კარმული ეგრეგორები

Admin
აზრები
0
0

  ავტორი: იოანე შენგელია მეგობრებო, წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს ჩემს პირად შეხედულება...

 

40413566 320887321803729 4222163936725696512 n

ავტორი: იოანე შენგელია

მეგობრებო, წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს ჩემს პირად შეხედულებას კარმასთან დაკავშირებით. ეს არის ჩემი ნააზრევის, ჩემი დაკვირვებებისა და გამოცდილების გაზიარება თქვენდამი.

"რჩეულობა"

სანამ  სტატიას გადაიკითხავთ, გირჩევთ წაიკითხოთ მამუკა გურულის სტატია "ეგრეგორები", ასევე გაეცნოთ ტრანსერფინგი~ს პირველ თავებს, რათა ამ სტატიაში არ მომიწიოს მრავალგვერდიანი შესავლის დაწერა (ძალიან მეზარება დაწერა, ასე რომ სხვა გზა არ გაქვთ). მაშ ასე, ვკითხულობთ:

............ზზზზზზზზზ............
............ეგრეგორები............
............ქანქარები............
............ მარიონეტთა ძაფები ............
............ ვარიანტთა მოდელი ............
............ზზზზზზზზზ............

გილოცავთ! თქვენ მრავალი ახალი რამ აღმოაჩინეთ და ცხოვრებას უკვე სულ სხვა თვალით უყურებთ. ისღა დაგრჩენიათ ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენება ისწავლოთ (მეც თქვენთან ვარ).

ამრიგად, მივუბრუნდეთ თემას. თქვენ უკვე იცით იმის შესახებ, რომ ადამიანის ცხოვრებაში უამრავი ქანქარა არსებობს. ისინი ჩნდებიან თითქოს არსაიდან და ადამიანის შინაგან და გარეგან სამყაროს იპყრობენ ხოლმე. ზოგიერთი მათგანი ნამდვილად ამ ცხოვრებაში ჩნდება და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისთვის ეს სრულიად უცხო სფერო შეიძლება იყოს, ის მაინც მათ ტყვეობაში აღმოჩნდება ხოლმე. ასეთ ქანქარებზე თქვენ უკვე გეცოდინებათ..

მაგრამ, მე ახლა მსურს იმ ქანქარებზე საუბარი, რომელთაც ჩვენი ქვეცნობიერის ძალიან ღრმა ფენებში აქვთ ფეხები (კიარადა ფესვები) გამჯდარი. იცით როგორ სიღრმეებში? აი სადაც ჩვენი წინა ცხოვრებები ინახება. ეს სეგმენტი იმაზე ღრმად სუფევს, ვიდრე ჩვენი ამ ცხოვრებაში მოგროვილი განცდები (რომლებიც ასევე წინა ცხოვრებად გარდაიქმნება შემდგომი ცხოვრებისთვის).

ეს ის ქანქარებია, რომელიც ამ ცხოვრებაში მოსულებს უკვე თან გამოგვყვა, როგორც კარმა. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს, მაგალითად ვიღაც ადამიანებთან დაუმთავრებელი საქმეები, რომლებიც ვერა და ვერ გადაგიწყვიტავს, და გაჭედილი ხარ რაღაც პრობლემებში. მაშინ, როგორც გაგიგიათ კარმის აღმწერლებისგან, ამ ცხოვრებაშიც შეხვდებით თქვენს "პარტნიორებს" და გააგრძელებთ "პარტნიორობას". ეს იგივე ქანქარაა, და ალბათ გესმით რატომაც. იმიტომ, რომ ეს თემა თქვენთვის პრობლემაა, ეს თემა აქტუალურია თქვენს ცხოვრებაში, ამიტომაც თქვენ მასზე თქვენს რესურსებს ხარჯავთ (ყველაზე მცირედი - ეს შეიძლება ამ თემაზე ფიქრი იყოს, თუმცა ესეც ენერგეტიკული რესურსია, რომელსაც ქანქარა გწოვთ ფიქრის ძაფიდან, ანუ ენერგია ფიქრის სახით გეხარჯებათ). თუმცა აქ სხვა შეკითხვა ისმის: გსურთ კი ამ ყველაფრისგან გათავისუფლება? ამ შეკითხვას ჩვენ მოგვიანებით მივუბრუნდებით..

გავანებოთ თავი ახლა პარტნიორულ ქანქარებს. ამჯერად სხვა რამ განვიხილოთ.

მაგალითად ავიღოთ რომელიმე მძლავრი რელიგიური ეგრეგორი, ვთქვათ ქრისტიანობა (უბრალოდ ამ სფეროს უფრო უკეთ ვიცნობ, ვიდრე სხვას).  ქრისტეს სახარება და მოციქულთა ქადაგებები მრავალი ეგრეგორის ცენტრს წარმოადგენს, და მათ შორის ერთ - ერთი არის მართლმადიდებლობა.

არსებობს უამრავი წმინდანი მართლმადიდებლობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, რომელთა ცხოვრებაც თითქოს გაწერილი იყოო, თითქოს მათი ბედისწერა 100%-ით თუ არა 80-90 %-ით მაინც გაწერილი იყო. ამაში იმას ვგულისხმობ, რომ მათი დაბადება, ცხოვრება, მთლიანად ნაწინასწარმეტყველებია წმინდა წერილში, ცხადია არა დეტალურად, მაგრამ მათი ცხოვრების ძირითადი არსობრივი პროცესები წინასწარ არის აღწერილი.

მეტსაც ვიტყვით, შეიძლება მათ ცხოვრებაში მათემატიკური კანონზომიერებები იყოს დაკავშირებული შესაბამისი ეგრეგორის (ანუ მაგალითად ქრისტიანულ) თემატიკასთან. ან სხვა სახის ნიშნები იყოს მრავლად, რაც მიანიშნებს მათ დიად მისიაზე მართლმადიდებლობაში. ასეთი მაგალითი მრავალია.

[სხვათაშორის ჩემს პირად ცხოვრებაშიც (მათ შორის ჩემს დაბადებამდელ პროცესებშიც) მრავალი მათემატიკური კანონზომიერებაა ქრისტიანულ თარიღებთან ასევე ასტროლოგიასთან დაკავშირებული. მეც რაღაც გაგებით "რჩეული" ვარ.]

ეს ეგრეთ წოდებული მინიშნებები და "სასწაულები" სინამდვილეში წარმოადგენს ვარიანტთა სივრცის იმ სექტორის მოვლენებს, სადაც ეს ქანქარა მეუფებს. საქმე ძალიან მარტივად არის. ამ ადამიანების ქვეცნობიერის ღრმა ფენები დაკავებული აქვს მართლმადიდებლობის ქანქარას, და შესაბამისად ეს ადამიანები მთლიანად ამ ქანქარის წესებით ცხოვრობენ, და ცხოვრებაც შესაბამის ხაზებზეა ვარიანტთა სივრცეში (ეს უკვე იცით რაც არის).

სხვა საკითხია ეს ადამიანები რატომ გახდნენ "ღვთის" რჩეულები (ანუ სინამდვილეში ქრისტიანული ეგრეგორის რჩეულები). შესაძლოა წინა ცხოვრებებში აქტიური შეხება ჰქონდათ ამ ეგრეგორთან, და თანდათან უფრო და უფრო ღრმად "შეტოპეს", ამიტომაც გახდნენ პროფესიონალები და ერთ - ერთ განსხეულებაში უკვე წმინდანებად მოგვევლინნენ.

ქრისტიანობა უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე, თორემ ასეთი რამის თქმა შეიძლება ნებისმიერ ეგრეგორზე. ადამიანები მიდრეკილნი ვართ ცხოვრების სხვა და სხვა სფეროებისადმი, აღმოვაჩენთ, რომ ინტერესი გვიჩნდება სხვა და სხვა დისციპლინებისადმი. ხო, სხვათაშორის, გენეტიკური ქანქარებიც არსებობენ, ანუ კარმა და ინტერესები შეიძლება გენეტიკურიც იყოს და აქაც იგივე მექანიზმი მუშაობს, რაც სხვა ნებისმიერ ქანქარასთან.

ეს ინტერესი და მიდრეკილება შეიძლება ამ ცხოვრების სიტუაციებმა გააჩინა, შეიძლება კი მას უფრო ღრმა ფესვები აქვს წინა ცხოვრებებიდან, რასაც ჩვენ კარმას ვეძახით, და რაც ალბათ არის ქანქარასთან "ვალში" ყოფნა. ხშირ შემთხვევაში, ეს მიდრეკილებები ჩვენ მოგვწონს. როგორც იტყვიან - "იცოდე ვისი ეგრეგორისა ხარ". შეიძლება ამ გაუცნობიერებელ მიდრეკილებებს, რაც უმეტეს შემთხვევაში წინა ცხოვრებებში ქანქარებთან ურთიერთობაში იღებენ სათავეს, ჩვენ ვიხსენებდეთ ასეთ ტერმინებში:

"ჩემი მისია"
"ჩემი ცხოვრების არსი"
"ჩემი ბედნიერების წყარო"
"ჩემი წყევლა"
"ჩემი ბედისწერა"
და სხვა მრავალი.

გააჩნია მოცემულ სიტუაციაში ადამიანს. თუმცა, ასეა თუ ისე, ჩვენს "ბედისწერაში" ამ სფეროებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.
ახლა ისმის მთავარი შეკითხვა: გსურთ ამისგან გათავისუფლება?

შეიძლება არ გსურდეთ, რადგან თქვენი ცხოვრების საქმედ და მისიად თვლიდეთ. თუ თქვენ თვლით, რომ ეს საქმე თქვენთვის ბედნიერების მომტანია, მაშინ განაგრძეთ ამ ქანქარის მსახურება. ადამიანი ბედნიერებას ეძებს პირველ რიგში.

ხოლო, თუ თქვენ გსურთ გათავისუფლდეთ კარმის იმ ნაწილისგან, რომელიც სინამდვილეში თქვენთვის არასასურველ ქანქარას წარმოადგენს, მაშინ მეთოდი იგივე იქნება, რაც ტრანსერფინგშია აღწერილი სხვა ნებისმიერი ქანქარისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.

ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი...

"ეგრეგორს" ავტორმა უწოდა "ქანქარა". რატომ? იმიტომ, რომ ქანქარა არის სხეული, რომელიც ირხევა, ესეიგი მას აქვს ორი მახასიათებელი: ამპლიტუდა და სიხშირე.
ქანქარის ძირითადი იდეა (ანუ ეგრეგორის ცენტრი) დაკავშირებულია ქანქარის სიხშირესთან. რამდენადაც ტრანსერფინგის "ანბანი" წაკითხული გაქვთ, გეცოდინებათ, რომ თუ თქვენი განწყობის სიხშირე ემთხვევა ქანქარისას, ესეიგი ქანქარას ენერგიას გადასცემთ და რეზონანსში მოვა ქანქარა, თქვენ კი ენერგიას დაკარგავთ, და თან ცხოვრების არასასურველ ხაზებზე აღმოჩნდებით. რეზონანსი ამპლიტუდას გაზრდის, მაგრამ ქანქარის არსი მის სიხშირეშია, რომელიც მის დინამკას აჩვენებს დროში.
თუ თქვენი რწმენა - განწყობის სიხშირე არ ემთხვევა ქანქარისას, მაშინ ერთმანეთთან არაადექვატური კავშირი გექნებათ. თქვენ და ქანქარა ერთმანეთს ვერ გაუგებთ, და შესაბამისად თქვენ ის არ შეგეხებათ, რადგან თქვენ თქვენს სიხშირეზე "აქნევთ", ქანქარა კი თავის სიხშირეზე "აქნევს". ამაში მდგომარეობს ქანქარის ჩაქრობის იდეა, როდესაც მისთვის არასტანდარტული სცენარით თამაშობთ, მაშინ თქვენი სიხშირეები განსხვავდება.

ახლა რატომ ვთქვი ეს.. იმიტომ, რომ "ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი" განვსაზღვრო.

რამდენადაც ამ ცხოვრებაში გაჩენილ ქანქარებს ვაიგნორებთ, იმდენად იგივე მეთოდი მუშაობს წინა ცხოვრების კარმულ ქანქარებთანაც. თუმცა, ფრთხილად იყავით, რადგან ასეთ ქანქარას ქვეცნობიერის ღრმა ფენებში ჰყავს თავისი "მოციქულები", და შეიძლება მოტყუვდეთ, გეგონოთ, რომ კარმული ქანქარა ჩააქვრეთ, სინამდვილეში კი თქვენს შიგნით ის დროებით გადაიმალა. ასეთი რამ ხდება მაშინ, როცა ადამიანს უკვე დიდი ხანია აქვს ურთიერთობა ქანქარასთან. ანუ ეს ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური პროცესია.

შეიძლება ასეთი "გადამალვა" ახლო წარსულში გაჩენილმა ქანქარებმაც მოახერხონ (ანუ კარმად გადაიქცნენ), მაგრამ წინა ცხოვრების ქანქარები ამაში პროფესიონალები არიან, რადგან თქვენ წინა ცხოვრების ცნობიერი დაკარგეთ, შესაბამისად არ გახსოვთ ამ ქანქარების შესახებ. ამ ცხოვრებაში გაჩენილი ქანქარები გემახსოვრებათ მაინც საიდან გაჩნდნენ, ხოლო წინა ცხოვრება არ გახსოვთ. ამიტომაც, ეს რაღაც "ჯადოსნური" და "უმართავი" მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში შეიძლება დაკავშირებული იყოს სწორედ კარმულ ქანქარებთან.

ამრიგად, წინა ცხოვრების ქანქარა ქმნის ჩვენს "ბედისწერას" (ანუ მისი სიხშირის ცხოვრების ხაზებზე დავდივართ). სად არის გამოსავალი? გამოსავალი იგივე უნდა იყოს, რაც ნებისმიერი ქანქარისთვის, მაგრამ, როგორც ვთქვით, არ უნდა მოგატყუოთ ქვეცნობიერმა. შეიძლება ქანქარასთან ადამიანი ძალიან ძირეულად და რთულად იყოს გადაჯაჭვული, მაგალითად საუკუნეების წინანდელი პროცესები მისთვის აქტუალური თემა იყოს. ეს თითქოს ძალიან ძლიერი გადაჯაჭვაა და ალბათ ფიქრობთ, რომ კოლოსალური ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ, რათა დაძლიოთ საუკუნეების განმავლობაში გაჩენილი ქანქარის ფესვები. გგონიათ უნდა დაძლიოთ? არა, საქმე დაძლევაში არ არის, საქმე სიხშირეების არ დამთხვევაშია..

მაგრამ, ქანქარა რისი ქანქარაა? მისი ენერგია თქვენ გაგანადგურებთ, თუკი მის წინააღმდეგ გაილაშქრებთ. მას ერთი ბიძგი ჰყოფნის იმისთვის, რომ მთლიანად გაგსრისოთ. თქვენ უკვე იცით, რომ ქანქარასთან ბრძოლა იგივე მისი მონობაა. გალაშქვრა კი ენერგეტიკული ომით არ ღირს, რადგან მას თქვენზე მრავალჯერ მეტი ენერგია აქვს. აბა რა ვქნათ? როგორ უნდა ჩავაგდოთ ქანქარა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ქვეცნობიერში იკიდებს ფესვებს?

იქნებ თქვენ ფიქრობთ, რომ ქვეცნობიერში მყოფი რწმენა - განწყობების კონტროლი შეუძლებელია? ამიტომაც გგონიათ, რომ კარმული ქანქარებისგან თავის დაღწევა შეუძლებელია?

იცით რა? მოდი ამ ეტაპზე კიდევ ერთ დისციპლინას გაეცანით - NLP. მაშ ასე, ვკითხულობთ:

............ზზზზზზზზზ............
............პროგრამირება............
............ ვინ არის მძღოლი? ............
............ "საიდან იცით, რომ ასე და ასეა?" ............
............ზზზზზზზზზ............

გილოცავთ! თქვენ კიდევ ახალი ცოდნა შემოგემატათ. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად მიდის.
ამრიგად, დავუბრუნდეთ ჩვენს შეკითხვას: იქნება და თქვენ ფიქრობთ, რომ კარმული ქანქარის ჩაქრობა შეუძლებელია, რადგან ქვეცნობიერში ღრმად აქვს ფესვები გამჯდარი?

თუ ასე ფიქრობთ, მაშინ ყველაფერს ართულებთ მეგობარო. თუ თქვენ თვლით, რომ ეს ქანქარა დიდებული რამ არის და მისი მოშორებაც შესაბამისად დიადი საქმეა, მაშინ ასეც იქნება. მოდი გადავწყვიტოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ეს ქანქარა არაფერსაც არ წარმოადგენს, მას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, და საერთოდაც ერთი ჩვეულებრივი ქანქარაა..

არა, ქანქარის ზიზღს არ გთავაზობთ, რადგან ამ შემთხვევაშიც თქვენ მას გამოკვებავთ. უბრალოდ ჩათვალეთ, რომ კარმა არც ისეთი დიდი ტრაგედიაა და.. აი ამაში კი NLP დაგეხმარებათ. თქვენ შეიძლება ვერ ჩახვიდეთ თქვენი ქვეცნობიერის სიღრმეებში და ვერ გაასუფთავოთ ის ზედმეტი ქანქარებისგან (ეს ჩვენთვის მართლა შეუძლებელია), მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მოატყუოთ თავი, ანუ დააპროგრამოთ განწყობა. თქვენ ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ქანქარას მნიშვნელობა გააუფასუროთ, თუნდაც იმ ქანქარასი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დროსა და სივრცეს უძლებს და თქვენში დიად მისიებს და ბედისწერებს აწესებს. ხვდებით იდეას? ქანქარას იმიტომ ვერ აქრობთ, რომ ის მნიშვნელოვანი და დიადი გგონიათ, შესაბამისად მისგან თავის დაღწევა შეუძლებელი. ასეთი განწყობა თქვენს ღრმა ფენებშია, და NLP დაგეხმარებათ ამ განწყობის გადაწყობაში.

ცხადია, ეს შეიძლება იყოს ამ ცხოვრების ქანქარა, ან წინა ცხოვრებების. ყველა შემთხვევაში, NLP დაგეხმარებათ ქანქარების ჩაქრობაში, და საერთოდაც - ტრანსერფინგის მეთოდების რეალობაში გასახორციელებლად NLP ზედგამოჭრილია.

თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ "უდიდესი და უზარმაზარი" ქანქარა სინამდვილეში უბრალო საქანელისნაირი ქანქარაა, ეჭვი არ შეგეპაროთ - სამყარო ამას დაგიმტკიცებთ. რადგან სამყაროში ნამდვილად ყველაფერი ნეიტრალურია, და თქვენი გაზვიადება მხოლოდ თქვენს ცხოვრებაში ახდენს გავლენას.

თქვენ შეგიძლიათ კარმული ქანქარის ჩაქრობაც კი. ამაშია მთელი "მუღამი". ნებისმიერ, ძალიან დიდი მისიის მქონე ადამიანსაც შეუძლია უარი თქვას თავის მისიაზე (ქრისტესაც კი შეეძლო უარის თქმა გეთსიმანიის ბაღში ლოცვის დროს), და თუ მას შესაბამისი ფსიქოლოგიური განწყობა ექნება, მას არავინ დასჯის, არცერთი გრანდიოზული მასშტაბების ქანქარა. ეს ნებისმიერ ადამიანს და ნებისმიერ ქანქარას ეხება. სწორედ ამ განწყობის დაპროგრამებაში გვეხმარება NLP.

თუ თქვენ თვლით, რომ ეს ძალიან რთულია, რადგან ქანქარას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაშინ შეცვალეთ მისი მნიშვნელობა. ყველაფერი ასე "მარტივადაა". ეს და სხვა მეთოდები NLP - ში მუშავდება, და იმედი მაქვს ჩვენ ყველანი ვისწავლით ამ მეთოდების პრაქტიკაში გამოყენებას.

NLP ფსიქოლოგიის პროგრესული მიმართულებაა. ის არ იციკლება ტრადიციულ მეთოდებში, რომლის მიხედვითაც საჭიროა ქვეცნობიერის ღრმა ფენებში ჩასვლა და ყველაფრის გასუფთავება. ეს მხოლოდ თეორიებია, და თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ კოლექტიურ ქვეცნობიერზე და სამყაროს ფესვებში ჩაიძიროთ, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. ადამიანი ვერასდროს (ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც) ვერ ჩავა თავის ფესვებში ბოლომდე. ეს უფრო წარსულის ძიებას გავს.

ამის მაგივრად სჯობს მოქმედების ვექტორი წარსულიდან მომავლისკენ შემოვატრიალოთ. იქნება და ფიქრობთ, რომ ფსიქოანალიზის გარეშე შეუძლებელია მომავლისკენ წასვლა, რადგან ჯერ არ მოგიგვარებიათ და არ "გაგიცნობიერებიათ" კარმა - კომპლექსები? თუ ასე ფიქრობთ, გეტყვით, რომ ასეთ პროცესებს ისევ თქვენ აპროგრამებთ. თუ თქვენ თვლით, რომ ძნელია ნეირო - ლინგვისტური - პროგრამირება, მაშინ ასეც იქნება. თუ ჩათვლით, რომ მარტივია და 180 გრადუსით შემოატრიალებს თქვენს ცხოვრებას, მაშინ ასეც მოხდება. არ გჯერათ ამ "სასწაულის"? შეამოწმეთ.. იქნება და თვლით, რომ შემოწმებისთვის მრავალი წელი დაგჭირდებათ, რადგან არ არის მარტივი ასე უცებ ამ საოცარ პრაქტიკაზე გადაწყობა ფსიქოლოგიის ტრადიციული მეთოდების ფონზე? მაშინ ასეც იქნება, თუმცა თუ თქვენ განეწყობით, რომ ამას მხოლოდ რამდენიმე თვე დასჭირდება, მაშინ ასე მოხდება. არ გჯერათ ამ "სასწაულის"? შეამოწმეთ...

წარმატებები ყველას!

40403706 322027248374208 8082902363993538560 n

შინაგანი პატიოსნება

აუცილებელია შინაგანი პატიოსნება შეინარჩუნოთ ყოველ მომენტში, ანუ თქვენი შინაგანაწესის მიხედვით იცხოვროთ. ეს შინაგანაწესი, ანუ წარმოდგენა ცხოვრებაზე, ქმნის კიდეც ჩვენს რეალობას. ამ მექანიზმს მე "რწმენა - განწყობის ანარეკლს" ვუწოდებ. ყოველ ჩვენგანს აქვს წარმოდგენა ცხოვრებაზე, და ანუ რწმენა რაღაც კანონებისა, რომელიც რეალობას მართავს. თუ ჩვენ მაგალითად გვწამს, რომ X არის რეალობის კანონები, მაშინ რეალობა ჩვენს გარშემო მართლაც X -ით იფუნქციონირებს.
ამრიგად, თუ თქვენ შინაგანად გრწამთ X განაწესის, და მას დაარღვევთ ცხოვრებაში, მაშინ შესაბამისი "X კანონმდებლობით" მოგეზღვებათ. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შეცვალეთ ცხოვრებაზე წარმოდგენა და ახლა X - ის კი არა მაგალითად Y - ის გრწამთ, და შესაბამისად Y - ით ცხოვრობთ, თუმცა სინამდვილეში ისევ X - ის გრწამთ გულის სიღრმეში, მაშინ იმედი გაგიცრუვდებათ. ამაში მდგომარეობს შინაგანი პატიოსნების იდეა - იცხოვრო შენი წესებით.
ახლა ეს ყველაფერი რისთვის ვთქვი.. ვინაიდან ზოგიერთი ქანქარა ჩვენი ქვეცნობიერის ღრმა ფენებშია, და შესაბამისად ჩვენს რწმენა - განწყობას ის ქმნის, ამიტომაც ჩვენი ცხოვრებაც შესაბამის ხაზებზეა "არეკლილი" (როგორც მე ვიტყოდი). თუ თქვენ დაარღვევთ კარმის კანონებს (ანუ შესაბამისი ქანქარისთვის მიუღებლად იცხოვრებთ, ანუ არ შეასრულებთ თქვენს "მისიას", რომელიც ქანქარამ დაგაკისრათ), მაშინ მოგეზღვებათ შესაბამისი ქანქარის კულტურაში. ეს "მოზღვევა" შეიძლება იყოს სასჯელი, შეიძლება იყოს გაკვეთილის ფორმით რაიმე, შეიძლება იყოს გამონათება გონებაში, ან სულაც ევოლუციურად მაღალ საფეხურზე ასვლა და ა.შ. გააჩნია რამდენად კონსტრუქციულია ქანქარა.
[არ არის აუცილებელი, რომ ქანქარა დესტრუქციული იყოს. მაგალითად ქრისტიანი წმინდანები ეხმარებიან მათთან მისულ ადამიანებს მათი შესაბამისი ევოლუციური და კულტურული მდგომარეობის მიხედვით. შორიდან ეს შეიძლება ჩანდეს, როგორც "ბრბო", "ფარა" და სხვა. მაგრამ, ამ ადამიანებს სწორედ ის სჭირდებათ, რასაც წმინდანები აკეთებენ მათთვის მოცემულ მომენტში. ეს მათთვის კონსტრუქციულია, ასე რომ გააჩნია მრავალ რამეს ქანქარის შეფასებისას.]

ამრიგად, თუ თქვენ არღვევთ შინაგანაწესის კანონებს, მაშინ თქვენ მიდიხართ საკუთარი თავის წინააღმდეგ, ანუ შინაგან პატიოსნებასთან პრობლემა გაქვთ. არ მოტყუვდეთ, და არ გეგონოთ, რომ რწმენა - განწყობის გადაპროგრამება მარტივია, და თუ მაგალითად ინტელექტუალურად გაანალიზებთ ამ სიტუაციას (თუნდაც ამ სტატიის წაკითხვის შემდგომ), არ გეგონოთ, რომ ეს უკვე თქვენს თავისუფლებას ნიშნავს. კარმული ქანქარა შეიძლება დიდი ხნით გადაიმალოს ზედაპირული დამკვირვებელი თვალისთვის, მაგრამ წლების შემდგომ კვლავ ამოყოს თავი, და თქვენ, რომელსაც გეგონათ, რომ უკვე მრავალი წელია ცხოვრების ახალი წესებით ცხოვრობდით, აღმოაჩენთ, რომ "ღმერთი ურმით მოგდევდათ". ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კარმის "ჩაქრობა" შეუძლებელია. უბრალოდ, მრავალი ადამიანი აწყდება რა ასეთ სიტუაციას, ჩაქრობის იმედს კარგავს.

ამიტომაც ფრთხილად იყავით. იცხოვრეთ ახალი წესებით მხოლოდ მას მერე, რაც დარწმუნდებით, რომ შინაგანად ახალ წესებზე გადაერთვეთ. თუ შინაგან დონეზე ქანქარა მაინც გმართავთ, მაშინ ადრე თუ გვიან იმედგაცრუება გელით.

არიან ადამიანები, რომელთაც მრავალი კარმა - კომპლექსი დაძლიეს, სიმაღლეებს მიაღწიეს და შემდგომ ეგრეთ წოდებული "წარმატების ფორმულები" შექმნეს. თუმცა რა გარანტია გაქვთ, რომ მათი ასეთი ცხოვრება არ იყო მათი მისია, რომელიმე თუნდაც კონსტრუქციული ქანქარისგან მათდამი ბოძებული? ამის ერთ - ერთ საინტერესო მაგალითს ქვემოთ მოგიყვანთ.

შეგიძლიათ მათ მეთოდებს მისდიოთ, თუ თქვენ გჯერათ, რომ ეს დაგეხმარებათ. ხომ გახსოვთ? მთავარი აქ რწმენა - განწყობაა.

ამრიგად, დარწმუნდით, რომ შეგეცვალათ წარმოდგენა ცხოვრების კანონებზე, და მაშინ უკვე ახალი წესებით ცხოვრება აღარ იქნება შინაგანი პატიოსნების დარღვევა. თუ არ შეგცვლიათ რწმენა ცხოვრების წესებზე, მაგრამ ახალი წესებით ცხოვრობთ, ესეიგი მოცემული ეგრეგორის წესებს არღვევთ, რის გამოც "მოგეკითხებათ" შესაბამისი ეგრეგორის ფარგლებში, ეს ცხოვრების წესები, რამდენადაც უკვე ხვდებით, ვარიანტთა სივრცის რომელიმე კონკრეტული სექტორია.

ამრიგად, კარმული ეგრეგორები რწმენის ღრმა ფენებში ბუდობენ, და ხანდახან იციან გადამალვა ზედაპირული დამკვირვებელი თვალისთვის. კარმის მოტყუება (ანუ რწმენა - განწყობის გადაპროგრამება) არც ისე ადვილია და პირიქით სახიფათოა, რათა შენ არ დარჩე მოტყუებული. გეგონოს, რომ მრავალი წელია უკვე გათავისუფლდი, ამ დროს კი მოულოდნელად შეგახსენოს თავი.

თუმცა, რამდენადაც ადრეც აღვნიშნე, გადაპროგრამება ისეთივე მარტივია, როგორც რთულია. ეს ერთდროულად ძალიან მარტივი და ამ დროს ძალიან რთული მექანიზმია. ფაქიზი მექანიზმია, მაგრამ ძალიანაც ნუ ინერვიულებთ ამაზე, რადგან ამით უფრო აპროგრამებთ მექანიზმის სირთულეს.

მაგალითად, მე რომ ვწერ ამ სტატიას, ამით კიდევ ერთხელ ხაზს ვუსმევ ამ პრობლემის სირთულეს, ანუ მას განხილვის ღირსად ვთვლი. თუმცა, ეს მაინც სასარგებლოა. პირველ ეტაპზე განხილვა აუცილებელია, რადგან მეორე ეტაპზე უკვე განხილულია პრობლემა, ამიტომაც გამოცდილია ადამიანი და უფრო ბუნებრივად მოქმედებს.
არსებობს ერთი მეთოდიც, რითაც კარმული ეგრეგორისგან გათავისუფლდები. ეს მეთოდი 100% გარანტიას იძლევა. და ეს გახლავთ საკუთარი კარმის გაცნობიერება. რას ნიშნავს გაცნობიერება? ო არა, ამას ვერ განგიმარტავთ. ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ ეს სულაც არ არის ინტელექტუალური ანალიზი.

გაცნობიერება მოდის მრავალწლიანი (შეიძლება მრავალცხოვრებიანი) გამოცდილების მერე, როდესაც ადამიანი იმდენად კარგად შეიცნობს მოცემულ ქანქარას, რომ ქანქარა მასზე დაკარგავს ძალაუფლებას. ადამიანისთვის ქანქარა უკვე "განცდილი" იქნება (კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ საუბარი არ არის ინტელექტუალურ გააზრებაზე). ეს მეთოდი ნამდვილად მუშაობს, მაგრამ ჩვენ ეს არ გამოგვადგება. ეს მიიღწევა გასხივოსნებით (სრულყოფილი ადამიანი), რისკენაც ჩვენ ბევრი გვიკლია. ამიტომაც ამაზე ფიქრს შევეშვათ და უბრალოდ ვისწავლოთ რწმენა - განწყობების პროგრამირება.
გისურვებთ წარმატებებს ამ საქმეში!

Новычком везет - გაგიგონიათ ალბათ ეს რუსული გამოთქმა, რაც ნიშნავს - ახლებს უმართლებთ (რაიმე პროცესში). რატომ? იმიტომ, რომ ახლებს არ აქვთ მოცემულ პროცესში გამოცდილება, და შესაბამისად არ აქვთ ცუდი წარმოდგენა პროცესზე, ხოლო თუ ცუდი წარმოდგენა არ აქვთ, შესაბამისად ცხოვრების წარმატებულ ხაზებზეც დადიან. მაგრამ, როგორც წესი, მათ რომელიმე ქანქარა "ნაღმს" შემოუგდებს, და ადამიანს უცებ აღარ უმართლებს, რის გამოც მისი წარმოდგენა პროცესზე იცვლება, და ის ჩავარდება საკმაოდ ცნობილ ჩაკეტილ წრეში - "წარმატების გზა ეკლიანია და მუდმივად ბრძოლა გიწევს წარმატებისთვის". ეს ერთგვარი "წყევლაა", რომელიც ადამიანს წარმატების გზაზე მუდამ თან დასდევს რამდენსაც არ უნდა მიაღწიოს, მთელი ცხოვრება "განწირულია" ასეთ სტილით ცხოვრებისთვის.

ასეთი მიდგომა მრავალ რამეში შეიძლება აღმოაჩინოთ. მაგალითად როდესაც პოლიტიკაში მოდიხართ, დასაწყისში ყველაფერი გადასარევად მიდის, უცებ კი ვიღაც "დამპალი" თქვენზე გაზეთებში გაავრცელებს ინფორმაციას, რომელიც რეპუტაციას შეგილახავთ. გგონიათ ეს შემთხვევით მოხდა? არა გენაცვალე, თქვენ ამას სულმოუთმენლად ელოდით, მხოლოდ ვერ აცნობიერებდით.

ეს და სხვა მრავალი მაგალითი შემიძლია ჩამოვთვალო. პრინციპში არ არის საჭირო, თუკი ტრანსერფინგი წაკითხული და გააზრებული გაქვთ. ამრიგად, შეგიძლიათ მუდმივად "ნავიჩოკი" იყოთ, ანუ მუდმივად კარგი განწყობით შეხვდეთ ახალი ნაბიჯების გადადგმას. მოკლედ, ესეც იმის გადამღერებაა, რაც აქამდე ვილაპარაკე - რწმენა - განყობა უმეტესად თქვენს ქვეცნობიერშია. გამოიყენეთ თქვენი ტვინი მისი პროგრამირებისთვის.

რიტუალები

ისმის შეკითხვა: როგორ გავაუფასუროთ კარმული ქანქარის მნიშვნელობა? ეს რთული საქმე ხომ არ გგონიათ? რამდენადაც NLP - ს გაეცანით, ვფიქრობ, ეს მარტივ ამბავად გეჩვენებათ.

ცხადია, ცოტა რთულია იმის დაჯერება, რომ შეგიძლია შინაგანი რწმენა - წარმოდგენა ერთ წამში შეცვალო. ეს მართლაც რთული გვეჩვენება. ამიტომაც, გამოიყენეთ რაიმე მექანიზმი, რომელიც ცვლის რწმენა - წარმოდგენებს. იმის დაჯერება, რომ რწმენა - განწყობის შეცვლის მექანიზმი არსებობს, უფრო მარტივია, ვიდრე იმის დაჯერება, რომ ერთ წამში შეიძლება ყველაფრის შეცვლა.

ეს მექანიზმი თქვენთვის ძალიან გასაგები და სანდო უნდა იყოს. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ - ეს მექანიზმი თქვენთვის ავტორიტეტული უნდა იყოს. ესეიგი, თქვენ შეგიძლიათ ერთი კარმული ქანქარის ჩასაქრობად გამოიყენოთ მეორე კარმული ქანქარა. საინტერესოა ხომ?

მაგალითად, მე ბავშვობაში ძაღლების მეშინოდა. ძაღლი - ეს ჩემი პრობლემა იყო. ყოველთვის, როცა ძაღლს ვხედავდი, მე შიში მიპყრობდა. ძაღლი ჩემი კარმული ქანქარა იყო და ქუჩაში ხშირად ვხვდებოდი მას, რაც ჩემს სტრესს იწვევდა.

მეორეს მხრივ, ჩემი სხვა კარმული ქანქარა იყო ღმერთი (ანუ რწმენა იმისა, რომ ღმერთი არსებობს და მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია). ეს მექანიზმი გამოვიყენე ძაღლისგან თავის დასაღწევად. უფრო კონკრეტულად კი, მე დავფიქრდი: "იოანე! შენ ხომ იცი, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა და მაშინ რაღაც ერთი ბეწო ძაღლის რატომ გეშინია, როცა ამხელა სამყაროს ღმერთი მართავს?". ეს იყო და ძაღლის შიში გაქრა. ცხადია, ჩემს მონაყოლში უცნაური არაფერია, მაგრამ ამით იმის თქმა მსურს, რომ მე გადავაპროგრამე ჩემი რწმენა - განწყობა ძაღლის მიმართ, რაშიც სხვა ეგრეგორი დამეხმარა.

ამის მსგავსად არსებობს უამრავი რელიგიური თუ ოკულტური რიტუალები, გამოლოცვები და სხვა, რომელთაც შეიძლება "პლაცებო ეფექტი" ჰქონდეთ, მაგრამ თუ ადამიანს ნამდვილად სწამს, რომ ეს გამოიღებს შედეგს - მაშინ ეს გამოიღებს, რადგან აქაც მუშაობს ანარეკლის მექანიზმი.

რთულია ირწმუნო, რომ რწმენას მარტივად შეცვლი, სამაგიეროდ უფრო მარტივია დაიჯერო, რომ რიტუალი იმოქმედებს. ეს გასაგები ამბავია: ადამიანი მიჩვეულია იმას, რომ თავისთავად არაფერი ხდება და ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ასევე ყველა შედეგს სჭირდება გარკვეული ენერგია და მექანიზმი, რომელიც ამ ენერგიას შედეგამდე გარდაქმნის.

სწორედ ამიტომ, რიტუალი გვევლინება მექანიზმად. თუ რიტუალი შესრულდა, ესეიგი ენერგია დაიხარჯა, ესეიგი მუშაობა შერსულდა, და შესაბამისად შეიძლება შედეგის მიღება. ასეთი მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ ხოლმე, რადგან ასე უფრო მარტივად დაიჯერებს თქვენი ტვინი ცვლილებების შესაძლებლობას, რადგან თქვენს ქვეცნობიერში გამჯდარია მიზეზ - შედეგობრიობის და ენერგია - მუშაობის პრინციპი. რიტუალი - ეს იგივე წარმატების გზაა, რომლითაც შედეგამდე მივდივართ.

რიტუალური მექანიზმი შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ (და მართლაც ასე იყოს), მაგრამ თუ თქვენს ქვეცნობიერს (რომელიც ძველ არქეტიპებში იღებს სათავეს) რიტუალის სჯერა, მაშინ ეს სწორედ ის მექანიზმია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ამის სხვა ნაირსახეობა არის მაგალითად ასტროლოგია. შეიძლება ასტროლოგიური ტრანზიტების გამართლების გჯეროდეთ, მაშინ გამოიყენეთ ასტრო ტრანზიტები სხვა და სხვა ნაბიჯების გადადგმისთვის (თუ ასეა საქმე, მაშინ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს სტატიას - "იუპიტერის ტრანზიტი სახლებში"). თუ თქვენ გჯერათ ასტროლოგიის, მაშინ ის გაამართლებს. ამიტომაც, თუ თქვენი რწმენა - განწყობა არ იცვლება, მაშინ იცხოვრეთ იმ წესებით, რომელიც გაქვთ მოცემულ მომენტში. ანუ შეინარჩუნეთ შინაგანი პატიოსნება.

რაც შეეხება ქანქარის მნიშვნელობის გაუფასურებას, ეს შეიძლება მიღწეულ იქნას ინფორმაციული აფეთქებით. ანუ თქვენ გჯერათ ცხოვრების რომელიმე წესრიგის, და თუ თქვენ მიიღებთ განათლებას, რომელშიც თქვენი წესრიგი დანახულია უფრო მასშტაბური გადმოსახედიდან, მაშინ თქვენი წესრიგი გაუფასურდება.

მაგალითად: თქვენ თვლით, რომ თქვენი ქალაქი არის დედამიწის და სამყაროს ცენტრი. შემდგომ, თქვენ თვითმფრინავით ზეცად აგიყვანეს, და თქვენ დაინახეთ (ანუ შეიტყვეთ), რომ თქვენი ქალაქი არის ერთ - ერთი ქალაქი, რომელიც მსგავსია სხვა მრავალის დედამიწაზე, და ის სულაც არ წარმოადგენს სამყაროს ცენტრს. ასეთი მასშტაბური ხედვა რამდენადმე აუფასურებს დისციპლინას.

თუმცა გააჩნია.. რას გააჩნია? გააჩნია იმას, რა უფრო ავტორიტეტულია თქვენთვის. თუ თქვენთვის მასშტაბური ხედვა უფრო ავტორიტეტული ქანქარაა, ვიდრე სხვა ქანქარები, მაშინ ადრე თუ გვიან ყველა სხვა ქანქარა გაუფასურდება, რადგან თქვენ მათ მასშტაბურად შეხედავთ. ხოლო თუ რომელიმე ქანქარა უფრო "ძვირფასია" ვიდრე მასშტაბური ხედვა, მაშინ ეს უკანასკნელი მას ვერაფერს დააკლებს.

აქვე დავსძენთ, რომ ყველაზე ავტორიტეტული ქანქარა არის თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც პრობლემებისას პირველ ადგილზე ჩნდება. თუ თქვენ ვერ ახერხებთ რაიმე ქანქარისგან თავის დაღწევას, შეგიძლიათ მოარგოთ (გადააპროგრამოთ) ეს ქანქარა თქვენს უბედურებას (ანუ ასოციაცია გაუკეთოთ თქვენს უბედურებასთან), რომლისგან თავის დაღწევაშიც თვითგადარჩენის ინსტინქტის ქანქარა დაგეხმარებათ, რომელიც თქვენი ქვეცნობიერის ყველაზე უფრო ღრმა ადგილებშია, იმაზე ქვევით, ვიდრე წინა ცხოვრებებია. ეს ყველაზე ძველი ქანქარაა, რომელიც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს აქვს. მაგრამ აქაც სახიფათოა მოქმედება, რადგან თვითგადარჩენის მექანიზმიც შეიძლება თქვენთვის არასასურველი იყოს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის ქვეცნობიერში მუდამ მიდის სხვა და სხვა პროცესები, მათ შორის კარმული ქანქარების ბრძოლაც.

და ბოლოს, რაკიღა თვითგადარჩენის ინსტინქტი ვახსენეთ, ვთქვათ, რომ გასხივოსნება, როგორც ასეთი, გულისხმობს ქანქარებისგან თავის დაღწევასაც, მათ შორის ყველაზე კოლექტიური - სიკვდილის შიშის ქანქარისგანაც, რომელიც ყველაზე ძველი და ყველაზე კოლექტიურია. ეს ქანქარა "დათრგუნა" ქრისტემ (იდეალურმა ადამიანმა).

ევოლუცია

გსმენიათ ალბათ ამბავი იმის შესახებ, რომ ცხოვრების პრობლემები ჩვენ "გვზრდის" და ევოლუციურად უფრო მაღალ დონეზე ავყავართ. ეს ზრდის პროცესი მრავალი ცხოვრება მიმდინარეობს და ბოლოს გასხივოსნებამდეც შეიძლება მივიდეთ, გააჩნია რამდენად კონსტრუქციულია ეგრეგორი. მაგალითად, ქრისტეს იმპულსის დადებითად გამტარებლები მაღალ დონეზე ნამდვილი მკურნალები ხდებიან. ან ასტროლოგია რომ ავიღოთ, ზოგიერთი ასტროლოგიური ეგრეგორი ადამიანს ნამდვილად ეხმარება ევოლუციაში და მაღლა აჰყავს ადამიანი. გააჩნია ეგრეგორის ბუნებას, თავად ეგრეგორის ევოლუციურ დონეს.

ეგრეგორებს ხანდახან ახასიათებთ თანამშრომლობა, ან დაქვემდებარება - ბატონობის თამაში ერთმანეთთან. მაგალითად ერთი ეგრეგორისგან შეიძლება გამოიყოს ქვეეგრეგორები, რომელნიც მთავარ ეგრეგორს ემორჩილებიან, თუმცა თავადაც წარმოადგენენ ეგრეგორებს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მთავარმა კარმულმა ეგრეგორმა რომელიმე სხვა ეგრეგორს დროებით დაამორჩილოს ადამიანი, რაც სინამდვილეში ამ მთავარი ეგრეგორის პროგრამაში შედის, ანუ მის ინტერესებში.
მაგალითად, ქრისტიანულმა ეგრეგორმა შეიძლება ადამიანი დრო და დრო დაამორჩილოს მშობლების ეგრეგორს, ან პოლიციის, სასამართლოს თუ გინდაც სხვა სახის ეგრეგორებს, რათა ეს ადამიანი "გაიწვრთნას" ისევ და ისევ ქრისტიანობაში. ან გენეტიკური ეგრეგორი თანამშრომლობდეს ნაციონალურ, ან რელიგიურ თუ სხვა სახის ეგრეგორებთან. ეს კარმისა და ქვეკარმის, ან კარმათა თანამშრომბლობის უბრალო "მათემატიკური სტრუქტურაა", და ასეთი პროცესები ჩვეულებრივი ამბავია. ამის ერთ - ერთ მაგალითს მოგვიანებით მოგიყვანთ.

აქ მთავარი ის არის, რომ ევოლუციური მექანიზმებიც ქანქარებმა მოიგონეს. თუ კარმული ქანქარა კონსტრუქციულია (ამით ვერ დავეთანხმები ვადიმ ზელანდს, რომელიც თვლის, რომ ყველა ქანქარა დესტრუქციულია), მაშინ ადამიანის ცხოვრება მიედინება გარკვეული წესებით, გარკვეული მექანიზმებით, რომელთაც ადამიანი მიჰყავს გასხივოსნებამდე, ან განმღრთობამდე (გააჩნია ქანქარა ამას რას უწოდებს. მე ვიტყოდი პროფესიონალიზმამდე). თუ დესტრუქციულია, მაშინ ადამიანი მხოლოდ დროსა და ენერგიას ხარჯავს მისთვის არასასურველ პროცესებში, მაგრამ თუ კონსტრუქციულია, მაშინ ადამიანი თავისი პრობლემებით იზრდება. ის მეტ გამოცდილებას იღებს და სწავლობს ცხოვრებას. მაგრამ, რომელ ცხოვრებაში იღებს გამოცდილებას? რომელი ცხოვრების პროფესიონალი მაცხოვრებელი ხდება? რომელიც შესაბამისი ქანქარის სიხშირის სექტორშია ვარიანტთა სივრციდან.

შეიძლება მრავალი სხვა და სხვა რელიგიური თუ ეზოთერული ქანქარა არსებობდეს, რომელიც ადამიანს "სრულყოფილებამდე" მიიყვანს სხვა და სხვა გზებით (ან მეცნიერული თუ ეკონომიკური, რომელიც ადამიანს სხვა და სხვა სფეროში კეთლდღეობამდე მიიყვანს), და ყველა ეს გზა წარმოადგენს ვარიანტთა სივრცის რომელიმე კონკრეტულ სექტორს და "სრულყოფილებაც" შესაბამის სექტორში ხდება.

[აქვე მინდა შენიშვნა გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ მრავალი რელიგიური თუ მეცნიერული დისციპლინა ერთმანეთს რამდენადმე "ებრძვის", რათა საკუთარი ჭეშმარიტება დაამტკიცოს. რელიგიები მეცნიერებისთვის "შეუფერებელ" სასწაულებს სჩადიან, ან მეცნიერები თავისი მეთოდებით ხსნიან ამ "სასწაულებს", ან კიდევ პირიქით, თანამშრომლობენ - რელიგიურ წიგნებში აღმოაჩენენ იმ ჭეშმარიტებებს, რასაც მეცნიერება დრო და დრო ამტკიცებს. არადა ყველა ეს რელიგიური თუ მეცნიერული მიმართულება წარმოადგენს ვარიანტთა სივრცის სხვა და სხვა სექტორებს, რომლებშიც ცხოვრების თავისებური კანონები არსებობს, და ყოველ სექტორში თავისივე კანონების მართებულობა მტკიცდება.]

მოკლედ, თქვენი ნებაა ემსახურებით თუ არა ქანქარას, იყოთ თუ არა მისი რჩეული, რომელიც ქანქარის შესაბამისი სიხშირის ცხოვრებაზე დადის და თანდათან პროფესიონალი ხდება. ქანქარა შეიძლება მართლაც კონსტრუქციული აღმოჩნდეს თქვენთვის. შეიძლება მოგწონდეთ რომელიმე კულტურა, ორგანიზაცია და ა.შ., ან თქვენს ცხოვრებაში გაჩენილი კანონზომიერებები. თუ მოგწონთ და მიენდობით, ეს თქვენი გადასაწყვეტია. საბოლოოდ, ჩვენ ყველანი გამოცდილებას ვიღებთ რომელ სფეროშიც და როგორც არ უნდა ვიმოღვაწევოთ, როგორ ქანქარებთანაც არ უნდა ვითანამშრომლოთ, ჩვენი გამოცდილება იზრდება, რაც ყველა ვარიანტში სასიკეთო შედეგია ჩვენთვის. ასე რომ, მთლა ცუდადაც არ არის ქანქარების ამბავი.

* * *
უკანასკნელად, მსურს ჩამოვთვალო რამდენიმე გავრცელებული ტიპის კარმული ეგრეგორი, რომელთაც ჩვენს "ბედისწერაში" მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. ცხადია, ნებისმიერი ეგრეგორი შეიძლება გადაიქცეს კარმულად (გინდა დესტრუქციული, გინდა კონსტრუქციული), მაგრამ არსებობენ დიდი მასშტაბების ეგრეგორები, რომლებსაც კაცობრიობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ, და ზოგიერთ მათგანზე ვიტყვი.

გენეტიკური - ეს ეგრეგორი მეტ - ნაკლებად ყველა ადამიანს მოჰყვება. მისი მოქმედება შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიხატოს. გარდა მშობლების და წინაპრებისგან გადმოყოლებული თვისებებისა, ადამიანის ცხოვრების მოვლენებიც ხანდახან დაკავშირებულია წინაპრებთან. მაგალითად, ადამიანს გარკვეულ ასაკში ცხოვრებაში რაღაც "უბედურება" ან "ბედნიერება" დაემართება, ის, რაც მის წინაპარს დაემართა იმავე ასაკში. შეიძლება ასევე სასიყვარულო ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, როგორებიც მის წინაპარს მოსწონდა. საერთოდაც, ამ თემის გაშლა საკმაოდ მრავალფეროვნად შეიძლება. გენეტიკური კარმა ხანდახან ძალიან გამჯდარი არის ხოლმე ადამიანის შინაგან და გარეგან სამყაროში.

ნაციონალური - ეს ეგრეგორი უმეტეს შემთხვევაში გენეტიკურ ეგრეგორთან თანამშრომლობს ხოლმე, თუმცა შეიძლება სხვა რაღაცებთანაც იყოს სხვადასხვანაირად დაკავშირებული. ეს კარმა მეტ - ნაკლებად პატრიოტ ადამიანებს ბადებს, გააჩნია რამდენად არის ადამიანში გამჯდარი.

რელიგიური - თუ ეს ეგრეგორი ძლიერად არის ადამიანში გამჯდარი და მრავალი ცხოვრებაა მას თან დაჰყვება, მაშინ შეიძლება შეიქმნას ეგრეთ წოდებული წმინდანი (ანუ ამ ეგრეგორის პროფესიონალი), რომლის ცხოვრებაც მთლიანად მიძღვნილია ამ ეგრეგორის მსახურებას.

ასტროლოგია - ეს ეგრეგორი კი ცხოვრების მრავალ სფეროს ეხება. ის შეიძლება თანამშრომლობდეს რელიგიურ, ნაციონალურ თუ სხვა ნებისმიერ ეგრეგორთან. ვინაიდან, ასტროლოგია თავის თავში ყველაფრის მოცვას ცდილობს და ყველაფერზე საუბრობს, ამიტომაც მისი თანამშრომლობა უამრავ სხვა ეგრეგორთან შეიძლება.
[მაგალითად, ჩემი ყველაზე ძლიერი კარმული ეგრეგორებია ქრისტიანული და ასტროლოგიური, რომლებიც თანამშრომლობენ გენეტიკურ ეგრეგორთან, რადგან ჩემი წარმოშობის ისტორიები (ესეიგი, ჩემთან დაკავშირებული მოვლენები ჩემს დაბადებამდე) საოცარ მათემატიკურ კანონზომიერებებს ემორჩილებიან ქრისტიანული და ასტროლოგიური თვალთახედვით. ასევე, ჩემი ცხოვრების პროცესებიც მრავალი არხით არის გადაჯაჭვული ამ თემატიკასთან. ამიტომაც მე მათი "რჩეული" ვარ, და პირდაპირ ვიტყვი: მე ეს თემები ძალიან მომწონს, ბავშვობიდან მოყოლებული ესენი ჩემი ინტერესის სფეროა. თანდათან მე ეზოთერიკის ახალ სფეროებსაც ვეცნობი. ვინ იცის, იქნება და ეს ახალი სფეროებიც ჩემი კარმის ნაწილია, რომელიც გვიან გამომჟღავნდა და დაშენდა რელიგიურ და ასტროლოგიურ თემატიკაზე? შეიძლება ეს რელიგიაც, ასტროლოგიაც და ეზოთერიკის სხვა დარგებიც სულ სხვა უფრო დიდი ეგრეგორის ქვეეგრეგორებია. ან უბრალოდ კარმის გარეშე ჩემით მივდივარ წინ. ვინ იცის..]

მზის სისტემის - ამ ეგრეგორის მუშაობა მეტ - ნაკლებად მრავალ ადამიანში მიმდინარეობს. მისი მთავარი კონსტრუქციული მიზანია ადამიანების (ანუ მისი ქვეეგრეგორების) ევოლუცია, რაც შეიძლება სხვა და სხვა იმპულსებით გამოვლინდეს. მაგალითად ქრისტეს იმპულსი, ან ასტროლოგია (თავისი ბუნებრივი სახით).
ეს ეგრეგორი მრავალ ეგრეგორთან თანამშრომლობს (პრინციპში ნებისმიერ ეგრეგორთან დედამიწაზე) და ასევე მოიცავს მათ, როგორც ქვეეგრეგორებს (რადგან მზის სისტემა დედამიწის ყველა ეგრეგორზე უფრო მაღალი სისტემაა). ეს თანამშრომლობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ყველაზე უფრო მასშტაბური აღწერა კაცობრიობის ისტორიის, რადგან ეს შეიძლება გულისხმობდეს სწორედ თითოეული ადამიანის ეგრეთ წოდებულ "კოდის" და "პროგრამის" გაწერას, რისი შესრულებითაც ადამიანი ევოლუციურად უფრო მაღლა ადის, რაც არის კიდეც მიზანი მზის სისტემის ეგრეგორის.
ანუ შეიძლება თითოეული მაღლა ჩამოთვლილი (და ჩამოუთვლელი) ეგრეგორი მზის სისტემის "განგებით" მოქმედებდეს ადამიანებზე (გნებავთ პოლიტიკური, ან რელიგიური, ან ნებისმიერი ეგრეგორი, რითაც სავსეა ჩვენი ცხოვრება, დაწყებული ძაღლის ყეფით დამთავრებული რითიც გინდათ), რათა ადამიანებმა შეასრულონ თავისი ევოლუციური მისია, რომელიც მათ განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს, რაც არის კიდეც სამყაროს არსებობის ძირითადი მექანიზმი. ვინ იცის..
მართალია, მე აქამდე კარმული ეგრეგორებისგან გათავისუფლებაზე ვსაუბრობდი, თუმცა შეიძლება ეს გათავისუფლებაც ჩვენი "კოდის" ნაწილი იყოს. ამის ერთ-ერთ კარგ მაგალითს ქვემოთ იხილავთ.

40467636 309221486329029 6412199058382782464 n

მაგალითი: ჯიდუ კრიშნამურტი

ახლა კი, როგორც შეგპირდით, მინდა მცირედ გიამბოთ კაცობრიობის ისტორიაში ერთ - ერთ ადამიანზე, რომელსაც კარმული ქანქარისგან გათავისუფლება სურდა. ეს მან ნაწილობრივ მოახერხა. ეს "ნაწილობრივ" იმაში გამოიხატება, რომ აქ საქმე გვაქვს ეგრეგორისა და მისი ქვეეგრეგორის კარმასთან. ეს ადამიანი ქვეეგრეგორისგან მთლიანად გათავისუფლდა, თუმცა ეს ქვეეგრეგორისგან გათავისუფლება მთავარი კარმული ეგრეგორის პროგრამის ერთ - ერთი ნაწილი იყო, რომელიც მან შეასრულა პროფესიონალურ დონეზე.

ცნობები ძირითადად აღებულია ვიკიპედიიდან:

მე-19 საუკუნეში ვინმე ელენა ბლავატსკაიამ თანამოაზრეებთან ერთად ნიუ - იორკში დააარსა თეოსოფიური საზოგადოება, რომელიც გავრცელდა მთელს მსოფლიოში (განსაკუთრებთ აზიაში). მე-20 საუკუნის დასაწყისში თეოსოფია ძალიან მძლავრი ეგრეგორი იყო და მრავალ ჟურნალი იბეჭდებოდა ამ თემაზე. არსებობს დავები იმის შესახებ თეოსოფია რამდენად რელიგიური ან რამდენად ეზოთერულია. თუმცა, ჩვენს მიზანს ამის გაგება სულაც არ წარმოადგენს.

თეოსოფისტები თვლიდნენ რომ, ახლო მომავალში მესია კიდევ ერთხელ უნდა მოვლენილიყო კაცობრიობისთვის. ანუ ის "ღვთაება" (არ ვიცი ზუსტად როგორ უწოდებდნენ), რომელიც ქრისტეს სახით მოვიდა დედამიწაზე 19 საუკუნის წინ, ახლაც უნდა მოვლენილიყო ახალი სახით, და გამხდარიყო მსოფლიო მასწავლებელი, უკვე ახალი წყობის მსოფლიოსთვის. თეოსოფისტები მთელს დედამიწაზე ეძებდნენ შესაფერის ადამიანს, რომელსაც ჯერ ინტელექტუალურად განსწავლიდნენ, ხოლო შემდგომ მასში "ჩაისახებოდა მესია", რომელიც მთელი კაცობრიობის მასწავლებელი გახდებოდა.

თეოსოფია ინდოეთშიც იყო გავრცელებული, და ამ საზოგადოების ერთ - ერთმა მაღალმა იერარქმა - ვინმე ჩარლზ ლედბიტერმა (რომელიც თავის თავს მედიუმს თუ ტელეპატს უწოდებდა) შენიშნა ყმაწვილი - ჯიდუ კრიშნამურტი - და დანახვიდან პირველივე წამს მიხვდა, რომ ეს ადამიანი დადგებოდა მსოფლიოს დიადი მასწავლებელი.

აღსანიშნავია, რომ თეოსოფიურ საზოგადოებას უკვე ჰყავდა არჩეული "მომავალი მესიის დამტევებელი" ადამიანი, მაგრამ ერთხელაც ლედბიტერმა შენიშნა ჯიდუ, და მან უცებ შეცვალა გადაწყვეტილება და მტკიცედ აღნიშნა - ჯიდუ არის რჩეული.

[მოგვიანებით ლედბიტერი იხსენებს, რომ ჯიდუს დანახვისას მან მასში შეამჩნია აბსოლუტური სიცარიელე ეგოსგან, რაც იყო კიდეც მისი მესიანისტური იდეის საწინდარი]

ჯიდუ იზრდებოდა თეოსოფიურ ფილოსოფიაზე და დრო და დრო ლედბიტერთან ერთად ჰქონდა "გასვლები და მოგზაურობები" (ღმერთმა უწყის სად). თუმცა, მომავალში ჯიდუ ამ "მოგზაურობებიდან" ვერაფერს ვერ იხსენებს. ჯიდუ იზრდებოდა იმ განწყობით, რომ ის უნდა გამხდარიყო მომავალი მესია, რომ მრავალწლიანი თეოსოფიური განათლების მიღების შემდგომ მასში ჩასახლდებოდა მესია, რომელიც კაცობრიობის მხსნელი და განმათავისუფლებელი გახდებოდა.

ზრდასრულ ასაკში ჯიდუ უკვე კითხულობს ლექციებს და მას მსმენელები ჰყავს თეოსოფიური საზოგადოებიდან. ჯიდუ ჰყვება ყველაფერს, რაც მას ასწავლეს. მაგრამ, ნელ - ნელა მასში იწყება ცვლილებები. ჯიდუ თანდათან ჩამოშორდება თეოსოფიის ორდენს თავისი ფილოსოფიით და დაკარგავს მსმენელებს (თეოსოფიურ საზოგადოებას). ჯიდუში ხდება სრულიად რევოლუციური გარდატეხა - ის ჩამოშორდება თეოსოფიას (თეოსოფიის საზოგადოების ქონებასაც კი უკან დაურიგებს მათ, ვინც შესაწირი გააკეთა), ის მთლიანად უარყოფს და დაშლის თეოსოფიურ საზოგადოებას, რომელმაც გაზარდა და "გამოძერწა" მისგან "მსოფლიო მასწავლებელი". ჯიდუ უარყოფს არა მარტო თეოსოფიას, არამედ ის მიდის ნებისმიერი მოძღვრების თუ ფილოსოფიის, ნებისმიერი ეზოთერული თუ რელიგიური სწავლების (ნებისმიერი ეგრეგორის) წინააღმდეგ.

რამდენიმე წელიწადში ჯიდუ ხდება ადამიანი - გიგანტი. თუ აქამდე მისი ლექციები იყო იმ ყველაფერზე საუბარი, რაც მას ასწავლეს თეოსოფიურ სკოლაში, ახლა უკვე ის აღარ არის საკუთარ თავში დაურწმუნებელი და მან იცის რას და რაზე საუბრობს, რადგან ის საუბრობს მხოლოდ იმაზე, რაც თვითონ განიცადა. ჯიდუმ უკვე იცის რაზეც საუბრობს. ის საუბრობს უბრალო ენით, მარტივი ლექსიკით, და მის ტექსტებში არ არის არავითარი მეცნიერული ტერმინოლოგია.

ჯიდუ ხდება ის ადამიანი, რომელსაც თეოსოფიური საზოგადოება ელოდა - ის ხდება მსოფლიო მასწავლებელი და ადამიანების გამათავისუფლებელი. მაგრამ, თეოსოფიური საზოგადოება დაშლილია, და ზოგიერთი მათგანი იმასაც კი ფიქრობს - "სად დავუშვით შეცდომა? რა გამოგვეპარა ჯიდუს აღზრდაში?". ისინი თვლიან, რომ ჯიდუ არასწორად შეარჩიეს. სინამდვილეში მათ ვერ დაინახეს მისი სიდიადე, რომელმაც მათი საზოგადოებაც დაშალა.

მაგრამ, თეოსოფიური საზოგადოების იდეა მაინც რეალიზდა. ჯიდუ გახდა მსოფლიო მასწავლებელი. მას მოიხსენიებენ, როგორც გენიალურ ფილოსოფოსს. მისი ძირითადი ტერმინებია - "ცნობიერების ჭეშმარიტი რევოლუცია", "შემოქმედების აფეთქება". ჯიდუ ხდება ადამიანების განმათავისუფლებელი.

ამრიგად, შევაჯამოთ: არსებობს დიდი მასშტაბების ეგრეგორი, რომლის მიზანია ადამიანების (მისი ქვესისტემების) ევოლუცია. ამ ეგრეგორის იმპულსი ვლინდება სხვა და სხვა სახით, მაგალითად ქრისტეში, ან თუნდაც ჯიდუში, რომელსაც მიეცა გენიალური ფილოსოფოსის სტატუსი. ეს ეგრეგორი თავის ქვეეგრეგორად მოიცავს დედამიწის მრავალ ეგრეგორს, მაგალითად თეოსოფიას. ჯიდუს კარმული ეგრეგორი იყო თეოსოფიის ეგრეგორი, რომლისგანაც ის გათავისუფლდა, მაგრამ ის არ გათავისუფლებულა იმ ძირითადი იმპულსისგან, რომლის გავლენითაც არსებობდა თეოსოფიური ეგრეგორი - მსოფლიო მასწავლებლობა, ადამიანის გათავისუფლება, რაც იყო კიდეც უფრო მაღალი ეგრეგორის მიზანი - ევოლუცია (ევოლუციის ერთ - ერთი სახე).

მე ვთვლი, რომ სადაც ფსიქოანალიზი ისწავლება, იქ აუცილებელია ჯიდუს ხსენება, როგორც (ჩემი აზრით) ყველაზე გენიალური ადამიანის ამ სფეროში.

*       *       *

კაცობრიობის ისტორიაში არსებობს მრავალი ადამიანი (ჩვენს შორისაც), რომელიც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად უარს ამბობს თავისი კარმის ნაწილზე მაინც (ან უბრალოდ ასე ეჩვენება, სინამდვილეში კი ეს ნიჭიც მაღალი ეგრეგორისგან აქვს ბოძებული).

რატომ ავარჩიე მაგალითისთვის მაინცა და მაინც ეს ადამიანი, და არა ვინმე სხვა მრავლიდან? იმიტომ, რომ მისი "კოდი" და მოღვაწეობა დაკავშირებულია ადამიანების გათავისუფლებასთან, რაც თემატურია ამ სტატიისთვის.

ერთხელ მას ჰკითხეს, თუ რა იყო მისი მიზანი და რა ინტერესები ჰქონდა ცხოვრებაში. მან კი უპასუხა: "არაფერი. მე მხოლოდ ის მსურს, რომ ადამიანები გავათავისუფლო მათივე შექმნილი ცნობიერებისგან".

ვინც დაინტერესდით მისი ფილოსოფიით, ინტერნეტში დევს მისი წიგნები, ასევე youtube - ში დევს მისი რამდენიმე საჯარო ლექცია. მე კი გირჩევდით წაგეკითხათ მისი წიგნი "The first and last freedom - პირველი და უკანასკნელი თავისუფლება".



მსგავსი სტატიები

როგორ გვმატებს თვითრწმენას ქვეცნობიერის აღმოჩენა?!


ავტორი: ნინო დიდებაშვილი ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით - საზოგადოება...

"ცოდნა"


ავტორი: იოანე შენგელია ჩვენ მიჩვეული ვართ ინტელექტუალურ ცოდნას, ...

სამება როგორც შემოქმედების არქეტიპი


„პირველითგან იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყ...

პაზლის ნაწილაკები


მე, ღმერთი, სამყარო, შენ, ის და ა.შ.. ცხოვრების უმეტეს ნაწილს ადამი...

პრობლემა თუ გამოწვევა


ავტორი: სალომე ჯოჯუა ფოტოს ავტორი: ვანო ხარაშვილი ნახევარი საათ...

ბედნიერების დევნაში დაშვებული შეცდომები


ბედნიერება არ არის მიღწევადი წრფივი მოვლენა, არც მუდმივობით გამოირჩ...

ბუნებრივი სიამოვნებები - სექსი


ავტორი:ლევან ჩახაია ძველ ეპოქებში ადამიანები ბუნებასთან უფრო ახლოს...

მათემატიკის ეზოთერულ-ვექტორული საწყისები


ავტორი: იოანე შენგელია   ბავშვობიდან მიყვარს მათემატიკა. როდ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff