ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (III ნაწილი)

Admin
ასტროლოგია
0
0

ავტორი: მამუკა გურული სტატიის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ ასტროლოგიის, როგორც ეგრეგორის მნიშვნელ...

egregor2222

ავტორი: მამუკა გურული

სტატიის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ ასტროლოგიის, როგორც ეგრეგორის მნიშვნელობაზე და იმ ეგრეგორულ ფაქტორებზე, რომლითაც ეს სისტემა მუშაობს. სტატიის ამ ნაწილს მათთვის ვწერ, ვინც უკვე გაცნობილია ჩემს ნაშრომს ეგრეგორების შესახებ (იხ. ამ ლინკზე).

როგორც იცით, ეგრეგორები სამი სახისაა (ეგრეგორების კლასიფიკაცია): სისტემური, პარაზიტული და სისტემურ-პარაზიტული. ეზოთერული ეგრეგორების უმეტესი ნაწილი (მათ შორის ასტროლოგია) დღეისთვის სისტემურ-პარაზიტულია, და ზოგიერთი უფრო სისტემურობისკენ იხრება, ზოგიერთი კი პარაზიტულობისკენ. თუ საით წავა ასტროლოგია, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა დღეისათვის მასში პარაზიტულობის ელემენტები საკმად ბევრია. რატომ? ჩამოვთვალოთ მიზეზები:

1. პირველ რიგში ამას განაპირობებს მასებში გაუცნობიერებელი და ბრმა რწმენა როგორც ყვითელი, ასევე არაყვითელი ასტროლოგიისადმი. ანუ იმ ადამიანების წილი, რომლებსაც რაღაც დონეზე მაინც შემეცნებილი აქვს ასტროლოგია, უკიდურესად ნაკლებია (მათ შორის ასტროლოგებშიც) იმ ადამიანების წილთან შედარებით, ვინც ბრმად მიჰყვება ასტროლოგიას და მის არსს ოდნავაც ვერ წვდება (რასაც ვერ ვიტყვით, ემპირიულ მეცნიერებებზე, რომლის მიმდევრებშიც შემეცნება რწმენაზე გაცილებით უფრო მაღლა დგას).

2. ასტროლოგია, როგორც სისტემა, არ იძლევა თავისი მექანიზმების ღრმა მიზეზ-შედეგობრივ გაგებას. ცდილობს მოგვცეს, მაგრამ ეს თეორიები კი არა, უფრო ვარაუდებია, რომლებიც მრავალფეროვანია და ერთ სისტემად ვერ ლაგდება.

3. ასტროლოგიას გააჩნია მრავალი შაბლონი, რომელიც ძირითადად ეგრეგორის ხარჯზე (და არა რეალური სისტემურობის ხარჯზე) მუშაობს. მაგალითად, მე გახლავართ ლილიტი მშვილდოსანი, და მათ, ვინც ასტროლოგიის მტრად აღმიქვამენ, ეგრეგორი მისცემს დამაჯერებელ ახსნას, რომ მე იდეოლოგობისკენ და რაც მთავარია ცრუ იდეოლოგობისკენ მაქვს მიდრეკილება. მაგრამ გარდა პროექციის ფაქტორისა, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებ, ეს შაბლონი ვერცერთ არგუმენტირებულ ახსნაში ვერ ჯდება. როგორც იცით, ლილიტი ერთ ნიშანში დაახლოებით 9 თვე ჩერდება. ანუ ჩემი კლასელების და პარალელური კლასელების დაახლოებით ¾ ლილიტი მშვილდოსანია, მაგრამ მათგან ძალიან ცოტას აქვს მიდრეკილება იდეოლოგობისკენ ან მასწავლებლობისკენ (ერთადერთი მე აღმოვჩნდი "ცრუ იდეოლოგი"). და პირიქით, არსებობს უამრავი იდეოლოგი ან ცრუ-იდეოლოგი, რომელიც ლილიტი მშვილდოსანი არაა. გარდა ამისა, როგორც ჩემს, ასევე უამრავი სხვა ადამიანის რუკაში არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო და მეცნიერულად გაუმყარებელ შაბლონთა და ფაქტორთა დიდი რაოდენობა, რომელთაგანაც ყველა თავისი გემოვნებით ან განწყობით ამოარჩევს სასურველს (თავისი პროექციის შესაბამისად).

4. იგი ფსევდომეცნიერებაა და ჯერ-ჯერობით კარგად ვერ ინტეგრირდა ვერცერთ მეცნიერულ სისტემასთან (არ იგულისხმება სხვა ეზოთერული სისტემები, რომლებიც ასევე სისტემურ-პარაზიტულები არიან). თუმცა ამის გამოსწორებაზე მიდის მუშაობა და კარგ შემთხვევაში ასტროლოგია ფსიქოლოგიასთან, ხოლო უკეთეს შემთხვევაში ფსიქოლოგიასთან და ასტრონომიასთან ინტეგრირდება. რა თქმა უნდა, ფსევდომეცნიერული არ ნიშნავს აპრიორი პარაზიტულს, რადგან არსებობს სისტემური ეზოთერული მიმართულებებიც, მაგრამ სისტემურ ეზოთერულ მიმართულებებში მთავად ადეპტებს შესაბამისი ოკულტური ხედვის ადამიანები წარმოადგენენ, ასტროლოგების შემთხვევაში კი ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა ნამდვილი ოკულტური ხედვა არავის აქვს.

5. და ბოლოს, გარდა იმისა, რომ ვერ ინტეგრირდა, იგი არც კი ცდილობს შედარებით სისტემურ ეგრეგორებთან ინტეგრირებას, იმიტომ რომ ისედაც საკმაოდ დიდი მრევლი ჰყავს და ისედაც ბევრ ენერგიას იღებს, როგორც ეგრეგორი (ადამიანთა ძალიან დიდმა ნაწილმა იცის, როგორც მინიმუმ თავისი ზოდიაქო, და აძლევს ამ ეგრეგორს თუნდაც მცირე ენერგიას, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური განწყობით). ანუ ეს ეგრეგორი რაღაც კუთხით რელიგიას დაემსგავსა და დიდად არ აღელვებს ის ფაქტი, რომ მისი მრევლის უმეტესი ნაწილი ბრმად მიჰყვება. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ ეგრეგორის პარაზიტული მხარე - იგი იღებს ენერგიას მრევლისგან, სანაცვლოდ კი რეალურს არაფერს აძლევს მას, გარდა კიდევ უფრო მეტი არაფრისმომცემი შაბლონებისა. აქ საუბარი არ მაქვს ასტროლოგიის და ასტროლოგების შედარებით ჯანსაღ ნაწილზე, რომლებიც ცდილობენ მეტი გაცნობიერებულობა შეიტანონ თავის მიმდევრებში. ეს ეგრეგორის მთლიან მასშტაბთან შედარებით ძალიან ცოტაა.

ახლა გადავიდეთ იმ ეგრეგორულ მექანიზმებზე, რომლითაც ასტროლოგია მუშაობს:

1. როგორც იცით, ნებისმიერ დიდ ეგრეგორს, იქნება ეს რელიგიები, სექტები, ორდენები თუ სხვა რამე, გააჩნია თავისი მექანიზმები იმისთვის, თუ როგორ მოიზიდოს და შეინარჩუნოს თავისი მრევლი. ნებისმიერი დიდი ეგრეგორი, თუკი მასში ჩაერთვებით, ეცდება დაგიმტკიცოთ, რომ „მუშაობს“. და ეს შეიძლება ეგრეგორების პატარა თუ დიდ „სასწაულებშიც“ კი გამოვლინდეს. სწორედ ასეთი „სასწაულების“ და ტრიუკების ხარჯზე ცდილობს ნებისმიერი პარაზიტული ან სისტემურ-პარაზიტული ეგრეგორი გაძლიერებას. ნებისმიერ დიდ ეგრეგორში არსებობენ „ქურუმები“, რომლებიც ამ ეგრეგორს ემსახურებიან და კარგი „გამტარები“ არიან. მათ ეგრეგორისგან ენიჭებათ ის საჭირო უნარები და ინფორმაცია, რომელიც მრევლის მოზიდვაში და კონტროლში შეუწყობთ ხელს. გამონაკლისს არც ასტროლოგია წარმოადგენს, და მისი ქურუმების უმეტესობაც სწორედ ასეთი გამტარია, და უფრო ეგრეგორის ინფორმაციული ველისგან იღებენ საჭირო ინფორმაციას, ვიდრე რეალურად აღწერენ მოვლენებს (ამის ცოცხალი მაგალითი სტატიის წინა ნაწილში ჩემს თავზეც მოვიყვანე).

2. ყველა დიდ და მითუმეტეს ძველ ეგრეგორს გააჩნია არქეტიპული შაბლონები, რომლებიც კოლექტიურ ქვეცნობიერში ილექება და რეალურად იწყებს მუშაობას. მაგალითად შაბლონი, რომ მზით კურო ასე და ასე იქცევა, შესაძლოა საერთოდ არ შეესაბამებოდეს რეალობას, მაგრამ ეგრეგორის მრევლის, და დიდი ეგრეგორების შემთხვევაში მთელი კაცობრიობის კოლექტიურ ქვეცნობიერში ისე ღრმადაა გამჯდარი, რომ ადამიანისთვის უფრო ადვილი ხდება იმოქმედოს ამ შაბლონით, ვიდრე არ დაექვემდებაროს მას. ასეთი პირობითი შაბლონები კი არათუ ასტროლოგიაში, არამედ ჩვეულ ყოფით ცხოვრებაშიც უამრავი გვაქვს. შედარებით ახალი შაბლონები, მაგალითად, ურანის, ნეპტუნის და შედარებით ახლადაღმოჩენილი ასპექტების გავლენები გაცილებით უფრო ნაკლებია, და პრინციპში უფრო ნაკლებადაც მუშაობს. მოკლედ, ეგრეგორის პრინციპია, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს სჯერა რაღაცის, მით უფრო მეტად იქცევა ეს რაღაცა რეალობად, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური საფუძველი შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს.

3. პროექციები - ესაა ის მექანიზმი, რომელიც ახლოსაა ფსიქოლოგიურ ფაქტორთან, მაგრამ უფრო მეტად ეგრეგორული გავლენით მუშაობს. პირველი მთავარი პროექცია, რომელიც ადამიანს ენიჭება, ეს თავად მისი დაბადების თარიღია. ადამიანი დაიბადა ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით, და თუ ასტროლოგიის მეტ-ნაკლებად სჯერა, ცხოვრების განმავლობაში თანდათან ამ პროექციის შესატყვისი ხდება. არსებობს ასეთი გამოთქმა: „თუ ათი ადამიანი გეუბნება ჩაინიკი ხარ, ორთქლი უნდა გამოუშვაო“. ასევეა ამ შემთხვევაშიც, არა მხოლოდ თქვენ ანიჭებთ საკუთარ თავს პროექციას, არამედ სხვებიც განიჭებენ. შეიძლება თქვენ საერთოდ არ გჯეროდეთ ასტროლოგიის, მაგრამ გარშემო გამოჩნდება უამრავი ადამიანი, რომელიც გარკვეულ პროექციაში ჩაგსვავთ, და იმის მიხედვით, თუ როგორი ფსიქიკური ძალა გაქვთ, და როგორია ამის თანაფარდობა თქვენსა და ამ ადამიანებს შორის, შესაძლოა თავისუფლად აღმოჩნდეთ ამ პროექციის გავლენის ქვეშ (ეს გავლენა მით უფრო იზრდება, რაც უფრო ჩართული ხართ ასტროლოგიის ეგრეგორში).

ძლიერი ასტროლოგები - არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ დიდი მენტალური ძალა აქვთ, და „მადლფოინთების“, ანუ ეგრეგორული ან სხვა სახის „მადლის“ დაგროვების შედეგად მათი პროექციის უნარი სამყაროზე იზრდება. წარმოიდგინეთ, რამხელა გავლენა ექნებოდა და აქვს დიდი ძალის მქონე შამანს, ქურუმს თუ ასტროლოგს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეს ძალა გაცილებით ნაკლები აქვთ. ფაქტიურად ასეთი დიდი სხვაობის შემთხვევაში ადამიანმა თავისუფლად შეიძლება, რეალობა დაუფორმიროს სხვა ადამიანს. წარმოვიდგინოთ, რომ ლამის წმინდანად შერაცხული პატრიარქი მივიდა ოჯახში, სადაც ბავშვი დაიბადა, მონათლა ბავშვი, და თქვა, რომ ის მომავალში ჭეშმარიტ მართლმადიდებლად და ბერადაც კი გაიზრდება. წარმოიდგინეთ, რამხელა პროექციის ძალა ზემოქმედებს ამ ბავშვზე და მთელ ოჯახზე. მაშინაც კი, თუ ეს ოჯახი საერთოდ არაა მრევლი და მხოლოდ ტრადიციების გამო ნათლავს ბავშვს (რაც უკვე მაინც ეგრეგორში ჩართულობაა), ზეგავლენა დიდი იქნება, რადგან ეგრეგორის თვალსაზრისით პატრიარქს ძალიან ბევრი „მადლფოინთი“ აქვს.

დაახლოებით იგივე ხდებოდა უძველესი დროიდან შამანების და ასტროლოგების მხრიდანაც. შამანები ინტუიტიურად გრძნობდნენ, თუ როგორი ადამიანის საჭიროება იყო ჯგუფში (ან კაცობრიობაში) და თავისთვის სასურველ პროექციას უფორმირებდნენ ახალშობილთ. მათი პროგნოზებიც მართლდებოდა და წინასწარმეტყველებებიც ზუსტი იყო. რა თქმა უნდა ასტროლოგიაში დღეს უკვე ნაკლებად არიან ძალიან დიდი ძალის მქონე ქურუმები, და არც იმას ვამბობ, რომ ყველაფერი ეს მხოლოდ ეგრეგორულად ან პროექციების გზით ხორციელდება, მაგრამ ამის წილი ძალიან დიდია. და ასტროლოგიური რუკაში ჩასმაც, ერთგვარი „ნათლობაა“ ადამიანისთვის. პროექციების ძალაზე უამრავი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ ვფიქრობ, პრინციპი უკვე გასაგებია.

დღეს ნებისმიერი ეგრეგორის „ქურუმები“ ცნობიერად ან არაცნობიერად ხვდებიან, რომ მათი წარმატების ზრდის გარანტი "მადლფოინთების" დაგროვებაა. ეს ბუნებრივი და სწორი მექანიზმია, მაგრამ ზოგი ცალმხრივად და ეგრეგორულად (მხოლოდ თავისი ეგრეგორის მსახურებით) აგროვებს "მადლფოინთებს", ზოგი კი ცდილობს მეტ-ნაკლებად სისტემური იყოს და და ეგრეგორების უფრო სისტემური (ჯანსაღი) მხარის გატარებას ეცადოს, ვიდრე პარაზიტულის. ყველა შემთხვევაში, კარგი ასტროლოგი უნდა აცნობიერებდეს ამ მექანიზმებს და ბრმად არ მიჰყვებოდეს ეგრეგორის მიერ ფორმირებულ შაბლონებს. ყველაზე მეტად შეცდომაში ის ადამიანები შედიან (განსაკუთრებით ვიზუალური ვექტორის წარმომადგენლები), რომლებსაც ასტროლოგებთან, მღვდლებთან, გურუებთან და ა.შ. აქვთ დამოკიდებულება: „კარგი ადამიანია, ე.ი. რასაც ამბობს ჭეშმარიტებაა“. სინამდვილეში ასე არაა. შეიძლება კარგი ადამიანი სისულელეს ამბობდეს, ან პირიქით.

მაშ, რა არის თანამედროვე ასტროლოგის ფუნქცია? არსებობს გარკვეული ეგრეგორული მოცემულობები, და ადამიანების, მითუმეტეს ასტროლოგიის მრევლის დიდი ნაწილი ამ მოცემულობების (პროექციების, შაბლონური არქეტიპების და ა.შ.) გავლენის ქვეშაა. ასტროლოგმა სიმბოლიზმის ამავე ენით უნდა შეძლოს, რომ კონსტრუქციულ რელსებზე გადაიყვანოს ასტროლოგიის ეგრეგორს დაქვემდებარებული ადამიანი და თუ შესაძლებელია აუხსნას მას ამ ყველაფრის მექანიზმი, ხოლო თუ ვერ აგებინებს (ამ მექანიზმს, და ამ სტატიასაც რეალურად ძალიან ცოტა თუ გაიგებს), თავისთვის მაინც იცოდეს ეს ყველაფერი და ილუზიაში არ იყოს. ასტროლოგებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ არასწორად არ დაუფორმირონ რეალობა თავიანთ კლიენტებს. განსაკუთრებით ეს ეხება „წინა ცხოვრებებში“ ქექვას. სინამდვილეში მხოლოდ ძალიან მაღალი ცნობიერების ადამიანს შეუძია დაინახოს წინა ცხოვრების მექანიზმები. ასტროლოგიური რუკა ამ მექანიზმებზე ზუსტ პასუხებს ვერანაირად ვერ მოგვცემს, ხოლო არაზუსტი პასუხი კი სახიფათოა. საბოლოო ჯამში კი ასტროლოგი კარგად უნდა იცნობდეს ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების და ზოგადად ფსიქოლოგიის მექანიზმებს და ამ მიმართულებით უნდა დაეხმაროს ადამიანთა იმ ნაწილს, რომლებსაც ღრმად სჯერათ ასტროლოგიის. ასტროლოგი ვერ იქნება თვით-ცნობიერი, თუ ეგრეგორულ მექანიზმებში ვერ ერკვევა. ისევ ვიმეორებ: არაა აუცილებელი, რომ ყველას აუხსნას ეს მექანიზმები, და რეალურად ცოტა თუ გაიგებს ამას, მაგრამ თვითონ ყველა შემთხვევაში უნდა ესმოდეს. იგივე ეხება ნუმეროლოგსაც, ტაროლოგსაც, რელიგიის მსახურსაც და ნებისმიერი არამეცნიერული ეგრეგორის წარმომადგენელს.

დღეისათვის არაეზოთერული ეგრეგორებიდან ყველაზე სისტემური (ჯანსაღი) ეგრეგორი მეცნიერებაა (დაწვრიულებით იხ. ამ ლინკზე), ხოლო ეზოთერულებიდან - ქრისტეს იმპულსის ეგრეგორი. სხვა ეზოთერული ეგრეგორების უმეტესობა ან მომაკვდავია და სულს ღაფავს, შესაბამისად მხოლოდ პარაზიტიზმის ხარჯზე ინარჩუნებს ძალებს, ან ცდილობს, რომ სისტემურობის წილი გაზარდოს და ამით გადარჩეს. ასტროლოგია სადღაც შუაშია და თუ საით წავა, ამას დრო გვიჩვენებს.

ახლა ავღწერ, თუ როგორ შეიძლება ასტროლოგიამ იმუშაოს რეალურად (სისტემურად) და რა ფაქტორები უნდა იქნეს გათვალისწინებული:

1. ზუსტად უნდა განისაზღვროს როგორც თარიღი და დრო, ასევე მდებარეობა (მაგალითად თუ დაიბადა თბილისში, კონკრეტულად სად, რომელ სამშობიაროში დაიბადა, ანუ საჭიროა ზუსტი კოორდინატები).

2. უნდა განისაზღვროს აღზრდის და სოციუმის გავლენის ის ფაქტორები, რომლებიც ამ ადამიანზე მოქმედებდნენ (ან მოქმედებენ), რადგან ეს გავლენა მნათობების გავლენაზე მეტად თუ არა, არანაკლებ მნიშვნელოვანია. და ეს ფაქტორი სწორედ ფსიქოლოგიის სფეროა.

3. უნდა განისაზღვროს ადამიანის ინდივიდუალური თავისებურებები სხვა სისტემების (ფსიქოლოგიური, ბიოენერგეტიკული და ა.შ.) მხრიდანაც, და სწორედ მათთან მოხდეს ასტროლოგიური მონაცემების სინთეზირება.

4. უნდა მოხდეს ცაზე თანავარსკვლავედების და მზის სისტემის თანხვედრის გასწორება. ანუ უფრო ზუსტად უნდა იქნეს გამოყენებული თანამედროვე ასტრონომიული მონაცემების გათვალისწინება.

5. მეტად უნდა იქნეს გათვალისწინებული უძრავი ვარსკვლავების ზეგავლენა (სტატისტიკური დაკვირვების გზით).

6. გეოცენტრულთან ერთად, გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს ასტროლოგიის ჰელიოცენტრულ სისტემას.

6. ზუსტად უნდა განისაზღვროს და სტატისტიკურად დადგინდეს ნებისმიერი ასპექტის და ფაქტორის მნიშვნელობა, და ყველა ასტროლოგიური სკოლა რაღაც ერთზე და დადგენილზე უნდა თანხმდებოდეს (ისე, როგორც მეცნიერებაშია).

7. ზუსტად უნდა დადგინდეს, თუ რა მომენტი ითვლება დაბადებად: მთლიანად გამოსვლა, თავის გამოყოფა, ჭიპლარის გადაჭრა თუ პირველი ჩასუნთქვა.

8. და რაც ყველაზე მთავარია, საჭიროა ასტროლოგიის გაცილებით მეტად ინტეგრირება მეცნიერებასთან და ფსიქოლოგიასთან. ასტროლოგიის ეგრეგორმა კი ბრძოლა უნდა გამოუცხადოს ყვითელ ასტროლოგიას და აქცენტი უნდა გააკეთოს ხარისხზე, და არა რაოდენობაზე. 

და ბოლოს, მოკლე რეზიუმე დასკვნების სახით:

1. ასტროლოგია - ესაა ფსევდომეცნიერება. თავისი საფუძვლებით ესაა ოკულტური ცოდნა, და ამ ცოდნის ძირითადი კანონზომიერებების ზუსტი და არსობრივი აღწერა დღეისათვის დაკარგულია.

2. ასტროლოგია ცალსახად მუშაობს. და იგი მუშაობს სამი ფაქტორის ხარჯზე: სისტემურობის (ანუ ობიექტური ფაქტორის), ფსიქოლოგიურის და ეგრეგორულის. და ამათგან დღეს ყველაზე მეტი წილი ეგრეგორულ ფაქტორს უკავია, ხოლო ყველაზე ნაკლები - სისტემურს.

3. ასტროლოგი პირველ რიგში კარგად უნდა ერკვეოდეს ფსიქოლოგიაში.

4. ასტროლოგი კარგად უნდა აცნობიერებდეს ეგრეგორულ მექანიზმებს და არ უნდა იყოს თავისი ეგრეგორის გაუცნობიერებელი (ბრმა) მიმდევარი. მას კარგად უნდა ესმოდეს პროექციების და არქეტიპული შაბლონების როლი ასტროლოგიაში.

5. დღეისათვის ასტროლოგიის ეგრეგორში დიდია პარაზიტულობის წილი, რადგან იგი ძირითადად გაუცნობიერებელი მრევლის ხარჯზე იკვებება (სხვა მიზეზები ზემოთაა ჩამოთვლილი).

6. ასტროლოგიას აქვს შანსი, რომ ისევ სისტემურ ეგრეგორად იქცეს, და ამისთვის მრავალი განახლება სჭირდება. გზა ამისკენ ორია: ან მეცნიერებას უნდა შეერწყას და მისი მეთოდებით განვითარდეს, ან რომელიმე ძლიერმა ოკულტისტმა (ან ოკულტისტთა ჯგუფმა) ახლებურად გახსნას სისტემური კანონზომიერებები და თან სხვებსაც გასაგებად აუხსნას.

ეგრეგორის ბუნებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ასტროლოგების და ასტროლოგიის მოყვარულების უმეტესობა ამ სტატიას „წაუყრუებს“ და იგნორირებას გაუკეთებს, მე კი "მტრად" გამომაცხადებს (რადგან მათ რწმენას შევეხე). და რეალურ ცვლილებებს ასტროლოგიის განვითარებაში ჯერ-ჯერობით მსგავსი სტატიები ნაკლებად შეიტანენ, მაგრამ მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და ვეცადე ძალიან მცირე ნაწილი მაინც მომეგლიჯა კოლექტიური არაცნობიერიდან და გადამეტანა კოლექციურ ცნობიერში.

თუ შენიშვნები, კითხვები ან საწინააღმდეგო აზრები გექნებათ დაწერეთ კომენტარებში და ვიმსჯელოთ.

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (I ნაწილი)


ნაწილი პირველი ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ...

მარსის შეერთება პლუტონთან


მარსის შეერთება პლუტონთან არქეტიპი: კოსმიური მეომარი ამ ადამიანს ...

ანტარესი - მორიელის გული


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

იუპიტერის ტრანზიტი სახლებში


ავტორი: იოანე შენგელია შესავალი ნებისმიერი ადამიანის დაბადების ...

25 სექტემბრის სავსე მთვარე


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, გვიახლოვდება სასვემთვარეობა,...

წითელი მთვარე - მთვარის დაბნელება


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე ჩემო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ - გ...

სასწორი, მშვილდოსანი, მერწყული მოკლე მიმოხილვა


მოამზადა: ქეთი ოდიშელმა (omnia) სასწორი წყარო სასწორის მფლობელი ...

ურანი - ღმერთის ხმა


ავტორი: იოანე შენგელია სამეფო კარის თამაშები ეს იყო გაელვება. ე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff