მე მახინჯი ვარ

Admin
აზრები
0
0

ავტორი: მარი ბექაური წყარო გუშინ მე და ჩემი ბავშვობის დაქალი ვლაპარაკობდით და საუბრისას გამოვუტ...

ავტორი: მარი ბექაური

წყარო

გუშინ მე და ჩემი ბავშვობის დაქალი ვლაპარაკობდით და საუბრისას გამოვუტყდი, როგორ მახინჯად ვთვლიდი საკუთარ თავს სულ ცოტა ხნის წინ და მისი რეაქცია იყო გაფართოებული თვალები, ხანგრძლივი პაუზა და მერე ნათქვამი: „მაგას ვერაფრით წარმოვიდგენდი…“

ბოლო ხანებში ბევრ პოსტს ვკითხულობ სხვადასხვა ჯგუფებში გარეგნობის კომპლექსებზე, დაბალ თვითშეფასებაზე, დანაშაულის გრძნობაზე, და გუშინდელმა საუბარმა მიმახვედრა, რომ ამ პოსტის დაწერა საჭიროა, რადგან გარშემო ბევრი ადამიანია, რომელიც ვერ იღებს და რომელსაც სძულს თავისი თავი, სარკეში ჩახედვის ეშინია, საბნის ქვეშაა შემძვრალი. მე კი სწორედ მათ, მინდა, ჩემი სიმახინჯის ამბავი მოვუყვე.

beauty

გარეგნობის კომპლექსის, ან საკუთარი თავის მახინჯად აღქმის მიზეზი სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება გახდეს: ბავშვობაში მშობლების თუ გარშემომყოფების შეფასება, ხშირად – გაუცნობიერებლად ნათქვამი სიტყვები; სოციუმისგან თავსმოხვეული სტანდარტები; ტრავმები; საყვარელ ადამიანთან დაშორება; ბულინგი და ა.შ.

ჩემს შემთხვევაში ეს მტკივნეული განქორწინება აღმოჩნდა, რომელმაც, გარდა იმისა, რომ პიროვნულად ჩამომშალა, მთლიანად დაანგრია ჩემი თვითშეფასება და გამიჩინა მყარი რწმენა, რომ სამყაროში ყველაზე არამიმზიდველი და მახინჯი ქალი ვარ. რომ მე ვარ იმდენად ცუდი, რომ საერთოდ სუნთქვის, სიცოცხლის უფლება არ მაქვს.

მთელი იმ დროის განმავლობაში თუ ვინმე კომპლიმენტს მეტყოდა, ჩემს გონებაში მომენტალურად ჩნდებოდა აზრი: „ალბათ, ვეცოდები. ალბათ, ცდილობს, გამამხნევოს, რადგან ასეთი მახინჯი ვარ.“

მოგვიანებით, როცა საღი აზროვნების და რეალობის ობიექტური აღქმის უნარი დამიბრუნდა, დაკვირვება დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ განქორწინების შემდეგ ადამიანების დიდი ნაწილი თვითშეფასების ასამაღლებლად ძირითადად ბევრ ადამიანთან ამყარებს სექსუალურ კავშირს, იწყებს ურთიერთობას და ისევ გარედან ცდილობს მათში დანგრეულის აშენებას და საბოლოოდ, მათი თვითშეფასება კვლავ სხვა ადამიანებზე ხდება დამოკიდებული.

ამიტომ დავიწყე არა რაღაცის მტკიცება (სხვების ჩართულობით), ან რეალობიდან გაქცევა, არამედ – საკუთარ გონებასთან და ქვეცნობიერთან დიალოგი. გავიაზრე რა, რომ ადამიანის ყველაზე დიდი მტერიც და მოყვარეც მისივე გონებაა. შესაბამისად, თუ სადმე ბრძოლის ველი უნდა გამართო, ეს მხოლოდ შენი თავია.

საკუთარი თავისთვის თვალის გასწორება ყველაზე რთული პროცესია (პირველ რიგში, იმით, რომ გულწრფელ აღიარებებს საჭიროებს), თუმცა, მგონია, რომ ამ პროცესის გარეშე ადამიანი, უბრალოდ, ვერ ააშენებს თავის პიროვნებას და ვერასდროს მოიპოვებს ჭეშმარიტ თავისუფლებას. მარტივად რომ ვთქვა – ყოველთვის ილუზიების ტყვედ დარჩება.

მუდმივი თვითანალიზი, გაცნობიერებულობა დამეხმარა იმის დანახვაში, რამდენი მცდარი რწმუნებულება, აზრი, სტანდარტი და როლი დევს ჩემს გონებაში. და სად ვარ ამ ყველაფერში ნამდვილი მე? ან ვინ და როგორი ვარ ნამდვილი მე? რა არის ჩემთვის რეალური ფასეულობა და რეალური სურვილი? (ამ კითხვებზე პასუხების ჩამოწერა ძალიან შორს წაგვიყვანს და აქ დავასრულებ, თუმცა, ვიტყვი, რომ კითხვების უმეტესობაზე რთულად, მაგრამ პასუხები მივიღე. ნაწილზე კი ძიების და ცნობიერების ამაღლების პროცესში ვარ).

მთავარი კი დავინახე და არჩევანიც გავაკეთე. ასე ვთქვათ – ის ძირი, საძირკველი, რომელზეც დგას და იდგება ჩემი პიროვნება, მიუხედავად იმისა, თუ რა განსაცდელი შემხვდება ცხოვრებაში. და როცა ეს მოხდა, როცა ვიგრძენი, რომ მე საფუძველი თავიდან ბოლომდე საკუთარ თავში მაქვს, ჩემი თვითშეფასება შეიცვალა.

სხვათა შორის, მას მერე, რაც საკუთარი თავი შევისწავლე, გაცილებით უკეთ გავიგე სხვა ადამიანებისაც, რამაც უფრო ემპათიური გამხადა და მინიმალურ დონემდე დაიყვანა – განსჯა. ურთიერთობებში კი ნათელი გახადა, რას და რატომ აკეთებენ ადამიანები. რის დამტკიცებას ცდილობენ ან რას გაურბიან თავიანთი ეგოიზმით, სხვა ადამიანების მუდმივი განსჯით, წუწუნით, იმ უამრავი როლით, რომელიც მორგებული აქვთ და ვერაფრით გამოდიან ტანჯვის მდგომარეობიდან, რადგან ყველაზე მეტად იმ პირველი, მთავარი ნაბიჯის გადადგმა აშინებთ: თვალი გაუსწორონ საკუთარ თავს.

ამ ყველაფერმა, რაც ჩემში მოხდა, ცვლილებები შემატანინა ცხოვრების წესშიც, გარესამყაროსთან ურთიერთქმედებაშიც და იმასაც მიმახვედრა, რომ ეს არაა ერთჯერადი ფაქტი, მუდმივი პროცესია და მთელი ცხოვრება გრძელდება. თუმცა, რაც მეტს სწავლობ და ვითარდები, მით მეტად მშვიდი და დასრულებული ხდები.

დღეს მე საკუთარ სილამაზეს ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 30-ებში გადავაბიჯე და თვალებთან ნაოჭები გამიჩნდა. რადგან შემეცვალა სილამაზის სტანდარტი, რომელიც არც თვალის ფერით და არც გრძელი ფეხით არ იზომება.

ჩემი სილამაზე არის ჩემი პიროვნება და ცხოვრებისეული გამოცდილება. ქარტეხილები, რომლებიც გადავიტანე და რაც მთავარია – რომლებისგანაც ვისწავლე, და მათი სიმძიმის მიუხედავად, საკუთარ თავში იმ სუფთა მარცვლის გადარჩენა შევძელი, რომელიც, მწამს, რომ ყველა ადამიანში დევს და სილამაზეც სწორედ ამ მარცვლიდან იბადება.

და ეს არ არის რაღაც რწმუნებულების შექმნა კარგად ყოფნისთვის, – რაღაც აზრში გაქცევა. ამ სილამაზეს უბრალოდ გრძნობ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წლის ხარ, რამდენ კილოგრამს იწონი და რამდენი ნაოჭი გაქვს.

მსგავსი სტატიები

სიძულვილის ანატომია


ავტორი: ანა თოფურიძე ზოგჯერ გვეჩვენება რომ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ...

ტყუილის მეტაფიზკა


ავტორი: ერენიელი ტყუილი წარმოებადია ინდივიდის უნარისგან როგორ მო...

მათემატიკის ეზოთერულ-ვექტორული საწყისები


ავტორი: იოანე შენგელია   ბავშვობიდან მიყვარს მათემატიკა. როდ...

რაობის თავისთავადობა


ავტორი: ნიკა ვასაძე და შეიქმნა სამყარო, რამეთუ დაიწყო ადამიანმა ...

შემეცნების რაობა


ავტორი: აკაკი სხულუხია ის რაზეც მე უნდა გესაუბროთ, შეიძლება ითქვ...

ცოდნის გაზიარების შესახებ


  ავტორი: სერგო ღამბაშიძე ცნობიერების რა საფეხურზეც არ უნდ...

დაისი თუ აისი


ავტორი: ბადრი მეფარიშვილი „შეიცან თავი შენი, შეიცნობ სამყაროს და...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff