მე-16 კარმაპა (რანგჯუნგ რიგპე დორჯი) ოშოს შესახებ გოვინდ სიდჰარტთან საუბრობს

Admin
იოგა და ტანტრა პერსონა ოშო
4.5
1

მთარგმნელი: ლილა

ტექსტი მოგვაწოდა Moksha Peikari-მ. 

წყარო

ვიზიტი ტიბეტურ მონასტერში

სვამი გოვინდ სიდჰარტ, გთხოვთ, დეტალურად გვესაუბროთ ტიბეტურ მონასტერში უწმინდეს ლამა კარმაპას თქვენი ვიზიტის შესახებ.

დარჯილინგი სავსეა მონასტრებით. მისკენ მიმავალ გზაზე მრავლად შენიშნავთ ტაძრებს. ბევრჯერ მსმენია გვანის საუბარი ტიბეტელ მისტიკოსებზე, მათ ოკულტურ მეცნიერებებსა და იმაზე, თუ როგორ მედიტირებენ ბუდას სწავლებებზე. ბუნებრივია, 1972 წლის ივნისში, დარჯელინგში  ჩემს მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად (რომლებიც ცამეტი და ათი წლისანი იყვნენ) მოგზაურობისას, მათი მონასტრების ხილვით დავინტერესდი.

დარჯელინგის ტურისტულ ოფისში სრული ინფორმაცია ჰქონდათ მონასტრების შესახებ. მირჩიეს მომენახულებინა რუმტეკი, რომელიც განგტოკთან ახლოს მდებარეობს და სიკიმის დედაქალაქს წარმოადგენს. ეს არის მონასტერი, რომელსაც უწმინდესი ლამა კარმაპა მართავს . (მას ტიბეტურ ენაზე "Pal Karmapa Densa Shed Drup Chho Khorling" ეწოდება). იქ წასვლისას ძალიან ვნერვიულობდი, სწორედ ასე გავიგე მისი უწმინდესობის შესახებ. განგტოკი 5000-6000 ფუტი სიმაღლეზე მდებარეობს. ჩემს ჩასვლას წვიმის სეზონი დაემთხვა. წვიმები მაისიდან იწყება. ძალიან მოღრუბლული იყო, ისე რომ ხედვაც ჭირდა. ბომბეისგან განსხვავებით, იქ წვიმების დროს ცივა.

16th Karmapa

მისი უწმინდესობის მონასტერი განგტოკიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია. იგი ნაწილობრივ სიკიმის მაჰარაჯამ ინდოეთის მთავრობის დახმარებით აღმართა. ადგილი თავად უწმინდესმა ლამა კარმაპამ შეარჩია. 1959 წელს კომუნისტური ჩინეთის შემოჭრის შემდეგ, ტიბეტიდან მისი ჩამოსვლისას ჰკითხეს, სად სურს მონასტრის დაარსება. არჩევანი ორი ადგილიდან ერთ-ერთზე უნდა შეეჩერებინა, დჰარმშალაზე, ან სიკიმზე. დალაი ლამა უკვე დჰარმშალაში იყო დაფუძნებული, ამიტომ სიკიმი აირჩია. დაახლოებით 5000 ფუტის სიმაღლეზე ჰიმალაიზე, განგტოკის მოპირდაპირედ, არის მწვერვალი, რომელიც ძალიან ახლოს არის კანჩანჯანგას ჰიმალაის მწვერვალთან. სწორედ ამ ადგილას მდებარეობს მონასტერი. ეს არის ძალიან დიდი მონასტერი, სადაც მუდმივად ცხოვრობს ორასი ადამიანი, რომელთაგანაც ყველა ლამაა (ტიბეტელი ბერები). საერო პირებიდან არავის აქვს მონასტერში დარჩენის უფლება. "ლამა" ნიშნავს მას, ვინც უარი თქვა ამქვეყნიურ ცხოვრებაზე და ბერის გზას შეუდგა.

როდესაც პირველად მოვედი მონასტერში, მითხრეს, რომ უწმინდესს  ვერ შევხვდებოდი, რადგან ის ჩვეულებრივ მხოლოდ კონკრეუტლ ადამიანებს ხვდება, მაგრამ, ალბათ, შეხვედრის დაჯავშნას შევძლებდი. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი სასტუმროს მენეჯერი მას კარგად იცნობდა და დამპირდა, რომ შეხვედრას მომიწყობდა. მეორე დილით  მონასტრისკენ დავიძარით, მაგრამ სულ დამავიწყდა მისთვის დამერეკა და მეთხოვა ჩემთვის შეხვედრა დაენიშნა. გვიან გამახსენდა, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც წავედი იქ ოჯახთან ერთად.

როდესაც მანქანით მივედით, მონასტერი მთლიანად დახურული დაგხვდა. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი და ფიქრობდი, შევძლებდი თუ არა მის უწმინდესობასთან შეხვედრას, ან თუნდაც მონასტრის შიდა ნაწილის ხილვას.

უცებ ერთი ლამა მოვიდა და მითხრა: "გინდა გურუჯის შეხვდე?" მე ვუთხარი: "დიახ, სწორედ ამ მიზნით მოვედი". მან მაშინვე წამიყვანა უწმინდესის საცხოვრებელში. მითხრა, რომ შიგნთ რამდენიმე უცხოელი იმყოფებოდა და ლოდინი მომიწევდა. ვუთხარი: ,,რა თქმა უნდა დაველოდები-მეთქი”. სახელი და მისამართი გამომკითხა. ვუთხარი რომ, სვამი გოვინდ სიდჰარტი ვიყავი ბომბეიდან. შემდეგ შიგნით შევიდა და ჩემდა გასაკვირად მალევე ლამა გამოვიდა გარეთ და მომმართა: "თქვენ უშუალოდ უწმინდესი გიწვევთ შიგნით". შევედი და ისე დამხვდა, თითქოს მელოდებოდნენ. ასე აღმოვჩნდი მის თანმყოფობაში. 

შევედი, ფეხზე ვემთხვიე. მან მაშინვე თავზე დამადო ორივე ხელი. ეს მართლაც ძალიან იშვიათი ჟესტია და ძალიან მნიშვნელოვანია ტიბეტური ლამების ტრადიციაში. მათი პრაქტიკის თანახმად, როდესაც შედიხართ და თაყვანს სცემთ უწმინდესს, უნდა მიაწოდოთ  შარფი, რომელიც ფეხზე აქვს დადებული. თუ ის გრძნობს რაიმე განსაკუთრებულს თქვენს სულიერ განვითარებასთან დაკავშირებით,  მას კისერზე გადაგკიდებთ. თუ  გრძნობს, რომ  მედიტაციაში რამდენადმე მოწინავე ხართ,  არსებობს სპეციალური შარფი სამი წითელი ნიშნით და სწორედ მას გადაგადებთ. თუ უფრო მეტს გრძნობს, მაშინ თავზე ცალ ხელს გადებს. მაგრამ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თუ თავზე ორ ხელს დაგადებს. ამას არასოდეს აკეთებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მინიშნება აქვს.

მის უწმინდესობას აქამდე არაფერი სმენია ჩემ შესახებ, რადგან მასთან შეხვედრა არ ჩამინიშნავს. ასე რომ მოვქცეულიყავი, ეცოდინებოდა ვინ ვარ, მაგრამ მან არაფერი იცოდა, გარდა იმისა, რომ სანიასინის რობა მეცვა. ყველა ტიბეტურ მონასტერში ეს ჩვეული პრაქტიკაა. სანამ ამ მონასტერს ვესტუმრებოდი, სხვა დარჯელინგიც მოვინახულე, სადაც დავინტერესდი მათი შარფების, რადგან ბუდას ყველა მონასტერში ნახავთ ბუდას გამოსახულებებს, რომლებსაც ასეთი შარფები აქვთ შემოხვეული. ბუნებრივია, მითხრეს, რომ იგი იმავეს აღნიშნავდა, რასაც ინდუისტურ ტაძარში ღმერთის გამოსახულებების ყვავილების გვირგვინით შემკობა. ეს პატივისცემის გამოხატვაა.

მისი უწმინდესობის შესახებ ნათქვამია, რომ ის "ღვთაებრივი ინკარნაციაა". ტიბეტში მიაჩნიათ, რომ ვინც ბუდას მდგომარეობას მიაღწევს, გასხივოსნდება და საკუთარი სურვილით  ხელახლა დაიბადება ადამიანების დასახმარებლად ამ სამყაროში, მაშინ ის ხდება "ღვთაებრივი ინკარნაცია" - ბოდჰისატვა. ბევრი ადამიანი აღწევდა ბუდას მდგომარეობას ბუდას დროს, ამიტომ ზოგიერთი ლამა იმ გასხივოსნებულების ინკარნაციაა. ნათქვამია, რომ მისი უწმინდესობაც ბოდჰისატვაა, დსუმ ხეინპას მეთექვსმეტე ინკარნაცია, პირველი კარმაპა, რომელიც ახ. წ. 1110 წ დაიბადა . ის იმ გურუთა ჯაჭვის მემკვიდრეა, რომლებიც მარპაში ბრუნდებიან და ტიბეტის საუკეთესო იოგები არიან.

დარჯელინგის მხარეში ეს არის ერთადერთი მონასტერი, რომელსაც  გასხივოსნებულის ინკარნაცია ლამა ჰყავს. ამჟამად სულ სამი ასეთი ცოცხალი ტიბეტელი გასხივოსნებულის ინკარნაციაა (ბოდჰისატვა). ესენია: 1. ახლანდელი დალაი ლამა - ყველაზე მაღალი. ის არის ჩენაეზის ბუდას ინკარნაცია; 2. უწმინდესი ლამა კარმაპა, რომელიც არის ბოდჰისატვა ავალოკიტესვარას ინკარნაცია; 3. პანჩამ ლამა, ო-პა-მე-ის ინკარნაცია. ამ სამიდან თითოეული ტიბეტური ბუდისტური მონასტრების კლასტერის თავია. მათ დაქვემდებარებაში მყოფი ტიბეტური მონასტრები იმართებიან ამ სამის მითითებების შესაბამისად. ნებადართულია სამონასტრო ორდენის მეთაური იყოს მხოლოდ გასხივოსნებულის ინკარნაცია, რადგან მხოლოდ გასხივოსნებულთაგან რომელიმეს შეუძლია დაეხმაროს სხვებს იმავეს მიღწევაში. დალაი ლამა არის ტიბეტელი ხალხის დროებითი მმართველი და ასევე არის ყველა სამონასტრო ორდენის ხელმძღვანელი.

ერთი საინტერესო მომენტი ის არის, რომ მისი უწმინდესობა ზუსტად ჰგავს ოშოს-ზუსტად: ისეთივე მხიარული,  მსუბუქი, და თბილია! ის ასევე დაახლოებით იმავე ასაკისაა - დაახლოებით ორმოცი - ორმოცდაათამდე. განსაკუთრებული რაც მე დავინახე უწმინდესის შესახებ არის მისი მესამე თვალი. ამის დანახვა ძალიან მარტივად შეგიძლიათ; იგი ჩაზნექილია - ჩაღრმავებული - შუბლის ცენტრში. იგრძნობოდა თითქოს ჩვეულებრივი თვალი იყო, მაგრამ ეს შინაგანი თვალია. მე განვიცადე იმ შინაგანი თვალის შუა წერტილი, თითქოს ენერგია გამოდიოდა იმ პატარა ხვრელიდან. თქვენ შეგიძლიათ მარტივად შენიშნოთ ეს შუა ნაწილი.

გამიგია, რომ ტიბეტში აქვთ პრაქტიკა, როდესაც შუბლზე ხვრელს აკეთებენ მესამე თვალის გასახსნელად, ამიტომ მე მას ვკითხე ამის შესახებ. მან თქვა: ”ეს ყველაფერი ყალბი ჭორია. არასოდეს კეთდება. რაღაც დროს შორეულ წარსულში ეს შეიძლება ხდებოდა, მაგრამ არა ახლა. ” მან თქვა, რომ როდესაც ეს მესამე თვალი გაიხსნება, თქვენ შეგიძლიათ ბევრი რამ დაინახოთ, რაც ჩვეულებრივი ადამიანის აღქმისთვის დაფარულია. 

როდესაც პირველად შევედი ოთახში, მან მაშინვე მითხრა: ”მე ვიცი საიდან მოდიხარ”. ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. შემდეგ მითხრა: ”ვხედავ, რომ თქვენ რაღაც გაქვთ სადაც თქვენი გურუს ფოტო ორმხრივად არის დაბეჭდილი”. ვუპასუხე: ”მსგავსი არაფერი მაქვს”. (სულ დამავიწყდა, ჩემი მალა, რომელზეც ოშოს ფოტოსურათი ორივე მხრიდან იყო ჩამოკიდებული)

იქ ინგლისელი ქალი იყო, რომელიც თარჯიმნის ფუნქციას ასრულებდა, რადგან ლამა კარმაპამ ინგლისური არ იცოდა,  მხოლოდ ტიბეტურ ენაზე საუბრობდა. ეს ინგლისელი ქალბატონი მრავალი წელია იქ არის. მან მთლიანად უარი თქვა და მიჰყვება ტიბეტური მედიტაციის გზებს. ის არის ლამა კარმაპას მოწაფე და ერთადერთი ქალბატონი მონასტერში.
ძირითადად, ქალბატონები არ დაიშვებიან და არსებობს სპეციალური მონასტრები ქალბატონებისთვის.

მან მაშინვე დაინახა ჩემი მალა და თქვა: "რა არის ეს?" შემდეგ გამახსენდა, რომ მასზე სურათი ორ მხარეს იყო დაბეჭდილი და ვთქვი: "ეს არის ჩემი გურუს ფოტოსურათი". მას აინტერესებდა მისი ნახვა, ამიტომ ამოვიღე და ვაჩვენე. მაშინვე უწმინდესმა თქვა: "ეს არის".

მან ოშოს მალა ხელში  აიღო შუბლზე მიიდო და მის შესახებ მოყოლა დაიწყო. ” ის ბუდას შემდეგ ყველაზე დიდი ინკარნაციაა ინდოეთში, ის ცოცხალი ბუდაა!” ამის გაგონებაზე დიდი აღფრთოვანება დამეუფლა, ვკითხე: „ინდოეთში არიან სხვა ადამიანები, რომლებიც ასევე ამბობენ, რომ მიაღწიეს გასხივოსნებას. რას იტყვი მათზე?"  მიპასუხა: "ისინი რეალიზებული სულები არიან, მაგრამ არა გასხივოსნებული ინკარნაციები.''

კრიშნამურტიზე ჩავეკითხე. მიპასუხა: ”ჯერ ერთი ის არ არის ინდოეთში. მეორეც, ის არის რეალიზებული სული, მაგრამ არა ღვთაებრივი ინკარნაცია. "ეს არის ის, რაც მან მითხრა. შემდეგ ვკითხე, რა განსხვავებაა გასხივოსნებულ და რეალიზებულ სულებს შორის. მისი თქმით, რეალიზებული სული გახდა თვითრეალიზებული, მაგრამ მას არ შეუძლია დაეხმაროს სხვა ადამიანებს. თუ სხვების დახმარება სურს, მაშინ  სპეციალურად უნდა გაიწვრთნას ოკულტურ და ეზოთერულ მეცნიერებებში და ამისათვის ისევ და ისევ უნდა დაიბადოს.  მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ხელახალი დაბადების ცნობიერი არჩევანი გააკეთოს. ეს ყველაფერი ოშომ უკვე გაიარა, ლამამ მითხრა. "ღვთაებრივი ინკარნაცია" ნიშნავს იმ ადამიანის ინკარნაციას, რომელიც წინა ცხოვრებაში გაწვრთნილი იყო სხვების დასახმარებლად და არაა მხოლოდ სული, ვინც რეალიზდა ამ ცხოვრებაში. ოშოს შემთხვევაში, ის უკვე მომზადებულია; ის უკვე რეალიზებულია. ახლა ამ ცხოვრებაში ოშომ მშობიარობა დაიწყო სპეციალურად ადამიანების სულიერად დასახმარებლად - მხოლოდ ამ მიზნით. მან მშობიარობა სრულიად შეგნებულად დაიწყო, თქვა ლამამ. ამ თვალსაზრისით მე ვუთხარი მას, რომ ის ასწავლის ბევრ ადამიანს და ის ლაპარაკობს ბევრ ღრმა საკითხზე.

უწმინდესმა მაშინ თქვა: ”თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ ის საუბრობს თქვენთვის, მაგრამ ის ამას არა მხოლოდ თქვენთვის,  ლაპარაკობს. ის (ოშო) საუბრობს აკაშის ჩანაწერებისთვის (მოვლენების  და სიტყვების ჩანაწერები ასტრალურ სიბრტყეზე). რაც ითქვა, არ იქნება დავიწყებული. ამიტომაც აღმოაჩენთ, რომ ის განაგრძობს რაღაცეების გამეორებას. ის აგრძელებს რაღაცეების გამეორებას და თქვენ გრძნობთ, რომ ის ლაპარაკობს თქვენთვის, მაგრამ ფაქტობრივად, ის საუბრობს მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ხვდება ვინ არის ის (ოშო). მისი სიტყვები დარჩება აკაშის ჩანაწერებში, ისე რომ ისინი ასევე სასარგებლო იქნება მომავლის ადამიანებისთვის.

11osho

მისმა უწმინდესობამ მკითხა თუ სად იმყოფებოდა ოშო, რადგან მან მაშინვე იცნო იგი, ჩემს მალაში მოთავსებული ფოტოს ვიბრაციებიდან. იგი მასთან ერთად იმყოფებოდა წარსულ ცხოვრებებში. ყველა ბუდა (გასხივოსნებული) კონტაქტში მოდის ერთმანეთთან. ახლაც ის და ოშო ერთმანეთთან ტელეპათიურად არიან კონტაქტში. სწორედ ასე იცნობს ის მას.  ვფიქრობდი, რომ მისი შეკითხვა ნიშნავდა სად რჩება ოშო, ან არ ვიცი რამდენად სწორად მითარგმნეს, ამიტომ ვუპასუხე "ბომბეი". უწმინდესმა მითხრა: "არა, არაა ბომბეი". თურმე გულისხმობდა "საიდან იყო წარმოშობით?" შემდეგ, როდესაც მას ვუთხარი მადია პრადეში,  თქვა: ”სწორია!”  მან ყველაფერი იცოდა, სანამ რამეს ვიტყოდი, თითქოს ეს აკაშის ჩანაწერებში ეწერა და იქედან შეიტყო. 

შემდეგ მკითხა, მედიტაციის რა მეთოდებს ასწავლიდა ოშო. მე აღვუწერე ჩვენი ოთხსაფეხურიანი მეთოდი. როდესაც  მესამე ეტაპის შესახებ ვუთხარი, ყვირილი "ჰუ-ჰუ-ჰუუ", მან თქვა, რომ ეს "ჰუ" მოდის ტიბეტური მანტრადან "ომ მანი პადმე ჰუმ" "ჰუმ". ის იმდენად აღფრთოვანებული იყო ამით, რომ  ორი ხელი მომკიდა და თქვა, რომ "ძალიან გაუხარდა" და რომ "ეს მეთოდი აბსოლუტურად სწორია; ეს მსგავსია ამ პრაქტიკის ტიბეტური მეთოდებისა და რაც არ უნდა გავაკეთოთ, თქვენც იგივეს აკეთებთ “. ბევრი განსხვავება მხოლოდ ენაშია. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვიყენებთ ტერმინს "კუნდალინი", ისინი იყენებენ "ცეცხლმოკიდებულ ცეცხლს" ერთსა და იმავეს ნიშნავს. ოშოს მეთოდის შესახებ მან თქვა: "სრულყოფილია!".

სინამდვილეში, მათი სისტემა უმეტესწილად განსხვავებულია. მათ სჯერათ, რომ ვიბრაცია არის პასუხისმგებელი ყველა გამოვლინებაზე, ბევრს ლოცულობენ  და  ტიბეტურ ენაზე განსაკუთრებულ მანტრებს გალობენ. ამისთვის სპეციალური მეთოდია საჭირო. მაგრამ მისი უწმინდესობა დარწმუნებული იყო, რომ ჩვენი მედიტაციის "ჰუ" ეტაპი მოდის მანტრა "ჰუმ-დან"  მანტრაში "Om mani padme hum". ეს ოშომაც დაადასტურა თავის ზოგიერთ ლექციაში. მონასტრის შიგნით არის დიდი ნაკვეთი. მის საზღვარზე აშენებულია პატარ-პატარა ოთახები, რომლებშიც ლამები ცხოვრობენ. კომპლექსის შუაგულში ოთახების კიდევ ერთი ბლოკია, რომელიც შედგება სამი სართულისგან; პირველი სივრცე არის სალოცავი ოთახი, სადაც ლამები სალოცავად იკრიბებიან.

ეს ტიბეტური მონასტრები აგებულია სქელი ხისგან, რომელიც დამშვენებულია რთული ჩუქურთმებით და შეღებილია ნათელ წითელ, ლურჯ და ოქროსფერი ფერების კომბინაციაში.  ძალიან ელეგანტურია. ტიბეტელებს ოქრო წმინდა ლითონად მიაჩნიათ და ასევეა ოქროსფერი ფერიც, ამიტომ  მას უხვად იყენებენ, მაგრამ მხოლოდ რელიგიური მიზნებისთვის. მონასტერი ძალიან მდიდრულია. ოქრო უხვადაა ტიბეტში. იგი მდინარის ნაპირებზე მოიპოვება. ამიტომაც იყენებენ მას წმინდა ნივთებისთვის. ეს არის განსაკუთრებული ხელოვნება და ითვლება ძალიან წმინდად. ყველა მათი პუჯა (თაყვანისცემის ნივთი) ოქროშია შესრულებული.

ტიბეტური თეორიის თანახმად,  არსებობა სხვა არაფერია თუ არა ვიბრაცია და რომ მხოლოდ სწორი ვიბრაციით შეიძლება მიაღწიო გასხივოსნებას. ასე რომ, მათ სჯერათ ლოცვისა და კონკრეტული მანტრების (ბგერების), კონკრეტული რიტმების გამეორების, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ შეუერთდნენ კოსმოსს და ღრმად შევიდნენ მედიტაციაში, დაამშვიდონ გონების დაუღალავი ვიბრაცია. ეს არის მედიტაციის თეორია. ამ სალოცავ დარბაზში, რომელიც  უკვე ვახსენე, დგას ბუდას ქანდაკება, ჩამოკიდებულია დალაი -ლამას და სხვა დიდი ადამიანების ფოტოები და ასობით სპეციალური ლამფა, რომელსაც ლოცვის დროს ანთებენ.

ძლიერ ვიბრაციას მონასტერში შესვლისთანავე იგრძნობთ, რადგან ლამები მუდმივად  ლოცულობენ და  ვიბრაციულ ატმოსფეროს ქმნიან. ისინი უზრუნველყოფილი არიან ტანსაცმელით, საკვებით და თავშესაფარით, ასე რომ  არაფერი აქვთ საზრუნავი გარდა მედიტაციისა. მედიტაცია არის ამ ორასი ბერის მთავარი მიზანი, რაც ატმოსფეროს ქმნის. მედიტაციამდე მისაღწევი ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია, ყოველგვარი პრაქტიკის გარეშე და ეს სწორედ ამ ვიბრაციების დამსახურებაა. ამას დარბაზში შესვლისთანავე გრძნობენ. ამ განსხვავებას ახლა მეც ძალიან მძაფრად ვგრძნობ.

ლამები ლოცვისას, სპეციალურ საკმევლის ტიპს იყენებენ, რადგან  სჯერათ, რომ სურნელი მედიტაციისას ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს: რომ თითოეულ არომატს თავისი ეფექტი აქვს და თუ რაიმე მიზნის მიღწევა გინდა,  საკმევლის კონკრეტული ტიპი უნდა გამოიყენო. მაგალითად, თუ  გონების დამშვიდება გსურთ, საჭიროა სპეციალური სურნელი გამოიყენოთ. ან დავუშვათ, გსურთ სულებთან დაკავშირება, ამისთვის სპეციალური საკმეველი და მანტრები არსებობს. მათ სრული მეცნიერება აქვთ ჩამოყალიბებული ამის ირგვლივ.  ამ ლოცვის დარბაზში აუცილებელია ყველა ლამა შეიკრიბოს და დაჯდეს. ისინი რიგებში სხედან - ერთმანეთის პირისპირ. ასე რომ როდესაც ხმამაღლა ლოცულობენ, ვიბრაციებს შეუძლიათ შექმნან კონკრეტული პატერნი.

გამოიყენება ზარების სპეციალური ტიპები, რომელთა ღირებულებაა 200 ან 250 რუპიაა.  ამ ზარებს კონკრეტული ლითონისგან ამზადებენ. ამისთვის შვიდ სხვადასხვა ლითონს ურევენ და ამუშავებენ კონკრეტული ტიპის ვიბრაციის მისაღებად. მათ ძალიან ღრმა კვლევები აქვთ ამ მეცნიერებასთან დაკავშირებით. დილით უწმინდესი მოდის მხოლოდ კონკრეტული ცერემონიისთვის. შემდეგ, მისი თანდასწრებით, ბერები გალობენ კონკრეტული ტიპის მანტრებს, კონკრეტული მეთოდით.

რაც უფრო ღრმად შევდივართ მონასტერში, ვხვდებით  განსხვავებულ ტაძრებს, სადაც სხვადასხვა სახის ლოცვები უნდა შესრულდეს ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად. ზოგიერთი ტიბეტური ლოცვა ტარდება გარდაცვლილი ადამიანების სულებისთვის გზის საჩვენებლად. მიაჩნიათ, რომ გარდაცვლილ სულებს გაძღოლა სჭირდებათ, ამიტომ ასეც აკეთებენ, ეს ხდება მანამ სანამ ადამიანი გარდაიცვლება და სიკვდილის შემდეგაც, რათა მათ  საშვილოსნო აირჩიონ  მომავალი დაბადებისათვის. ამას ისინი "ბარდოს პროცესად"  მოიხსენიებენ. არიან ლამები, რომლებიც ამ მეცნიერების ექსპერტები არიან და მხოლოდ მათ აქვთ უფლება შევიდნენ ამ კონკრეტულ ტაძარში. კონკრეტულ დროს უნდა იგალობონ კონკრეტული მანტრები, რათა გარდაცვლილ სულებს სათანადოდ გაუძღვნენ.

როგორც წესი, ისინი საკუთარი გარდაცვლილი ლამების სულებს ხელმძღვანელობენ, რათა მოემზადონ შემდგომი დაბადებისთვის, შემდგომი სწავლებისთვის. ამიტომ, ბევრი ლამა უამრავი ცხოვრების განმავლობაში იწვრთნება მათთან.  მონასტერში არის ერთი ოთახი, სადაც უწმინდესი იმყოფება. ძირითადად, ლამებს აქვთ პრაქტიკის ორი განსხვავებული სისტემა. პირველი არის ლოცვა - მანტრების გალობა და მეორე არის მედიტაცია.

ისინი მონასტერში დარჩენის უფლებას არავის აძლევენ, არც ინიციაციას გადასცემენ, სანამ ადამიანი ბოლომდე არ იტყვის უარს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე. ჩვეულებრივ ცხოვრებაზე უარის თქმა გულისხმობს თავგადაპარსული სირუალს, კონკრეტული ტიპის ჩაცმულობით, კონკრეტული ტიპის საკვებით კვებას, ვარცხნილობის კონკრეტულ წესს და სრულ იზოლაციას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამ პერიოდში ისინი მიგითითებენ, რა უნდა გააკეთო. თუ ამ ყველაფერს გაივლით, მხოლოდ ამის შემდეგ გეძლევად მონასტერში დარჩენის უფლება - წინააღმდეგ შემთხვევაში არა.

ლოცვების შემდეგ მიგითითებენ რა სახის მედიტაცია უნდა შეასრულო, რა პრაქტიკის დაცვა მოგიწევს, იმის მიხედვით თუ რა შესაძლებლობები გაქვს და რა საგნების შესწავლა მოგიწევს. მათ აქვთ განსხვავებული ოკულტური მეცნიერებები, რომლებიც უნდა ისწავლონ სხვა ადამიანების დასახმარებლად, როგორიცაა მეცნიერება ადამიანის აურის შესახებ. ამის წყალობით მაშინვე შეძლებთ ამოიცნოთ  რა ტიპის ადამიანია ვინმე; პატიოსანია,  სიმართლეს ლაპარაკობს თუ არა,  მედიტაციის გზაზე დგას თუ არა, წინ მიდის  თუ უკან იხევს. ამ ყველაფრის დანახვა ადამიანის აურის მაგნიტური ველების ფერით შეუძლიათ. კიდევ ერთი ოკულტური მეცნიერება, რომელიც ისწავლება, არის ტელეპათია. მისი საშუალებით შეგიძლიათ  ადამიანების აზრები წაიკითხოთ. და მესამე არის ნათელმხილველობა, მეცნიერება, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ შორი მანძილიდან წარმართოთ ადამიანები თქვენი ფიქრებით. ეს არის სამი მეცნიერება, რომელიც უნდა ისწავლოს და მათ სხვადასხვა სახის მედიტაცია აქვთ ამ საკითხებისთვის.

ბუნებრივია, ლამას ვკითხე მათ შესახებ და შეუძლია მასწავლოს თუ არა. მისი თქმით, ის ვერ ასწავლის ვერავის, გარდა მისი ლამებისა, რადგან თუ ეს ცოდნა  იმ ადამიანს გადაეცემა, რომელიც მზად არ არის,  შეიძლება მათი ბოროტად გამოიყენება დაიწყონ. ტიბეტელებმა საიდუმლოდ შეინახეს ყველა მათი ოკულტური მეცნიერება, მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ მატერიალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ და ხალხი მზადაა ყველაფრისგან ფული გამოიმუშაოს. ამიტომ მათ არ სურთ ამ საიდუმლოებების გასაჯაროება.

მას შემდეგ, რაც ადამიანი მონასტერში შევა, იქ სიკვდილამდე უნდა დარჩეს. მონასტრის დატოვება აკრძალული აქვს; წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს ტიბეტელების მთლიანად დატოვება. როგორც კი ადამიანი მათ ჯგუფს მიეკუთვნება, ეს კუთვნილება მთელი ცხოვრება გრძელდება, ყველა დარჩენილი ცხოვრებაც კი, სანამ ბუდობამდე არ მიაღწევენ. ისინი მათ ინსტრუქციებს მთელი ცხოვრების განმავლობაში აძლევენ და მოიწვევენ გარდაცვალებულ სულებს უკან. ისინი აქ ბრუნდებიან, მათ ყოველთვის გაუძღვებიან იმისთვის, რომ  მომავალ ცხოვრებაში სათანადოდ დაიბადონ. ასე მათი სულიერი სწავლება გრძელდება მრავალი სიცოცხლის განმავლობაში. საერთოდ, ისინი განსაკუთრებით ცდილობენ არ გაუშვან ნებისმიერი რეალიზებული სული მათი ჯგუფიდან. თუმცა, რეალიზაციის შემდეგ, მათ არ შეუძლიათ ამ სულების გაკონტროლება.

- ოშოსთან დაკავშირებით, უწმინდესმა თქვა, რომ გასხივოსნების შემდეგ თუ სულს თავისი არჩევანით, სხვაგან დაიბადება უნდა და არა მათ შორის, ხელს ვერავინ შეუშლის.  ოშოზე ლამამ თქვა, რომ ის მათთან იყო წინა ცხოვრებაში. მითხრა: ”თუ გსურთ ნახოთ ოშოს ერთ -ერთი წინა განსახიერება - ვინ იყო ის - შეგიძლიათ წახვიდეთ ტიბეტში და ნახოთ მისი ოქროს ქანდაკება, რომელიც ინკარნაციების დარბაზშია დაცული.” ამბობენ, რომ ოშოს ბოლო დაბადება მოხდა დაახლოებით შვიდასი წლის წინ. უწმინდესი გულისხმობდა ამაზე უფრო წინა დაბადებას. მისი თქმით, ოშო ერთ -ერთი უდიდესი ინკარნაცია იყო ორი დაბადების წინ. წორედ ამიტომ არის მისი ქანდაკება დაცული.

ტიბეტელები იმ ადამიანების სხეულებს განსაკუთრებით იცავენ, რომლებმაც გასხივოსნებას მიაღწეის, დაახლოებით ისე როგორც ეს ეგვიპტეში ხდებოდა მუმიფიკაციის სახით.  გარდაცვლილ სხეულს უტარდება სპეციალური პროცედურა, რომლითაც ხდება მისი გამოშრობა. გამოშრობის შემდეგ ის არ კარგავს ადამიანის ბუნებრივ იერსახეს.  ამის შემდეგ სხეული  ოქრომჭედელთან მიაქვთ ოქროთი დასაფარად. ამ პროცედურისთვის სხეულს სვამენ ბუდას პოზაში (პადმასანი - ლოტოსის პოზაში), შემდეგ კი  ოქროთი ავარაყენებ. არსებობენ სპეციალიზირებული ოქრომჭედლები, რომლებიც ამას აკეთებენ ისე, რომ ადამიანის კონტურის არცერთი ხაზი არ შეიცვალოს. 

ტიბეტელებმა შეძლეს მრავალი ძვირფასი რელიკვიისა და ქანდაკების გადარჩენა, რადგან ასტროლოგიის მეცნიერებას ფლობენ. მისი საშუალებით შეუძლიათ მომავლის პროგნოზირება, ასე რომ წინასწარ იციან რა მოხდება. სწორედ ასე იცოდნენ ჩინელი კომუნისტების შემოსევის შესახებ მათ მოსვლამდე დიდი ხნით ადრე და  ყველაფრის დუბლირება შეძლეს. ნამდვილი ოქროს ქანდაკებები სადღაც ტიბეტშია დამალული. მხოლოდ ზოგიერთმა ადამიანმა იცის მათ შესახებ - მხოლოდ იმ ადამიანებმა, რომლებიც მედიტაციაში ღრმად შედიან. ოშომ იცის ამის შესახებ. მათ, ვინც მედიტაციაშია შეუძლიათ იცოდნენ სად ინახება ეს საგანძური.
მხოლოდ დუბლიკატები  გამოიფინა თვალსაჩინო ადგილას,  საჩვენებლად, რათა ჩინელებს მათი განადგურება შეძლებოდათ. ტიბეტელებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ ამ ადამიანებს რაღაცის განადგურება სურდათ. 

მისი უწმინდესობის თქმით ტიბეტში მსგავსი უდიდესი ღვთიური ინკარნაციების ოთხმოცდაცხრამეტი ოქროს ქანდაკებაა. ერთ-ერთი მათგანია ოშოს ქანდაკება ორი სიცოცხლის წინ. ჩინელებმა მისი გადადგურება ვერ შეძლეს, რადგან ეს ქანდაკებები  ტიბეტის შორეულ ნაწილში არის დამალული. ნამდვილი ქანდაკებები დამალულია, რადგან ისინი ძლიერ ოკულტურ თვისებებს ატარებენ. თუ ვინმე უბრალოდ შეეხება მათ, შეიძლება  ძლიერი სულიერი გამოცდილება დაემართოს. ასე რომ, იმ ოთახში, სადაც ეს ქანდაკებები ინახება, ბერებიც კი არ დაიშვებიან. მხოლოდ კონკრეტული ადამიანები, რადგან ამ ქანდაკებებთან შეხებასაც კი შეიძლება ძლიერი რეაქცია მოჰყვეს. მსურდა იმის მოსმენა, რასაც მისი უწმინდესობა ყვებოდა, მხოლოდ ეს იყო ჩემი სურვილი, ასე რომ, კვლავ ვუსმენდი. აღმოვაჩინე, რომ ის იმდენად ბედნიერი იყო ამ ყველაფრის გამო და ისეთი აღელვებული, თითქოს რაღაც დაკარგული კვლავ იპოვეს.

ამ მღელვარებამ, რომელიც მის ჟესტებში დავიჭირე, დამარწმუნა, რომ ის წარსულში მჭიდროდ იყო დაკავშირებული ოშოსთან. კონკრეტულად არ უთქვამს რა იყო მისი სულიერი ურთიერთობა ოშოსთან და არ მინდოდა კითხვით შემეწუხებინა, თუმცა კი მაინტერესებდა. ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო და უნიკალური გამოცდილება, რომელსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ გადამხდებოდა. მან განაგრძო ოშოსა და მის მოღვაწეობაზე საუბარი, თქვა: "ჩემი დალოცვა ყოველთვის აქაა და ვიცი, რომ რის გაკეთებსაც სხვების დასახმარებლად ვერ შევძლებთ, ოშო გააკეთებს".

ლამების მთავარი მიზანი ინდოეთში ჩამოსვლისას მათი ოკულტური მეცნიერებების შენარჩუნება იყო. ოშომ ეს დაადასტურა 1969 წელს ქაშმირის ლექციებში. დალაი ლამა  მხოლოდ თავის გადასარჩენად არ გამოქცეულა, არამედ ტიბეტური რელიგიის, მედიტაციის საიდუმლოებების, ოკულტური მეცნიერებების გადასარჩენად. მხოლოდ ამ მიზნით ჩამოვიდა ინდოეთში და თან ყველაფერი წამოიღო ტიბეტიდან. უწმინდესმა თქვა: ”ჩვენ ეს ნივთები წარსულში  ინდოეთიდან მივიღეთ და ახლა გვინდა უკან დავაბრუნოთ. ახლა გავიგეთ, რომ აქ არის ინკარნაცია (ოშო), რომელიც ჩვენს საქმეს აკეთებს ინდოეთსა და მსოფლიოში. ბედნიერები ვართ ამის გამო. ” ასე ფიქრობენ ისინი ოშოზე.

უწმინდესმა თქვა, რომ ოშო ერთადერთი ადამიანია, ვინც  ამ საქმის შესრულებას შეძლებს.

შემდეგ მან მკითხა, როგორ ვიღებთ ინიციაციას, არის თუ არა რაიმე განსაკუთრებული გამოცდა, რაც უნდა გავიაროთ. ვუთხარი: ”რთული არაფერია.  უბრალოდ ვიღებთ მას ისეთები, როგორებიც ვართ.  შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი და ისე ვიცხოვროთ, როგორც ჩვენთვის მოსახერხებელია. არ გვიწევთ ცხოვრების დატოვება.  შეგვიძლია ვჭამოთ რაც მოგვწონს;  შეგვიძლია გავაკეთოთ რაც მოგვწონს ერთადერთი, რასაც ოშო მოითხოვს თავისი ნეოსანიასინებისგან არის ის, რომ რეგულარულად აკეთონ მედიტაციები და დაესწრონ მედიაციის ბანაკებს და მსგავს რაღაცეებს “. ვუთხარი, რომ ოშო გრძნობს, რომ უფრო მეტ ადამიანს შეიძლება ამ გზით დაეხმაროს და რომ ყველა სულიერი მიზანი მიიღწევა ბუნებრივად თავის დროზე მედიტაციის პრაქტიკაში. შემდეგ უწმინდესმა თქვა: ”თქვენ ძალიან იღბლიანი ხართ. ჩვენ აქ ტიბეტში ძალიან მკაცრები ვართ ყველაფრის მიმართ, ვინც ჩვენს მიერ არის ინიცირებული. ” შემდეგ მას შევთავაზე, რომ  გვსურს გავმართოთ მედიტაციის ბანაკი ჰიმალაის ამ მხარეში. მან მაშინვე თქვა: ”შეგიძლია მოხვიდე, ყოველთვის თბილად მიგიღებთ ჩემს მონასტერში. ყველაფრით დაგეხმარებით, რითიც შეგვიძლია.''

შემდეგ იმ ინგლისელმა ქალბატონმა, რომელიც ჩვენთვის თარგმნიდა, თქვა, რომ ბომბეიში ჩამოვა ოშოსთან ოქტომბრის, ან ნომბრის დასაწყისში.ვუთხარი, რომ თუ ოქტომბერში ჩამოვიდოდა, მედიტაციის ბანაკს შეიძლებოდა დასწრებას და თავად დარწმუნდებოდა, თუ როგორ ასწავლის ოშო მედიტაციას და როგორ ვაკეთებთ ჩვენს ყველა პრაქტიკას. მან თქვა: ”ესეც რომ არ იყოს, ყველა შემთხვევაში აუცილებლად ჩამოვალ ბომბეიში ოშოსთან შესახვედრად”. რამდენიმე უცხოელი იყო იქ, რომლებზეც ამ დისკუსიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მაშინვე, გამომართვეს მისამართი, რომ ოქტომბერში მედიტაციის ბანაკში ჩამოსულიყვნენ. 

მის უწმინდესობას ვკითხე, ვინ იყო ოშოს ინკარნაცია, მაგრამ მან მითხრა: ”ეს საიდუმლოა. თუ ვინმე ჩვენი ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარია, არ ვამხელთ ვისი ინკარნაციაა. მაგრამ მან ერთი რამ ძალიან მკაფიოდ მითხრა, რომ "როგორც კი მისი (ოშოს) საქმე დასრულდება, ის გაქრება - გაქრება მთლიანად და ჩვენ ვეღარ ვიპოვით მას". მან თქვა, რომ "მხოლოდ ტიბეტური ხელოვნების წყალობით შეიძლება გაქრეს". იგივე მოხდა ლაო ძის შემთხვევაშიც.

ოშომაც გვითხრა, რომ არავინ იცის სად წავიდა ლაო ძი. ის უბრალოდ გაქრა, როდესაც მისი სიკვდილის დრო მოვიდა. უწმინდესს არ უთქვამს, როდის მოხდებოდა ეს ოშოსთან.

უწმინდესს ვკითხე, როგორ იყო შესაძლებელი ასე გაქრობა. მიპასუხა: ”ჩვენ ვფლობთ ვიბრაციების მეცნიერებას, ოშომ უკვე დაასრულა ის. საჭიროა მისი ვიბრაცია უბრალოდ დაამშვიდოს და შემდეგ  გაქრობას შეძლებს, ” ადამიანს სხვა ადამიანის ხედვა მხოლოდ იმიტომ შეუძლია, რომ  მათი ვიბრაცია თვალშისაცემია. თვალები  იჭერენ ვიბრაციებს, რომლებიც გარდაიქმნებიან გამოსახულებად და სწორედ ეს იმალება ამ ხელოვნების საიდუმლოს მიღმა. ოშოსაც უთქვამს, რომ გვსურს ადამიანებმა გაიგონ ჩვენი ყოფნის შესახებ, სწორედ ამიტომ ჩვენი  ვიბრაციები  გამოსახულებას ქმნიან. ლამა კარმაპამ თქვა, რომ ოშომ უკვე დაამშვიდა თავისი ვიბრაცია და  მხოლოდ თავისი  სამუშაოს დასრულებას ელოდება. როგორც კი ეს გაკეთდება, ის გაქრება. ის უკვე უფრო წყნარ ვიბრაციაზეა და ხელოვნური საშუალებებით ცდილობს სხეულში დარჩენას, მხოლოდ იმიტომ, რომ სამუშაოს დასრულება უნდა.

შემდეგ დასძინა, რომ ”სამყარო მას იცნობს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მიხვდება, რა ფენომენია სინამდვილეში. ის იქნება ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია სწორად გაგვიძღვეს, ვინც შეიძლება იყოს მსოფლიო მასწავლებელი ამ ეპოქაში და ის მხოლოდ ამ მიზნით დაიბადა “. მან აღნიშნა, რომ სანამ ადამიანი არ მიაღწევს გასხივოსნებას, ბოლომდე ვერ შეიცნობს ვინ არის ოშო. ახლაც ხალხი არასწორად აფასებს მას, ისევე როგორც ჩვენ და ჩვენს მედიტაციას აფასებენ არასწორად რადგან თავს უფლებას ვაძლევთ ვიცხოვროთ თანამედროვე კომფორტით და ფუფუნებით, თუ ეს მოგვწონს. ასე რომ, ხალხი არასწორად განსჯის. უწმინდესმა თქვა, რომ ”ოშოს მხოლოდ ის ხალხი აინტერესებს ვისაც მისი გაცნობა შეუძლია და არ სურს დროის დაკარგვა.  არ სურს, მასთან არასწორი ხალხი მოვიდეს. როგორც კი ვინმე მივა მასთან (ოშოსთან), იგი მისი აურის ფერით შეიცნობთ მათ, რადგან განსხვავებული ფერები მიუთითებს სულიერების მდგომარეობის განსხვავებულ ხარისხზე და ის მაშინვე იგებს პიროვნების შესახებ. და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე განსაკუთრებულს იგრძნობს, მასთან მიახლოების უფლებას მისცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას არ დაუშვებს.

ამ ყველაფრის მოსმენისას, ძალიან იოლად შეიძლება ვიფიქროთ, რომ რასაც ოშო ასწავლის, სხვა არაფერია თუ არა მთლიანად ტიბეტური მეთოდოლოგია და რომ ის ცდილობს ეს ყველაფერი შეუწყოს ჩვენს ატმოსფეროსა და გარემოებებს. შეიძლება სწორედ ამ მიზეზით ახსენებს ოშო  ბუდას თითქმის ყველა ლექციაში. ახლა ვხედავ ამას. თუნდაც მის ლექციებში "გიტაზე", ლაო -ძიზე, მის ნებისმიერ ლექციაშო, ოშო ყოველთვის ახსენებს ბუდას; ის ძალიან კარგად იცნობს ბუდას. ასე მეჩვენება, თითქოს ეს ადასტურებს ყველაფერს, რაც უწმინდესმა თქვა. (თუმცა, ინფორმაციის სხვა წყაროებმა დაადასტურეს, რომ ოშო წინა ცხოვრების განმავლობაში გაწვრთნილი იყო ყველა რელიგიის ყველა ეზოთერულ სისტემაში და ამიტომ იცნობს მას.
 
(ყველა გზა. ეს მას კიდევ უფრო კვალიფიციურს ხდის საყოველთაოდ დასახმარებლად და არ ეწინააღმდეგება მის უწმინდესობის ნათქვამს).

უწმინდესმა სექსზეც მკითხა, რადგან  მეუღლე და შვილებიც მახლდნენ. მკითხვა გვქონდა თუ არა  სქესობრივი ცხოვრების უფლება. ვუთხარი, რომ: ”არ უნდა უარვყოთ არაფერი არაბუნებრივად ან ძალადობრივი მეთოდებით, არამედ ბუნებრივად უნდა გადადვგათ თითოეული ნაბიჯი”. შემდეგ   ვკითხე. "რაც შეეხება თქვენს დისციპლინებს"? მიპასუხა: ”არსებობს სპეციალური მონასტრები, სადაც წყვილებს  ერთად ცხოვრება შეუძლიათ და ჩვენ ვგრძნობთ, რომ თუ ისინი ღრმა სიყვარულში არიან, მაშინ სექსუალური აქტი აუცილებლად დაეხმარება მათ ერთმანეთის დახმარებში. ამისთვის არსებობს ცალკე მეცნიერებაც, მაგრამ მხოლოდ ღრმა სიყვარულში მყოფი ადამიანებისთვის - მხოლოდ მაშინ, სხვაგვარად არა; წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საზიანო იქნება მათთვის და მათი სულიერი ზრდისთვის. ”


რას იტყვით, ოდესმე ლამებს მიეცემათ ტიბეტში დაბრუნების შანსი?

ისინი ფიქრობენ, რომ  უკან დაბრუნებას შეძლებენ. ეს ნაწინასწარმეტყველებია.  ამ დროისთვის ყველაფერი გაწერილი აქვთ. სწორედ ასე შეძლეს შეენარჩუნებინათ თავიანთი ოკულტური მეცნიერება. ასტრალურ მოგზაურობებში ისინი ყოველდღე სტუმრობენ ტიბეტს. ფიქრობენ, რომ 2000 წლის შემდეგ იქ ფიზიკურად დაბრუნებაც შეეძლებათ. უწმინდესმა მითხრა. ციკლი შეიცვლება. ეს არის მათი პროგნოზები, მაგრამ არ ვიცი ახდება თუ არა.

ეს ყველაფერი ოშოსთან განიხილეთ, რა თქვა მან?

მე ეს ყველაფერი ოშოს მოვუყევი და ვკითხე ტიბეტელებზე, რამდენად შეძლებდნენ ისინი აქ, ინდოეთში, ჩვენს დახმარებას. მიპასუხა: ”არა, ისინი ვერ დაგეხმარებიან, რადგან მათი სიმკაცრე  თანამედროვე ეპოქისთვის მეტისმეტია, მათი სულიერი წინსვლის მეთოდები ძალიან ხანგრძლივია და ამდენი დრო აღარაა. ამ საუკუნეში სწრაფი დახმარებაა საჭირო, ამიტომ ისინი ბევრ ადამიანს ვერ დაეხმარებიან.''

როგორც ვხედავ, ოშო ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია სულიერი დახმარება გაუწიოს დღევანდელი მსოფლიო მაძიებელთა ძალიან დიდ რაოდენობას. ეს იყო მისი უწმინდესობის სიტყვებიც, რომ ისინი თავად ვერ შეძლებენ მსოფლიოს დიდად დახმარებოდნენ. მისი სიტყვებით დღეს დღეობით ოშო ერთადერთი ადამიანია ვისაც  ეს შეუძლია და მას ადრე თუ გვიან მომავალი თაობები მსოფლიო მასწავლებლად აღიარებენ. 

ოშომ მითხრა, ”ძალიან კარგია, რომ იქ წახვედი”. მაგრამ მე არ ვიცოდი თვითონ წავედი თუ არა, ვფიქრობ მან რაღაც მისტიური გზით თავად გამგზავნა, მაგრამ ამას ვერ ვაცნობიერებდი. 

ოშოს პირდაპირ არ უთქვამს, რომ წინა ცხოვრებაში მის უწმინდესობას იცნობდა, მაგრამ სახეზე და ჟესტიკულაციაზე შევატყვე რომ ასე იყო. მან მხოლოდ ეს მითხრა: ”ძალიან კარგია, რომ წახვედი”.

უნდა ითქვას, რომ ძალიან აღელვებული ვიყავი ამ ყველაფრის მოსმენით. თავიდან არ ველოდი უწმინდესთან შეხვედრას, მაგრამ არაჩვეულებრივი იყო რომ ეს შევძელი და მას ვესაუბრე. ეს ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. ძალიან ბედნიერი ვარ ამით.

,,მდუმარე აფეთქებიდან’’, გვერდები 202-217 საავტორო უფლება © OSHO International Foundation

 

მსგავსი სტატიები

შავასანა - მოდუნების ტექნიკები იოგაში


მთარგმნელი: მარი სოლოღაშვილი წყარო ჩვენს საუკუნეში ადამიანები გან...

არომატების სამყარო. როგორ ზემოქმედებს სურნელი გარემომცველ რეალობაზე


მთარგმნელი: მაია სტეფნაძე წყარო ბუდისტურ სუტრებში აღწერილია, რო...

ძენ-კოანები


ავტორი: ანა თოფურიძე “ორი ხელი ტაშს უკრავს და ისმის ხმა, როგორია ე...

სუნთქვა - ხიდი სამყაროსკენ


ოშოს წიგნიდან - "ვიგიან-ბჰაირავა-ტანტრა" მთარგმნელი: მამუკ...

რა არის იოგა?


პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი" მთარგმნელი: მ...

ცოტა რამ სექსის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული ენერგეტიკული თვალსაზრისით სექსის დროს (თუნ...

ოშო - ძენის ათი ხარი


ოშოს წიგნიდან - "ძენის ათი ხარი" (მზადდება გამოსაცემად) მთ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff