მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი
"ერთხელ, ერთი კაცი მოვიდა ჩემთან. ეს ადამიანი 30 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ, ყოველდღე ეწეოდა სიგარეტს, რის შედეგადაც დაავადდა. ექიმმა უთხრა: „ვერასოდეს გამოჯანმრთელდები, თუ მოწევას თავს არ დაანებებ“-ო, მაგრამ ეს ადამიანი იმდენად დამოკიდებული იყო სიგარეტზე, რომ თავს ვერაფერს უხერხებდა. კი, ცდილობდა თავის დანებებას, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არ ეცადა- უზარმაზარი ენერგია ჩადო ამისთვის, იტანჯებოდა, თუმცა... არ მოწია ერთი დღე, ორი დღე.. ორი დღის მერე კი მოწევის ისეთი მწვავე სურვილი იგრძნო, რომ ნებისყოფა „ჯანდაბაში გაუშვა“ და ისევ მოწევა დაიწყო.
ამის გამო თვითრწმენა სრულიად დაკარგა. მან ხომ თითქოს ასეთი მარტივი რამ - სიგარეტის გადაგდება, ვერ შეძლო. საკუთარი თავი მსოფლიოში ყველაზე დიდი არარაობა ეგონა. და აი, ერთხელაც ჩემთან მოვიდა.
- რა გავაკეთო? როგორ დავანებო სიგარეტის მოწევას თავი? მკითხა მან.
მე ვუპასუხე:
- სიგარეტის გადაგდებას ვერ შეძლებთ, ეს უნდა გაიგოთ. მოწევა-არ მოწევა მხოლოდ თქვენს გადაწყვეტილებაზე არაა დამოკიდებული. მოწევა უკვე ჩვევაში გადაგივიდათ, ამ ჩვევამ ღრმად გაიდგა ფესვები. 30 წელს ეხუმრებით?- დიდი დროა, მოწევა დაეუფლა მთელს თქვენს სხეულს, თქვენს ქიმიას, ფაქტიურად ყველაფერში შეაღწია. მხოლოდ ტვინი სიგარეტის გადაგდებაში ვერ დაგეხმარებათ. თქვენი გონება, შეიძლება ითქვას, არაფრის მაქნისია, უძლურია. მას მხოლოდ ქმედების დაწყება შეუძლია, მაგრამ ხისტად რაიმეს შეწყვეტა, მის ძალებს აღემატება. მოწევა დიდი ხნის წინ დაგიწყიათ, ჩათვალეთ ამის გამო იოგი გახდით- თქვენ ხომ 30 წელი აპრაქტიკებდით მოწევას. მოწევა უკვე ავტომატურ რეჟიმში გაქვთ ჩართული. თქვენ გევალებათ მხოლოდ ერთი რამ - მოახდინოთ მისი დეავტომატიზაცია.
- რას გულისხმობთ დეავტომატიზაციაში? - მკითხა მან. (დეავტომატიზაციაა სწორედ მედიტაციის რეალური არსი). მე ვუპასუხე:
- ამ მომენტიდან დაივიწყეთ, რომ სიგარეტის მოწევის თავის დანებება გინდათ. საერთოდ არაა საჭირო დაანებოთ სიგარეტს თავი. 30 წელი ეწეოდით და ხომ ცოცხლობდით? რა თქმა უნდა ამ ყველაფერმა გარკვეული ზიანი მოგაყენათ, მაგრამ თქვენ მას მიეჩვიეთ. ნუთუ ასე მნიშვნელოვანია, მოწევით რამდენიმე საათით ნაკლებს იცოცხლებთ, თუ არმოწევით- რამდენიმე საათით მეტს? დაფიქრდით აბა, ასეთ შემთხვევაში როგორ მოიქცეოდით? რას გააკეთებდით? რა მნიშვნელობა აქვს ორშაბათს გარდაიცვლებით, სამშაბათს თუ კვირას? ამ წელს, თუ შემდეგ წელიწადს? ნუთუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია?
- მგონი მართალი ხართ-მითხრა მან. საერთოდ არაა მნიშვნელოვანი.
- დაივიწყეთ - ვაგრძელებდი მე - საერთოდ არ ხართ ვალდებული გადააგდოთ სიგარეტი. პირიქით, სიგარეტის მოწევა სიღრმისეულად უნდა გაიაზროთ, გადააქციეთ მოწევა მედიტაციად.
- მედიტაციად? -გაოცებულმა შემომხედა.
- დიახ, თუ ძენის ხალხი აკეთებს მედიტაციას ჩაის მირთმევით - ჩაის დალევა ცერემონიად გადააქციეს, სიგარეტის მოწევამ რა დააშავა? მოწევაც მშვენიერ მედიტაციურ ტექნიკად შეიძლება იქცეს.
ჩემმა სიტყვებმა გააოგნა ის და წამოიყვირა:
- რას ამბობთ. მედიტაციური ტექნიკა? - გთხოვთ, მომიყევით რა ტექნიკაზე საუბრობთ... და სმენად გადაიქცა:
- მაშ, ყურადღებით მისმინეთ: - როცა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს ამოიღებთ, გააკეთეთ ეს რაც შეიძლება ნელა, არ იჩქაროთ, დატკბით ამ მომენტით. იყავით სრულად გაცნობიერებულ მდგომარეობაში. ამოიღეთ კოლოფი ნელა, ამ მოქმედების სრული გააზრებულობით, შემდეგ კოლოფიდან ამოიღეთ სიგარეტი, ასევე სრული გაცნობიერებით - ადრინდელივით სწრაფად, მექანიკურად და გაუაზრებლად კი არა - სრული გაცნობიერებით! დააკაკუნეთ სიგარეტი კოლოფზე, გააკეთეთ ეს მთელი შეგნებით, მიაყურადეთ კოლოფზე სიგარეტის დარტყმის ხმას ისევე, როგორც ძენ-ბუდისტები ჩაიდანში წყლის ადუღების ხმას უსმენენ. ჩაი თუხთუხებს... არომატი იღვრება... ჩაისუნთქეთ სიგარეტის არომატი და შეიგრძენით მთელი მისი მშვენიერება.
- რას ამბობთ? მკითხა მან- მშვენიერება?
- დიახ მშვენიერება. თუთუნი ისევე ღვთაებრივია, როგორც ყველაფერი დანარჩენი. ჩაისუნთქეთ სიგარეტის არომატი- ეს ღვთაებრივი არომატია.
აშკარად ჩანდა რომ გაკვირვებული დარჩა, გაოცებულმა მკითხა:
- შეუძლებელია. თქვენ ალბათ ხუმრობთ?
სულაც არ ვხუმრობდი, მე მაშინაც არ ვხუმრობ, როცა მართლა ვხუმრობ ხოლმე. მე ძალიან სერიოზული ადამიანი ვარ.
- შემდეგ სრული გაცნობიერებით მოუკიდეთ სიგარეტს და ასევე სრული გაცნობიერებულობით მოწიეთ - დატკბით ყველა მოძრაობით, ყოველი ჟესტით. გაყავით ეს პროცესი რაც შეიძლება ბევრ ნაწილად, ეს დაგეხმარებათ გახდეთ უფრო და უფრო მეტად გაცნობიერებული. გამოუშვით სიგარეტის პირველი ბოლი: იცოდეთ, ეს ღმერთია, სიგარეტის კვამლის სახით. ინდუსები ამბობენ : „ანნამ ბრაჰმ“ - „საკვები ღმერთია“ და რატომაც არ შეიძლება იყოს ღმერთი სიგარეტის კვამლი? ყველაფერი ღმერთია. რაც შეიძლება ღრმად გაავსეთ ფილტვები სიგარეტის კვამლით-ეს პრანაიამაა. მე გაძლევთ ახალ იოგას ახალი ცხოვრებისთვის! გაუშვით კვამლი, მოდუნდით, შემდეგ კიდევ ერთი-ოღონდ ძალიან ნელა. თუ ამ ყველაფერს თანმიმდევრულად გააკეთებთ, გაოცდებით. მალე აღმოაჩენთ სიგარეტის მოწევის სრულ აბსურდულობას, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმე სხვამ გითხრათ - მოწევა სისულელეა ან მავნეაო. ამას თავად დაინახავთ. ეს ხედვა მხოლოდ ინტელექტუალური არ იქნება, ეს გაგება თქვენი არსიდან წამოვა. და მაშინ, როცა ერთ მშვენიერ დღეს სიგარეტის მოწევა შეწყდება, ის შეწყდება სამუდამოდ და თუ გაგრძელდება, დაე გაგრძელდეს, არც ეს ღირს ნერვიულობად.
სამი თვის შემდეგ, ეს ადამიანი ისევ მოვიდა ჩემთან და მითხრა.
- მე შევწყვიტე მოწევა.
- აი ახლა - ვუთხარი მე - ზუსტად იგივე გაიმეორეთ სხვა შემთხვევებზეც, როცა დაგჭირდებათ.
ესაა მთავარი საიდუმლო - დეავტომატიზაცია.
როცა სეირნობთ - ისეირნეთ ნელა, ყურადღებით. როცა რაიმეს უყურებთ, უყურეთ ყურადღებით და დაინახავთ, რომ ხეები უფრო მწვანეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. ვარდიც უფრო წითელი აღმოჩნდება, ვიდრე ადრე გეჩვენებოდათ. უსმინეთ ! - ვიღაცა ლაპარაკობს, ჭორაობს. უსმინეთ, უსმინეთ ყურადღებით. როცა საუბრობთ, ისაუბრეთ ყურადღებით, დაე ყველაფერი, რასაც აკეთებთ გაცნობიერებულად, იქცეს დეავტომატიზაციად და მაშინ თქვენი ცხოვრება შეიცვლება უკეთესობისკენ. "