი

კარლ გუსტავ იუნგის ეს უნიკალური და უმრავლესობისთვის უცნობი ინტერვიუ გამოქვეყნდა 1945 წლის 11 მაისს, გერმანიის კაპიტულაციიდან 4 დღის შემდეგ, შვეიცარიულ გაზეთ „Die Weltwoche“, სათაურით „მოიპოვებენ კი სულები სიმშვიდეს?„. სტატიაში იუნგი მსჯელობდა გერმანელ ერში 30-40 წლებში წარმოშობილ მასობრივ ფსიქოზზე; დემონებზე, რომლებიც ისწრაფვიან ჩვენი ფსიქიკის ზედაპირზე ამოსვლას, მსჯელობდა იმაზე, რომ გერმანიის შემდეგ, ბოროტება სხვა ხალხს მოძებნიდა თავისი მზაკვრული იდეების ხორცშესხმისათვის. გაეცანით ამ უნიკალურ ტექტს და დარწმუნდებით, რომ შორეულ წარსულში დაწერილ ამ საოცარ ფრაზებს ჩვენს ბობოქარ ეპოქაშიც კი არ დაუკარგავთ აქტუალობა. 
 
-  როგორ ფიქრობთ ომის დამთავრება გამოიწვევს თუ არა ევროპელებში დიდ შინაგან ცვლილებებს, განსაკუთრებით გერმანიაში, სადაც ხალხი ჯერ ახლა იწყებს კოშმარული სიზმრისგან გამორკვევას ? 
 
-  კი რა თქმა უნდა გამოიწვევს. რაც შეეხება გერმანელებს, აქ სერიოზულ ფსიქიკურ პრობლემას ვაწყდებით. ამ პრობლემის სიღრმის აღქმა ალბათ ბევრს გაუჭირდება,   თუმცა ეს პრობლემა  ძალიან ჰგავს იმ ავადმყოფების მდგომარეობას, რომლებსაც მე ვმკურნალობ. ფსიქოლოგისთვის ერთი რამ ცხადი უნდა იყოს, მან არ უნდა დაუშვას ადამიანების დაყოფა ნაცისტებად და რეჟიმის მოწინააღმდეგეებად. სხვა თუ არაფერი, ფსიქოლოგიური კუთხით პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ამას უბრალოდ აზრი არ აქვს. მაგალითად  ჩემთან ორი ადამიანი მკურნალობს - გამოკვეთილი ანტინაცისტები, თუმცა მათი სიზმრები ცხადყოფენ, რომ ამ ადამიანებში მკვეთრად გამოხატული ნაცისტური ფსიქოლოგიაა ჩაბუდებული ძალადობის და სისასტიკის სრული ბუკეტით. ეს მშვენიერი მაგალითია იმისა, რომ აზრი არ აქვს გერმანელები დაყო წესიერებად და არაწესიერებად. ისინი ყველანი ცნობიერად თუ არაცნობიერად, აქტიურად თუ პასიურად მომხდარი კოშმარის თანამონაწილეები არიან. თითქოს არ იცოდნენ რა ხდებოდა მათ გარშემო და ამავე დროს ყველაფერს მშვენივრად ხედავდნენ. ერისთვის კოლექტიური ბრალის წაყენება ძალიან ერთულებათ პოლიტიკოსებს, ფსიქოლოგებისთვის კი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მთავარი აქ ისაა, რომ ვაიძულოთ გერმანელები აღიარონ დანაშაული. სხვათაშორის ბევრი გერმანელი მთხოვს რომ ვუმკურნალო. თუ ამ მთხოვნელებისგან აღმოჩნდებიან „წესიერი გერმანელები“, რომლებიც მთელ ამ უბედურებას გესტაპოში არსებულ რამდენიმე ადამიანს დააბრალებენ, გამომაქვს დასკვნა, რომ ეს ადამიანები უიმედოდ დაავადებულნი არიან და მათი განკურნება შეუძლებელია. მხოლოდ მაშინ, როცა პაციენტი გაიაზრებს და აღიარებს თავის დანაშაულს, შესაძლებელი გახდება ინდივიდუალური მკურნალობის დაწყება. 
 
-  კი მაგრამ როგორ მოხდა, რომ გერმანელები, მთლიანად ერი აღმოჩნდა ამ კოშმარულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში? სხვა ერს იგივე შეიძლებოდა დამართნოდა?
 
- ნება მიბოძეთ პატარა გადახვევა გავაკეთო და მოკლედ წარმოგიდგინოთ ჩემი ხედვა ნაციონალისტურ-სოციალისტური ომის ფსიქოლოგიური წინაპირობების შესახებ. დასაწყისისთვის კი ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ ჩემი პრაქტიკიდან. ერთხელ ჩემთან ერთი ქალბატონი მოვიდა. საუბარში ქმარს საშინლად ლანძღავდა, ამბობდა, რომ: ის იყო ჯოჯოხეთის მოციქული, აწამებდა და ტანჯავდა მას და ასე შემდეგ... არადა რეალურად ეს ადამიანი საკმაოდ კეთილსინდისიერი მოქალაქე აღმოჩნდა და საერთოდ არ იყო დამნაშავე ამ საშინელებებში.  მაშ, საიდან დაებადა ამ ქალს ასეთი საშინელი აზრები? პასუხი მარტივია- თავად ამ ქალბატონშივე ცხოვრობს ის სატანა, რასაც შემდეგ გარეთ აპროეცირებს, გადააქვს რა თავისი საკუთარი სურვილები და მრისხანება თავის ქმარზე. ამ ქალბატონს ავუხსენი ეს ყველაფერი, ისიც დამეთანხმა და უცებ გადაიქცა უწყინარ კრავად. თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ სწორედ ამან შემაშფოთა, იმიტომ რომ მე არ ვიცოდი სად დაიკარგა ამ ქალბატონის შიგნით არსებული ეშმაკი, რაც მან ქმრის სახით წარმოისახა.   ამ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე, ოღონდ უფრო დიდ მასშტაბებში, მოხდა ევროპაში. პრიმიტიული ადამიანისთვის სამყარო სავსეა დემონებით და იდუმალი ძალებით, რომლებიც შიშის ზარს სცემენ მას. ის ფიქრობს, რომ მთელი სამყარო ამ ძალებითაა გაჯერებული, ეს კი სხვა არაფერია თუ არა საკუთრივ ამ ადამიანის შიგნით არსებული ძალები, რომელთა პროექციასაც ახდენს გარე სამყაროზე. ქრისტიანობამ და თანამედროვე მეცნიერებამ სამყაროს ჩამოაშორა ეს დემონები, რის შედეგადაც ევროპელებმა დაიწყეს ამ დემონების თავის შინაგან სამყაროში-ქვეცნობიერში შერეკვა.  ადამიანის შინაგან სამყაროში მოხვედრის შემდეგ ეს დემონური ძალები იწყებენ აჯანყებას ქრისტიანობის ასე ვთქვათ არათავისუფალ ბუნების წინააღმდეგ და სხვადასხვა ფორმით იწყებენ გამოვლენას, მაგალითად გარდაისახებიან ბაროკოს ხელოვნებაში: ხერხემალი იღუნება და ჩნდება სატირას ჩლიქები. ადამიანი ნელ-ნელა იქცევა ურობოროსად,  დემონებით შეპყრობილ არსებად, რომელიც საკუთარ თავს ანადგურებს. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია ნაპოლეონი. 
       
გერმანელები განსაკუთრებით სუსტნი აღმოჩნდნენ ამ დემონების წინაშე იმის გამო, რომ ადვილად ექცევიან ზემოქმედების ქვეშ. ეს გამოიხატება მათ დაუოკებელ ლტოლვაში დაემორჩილონ ვინმეს, იყვნენ მორჩილნი. გამოიხატება იმაში, რომ უნებისყოფოდ, ყურმოჭრილი მონებივით ემორჩილებიან ბრძანებებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა გარედან ზეწოლა, რომლის ქვეშაც ექცევა თითოეული გერმანელი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ეს შეესაბამება გერმანელების ზოგად ფსიქოლოგიურ არასრულფასოვნებას და მათ ფიზიკურად არსებულ გაურკვეველ მდგომარეობას - გერმანია ხომ აღმოსავლეთის და დასავლეთის გასაყარზე მდებარეობს. როგორც ვიცით, ზოგადად ერები აღმოსავლეთიდან წარმოიშვნენ, თუმცა გერმანელებმა, დასავლეთის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უფრო გვიან დატოვეს აღმოსავლეთის მშობლიური კერა. ბოლოსდაბოლოს მათ დააღწიეს აღმოსავლურ დედის კალთას თავი, მაგრამ ეს მოხდა ძალიან გვიან. ამ ერის ფსიქიკამ დამოუკიდებლად დაღვინება ვერ მოასწრო. ამის გამო გერმანელები გადავსებულნი არიან არასრულფასოვნების კომპლექსით და ამ ყველაფრის კომპენსირებას ახდენენ განდიდების მანიით: გავიხსენოთ ნაცისტების ლოზუნგი - „გერმანული სული იხსნის სამყაროს“. ეს ტიპიური მოზარდის ფსიქოლოგიაა, რაც არამხოლოდ აღვირახსნილ ჰომოსექსუალობის გავრცელებაში ვლინდება, არამედ გერმანიის ლიტერატურაში ანიმას ხატ-სახის არარსებობითაც (გამონაკლისია გოეთე). ეს მჟღავნდება გერმანულ სენტიმენტალიზმშიც, რაც რეალობაში სხვა არაფერია თუ არა სისასტიკე, უგრძნობლობა და უსულგულობა. უსულგულობის და სისასტიკის ყველა ბრალდება, რასაც იყენებდა გერმანიის პროპაგანდა რუსების წინააღმდეგ, რეალურად თავად გერმანელებისთვის იყო დამახასიათებელი.  გებელსის გამოსვლები ზუსტად ასახავდა გერმანულ ფსიქოლოგიას, რომელიც შემდეგ მტერზე პროეცირდა. პიროვნული მოუმწიფებლობა ყველაზე საშინელი ფორმით გამოვლინდა უნებისყოფო და უპრინციპო გერმანიის გენერალური შტაბის წევრებში. მათი ამაზრზენი სირბილე მხოლოდ მოლუსკის სირბილეს შეიძლება შევადაროთ. გერმანია ყოველთვის იყო ფსიქოლოგიური კატასტროფების ქვეყანა: რეფორმაცია, გლეხური და რელიგიური ომები. ნაციონალ-სოციალიზმის დროს ამ შინაგანი დემონების ზეწოლა იმდენად გაიზარდა, რომ ადამიანები მათი გავლენის ქვეშ სომნამბულურ ზეადამიანებად იქცნენ, რომელთაგან პირველი იყო ჰიტლერი, რომელმაც ბაცილასავით გადასდო თავისი ეს მდგომარეობა სხვებს. ყველა ნაცისტი ლიდერი შეპყრობილი, იყო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და არცაა გასაკვირი მათი პროპაგანდის მინისტრი დემონიზირებული ადამიანის ბეჭდით იყო დასმული - სიკოჭლით. გერმანული მოსახლეობის სულ მცირე 10 პროცენტი ფსიქოპატები არიან, რომელთა განკურნება უკვე შეუძლებელია. 
 
- თქვენ საუბრობთ გერმანელების ფსიქიკურ არასრულფასევნებაზე და დემონურ გავლენებზე, მაგრამ როგორ ფიქრობთ ეს ყველაფერი ჩვენ, შვეიცარელებს არ გვეხება? ჩვენ ხომ წარმოშობით გერმანიიდან ვართ.
 
- ჩვენი რაოდენობრივი სიმცირის გამო ეს უბედურება არ გვემუქრება. შვეიცარიის მოსახლეობა 80 მილიონი რომ იყოს, ჩვენც იგივე დაგვემართებოდა, რადგან დემონებს როგორც წესი დიდი მასები იზიდავენ. კოლექტივში ადამიანი კარგავს თავის ფესვებს და სწორედ ამ დროს ახერხებენ დემონები მათ დამონებას. ამიტომ იყო, რომ ნაცისტები ცდილობდნენ ჩამოეყალიბებინათ დიდი მასები და არა პიროვნებები. იგივე მიზეზით დემონიზირებული ადამიანების სახეები დღეს უსიცოცხლო, ცარიელი და გაყინულია. ამ უბედურებისგან შვეიცარელებს გვიცავს ჩვენი ფედერალიზმი და ინდივიდუალიზმი. ჩვენთან შეუძლებელია მასების ისეთი აკუმილაცია, როგორც გერმანიაში, და შესაძლოა სწორედ ამაშივე ვიპოვოთ დემონებისგან მასობრივი განკურნების მეთოდიც. 
 
- როგორც ჩანს, ზოგი ამ მასობრივ მკურნალობას ბომბებით და ტყვიამფრქვევებით ცდილობს და არც ფიქრობს როგორ შეიძლება ეს შემოგვიტრიალდეს. დემონების სამხედრო გზით დამორჩილება ხომ არ გამოიწვევს არასრულფასოვნების უფრო გაღრმავებას და შესაბამისად, ავადმყოფობის უფრო გამწვავებას?
 
- დღეს გერმანელები მთვრალ ადამიანებს გვანან, რომლებიც დილით ნაბახუსევები იღვიძებენ.  მათ არ იციან რა ჩაიდინეს და არც უნდათ რომ იცოდნენ . აქვთ მხოლოდ უკიდეგანო უბედურების განცდა. ისინი ყველანაირად ეცდებიან გაიმართლონ თავი მთელი სამყაროს წინაშე, მაგრამ ეს არასწორი ნაბიჯი იქნება. დანაშაულის გამოსყიდვა, მხოლოდ დანაშაულის აღიარებაშია. გულწრფელ მონანიებაში მოიპოვებენ ღვთაებრივ შენდობას. ეს არამხოლოდ რელიგიური, არამედ ფსიქოლოგიური ჭეშმარიტებაცაა. მე სწორედ ამის გამო მივიჩნევ ამერიკული მკურნალობის კურსს სწორად, მკურნალობის კურსი მოიცავს  იმას, რომ მიიყვანონ გერმანელი საზოგადოება  საკონცენტრაციო ბანაკში და აჩვენონ რა სისასტიკეზე შეიძლება წავიდეს ადამიანი. თუმცა მიზანს მხოლოდ მორალის კითხვით ვერ მიაღწევ, მონანიება თავად გერმანელ ერში უნდა დაიბადოს. შეიძლება მონანიებამ ამ უცნაური ადამიანებში, როგორც გერმანელები არიან, დემონების გარდა ღვთიური წინასწარმეტყველებიც კი დაიბადოს. სავარაუდოდ კათოლიკური ეკლესია დიდ მოსავალს მიიღებს ადამიანების სულების სახით. როგორც მითხრეს ამ განუზომელმა უბედურებამ გააცოცხლა გერმანიაში რელიგიური ცხოვრება.  უზარმაზარი რაოდენობის ხალხი მუხლს იყრის და ლოცულობს იმისთვის, რომ თავი გადაირჩინონ ანტიქრისტესგან.  
 
- რადგან ასეა, იქნებ გვქონდეს იმედი, რომ დემონები განიდევნებიან და ახალი უკეთესი სამყარო აშენდება დღეს არსებულ ნანგრევებზე?
 
-  არა. ჯერჯერობით დემონებისგან თავს ვერ დავაღწევთ. ეს ძალიან რთული ამოცანაა, რომლის ამოხსნაც შორეულ მომავალში დევს და არა ახლა. მართალია დემონებმა დატოვეს გერმანია, მაგრამ ისინი მოძებნიან სხვა ერებს, სხვა მსხვერპლს და ეს არ გაუჭირდებათ. ყველა ადამიანი რომელიც დაკარგავს თავის ჩრდილს, ყველა ერი რომელიც დარწმუნებული იქნება თავის უცოდველობაში, იქცევიან დემონების მსხვერპლად. ჩვენ გვიყვარს სხვების დადანაშაულება და გამარჯვებულები შევყურებთ დამნაშავეებს იმიტომ, რომ ეშმაკი გვაიძულებს ვერ დავინახოთ დირე ჩვენს თვალებში, მაშინ როცა სხვის თვალში ბეწვსაც კი ვამჩნევთ, სწორედ ამით გაგვაცურებენ დემონები. გერმანელები მოიპოვებენ თავის თავს, როცა მიიღებენ და აღიარებენ თავის დანაშაულს, მაგრამ ამავე დროს სხვა ერები დემონებით შეპყრობის მსხვერპლები გახდებიან, თუ გერმანელების მიმართ ზიზღში თავის არასრულფასოვნებას დაივიწყებენ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ კოლექტიურობისკენ გერმანელების სწრაფვა მეტნაკლებად სხვა ერებსაც ახასიათებთ და შესაბამისად ყველა შეიძლება იქცეს დემონური ძალების მსხვერპლად. ამ მხრივ ყურადსაღებია, რომ ამერიკაშიც წამყვანია  „საყოველთაო ზეწოლა“,  რუსებიც მოიხიბლნენ ძალაუფლების დემონით, ასე რომ მთლად სასიხარულოდ არ გვაქვს საქმე. ასე თუ ისე გონივრულად იქცევიან ინგლისელები და შვეიცარელები:  ინდივიდუალიზმმა გადაარჩინა ისინი ლოზუნგებისადმი ლტოლვისგან.
 
- ესეიგი მაინც მოგვიწევს ნერვიულობა მომავალზე , იმაზე, თუ როგორ გამოავლენენ დემონები მომავალში თავს?
 
- მე უკვე ავღნიშნე რომ გადარჩენა პიროვნების აღზრდაშია, ამაში მთელი მსოფლიო უნდა ჩაერთოს. დღევანდელი მდგომარეობა არც ისე უიმედოა, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს. დიახ, დემონების ძალაუფლება განუსაზღვრელია და მასობრივი მაუწყებლობის  საშუალებები -  პრესა, რადიო, კინო მათ სამსახურშია. მიუხედავად ამისა, ქრისტიანობას ყოველთვის ხელეწიფებოდა დაეცვა თავისი პოზიციები ყველაზე დიდ მოწინააღმდეგესთანაც კი არა პროპაგანდით ან მასობრივი გამოსვლებით, არამედ დარწმუნებით და სწავლებით, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდა. თუ გვსურს დემონების დამარცხება, ჩვენც  სწორედ ამ გზით უნდა წავიდეთ.  იმედი მაქვს ჩემს ხედვებს ისე გამოაქვეყნებთ, რომ ადამიანებს ზედმეტად უცნაურად არ მოეჩვენოთ. სამწუხაროდ ჩემი ბედი ასეთია, ადამიანები, განსაკუთრებით შეპყრობილები, გიჟად მთვლიან დემონებისადმი ჩემი რწმენის გამო. მაგრამ ეს მათი პრობლემაა. მე ვიცი რომ დემონები არსებობენ. მათ ვერავინ დაემალება, ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ბუხენვალდის არსებობა. 
 
11.05.1945 წ.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ვილჰელმ რაიხი - ფროიდის აღმოჩენის რეალური გამგრძელებელი


ანიშა დილანის წიგნიდან: ტანტრა - გზა ნეტარებისკენ მთარგმნელი: მა...

ცნობიერების რაობა და სტრუქტურა


რა არის ცნობიერება? ცნობიერების განსაზღვრება რთულია, რადგან ეს შ...

როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია


ავტორი: ნანა აბესაძე ერთერთ სტატიაში, ზეიგარნიკის მეთოდი ვახსენე...

7 უცნაური კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრების მიზნის პოვნაში


მთარგმნელი: ნინო მამულაძე წყარო ერთ დღეს, როდესაც ჩემი ძმა 18-ის ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff