ურანი - ღმერთის ხმა

Admin
ასტროლოგია
0
0

ავტორი: იოანე შენგელია სამეფო კარის თამაშები ეს იყო გაელვება. ელვა მოულოდნელად გაჩნდა, გაანათ...

ur1

ავტორი: იოანე შენგელია

სამეფო კარის თამაშები

ეს იყო გაელვება. ელვა მოულოდნელად გაჩნდა, გაანათა ყველაფერი და დაწვა. ყველაფერი უკვე სხვაგვარადაა და ძველებურად ვეღარ იქნება.

წარმოიდგინეთ სამეფო, სადაც მზე მეფეა, მისი სიტყვა და გადაწყვეტილება კანონია. მეფის უკან კი დგას მისი მეუღლე - მთვარე, რომელსაც მანიპულაციის უნარი შესწევს, და შეუძლია მეფის ცნობიერი ნება ფარულად მართოს.

ახლა წარმოიდგინეთ მეფის ქვეშევრდომები, მაცნეები, ვისაც ევალება მთელს სამეფოში გაავრცელოს მეფის ნება. ეს მერკურები არიან.

სამეფოში ჰყვავის მუსიკალური და თეატრალური ხელოვნება, ეკონომიკა, საბრძოლო ხელოვნება, და სხვა. ეს ვენერა - მარსის სიტუაციებია.

ამის ფონზე რელიგია და ფილოსოფიაც ვითარდება. იუპიტერი ხელს უწყობს ხელოვნებისა და ეკონომიკის გავითარებას.

ამ ყველაფერს კი უხუცესი სატურნი თვალს ადევნებს. სატურნი უხუცესია, და მისი მითითებებით მეფე იღებს გადაწყვეტილებებს. სატურნი ბრძენი კაცია, და მას ენდობა მეფე. როგორც იქნა ბრძენთა მოსმენა დაიწყო მეფემ, და სატურნმა თავისი დისციპლინა დაამყარა სამეფოში.

რატომაა სამეფოში ყველაფერი ასე კარგად აწყობილი? იმიტომ, რომ სატურნს უსმენს ყველა. სატურნმა იცის რა როდის უნდა გაკეთდეს, რა არის საჭირო და რა არა სამეფოს სტაბილურობისთვის. სატურნი საზღვრებს აწესებს, ის ქმნის კანონებსა და დისციპლინას.

სამეფო სტაბილურია. ცხოვრება რუტინულად მიედინება ჩაკეტილ სამეფოში. და აი უცებ, არაფრიდან, გამოჩნდება ვიღაც ახალგაზრდა, რომელსაც რევოლუციის მოწყობა სურს. ის გამოდის უჩვეულო შეძახილებით, სურს სამეფოს ჩვეული ცხოვრების წესის დანგრევა, სურს მისი საზღვრების გაფართოება.

რა არის იცით ყველაზე საინტერესო? აქამდე გაჩენილ პრობლემებს სამეფოში უმკლავდებოდნენ, ხოლო თუ ვერ უმკლავდებოდნენ, მაშინ უხუცეს სატურნს აკითხავდნენ, და ის მაინც უმკლავდებოდა. სატურნი მომთმენია, ბრძენია, და შეუძლია მრავალი წლის განმავლობაში იშრომოს, რათა მოგვარდეს პრობლემა.
ახლა კი, თვით სატურნიც დაბნეულია, და სხვა პლანეტებმა რაღა ქნან? ეს პრობლემა სატურნისთვისაც უცხოა. ურანიანელის შემართება რამდენადმე გასაკვირია სატურნისთვის, რადგან ურანიანელი ფლობს ისეთ ამოუხსნელ ძალას, რომელთან შეხებაც სატურნს ჯერ არ ჰქონია.

თუ ურანი უფრო აქტიურად "ირთვება", ვიდრე მისი წინა პლანეტები (მზე, მთვარე..), მაშინ მას შეუძლია თვით მეფის, მისი მეუღლის, და თვით ბრძენი სატურნის დამხობაც. სატურნის მრავალწლიან ნაშრომს და დისციპლინას ერთ წუთში ხაზს გადაუსვამს.

"ნუთუ ასე მარტივად შეიძლება მრავალწლიანი გამომუშავებული დისციპლინის უგულვებელყოფა?" - ფიქრობს ხალხი. მაგრამ ურანი არ ნებდება, და არ ღალატობს თავის სულისკვეთებას. იცით რატომ? იმიტომ, რომ მას თვით ღმერთი ესაუბრება. ამიტომაც, ის დარწმუნებულია საკუთარ თავსა და საკუთარ ქმედებებში.

ur2

უმაღლესი მერკური

რაც მერკურს უშენებია, ურანს შორიდან განუჭვრეტია.

ურანი უმაღლესი მერკურია. თუ მერკური სიმბოლოა ინფორმაციის გაცვლა - გამოცვლის ადამიანებს შორის, ესე იგი ინფორმაციის "ჰორიზონტალური" მოძრაობის, მაშინ ურანი სიმბოლოა ინფორმაციის გაცვლა - გამოცვლის აბსოლუტსა და ადამიანს შორის, ესე იგი ინფორმაციის "ვერტიკალური" მოძრაობის.

თუ მერკური სიმბოლოა ლოგიკური კავშირებისა და მათემატიკური სამუშაოსი, სადაც საჭიროა მაგალითად განტოლებათა სისტემის ამოხსნა, რიცხვების ერთმანეთზე გამრავლება და სხვა, ურანი სიმბოლოა ამოხსნის მეთოდის განჭვრეტის.

ესე იგი, ყოველ ჯერზე, როცა ამოცანაა ამოსახსნელი (არა მარტო მათემატიკაში, არამედ ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში) ჯერ უნდა ჩაირთოს ურანი, რომელიც განჭვრეტს ამოხსნის მეთოდს, მიგვახვედრებს გზას, რითაც ამოხსნამდე მივდივართ, ხოლო როცა უკვე გზას დავადგებით, მაშინ მერკური იწყებს მუშაობას.

მარტივ მაგალითზე: ყველას გაგვივლია სკოლის მათემატიკაში ამოცანები განტოლებების შედგენაზე. პირველი ნაბიჯი იყო შეგვედგინა თვით განტოლება, რომელიც პროცესს აღწერდა. მეორე ნაბიჯი იყო ამ განტოლების ამოხსნა. პირობითად რომ ვთქვათ, პირველ ნაბიჯში მუშაობს ურანი, მეორეში მერკური. ასეთი ტენდენცია ვრცელდება ფიზიკაში, და საერთოდ ცხოვრების მრავალ სიტუაციაში.

ურანი და მერკური ისეთნაირად არიან გადაჯაჭვულნი ერთმანეთზე, რომ ხანდახან ძნელია იმის გარკვევა, რომელი მათგანი მუშაობს. მერკური უფრო არის ელემენტარული კავშირები, ესე იგი ნაბიჯები, რითაც გზას გაივლი. როცა ერთსა და იმავე გზას რამდენჯერმე გაივლი, მაშინ უკვე გზა ინტუიციურად გასაგები ხდება, და აქ შეიძლება ურანი ჩაირთოს, როგორც მთლიანი გზის მხედველი.

ამრიგად, მათემატიკაში, და მათემატიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში ყოველთვის აქტიურად მუშაობენ მერკური და ურანი. ვისაც გსურთ მათემატიკურ სფეროში მოღვაწეობა, გაითვალისწინეთ, რომ მერკური და ურანი აქტიური უნდა იყოს.

ur3

ღმერთთან კომუნიკაცია

ისაუბრეთ არა მხოლოდ ჰორიზონტალურად, არამედ ვერტიკალურადაც. 

მაგრამ ნუ გეგონებათ, რომ ურანის ფუნქცია იმით ამოიწურება, რომ მერკურის ლოგიკური კავშირები შეკრას და მათ მასშტაბურად შეხედოს. არც მხოლოდ მაშინ ირთვება ურანი, როცა მაგალითად მერკურის "შექმნილ" მანქანას ჩაანაცვლებს ურანის "შექმნილი" თვითმფრინავი.

ეს ყველაფერი დეტალებია. სინამდვილეში, ეს ყველაფერი მერკურისა და ურანის უფრო ზოგადი განმარტებებიდან გამოდის. კერძოდ იქიდან, რომ მერკური "ჰორიზონტალური" კავშირებია, ესე იგი მათემატიკა, ენები, ადამიანებს შორის კომუნიკაცია, ლიტერატურა, გადაადგილების საშუალებები, კომპიუტერული პროგრამირება, მათემატიკური მეცნიერებები, და სხვა.

ურანი კი "ვერტიკალური" კავშირებია, რაც შეიძლება ერთის მხრივ გავიგოთ, როგორც ჰაერში გადაადგილების საშუალებები, ან მათემატიკური განჭვრეტები, მაგრამ ურანი უფრო ზოგადია: ეს არის ენები და ლიტერატურა თავად აბსოლუტთან, ღმერთთან. რადგან, თვით მათემატიკური განჭვრეტებიც ხომ აბსოლუტის ევოლუციური გეგმის ნაწილია.

როცა ურანი ირთვება, მაშინ აბსოლუტი იწყებს შენთან საუბარს. ურანისეული ლიტერატურა არის მომავლის ლიტერატურა, ის ინფორმაცია, რომელიც მრავალი წლის შემდგომ იქნება რეალიზებული გარე სამყაროში. ეს ღმერთის მიერ ჩვენთვის წინასწარ გადმოცემული ინფორმაციაა.

გახსოვთ მერკურიანელები მაცნეები რომ იყვნენ? ურანიანელებიც მაცნეები არიან, მაგრამ ისინი თვით აბსოლუტისგან იღებენ ინფორმაციას, და გადასცემემ კაცობრიობას, რათა დაეხმაროს ამ უკანასკნელს ზოგად ევოლუციურ გავითარებაში. აქედან მოდის გონებრივი გამონათებები, განჭვრეტები მათემატიკაში, ფიზიკაში, ხელოვნებაში. აქედან მოდის გენიალურობა. ეს არის ელვისებური გამონათება, მოულოდნელობა, რევოლუცია. ეს ყველაფერი მომავალში გადახტომაა, კაცობრიობისთვის გავითარების გზის ჩვენება.

რადგან აბსოლუტს სურს "ყოველთა კაცთა ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა" (ქრისტიანული ტექსტი), ამიტომაც მისი ყოველი მოქმედება სწორედ კაცობრიობის ევოლუციისთვის ხდება. ურანი - ეს არის გამონათებები, განჭვრეტები, სიახლეები და წინასწარმეტყველებები, რათა კაცობრიობამ დაინახოს თავისი ევოლუციური გავითარების გზა.

ცხადია, ეს სიახლეები და აღმოჩენები ხდება სხვა და სხვა სფეროში, და ეს უკვე ასტროლოგიის მათემატიკური მხარეა, ესეიგი სახლების და პლანეტათა შორის ასპექტების საშუალებით გარკვევა იმისა, თუ სად და როდის მოხდება გადატრიალება, რევოლუცია, სად და როდის ჩაირთვება აბსოლუტის მგრგვინავი ხმა.

ur4

ნიშნები

ღმერთი "ვერ" გამოგეცხადება და "ვერ" გეტყვის პირდაპირ სათქმელს. ამისთვის ჯერ მზად არ ხარ.

ზოგიერთი ასტროლოგი თვლის, რომ უმაღლესი პლანეტები მხოლოდ მასშტაბურ პროცესებზე ახდენენ გავლენას. მაგრამ, უმაღლესი პლანეტები (ურანი, ნეპტუნი, პლუტონი) იმდენად მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჩვენს ყოველდღიურ "უმნიშვნელო" მოქმედებებშიც კი, რომ ხანდახან ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ ადამიანის ბედ - იღბალში. მხოლოდ ერთია, მარტივ და ყოველდღიურ "უმნიშვნელო" სიტუაციებში უმაღლესი პლანეტების გავლენა ისეთი ირიბი და ფაქიზია, დაუკვირვებელი თვალისთვის მათი შემჩნევა შეუძლებელია.

ურანის მოქმედება ხდება მაშინ, როცა ადამიანი აწყდება ეგრეთ წოდებულ მინი "სასწაულებს", ესე იგი, მაგალითად მინიშნებებს, სიმბოლურ ფაქტებს, ან გონებაში უჩვეულო აზრები მოსდის. ეს ის სიტუაციაა, მაგალითად, როცა მანქანით მგზავრობ და დაინახავ ავარიას, სადაც ავარიაში მოხვედრილი მანქანის ნომერი შენსას ემთხვევა. ეს შეიძლება "ნიშნავდეს", რომ საქმეს, რასთან დაკავშირებითაც მიდიხარ, კარგი ბოლო არ ექნება, და ადრე თუ გვიან ჩაიშლება. ასეთი სიმბოლური მინიშნებები მრავალფეროვანი შეიძლება იყოს და როგორც რუსულად იტყოდნენ сомого разного типа.

საწყის ეტაპზე, როცა ურანის მოქმედება იწყება, ადამიანი არ აქცევს ყურადღებას ნიშნებს, ან გამონათებებს გონებაში. საწყის ეტაპზე იგრძნობა ურანის წინა პლანეტის - სატურნის გავლენა. ესე იგი, ადამიანი მიჩვეულია ცხოვრების გარკვეულ წესს, ჩარჩოებსა და საზღვრებს. ახალი უჩვეულო იდეები, რომლებიც მის თავში გაჩნდა, ან უჩვეულო მოვლენები, რომლებიც მის გარშემო შეიქმნა, მისთვის შემთხვევითი პროცესებია, რომლებიც უნდა დაივიწყოს. 

საწყის ეტაპზე ადამიანი ყურადღებას არ აქცევს უჩვეულობებს. შემდგომ ეტაპზე ადამიანმა უკვე შეიძლება გაამახვილოს ყურადღება მინიშნებებსა და "ცრურწმენებზე", მაგალითად სჯეროდეს შავი კატის გადარბენის მისტიკის, ქუჩაში შემხვედრი ადამიანების შემთხვევითი წყევლის, და სხვა. ამ ეტაპზე ადამიანი უკვე იწყებს ამ "თამაშში" ჩართვას.

თუ პირველ დონეზე ადამიანი ყურადღებას არ აქცევდა ამ უჩვეულო მინიშნებებს, და ცდილობდა მათ ჩახშობას, დაფარვას, დავიწყებას და ერთი სული ჰქონდა როდის გადაივლიდა ეს უჩვეულობა, მეორე დონეზე ადამიანი ჯერ კიდევ ვერ კითხულობს სიმბოლურ ენას, მაგრამ იწყებს მის ათვისებას. ის დამწყები ლინგვისტია, რომელსაც სიმბოლური ენის სწავლა სურს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი მართლაც რეალობაა, და ჯერ კიდევ აქვს ეჭვები, რომ ეს მინიშნებები შემთხვევითობებია.

საერთოდ, როდესაც უმაღლესი პლანეტები იწყებენ მოქმედებას, იქ უკვე ტრადიციული მეცნიერება ან ტრადიციული ფსიქოლოგია უძლურია. პირობითად რომ ვთქვათ, ტრადიციული მეცნიერება და ფსიქოლოგია ისეთ მოვლენებს შეისწავლის, რომელიც უკავშირდება პირველ და მეორე დონის პლანეტებს (მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი). ზოგიერთი პროფესიონალი ფსიქოლოგი შეიძლება ჩასწვდეს მესამე დონის პლანეტების მოქმედებასაც (იუპიტერი, სატურნი) და რამდენადმე ნაციონალური "კარმაც" დაინახოს, მაგრამ ტრადიციული ფსიქოლოგია, თავისი მკაცრი მეცნიერული განმარტებით, უმაღლესი პლანეტების მოქმედებებს ვეღარ ჩასწვდება.

ურანისეული გამონათებები გონებაში, გინდა გარე რეალობაში სიმბოლური ნიშნები, უკვე აღარ არის ტრადიციული მეცნიერების შესწავლის საგანი. ურანის მოქმედების გასაგებად ადამიანს უწევს სატურნისეულ საზღვრებს გაცდენა და მინიმუმ დაჯერება იმისა, რომ "სასწაულები" ხდება. ამიტომაც, როცა ადამიანი ისწავლის სატურნისეულ პრაქტიკულ სიბრძნეს, და გამოიმუშავებს დისციპლინას, რომლის გარეშეც ვერ მიაღწევს "ვერაფერს", მხოლოდ მის მერე მას მიეცემა ახალი ინსტრუმენტი - მას გაეხსნება უნარი დაეუფლოს აბსოლუტის ენას, გაიგონოს მისი საუბარი. სატურნის დისციპლინის დამუშავების გარეშე საშიშია ურანის დამუშავების დაწყება.

საწყის ეტაპზე, როცა ურანმა უნდა დაიწყოს მუშაობა, აბსოლუტი ადამიანთან თამაშს იწყებს, უგზავნის მას უჩვეულო იდეებსა და ნიშნებს. საწყის ეტაპზე, ადამიანს უჭირს სატურნის საზღვრებს გაცდენა. მაგრამ, მოგვიანებით ადამიანიც ინტერესდება აბსოლუტის შემოთავაზებული თამაშით და ერთობა მისით. თუმცა, ამ ეტაპზე მას ბევრი იმედგაცრუება ელის. ამ ეტაპზე ადამიანი მრავალ შეცდომას უშვებს, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია ახალი უნარის ეგოისტურად გამოყენებასთან. ასეთ შემთხვევაში აბსოლუტი მას ააცდენს გზიდან, აბსურდულ და უთავბოლო სიტუაციაში ჩააგდებს, სანამ გონზე არ მოვა.

ამრიგად, დამუშავება გულისხმობს, რომ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ აბსოლუტისგან წამოსული ინფორმაცია მისი და მის გარშემო მყოფი ადამიანების ევოლუციური გავითარებისთვის და პროგრესისთვის ხდება, და ადამიანი ძალიან ცდება, თუ თვლის, რომ ეს "ტელეპატიური" უნარი თავისი ეგოიზმის დასაკმაყოფილებლად უნდა გამოიყენოს.

სანამ ეგოიზმი არ დამუშავდება, და ადამიანი არ გააცნობიერებს, რომ ეს ნიჭი მას სჭირდება ახალ ევოლუციურ საფეხურზე ასვლისთვის, მანამ ის ვერ დაეუფლება ამ ახალ ინსტრუმენტს სრულყოფილად.

მხოლოდ მაღალ დონეზე, როცა ადამიანი აცნობიერებს თავის მისიას, მას ექნება უშუალო კონტაქტი აბსოლუტთან, ვისგანაც მიიღებს ინფორმაციას, და შემდგომ მას ევალება ეს ინფორმაცია გარდაქმნას და გადასცეს შესაბამის ადამიანებს.

ur5

სიგიჟე თუ გენიალურობა?

როდესაც ღმერთი საუბარს იწყებს, მისი მხოლოდ მაღალ გავითარებულ ადამიანებს ესმით. დაბალ და საშუალო დონეზე ადამიანი ვერ გაუძლებს აბსოლუტის ხმას და შესაძლოა გაგიჟდეს კიდეც.

როდესაც დაბალი ან საშუალო გავითარების ადამიანის პირად რუქაში ძალიან ძლიერი ურანია, ან მის ცხოვრებაში ტრანზიტული მდებარეობებით მისი ნათალური ურანი ძალიან ხშირად აქტიურდება, მაშინ ეს ადამიანი შესაძლოა ვერ აცდეს ფსიქიატრიულში მოხვედრას (ეს ეხება სხვა უმაღლეს პლანეტებსაც).

ეს ის სიტუაციაა, როცა ადამიანს მოულოდნელად "გაეხსნება" ჯერ არ გახსნილი სამყარო, და ადამიანი იწყებს ისეთ აზროვნებას თუ ისეთ საუბარს, რაც ყველასთვის გაუგებარია. თუ ურანი ძლიერად ჩაირთო, მაშინ ადამიანმა შეიძლება მომავლის წინასწარმეტყველება დაიწყოს, რასაც ან სიგიჟეში ჩაუთვლიან, ან გენიალურობაში. ურანისეული გზავნილები მომავლისთვის არის, შეიძლება 500-600 წლის შემდგომი ეპოქისთვისაც.

ურანის ძლიერი ჩართვა აფეთქებას ჰგავს. თუ ადამიანი ევოლუციურად მაღალ საფეხურზე არ დგას, ესე იგი არ აქვს დიდი გამოცდილება, მაშინ შეიძლება ვერ გაუძლოს ღმერთის ასეთ მგრგვინავ ხმას და უბრალოდ გაგიჟდეს.

ურანის დამუშავებისთვის სასურველია ის იშვიათად და სუსტად ირთვებოდეს, საწყის ეტაპზე მაინც, რათა ადამიანმა ისწავლოს ამ ინსტრუმენტთან მუშაობა, მოასწროს ამ ინსტრუმენტთან მუშაობის სწავლა მორიგ გამონათებებამდე.

დაბალ დონეზე ან საშუალო დონეზე (თუ ურანი ძალიან ძლიერი არ არის) ურანი საერთოდ არ ირთვება, რადგან ადამიანი უბრალოდ არ არის მზად ამისთვის. ზოგიერთი ადამიანი ჩვენს გარშემო არც იწყებს ურანის დამუშავებას ამ ცხოვრებაში. ზოგიერთი იწყებს ცხოვრების ბოლოს, ზოგიერთი შუა ხნის ასაკში, ზოგიერთი კიდე ბავშვობაში. მაშინ როცა, ისეთ პლანეტებს, როგორიცაა მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, თითქმის ყოველი ჩვენგანი ამუშავებს მოზრდილობის ასაკში. იუპიტერი და სატურნიც ხანდახან ადრეულ ასაკში მუშავდება, ხანდახან გვიანდელ ასაკში.

ეს პლანეტები დიდი ხანია აღმოჩენელია და მათი გავლენა ზოგად კაცობრიობაზე უკვე კარგად დამუშავებულია, და მეტ ნაკლებად ყველა სულს აქვს გადატანილი მათი დამუშავების გამოცდილება წინა ცხოვრებებში.

ეს ყველაფერი მეტყველებს ადამიანის სულის "დაახლოებით ასაკზე". რაც უფრო გამოცდილია სული, მით უფრო ადრე დაიწყებს ის ურანის დამუშავებას, და მით უფრო სწრაფად დაეუფლება ურანისეულ ინსტრუმენტს.

ურანის დამუშავება მის აღმოჩენამდეც ხდებოდა, მხოლოდ ერთეულ ადამიანებში, და ზოგად საკაცობრიო ფონზე ურანი (და სხვა უმაღლესი პლანეტები) არ იგრძნობოდა. მაგრამ, ახლა როცა ისინი უკვე აღმოჩენელია, გარდაუვალი საკაცობრიო მასშტაბის პროცესები სახეზეა.

ამრიგად, ურანის ძლიერი ჩართვა იწვევს გენიალურ მიგნებებს, ამოცანების ამოხსნის ახლებულ მეთოდებს, ცხოვრებისეული რთული სიტუაციებისგან უჩვეულო და უცნაური გამოსავლის მოძებნას.

თუ ურანი დაზიანებულია, ესეიგი უარყოფით შემთხვევაში, მაშინ ურანის სიტუაცია გვხვდება დამანგრეველ რევოლუციებში, ავანტურიზმში, მწვავე პროტესტებში, გარშემომყოფების გაღიზიანებაში, მეამბოხეობაში და სხვა. დაზიანებული ურანი შეიძლება იყოს ზიანის მომტანი თვით ადამიანისთვის და მისი გარშემომყოფებისთვის.
დაზიანებული ურანის დამუშავება რთულია (ზოგადად უმაღლესი პლანეტების).

ur6

ურანიანელი

წაიკითხე, გაიგე და გაავრცელე.

ურანიანელები არიან ადამიანები, რომელთა პირად რუქაშიც ურანის ან მერწყულის გავლენა ძლიერია. ან ის ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც ძალიან ხშირად ირთვება ურანი ტრანზიტული თუ პროგრესიული მოძრაობებით.

მათი მისიაა "ურანიანელობა" (ყოველ ჯერზე, როცა ურანი ირთვება), ხოლო ცხოვრების სფეროს და მეთოდებს, სადაც და როგორც ამ მისიას შეასრულებენ, განსაზღვრავს ასტროლოგიური სახლები და ურანის ასპექტები პლანეტებთან.

ურანიანელის მისიაა ის გზავნილები, რომელსაც იღებს აბსოლუტისგან, პირველ რიგში წაიკითხოს და თავად გაიგოს. ურანის ნიშნები მეტად მკვეთრია და ინფორმაციული. ის სულ არ გავს ნეპტუნის სტილს, როცა ემოციურ დონეზე ხდება ინტუციურად ინფორმაციის მიღება. ნეპტუნი რაღაც უფრო ბუნდოვანია.
ურანის ინფორმაციები კი სულ სხვა ტიპისაა. ეს არის მკვეთრი და უფრო მათემატიკური. მაგალითად, როგორც ადრე აღვნიშნე, მანქანის ნომრების დამთხვევა.
ურანთან ერთად მერკური ყოველთვის მუშაობს. როცა ურანის გავლენით ადამიანს მოსდის მინიშნება (შინაგან ან გარეგან სამყაროში), მან უნდა მოძებნოს კავშირი ამ მინიშნებასა და თავისი ცხოვრების ელემენტებს შორის. ესე იგი, წაიკითხოს ის სიმბოლო, დაფიქრდეს რას ახსენებს, რისი ასოციაცია უჩნდება. ამრიგად, ამ ამოცანის ამოსახსნელად მერკური ირთვება, და ადამიანი ლოგიკური კავშირებით ამოხსნის სიმბოლოს მნიშვნელობას, ესეიგი ზუსტად და მკაცრად (როგორც მათემატიკურ მერკურს სჩვევია) ჩამოაყალიბებს რა რას ნიშნავს და შესაბამისად - რას უნდა ელოდოს.

ურანის ტელეპატია და ნეპტუნის ტელეპატია განსხვავდება. ნეპტუნის შემთხვევაში საქმე გვაქვს გრძნობებთან, რომელიც დაბალ დონეზე ცრუ და ილუზიურია, მაღალ დონეზე კი უშუალოდ აბსოლუტისგან მოდის ინტუიციური ნაკადები. ურანის შემთხვევაში საქმე გვაქვს რამდენადმე მერკურიანულ მათემატიკურ აპარატთან, ან პირდაპირ ინფორმაციასთან, რომელიც ადამიანს მოსდის თავში. ეს ძალიან საინტერესო ფენომენია. სწორედ ურანი ირთვება, როცა ადამიანში გაიალვებს აზრების სახით ინფორმაცია, რომელიც ამოცანის გადაწყვეტას ემსახურება. ნეპტუნის შემთხვევაში ეს უფრო გრძნობა იქნებოდა, და არა აზრების მიმოსვლა.

როდესაც ურანიანელი აბსოლუტს მოუსმენს და გაერკვევა ბოლო - ბოლო მის "ნათქვამში", მაშინ მას ახალი მისია ეკისრება: მან უნდა გადასცეს აბსოლუტის ნათქვამი სხვა ადამიანებს. მერკური აქაც მთელი ძალით მუშაობს. იმისთვის, რომ ადამიანმა აბსოლუტისგან მოცემული ინფორმაცია გაიგოს, ის უნდა იქნეს მის პირად ენაზე "გადათარგმნილი". ამრიგად, ურანიანელის მეორე ამოცანაა მოიგონოს ენობრივი აპარატი, რითაც ის სხვა ადამიანებს გადასცემს და გააგებინებს ინფორმაციას მათი ევოლუციური დონის შესაბამისად.

იმ ენის მოგონება, რითაც მოცემულ ადამიანს გადასცემ ინფორმაციას მისი ევოლუციური დონის შესაბამისად, ძალიან რთულია. აქ გასათვალისწინებელია ადამიანის პირადი სივრცე, პირადი ცნობიერი, პირადი ქვეცნობიერი. აქ გასათვალისწინებელია კულტურა და სხვა, რათა ადამიანი არ დაზარალდეს და ტრავმა არ მიიღოს, არამედ ადექვატურად გაიგოს ინფორმაცია. ურანის დაზიანების შემთხვევაში ადექვატური ენის შექმნა და ზოგადად ადექვატური ქმედებების განხორციელება არ იქნება მარტივი.

მერწყულში მერკური ეგზალტირდება, რაც უზრუნველჰყოფს იმას, რომ მერწყულს იმთავითვე აქვს დიდი პოტენციალი ენების შექმნისა, რათა მომავლის ინფორმაციები ადამიანებს მათთვის გასაგებ ენაზე გადასცეს.

ზოგიერთ შემთხვევაში, ვერ ხერხდება სათანადო ენის შექმნა, და მაშინ ურანიანელი თვითონ იწვევს ისეთივე პროცესს ადამიანის ცხოვრებაში, რაც მან თვითონ გადაიტანა, რათა ეს ინფორმაცია გაეგო. ესე იგი, ურანიანელი სხვა ადამიანის ურანის დამუშავებას იწყებს, რადგან, სხვაგვარად, ეს ადამიანი ინფორმაციას ვერ იგებს.მაღალი დონის გავითარების შემთხვევაში ურანიანელს ეს შეუძლია (სინამდვილეში აბსოლუტი იწვევს მოვლენას ურანიანელის ჩართულობით).

ამრიგად, ურანიანელის პირველი მისიაა ურანის დამუშავება, მეორე მისია კი მერკურისთან თანამშრობლობაა, რათა ვერტიკალურად მიღებული ინფორმაცია ჰორიზონტალურად გაავრცელოს.

სახლი, რომელშიც ნათალური ურანი დგას (და ასევე მერწყული სადაც დგას), არის ცხოვრების ის სფეროები, სადაც დრო და დრო შეიძლება გვქონდეს მინიშნებები, რაც დაგვეხმარება ცხოვრების მოცემულ სფეროში შექმნილ რთულ სიტუაციაში მოვნახოთ გზა, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს. ცხადია, რამდენად მარტივად მოიძებნება გზა, და რამდენად მოვტყუვდებით და სხვა დაბრკოლებებს - გვიჩვენებენ ურანის ასპექტები, რომლებიც უკვე ასტროლოგიური დეტალური ანალიზის საგანია.

ur7

სიმბოლური ენები

ღმერთს უყვარს მათემატიკა.

როგორც ვთქვით, ურანის სიტუაცია უკავშირდება "ვერტიკალურად მოცემული ინფორმაციის ჰორიზონტალურად გავრცელებას". კაცობრიობის ისტორიაში მრავალი ურანიანელია, რომელიც ცხოვრების სხვა და სხვა სფეროში ახდენდა (და ახდენს) რევოლუციას, აღმოჩენას და სხვა და სხვა სახით გვაწვდის ინფორმაციას, რომელიც გავითარებაში გვეხმარება. ცხადია, ეს შეიძლება ეხებოდეს ცხოვრების ნებისმიერ სფეროს, მეცნიერების ნებისმიერ დარგს, და რაღა თქმა უნდა - ეზოთერიკას.

სხვა და სხვა ეზოთერული თუ რელიგიური სისტემებიც ევოლუციურად მაღალი დონის გავითარების შემთხვევაში ურანის პრინციპზე მუშაობენ. ეს სისტემები იქმნებიან ადამიანების მიერ, რომელთაც თავისი ცხოვრების გამოცდილება გადმოაქვთ ჩვენთვის ფურცელზე თეორიულად და/ან პრაქტიკებით გვასწავლიან.
ადამიანი იღებს აბსოლუტისგან ცხოვრებაში გამოცდილებას, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ქმნის თავის საკუთარ ეზოთერულ სისტემას (ან ფილოსოფიურს), რამდენადმე მათემატიკურ ფორმულირებას უკეთებს, და შემდგომ ამ გამოცდილებას სხვებს უზიარებს. ეს ურანის სიტუაციაა.

ამის მაგალითებია მეცნიერების ახალი დარგების შექმნა, ფსიქოლოგიის ახალი დარგების შექმნა, გნებავთ სისტემურ - ვექტორული ფსიქოლოგია, რეალობის ტრანსერფინგი და სხვა. განსაკუთრებით ტრანსერფინგი და "NLP" პრაქტიკებია საინტერესო, რადგან აქ მძაფრად იგრძნობა ურანის თავისუფლებისმოყვარე სურნელი.
მაგრამ, ამ განყოფილებაში მე საუბარი ასტროლოგიაზე მსურს.

ალბათ ხვდებით რატომაა თვით ასტროლოგია ურანის სფერო. გავიხსენოთ რა იყო ურანი - ღმერთს სურს ინფორმაცია მოგვაწოდოს, რომელიც დაგვეხმარება ევოლუციურ გავითარებაში.

ასტროლოგია - სხვა არაფერია, თუ არა რეალობის მათემატიკური მოდელი. ეს არის მსგავსი სხვა და სხვა სიმბოლური ენებისა, რომელსაც კაცობრიობა ქმნის და ქმნიდა. მერკურის სიტუაციაა, როცა კაცობრიობა ქმნიდა ენებს ადამიანების ერთმანეთთან სასაუბროდ. ასევე მერკურის სიტუაციაა კომპიუტერული პროგრამირება და სხვა. ურანის სიტუაცია კი თავად ღმერთის მიერ შექმნილი ენაა, რითაც ის გვეასაუბრება ჩვენს რეალობაზე, და გვეხმარება ევოლუციურ გავითარებაში.

ასტროლოგია უდავოდ ურანისეულია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მაგალითი ურანის გამოვლენისა (შეიძლება ყველაზე მასშტაბური და მძლავრი). არც ერთი ნიშნები ჩვენს ცხოვრებაში და თვით წმინდანთა და "სასწაულმოქმედთა" ცხოვრებაში არ არის ისეთი მასშტაბების, როგორიც თავად ასტროლოგია, რომელიც ყველაფერ ამას მოიცავს, თვით ურანსაც მოიცავს, როგორც მის ერთ ნაწილს.

ეს არის ყველაზე დიდი და მათემატიკურად რთული ენა. ეს არის სიმბოლოები, რომლებიც რეალობაზე გვესაუბრებიან, და მათემატიკურად რთულ სტრუქტურას ქმნიან.

ასტროლოგია არის: ადამიანის შინაგანი და გარეგანი რეალობის მკაცრი მათემატიკური მოდელი, პროგნოზირების ხელოვნება და კარმული დინამიკა, ბედნიერების და წარმატების ფორმულები, კარმული ვალები და მათი გასტუმრების საშუალებები, მათემატიკის საშუალებით თვეების, დღეების და ზოგჯერ საათების გამოთვლაც ზოგიერთი მოვლენისთვის - ამაზე ზუსტად და კონკრეტულად როგორ უნდა დაგელაპარაკოს აბსოლუტი? ამაზე მკაცრი მათემატიკური მიდგომით როგორ გადმოგცეს ინფორმაცია? ის პირდაპირ არ გვეცხადება, მაგრამ ამ სიმბოლოებით გვესაუბრება. ვისაც მათემატიკა უყვარს, შეუძლია დაინტერესდეს ასტროლოგიით და მისი ამოცანებით - არ ინანებს.

ყოველ ჯერზე, როცა ასტროლოგიით ვინტერესდებით, როცა ასტროლოგს ვაკითხავთ ან რაიმე სახით ასტროლოგიასთან შეხება გვაქვს (ამ მომენტშიც ესეიგი, როცა ამას კითხულობთ) ირთვება და მუშავდება ურანი.

ur8

* * *
ამრიგად, ურანი ყოველთვის აქტიურდება, როცა ცხოვრება უჩვეულო გარემოებებით ივსება. ეს გარემოებები ქმნიან ჩვენს რწმენა - წარმოდგენას ცხოვრების დინამიკაზე, რისი სხვებისთვის გაზიარების ძლიერი სურვილი ჩნდება, და ასე იქმნება რევოლუციები, გადატრიალებები, ახალი ეზოთერული დისციპლინები, რომლებიც ძველებთან ერთად ავსებენ ჭეშმარიტების მთლიანობას.

ეს ურანის სიტუაციებია. ბოლო - ბოლო მეცნიერებისა და ეზოთერიკის დისციპლინებს შორის დიად უფსკრულსაც ურანის პირმშო - მერწყულის ეპოქა ამოავსებს.
ყველას წარმატებას გისურვებთ ურანის დამუშავებაში და მუდმივ აღმოჩენებსა და სასიკეთო რევოლუციებში.

მსგავსი სტატიები

მზის ბნელი მხარე თევზებში


ავტორი: ანა თოფურიძე მზით თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები ...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (II ნაწილი)


ავტორი: მამუკა გურული მეორე ნაწილი სტატიის პირველ ნაწილში ვისაუ...

დენებ ადიგე ასტროლოგიაში


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

პლანეტების ზეგავლენის შესახებ...


გიორგი გურჯიევის მოსწავლის - პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მ...

თხის რქა


მოამზადა ქეთი ოდიშელმა (omnia) წყარო თხა უხვი სასიცოცხლო ძალები...

ასტროლოგია თუ ასტრო-ტროლოგია?


ავტორი: ანა თოფურიძე ტროლი (ინგლ. Troll) — ინტერნეტ სლენგი, რომელი...

სირიუსი - დიდი ქოფაკი.


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

ასტროლოგიის ანბანი - 
სტიქიები და ჯვრები


ავტორი: იოანე შენგელია შესავალი მოგესალმებით მეგობრებო. ბოლო რა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff