ბედნიერების დევნაში დაშვებული შეცდომები

ალქიმიკოსი
აზრები
0
0

ბედნიერება არ არის მიღწევადი წრფივი მოვლენა, არც მუდმივობით გამოირჩევა და მითუმეტეს არც სტაბილურო...

 happinesss

ავტორი: გიორგი ზირაქაძე

  ბედნიერება არ არის მიღწევადი წრფივი მოვლენა, არც მუდმივობით გამოირჩევა და მითუმეტეს არც სტაბილურობით. პირიქით ბედნიერებაა ის რაც ყველაზე შორსაა სტაბილურობისგან. ადამიანების უმეტესობა ბედნიერებას მისდევს ფეხდაფეხ მთელი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ ისინი ვერ იღებენ მას და ვერც ვერასოდეს მიიღებენ, რადგან ბედნიერება არ უნდა მიიღო, ბედნიერებას უნდა შეეგუო და არა იმ მომენტში როცა შენ გინდა, არამედ მაშინ როცა მოგეცემა ამის საშუალება. 

  ბედნიერების დევნა არის ალბათ უდიდესი სისულელე რასაც ყველა ჩვენთაგანი აკეთებს, რადგან მისი დევნა ან მასთან სიახლოვე საკმაოდ მაღალი დონის ილუზიაა, რომელიც თავიდან ძალიან ახლოს და ძალიან რეალურად იწყება, მაგრამ წლებთან ერთად ისე გადაიქცევა მიუღწეველ მირაჟად რომ აზრზე მოსვლასაც ვერ მოასწრებ. ყოველთვის ახლოს ხარ, სულ სანტიმეტრები გაკლდება. ერთი წამით ადრე რომ გესროლა ის ბურთი. ერთი ნაბიჯით წინ რომ მდგარიყავი. ერთი დღით ადრე რომ დაგეპატიჟებინა გოგონა პაემანზე. ერთი წლით ადრე რომ დაგეწყო ვარჯიში. ერთით მეტი მილიონი რომ გეშოვნა. ერთით მეტი წელი რომ გეცოცხლა ან თუნდაც ერთით მეტი სოცოცხლე რომ გქონოდა. შენ ახლა ფიქრობ რომ არასაკმარისად ბედნიერი ხარ, რადგან დაიგვიანე თან სულ რამდენიმე წამით. ვერ გარისკე, ვერ გაბედე, სათანადოდ არ მოემზადე, მაგრამ ამ ყველაფრიდან რომელიმე ან თუნდაც ყველა რომ გქონოდა დარწმუნებული ხარ რომ ბედნიერი იქნებოდი? დარწმუნებული ხარ რომ არ მოგინდებოდა კიდევ ერთით მეტი რამ? მე დარწმუნებული ვარ რომ მოინდომებდი, მეც მოვინდომებდი, ყველა მოინდომებდა და კიდევ უფრო ნაკლებად ბედნიერები ვიქნებოდით. იმიტომ რომ ყოველი ერთი რაღაცის მიღების შემდეგ მომდევნო ერთი ბევრად უფრო გამძაფრებულად გვსურს, თითქოს ის უკვე არ გვქონდეს ან თითქოს არც არასდროს გვენახოს თვალით. 

   ბავშვობიდან ღრმად მწამდა, რომ ბედნიერი ცხოვრება მიღწევადი და მუდმივი ფენომენი იყო. მაშინ საკმაოდ პატარა ვიქნებოდი და ჩემმა გონებამ ბედნიერების გზაზე მიმავალი ბილიკი რატომღაც უზარმაზარ თვალუწვდენელ კიბედ დააფორმირა, რომელსაც ვეჭვობ ბოლო უბრალოდ არ ჰქონდა. სვლის დაწყებიდან საკმაოდ დიდი ხანი მეგონა, რომ ნებისმიერ დონეს რომელსაც მივაღწევდი ის იქნებოდა შემდეგისთვის საწყისი წერტილი. ანუ ვფიქრობდი რომ ჩემს თამაშში ვიყავი და წესებიც ჩემს გემოზე მოვაწყვე. ჩექფოინთებს კი ასე მშვიდად და აუღელვებლად ვალაგებდი ყოველი კიბის შემდეგ. ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი რთულდებოდა. არა და კიბეები ერთი შეხედვით ისევ ისეთი ჩანდა როგორც თავიდან. მაშინ ვერაფრით გავიგე რა ხდებოდა, ამიტომ ფეხებზე დავიკიდე და გზა გავაგრძელე. თან პროცესში ჩემი ეგო საკმაოდ კარგად იკვებებოდა და ამის ფონზე მეც იმაზე ეგოისტი ნაბიჭვარი ვხდებოდი ვიდრე წინა კიბეზე ვიყავი. ეს ჩექფოინთები კი თან გამოუვალ სიტუაციაში უკან დაბრუნების შანსი იყო, სულ მინიმუმ ჩემი თავის წინა ვერსიზე და თან უდიდესი კედელი იმჟამინდელ ჩემსა და ჩემს რეალურ თავს შორის. მოტივაცია და ამბიციები მაღლა მექაჩებოდა. ამასთან ეგო მაიძულებდა იმ ხალხისთვის ზემოდან გადმოხედვას ვინც ჩემს ქვემოთ იყო, მაგრამ მათთვის არასოდეს დამიცინია. ყოველშემთხვევაში მანამდე სანამ საბედისწერო შეცდომა არ დავუშვი. 

   ერთხელაც როცა კონკრეტულ ნიშნულს მივაღწიე შემოვტრიალდი ხელები გავშალე და დავტკბი მიღწეული შედეგით. ვაღიარებ ჩემს პატარა მეს უკვე საკმაოდ კარგი ფანტაზია ქონია. საოცარი ხედები იყო ჩემს თვალწინ, თავი ღმერთი მეგონა. იმ დონეზე ვიყავი შეპყრობილი, რომ მაშინვე მომინდა გზის გაგრძელება და თან ვთვლიდი, ადგილი უკვე გარანტირებული მქონდა. კონკრეტულ ნიშნულს მივაღწიე და მორჩა, ის უკვე ჩემი იყო. შეუძლებელი იყო რომ სხვანაირად ყოფილიყო. მე მას მივაღწიე და დამთავრდა. ისე ძლიერად მწამდა ამის, რომ უკან გახედვა აღარც მინდოდა, თითქოს იქ არასდროს ვყოფილვარ, თითქოს არასოდეს გამომივლია იმ ნაგავში. შინაგანად ვუსმენდი ჩემს თავს და საერთოდ ვერ ვხვდებოდი ვინ იყო, თუმცა საჭეს უკვე ის მართავდა. მე კი სადღაც სიბნელები ვიყავი გამოკეტილი დრაკონების გვერდით. იმ დრაკონების, რომელთა აშვებაც მომავალში არაერთხელ ვცადე. მოკლედ შემდეგი კიბე რომელიც ყველაზე პატარა და მარტივი ჩანდა, კიბე რომელიც საჩუქარს გავდა, მიღწეული შედეგის აღსანიშნავად, საჩუქარს ჩემივე გონების მიერ გამზადებულს. აღმოჩნდა პირველი ყველაზე დიდი დაბრკოლება ჩემს ცხოვრებაში და მეც რათქმაუნდა საკუთარ თავში დარწმუნებულმა, ყველანაირი მომზადების და დაკვირვების გარეშე, ოვაციებით და სიხარულით გადავდგი მომდევნო ნაბიჯი. აი ზუსტად მანდ დაინგრა ყველაფერი რისიც მწამდა, რაც მეგონა რომ სწორედ ვიცოდი. შეუჩერებლად მოვგორავდი უკან კიბეებზე და თან იმსხვრეოდა აბსოლუტურად ყველაფერი რასაც მივაღწიე და ამ დროს ჩემი გულდასმით დალაგებული ჩექფოინთები, რომელსაც შემაკავებელ ჯებირად ვისახავდი აღმოჩნდა ყველაზე უსუსური, უძლური, არაფრისმომცემი და სასაცილო რამ რაც კი ოდესმე მინახავს. ყველაზე საინტერესო ისაა რომ იმ მომენტში, როდესაც გავლილი დონეების უმრავლესობას თავიდან გასავლელს ვიხდიდი მე ამ ყველაფრის შესახებ ჯერაც არ ვიცოდი. პირიქით სწორედ მაშინ დავიწყე იმ ხალხის დაცინვა რომლებიც ახლა უკვე ნამდვილად ჩემზე მაღლა იყვნენ. 

  ჰაერში გამოკიდებული ნაგავში სიბინძურეში მთლიანად ტალახიანი მოვგორავდი და თავი მწვერვალზე მეგონა, თითქოს გზა გავაგრძელე და ჩემი მიზნებისკენ ახლა უკვე ბევრად მარტივად და მოკლე გზებით მივიჩქაროდი. ერთხანს გამომეღვიძა, ეტყობა ძალიან მტკივნეულად დავეცი სადღაც კიბის დასაწყისში. მივიხედ მოვიხედე მივხვდი რომ ბევრად ქვემოთ ვიყავი მიღწეულთან შედარებით, თუმცა ჩემმა გონებამ აქაც გამწირა და მომაწოდა იდეა რომელმაც ჩემი ცხოვრების ხუთი წელი ხელიდან გამომაცალა, ყველაზე სასიამოვნო ტყუილით. შენ სხვებზე წინ ხარ. ძალიან ბევრი დრო გაქვს. ისინი მაინც ვერ დაგეწევიან. შენ მათზე ძლიერი ხარ! ამ დროს კი რეალურად ვიყავი ადგილზე, რომელსაც ბოლოსაც ვერ დავარქმევდი, თუმცა მიუხედავად ამისა თავისივე მოწოდებულ იდეას ჩემი გონება დიდი სიხარულით და რაც მთავარია უპირობოდ დეაეთანხმა. 

  აი აქ დაიწყო მთელი ისტორია ჩემი თავის წინააღმდეგ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ 23 წლის ადამიანისთვის ხუთი წლის დაკარგვა არ არის დიდი ტრაგედია. ბოლო-ბოლო დასაწყისიდან მოყოლებული ადამიანების უმრავლესობა მთელ თავის ცხოვრებას უაზროდ ატარებდა. მათ უმეტესობას არ ყვარებია არავინ და რაც მთავარია საკუთარი თავის შეყვარებაც კი ვერ შეძლეს, რაღათქმაუნდა აღარაფერს ვამბობ თავად სიყვარულის სიყვარულზე. ისინი საერთოდ უმიზნოდ არსებობდნენ. არასოდეს უფიქრიათ განვითარებაზე, სიკეთეზე სილამაზეზე, სიყვარულზე ან თუ უფიქრიათ მისულან იმ დასკვნამდე, რომ ეს ზედმეტად რთულია და მისთვის არ არის. მაგრამ ამ ყველაფერს მეორე მხრიდან შევხედოთ და ჩავთვალოთ, რომ ახალგაზრდობაში ხუთი წელი კი არ დავკარგე, არამედ სიცოცხლეზე ხუთი წელი მომაკლეს. უფრო სწორად ჩემივე ნებით მოვიკელი. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლებაო გამუდმებით მესმოდა მათემატიკის გაკვეთილზე რომელსაც ვერასდროს ვიტანდი, მაგრამ როდესაც საქმე ცხოვრების წლებს ეხება და არა მათემატიკურ გამოთვლებს ეს ფრაზა სრული სისულელეა, ისევე როგორც მათემატიკის გაკვეთილი. როგორი უპასუხისმგებლობაა იმ ადამიანის წინაშე რომელსაც საშინელი დიგნოზი დაუსვეს და უთხრეს, რომ რამდენიმე თვე დარჩა. წარმოგიდგენიათ მაინც მისთვის ნაჩუქარი ხუთი წელი რამხელა ბედნიერება იქნებოდა?! შეგიძლიათ რომ წარმოიდგინოთ ის საოცარი წამი, როდესაც ადამიანს რომელსაც ამ წუთას სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს და შენ მას სიცოცხლის ხუთი წელი აჩუქე?!

მსგავსი სტატიები

წარმატების "ფორმულა"


ავტორი: იოანე შენგელია საკმაოდ დიდი ხანი ვფიქრობდი იმაზე, თუ რა ფო...

მეცნიერება - ეზოთერიის სინთეზის ელემენტები


ავტორი: იოანე შენგელია ყველაფერი დაიწყო ათასწლეულების წინ. ანუ მაშ...

შემეცნების რაობა


ავტორი: აკაკი სხულუხია ის რაზეც მე უნდა გესაუბროთ, შეიძლება ითქვ...

ღმერთის შეცდომებიც მოსულა


ავტორი: მათე მაყაშვილი შეუცდომელი მხოლოდ ღმერთიაო, ხშირად მომისმ...

ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება ბუდიზმში


მოცემულ ტექსტში ვისაუბრებ ადრეული ბუდიზმის უმნიშვნელოვანეს ასპექტზე

განვლილი გზის ანალიზი XX საუკუნიდან დღემდე და შეხედულებები მომავალზე


ავტორი: აკაკი სხულუხია როდესაც რუსეთის იმპერია დაინგრა მის ნანგრ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff