იუპიტერის ტრანზიტი სახლებში

Admin
ასტროლოგია
0
0

ავტორი: იოანე შენგელია შესავალი ნებისმიერი ადამიანის დაბადების მომენტში ცაზე პლანეტების გარკვ...

jup1

ავტორი: იოანე შენგელია

შესავალი

ნებისმიერი ადამიანის დაბადების მომენტში ცაზე პლანეტების გარკვეული განლაგებაა. ეს განლაგება გვეხმარება გავიგოთ ადამიანის შესახებ ძალიან ბევრი, გავიგოთ მისი პოტენციალები ცხოვრების სხვა და სხვა სფეროში, გავიგოთ მისი კარმული პროგრამის ნაწილი მაინც, და სხვა.

ნათალური რუქა ადამიანის ხასიათისა და ცხოვრების ზოგადი ფონის მიმოხილვისთვის გამოდგება (და ეს უკანასკნელიც ევოლუციური დონის სიზუსტით). მაგრამ, ცხოვრებაში კონკრეტული მოვლენებისა და მათი თარიღების გასარკვევად მხოლოდ ნათალური რუქა არ არის საკმარისი. ამისთვის არსებობს პროგნოზირების მეთოდები.

არსებობს პროგნოზირების მრავალი მეთოდი. მათ შორის არის ტრანზიტული, დირექციები, პროგრესიები, solar, და სხვანი. აქედან მაგალითად ტრანზიტი და solar უფრო მეტად "ფიზიკურია", რადგან ისინი პლანეტების რეალურ განლაგებას ეხება, ხოლო მაგალითად დირექცია პლანეტების სიმბოლური მოძრაობაა.

დღეს მსურს ვისაუბრო, ჩემის აზრით, ყველაზე უფრო "ფიზიკურ" და "რეალურ" მეთოდზე - ტრანზიტზე. ცხადია, სხვა მეთოდებიც მუშავდება და ისინიც ამართლებენ, მაგრამ დღეს ტრანზიტზე ვისაუბრებ. უფრო კონკრეტულად კი - იუპიტერის ტრანზიტზე.

საერთოდ ტრანზიტული პლანეტები ორი გადმოსახედიდან განილიხება. ერთის მხრივ, პლანეტა თავის ბუნებრივ ხასიათს ატარებს, ანუ რაც იმთავითვე პლანეტის ფუნქციაა (მაგალითად მთვარე პასუხისმგებელია ემოციურობაზე, მერკური კომუნიკაციებსა და ინფორმაციაზე, და ა.შ.). მეორეს მხრივ, ტრანზიტული პლანეტა თავის თავში ატარებს ადამიანის შინაგანი და გარეგანი ცხოვრების იმ სფეროებს, რომლებიც სწორედ ამ პლანეტას ერგო ნათალურ რუქაში. ასე მაგალითად, ტრანზიტული იუპიტერი ერთის მხრივ განიხილება თავისი ბუნებრივი სფეროებით, რომლებიცაა საზღვრების გაფართოება, წარმატება, გამართლება, ბარაქა, ხელგაშლილობა, ფილოსოფია და სხვა. მეორეს მხრივ, როცა ტრანზიტულ ანალიზს აკეთებთ, იუპიტერის ამ სფეროების გარდა უნდა გაითვალისწინოთ ის სფეროებიც, რასაც იუპიტერი იძენს თქვენს ნათალურ რუქაში.

თქვენს ნათალურ რუქაში იუპიტერი აუცილებლად იდგება რომელიმე ნიშანში და სახლში. ასევე, ის შეიძლება იყოს რომელიმე სახლის მმართველი და ასპექტებს ქმნიდეს სხვა პლანეტებთან. იუპიტერის ეს ზოგადი ფონი ნატალური რუქიდან აუცილებლად "გადმოჰყვება" ტრანზიტულ იუპიტერს, და იუპიტერის ზოგადი სფეროების გარდა უნდა გაითვალისწინოთ სწორედ ეს ნათალური სფეროებიც.

ტრანზიტული ანალიზისას განიხილება როგორც პლანეტის ნათალურ სახლში მოძრაობა, ასევე მისი ასპექტები ნათალურ პლანეტებთან. ამრიგად, თითოეული ტრანზიტული პლანეტა შეიძლება ძალიან დიდ ინფორმაციას ატარებდეს და ცხოვრების მრავალ სფეროს ეხებოდეს. მე მხოლოდ მცირე რამეზე მსურს გესაუბროთ.
მე "ვერ" ვისაუბრებ იუპიტერის იმ სფეროებზე, რომელიც მას ნათალური რუქიდან გადმოჰყვა. ეს დამოკიდებულია ნათალური რუქის გეომეტრიაზე, და კონკრეტული ადამიანებისთვის ეს სულ სხვა და სხვა რამეები შეიძლება იყოს. ამის გასაგებად საჭიროა თქვენი ნათალური რუქა იქნეს გადახედილი, და მაშინ იუპიტერზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ.

მე ასევე ვერ ვისაუბრებ ტრანზიტული იუპიტერის ასპექტებზე თქვენს ნათალურ პლანეტებთან, რადგან ამისთვისაც თქვენი ნათალური რუქა უნდა ვიცოდე. მე მხოლოდ ზოგადად ვისაუბრებ იუპიტერის ბუნებრივი ხასიათის (ესეიგი იმ ფუნქციების, რაც იმთავითვე აქვს პლანეტა იუპიტერს) გავლენაზე სახლებში.
მეტი საინტერესოობისთვის, მაგალითებს მოგიყვანთ ჩემი ცხოვრებიდან, რათა უფრო თვალნათელი გახდეს იუპიტერის გავლენის ხასიათი. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ იუპიტერის ტრანზიტი ჩემს მაგალითად მესამე სახლში და თქვენს მესამე სახლში შეიძლება სულ სხვა და სხვა მოვლენებს იწვევდეს (რაც ალბათ დაკავშირებულია სწორედ იმ სფეროებთან, რომელიც იუპიტერს გადმოჰყვება ნათალური რუქიდან, ასევე მის ასპექტებთან ნათალურ და ტრანზიტულ პლანეტებთან), მაგრამ ზოგადი საუბრისთვის ეს მაინც საინტერესო იქნება.

როგორც ხედავთ, არც ისე მრავლის თქმა შემიძლია. ალბათ შეამჩნიეთ როგორ შევკვეცე მასალა. არ ვსაუბრობ იუპიტერის ნათალურ თუ ტრანზიტულ სფეროებზე, და მხოლოდ ნათალურ სახლში სვლაზე მსურს საუბარი. მაგრამ, დასაწყისისთვის ამ ზოგადი ფონის გაგებაც საკმარისია.

ჩემს შემთხვევაში რამდენადმე მარტივად არის საქმე, რადგან ჩემს ნათალურ რუქაში იუპიტერი არ არის არცერთი სახლის მმართველი (ესეიგი "ზედმეტი" სფეროები არ აქვს), თუმცა საკმაოდ ასპექტირებულია. ამრიგად, ასტროლოგია მათემატიკურად და ფილოსოფიურად ძალიან რთულია.

შენიშვნა: აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რაიმე მოვლენის მოსახდენად ერთი მაჩვენებელი შეიძლება არ იყოს საკმარისი. როგორც წესი, ტრანზიტულ ანალიზში რაიმე მოვლენის მოცემული მაჩვენებელი უნდა "დადასტურდეს" პროგნოზირების სხვა მეთოდებითაც. მაგალითად, solar -შიც თუ იქნება მსგავსი მაჩვენებელი და/ან პროგრესიებში, მაშინ ამ მოვლენის მოხდენის ალბათობა იზრდება.

იუპიტერი ყველაზე ზოგადად (ასპექტების გათვალისწინების გარეშე) კეთილშობილი და ბარაქიანი პლანეტაა. ის გვიხსნის პერსპექტივებს ცხოვრების იმ სფეროებში, რასაც ეხება მოცემული სახლი. იუპიტერი დაახლოებით 12 წელიწადს უნდება სრული ბრუნის შემოვლას. ესეიგი, ყოველ 12 წელიწადში იუპიტერი თქვენს მთლიან ნათალურ რუქას ტრანზიტულად შემოუვლის.

იუპიტერის 12 წლიანი რითმები შეიძლება გამოვიყენოთ პრაქტიკულად: ასე მაგალითად, იუპიტერის ერთ - ერთი ტრანზიტისას რომელიმე სახლში შეგიძლიათ წამოიწყოთ საქმიანობა, რომელიც ამ სახლის სფეროებს ეხება. თუ ინტენსიურად იშრომებთ ცხოვრების ამ სფეროებში 12 წლის განმავლობაში, მაშინ იუპიტერის მორიგი ტრანზიტისას ამ სახლში შეიძლება 12 წლიანი შრომის დადებითი შედეგები იხილოთ და დაგიფასდეთ კიდეც რაიმე სახით, მაგალითად აღიარება მოიპოვოთ, ან ფინანსურად, ან რაიმე სხვა სახით.

თუმცა, ამ კეთილის მაუწყებელ პროგნოზებს სიფრთხილით მოეკიდეთ და გაითვალისწინეთ ნათალური და ტრანზიტული იუპიტერის გეომეტრია (ასპექტები), რაც მოგცემთ უფრო ზუსტ ინფორმაციას იუპიტერის პერსპექტივებზე და ასევე სირთულეებისა და დაბრკოლებების სახეზე.
ამრიგად, გთავაზობთ ზოგად მიმოხილვას იუპიტერის ნათალურ სახლებში ტრანზიტის, თან დაყოლილი მაგალითებით პირადი ცხოვრებიდან.

j1

პირველ სახლში ტრანზიტი

ამ პერიოდში (განსაკუთრებით ასცედენტთან სიახლოვისას) იმატებს ადამიანის ოპტიმიზმი, სიხარულის განცდა, ენთუზიაზმი. ადამიანში იღვიძებს სიცოცხლისუნარიანობა. ამ პერიოდში საქმეში ადამიანი გულუხვად ხარჯავს ენერგიას. ოპტიმიზმის და სინათლის განცდა ადამიანს მრავალი დაბრკოლების გადალახვაში ეხმარება.

გამოიყენეთ ეს პერიოდი ისეთი "ოცნებების" ახდენისთვის, რომელიც საკუთარი თავის დემონსტრირებას ეხება, საკუთარი თავის გამოხატვას. ამ პერიოდში საკუთარი პიროვნულობის ეგოისტური გამოხატვა ასე ვთქვათ გამართლებულია. ცხადია, ეგოიზმის დონე დამოკიდებულია ადამიანის ევოლუციურ გავითარებაზე.

პირველი სახლი ძალიან პიროვნულია და რამდენადმე ცხოვრების ყველა სფეროსაც კი შეიძლება შეეხოს განსხვავებით სხვა სახლებისგან, სადაც უფრო მეტი კონკრეტიკა არსებობს სფეროებში.

ამიტომ, ამ პერიოდში ადამიანს გამართლება თან სდევს ყოველთვის, როცა კი საკუთარი თავის გამოხატვა სურს. ამ პერიოდში ადამიანი შეიძლება თავს "რელაქსირებულად" გრძნობდეს, ჰარმონიას განიცდიდეს ნებისმიერ სიტუაციაში (თუ იუპიტერი ძალიან დაზიანებული არ არის). ეს ის პერიოდია, როცა ადამიანის შიგნით ოპტიმიზმი ანათებს.

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს კეთილშობილი და გულუხვი ადამიანის იერი, ყველას გაბრწყინვებული სახით და თბილად ხვდებოდეს. შესაძლოა აღმოჩენაც კი გახდეს რაიმე დარგში. მოკლედ, ყველა სფერო, სადაც თვითრეალიზაცია და საკუთარი თავის გამოხატვა ხდება, იუპიტერის მფარველობის ქვეშაა.

ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ცხოვრება თავიდან იწყება, ცხოვრების ცეცხლი თავიდან ინთება და აღარ არსებობს წარსული, რადგან მომავლისკენ ოპტიმიზმით "ჰერი ჰერი".. საერთოდ, გამართლებულია ნებისმიერი საქმის წამოწყება.

ადამიანს თვითრეალიზაციის ახალ - ახალი ჰორიზონტები ეხსნება. მას სურს სხვებს ახლებურად დაენახოს, უკეთესი იმიჯი შეიქმნას და - მას ეს გამოსდის. ადამიანის შესაძლებლობების საზღვრები ფართოვდება, ამიტომაც აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ახალი სფეროს გაცნობა, ახალი დისციპლინების ათვისება, გნებავთ ხელოვნებაში ან სპორტში გავითარების დაწყება. რადგან, ყველა წამოწყება წარმატებულია და გამართლებული.

ზოგჯერ ადამიანმა შეიძლება გადააჭარბოს კიდეც (როცა იუპიტერი ძლიერად ირთვება). გადაჭარბება შეიძლება შეეხოს თვითრეალიზაციის მეთოდებს, თვითდემონსტრირებას, საკუთარი თავის ინტერესს. ფიზიკურ პლანზე ეს შეიძლება გამოიხატოს წონის მომატებაში, მოსუქებაში.

იუპიტერი რომელ სახლში მყოფ პლანეტებთანაც ასპექტირებს, იმ სახლის სფეროებში შესაძლებელია ახალი გზების გახსნა, ჰორიზონტების გაფართოება. მაგალითად, მე-9 სახლის შემთხვევაში შესაძლებელია მოგზაურობა უცხოეთში ან განათლების ახალი სისტემის გამოყენება, მე-6 სახლის შემთხვევაში ახალი სამსახური და ა.შ.
თუმცა, როგორც ადრე აღვნიშნე, გასათვალისწინებელია თვით ასპექტების დადებითობა - უარყოფითობა.

მაგალითი პირადი ცხოვრებიდან: მე 22 წლის ვარ, ამიტომ სულ რაღაც 2 წელიწადში ტრანზიტული იუპიტერი უკვე მეორედ შემოუვლის ჩემს მთლიან რუქას. რაც შეეხება პირველ სახლში ტრანზიტს, ეს ორჯერ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. პირველი ტრანზიტისას პატარა ვიყავი, და არ მახსოვს არც ჩემი შინაგანი და არც ჩემი გარეგანი სამყარო.

მეორეჯერ ტრანზიტი ხდებოდა, როცა მე სკოლაში მე-12 კლასში ვიყავი. ჩემ შემთხვევაში ოპტიმიზმი და სიხარული ორმაგდება, რადგან ნათალური მზე პირველ სახლშია. ამრიგად, რამდენიმე თვის განმავლობაში იუპიტერი ჩემს პირველ სახლში "დაბორიალობდა" და ხანდახან მზესაც უერთდებოდა.
ეს ის პერიოდია, როცა სკოლის პერიოდში გადატანილი დიდი დეპრესიის მიუხედავად (რაც დაკავშირებული იყო კლასელებთან კონფლიქტთან, რამაც ჩააქრო ჩემში სიცოცხლის ენთუზიაზმი) მე გამოვცოცხლდი. იუპიტერის ტრანზიტი პირველ სახლში პირდაპირ მისწრება იყო ჩემს დეპრესიაზე. ჩამქრალი ადამიანი უცებ განათდა. მე ახალ სკოლაში გადავედი, და თავიდანვე ხალისიანი ცხოვრება დაიწყო.

ამ პერიოდში მე კარგად მახსოვს როგორი მაღალი იყო ჩემი ოპტიმიზმი და იმედიანობა. მე შევძელი თვითრეალიზაცია ახალ კოლექტივში ყოველივე იმის მერე, რაც წინა წლებში გადავიტანე და თვითრეალიზაციის კომპლექსი გაჩნდა ჩემში. მიუხედავად ამისა, მე გზები გამეხსნა და მაინც მოწოდების სიმაღლეზე ვიყავი.
ამ პერიოდში ჩემს მიერ დაწერილი მუსიკაც რაღაცნაირ სინათლეს ატარებს, ოპტიმიზმის იერი გადაჰკრავს. ჩვეულებრივ, ჩემი ნაწარმოებები უფრო სევდიანია, მაგრამ ამ პერიოდში დაწერილი მუსიკა სითბოთი და სინათლით სავსეა.

სხვათაშორის, მუსიკალური თვითრეალიზაციაც მქონდა, და ბოლო ზარის კონცერტზე ჩემი ამ პერიოდში დაწერილი ნაწარმოები დავუკარი. ჩემი ნაწარმოებების კონცერტი ჯერჯერობით ორჯერ მქონია ცხოვრებაში და ორივე იუპიტერს უკავშირდება. პირველი იყო ამ პერიოდში - იუპიტერის პირველ სახლში ტრანზიტისას და ნათალურ მზესთან შეერთებისას. მეორე იყო მეხუთე სახლში ტრანზიტისას, რაზეც შემდგომ მოგახსენებთ.
ეს პერიოდი იყო ჩემი ჩამკვდარი პიროვნების გამოცოცხლება.

ამრიგად, იუპიტერის ტრანზიტი პირველ სახლში (ან ნათალურ მზესთან შეერთება) შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც წამალი. თუ დეპრესია გაწუხებთ და ცხოვრების ხალისი არ გაქვთ, მაშინ მკურნალობის დაწყება სწორედ ამ ტრანზიტების დროს არის სასურველი, რადგან იუპიტერი ენთუზიაზმით აავსებს თქვენს პიროვნებას.

j2

მეორე სახლში ტრანზიტი

ამ პერიოდში იუპიტერის წარმატება შეეხება ფინანსებს. შესაძლოა დაგროვილი თანხით რაიმე მოგება ჰპოვოთ. თუ აქამდე არ აგროვებდით თანხას, ამ პერიოდში სასურველია დაიწყოთ მოგროვება.

იუპიტერის ძლიერი ჩართვისას (თუ ის ჰარმონიულია) შესაძლოა დიდი ფინანსური მოგებები. არსებობს გამდიდრების პერსპექტივა. ეს პროდუქტიული პერიოდია, თანხის გამომუშავება მეტ - ნაკლებად დაბრკოლებების გარეშე ხდება.

შესაძლოა ეს პერიოდი საწინდარი გახდეს სამომავლო ბიზნეს გეგმების დასახვის, რადგან შემოსავლის ზრდა ამის "უფლებას" აძლევს ადამიანს.
ამ პერიოდში შეიძლება ადამიანმა დიდი შემოსავალი მიიღოს იუპიტერის სფეროებიდან: იურისპრუდენცია, განათლების სისტემა, რელიგია და სხვა.

აქტუალურია ასევე კერძო საკუთრების თემაც. შესაძლოა ახალ ნივთებს დაეპატრონოთ, ფუფუნების ნივთები ან დიდი ზომის ნივთები შეიძინოთ.
კომფორტის ზონაში ადამიანი ძალიან კარგად გრძნობს თავს. ეს იმდენად ტკბილი გრძნობაა, ეს იმდენად სიხარულის მომცემია, რომ იუპიტერის ძლიერი ჩართვის შემთხვევაში არსებობს საფრთხე ადამიანის კომფორტულ ზონაში დიდი ხნით დარჩენის.

მეორეს მხრივ, იუპიტერი აფართოებს საზღვრებს და ადამიანმა შეიძლება კომფორტულად იგრძნოს თავი უცხო ადგილებში, მოგზაურობისას.
სიამოვნების მიღება და სხეულებრივი ტკბობაც ერთ - ერთი აქტუალური თემა შეიძლება იყოს. ამ პერიოდში ადამიანი უჩვეულოდ დიდ სიამოვნებას განიცდის საკუთარი სხეულის მოვლით, უცხო ნივთებზე შეხებით.

გადაჭარბების შემთხვევაში (იუპიტერს კი უყვარს გადაჭარბება) შეიძლება ადამიანმა საკუთარი კანის გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს (თუმცა ეს უფრო დაზიანების შემთხვევაში).

იუპიტერის ძლიერი ჩართვისას სხეულებრივი სიამოვნების გადაჭარბებული დოზით მიღების საფრთხე არსებობს.

ადამიანი სხეულში შეიგრძნობს სიმშვიდეს, ჰარმონიას. არსებობს საკვების (განსაკუთრებით გემრიელი საკვების) დიდი რაოდენობით მიღების საფრთხე.

მეორეს მხრივ, შესაძლოა ადამიანი დაეუფლოს სპორტის სხვა და სხვა სახეობებს, რაც მისი სხეულის სტიმულირებას ახდენს, რითაც ასევე დიდ სიამოვნებას იღებს.
ფინანსებთან, კერძო საკუთრებასა და სიამოვნებასთან ერთად მეორე სახლი განაგებს ადამიანის თვითშეფასებასა და ფასეულობათა სისტემას.

თვითშეფასება იმატებს, შესაძლოა გადაჭარბებულიც კი იყოს. თვითშეფასება რამდენადმე დამოკიდებულია ადამიანის სოციალურ სტატუსზე, მისი წარმატების "ზომაზე".

ადამიანის ფასეულობათა სისტემა ფართოვდება, მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრების ახალ სფეროებს. კარგი პერიოდია "მასლოუს პირამიდის" აშენებისთვის, ცხოვრების დაგეგმარებისთვის.

მაგალითი პირადი ცხოვრებიდან არ მაქვს, რადგან იუპიტერს ორჯერ ჰქონია ტრანზიტი ჩემს მეორე სახლში, თუმცა პირველ შემთხვევაში არ მახსოვს მოვლენები, რადგან პატარა ვიყავი, მეორე შემთხვევაში კი რამდენიმე დღე გაგრძელდა და საერთოდ არაფერი მახსენდება იუპიტერის გავლენის მსგავსი ამ მცირე პერიოდში.

j3

მესამე სახლში ტრანზიტი

ამ პერიოდში შეგიძლიათ უცხო ენების ან მათემატიკის შესწავლა დაიწყოთ, ლიტერატურული ან ჟურნალისტური საქმიანობით დაკავდეთ, ან თუნდაც პროგრამირების ხელოვნებას დაეუფლოთ. მრავალი პერსპექტივა ჩნდება ჟურნალისტურ საქმიანობაში, ენობრივი აპარატის გავითარებასა და გაფართოებაში, ინფორმაციის მიღების ახალი საშუალებების გაცნობა, ინტერნეტისა და პროგრამირების ათვისება, და სხვა ინფორმაციული ტექნოლოგიების.

ამ პერიოდში ასევე შეიძლება და - ძმასთან და ნათესავებთან ხშირი კონტაქტები, გადაადგილების საშუალების შეძენა (მაგალითად ველოსიპედი, მანქანა), შესაძლოა მიმოსვლები ქვეყნის შიგნით. შესაძლოა ახალი კონტაქტების დამყარება.
კარგი დროა დაწყებითი განათლების მიღებისთვის (ვინც სკოლაში სწავლობენ, მათთვის სწორედ ეს პერიოდია სასკოლო დიდი მასალის ათვისებისთვის ხელსაყრელი). მათემატიკური უნარების გახსნა, ლოგიკურ ამოცანებზე მუშაობა.
ნათესავებთან და/ან მეზობლებთან კავშირი შეიძლება სასარგებლო იყოს, ხსნიდეს ახალ ჰორიზონტებს ცხოვრებაში.

ეს პერიოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი ცოდნის მისაღებად და გასავრცელებლად. ლიტერატურული საქმიანობისთვის, ჟურნალისტური საქმიანობისთვის. ინფორმაციის გაცვლა - გამოცვლა წარმატებით მიმდინარეობს.
ამ პერიოდში შეგიძლიათ ჩაეწეროთ იმ პროფესიის თეორიულ თუ პრაქტიკულ კურსებზე, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ და გაიხსნათ ახალი უნარები საკუთარ თავში.

შეიმუშავეთ ინფორმაციის მიღების ახალი გზები და განათლების სისტემის ახლებური მოდელი. ამაშინ ნამდვილად გაგიმართლებთ.
მენტალურად აქტიური პერიოდია, და არა მარტო მენტალურად. ამ პერიოდში შეიძლება მიეჩვიოთ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას, სისწრაფეს, სისხარტეს, გონებამახვილობას, სწრაფ გადაადგილებებს.

ყველაზე ასოციალური ადამიანებისთვისაც კი ეს პერიოდი ხსნის ახალი კონტაქტების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ასევე შესაძლოა ძველი ბავშვობის დროინდელი კონტაქტების აღდგენა, კლასელებთან მაგალითად.

ვინც ჟურნალისტიკით და სტატიების წერით ან ლიტერატურით ხართ დაკავებული, მაშინ ამ პერიოდში კრეატიულობა იმატებს და სწორედ ამ პერიოდში შექმნით ხარისხიან და გრანდიოზულ ნაწარმოებებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ იუპიტერი სექსტილს ქმნის მე-5 და/ან ტრინს ქმნის მე-11 სახლში მყოფ პლანეტებთან.
ახალი კონტაქტების ალბათობა იზრდება, თუ იუპიტერი ტრინის ასპექტს ქმნის მე-7 და მე-11 სახლში მყოფ პლანეტებთან.

მაგალითი პირადი ცხოვრებიდან: ამ შემთხვევაშიც, იუპიტერის პირველი ტრანზიტის პერიოდი არ მახსოვს. მეორე ტრანზიტი კი დაიწყო პირველ კურსზე რომ შევედი.
ტრანზიტის დასაწყისში მამაჩემმა მანქანა მიყიდა. ამ მოვლენას იმას ვუკავშირებ, რომ ჩემი ნათალური მესამე სახლი ლომით იწყება, ესეიგი მესამე სახლის მმართველი არის მზე, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში მამის სიმბოლოა.

ამავე პერიოდში დავეუფლე მართვის ხელოვნებასა და წესების თეორიას.

ამ პერიოდში ჩემი და საზღვარგარეთ მიდის. შესაძლოა, ამ მოვლენას სხვა მაჩვენებლებიც აქვს პროგნოზირებაში, მაგრამ ერთ - ერთი ალბათ იუპიტერის მესამე სახლში სტუმრობაა, ესეიგი, ერთ - ერთი ინტერპრეტაციით - საზღვარგარეთი უერთდება და-ძმას.

და რადგან ეს უნივერსიტეტის პირველი წელი იყო, რაღა თქმა უნდა, მე ახალი კონტაქტები დავამყარე და ახალი ადამიანები გავიცანი. ასევე, ზოგიერთ კლასელთანაც მქონდა კონტაქტი.

ინფორმაციის მოპოვების ახალ გზებსაც გავეცანი, რაც ასევე დაკავშირებული იყო უნივერსიტეტთან. სკოლისგან სრულიად განსხვავებული სისტემაა, სადაც ინფორმაციები უკვე ინტერნეტში უნდა ეძებო სხვა და სხვა მეთოდებით.

კომპიუტერშიც და საოფისე პროგრამებშიც უფრო მეტად გავერკვიე.

ცხადია, ეს ზოგიერთი მოვლენა ძირითადად უკავშირდება უნივერსიტეტს და ერთი შეხედვით იუპიტერი აქ არაფერ შუაშია. მაგრამ.. განა უნივერსიტეტი და უმაღლესი განათლების სისტემა იუპიტერის ერთ - ერთი სფერო არ არის?

j4

მეოთხე სახლში ტრანზიტი

აქტუალურია ფსქიქოლოგიის თემა. შესაძლოა ამ პერიოდში საკუთარ თავში მონახოთ ღერძი და საყრდენი, ფუნდამენტი, რომელზეც მომავალში დააშენებთ წარმატებას.

კარგი დროა საკუთარ თავში გარკვევისა და წარმატების ფუნდამენტის ჩაყრისთვის.

აქტუალურია თავდაცვისა და უსაფრთხოების ზომების მიღება.
შესაძლებელია ამ პერიოდში სარგებელი ნახოთ ოჯახური ურთიერთობებით, ტრადიციული ღონისძიებებით.

ამ პერიოდში შეიძლება დაინტერესდეთ ისტორიით. კარგი დროა არქეოლოგიური მასალების და მუზეომების მონახულებისთვის, ისტორიის გაცნობისთვის.

შესაძლოა ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ადამიანი საკუთარ წარსულში იხედება, უყურებს თავის ფსიქოლოგიურ გამოცდილებას, და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით (როგორც ფუნდამენტზე) იწყებს საკუთარი მომავლის აშენებას.

მეორეს მხრივ, იუპიტერის ტრანზიტი შეიძლება იმით გამოვლინდეს, რომ საცხოვრებელ სახლში მოხდეს ცვლილებები. მაგალითად, გაფართოვდეს სახლი, ან ახალი შენაძენები გქონდეთ სახლში, ან საერთოდ ახალი სახლი იყიდოთ, ან უბრალოდ სხვა სახლში გადახვიდეთ საცხოვრებლად.

ადამიანის უსაფრთხოების ზონა შეიძლება გაიზარდოს, ან უსაფრთხოების ზომები უფრო მრავალფეროვანი გახდეს და ახლებურად შემუშავდეს საკუთარი თავისა და ოჯახისთვის.

ოჯახის წევრებთან ურთიერთობა დადებითი ხასიათისაა. შეიძლება დაინტერესდეთ საკუთარი ფესვებით, გენეალოგიით. ასევე სასურველია ბუნებაში გასვლა, სოფელში წასვლა (თუ გაქვთ), მიწასთან ურთიერთობა.

მაგალითი პირადი ცხოვრებიდან: იუპიტერის მეორე ტრანზიტისას მე-4 სახლში ჩემმა მშობლებმა იყიდეს ბინა ქალაქგარეთ. მთელი ტრანზიტის განმავლობაში ჩვენ რეგულარულად დავდიოდით ბინის რემონტის ამბებზე, სანამ საცხოვრებლად ვარგისი გახდებოდა ბინა.

j5

მეხუთე სახლში ტრანზიტი

ამ პერიოდში აქტუალურია არტისტობა, შემოქმედება, ხელოვნება, აზარტი, შვილები.

თუ ოდესმე მსახიობობაზე გიოცნებიათ, ეს პერიოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მიაკითხეთ სხვა და სხვა თეატრალურ "კასტინგებს". ასევე, თუ შოუ - ბიზნესზე გიოცნებიათ, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა მაგალითად "ნიჭიერი".

თუ თქვენი ინტერესებია ცეკვა, თამაში, სიმღერა, დაკვრა ინსტრუმენტებზე, სპორტული აქტივობა, მსახიობობა, და სხვა მსგავსი ტიპის აქტივობები, მაშინ ეს პერიოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ თვითრეალიზაციისთვის. მიაკითხეთ სხვა და სხვა "კასტინგებსა" და გასაუბრებებს ამ თემატიკაში. ამ სფეროებში წარმატების ალბათობა ამ პერიოდში დიდია.

ადამიანი ბედნიერად გრძნობს თავს. ეს რაღაცნაირად მსგავსია იუპიტერის პირველ სახლში ტრანზიტის. თვითგამოხატვა ძლიერი და თავდაჯერებულია, ქარიზმატულია (განსაკუთრებით, თუ იუპიტერს ტრინი აქვს პირველ სახლთან).

ამ პერიოდში შეგიძლიათ წამოიწყოთ შემოქმედებითი მუშაობა ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს ლიტერატურა, მუსიკა, სპორტი, თუ სხვა.

ნიჭიერება და კრეატიულობა მატულობს. ადამიანი არტისტი ხდება, შეუძლია პუბლიკის ყურადღების მიქცევა.

ამ პერიოდში გართობა და თამაშები (მათ შორის აზარტულიც) აქტუალური შეიძლება იყოს. იუპიტერის წყალობით (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ჰარმონიულია) შესაძლოა აზარტულ თამაშებში და სხვა სახის შეჯიბრებებში სარგებელი და მოგება ჰპოვოთ.

საერთოდაც შეჯიბრი და გართობის სხვა საშუალებები, კლუბები, ცეკვები, სიმღერები და ა.შ. ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს.

არანაკლებ აქტუალური თემა იქნება რომანტიკული ურთიერთობები, დრამები. შესაძლოა ადამიანმა გაითამაშოს რომელიმე ფილმიდან ან ლიტერატურული ნაწარმოებიდან სასიყვარულო სპექტაკლი. საერთოდ, როლების მორგება და სპექტაკლებით ცხოვრება ადამიანს დიდ სიამოვნებას და სარგებელსაც კი აძლევს.
შესაძლოა გაჩნდეს ახალი სასიყვარულო ურთიერთობა (განსაკუთრებით თუ იუპიტერს სექსტილი აქვს მე-7 სახლთან). ურთიერთობაში გულუხვია, კეთილშობილი და ბარაქიანი.

ეს ტრანზიტი შეიძლება ბავშვის დაბადებასაც იწვევდეს (ცხადია, იგულისხმება სხვა მაჩვენებლების არსებობაც). ან უბრალოდ ბავშვების თემა აქტუალური ხდება. შესაძლოა საბავშვო ბაღებთან ან აღმზრდელობით პრობლემებთან შეხება ჰქონდეს ადამიანს.

მათ, ვისაც სურს ბავშვების აღმზრდელად მუშაობა, შეუძლიათ ამ პერიოდში მოიძიონ სამსახური.

მოკლედ, კარგი დროა გართობისთვის, დროის ტარებისთვის, ქარიზმის გამომუშავებისთვის, თამაშებისთვის, წარმატებისთვის, არტისტობისთვის, შემოქმედებითი და სპორტული თვითრეალიზებისთვის. ერთი სიტყვით, მეხუთე სახლი ბედნიერების სახლია. ჰეერი ჰაა..

გახსოვდეთ, რომ შოუ - ბიზნესი, ღამის შოუები, სცენური დადგმები და სხვა მრავალი, რასაც ტელევიზიაში (და არა მარტო) აწყდებით - თავიდან ბოლომდე მეხუთე სახლით იმართება. ვისაც ამ კუთხით გსურთ რეალიზება, სწორედ ამ ტრანზიტის დროს გადადგით სათანადო ნაბიჯები.

მაგალითი პირადი ცხოვრებიდან: მეხუთე სახლზე ბევრი ბევრი შემიძლია ვისაუბრო. ეს თემა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით მუსიკალური და ახლა უკვე ლიტერატურული განხრით.

იუპიტერი ჩემს მეხუთე სახლში პირველად მესამე კლასში შემოვიდა. ამ პერიოდში დედაჩემმა შემიყვანა მუსიკალურ 7 წლედში. მუსიკალური 7 წლედი წარმატებით დავასრულე, და დასრულებისთანავე ჩემში გაჩნდა შემოქმედების სურვილი (მანამდეც იყო, მაგრამ ახლა იფეთქა).

დავიწყე მუსიკის წერა, შექმნა. რამდენიმე წელი ვმუშაობდი, და ჯერ ჯერობით ორი კონცერტი მქონდა. პირველ პატარა მასშტაბების კონცერტზე უკევ მოგახსენეთ, როდესაც იუპიტერის პირველ სახლში ტრანზიტზე ვსაუბრობდი. მეორე კონცერტი კი მქონდა საზღვარგარეთ იმ პერიოდში, როცა იუპიტერი მეხუთე სახლში იყო.

ამრიგად, იუპიტერის პირველი ტრანზიტისას მუსიკის სწავლა დავიწყე, ხოლო მეორე ტრანზიტისას ვიხილე შედეგი - ჩემი დაწერილი ნაწარმოების საჯაროდ გამჟღავნება საზღვარგარეთ.

ამავე პერიოდში, იუპიტერის მეორე ტრანზიტისას, საფუძველი ეყრება ჩემს ლიტერატურულ მოღვაწეობას. ასევე, ამ ტიპის ნაშრომების წერას (რასაც ახლა კითხულობთ). ბლოგების წერას და სხვა.

ამრიგად, გამოიყენეთ იუპიტერის ეს ტრანზიტი ახალი შემოქმედებითი და კრეატიული საქმიანობის წამოსაწყებად.

j6

მეექვსე სახლში ტრანზიტი

ამ პერიოდში შესაძლოა სიხარული მოგიტანოთ სამსახურეობრივმა ატმოსფერომ. სწორედ ამ პერიოდში შეიძლება გაქცევაზე იყოთ ხოლმე სამსახურში, რადგან იქ ბედნიერად გრძნობდეთ თავს.

ამ პერიოდში შეგიძლიათ გამოიმუშავოთ სამსახურეობრივი უნარები (ანუ ის უნარები, რაც მოცემულ სამსახურში გჭირდებათ), გარდაქმნათ სამსახურეობრივი რეჟიმი.

შესაძლოა სარგებელი მიიღოთ მომუშავე პერსონალისგან. სხვა მაჩვენებლების არსებობის შემთხვევაში არ არის გამორიცხული კარიერული წინსვლა.

ასევე წარმატებული ხართ სხვების დაქირავებაში, რათა თქვენზე იმუშავონ.

მეორეს მხრივ, თუ თქვენი სამსახური არ მოგწონთ, მაშინ შეგიძლიათ ეძებოთ სხვა. რადგან, იუპიტერი ახალ ახალ პერსპექტივებს გვთავაზობს.
არანაკლებ სიამოვნებას მიიღებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით.

კარგი პერიოდია დისციპლინის გამომუშავებისა და რეჟიმების აწყობისთვის.

ამ პერიოდში შეგიძლიათ გაეცნოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ჰიგიენის ნორმებს, ჯანსაღი კვებისა და ვარჯიშის სხვა და სხვა ვარიანტებს.

საერთოდ, ეს პერიოდი კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევა, ან, ყოველ შემთხვევაში, სამედიცინო პროცედურები წარმატებით სრულდება.

რაც უფრო პატიოსნად იმუშავებთ და ითანამშრომლებთ პერსონალთან, მით უფრო მეტ "საზღაურს" მიიღებთ.
არსებობს ასევე წონაში მომატების ალბათობა.

ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება შეიძინოს (ან აჩუქონ) შინაური ცხოველი.

ვისაც გსურთ სამედიცინო კუთხით მუშაობა, გადადგით სათანადო ნაბიჯები.

მაგალითი პირადი ცხოვრებიდან არ მაქვს, რადგან პირველი ტრანზიტის პერიოდი არ მახსოვს, ხოლო მეორე ტრანზიტი ჯერ არ ყოფილა.

j7

მეშვიდე სახლში ტრანზიტი

ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური თემა იქნება პარტნიორული ურთიერთობები. შესაძლოა სასყვარულო ურთიერთობაში ცეცხლი თავიდან დაინთოს ან ახალი პოტენციური შეყვარებული გაიცნოთ (განსაკუთრებით, თუ იუპიტერს მე-5 სახლთან დადებითი ასპექტი აქვს).

ახალი პარტნიორი შეიძლება (არ არის აუცილებელი) იყოს სხვა კულტურიდან, უცხოელი, ან ფილოსოფოსი, რელიგიური ადამიანი.
ძველ პარტნიორებთან პრობლემები შეიძლება მარტივად გადაიჭრას.

ამ პერიოდში საკუთარ თავზე ბევრს გაიგებთ და ბევრს ისწავლით პარტნიორების დახმარებით, სხვა ადამიანების ხელშეწყობით.

შესაძლოა ფინანსური ან სხვა სახის სარგებელი მიიღოთ ქორწინებისგან.
გამოიყენეთ ეს დრო ბიუროკრატიული პროცესების წარმართვისთვის, ისინი მარტივად და დაბრკოლებების გარეშე მიმდინარეობენ.

იურიდიული საქმიანობა და სასამართლო პროცესები ასევე მეტ - ნაკლებად წარმატებით დასრულდება.

გამოიყენეთ ეს დრო ადრე დაწყებული სასამართლო დავებისა თუ კანონთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. ასევე, ძველ "გაფუჭებულ" პარტრნიორულ ურთიერთობებში გასარკვევად.

კარგი დროა ასევე ბიზნეს მოლაპარაკებებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობებისთვის. წარმატებით მიმდინარეობს გარიგებები, ხელშეკრულებები, შეთანხმებები, ბიზნეს პარტნიორობა და სხვა.

შესაძლოა სარფიან საქმე და ახალი პარტნიორები გაიჩინოთ.
თუ თქვენ გსურთ სამსახური კონსულტანტად, ან საკანონმდებლო ორგანოში, მაგალითად ადვოკატად, მაშინ ამ პერიოდში გადადგით სათანადო ნაბიჯები.
საერთოდ, ვისაც იურისპრუდენციაში სურს რეალიზება, ეს დრო გამოიყენეთ სათანადო ნაბიჯების გადასადგმელად.

სხვების დახმარებით შესაძლოა თქვენც მიიღოთ სარგებელი და დახმარება.

თუ იუპიტერი მე-11 სახლთან ტრინს ქმნის, მაშინ შესაძლოა კოლექტიური საქმიანობიდან (ესეიგი, სადაც მრავალი ადამიანი მუშაობს, ჯგუფი) სარგებელი მიიღოთ.

მაგალითი პირადი ცხოვრებიდან: ერთხელ (როცა ტრანზიტული იუპიტერი ჩემს მეშვიდე სახლში იყო) ჩემი კლასელი გოგონა ავად გახდა, და მე ის სახლამდე მივაცილე. მის ეზოში კი მისი დაქალი გავიცანი.

ეს გოგონა ძალიან მომეწონა. დავიწყე საკუთარ სილამაზესა და ქარიზმაზე ზრუნვა, და პერიოდულად ვაკითხავდი ამ გოგონას ეზოში.

ეს არც ისე დიდხანს გაგრძელდა, და სერიოზულ ურთიერთობაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ეს მოვლენა მაინც აღნიშვნის ღირსია.

საერთოდ, ამ პერიოდში მე თავი მსოფლიოში საუკეთესო მაჩოდ წარმომედგინა და მინდოდა ვყოფილიყავი პროფესიონალი მექალთანე.

ეს მოვლენა აღნიშვნის ღირსია, რადგან მსგავსი სიტუაცია მეტი არ ყოფილა (ყოველ შემთხვევაში სკოლის პერიოდში). საერთოდაც, ახალი კონტაქტების დამყარება ჩემთვის დამახასიათებელი არასდროს ყოფილა. ასე რომ, იუპიტერის ოპტიმიზმი და გავლენა ნამდვილად ჩანს.

j8

მერვე სახლში ტრანზიტი

გაგიგიათ გამოთქმა "ზოგი ჭირი მარგებელია"? ეს შესაძლოა ამ ტრანზიტისთვის დამახასიათებელი იყოს. საერთოდ, თუ იუპიტერი ძალიან დაზიანებული არ არის, ადამიანს კრიზისული სიტუაციები უჩვეულო გამართლებით გადააქვს.

იუპიტერმა შეიძლება გააფართოვოს კრიზისები, ამავდროულად, ისინი შეიძლება სადღაც სხვაგან გადაისროლოს. ამრიგად, ამ პერიოდში შესაძლებელია ადამიანის სულიერი აღორძინება, ტრანსფორმაცია, ერთი ეგრეგორიდან ევოლუციურად უფრო მაღალში გადასვლა, თანაც ტკივილების გარეშე.

მერვე სახლში ტრანზიტი გამოიყენეთ იმ ძირითადი და ზოგადი დანიშნულებისთვის, რისთვისაც ადამიანი ცხოვრობს - ტრანსფორმაცია, ევოლუცია, ზრდა. იუპიტერი ზედმეტი კრიზისების გარეშე დაგეხმარებათ პიროვნულ ტრანსფორმაციაში.

თუ ეს მდებარეობა მაღალ დონეზე დამუშავდა, ადამიანს გაეხსნება ახალ ეგრეგორებზე წვდომა, და მოცემულ მომენტში საჭირო ეგრეგორს მოუხმობს და მისგან ენერგიას მიიღებს.

მატულობს ინტუიცია. შესაძლოა ინტუიციურად მთელს ხედავდეს (და არა ნაწილ - ნაწილს), მასშტაბური ხედვა იმატებს.

გამოიყენეთ ეს პერიოდი ეზოთერიკის სიღრმეებში ინტუიციური წვდომისთვის. იუპიტერი აფართოებს ადამიანის ინტუიციურ შესაძლებლობებს, სხვა ადამიანების ღრმად გაგების უნარს, ჭეშმარიტების წვდომის უნარს.

კარგი დროა ფსიქოლოგიისა და ეზოთერიკის შესწავლისთვის, რადგან ამ სფეროებში ჰორიზონტები ფართოვდება.

წარმატება ძიებაში შეიძლება შეეხოს არა მარტო ფსიქოლოგიასა და ეზოთერიკას, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროს.

კარგი დროა ასევე საბანკო პრობლემების მოგვარებისთვის. თუ ვინმეს ბანკთან ან ვალებთან (ზოგადად, სხვის ფულთან) დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, სასურველია ამ პერიოდში გადადგათ სათანადო ნაბიჯები.

ეს პერიოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად, ბიზნესის საწარმოებლად (რასაც საფუძველი შეგიძლიათ ჩაუყაროთ მე-7 სახლში ტრანზიტისას, სადაც პარტნიორული ურთიერთობების და მოლაპარაკებების თემა აქტუალურია).

შესაძლოა სხვის ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები გადაწყდეს.

კიდევ ერთი თემა: სექსუალურობა მატულობს. ვისაც გსურთ ახალი სექსუალური გამოცდილება, შეგიძლიათ ეს პერიოდი გამოიყენოთ მაგალითად უცხოელებთან სასიყვარულო ურთიერთობის დამყარებისთვის, სექსის თეორიის შესწავლისა და პრაქტიკაში გამოყენებისთვის.

მაგალითი პირადი ცხოვრებიდან განსაკუთრებული არ მაქვს. მე-8 სახლში ტრანზიტის პერიოდში სკოლაში ბიჭებთან ურთიერთბაში წარმოქმნილ კრიზისულ სიტუაციებს ყოველ ჯერზე ოპტიმიზმით ვუმკლავდებოდი.

ასევე, პირველი სექსუალური ფანტაზიები სწორედ ამ ტრანზიტის პერიოდში მქონდა. თუმცა, ეს ალბათ ასაკობრივი პროცესია და იუპიტერი აქ არაფერ შუაში არ უნდა იყოს.

j9

მეცხრე სახლში ტრანზიტი

დიდი ხანია საზღვარგარეთ წასვლა გსურთ? ამ პერიოდში გადადგით სათანადო ნაბიჯები.

იუპიტერი აქ თავის სამფლობელოშია. ეს მრავალ პერსპექტივას აჩენს სხვა და სხვა სფეროში.

გსურთ უმაღლესი განათლების მიღება? გსურთ განათლების ახალი სისტემის გამოყენება? გსურთ უცხო ქვეყანაში მოგზაურობა, ტურიზმი, უცხო კულტურებისა და რელიგიების გაცნობა? გსურთ ფილოსოფია? გსურთ რელიგიაში წინსვლა?

მაშინ ეს პერიოდი გამოიყენეთ სათანადო ნაბიჯების გადასადგმელად.
შესაძლოა პიროვნების როლი გაიზარდოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

კარგი დროა განათლების მიღებისთვის, განსაკუთრებით, უმაღლესი განათლების. ინფორმაციები პირდაპირ ცვივა ადამიანზე.

ვისაც სურს უცხო კულტურების გაცნობა, უცხო ფილოსოფიების გაცნობა, და საერთოდ ყველაფერი ახალი და უცხო, მათთვის არის ეს ტრანზიტი. აქ ჰორიზონტები ფართოვდება.

გამოიყენეთ ეს პერიოდი საკუთარი თავის და საზოგადოების იდეალური ვარიანტის შექმნისთვის. შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ თქვენეული ხედვა იდეალურ ადამიანსა და იდეალურ საზოგადოებაზე, და იზრუნოთ სრულყოფილებაზე.

ეს პერიოდიც რაღაცით ჰგავს ცეცხლის სტიქიის წინამორბედ ორ სახლში - პირველსა და მეხუთეში ტრანზიტს. ამ პერიოდშიც ადამიანი ბედნიერად გრძნობს თავს, მხოლოდ, როცა სრულყოფილებისკენ ისწრაფვის, როცა გაცნობიერებული აქვს იდეალური "მე", და ისწრაფვის მისი რეალიზებისთვის.

ამრიგად, გამოიყენეთ ეს დრო ადამიანური იდეალის შექმნაზე და სრულყოფილებისკენ სწრაფვისთვის.

კარგი დროა ცხოვრების აზრზე დასაფიქრებლად, ფილოსოფოსობისთვის, ლიტერატურული მოღვაწეობისთვის. შესაძლოა ამ პერიოდში გამოიცეს ის სტატიები თუ წიგნები, რომელიც დიდი ხანია დაწერილი გაქვთ და აქამდე არ დაბეჭდილა.

კარგი დროა საუნივერსიტეტო პრობლემების განხილვისთვის, განათლების სისტემის რეფორმისთვის.

ვისაც მასწავლებლობა ან ლექტორობა (გნებავთ სულიერი მასწავლებლობა) გსურთ, შეგიძლიათ ამ პერიოდში გადადგათ სათანადო ნაბიჯები.

მაგალითი პირადი ცხოვრებიდან: ამ პერიოდში მე ცხოვრებაში პირველად წავედი საზღვარგარეთ. შემოთავაზება მოულოდნელი იყო და მარტივად გავითარდა პროცედურები.

საზღვარგარეთ გავიცანი უცხოელი გოგონა, რომელთანაც ურთიერთობის მცდელობა მქონდა.

საქმე ის არის, რომ ჩემი ნათალური იუპიტერი ჩემს მეშვიდე სახლში დგას. ხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობ. ასტროლოგიურ პროგნოზირებას უბრალოდ პრაქტიკა უნდა. მისი სირთულე, უფრო მეტად, მათემატიკურ მხარეშია.

j10

მეათე სახლში ტრანზიტი

წარმოიდგინეთ სიტუაცია: ვინმე X ადამიანი მრავალი წელია მუხლჩაუყრელად მუშაობს რაიმე დაწესებულებაში. ის ყოველთვის სრულყოფილად და კრეატიულად ასრულებს დავალებებს, რითაც, ერთი შეხედვით, უფროსობის დიდი მოწონება უნდა დაიმსახუროს.

მაგრამ, უფროსობა "რაღაც გაუგებარი" მიზეზებით მას ვერ ამჩნევს, და მისი დაწინაურების საკითიხი ასევე "რაღაც გაუგებარი" მიზეზებით ყოველთვის გადადებულია.

ერთ მშვენიერ დღესაც უფროსი X ადამიანს შეამჩნევს, მისი მისდამი დამოკიდებულება იცვლება, X -ს უფრო მეტ პატივს სცემენ და მისი სტატუსი იზრდება. X ადამიანი დაწინაურდება.

სწორედ ასეთი სახით მუშაობს იუპიტერი. ეს უფრო რაღაც საჩუქარს გავს, რომელსაც შეიძლება არც ელოდო.

ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია საჯარო აღიარება და პროფესიული წარმატება, გარღვევა, დაწინაურება.

ასევე შესაძლებელია მოგზაურობა სამსახურის თაობაზე.
შესაძლებელია ასევე ახალი სამსახურის შემოთავაზებები.

ამ პერიოდში შესაძლოა დიდი ხნის დაწყებული საქმე დაასრულოთ, ესეიგი, მიაღწიოთ ადრე დასახულ მიზნებს.

ამიტომ გამოიყენეთ ეს პერიოდი გრძელვადიან მიზნებზე კონცენტრაციისთვის, რადგან მათკენ მიმავალი გზა რამდენადმე სწრაფად და მარტივად გაივლება.

ეს პერიოდივე გამოიყენეთ თქვენთვის ავტორიტეტულ ადამიანებთან საურთიერთობოდ, ესეიგი იმათთან, ვისი პოზიციებისკენაც ისწრაფვით და ვისაც თვლით თქვენს "იდეალად". რადგან, არ არის გამორიცხული მათ შეგამჩნიონ და თავის საზოგადოებაში მიგიღონ.

კარგი დროა თქვენი პროფესიის დაწინაურებულ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, რომლებიც დაგეხმარებიან წინსვლაში.

მოკლედ, ამ პერიოდში ადამიანი ამაყად და ღირსეულად გრძნობს თავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა აღიარებას და დაფასებას მოიპოვებას. ადამიანი შეუმჩნეველი არ რჩება, ის "ზენიტშია".

მაგალითი პირადი ცხოვრებიდან არ მაქვს, რადგან ვერ ვიხსენებ იუპიტერის გავლენის ელემენტებს ჩემს ცხოვრებაში. ალბათ იმიტომ, რომ ამ პერიოდში ჯერ კიდევ პატარა ვიყავი მეათე სახლის დამუშავებისთვის.

j11

მეთრეთმეტე სახლში ტრანზიტი

ამ პერიოდში ალბათ ახალ მეგობრებს შეიძენთ, რომლებიც დაგეხმარებიან თვალთახედვის გაფართოებაში, ახალი ჰორიზონტების გახსნაში.
საერთოდ, ამ პერიოდში მეგობრებს დიდი სარგებელი მოაქვთ. ეს შეიძლება იყოს ძველი მეგობრები, ან თუნდაც ახლად შეძენილი მეგობრები. კარგი დროა სამეგობრო წრის გაფართოებისთვის.

ამ პერიოდში შესაძლოა თქვენში გაჩნდეს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის სურვილი და პერსპექტივები.

ამიტომ, თუ დიდი ხანია გეგმავთ ისეთ ორგანიზაციებში მუშაობას, რომელიც საჯარო კეთილდღეობას ეხება, ამ პერიოდში გადადგით სათანადო ნაბიჯები.

ეს შეიძლება იყოს წითელი ჯვარი ან სხვა. თუმცა, ეს უფრო მე-12 სახლის სფეროებია.

ეს შეიძლება იყოს ახალი საინჟინრო პროექტები, რომლებიც ახალი ტექნიკური გარღვევით ადამიანის კომფორტის შესაძლებლობებს გაზრდის. ამიტომ, ვინც მეცნიერებით და/ან ინჟინერიით ხართ დაკავებული, გამოიყენეთ ეს პერიოდი ახალი საინჟინრო საქმეების წამოსაწყებად, რადგან ამ პერიოდში გაგეხსნებათ გზა და მიმართულებები.
თუ თქვენ სამეცნიერო ან ჰუმანიტარული ჯგუფის წევრი ხართ, შესაძლოა დაგებადოთ ახალი იდეები, რის განხორციელებასაც ჯგუფთან ერთად მოახერხებთ.

საერთოდ, ჯგუფური ცხოვრება აქტუალური თემა ხდება. ჯგუფში შეიძლება აღიარება და ავტორიტეტი მოიპოვოთ. შესაძლოა ჯგუფის გული გახდეთ. გამოიყენეთ ეს პერიოდი ჯგუფში თვითრეალიზებისთვის, რადგან ჯგუფისგან დიდ სარგებელს მიიღებთ.

მოკლედ, კარგი დროა ჯგუფური მუშაობისთვის, შემოქმედებისთვის, ტექნიკური გარღვევისთვის, ახალ ტექნოლოგიებს დაუფლებისთვის და ახლების შექმნისთვის.
სხვა მაჩვენებლების შემთხვევაში, შესაძლოა ავიაციასთან გქონდეთ კავშირი. მაგალითად, მოგზაურობა თვითმფრინავით.

ვისაც სურს ტექნიკასთან და კომპიუტერებთან, პროგრამისტად, ასევე ავიაციის სფეროში მუშაობა, ამ პერიოდში გადადგით სათანადო ნაბიჯები.
ამ პერიოდში უფრო გულუხვი და შემწყნარებელი ხდებით. შესაძლებელია კაცობრიობის საკეთილდღეო იდეებსა და პროექტებზე მუშაობა. არ დაიშუროთ ფიქრი, და ძლიერი და აქტიური ურანის შემთხვევაში შეიძლება ძველი საკაცობრიო პრობლემების ახლებურად გადაწყვეტის გზაც აღმოაჩინოთ.

მაგალითი პირადი ცხოვრებიდან: ამ პერიოდში მე გავიცანი ერთი ადამიანი. საერთოდ, ახალი კონტაქტების დიდი მოყვარული არ ვარ. მაგრამ, ამ უცხო ადამიანთან მე ისე დავახლოვდი და ისე დავმეგობრდი, რომ მე თვითონაც გამიკვირდა.

ეს პერიოდი იყო ჩემთვის ურანის აქტიურობის პერიოდი. ვერ ვიტყვი რამ გამოიწვია ურანის გააქტიურება, მაგრამ პირველი ნაბიჯები მასშტაბურ აზროვნებაში და ფილოსოფიაში, ასევე ეზოთერიკაში, სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. ეს პერიოდი არის ჩემი შინაგანი რევოლუციების პერიოდი. ამაში კი დიდი წვლილი შეიტანა ამ ადამიანმა.

სწორედ ეს ადამიანი იყო ჩემთვის ჩვეული ჩარჩოებისგან გამომყვანი და ცხოვრების სხვა კუთხიდან დამნახვებელი.

იუპიტერი მე-11 სახლში შეგვიძლია "გადავთარგმნოთ" როგორც "ჰორიზონტების გაფართოება საზოგადოებრივ ცხოვრებაში".

ამ პერიოდში მე პირველად დავფიქრდი საკაცობრიო პრობლემებზე და პირველად გაჩნდა იდეები კაცობრიობის "გადარჩენასთან" დაკავშირებით. ეს დასაწყისში ეხებოდა განათლების სისტემის რეფორმას, პოლიტიკური მმართველობის რეფორმას, სხვა და სხვა სფეროში გავითარების მეთოდებს და სხვა. ამიტომ, გამოიყენეთ ეს ტრანზიტი თუნდაც ეზოთერიკაში გავითარებისთვის, თუ თვლით, რომ ეს დაგეხმარებათ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

j12

მეთორმეტე სახლში ტრანზიტი

ეს პერიოდი კი გამოირჩევა ფარული მოქმედებებით. შესაძლოა კულისებიდან მოქმედებით და ფარული მაქინაციებით სარგებელი მიიღოთ და გაგიმართლოთ.

ფარული მოქმედებები და განმარტოება ადამიანს უფრო მეტად სიამოვნებას ანიჭებს.

ძალიან კარგი დროა განმარტოებისთვის, მედიტაციისთვის, სხვა და სხვა ეზოთერული პრაქტიკების განსახორციელებლად.

კარგი დროა საკუთარ თავში გარკვევისთვის, თვითანალიზისთვის, ფსიქოლოგიის შესწავლისა და პრაქტიკაში გამოყენებისთვის.
ამ პერიოდში ადამიანს დიდებული და კეთილშობილი სულიერი მცველი ჰყავს.

ადამიანის თვალთახედვის ჰორიზონტები იზრდება და მან შეიძლება საკუთარ (და ზოგადად საკაცობრიო) ქვეცნობიერში მრავალი აქამდე უცნობი რამ აღმოაჩინოს (სხვა მაჩვენებლების შემთხვევაში). ინტუიციური ხედვა ფართოვდება.

სხვა ადამიანების თანაგრძნობითა და დახმარებით ადამიანი დიდ სიამოვნებას იღებს და ბედნიერია. შესაძლოა, ამით სარგებელიც ნახოს.
ამიტომ, ვისაც გსურთ მაგალითად სამედიცინო ან სხვა ტიპის დახმარების, ან სამაშველო სფეროში მოღვაწეობა, ამ პერიოდში გადადგით სათანადო ნაბიჯები.

შეიძლება მოხალისედ იმუშავოთ საზოგადოებრივი დამხარების ცენტრებში, მოხუცთა თავშესაფარში, მიტოვებულ ადამიანებს მოუაროთ და სხვა. ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას და სარგებელსაც მოგანიჭებთ.

კარგი დროა ეზოთერული დისციპლინების შესწავლისთვის, რადგან ადამიანის მასშტაბური აღმქმელობა და ინტუიცია იზრდება, განსაკუთრებით ეზოთერიკის სფეროში.

ეს სულიერი განახლების და საკუთარ თავში გარკვევის პერიოდია, რომელიც საწინდარი შეიძლება აღმოჩნდეს იუპიტერის პირველ სახლში ტრანზიტის მოვლენების, რაც ახალ ადამიანად გაგრძნობინებთ თავს და შინაგან სულიერ განახლებასა და თავდაჯერებულობას გარე რეალობაში გადმოიტანთ.

მაგალითი პირადი ცხოვრებიდან: ნებისმიერი ადამიანი მოცემულ მომენტში გარკვეულ ევოლუციურ საფეხურზეა, და მისი გავითარება ნიშნავს ამ საფეხურიდან უფრო მაღალზე ასვლას.

ამ პერიოდში მე შემეცვალა სულიერი მოძღვარი. ყველაფერი ჩემი ევოლუციური დონის შესაბამისად მოხდა (ზოგადად, ყველაფერი ამის მიხედვით ხდება). ერთი ეგრეგორი ჩაანაცვლა მეორემ. ამ ეგრეგორების ფილოსოფია (ესეიგი მოძღვრების) ზუსტად შეესაბამებოდა ჩემს სულიერ მდგომარეობას. როცა მე უკვე მზად ვიყავი ახალ წყობაზე გადასვლისთვის, ეს ცვლილება გარე სამყაროში თავისთავად ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა.

ახალ მოძღვართან მე უფრო გახსნილი გავხდი, მოვაგვარე ზოგიერთი კომპლექსის პრობლემა, გავხდი უფრო ჰუმანური, დავინახე უფრო მეტი ადამიანის შინაგან სამყაროში, ამიტომაც გავხდი უფრო შემწყნარებელი საკუთარი თავის და სხვების მიმართ (ზოგადად კაცობრიობის მიმართ).

ამავე პერიოდში რიტუალური საქმიანობა უფრო მეტად ჩანაცვლდა გაცნობიერებული ლოცვით. ერთი სიტყვით, ჩემი სულიერი კულტურის საზღვრებში (ქრისტიანობაში) მე უფრო მაღალ საფეხურზე ავედი. ეს მნიშვნელოვანი გარდატეხების პერიოდი იყო.

კიდევ ერთი მოვლენა: ამ პერიოდში მე საზღვარგარეთ მოვილოცე (იუპიტერი საზღვარგარეთის სიგნიფიკატორიც არის) წმინდა ადგილები, რამაც ასევე ხელი შეუწყო

ჩემს წინ სვლას სულიერ ცხოვრებაში.

j13

ბოლოთქმა

ნებისმიერი მოვლენის გავითარება დაკავშირებულია საფეხურებთან. ესეიგი, თუ თქვენ მაგალითად გსურთ ინჟინერი გამოხვიდეთ და დიდი სახლი ააშენოთ, ამისთვის რამდენიმე საფეხურის გავლა მოგიწევთ.

პირველ რიგში უნდა ისწავლოთ ზოგადი ინჟინერია. შემდგომ უფრო კონკრეტულად - სახლის შენების ინჟინერია. შემდგომ აიღოთ საჭირო მოწმობა (დიპლომი). შემდგომ დაიწყოთ მუშაობა სათანადო ორგანიზაციაში და შემდგომ შეთავაზოთ თქვენი პროექტი საჭირო ხალხს.
ეს ყველაფერი რამდენიმე მნიშვნელოვან საფეხურად წარმოდგინდება. პროგნოზირების მეთოდის გამოყენება გულისხმობს, რომ თუ სათანადო მომენტებში გადადგამთ ნაბიჯებს (ესეიგი ამ საფეხურებზე ივლით), მაშინ ყველაფერი საათივით აიკინძნება (ცხადია, უარყოფითი ასპექტების გათვალისწინებით).

სათანადო მომენტებში იგულისხმება შესაბამისი მოვლენის მაჩვენებლების არსებობა პროგნოზირების ერთდროულად რამდენიმე შემთხვევაში (გააჩნია მოვლენასაც).

ასე შეიძლება ვითარდებოდეს ავადმყოფობაც, რომელსაც რამდენიმე სტადია აქვს. პირველი მაჩვენებელის გაჩენისას პირველ სტადიაზე გაჩნდეს, მეორე მაჩვენებლის გაჩენისას მეორე სტადიაზე გადავიდეს, და ა.შ.

თუ გეცოდინებათ ამა თუ იმ ავადმყოფობის მაჩვენებლები და ცხოვრებაში კონკრეტული მომენტები, როცა ისინი არსებობენ, მაშინ შეძლებთ დასაწყისშივე იმკურნალოთ (ესეიგი, სანამ მორიგ სტადიაზე არ გადავა ავადმყოფობა).

მოვლენები ხანდახან სწრაფად, ხანდახან კი ნელა ვითარდებიან, ხანდახან მარტივად, ხანდახან კი რთულად. ესეც შეიძლება დაკავშირებული იყოს მაჩვენებლების ცხოვრებაში დროით და რაოდენობრივ განაწილებაზე. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ისინი მაინც ხშირად არსებობენ ადამიანის ცხოვრებაში, რადგან ასტროლოგია მათემატიკურად რთულია, და ეს სირთულე განაპირობებს მაჩვენებლების ხშირ არსებობას.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მოვლენისთვის რამდენიმე მაჩვენებლის ერთდროულად არსებობა არის საჭირო. იუპიტერი მხოლოდ ერთ მაჩვენებელს შეიძლება წარმოადგენდეს. თუ მსგავსი მოვლენის მაჩვენებელი სხვაც არსებობს მოცემული მომენტისთვის, მაშინ მოვლენის მოხდენის ალბათობა და პერსპექტივები იზრდება.

რეალურად ადამიანების უმეტესობა თავისი პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს ცხოვრებაში, მაშინ როცა მას ბევრის გაკეთება შეუძლია (ეს არის კიდეც მისი "მისია", რადგან მისი მრავალფეროვანი რუქა და მრავალფეროვანი პროგნოზები ამაზე მეტყველებს). თუ ადამიანს ეცოდინება როდის რა ნაბიჯები გადადგას, მაშინ ცხოვრება უფრო საათივით აიწყობა.

თუ მოგეწონათ, გაზიარეთ...

მსგავსი სტატიები

იუპიტერი (გურუ)


იუპიტერი (გურუ) - დახასიათება ჯიოტიშის (ვედური ასტროლოგიის) მიხედ...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (III ნაწილი)


ავტორი: მამუკა გურული სტატიის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ ასტროლოგ...

პირადი რუქა


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე ხშირად დასმული კითხვები პირად ასტროლოგიურ...

დენებ ადიგე ასტროლოგიაში


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

წითელი მთვარე - მთვარის დაბნელება


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე ჩემო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ - გ...

ქრისტიანობა და ასტროლოგიური სახლები


ავტორი: იოანე შენგელია მეტ-ნაკლებად, ყველამ ვიცით ქრისტეს ცხოვრე...

ამოუცნობი ურანი


ურანის გამოცხადება ელვასავით აუტანლად გირტყამს. მოულოდნელია, უეცა...

ლილითი მერწყულში


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით მეგობრებო, მიმდინარე პერიო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff