ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება ბუდიზმში

woody180
აზრები
0
0

მოცემულ ტექსტში ვისაუბრებ ადრეული ბუდიზმის უმნიშვნელოვანეს ასპექტზე

 

სხულუხია აკაკი
     
მოცემულ ტექსტში ვისაუბრებ ადრეული ბუდიზმის უმნიშვნელოვანეს ასპექტზე, „ოთხ კეთილშობილურ ჭეშმარიტებაზე“ რომელიც ჩამოყალიბებულ იქნა ბუდა შაკიამუნის მიერ. მისი ეს ოთხი ჭეშმარიტების კონცეფცია შეიძლება ითქვას წარმოადგენდა იმ გზას რისი საშუალებითაც უნდა მომხდარიყო სულის ხსნა ტანჯვისაგან. პირველ რიგში ამ კონცეფციის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა ის მოვლენები რომელიც ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს მიწიერ ტანჯვას, ესენია:სიბერე, ავადმყოფობა დაა სიკვდილი. სწორედ ამ მოვლენებზე განაზრებისას მოხდა ბუდა შაკიამუნის გასხივოსნება, მისი ბუდდჰის მდგომარეობაში გადასვლა, და ამგვარ მდგომარეობაში მყოფმა შაკიამუნმა დააფუძნა ოთხი ჭეშმარიტების დჰარმა ანუ წესი რისი საშუალებითაც ადამიანის ტანჯვისაგან განთავისუფლებაა შესაძლებელი. მოცემულ ტექსტშიც ჩვენი საუბარი სწორედ ამ კონცეფციის განხილვას დაეთმობა. რას გულისხმობს თავის თავში თითოეული ჭეშმარიტება და საბოლოოდ რა შედეგი შეიძლება მივიღოთ ამ კონცეფციის ცხოვრებაში განხორციელებით.

პირველი ჭეშმარიტების მოკლე არსი მდგომარეობს იმის გაცნობიერებაში რომ ცხოვრება თავისთავად წარმოადგენს ტანჯვის წყაროს. არა მხოლოდ ის საკითხები რომლებზე განაზრებამაც გამოიწვია შაკიამუნის ბუდდჰად ქცევა არამედ თავისთავად სიცოცხლე. როგორც ბუდდჰი შაკიამუნი განმარტავს სიცოცხლის სურვილი მისი ნებისმიერი ვლენა გრძნობად ყოფიერებაში აუცილებლობით ატარებენ თავის თავში ტანჯვის ელემენტებს. არა რომელიმე ასპექტი იწვევს ტანჯვას ადამიანის ცხოვრებაში არამედ თითოეული მისი გამოვლინება. გამომდინარე იქიდან რომ სიცოცხლის წყურვილი ადამიანში იწვევს გარკვეულ სურვილებს მათი დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული ტანჯვა, გულკათეხილობა და წყენა არის სწორედ ტანჯვის მიზეზი რითაც ესოდენ განმსჭვალულია ადამიანის ცხოვრება. გარკვეული სურვილების დაკმაყოფილებით გამოწვეული სიამოვნება კი წამიერია.ბუდიზმის ამ კონცეფციის თანახმად სიამოვნება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ელვისებური გაელვების მგაგვარია, სურვილები კი მთელ ცხოვრებას, გრძნობადი ყოფიერების ყოველ მომენტს გასდევს და შესაბამისად მას ადამიანისათვის ტანჯვად აქცევს. ამ საკითხის გაცნობიერება ოთხი ჭეშმარიტების კონცეფციაში ითვლება პირველ ნაბიჯად რაც გადადგმულია ტანჯვისგან განთავისუფლებისაკენ.

მეორე კეთილშობილ ჭეშმარიტებას წარმოადგენს იმის გაცნობიერება თუ რა არის მთავარი მიზეზი ტანჯვისა. ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს რომ ის მსგავსია პირველი ჭეშმარიტებისა, ამრიგად განვმარტოთ უფრო ფართოდ. მეორე ჭეშმარიტების არსი მიზეზშედეგობრიობის იმ ჯაჭვის გაცნობიერებას გულისხმობს რაც ადამიანს ტანჯვის ჩაკეტილ წრეში აიძულებს ყოფნას. აქ უნდა გავიხსენოთ ორი მნიშვნელოვანი ასპექტი ბუდისტური ფილოსოფიისა (რასაც წარმოადგენდა მისი ადრეული სახე, მანამ სანამ იგი რელიგიის სახეს მიიღებდა). ეს კონცეფციებია დჰარმა და კარმა. ორივე მათგანი წარმოადგენს გარკვეულ მიზეზობრიობას თუმცა არსობრივად მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დჰარმა წარმოადგენს კანონზომიერ ცოდნას რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს დასახული მიზნის მიღწევა. შეიძლება ვუწოდოთ მას კანონიც, გარკვეული კიბე რომელზე ასვლის შემთხვევაში ადამიანი შეძლებს ბუდდჰას თვალით შეხედოს სამყაროს. მეორეს მხრივ კარმა წარმოადგენს იმ მიზეზშედეგობრივ კავშირს რომლის გამოისობით ადამიანს ემართება ესა თუ ის მოვლენა და შემთხვევა. როგორც პირველი ჭეშმარიტება გვაუწყებს ეს „დამართნა“ არასოდესაა პოზიტიური და მისი ზოგადი სახე მკვეთრად ნეგატიურია. რომ დავუბრუნდეთ მეორე ჭეშმარიტებას და თან ავხსნათ იმ გადახვევის მიზეზი მსჯელობიდან რაც მოხდა კარმასა და დჰარმას ცნებების ახსნისათვის. ეს ქმედება განპირობებული იყო იმით რათა უკეთ ყოფილიყო წარმოჩენილი იმ თორმეტი ასპექტის მნიშვნელობა რაც მეორე საფეხურშია მოცემული. როგორც ზემოთ ვახსენეთ მეორე კეთილშობილური ჭეშმარიტება წარმოადგენს იმის გაცნობიერებას თუ რა არის ტანჯვის მიზეზი. ამისათვის კი საჭიროა გავაცნობიეროთ ის კარმული ბორბალი რომელშიც იმყოფება სიცოცხლის სურვილით „დაბმული ადამიანი. ზემოთ განმარტებული კარმის კონცეფცია ცფიქრობ მეტად ნათელს ხდის იმას თუ რა მიზეზის გაცნობიერებაზეა საუბარი მეორე ჭეშმარიტებაში. დავასახელოთ ეს თორმეტი ასპექტიც რისი გამოისობითაც ადამიანი ტანჯვაში იმყოფება. ეს მიზეზებია: 1)დაბადებაა მიზეზი ტანჯვის სიცოცხლის სახით არსებობისა 2)დაბადება შედეგია სიცოცხლისაკენ სწრაფვისა 3)მისწრაფება გრძნობად ყოფიერისკენ განსაზღვრულია ჩვენი ცნობიერების შემეცნებითი დამოკიდებულებით რეალურ საგნებთან 4)დამოკიდებულება გარე სამყაროსთან საგანთა ფლობის სურვილი, მათი ნდომა წადილი - ვფლობდეთ საგნებს - განსაზღვრულია ჩვენი სულის მიჯაჭვულობით გრძნობად საგნებთან. 5)ჩვენი სულის კავშირი გრძნობად ყოფიერთან განსაზღვრულია გრძნობადი აღქმებით 6)აღქმა განსაზღვრულია საგნებთან ჩვენი შეხებით 7)ჩვენი მგრძნობელობა გრძნობის 6 ორგანოთია განსაზღვრული 8)შეგრძნების ორგანოები განსაზღვრულია ჩვენი ორგანიზმის ჩამოყალიბებით 9)ემბრიონიდან მისი განვითარება ვერ მოხდება იმთავითვე მასში ცნობიერების არსებობის გარეშე 10)პირველადი ცნობიერება არის ჩვენი წარსული ცხოვრების შთაბეჭდილებებით განსაზღვრული 11)ეს შთაბეჭდილებები განპირობებულნი არიან თორმეტ საფეხუროვანი მიზეზობრივი კავშირებით 12)ტანჯვა განსაზღვრულია ჭეშმარიტების უცოდინრობით. 

როგორც ვხედავთ ეს თორმეტსაფეხუროვანი მიზეზობრივი კავშირი მოიცავს ადამიანის ცხოვრების თითოეულ ასპექტს მისი დაბადებიდან ახალ ცხოვრებაში გარდაცვალებამდე. გამომდინარე იქიდან რომ ინდური კულტურისათვის ნიშნეული იყო რეინკარნაციის კონცეფცია ეს კონცეფცია თავისებურად გამოვლინდა ბუდიზმშიც. კერძოდ გრძნობად ყოფიერებასთან მიჯაჭვული ადამიანის ცნობიერება იმდენადაა სიცოცხლის სურვილით განმსჭვალული რომ ის თავს ვერ აღწევს სიცოცხლის ჩაკეტილ წრეს და ისევ და ისევ უბრუნდება გრძნობად ყოფიერების ფორმას. აქ განმარტებულ უნდა იქნას ის რომ ეს არ არის უბრალო მექანიკური ალგორითმი რომელსაც ადამიანი თავს ვერ აღწევს, არამედ მისი ცნობიერების სწრაფვის გამოვლინება, დაუსრულებელი სწრაფვისა სიმაღლისაკენ. ცნობიერების ამგვარი თვისების გამოისობით ხდება ტანჯვის მიზეზის მაქსიმალიზაცია რაც საბოლოოდ მისგან თავის დაღწევასა და ჩაკეტილი კვლავ დაბადების წრის გარღვევისაკენ სწრაფვაა სწორედ. ამ ასპექტში ვფიქრობ ახსნილია ის თუ როგორაა შესაძლებელი გრძნობად სამყაროს ესოდენ ფუნდამენტურ დონეზე მიჯაჭვული ადამიანის ცნობიერებას საერთოდ მოუნდეს მისგან თავის დაღწევა და მითუმეტეს მოახერხოს ეს. როგორც ვხედავთ საბოლოო მიზანი რომელიც პირველ ეტაპზე არცაა გაცნობიერებული შეიძლება ითქვას სწორედ ამ წრის გარღვევაა.

მივადექით მესამე ჭეშმარიტებას რომლის არსის მოკლედ გამოხატვა შესაძლებელია შემდეგნაირად - ტანჯვისაგან განთავისუფლების გზის დადგენა. მეორე საფეხურზე მოხდა განსაზღვრა იმისა თუ რა არის ტანჯვის მიზეზი. შემდეგი საფეხური იმ გზის დადგენას ისახავს მიზნად რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს ამ ტანჯვისაგან განთავისუფლება. მესამე ჭეშმარიტებაში ამგვარ გზად მიჩნეულია გრძნობადი ყოფიერებისაგან განდგომა. ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა ყველაფერთან რაც საგანთა სამყაროსთანაა კავშირში. უფრო ფართოდ რომ გავშალოთ ეს ნიშნავს მიჯაჭვულობების მოხსნას სხეულებრივი სურვილების მიმართ, მატერიალურ და ძვირფას საგანთა მიმართ, ემოციათა მიმართ. პირველ ჭეშმარიტებაში ნათქვამიდან რომ ამოვიდეთ ყოველივე იმის მიმართ რაც სიცოცხლის სურვილის გამოვლინებას წარმოადგენს. ეს არის სანსარადან არჰატად გადაქცევის გზა.

საბოლოოდ განვიხილოთ მეოთხე კეთილშობილური ჭეშმარიტება რომელიც ბუდიზმის ოთხი ჭეშმარიტების კონცეფციის შემკვრელ წერტილს წარმოადგენს რადგან მისი სახით გაცხადებულია როგორც საბოლოო მიზანი ამ კონცეფციის და თავად ბუდიზმისა ასევე ამ შედეგის მიღწევის გზაც. მეოთხე ჭეშმარიტების მოკლედ გამოთქმული არსი შემდეგნაირად ჟღერს: იმ გზის ჩვენება რომლის საშუალებითაც გადავდივართ სანსარადან ნირვანაში. მეოთხე ჭეშმარიტებაში გაცხადებული ცოდნის საშუალებით ჩვენ არათუ ვწყვეტთ ჩვეულებრივი ცნობიერებისათვის დამახასიათებელ მიჯაჭვულობას კარმისადმი არამედ ვტოვებთ სამსარას ჩაკეტილ წრეს და ჩვენი ცნობიერება ინაცვლებს ნირვანას გასხივოსნებულ მდგომარეობაში. მდგომარეობაში რომელში გადასვლის შემდეგ ბუდდჰი შიკიამუნის მიერ მოხდა ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტების კონცეფციის ჩამოყალიბება. მეოთხე ჭეშმარიტებაში მოცემული ცოდნის განხილვამდე მცირედ შევეხები იმ დახასიათებას რასაც ვაწყდებით ნირვანასთან დაკავშირებით. ნირვანას ბუდისტი ბერები ახასიათებენ როგორც ცნობიერების „საპყრობილედან“ განთავისუფლებას. როდესაც ადამიანი საბოლოოდ თავისუფლდება კარმისა და მასში შემავალი კანონზომიერებებისაგან. ბუდას მიერ ამგვარი მდგომარეობა მეფე აჯატშარასათვის განმარტებულ იქნა შემდეგნაირად: ეს არის სულიერი სიწმინდე, კეთილმოსურნეობა, თავის თავის ფლობა, სიმამაცე, აღუშფოთებელი გონიერება, და სრული სიმშვიდე, მოპოვებული ვნებებსა და უმეცრებაზე გამარჯვებით. მართალია ბუდისტი ბერის ნაგასენას თქმით ნირვანას მდგომარეობის იმისათვის განმარტებას ვისაც ის არ განუცდია აზრს მოკლებულია რადგან მისი თქმით ეს იგივეა ბრმას ავუხსნათ როგორ გამოიყურება ფერი, და მეოთხე ჭეშმარიტებაც თუმცა ბოლომდე ვერ გვაგებინებს ნირვანას მდგომარეობის არსს, ის გადმოგვცემს თუ როგორ შეიძლება ამ მდგომარეობის მიღწევა ყველა ადამიანისათვის „ვინც დაძაბავს თავის სულიერ ძალებს“. მეოთხე ჭეშმარიტებაში გაცხადებული გზა ნირვანის მდგომარეობისაკენ შემდეგ საფეხურებს მოიცავს: 1.მტკიცედ დგომა ჭეშმარიტების გზაზე „ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტების“ ცოდნით; 2.ცხოვრების არსებითი გარდაქმნის ურყევი განზრახვა. კონკრეტულად ეს გულისხმობს სამი გადაწყვეტილების განხორციელებას: საგნობრივ სამყაროსგან განდგომას, ცუდი განზრახვისგან განწმენდას და მოყვაის სიძულვილის დაგმობას; 3.სწორი მეტყველება - კონკრეტული აზრების გამოხატვისას თავიდან რომ ავიცილოთ ტყუილი ცილისწამება ლანძღვა ავსიტყვაობა; 4.სწორი მოქმედება - არა ჰკლა ცოცხალი არსება, არ იქურდო,  ნუ აჰყვები ვნებათა ღელვას; 5.ცხოვრების სწორი წესი - მოქმედება და შრომა მხოლოდ კეთილი გადაწყვეტილების შესაბამისად; 6.სწორი მცდელობა უაღრესად მორალური მოქმედებისა და გამარჯვებისათვის; 7.აზრის სწორი მიმართულება ყველაფრის სწორად შეფასება და გამოთქმა. - ამ დარიგებაში იგულისხმება ბუნების საგნების ცნობა როგორც ცვალებადისა და ამრიგად თავის არ ცნობა მათზე დამოკიდებულად. საგანთა შესახებ აზრი უნდა გამოითქვას ყოველთვის სწორად ანუ საგნის ოთხი ელემენტისგან  შედგენილობის აღიარებით. 8.ყურადღების სწორი მიპყრობა ძალისა და აზრების შემოკრება, გულისყურით მოქცევა რაც გულისხმობს: ა)ყურადღების მიპყრობა გონების სიწმინდისა და სულის მშვიდი მდგომარეობისაკენ, რათა სწორად იყოს გააზრებული კეთილშობილი ჭეშმარიტებანი, რითაც მიიღწევა გრძნობადისგან გამიჯვნით მიღწეული სიმშვიდით წმინდა აზრით ტკბობა; ბ)ჭეშმარიტებაზე სწორი ყურადღებით მიიღწევა ეჭვებისგან განთავისუფლება, სიმშვიდისა და შინაგანი აუღელვებლობის სიხარულით გაცნობიერდება ამ სიხარულისა და სიმშვიდის მდგომარეობა; გ) მიიღწევა სიხარულის დაძლევა და სულიერი კონცენტრირება გულგრილობაზე - სრული გულგრილობა საგნებისა და თვით ყურადღების გამახვილებისადმი, ე.ი. იხსნება ყურადღების დაძაბულობა; დ)სრული განთავისუფლება ფიქრისგანაც, რომ მიღწეულია თავისუფლების გაცნობიერება, მოპოვებულია აღუშფოთებლობის მდგომარეობა - სულიერად იმ სიმაღლეზე ასვლა როცა აღარ განიცდება არც ტანჯვა და არც მისგან განთავისუფლება, აღარც თვითფლობა. ეს არის უმაღლესი მიზნის მიღწევის მდგომარეობა. 

რომ შევაჯამოთ ადრეულ ბუდისტურ ფილოსოფიაში ჩამოყალიბებული ეს კონცეფცია პირველ რიგში აყენებს ტანჯვის პრობლემას როგორც ზოგადადამიანურ მოცემულობას. ის ეხება ყველას განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა - აქ უკვე ჩანს დაპირისპირება ორთოდოქსულ სწავლებებთან - შემდგომ ამისა გვაძლევს დეტალურ დახასიათებას იმისა თუ რა არის ამ პრობლემის მიზეზი და ამას აკეთებს მის ფილოსოფიურ სისტემაშივე ჩამოყალიბებული ენით - იგულისხმება დჰარმისა და კარმის ცნებები რომლებიც სახელდობრ ამ სახით ბუდიზმშია მოცემული, იგივე ორთოდოქსულ სწავლებებში დჰარმა შეიძლება გაგებულ იქნას როგორც ყოფითი ცხოვრების შემადგენელი ნაწილის რიტუალების ჩატარების წესი რის ღირებულებასაც ბუდიზმი უარყოფდა -  შემდგომ ამისა აყენებს საკითხს ამ ზოგადადამიანური პრობლემის მოხსნისაკენ მიმავალი გზის განსაზღვრისა და საბოლოოდ გვთავაზობს თანმიმდევრულ გზას რომლის მეშვეობითაც ხდება პირველ ეტაპზე დასმული პრობლემის მოხსნა, ადამიანის ტანჯვისაგან ხსნა და მისთვის სანსარას ჩაკეტილი წრიდან თავის დაღწევის საშუალების მიცემა. აქ ბუდიზმი კვლავ უპირისპირდება ორთოდოქსულ სწავლებებს რადგან ამ გზის გავლას შესაძლებლად მიიჩნევს ნებისმიერი ადამიანისათვის ვინ „დაძაბავს თავის სულიერ ძალებს“, ამას გარდა უმთავრესი განსხვავება ორთოდოქსული სწავლებისაგან მდგომარეობს ინდივიდუალური ხსნის კონცეფციაში რაც ვედური კორპუსის სწავლებებისათვის გაუგონარ მკრეხელობას წარმოადგენდა. ბუდისტური კონცეფციის ეს ნაწილი შეიძლება ითქვას  უარყოფდა ვედების, მათზე დაფუძნებით წარმოქმნილი კასტების სისტემას  და საბოლოო ჯამში ორივეზე დაფუძნებულ ცხოვრების წესს და ნაცვლად ამისა აყალიბებს ერთ-ერთ ყველაზე კარგად დამუშავებულ ჰუმანისტურ კონცეფციას რომლის ამოსავალ წერტილსაც ინდივიდუალური ხსნა წარმოადგენდა.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა: მერი ჭელიძე, რევაზ გორდეზიანი - „ძველი აღმოსავლეთის ფილოსოფია“ - თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა 2001

მსგავსი სტატიები

თეზა #1


ავტორი: მამუკა გურული "ჩვენი შინაგანი რწმენა ქმნის ჩვენს ...

მეცნიერება და ეზოთერია


მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს ჩე...

მე მახინჯი ვარ


ავტორი: მარი ბექაური წყარო გუშინ მე და ჩემი ბავშვობის დაქალი ვლაპ...

თეზა #2


ავტორი: მამუკა გურული ყოველ თეზაზე მოიძებნება ანტითეზა, რომელიც ...

მარტოსული ღმერთი


ავტორი: ანა თოფურიძე ცხოვრება სპექტაკლია და ადამიანები მხოლოდ მს...

ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება ბუდიზმში


მოცემულ ტექსტში ვისაუბრებ ადრეული ბუდიზმის უმნიშვნელოვანეს ასპექტზე

ბედნიერების გასაღები


ავტორი: მამუკა გურული რომ კითხოთ ყველას, რა არის ბედნიერებაო? ყვ...

ბალანსის მიღწევის შესაძლებლობა


ალბათ დადგება დრო როცა ყველა აზრის გაცნობიერებას შევძლებთ, ყველა წა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff