არსებობა..

Admin
აზრები
0
0

ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, ჩემი მრავალდღიანი თუ მრავალწლიანი დაკვირვებები და თ...

0 27

ავტორი: იოანე შენგელია

ძვირფასო მკითხველო, ჩემი მრავალდღიანი თუ მრავალწლიანი დაკვირვებები და თეორიული მსჯელობები შევაჯამე და მოცემული სტატიის სახით გთავაზობთ..

არსებობის ჰიპოთეზა

დღესდღეობით, ფიზიკოსები აცხადებენ, რომ ყველაფერი ჩვენს გარშემო (ყველა მოვლენა თუ ობიექტი) წარმოადგენს ენერგიის გარკვეულ სახეს, გარკვეულ სტრუქტურას. ესეიგი, ფიზიკური სამყარო შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც სუფთა სახის ენერგიის მიერ გარკვეული სახეების მიღება და სტრუქტურების მატერიალური რეალიზაცია.

მაგრამ ისმის შეკითხვა: რატომ მიიღო ენერგიამ მაინცა და მაინც გარკვეული სახე, ანუ რატომ არეალიზა ფიზიკურად გარკვეული სტრუქტურები? მეტიც: ჯერ ენერგია იყო თუ მისი სტრუქტურის სახეები და იდეები?

იოანეს სახარება ასე იწყება: „პირველითგან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და ღმერთი იყო სიტყვა. ესე იყო პირველად ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და არაფერია ისეთი, რაც მის გარეშე შეიქმნა.“

არ ვაპირებ სახარების ღვთისმეტყველებით განმარტებას. ამასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი ხარისხიანი ლიტერატურა. მე უბრალოდ მსურს ყურადღება გავამახვილოთ ერთ მნიშვნელოვან მომენტზე: რა არის სიტყვა?

სიტყვა - ეს არის სიმბოლო, რომელიც გამოხატავს რაიმე საგნის და/ან მოვლენის არსს. სიტყვები არის საგნებისა და მოვლენების ასახვა სიმბოლოთა სამყაროში. რას უნდა ნიშნავდეს, რომ პირველად იყო სიტყვა? ეს იმას ნიშნავს, რომ პირველად იყო არსი, იდეა. ესეიგი, სანამ საგანი გაჩნდებოდა ფიზიკურ სამყაროში, მანამ გაჩნდა მისი იდეა, მისი არსი. ეს ყველაფერი ხდება იდეათა სამყაროში.

„სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა, და ესე იყო პირველად ღმერთთან.“ განვმარტოთ ეს წინადადება. არსი იყო შემოქმედთან და თავად შემოქმედი იყო არსი, და ეს ხდებოდა პირველად, ესეიგი, სამყაროს დასაბამზე. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ თავად არსი არის შემოქმედი და ეს ვლინდება პირველად, ესეიგი, სამყაროს დასაბამზე.

რას ნიშნავს, რომ არსი არის შემოქმედი? იმას, რომ ყველაფერი ფიზიკური, რაც არსებობს ჩვენს გარშემო, გამოხატავს რაიმე არსს, ანუ წარმოადგენს არსის მატერიალურ რეალიზაციას. არსი შემოქმედებს, ესეიგი, იდეა მატერიალურად რეალიზდება.

ახლა უკვე შეგვიძლია ვუპასუხოთ სტატიის დასაწყისში დასმულ ერთ-ერთ შეკითხვას: ჯერ გაჩნდა არსი, იდეა, და მხოლოდ შემდეგ ენერგიამ მიიღო ამ არსის სახე და ეს არსი ფიზიკურად გამოავლინა.

უფრო ფიზიკურ ტერმინებში თუ ვიტყვით: სამყაროში არსებული სუფთა სახის ენერგია იღებს რაიმე იდეის (არსის) სახეს და მას ფიზიკურად არეალიზებს. მეტიც: „ყველაფერი არსისგან შეიქმნა და არაფერია ისეთი, რაც მის გარეშე შეიქმნა“. ესეიგი, სამყაროში ყველა ობიექტსა თუ მოვლენას აქვს თავისი არსი, რომელიც ფიზიკურად გამოიხატება სწორედ რომ ამ ობიექტის/მოვლენის არსებობით.

აი საინტერესო ტერმინიც: არსებობა, ანუ არსის მატერიალური რეალიზაცია.. არსებობა - ეს არის არსის შემოქმედება, ესეიგი, საკუთარი თავის მატერიალური რეალიზაცია.

Untitled Copy

„არსებობა“, ანუ არსის რეალიზება, არსის შემოყვანა ფიზიკურ სამყაროში. არსებობს არსთა სამყარო და არსებობს მატერიალური სამყარო:

არსთა (იდეათა) სამყარო: ფიზიკა: სტატიკურია. არსები მარადიულად „იმზირებიან“ მთელი თავისი სისრულით. ხარისხი: სრულყოფილია, რადგან სტატიკური და მარადიულია.

მატერიალური (ენერგეტიკული) სამყარო: ფიზიკა: დინამიკურია. არსი თანდათან, დინამიკურად რეალიზდება სივრცე-დროში და ვლინდება. ხარისხი: სრული არ არის, რადგან დინამიკურია (სტატიკურისგან განსხვავებით) და მიზეზ-შედეგობრივია (მარადიულობისგან განსხვავებით), მაგრამ გასრულების პროცესშია მუდმივად.

განმარტება: არსებობა არის პროცესი, რომლის დროსაც სუფთა სახის ენერგია იღებს არსის ფორმას, და ამით არსს მატერიალურად არეალიზებს, ანუ არსი არსებობაში შემოჰყავს, „ენერგეტიკულად ხორცს ასხამს“.

არსთა სამყარო თავის თავში სრულია, ანუ იქ არსი იმზირება „მარადიულად“, ანუ მთელი თავისი შედეგებით. ნებისმიერი სისტემის უკან დგას მისი არსი. არსთა სამყაროში ობიექტებს წარმოადგენენ არსები, რომლებიც უკვე თავის თავში გულისხმობენ იმ სისტემას, რომლის არსსაც წარმოადგენენ. არსი უკვე თავის თავში გულისხმობს მთელს თავის კანონზომიერულ შედეგებს და სისტემას, რომელიც მასზე დაყრდნობით ყალიბდება. ამიტომ, არსი თავის თავში სრულია, რადგან იმთავითვე (მარადიულად) შეიცავს თავისი თავის გასრულებას, ანუ იმ სისტემას და კანონებს, რაც მისგან გამომდინარეობენ.

მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ არსებობის პროცესზე, ანუ არსის მატერიალიზაციაზე, ამ შემთხვევაში არსი მყისიერად არ რეალიზდება მთელი თავისი სისრულით. მატერიალურ დონეზე არსი უნდა შესრულდეს, გასრულდეს. ის თავის თავში უკვე სრულია, მაგრამ მატერიალურ დონეზე გასრულება - შესრულების პროცესი სივრცე-დროში ვრცელდება და იჭიმება, რადგან მატერიალურ სამყაროში არსებობს თავისებური „ინერტულობა“, რადგან საუბარია რეალურ, მატერიალურ ენერგიაზე.

არსის გასრულების პროცესი მიმდინარეობს მიზეზ-შედეგობრივად სივრცე-დროში. ანუ თანდათან რეალიზდება იმ სისტემის სხვადასხვა კანონზომიერებები, რომლის არსსაც წარმოადგენს მოცემული არსი. კიდევ ერთხელ: იდეაში, ანუ იდეათა სამყაროში სისტემის არსი მთელი თავისი სისრულით იმზირება, მაგრამ მატერიალურ დოენზე რეალიზაცია სივრცე-დროში მიმდინარეობს. ამიტომ, არსთა სამყარო სტატიკური და მარადიულია (სრულია), ხოლო მატერიალური სამყარო დინამიკური და მიზეზ-შედეგობრივი (მუდმივად არსთა გასრულების პროცესშია).

თუ ასეთნაირად შევხედავთ რეალობას, მაშინ ფიზიკის კანონები, კარმის კანონები, და ა.შ. მოკლედ, ყველა ის კანონი, რომლითაც ჩვენი რეალობა ფუნქციონირებს, წარმოადგენს გარკვეული იდეების ხორცშესხმას, არსებობაში შემოყვანას. ანუ, იდეათა უსასრულო სამყაროში არსებული კანონებიდან ზოგიერთი შემოვიდა არსებობაში და მატერიალურმა სამყარომ დაიწყო ამ იდეების (კანონების) რეალიზება. მაგრამ, როგორც ვთქვით, იდეათა სამყარო სრულია, ხოლო მატერიალური სამყარო სივრცე-დროში სრულდება. ამიტომ, მაგალითად რომ ავიღოთ გრავიტაცია, გრავიტაცია, როგორც იდეა თავის თავში გულისხმობს მის ყველა შედეგს. მაგრამ, მატერიალურ დონეზე გრავიტაციის შედეგებს ვაკვირდებით არა „ერთდროულად“, ანუ „მარადიულობის გადმოსახედიდან“, არამედ ეტაპობრივად. გრავიტაციის შედეგებია სხვადასხვა კოსმოსური მოვლენები, რომლებიც მილიონობით და მილიარდობით წლებია მიმდინარეობს მატერიალურ სამყაროში. ამას ჰქვია გრავიტაციის, როგორც არსის გასრულება მატერიალურ დონეზე. ასეა ნებისმიერი კანონი, რომელიც სივრცე - დროში ეტაპობრივად სრულდება.

თავად ეს ტერმინიც - შესრულება, გასრულება - ერთის მხრივ გულისხმობს რაიმე პროცესის შესრულებას, მეორეს მხრივ ასოცირდება დასრულებასთან, შევსებასთან. რეალურად, ასეც არის: არსი სრულდება, ანუ ის მთელს თავის შედეგებს წარმოაჩენს მატერიალურ დოენზე. ანუ, მატერიალურ დონეზე სისტემა ვლინდება არა ერთბაშად, არამედ სივრცე-დროში.

ახლა კი საკვანძო შეკითხვა: თუ ჩვენს ფიზიკურ სამყაროში ფუნქციონირებადი კანონები წარმოადგენენ რაიმე იდეების „ხორცშესხმას“, რატომ არ შეიძლება სხვა კანონებს „შეესხათ ხორცი“? ანუ, რატომ არ შეიძლება, რომ სამყაროში არსებულმა სუფთა სახის ენერგიამ მიიღოს სხვა იდეების ფორმა და მატერიალურად არეალიზოს სხვა არსები, თუ ჩვენი სამყარო წარმოადგენს ამის ერთ-ერთ მაგალითს?

პასუხი ასეთია: ობიექტური ექსპერიმენტების გარეშე ამაზე ზუსტი პასუხი არ გვეცოდინება. ექსპერიმენტის ჩატარება ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარ ცხოვრებაში. სუფთა სახის ენერგიის სასურველი იდეებისკენ (მი)მართვას სწავლა უნდა. ეს ცალკე თემაა. მაგრამ, იდეის დონეზე ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ, რომ არსებობს არსთა უსასრულო სივრცე, ხოლო ჩვენი მატერიალური სამყარო წარმოადგენს ამ არსთა მხოლოდ ქვესივრცის რეალიზაციას. და რატომ არ შეიძლება, რომ სხვა არსები რეალიზდნენ? დიახ, არსებობის ჰიპოთეზა ამბობს, რომ ეს შესაძლებელია (ექსპერიმენტული დამტკიცება კი საკუთარ ცხოვრებაში თქვენთვის მომინდვია ძვირფასო მკითხველო).

ხოლო ვინაიდან არსთა სამყაროში არაფერია გამორიცხული (თუნდაც ჩვენი ფანტაზიების გამო), მაშასადამე, არსებობის ჰიპოთეზის თანახმად, მატერიალურ დონეზეც არაფერი იქნება გამორიცხული, თუ სწორად (მი)ვმართავთ ენერგიას.

რას გვეუბნება ამის შესახებ მაგალითად მეცნიერება? სტატიები პარალელური სამყაროების მეცნიერულ ჰიპოთეზებზე იხილეთ ამ და ამ ლინკებზე. ეს მხოლოდ ჰიპოთეზებია, და არა ექსპერიმენტული ფაქტები. თუმცა, საფუძვლიანი ჰიპოთეზებია. პარალელური სამყაროების იდეა ის არის, რომ შეიძლება არსებობდნენ სხვა სამყაროები, რომლებშიც სხვა კანონები ფუნქციონირებენ. ეს სწორედ რომ არსებობის ჰიპოთეოზასთან თანხმობაშია - სხვა სამყაროებში სხვა კანონები ფუნქციონირებენ, ანუ სხვა იდეები რეალიზდებიან მატერიალურად. არც არის აუცილებელი, რომ სხვა სამყაროები „სხვაგან“ არსებობდნენ. უბრალოდ, იდეა ის არის, რომ გამორიცხული არაფერია და ნებისმიერი არსის მატერიალური რეალიზებაა შესაძლებელი.

რას გვეუბნება ამის შესახებ თანამედროვე ეზოთერიკა? რომელიც ისევ და ისევ მეცნიერულ ჰიპოთეზებს ეყრდნობა პარალელურ სამყაროებზე და კვანტურ მექანიკაზე.. მაგალითად ტრანსერფინგი, და სხვა თანამედროვე ეზოთერული მიმდინარეობები მიიჩნევენ, რომ არსებობს ვარიანტთა სივრცე, და რომ შესაძლებელია მასში მოგზაურობა.

მოვლენიდან მოვლენამდე..

ზემოთ ვახსენე „კანონები“. საქმე ის არის, რომ მოცემულ სამყაროში, მოცემული კანონებით, დასაშვები არის არა ყოველი მოქმედება, არამედ ზოგიერთი, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოცემული სამყაროს საკანონმდებლო სისტემას და მასთან თანხმობაშია.

განვიხილოთ მარტივი მაგალითი. დაუშვათ თქვენ ზიხართ სახლში, ხელში გიკავიათ ბურთი, და თქვენი მიზანია, რომ ბურთი მოხვდეს გარეთ, ეზოში, წინასწარ მონიშნულ ადგილას. როგორ აღწევთ ამ მიზანს?

1-ლი: შეგიძლიათ ისროლოთ ფანჯრიდან იმ კუთხით და იმ იმპულსით, რომლის გამოთვლაც შესაძლებელია მათემატიკურად.

მე-2: შეგიძლიათ მეზობელს დაურეკოთ და თხოვოთ, რომ ბურთი ჩაიტანოს და დასვას იმ ადგილზე, სადაც გსურთ რომ იყოს.

მე-3: თქვენთვითონვე შეგიძლიათ ბურთი ჩაიტანოთ.

და ა.შ. არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც შეგიძლიათ მიაღწიოთ მიზანს. მაგრამ, არსებობს განუხორციელებელი გზებიც. მაგალითად, თქვენ ვერ მოთხოვთ ბუნებას, რომ ბურთი თავისით გაფრინდეს მაღლა ჯერ, მერე დატრიალდეს რაიმე შენობის გარშემო, და მერე ჩამოვიდეს და დანიშნულების ადგილას დაეცეს.

img135 701x828

ეს უკანასკნელიც მიზნის მიღწევის გზა არის იდეაში, თუმცა ფიზიკურად განუხორციელებელი. რატომ? იმიტომ, რომ მოცემული ფიზიკური კანონების (და სხვა კანონების) ფარგლებში ბურთის ასეთი მოგზაურობა შეუძლებელია.

ამრიგად, იდეაში არსებობს ყველა შესაძლო მოვლენა და ყველა შესაძლო გზა ერთი მოვლენიდან მეორემდე (ამ გზას ტრაექტორია ვუწოდოთ). მაგრამ, ფიზიკურად ხორციელდება მხოლოდ ზოგიერთი მოვლენა და მხოლოდ ზოგიერთი ტრაექტორია მოვლენებს შორის. ეს იმიტომ, რომ მოცემული სამყაროს კანონები კრძალავენ ზოგიერთ მოვლენას და ზოგიერთ ტრაექტორიას.

გამოდის, რომ იდეაში არსებობს ყველა შესაძლო მოვლენა, და ყველა შესაძლო ტრაექტორია მოვლენებს შორის. მაგრამ, ფიზიკურად ხორციელდება მხოლოდ რამოდენიმე მოვლენა და რამოდენიმე ტრაექტორია, რომლებიც ჯდებიან მოცემული კანონების ფარგლებში.

კანონები წარმოადგენენ ერთგვარ პირობებს, რომლებიც ედება ამ მოვლენათა უსასრულო სივრცეს, და რეალიზდებიან მხოლოდ ის მოვლენები, რომლებიც ამ პირობებს აკმაყოფილებენ. მაგალითად, პირობაა ის, რომ ბურთი ვერ იფრენს (გრავიტაციის კანონი კრძალავს ამას). აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის მოვლენები რეალიზდებიან ფიზიკურად, რომლებიც აკმაყოფილებენ გრავიტაციის პირობას.

თავად ტრაექტორიაც მოვლენათა უწყვეტი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვია, სადაც მიზეზ-შედეგობრიობას აჩვენებს სწორედ რომ კანონი. მაგალითად, თქვენ ისროლეთ ბურთი. სროლის მომენტი არის მოვლენა. შემდეგ, ბურთის ჰაერში ყოფნის ყოველი მომენტი ასევე არის მოვლენა. დავაფიქსიროთ ერთ-ერთი ასეთი მოვლენა, ანუ ბურთი ჰაერში რომელიმე წერტილში. თითქოს ეს მოვლენა იკვეთება მრავალ სხვა ტრაექტორიასთან, რადგან ბურთი ამ წერტილში მრავალი გზით შეიძლება მოხვედრილიყო (ერთ-ერთი ასეთი გზა თქვენს მიერ მისი სროლაა). მაგრამ, არის ერთი მაგრამ. ფიზიკურ სიტუაციას არ განსაზღვრავს მხოლოდ ბურთის ამ წერტილში ყოფნა, არამედ მისი სიჩქარეც (რომელიც სხვადასხვა იქნება სხვადასხვა გზით ამ წერტილში მოსვლის შემთხვევაში), და სხვა სიდიდეები.

მაგალითად, ქვემოთ ვარდნილ ბურთს ყოველ წერტილში აქვს სიჩქარე ქვემოთ მიმართული. მაშასადამე, ჰაერში მოცემულ წერტილში, ბურთს აქვს სიჩქარე ქვემოთ მიმართული. ბურთი აქ მოხვდა იმიტომ, რომ თქვენ ჩამოაგდეთ. მაგრამ, ამ წერტილში ბურთი შეიძლება იმიტომ მოხვდა, რომ გვერდიდან ვიღაცამ ისროლა. ერთი შეხედვით, ეს ორი სურათი ერთი და იგივეა. მაგრამ, პირველ შემთხვევაში ბურთის სიჩქარე ქვემოთ არის მიმართული, მეორე შემთხვევაში კი გვერდზე (მართალია ჩვენ განვიხილავთ სურათს, ანუ გაჩერებულ ბურთს, მაგრამ ბურთს აქვს მახასიათებელი პარამეტრი - სიჩქარე, რომელიც სხვადასხვაა ამ ორ სხვადასხვა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე სურათს ვხედავთ. ამრიგად, პირველი და მეორე სურათი არსებითად სხვადასხვა მოვლენებია, რადგან მათი შინაგანი პარამეტრები განსხვავდება.

საკითხავი ეს არის, გვერდიდან ნასროლ ბურთს შეიძლება თუ არა რომ ჰქონდეს ქვემოთ მიმართული სიჩქარე იგივე სიდიდით? ჩვენი ფიზიკური კანონების თანახმად არ შეიძლება. მაშასადამე, პირველი სურათი (როდესაც სიჩქარე ქვემოთ არის მიმართული) შედეგს წარმოადგენს მხოლოდ ზემოდან ვარდნისა, ჩვენი ფიზიკური კანონების თანახმად.

მაგრამ, თუ დაუშვებთ, რომ შესაძლებელია გვერდიდან ნასროლ ბურთს ჰქონდეს ქვემოთ მიმართული სიჩქარე, მაშინ პირველი სურათი, როგორც მოვლენა, შეიძლება წარმოადგენდეს ორი ტრაექტორიის გადაკვეთას: ზემოდან ვარდნის და გვერდიდან სროლის.

ამრიგად, ნებისმიერი მოვლენა შეიძლება წარმოადგენდეს რამდენიმე ტრაექტორიის გადაკვეთას, მოცემული კანონების ფარგლებში. ძალიან ხშირად კი, ნებისმიერი მოვლენა მხოლოდ ერთ-ერთ ტრაექტორიაზე „ძევს“ ხოლმე. პრინციპში, ჩვენს სამყაროში, ფიზიკური კანონები ისეა მოწყობილი, რომ ნებისმიერი მოვლენის მიზეზი ერთადერთია და შედეგიც მხოლოდ ერთი მიმართულებით არის, და სხვა მიზეზ-შედეგობრივი ტრაექტორია ამ ტრაექტორიას არ კვეთს.

103444834 active summer nature background with a football ball in the air

კიდევ ერთხელ: ბურთი ჰაერში არის მოვლენა. დაუშვათ ბურთის სიჩქარე ქვემოთ არის მიმართული. შეკითხვა: რამ გამოიწვია ეს და შესაძლებელია თუ არა რამდენიმე მიზეზს გამოეწვია ეს?

პასუხი ასეთია: თუ სიჩქარე ქვემოთ არის მიმართული, მაშინ ის ცალსახად ზემოდან ვარდებოდა და განვლო მოვლენათა ერთადერთი ჯაჭვი, ჩვენს სამყაროში მოქმედი ფიზიკური კანონების თანახმად. მაგრამ, თუ ჩვენ დაუშვებთ, რომ გვერდიდან ნასროლი ბურთის სიჩქარეც შეიძლება ქვემოთ იყოს მიმართული (რაც ჩვენი ფიზიკური კანონების მიხედვით შეუძლებელია, მაგრამ დაუშვათ ასეთი კანონი არსებობს, რომელიც ამას არ კრძალავს), მაშინ არსებობს სხვა მიზეზ-შედეგობრივი ტრაექტორია (მოვლენათა მიმდევრობა), რომლის გამოც მოხდა ზემოთ აღნიშნული მოვლენა. ესეიგი, ამ მოვლენაში გადაიკვეთა ორი ტრაექტორია.

ამრიგად, ნებისმიერი მოვლენა ხასიათდება უამრავი, შეიძლება ითქვას - უსასრულო რაოდენობა პარამეტრებით. ერთი შეხედვით ორი ექვივალენტური მოვლენა სულაც არ არის ექვივალენტური, რადგან ისინი შეიძლება განსხვავდებიან რაღაც ისეთი პარამეტრით, რაც გაჩერებულ კადრში არ ჩანს (მაგალითად მასებით, სიჩქარეებით, და ა.შ.), მაგრამ რეალურად არსებობს. ორ მოვლენას ეწოდება ექვივალენტური, თუ მათი მახასიათებელი ყველა პარამეტრით (ხაზს ვუსმევ - ყველა პარამეტრით) ერთმანეთს ემთხვევიან.

ძალიან ფიზიკურ კანონებსაც არ გადავყვები. ცხადია, ეს მარტივი მაგალითი მოვიყვანე ბურთზე, თორემ ეს მოდელი ვრცელდება ნებისმიერ მოვლენაზე. ჩვენს სამყაროში არსებობენ და ფუნქციონირებენ კანონები. სხვა საქმეა თავად ამ კანონებს შორის როგორი მიზეზ-შედეგობრივი კავშირებია. მაგრამ, ფაქტია, რომ არსებობენ. ამ კანონებს შეგვიძლია ვუწოდოთ პირობები, რომლებიც მოვლენათა უსასრულო სივრცეს ედება, რათა იქიდან გამოჰყოს მხოლოდ ზოგიერთი მოვლენა და მხოლოდ ზოგიერთი ტრაექტორია, რომლებიც ფიზიკურად რეალიზდებიან.

მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივ მიმდევრობას განსაზღვრავენ სწორედ კანონები. თუ რატომ არის ერთი მოვლენა მეორე მოვლენის მიზეზი (ან შედეგი), ამაზე პასუხს იძლევიან კანონები. ანუ, სწორედ კანონმა თქვა, რომ ჰაერში გაჩერებული ბურთის მიზეზი არის ზემოდან ვარდნა (და არა სხვა რამე). ანუ კანონმა მომცა მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი ამ მოვლენების (სურათების) უსასრულო სიმრავლეში.

კიდევ ერთხელ: არსებობს მოვლენათა უსასრულო სიმრავლე, სადაც თითოეული მოვლენა ხასიათდება ასევე უსასრულო პარამეტრით. მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვები (ტრაექტორიები) მოვლენებს შორის არსებობს, მაგრამ ისინი არიან არა ნებისმიერად განაწილებულნი, არამედ გარკვეული პირობებით, რომელსაც ფიზიკური (და სხვა) კანონები აწესებენ. რეალობა შეგვიძლია აღვწეროთ ასე: მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვები, განსაზღვრულნი კანონებით.

კარგი, შევთანხმდით იმაზე, რომ იდეაში (იდეათა სამყაროში) არსებობს ყველა შესაძლო მოვლენა, მაგრამ ფიზიკურად რეალიზდება მხოლოდ ზოგიერთი მათგანი. ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ მოვლენებს შორის არსებობს არა ნებისმიერად მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვები (რომელთაც ტრაექტორიები ვუწოდეთ), არამედ გარკვეული კანონების დაცვით. მაგალითად, გრავიტაცია ვერ იქნება ზემოთ ფრენის მიზეზი, და ა.შ. ეს ყველაფერი სრულდება ჩვენს სამყაროში, ჩვენს ფიზიკურ სამყაროში.

მაგრამ, იდეათა სამყაროში ხომ არსებობს სხვა მოვლენები და სხვა მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვებიც, რომელთა წარმოდგენა შეგვიძლია ფანტაზიის უნარით? დაშვება ასეთია, რომ შეიძლება არსებობდეს ყველა შესაძლო მოვლენა და ყველა შესაძლო მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი, უბრალოდ, ფიზიკურად რეალიზდება მხოლოდ ზოგიერთი მათგანი, რადგან ამას მოცემული სამყაროს კანონები განსაზღვრავენ.

მაგრამ, სხვა კანონების არსებობის შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვებიც სხვანაირად დალაგდებოდა. მაგალითად, ბურთი ტრიალებს შენობის გარშემო. ამის მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე ფიზიკური მოვლენა, ან ტექნიკური მოვლენა, მაგრამ არა ის, რომ გუშინ ძაღლმა დაიყეფა. ამ სამყაროში არ არსებობს კანონი, რომელიც გუშინდელ ძაღლის ყეფას და დღევანდელი ბურთის ტრიალს მიზეზ-შედეგობრივად ერთმანეთთან დააკავშირებს. მაგრამ, თუ დაუშვებთ, რომ არსებობს ასეთი კანონი, მაშინ ეს წყვილიც შექმნის მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვს, ანუ ტრაექტორიას.

ესეიგი, შეიძლება არსებობდეს კანონების სხვა კრებულები, რომლებიც მოვლენათა უსასრულო სივრცეში სხვა მოვლენებს და სხვა მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვებს არეალიზებენ. ეს სხვა ფიზიკურ სამყაროს შექმნიდა, პარალელურ სამყაროს, რომელიც სხვა კანონებით ფუნქციონირებს. თუ მოცემული სამყაროს კანონების ფარგლებში ვერ აღწევთ მიზანს (რადგან ამას კანონები კრძალავენ, ან ძალიან რთულ და გრძელ გზას გთავაზობენ მიზნის, როგორც მოვლენის მისაღწევად), მაშინ გადადით იმ პარალელურ სამყაროში, რომელშიც თქვენი მიზანი უფრო მარტივად განხორციელებადია იქაური კანონების მიხედვით.

ძალიან მარტივია არა ამის თქმა? გადადით პარალელურ სამყაროში. რეალურად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მთელ ცხოვრებას ერთ სამყაროში ატარებენ, და არიან ადამიანები, რომლებიც ყოველ კვირას იცვლიან სამყაროებს. აქ საქმე ეხება კანონების ცვლილებას. ყოველ პარალელურ სამყაროს შეესაბამება კანონთა გარკვეული კრებული, რომლითაც ის ფუნქციონირებს და არეალიზებს მოვლენებს და მათ მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვებს (ტრაექტორიებს).

თუ როგორ ხდება მოგზაურობა პარალელურ სამყაროებში და როგორ ვიცვლით კანონებს, ეს უკვე, დინამიკის და პრაქტიკის ამოცანაა, და მისი ამოხსნა დაკავშირებულია კარმულ და ეგრეგორულ ველებთან, ფსიქოლოგიასთან, კოლექტიურ და პირად ქვეცნობიერთან, და ა.შ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ნებისმიერი კარმა და/ან ეგრეგორი წარმოადგენს გარკვეულ კანონებს, რომლებიც, როგორც ვთქვით, ცვლილებას ექვემდებარებიან. მაგრამ, როგორ ხდება ეს - ცალკე თემაა, რასაც მოცემულ სტატიაში არ შევეხებით.

GOD CREATED YO

ან ყველაფერი, ან არაფერი..

ვფიქრობ, შევთანხმდით იმაზე, რომ იდეათა სამყაროში არაფერია გამორიცხული. მაგრამ, მაინც რატომ არის ყველაფერი შესაძლებელი იდეათა სამყაროში? მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ჩვენი ფანტაზიები არ კრძალავენ?

ამოცანა ასეთია: ჩვენ გვსურს შევქმნათ სამყარო არაფერში, სიცარიელეში. სამყარო არის ისეთი ობიექტი, რომელიც საკუთარ თავში შეიცავს ყველა არსებულს და პოტენციურად არსებულს. ყველაფერი, რაც არსებობს, და რამაც შეიძლება იარსებოს, არის მის შიგნით, და არაფერია ისეთი, რაც მის გარეთ არის.

აი ასეთი ობიექტის შექმნა გვინდა. ვინაიდან სამყაროს გარდა (გარეთ) არაფერია, სიცარიელეა, რადგან ყველაფერი სამყაროს შიგნით არის, ამიტომ არ არსებობს არაფერი ხელმოსაჭიდი, რაზე დაყრდნობითაც შევქმნით სამყაროს. ესეიგი, არაფრიდან მხოლოდ არაფერი შეიქმნება.

კიდევ ერთხელ: მე სამყაროში ვგულისხმობს ყველაფერს, ყველა შესაძლო პარალელურ სამყაროს. ანუ ისეთ ობიექტს, რომელიც ყველაფერს თავის თავში მოიცავს, და მის გარდა არაფერი არსებობს. სიცარიელეში იქ ვერ შეიქმნება, რადგან არაფრიდან მხოლოდ არაფერი იქმნება.

მაგრამ, ფაქტია, რომ სამყარო მაინც არსებობს. როგორ გადავწყვიტოთ ეს პარადოქსი? პარადოქსი იმისა, რომ სამყარო არ უნდა არსებობდეს, რადგან ის არაფრიდან წარმოიქმნა. მაგრამ, ის მაინც არსებობს.

ამ „პარადოქსის“ გადასაწყვეტად უნდა მივმართოთ მეტად საინტერესო იდეას: არაფერი - იგივე ყველაფერია. და თუ ასეა, მაშინ არაფრისგან შექმნილი არაფერი, იგივე ყველაფერია. და მაშინ გასაგები გახდება, თუ რატომ არის ყველაფერი შესაძლებელი, ანუ რატომ არის იდეათა სამყარო სრულყოფილი და ყველაფრის მომცველი, ხოლო ენერგიას კი შეუძლია მიიღოს ნებისმიერი იდეის ფორმა. თავად კანონებიც და მიზეზ-შედეგობრივი კავშირებიც, რომლებზე დაყრდნობითაც ფუნქციონირებს ჩვენი სამყარო, წარმოადგენენ გარკვეულ იდეებს.

მაგრამ, რატომ არის არაფერი იგივე ყველაფერი?

ეს მარტივი მათემატიკაა. ყველაფრის „ჯამი“ ნულია (ანუ არაფერია), რადგან აბათილებს ერთმანეთს ყველაფერი, გლობალურად, და ვიღებთ ნულს, ანუ არაფერს. არაფრის არსებობა იგივე ყველაფრის არსებობაა. მაგრამ, აუცილებელია, რომ ყველაფერი მართლაც ყველაფერს შეიცავდეს. რატომ? გეტყვით..

ავიღოთ დადებითი რიცხვები: 1, 2, 3, 4.. ისინი ქმნიან გარკვეულ სისტემას. ახლა ავიღოთ უარყოფითი რიცხვებიც: -1, -2, -3, -4.. ერთად ისინი ქმნიან სიმეტრიულ სისტემას და ერთმანეთს „აბათილებენ“, რადგან თითოეული რიცხვისთვის არსებობს „დუალური მეწყვილე“, რომელიც მას აბათილებს.

მაგრამ, სისტემა შეიძლება ხასიათდებოდეს არა ერთი პარამეტრით, არამედ რამდენიმე პარამეტრით. მაგალითად, თქვენ უყურებთ პეპელას. მას აქვს არეკვლითი სიმეტრია. რადგან, მარჯვენა და მარცხენა მხარეები ერთმანეთს ემთხვევა. მისი სიმეტრიის ღერძი ვერტიკალურია.

Butterfly

თუმცა, არსებობს ჰორიზონტალური ღერძიც, რომლის მიმართაც არ აქვს პეპელას სიმეტრია. ამ შემთხვევაში არსებობს ასიმეტრია. პეპელა გლობალურად სიმეტრიული იქნებოდა მაშინ, თუ ყველა შესაძლო ღერძის მიმართ ექნებოდა სიმეტრია. ასეთი იდეალური სიმეტრია აქვს მაგალითად სფეროს.

სწორედ ასე, გლობალური სიმეტრია არის, როდესაც სისტემას მის მახასიათებელ ყველა პარამეტრში სიემტრია აქვს. ხაზს ვუსვამ - ყველა პარამეტრში. ამიტომ ვამბობ, რომ „ნული“ ანუ არაფერი არის მაშინ, როდესაც ყველაფერი არსებობს, ყველა ელემენტი თავისი დუალური მეწყვილეთი, ყველა პარამეტრში.

ასეთი ყველაფერი ქმნის გლობალურ სიმეტრიას, რომელიც იგივე „ნულია“. ამიტომ, ყველაფერი იგივე არაფერია, და პირიქით. ხოლო, ვინაიდან სამყარო არაფერში შეიქმნა, ამიტომ ის ყველაფერს უნდა შეიცავდეს, გლობალურ სიმეტრიას.

არ ვიცი რამდენად გასაგებად გადმოვცემ აზრს, თუმცა მე ვცადე..

ახლა უკვე შეგვიძლია „თამამად“ ვთქვათ, რომ არსებობს ყველა შესაძლო პარალელური სამყარო, კანონების ყველა შესაძლო კომბინაციებით, მოვლენათა ყველა შესაძლო თანმიმდევრობით. ეს გლობალური სიმეტრიაა. ხოლო, რაც შეეხება სუფთა სახის ენერგიას, რომელიც „მოძრაობს“ ამ იდეათა სამყაროში და მატერიალურად არეალიზებს სხვადასხვა კანონებსა თუ მოვლენებს, იდეებსა თუ ობიექტებს, მისი მოძრაობა და (მი)მართვა შეიძლება ისწავლოს კაცმა.. როგორ? ამაზე პასუხი არ მაქვს, ჯერჯერობით.. მეც სწავლის პროცესში ვარ..

ერთი რამ კი ფაქტია: ჩვენ, ჩვენი ეგრეგორებითა და კარმული ველებით ყოველთვის (მი)ვმართავთ ენერგიას გარკვეული მიმართულებით მოვლენათა და კანონთა სივრცეში. უბრალოდ, ამას გაუცნობიერებლად ვაკეთებთ. ისიც საკითხავია, ჩვენ ვაკეთებთ ამას თუ ჩვენს მაგიერ აკეთებენ ამას ეგრეგორები. ყოველივე ეს აჩენს სხვა კითხვებსაც: რა არის „ჩვენ“? რა არის „მე“? სად გადის ზღვარი „მესა“ და დანარჩენ სამყაროს შორის? რას ნიშნავს, როდესაც ვამბობ, რომ „მე“ კი არა, „ჩემმა გაუცნობიერებლმა“ ან „ეგრეგორმა“ შეასრულა რაიმე მოქმედება? არსებობს კი „ჩემი“ უმაღლესი მისია და პროგრამა, თუ ის ისეთივე ცვლადია, როგორც კანონები იდეათა სამყაროში?

მოკლედ, ამაზე დაფიქრება ღირს. ეს ძალიან ფუნდამენტალური თემაა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით მარტივი ჩანს.

გააზიარეთ თუ მოგწონთ..

მსგავსი სტატიები

მრავალი პარტნიორის ყოლის პრობლემა


ავტორი: ნუცა აივაზაშვილი 21-ე საუკუნე გარდამავალი საუკუნეა საქართვ...

ათი რამ, რაც მეუღლეზე მეტად გჭირდებათ


ავტორი: ანა თოფურიძე წყარო : Averi Clements 1. მეგობრ...

ბავშვები ღიმილს მშობლებისგან სწავლობენ


ავტორი:ანა თოფურიძე "ბავშვი ეს უხილავი წერილია, რომელსაც ჩვენ ვაგზ...

თავისუფლების ცნება


ავტორი: ლუკა ბაკურაძე თავისუფლებაზე ან იმაზე მსჯელობისას თუ რა ა...

არამეცნიერული კომენტარები სიმების თეორიაზე


ავტორი: იოანე შენგელია სიმების თეორიის თანახმად, სამყაროს ყველა ის...

ბალანსის მიღწევის შესაძლებლობა


ალბათ დადგება დრო როცა ყველა აზრის გაცნობიერებას შევძლებთ, ყველა წა...

რა მიშლის ხელს საკუთარი თავის აღმოჩენაში?


ავტორი: ლევან ჩახაია კარგად დაფიქრდი, სანამ იტყვი :-მე ასე მსურს- ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff