მთარგმნელი: მამუკა გურული
სიყვარული - ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია შენი შინაგანი ცის კაბადობზე. ვერცერთი სხვა ვარსკვლავი ვერ შეედრება მას. ის ვარსკვლავები, რომლებიც გარეთ არიან, მშვენიერნი არიან, მაგრამ ისინი არაფერია სიყვარულთან შედარებით. სიყვარული ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. იგი მზეა... შენი შინაგანი სამყაროს ვარსკვლავია... მისი წყაროა. მიდი და მოძებნე იგი. როცა იპოვი, სხვებსაც გაუზიარე, და სიხარულში იქნები. თუ დაგავიწყდა, რა არის სინათლე, მაშინ ვერ გაიგებ, რა არის აღტაცება, რამეთუ სინათლე და აღტაცება ერთი და იგივე მოვლენის ორი მხარეა. იყავი სინათლე, და გამოცდი აღტაცებას. აღტაცება ნათელი გრძნობაა. ნუ აღიქვამ ცხოვრებას, როგორც პრობლემას. ცხოვრება - საიდუმლოა, რომელშიც უნდა იცხოვრო, და არა პრობლემა, რომელიც უნდა გადაჭრა. იცხოვრე ამ საიდუმლოში, იცეკვე, იმღერე, დატკბი, მაგრამ ნუ ეცდები მის გადაჭრას, თითქოს პრობლემა იყოს. ცხოვრება მის შეცნობას, მისით აღტაცებას გთავაზობს. მას სურს, რომ ბავშვს ჰგავდე. ისწავლე ცხოვრებით სიხარული. ისწავლე მისი, როგორც თამაშის აღქმა. ყველაფერი ისე უნდა აღიქვა, როგორც თამაში - სიკვდილიც კი.
არ არსებობენ არასრულყოფილი ადამიანები, ამიტომ სისულელეა ეცადო - გახდე სრულყოფილი. იცხოვრე უკანმოუხედავად. ჩვენ სრულყოფილების ნაწილი ვართ, ამიტომ ვერ ვიქნებით არასრულყოფილი. ჩვენ აბსოლუტისგან ვართ შობილნი, ღვთაებრივი ოკეანის ტალღები ვართ. ყველაფერი, რაც ღმერთს ახასიათებს, მის ტალღებსაც ახასიათებს. თუ ღმერთი სრულყოფილია, ჩვენც ვფლობთ მის სრულყოფილებას, ამიტომ ყოველგვარი სწრაფვა სრულყოფილებისკენ - აბსურდია. არაა საჭირო სრულყოფილებისკენ სწრაფვა, რამეთუ ისედაც სრულყოფილი ხარ. მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ სრულყოფილების სისავსეში. ჩვენი სრულყოფილება მინიმალურია. ჩვენი პოტენციალის უმნიშვნელო ნაწილს ვიყენებთ, არაუმეტეს შვიდი პროცენტისა, როგორ მეცნიერები ამტკიცებენ. პოტენციალის 93% უბრალოდ იკარგება. არადა ის არსებობს... მისი გამოყენება შესაძლებელია. ის, ვინც მთელი 100%-ით ცხოვრობს, ახდენს იმ უდიდესი შესაძლებლობის რეალიზებას, რომელსაც ღმერთი გვაძლევს. მხოლოდ ასეა შესაძლებელი გარდაქმნა.
ამრიგად, მე მინდა დაგეხმაროთ, რომ რაც შეიძლება ინტენსიური ცხოვრებით იცხოვროთ. მინდა, რომ თქვენი ცხოვრების ყოველი წამი გადავსებული იყოს. მაშინ თქვენში რაღაც გაიხსნება. დაიწყებთ საკუთარი თავის გახსნას საკუთარ თავში. რაც უფრო მეტ ამოცანას მისცემთ საკუთარ თავს, მით უფრო მეტ აღმოჩენას გააკეთებთ.
იცხოვრე სამყაროში, მაგრამ უყურე სამყაროს, როგორც დიდ პიესას. მე სამყაროსგან განდგომის წინააღმდეგი ვარ. შენ უნდა იცხოვრო მასში, მაგრამ სხვებისგან განსხვავებულად. ნუ მიიღებ სამყაროს სერიოზულად. მიიღე იგი მხიარულად, როგორც კოსმიური ხუმრობა. სამყარო არის კიდეც კოსმიური ხუმრობა. აღმოსავლეთში ჩვენ ამას ღვთაებრივ სპექტაკლს ვუწოდებთ. თუ სამყარო ღვთაებრივი სპექტაკლია, გამოდის, რომ ჩვენ ყველანი მსახიობები ვართ. და რომელი მსახიობი აღიქვამს სერიოზულად თავის როლს პიესაში? პიესის განმავლობაში შეგიძლია მეფის როლი ითამაშო, მაგრამ ნუთუ მეფე ხარ? ეს მხოლოდ როლია. როცა ფარდა ეშვება, გავიწყდება, რომ მეფე იყავი. ეს უბრალოდ აღარ რჩება შენს თავში. თუ მდიდარი ხარ, არ იფიქრო ამაზე. თუ ღარიბი ხარ, არ აღიქვა შენი სიღარიბე სერიოზულად. ჩვენ როლებს ვასრულებთ. ითამაშე რაც შეიძლება უკეთესად, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ გარშემო ყველაფერი სპექტაკლია. სიკვდილი მოდის, ფარდა ეშვება და პერსონაჟები ქრებიან. მსახიობები სამყაროს ენერგიაში იხსნებიან. თუ შეგიძლია იცხოვრო სამყაროში, და თან გახსოვდეს, რომ სამყარო მხოლოდ სპექტაკლია, მაშინ თავისუფალი იქნები. არ შეგეხება ტანჯვები. ტანჯვა - ესაა ცხოვრებისადმი სერიოზული დამოკიდებულების შედეგი. ნეტარება კი - თამაშის შედეგია. აღიქვი ცხოვრება, როგორც თამაში, გაიხარე მისით.
მე გთავაზობ სრულიად ახალ მიდგომას რელიგიისადმი. რელიგია ცხოვრებას უნდა ქადაგებდეს. რელიგია უნდა აუმჯობესებდეს ცხოვრებას, მშვენიერს ხდიდეს მას. შენ შემოქმედებითი პიროვნება უნდა გახდე, და არა ბერ-მონაზონი. რელიგიამ არ უნდა დააჩლუნგოს შენი გრძნობები. მან უფრო მიმღები უნდა გაგხადოს. ჩემი აზრით, არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა თავად ცხოვრებისა. არ არსებობს სხვა ტაძარი, გარდა თავად ყოფიერებისა. მაშინ ყველაფერი ღვთაებრივი ზეიმი აღმოჩნდება. როცა ყველაფერს ვამბობ, ვგულისხმობ ყველაფერს. ცხოვრება ზეიმია. სიკვდილი ზეიმია. შეხვედრა ზეიმია. განშორება ზეიმია. ბავშვობა ზეიმია. სიყვაწვილე ზეიმია. სიბერე ზეიმია. უბრალოდ ამ ყველაფერს სხვადასხვაგვარად ზეიმობენ. თუ იზეიმებ, ჭეშმარიტი მორწმუნე გახდები. მაშინ აღარ გჭირდება, რომ რაიმესი გჯეროდეს, აღარ გჭირდება ეკლესიაში სიარული. მაშინ სადაც არ უნდა იყო, რაც არ უნდა აკეთო, ყველაფერი ლოცვად, მედიტაციად, სადჰანად იქცევა. მაშინ ცხოვრება რელიგიურ პრაქტიკად იქცევა.
სიყვარული - ყველაზე მაკურნებელი ძალაა ამქვეყნად. არაფერი არ აღწევს შენში უფრო ღრმად, ვიდრე სიყვარული. იგი კურნავს არა მხოლოდ სხეულს, არა მხოლოდ გონებას, არამედ სულსაც. თუკი გიყვარს, შენი ჭრილობები ქრებიან. მთლიანი ხდები, და იყო მთლიანი, ნიშნავს - იყო წმინდანი. თუ მთლიანი არ ხარ, ვერ იქნები წმინდანი. სხეულებრივი ჯანმრთელობა - ზედაპირული მოვლენაა. სხეულს შეიძლება მედიცინა და მეცნიერება დაეხმაროს, მაგრამ ჩვენი სულის დაფარული არსი მხოლოდ სიყვარულით იკურნება. თუ სიყვარულის საიდუმლო შეიცანი, ცხოვრების უდიდესი საიდუმლოც შეიცანი. შენთვის უკვე აღარ არსებობს აღარც ტანჯვები, აღარც სიბერე, აღარც სიკვდილი. რა თქმა უნდა, შენი სხეული დაბერდება და მოკვდება, მაგრამ სიყვარული გეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ სხეული არ ხარ, წმინდა ცნობიერება ხარ, არასოდეს დაბადებულხარ და არასოდეს მოკვდები. ამ წმინდა გაცნობიერებაში ცხოვრება - ნიშნავს ყოფიერებასთან ჰარმონიაში ცხოვრებას. ნეტარება - ყოფიერებასთან ჰარმონიაში ყოფნის შედეგია.
მე ნაკლებად მაინტერესებს ღმერთი, და კიდევ უფრო ნაკლებად მაინტერესებს ზეცა. მე მაინტერესებს სიყვარული, რამეთუ ადამიანს, რომელსაც სიყვარულის შეცნობა შეუძლია, ღმერთის შეცნობა შეუძლია, მაგრამ არა პირიქით. შეიძლება ღმერთის გწამდეს, მაგრამ მაინც ვერ გაიგო - რა არის სიყვარული. ღმერთის მორწმუნეებმა იმდენი სიძულვილი შობეს... არავის გაუკეთებია იმდენი სისაძაგლე, რამდენიც მათ გააკეთეს. ქრისტიანები, მუსულმანები, ინდუისტები - ყველანი ერთი უზარმაზარი საზარელი შეთქმულების მონაწილენი არიან. მორწმუნეები საუბრობენ ღმერთსა და სიყვარულზე, და ამავე დროს სისხლს ღვრიან. ისინი საუკუნეების განმავლობაში აკეთებენ ამას. არცერთი ცოდვილი არაა იმდენად ცოდვილი, რამდენადაც ცოდვილნი არიან თქვენი ეგრეთ წოდებული წმინდანები. მაშინაც კი, თუ მათ თავად არ ჩაუდენიათ ცოდვა, ისინი მაინც უკეთებდნენ სხვა ადამიანებს პროვოცირებას დანაშაულისკენ. ახლა, როცა ადამიანები ცოტათი უფრო ცნობიერნი გახდნენ, ყველაფერი ეს ბრიყვულად, პრიმიტიულად და სასაცილოდ გვეჩვენება. მაგრამ ეს ხომ რელიგიის სახელით კეთდებოდა. აი, რატომ ვქადაგებ მხოლოდ სიყვარულს. როცა სიყვარული მოვა, ყველაფერი დანარჩენიც მოვა. ეს ისეთი ცხადია.
მოსიყვარულე ადამიანი ვერ აიცილებს თავიდან ღმერთთან შეხვედრას. რომც უნდოდეს, მაინც ვერ აცდება ღმერთს. ვინც სიყვარული შეიცნო, მისთვის ღმერთთან შეხვედრა გარდუვალია. ვინც სიყვარული შეიცნო, თავად ყოფიერებას უყვარს. ყოფიერება ექოდ პასუხობს ყველა მხრიდან. თუ ლამაზ სიმღერას ვმღერით, ეს სიმღერა ჩვენ გვიბრუნდება ათასჯერ უფრო ლამაზი სახით. რაც არ უნდა გავცეთ, ყველაფერი უკან დაგვიბრუნდება. ადამიანები უბედურები მხოლოდ იმიტომ არიან, რომ ცდილობენ - სხვები გახადონ უბედურები. ისინი იტანჯებიან, რადგან სხვებს აყენებენ ტკივილს. რასაც ვთესთ, იმას ვიმკით. და ერთი თესლის დათესვითაც კი, ათას თესლს მოიმკი. ყოფიერება ძუნწი არაა. ის უხვად გიმრავლებს ყველაფერს, რასაც სთეს. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. მიიღებ ნეტარებას, თუ ადამიანებს ანიჭებ ნეტარებას. გინდა სიყვარული? - გიყვარდეს. გინდა რაიმე მიიღო? - შენი სურვილი არაფერს მოგცემს, უნდა მოინდომო, რომ გასცე, და შენი გაცემული უკან გაათასმაგებულად დაგიბრუნდება. რაც არ უნდა გინდოდეს თვითონ - გაეცი, და ხელცარიელი არ დარჩები. საოცარ ჯილდოს მიიღებ, ისეთს, როგორსაც ვერკი წარმოიდგენდი.
შენ შეგიძლია მხოლოდ ის მიიღო, რაც უკვე გაგაჩნია, რამეთუ რაც გაგაჩნია, მაგნიტურ ძალად იქცევა. იგი იზიდავს ყველაფერს, რაც მისი მსგავსია. ქალაქში ჩასული ლოთი, მალე ლოთებს გაიცნობს. იგივე ქალაქში ჩასული მოთამაშე, სხვა მოთამაშეებთან აბამს კავშირს. ქურდი - ქურდებს იპოვის, ცოდნის მოყვარე კი - ცოდნის მოყვარეებს. ის რაც ჩვენშია, მაგნიტს წარმოადგენს, და ამ მაგნიტის მიზიდულობის ველში გარკვეული მოვლენები ხდება. ამიტომ, თუ გსურს, რომ კურთხევა მიიღო ყოფიერებისგან, თავად უნდა ასხივებდე ნეტარებას. მაშინ ყოფიერება გააათასმაგებს შენს ნეტარებას. რაც უფრო მეტი გაქვს, მით უფრო მეტს მიიღებ. თუ ამას გააცნობიერებ, დღითიდღე უფრო და უფრო გამდიდრდები შინაგანად. უფრო და უფრო სიხარულით იქნები სავსე. უსაზღვრო ექსტაზში ჩაიძირები. ექსტაზს არ გააჩნია საზღვრები. მხოლოდ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგა სალხინო მიმართულებით. ყოფიერებას ვუყვარვართ, მაგრამ გვეჩვენება, რომ მისთვის სულერთი ვართ. ყოფიერება - სარკეა. იგი ყველაფერს აირეკლავს. თუ ვყვირით - ყვირილი გვიბრუნდება. თუ ვმღერით - სიმღერები გვიბრუნდება. რაც არ უნდა ვაკეთოთ, ყველაფერი ათასმაგად გვიბრუნდება ყველა მხრიდან, ყოფიერების ყველა განზომილებიდან. ყოფიერება გულგრილი გვეჩვენება, რადგან თავად არ ვიცით სიყვარული. როგორც კი შევიყვარებთ ყველაფერს, რაც გარშემოა - მდინარეებს, მთებს, ვარსკვლავებს ან ცხოველებს, ყოფიერება მაშინვე თბილი და მოსიყვარულე გახდება. ყოფიერება ყოველთვის იგივე მონეტით იხდის. ყოფიერება უაზრობად გვეჩვენება, რადგან თავად ჩვენში არაა აზრი. ყოფიერება მოსაწყენი და რუხი გვეჩვენება, რადგან თავად ჩვენ ვართ მოსაწყენი და რუხი. ბუდასთვის ყოფიერება არ იყო არც მოსაწყენი და არც რუხი. ბუდამ თქვა: როგორც კი გავსხივოსნდი, მთელი ყოფიერებაც გასხივოსნებული გახდა. მე შემიძლია დავადასტურო ეს სიტყვები. რასაც ბუდა ამბობდა, ყველაფერი სიმართლეა. ეს ჩემი გამოცდილებაცაა. როგორიც ხარ, ისეთივეა შენთვის ყოფიერებაც. იმედიტირე, როცა საქმე შენს შინაგან სამყაროს ეხება. და გიყვარდეს, როცა საქმე ყოფიერებას ეხება. მედიტაცია, გაცნობიერება, მდუმარე ჭვრეტა - შენი ცენტრი უნდა იყოს. სიყვარული - შენი პერიფერია უნდა იყოს, სითბო, რომელსაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე ასხივებ. იყო თბილი და მოსიყვარულე - განუზომლად მშვენიერია. ცენტრში იყავი მედიტატიური, პერიფერიაზე კი - მოსიყვარულე. დაინახავ - როგორ შეიცვლება ყოფიერება. და ეს ყველაფერი ყოფიერებაა. მხოლოდ შენ იცვლები, მაგრამ როცა შენ იცვლები, ყოფიერებაც შენთან ერთად იცვლება.
რელიგია არ უნდა იყოს რაღაც თვითკმარი. რელიგია განუყოფელი უნდა იყოს ცხოვრებისგან. იგი თავად ცხოვრება უნდა გახდეს. რაც არ უნდა აკეთო: ამზადებდე საჭმელს, რეცხავდე სარეცხს, მუშაობდე ბაღში - ეს ყველაფერი ლოცვა, მედიტაცია, ზეიმი უნდა იყოს. როცა რელიგია თვითკმარი ხდება, ჩნდება ბერ-მონაზვნობა. როცა რელიგიის ცხოვრებისგან გამოყოფა შეუძლებელია, ჩნდება შემოქმედება. მიიღე ცხოვრება მსუბუქად და შემოქმედებითად. რაც უფრო მეტია სიმსუბუქე და შემოქმედება შენს ცხოვრებაში, მით უფრო ახლოს ხარ გასხივოსნებასთან, მით უფრო ახლოს ხარ სინათლესთან.
სიმშვიდე ღვთაებრივია. სიმშვიდე - ღვთის საჩუქარია. ღმერთი სამართლიანია. თუ გულწრფელად მედიტირებ, დაჯილდოვდები. ყველაფერი სწორედ ასე ხდება. ყოველთვის უნდა გახსოვდეს: სიმშვიდე ღმერთის საჩუქარია. ჩვენ შეგვიძლია - მხოლოდ შევქმნათ სიტუაცია, რომელშიც სიმშვიდე ჩვენზე ზემოდან დაეშვება. სიმშვიდე ყვავილს ჰგავს. ვერ აიძულებ ყვავილს, რომ გაიზარდოს. შეგიძლია ნიადაგი მოამზადო, თესლი დათესო, და დაელოდო. სალხინო დროს ყვავილი აღმოცენდება, ყვავილი გაიშლება, შენი შრომა ნაყოფს გამოიღებს. მაგრამ შენ არ შეგიძლია, რომ თესლიდან გამოქაჩო ყვავილი. საშუალება უნდა მისცე მას, რომ თავად აღმოცენდეს. ყვავილები იდუმალი წყაროდან ჩნდებიან. ისინი ყოველთვის ჩნდებიან, შენ უბრალოდ მომთმენი უნდა იყო. უნდა აკეთო შენი საქმე და გჯეროდეს, რომ მოვა დრო და ყვავილები გაჩნდება. ისინი ყოველთვის ჩნდებიან. გაჩნდა იესო, გაჩნდა ბუდა, გაჩნდა მუჰამედი. ერთხელ შენც აყვავილდები. ღმერთს არ ჰყავს ფავორიტები. ის არასოდესაა არც ვინმეს წინააღმდეგი, არც ვინმეს მომხრე. ღმერთი - ბუნების უზენაესი კანონია. აღასრულე შენი ამოცანა, და ბუნება გიპასუხებს. შენ უბრალოდ უნდა იჯდე მდუმარებაში და დატკბე ამით. ყოველგვარი მიზნის და მოტივის გარეშე ჯდომა, წმინდა სიხარულისთვის ჯდომა, მდუმარებაში ჯდომა, მდუმარებაში სუნთქვა, უბრალოდ ყოფნა, ჩიტების გალობის მოსმენა და საკუთარ სუნთქვაზე დაკვირვება... და თანდათანობით შენში ახალი არომატი გაჩნდება. ეს არომატი არის კიდეც მედიტაცია. სიმშვიდე, უძრავობა - სადღაც ზემოდან მოდის, როგორც ძღვენი. როცა მზად ხარ, ეს ყოველთვის ხდება. ეს გარდუვალია. ბუნება არასოდესაა უსამართლო. ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს. თუ ადამიანები უბედურები არიან, ეს ნიშნავს, რომ ის მიიღეს, რაც დაიმსახურეს. არავინაა ამაში დამნაშავე. ჩვენ ყველანი დამსახურებისამებრ ვიღებთ. თუ ვინმე ნეტარებაშია, ეს ნიშნავს, რომ დაიმსახურა ნეტარება. ბუნება ყოველთვის იმას გაძლევს, რისი მიღებისთვისაც მზად ხარ.
მოთმინება ჭეშმარიტების მაძიებლის მთავარი თვისებაა. მოუთმენლობა დაბრკოლებაა შენს გზაზე. არ უნდა იჩქარო, როცა საქმე ღმერთს ეხება. ღმერთი მარადიულობაშია, აჩქარება კი გულისხმობს წამების, წუთების, საათების დათვლას. თუ ჭეშმარიტების შეცნობა გსურს, მარადიულობა უნდა შეიცნო. აი, რატომაა აუცილებელი უსასრულო მოთმინება. დაივიწყე დრო, არ იჩქარო, იყავი მომთმები, დაელოდე. დაელოდე სიყვარულით, დაელოდე იმედით, დაელოდე სიხარულით. სტუმარი შეიძლება ნებისმიერ წამს მოვიდეს. ნუ მიეცემი სასოწარკვეთილებას, თუ ის ჯერ კიდევ არ მოსულა. მზად იყავი მისი მიღებისთვის. თუ ჯერ კიდევ არ მოსულა, ე.ი. ჯერ კიდევ არ ხარ მზად. ნუ მიეცემი სასოწარკვეთილებას, დააკვირდი და იყავი მზადყოფნაში. იმ მომენტში, როცა შენი მზადყოფნა სრულყოფილი გახდება, როცა შენი სიცარიელე სრულყოფილი გახდება, როცა შენი მდუმარება სრულყოფილი გახდება, - სტუმარი მოვა.
ადვილია დაიცვა შინაგანი სიმშვიდე მონასტერში. რა შეიძლება იქ იპოვო სიმშვიდის გარდა? მაგრამ მონასტრის სიმშვიდე მკვდარია. მასში არაა ძალა. თუ იმპოტენტი ხარ, ადვილად შეგიძლია დადო ცელიბატის აღთქმა. უბრალოდ სხვა აღარაფერი დაგრჩენია. მაგრამ სიმშვიდეში ყოფნა მსოფლიოს ქაოსსა და ცდუნებებში - ეს რთული ამოცანაა. მხოლოდ აქაა შენი მდუმარება ჭეშმარიტი, ცოცხალი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვა შენთან ღმერთი. ღმერთი - ცხოვრებაა, მკვდარი სიმშვიდე მას არ ლხინდება. იყავი ამ ქვეყანაში, მაგრამ ნუ იქნები ამ ქვეყნისგან. იცხოვრე ქვეყანაში, მაგრამ ნუ იქნები მასზე მიჯაჭვული. იარე ქვეყანაზე, მაგრამ ნუ მისცემ უფლებას, რომ დაგეუფლოს. ეს შესაძლებელია, ეს დიდი სასწაულია. როცა ეს მოხდება, ექსტაზს შეიცნობ. ყველას სურს სულიერი სიმშვიდე, მაგრამ მხოლოდ სურვილი, როგორც წესი არაა საკმარისი. ადამიანები სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, და ამავდროულად ომისთვის ემზადებიან. ისინი მშვიდობას აძლევენ ხმას, და ამავდროულად არსენალს აგროვებენ. დაუჯერებელია, ამ ყველაფერს ერთი და იგივე ადამიანები აკეთებენ. ჭეშმარიტად უცნაური მოვლენაა - ადამიანი წინააღმდეგობებში გაიხლართა. მას სურს, რომ რაღაც კარგი გააკეთოს, მაგრამ საშინელ შედეგს იღებს. ერთზე ოცნებობს, მაგრამ სრულიად სხვა გააჩნია. ჩვენ სიზმრებს ვხედავთ, და ჩვენი სიზმრები, შესაძლოა, ძალიან ლამაზი იყოს, მაგრამ სიზმარი სიზმარია. შენ იღვიძებ და ხედავ, რომ სინამდვილე იგივე დარჩა. იგი ოდნავაც არ შეიცვალა. და მაშინ იწყება გაორება. მშვენიერი რამეები გესიზმრება - ღვთაებრივზე, სიყვარულზე, სიმშვიდეზე, მაგრამ როცა იღვიძებ, მზად ხარ ნგრევისთვის და ძალადობისთვის. ჭეშმარიტ სიმშვიდეს რომ მიაღწიო, შინაგანი გარდაქმნის პროცესი უნდა გაიარო. მხოლოდ მაშინ გახდება შენი სიზმრები სინამდვილე. მედიტაცია - ესაა აგრესიის ენერგიის სიყვარულის ენერგიად გარდაქმნის ალქიმიური პროცესი. ეს არაა ორი სხვადასხვა ენერგია. ეს ერთი და იგივე ენერგიაა. ჩვენ უკვე ვფლობთ საჭირო ენერგიას, მაგრამ ჯერ არ გავზრდილვართ. ამიტომ ენერგია ჩვენში თითქოს შეიშალა. მედიტაცია - ესაა ჩვენი გაზრდის პროცესი.
კაცობრიობა ამ დრომდე ისევ სისასტიკეს ატარებს, განსაკუთრებით მამაკაცებში. დომინირებს მამაკაცური შოვინიზმი. განდიდებულია სისასტიკე, ძალადობა, ომი... ხოლო ქალურობის და სირბილის ყველა გამოვლინება დაკნინებულია. ეს პრობლემად იქცა. ყველაფერი მშვენიერი - ქალურია. თუ ქალურობას განდევნი სამყაროდან, მასში სილამაზე აღარ დარჩება. ქალურობის განადგურებით სილამაზეს ვანადგურებთ. ამიტომ მშვენიერს საზიზღარი ანაცვლებს, სისასტიკე კი სირბილეზე იმარჯვებს. ლაოძი ამბობდა: ნუ იქნები კლდესავით მაგარი, იყავი წყალივით რბილი. იგი ცხოვრებას წყლის გზას უწოდებდა. კიდევ ამბობდა, რომ საბოლოოდ რბილი გაიმარჯვებს მაგარზე. ერთ მშვენიერ დღეს კლდე გაქრება. თუ წყალი კლდეზე იდინებს, კლდე ქვიშად გადაიქცევა. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ არ შეგვიძლია ამის დანახვა. აუცლებელია დრო იმისთვის, რომ წყალმა კლდე დაშალოს. იმისთვის, რომ წყლის უპირატესობა გააცნობიერო, უფრო ღრმა ხედვას, უფრო ფართო პერსპექტივას უნდა ფლობდე. მაგრამ ჩვენ მეტისმეტად ახლომხედველები ვართ. ვერ ვხედავთ იმას, რაც შორსაა. ახლომხედველი ადამიანი კლდეს ანიჭებს უპირატესობას. მხოლოდ მას, ვინც ჭეშმარიტი პერსპექტივით ხედავს, შეუძლია წყალს მიანიჭოს უპირატესობა. დაე, მოგეცეს წყლის სირბილე.
სიკეთე და მოკრძალებულობა - ღვთაებრივი თვისებებია. იმისთვის, რომ კეთილი და მოკრძალებული გახდე, ეგოზე უნდა თქვა უარი. ეგო არასოდესაა კეთილი. ეგო ყოველთვის აგრესიულია. მას არ შეუძლია იყოს მოკრძალებული. მოკრძალებულობა და ეგო შეუთავსებელი ცნებებია. ეგოს კედლები ინგრევა, თუ მოკრძალებული ხდები. სიკეთე და მოკრძალებულობა - ესაა გზა ყოფიერებისკენ. წყალს უნდა ემსგავსო, და არა კლდეს. და გახსოვდეს, დიდი დრო გავა, სანამ წყალი კლდეზე გაიმარჯვებს.
თუ თანაგრძნობით აღივსე, ეს ნიშნავს, რომ გარდაქმნა განიცადე. მთელი დაძაბულობა გაქრა. სიმშვიდე და მდუმარება მოვიდა. შენ სახლში დაბრუნდი. თანაგრძნობა - ესაა სიმბოლო, კრიტერიუმი. იმ სასწაულის მტკიცებულება, რომელიც შენი არსების ცენტრში მოხდა. შიგნით მედიტაციაა. თანაგრძნობა - მედიტაციის გარე გამოვლინებაა. მისი გამოხატულებაა. შეუძლებელია გარედან შენი მედიტატიურობის დანახვა. მაგრამ ყველას შეუძლია დაინახოს თანაგრძნობისა და სიყვარულის აურა, რომელიც შენს გარშემოა. შენ სიყვარული გახდი, თანაგრძნობა გახდი. მაშ, შედი მედიტაციის სიღრმეში, რათა მიაღწიო თანაგრძნობას. თანაგრძნობა - ცხოვრების უმაღლესი ჭეშმარიტებაა. ისწავლე მდუმარებაში ყოფნა, უფრო და უფრო მეტ მდუმარებაში, დატკბი მდუმარებით და სიჩუმით. ესაა მთავარი მზადება სტუმრის მისაღებად. როცა უსასრულოდ მდუმარე ხარ, ამ დროს ღვთაებრივის მოსვლას ელი.
შენი რელიგია - ესაა სიყვარულის რელიგია, და არა შიშის. არ შეგეშინდეს ჯოჯოხეთის. ჯოჯოხეთი არ არსებობს. ის არც არასოდეს ყოფილა. ჯოჯოხეთი - ესაა პაპების მიერ მოგონილი ტყუილი, კაცობრიობის ექსპლუატაციისთვის. არც სამოთხე არსებობს. არსებობს სამოთხისა და ჯოჯოხეთის ერთგვარი მოჩვენებითი მსგავსება, მაგრამ ეს მხოლოდ ფსიქოლოგიაა. სამოთხეც და ჯოჯოხეთიც მხოლოდ შენშია. ისინი არ არიან დაკავშირებული არცერთ კონკრეტულ ადგილთან. არ არსებობს არც სამოთხე ზეცაში, და არც ჯოჯოხეთი მიწისქვეშ. არც ერთი და არც მეორე არ მიეკუთვნება გეოგრაფიას. გადააგდე ჯოჯოხეთისა და სამოთხის იდეა. რელიგიას არაფერი კავშირი არ აქვს მთელს ამ სისულელესთან. დაივიწყე ღმერთი, როგორც პიროვნება. უწოდო ღმერთს მამა - ეს იგივეა, რაც იმ შიშის გახსენება, რომელსაც საკუთარი მამის წინაშე ბავშვობაში განიცდიდი. ღმეთი არც ადამიანია და არც მამა. ღმერთი - ესაა ყოფიერება, როგორც ასეთი. ეს ცხოვრების კიდევ ერთი დასახელებაა. გიყვარდეს ცხოვრება. იყავი ერთგული ცხოვრებისადმი. იცხოვრე მთელი სისავსით. მიეცი საკუთარი თავი ცხოვრებას უკანმოუხედავად. არაფერი დატოვო შემდეგისთვის, და მაშინ მოვა დიდი ნეტარება, ნეტარება, რომელსაც აქვს დასაწყისი, მაგრამ არ აქვს დასასრული.
როცა საკუთარ თავის სიღრმეში შედიხარ, კვალს არ ტოვებ. ვერავინ გაიმეორებს შენს გზას შენს მიერ დატოვებულ ნიშნებზე ორიენტირებით. საქმე იმაშია, რომ შინაგანი ტერიტორია ყველა ადამიანს თავისი აქვს. აი, რატომ ვერ დაგეხმარება თავად ბუდას ნაკვალევიც კი. თუ ბუდას კვალს გაჰყვები, ვერასოდეს მიაღწევ საკუთარ თავს. რუკა, რომელსაც იესო იყენებდა, შენ ვერასოდეს დაგეხმარება. უფრო სწორად, ის სარგებელს მოგიტანს, მაგრამ ირიბად. იესოს მეშვეობით უფრო გაგიადვილდება, რომ საკუთარ თავში გააცნობიერო რამე, მაგრამ შენი გაცნობიერება მაინც ბუნდოვანი იქნება. გაიგებ, რომ შინაგანი სამყარო უდავოდ არსებობს, მასზე ხომ ბუდა, ზარატუსტრა, ლაო ძი, მაჰავირა, მუჰამედი და კრიშნა საუბრობენ. ყველა ვერ მოიტყუებოდა. ისინი ვერ მოაწყობდნენ შეთქმულებას. რატომ უნდა გაეკეთებინათ ეს? ისინი არ იცნობდნენ ერთმანეთს, სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ, სხვადასხვა ეპოქებში, და მაინც, თითქმის ერთ ენაზე საუბრობენ. შენ შეგიძლია დაუჯერო ბუდას, მაგრამ მის კვალს ვერ გაჰყვები, რადგან მისი შინაგანი ტერიტორია განსხვავდება შენი შინაგანი ტერიტორიისგან.
ყოველი ადამიანი განუმეორებელია, ამიტომ მარტომ უნდა ეძებო, და ამისთვის დიდი სიმამაცე გჭირდება. შინაგანი ძიება - დიადი თავგადასავალია. ყველა, ვისაც ამ თავგადასავლისთვის გამბედაობა გააჩნია, კურთხეულია. ცხოვრება მუსიკაა, გონება - ხმაურია. გონების ხმაურის გამო ცხოვრების მუსიკა არ გვესმის. თუკი არ გავაჩერებთ გონებას მისი ხმაურით, ცხოვრების მშვენიერი მუსიკა არ გაიჟღერებს ჩვენთვის. როცა პატივმოყვარე გონება დუმდება, ნეტარება მოდის. სანამ პატივმოყვარე გონება ფუნქციონირებს, ნეტარებისთვის უბრალოდ ადგილი აღარ რჩება. გონება უნდა დადუმდეს - აი, რელიგიის, მისტიციზმის მთელი საიდუმლო. თუ ამ უბრალო საიდუმლოს გაიგებ, მეტი აღარაფერი დაგრჩება გასაგები. ეს საკმარისია. ესაა გასაღები, რომელიც ყველა კარს აღებს.
მუსიკაში არის რაღაც ღვთაებრივი, რამეთუ ღვთაებრივია სამყაროს ჰარმონია. მუსიკა ამ ჰარმონიის მხოლოდ პატარა წვეთია. მაგრამ პატარა წვეთიც კი თავის თავში ოკეანის ყველა საიდუმლოს მოიცავს. ამაშია მუსიკის მიმზიდველობის საიდუმლო. როცა მუსიკას უსმენ, მედიტატიური ხდები, შენში დაფარულ დიდებულებას აცნობიერებ. რაღაც დროით საპყრობილეს კედლები ქრება. შენ სხვა სამყაროში გადადიხარ. სივრცისა და დროის საზღვრებს მიღმა გადიხარ. უსაზღვრო ხდები. და ეს უსასრულო მოგზაურობის დასაწყისია. მუსიკა ღრმა მედიტაციაში იბადება, ამიტომ მედიტაციის ადამიანი ყოველთვის მუსიკოსია. მას შეუძლია დაუკრას მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, ან არ დაუკრას, შეუძლია შექმნას მუსიკა, ან არ შექმნას. ნებისმიერ შემთხვევაში მან საიდუმლო იცის, ხელში ოქროს გასაღები აქვს. არ შეუძლია ამის გარეშე, რამეთუ გარგანი იწვევს შინაგანის პროვოცირებას. გარეგანი მუსიკა აიძულებს მის შინაგან მუსიკას, რომ გაჟღერდეს. იგი აცნობიერებს, რომ მუსიკა მთელ ყოფიერებაშია დამალული, რომ მუსიკა - ყოფიერების ღვთაებრივი თვისებაა. მედიტაცია - ესაა მუსიკა, უმაღლესი, უხმო მუსიკა, მდუმარების მუსიკა. მედიტაციის მუსიკა უფრო მდიდარია, ვიდრე ნებისმიერი მუსიკა, რომელსაც ბგერების მეშვეობით ვქმნით, რამეთუ საბოლოო ჯამში ბგერები მხოლოდ ხარვეზია ჭეშმარიტი მუსიკისთვის. ხარვეზი შესაძლოა სასიამოვნო იყოს მოსასმენად, მაგრამ მათი არსი ამით არ იცვლება. ისინი მაინც ხარვეზებად რჩებიან. მხოლოდ მდუმარებას შეუძლია დიადი ჰარმონიის გადმოცემა. არაფერი არ მოძრაობს, არც ხარვეზებია, და არსებობს მშვენიერი, უსაზღვრო მუსიკა.
მედიტაციას მდუმარების მდგომარეობაში შეჰყავხარ. სანამ მდუმარებას გემოს არ გაუგებ, საკუთარი გული ვერ გეცოდინება, ვერ გააცნობიერებ საკუთარ სამეფოს, საკუთარ საგანძურს. ღატაკად დარჩები, თუმცა ყოველ წამს შეგეძლო იმპერატორი გამხდარიყავი. საჭიროა მხოლოდ, რომ შიგნითკენ მიმართო მზერა. მდუმარება - ალქიმიაა. ეს ბგერითი ბარიერის გადალახვას ჰგავს, როცა ბგერას უკან იტოვებ და შენი არსების ცენტრში ხვდები, ყოფიერების დაფარულ ცენტრში. ამ დაფარულ ცენტრს მრავალი სახელი აქვს. ერთ-ერთი მათგანი - ღმერთია.
ღმერთი - არაა ფილოსოფია. ღმერთი - მუსიკას ჰგავს. ღმერთი - არაა თეოლოგია. ღმერთი პოეზიას ჰგავს. ღმერთი - არაა ჰიპოთეზა. ღმერთი ცეკვას ჰგავს. ეძებე ღმერთი ამ მიმართულებით და სადაც სალხინოა იქ მიხვალ. სახლში დაბრუნდები. დაე, მუსიკამ გატაროს როგორც გარეგან, ისევე შინაგან სამყაროში. არ გჭირდება არც ტაძარი და არც ეკლესია. შენ გჭირდება ყოფიერების მუსიკა, ქარი, რომელიც ხეების ტოტებში ხმაურობს, წყლის ხმები, ოკეანის ოგანული სიმძლავრე. უსმინე ყურადღებით, უსმინე ფხიზლად, უსმინე ფიქრის გარეშე ისე, რომ ამ მუსიკამ შენი არსების ცენტრში გაიჟღეროს, და შენ გაოგნებული დარჩები. ის, რაც ბიბლიამ ვერ მოგცა, გიტამ ვერ მოგცა, მუსიკამ მოგცა. ადამიანი მედიტაციის გარეშე - ესაა ადამიანი სიმღერის გარეშე გულში და სიმღერის გარეშე სულში. ასეთმა ადამიანმა არ იცის - რა არის ზეიმი. მისი გაზაფხული ჯერ არ დამდგარა. მისი ყვავილები ჯერ არ ამოსულან. იგი ჯერ არაა რეალიზებული, აყვავილებული, არ აფრქვევს არომატს. იგი ჯერ კიდევ თესლს ჰგავს, და საერთოდ ვერ აცნობიერებს, როგორი შეიძლება გამხდარიყო. იგი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს - სიხარულის გარეშე, ნეტარების გარეშე, ცეკვის გარეშე. ის არ კი ცხოვრობს, არამედ ძლივს მიათრევს არსებობას. ცხოვრება მისთვის დაუძლეველი ტვირთია. სიკვდილი შვებას ჰპირდება. მოკვდება და ყველაფერი დასრულდება, საფლავში დაისვენებს.
ცხოვრება - სკოლაა. აქ იმისთვის ვართ, რომ რაღაც ვისწავლოთ. მთავარია - ვისწავლოთ სიმღერა, სიხარული, ცეკვა. ეს ყველაფერი შეგვიძლია ვისწავლოთ მედიტაციის წყალობით. მედიტაცია მთელ შენს ენერგიას ათავისუფლებს, და ათასობით ყვავილი იფურჩქნება შენს სულში. ახლა უკვე აღარ გჭირდება, რომ სამოთხეს სიკვდილის შემდეგ ელოდო. შენი სამოთხე აქ და ახლაა. ჭეშმარიტი სამოთხე ყოველთვის აქ და ახლაა. სიხარული, ცეკვა - ასეთია პირველი ნაბიჯი ჭეშმარიტებისკენ. უნდა მოიშორო ყველაფერი, რაც ცეკვას უშლის ხელს, რაც ხელს უშლის შენს ცხოვრებას იმაში, რომ ზეიმი იყოს. ყოველ ჩვენთაგანში ბევრი ასეთი ხარვეზია.
სიტყვები: რელიგია და სერიოზულობა სინონიმები გახდნენ. რელიგიური ადამიანები ისეთი მოწყენილები არიან, რამეთუ სიცილი - ცოდვაა. ამ ადამიანებს არ შეუძლიათ სიმღერა, არ შეუძლიათ ცეკვა. ისინი ვერაფრით ვერ ტკბებიან. ისინი თავად ცხოვრების წინააღმდეგ არიან. ნუთუ შეუძლიათ მათ ჭეშმარიტების პოვნა? გიყვარდეს ცხოვრება. გიყვარდეს მისი ყველაზე პატარა წვრილმანები. გიყვარდეს ყველაზე უმნიშვნელო საგნებიც კი: საჭმელი, სიარული, ძილი. ნებისმიერი ჩვეულებრივი საქმიანობა შეიძლება ტკბობად იქცეს. ყველაფერი სიხარულით უნდა აკეთო. ნებისმიერი ქმედება შეიძლება ცეკვად იქცეს. მაშინ ჭეშმარიტება შორს აღარ იქნება. მაშინ ყოველ წამთან ერთად ის უფრო და უფრო ახლოს მოდის. იმ წამს, როცა ნეტარება სრული ხდება, შენზე ჭეშმარიტება ეშვება. ჭეშმარიტებას მოაქვს გათავისუფლება.
თუ სიცილი გახდები, თუ სიყვარული გახდები, აღარ დაგჭირდება არანაირი ლოცვა, შენ ხომ უკვე ღვთაებრივში ხარ. მათ შორის, ვიზეც ღმერთი დაეშვა, მე ერთი მოწყენილი ადამიანიც კი არ მინახავს. ერთადერთი გზა ღმერთისკენ - ზეიმია. ისწავლე ცეკვა, სიმღერა, სიხარული - და ყველგან დაინახავ ღმერთს. შენი ნებისმიერი გამოცდილება ღვთაებრივი იქნება. ჩვეულებრივი უჩვეულოდ იქცევა. მიწიერი ღვთაებრივად იქცევა. მთელი შენი ცხოვრება ღმერთით აღივსება. თავში არც კი მოგივა აზრად, რომ სადღაც ზეცაში უნდა ეძებო ღმერთი. გეცოდინება, რომ სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის ღმერთით ხარ გარშემორტყმული, ყოველთვის წმინდა მიწაზე დააბიჯებ. ყოველი ქვა ამ მიწაზე იგავია, ყოველი კლდე მცნებების ფილაა. შენ მხოლოდ გული უნდა გქონდეს, მოცეკვავე გული, რათა დაინახო ყველაფერი, იგრძნო ყველაფერი, იყო.
მე სასიყვარულო ურთიერთობაში ვიმყოფები ღმერთთან, და ვასწავლი ჩემს სანიასებს, რომ ცხოვრების დიადი საყვარლები იყვნენ. იცეკვე ქართან ერთად, იცეკვე წვიმის ქვეშ, იცეკვე ხეების ქვეშ, და შენდა გასაკვირად აღმოაჩენ, რომ რელიგია წიგნებში არაა, რელიგია მთელს ყოფიერებაშია განფენილი. შეგიძლია რელიგია დაინახო ცისარტყელაში, ფარშევანგის ცეკვაში, შეგიძლია გაიგო მისი ხმა გუგულის გალობაში, ან ფლეიტის ხმაში. რელიგია არაა რაღაც აბსტრაქტული და მკვდარი. რელიგია ცოცხალია და ცოცხალი უნდა იყო, მას რომ შეეხო. ვინც უბედურია, მკვდარია. შენ ცოცხლდები, როცა ნეტარებაში ხარ. როცა შენი ნეტარება მწვერვალს აღწევს, ორგაზმის პიკს აღწევს, ამ დროს ყოფიერებას ეხები და აცნობიერებ, რომ ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე მატერია. ეს უფრო მეტი - ვერ იქნება განსაზღვრული. შეგიძლია ამას გასხივოსნება დაარქვა, დაო, ჭეშმარიტება, ღვთაებრივი. მე კაცობრიობას მოცეკვავეს, მომღერალს, მოცინარს ვხედავ. მინდა, რომ სიხარულით, მუსიკით, პოეზიით და შემოქმედებით აღვავსო მთელი სამყარო. ჩვენი მიმღებლობა ყოფიერებისადმი - რელიგიურებს გვხდის. ჩვენი შემოქმედება შემოქმედთან გვაახლოვებს. გიხაროდეს ცხოვრება - ასეთია ჩემი გზავნილი.