მედიტაციის არსი და მეთოდი

Admin
იოგა და ტანტრა
0
0

ავტორი: სერგეი მელნიკოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ისევე, როგორც საჭმლის ხსენება ვერ დაანაყრე...

melnikov

ავტორი: სერგეი მელნიკოვი

მთარგმნელი: მამუკა გურული

ისევე, როგორც საჭმლის ხსენება ვერ დაანაყრებს მშიერს, მას ამისთვის საჭმელი სჭირდება, ასევე ადამიანი, რომელსაც აზრის სიცარიელის შეცნობა სურს, არ უნდა დაკმაყოფილდეს სიცარიელის მხოლოდ აღწერილობით და მედიტაციის მეშვეობით უნდა შეიცნოს იგი. (მილარეპა)

(ფოტოზე: სერგეი მელნიკოვი)

1. რა არის მედიტაცია?

მედიტაცია - ლათინური სიტყვაა (meditation). პირდაპირ თარგმანში იგი ნიშნავს აზროვნებას. შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვის, როდესაც რაღაცაზე ვფიქრობთ, ეს მცირე მედიტაციაა. მედიტაციის ობიექტი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს. მნიშვნელოვანია აზრის კონცენტრაციის თავად ფაქტი, რომელსაც გარკვეულ მდგომარეობამდე მივყავართ.

მედიტაციის პირველ გაკვეთილებს ჩვეულ ცხოვრებაში ვღებულობთ, ვკონცენტრირდებით რა ჩვენს საქმეებზე, მდგომარეობებზე და გარესამყაროზე, და ეს გაკვეთილები რომ არ გაგვევლო, უბრალოდ ვერ გადავრჩებოდით, ან როგორც მინიმუმ არაადეკვატურები ვიქნებოდით. მედიტაციის უნარი დაბადებიდან მოგვყვება - აბსოლუტურად ყველა ადამიანს. ეს არ წარმოადგენს რომელიმე კასტის ან რომელიმე რანგის ადამიანთა პრეროგატივას. ეს ყველაშია და ყველას შეუძლია ამასთან მუშაობა. მაგრამ ამ უნარს როგორც წესი ზედაპირულად ვიყენებთ, თუმცა ყველაზე მეტი ინტერესის წუთებში შეგვიძლია მთლიანად ვკონცენტრირდეთ. და სპონტანური სრული კონცენტრაციის ასეთი მომენტები ყველა ადამიანს განუცდია ცხოვრებაში ერთხელ მაინც. განსაკუთრებით ბავშვობაში, როდესაც მაგალითად სიარულს ვსწავლობდით, ყოველი მოძრაობა სრულ კონცენტრაციას და გაცნობიერებულობას მოითხოვდა. ეს ახლა დავდივართ, ამ პროცესზე აქცენტირების გარეშე, მაგრამ იმისთვის, რომ გვესწავლა, საჭირო იყო მთელი ჩვენი კონცენტრაცია და გაცნობიერებულობა. ტოტალური ყურადღების ასეთი მომენტები ზრდასრულ ასაკშიც არსებობს. და ხშირად სრული კონცენტრაციის ამ მდგომარეობებს სიხარული, ყოფიერების სისავსის შეგრძნება და სიმშვიდე ახლავს თან. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სხვადასხვა დარდი და შფოთვა მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ბოლომდე არ ვართ აწმყო მომენტში, ბოლომდე არ ვართ პროცესში, და არსებობს ადგილი კიდევ სხვა რაღაცისთვის. ხოლო როდესაც ბოლომდე აქ და ახლა ვიმყოფებით, ბოლომდე იმაში ვართ, რასაც ვაკეთებთ, ჩვენში სხვა არაფრისთვის აღარ რჩება ადგილი და უბრალოდ გახსნილნი ვართ სამყაროსადმი, გახსნილნი ვართ უფრო დიდი რეალობისადმი, ვიდრე ჩვენი მოლოდინები, გამოცდილება ან წარმოდგენებია. ხდება ხოლმე, რომ ადამიანს მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში შეუძლია ასეთ მდგომარეობაში შესვლა.

ამგვარად, სიტყვა „მედიტაციის“ დასავლური (ლათინური) ინტერპრეტაცია - ესაა აზრის კონცენტრაცია და ფიქრი, შეცნობა. მაგრამ არსებობს სხვა ტერმინებიც, რომლებიც მსგავს მდგომარეობებს ასახავენ, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით. ინდუიზმში მედიტაციის პროცესი სამ საფეხურად იყოფა: დჰიანა, დჰარანა და სამადჰი.

დჰიანა - ესაა ყურადღების კონცენტრაციის ეტაპი, როდესაც ჩვენ ვკონცენტრირდებით ობიექტზე ან პროცესზე, მაგრამ ასევე ხანდახან ჩნდება აზრები ან სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები.

დჰარანა - ესაა ეტაპი, როდესაც ჩვენ უკვე მთლიანად ვკონცენტრირდით ობიექტზე, ყველაფერი დანარჩენი მეორე პლანზე გადავიდა, და გარდა კონცენტრაციის ობიექტისა, ჩვენთვის სხვა აღარაფერი არსებობს.

სამადჰი - ესაა ობიექტთან სრული შერწყმა. დჰარანას სტადიაზე ჯერ კიდევ დამკვირვებელი და დაკვირვების ობიექტი, სამადჰის სტადიაზე არ არსებობს არც დამკვირვებელი და არც დაკვირვების ობიექტი, ისინი ერთიანდებიან პრინციპით „მე ვარ ის“. აქ აქცენტი სწორედ ორმაგობის გაქრობაზეა. აღმოსავლურ ვარიანტში მედიტაციის პროცესი უფრო ღრმადაა გახსნილი, მაგრამ არ ეწინააღმდეგება ამ სიტყვის დასავლურ მნიშვნელობას.

არსებობს ასევე ბუდისტური ტერმინი - ძენი. ესაა ადამიანის ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც თავისი ბუნების ჭვრეტისას, იგი ბუდა (გამოღვიძებული, გასხივოსნებული) ხდება. აქ იგივე პრინციპია, თავდაპირველად ჩვენ ვსწავლობთ ჩვენი ბუნების ჭვრეტას, შემდეგ ბოლომდე ვკონცენტრირდებით მასზე და უკეთ გვესმის იგი, და ბოლოს და ბოლოს ერთიანი ვხდებით მასთან.

არსებობს ასევე სხვა მრავალი ტერმინი, რომლებიც მსგავს მდგომარეობებს და პროცესებს აღნიშნავენ, და რომლებიც სხვადასხვა სწავლებებსა და ტრადიციებში გვხვდება, მაგრამ მოყვანილი მაგალითები ილუსტრაციისთვის საკმარისია. მათში საერთო ისაა, რომ მივაღწიოთ ერთიანობას კონცენტრაციის ობიექტთან ერთიანობის, იქნება ეს ბუდას ბუნება, ღმერთი, სული, თუ სხვა რამე. ამასთან ერთიანობა არა ფიზიკურ, ემოციურ ან ინტელექტუალურ დონეზე, არამედ ყველაზე ღრმა - გაიგივებისა და ცნობიერების ყველაზე ღრმა ასპექტების ობიექტთან შეერთების დონეზე. ემოციები, აზრები, შეგრძნებები - ეს ცნობიერების სხვადასხვა გამოვლინებებია. მაგრამ როდესაც ცნობიერება მთლიანად კონცენტრირდება რაღაცაზე, ჩვენ უკვე ვეღარ ვხედავთ ობიექტს და ვეღარ ვფიქრობთ მასზე, ჩვენ უკვე ის ვართ, და ეს რაღაც გაცილებით უფრო მეტია.

ახლა არსებობს მედიტაციის პრაქტიკების მრავალი სხვადასხვა ინტერპრეტაცია, როდესაც ადამიანები სწავლობენ სხვადასხვა საგნებზე კონცენტრაციას: მედიტაცია ბედნიერებაზე, სიყვარულზე, ფულზე, ჯანმრთელობაზე, ძალაზე და ა.შ. არსი ერთია: მივაღწიოთ ერთიანობას ობიექტთან. განსხვავება მხოლოდ ობიექტებში და ამ ერთიანობის მიღწევის მეთოდებშია.

ჭვრეტის მთავარ ობიექტს წარმოადგენს სული, უმაღლესი მე, ბუდას ბუნება. ადრე თუ გვიან ადამიანი მიდის აქამდე მრავალი სხვადასხვა გზით. ყველაფერი დანარჩენი ჩრდილი და წინასწარი მომზადებაა. მხოლოდ სულს შეუძლია მოგვცეს ჭეშმარიტი სისავსე, ჭეშმარიტი რეალობა, სხვა ვერაფერი მოგვცემს ამას, სხვა ვერაფერი დაგვიკმაყოფილებს ჩვენს ნამდვილ ბუნებასთან ერთიანობის შიმშილს, ბუნებისა, რომელიც დაბადებისა და სიკვდილის მიღმაა, აღწერილობის მიღმაა და მაინც რეალურია - ყველაფერ დანარჩენზე რეალური. და იგი ჩვენთან ახლოთა შორის ყველაზე ახლოსაა, საჭიროა მხოლოდ მისი აღმოჩენა.

პატანჯალის იოგა სუტრაში მოცემულია იოგას ასეთი განმარტება:

„იოგა არის აზრის მატერიის [ჩიტტა] შეკავება (მართვა) სხვადასხვა ხატ-სახეთა [ვრიტტი] ტალღებისგან. ამ დროს [კონცენტრაციის დროს] მხედველი [პურუშა] თავის საკუთარ [ბუნებრივ] მდგომარეობაში სუფევს. დანარჩენ შემთხვევებში [არაკონცენტრირებულ მდგომარეობაში] მხედველი ერწყმის თავის სახეცვლილებებს“.

ეს განმარტება სრულიად ამომწურავად, თუმცა კი მოკლედ აღწერს მედიტაციის პრაქტიკის ძირითად არსს: კავშირის გაძლიერებას უმაღლეს მესთან, საკუთარ ბუნებასთან.

buddha

რა არის უმაღლესი მე?

ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, თავდაპირველად შევეხოთ ჩვენთვის ჩვეულ პიროვნებას. არსებობს ჩვენი ჩვეული მე, რომელსაც კარგად ვიცნობთ. თუმცა ის მე-ც კი, რომელსაც საკუთარ თავად ვთვლით, არც თუ ისე თვალნათლივია. ასე თუ ისე, არის კრიტერიუმები, რომლებითაც მისი აღწერა შეგვიძლია. ესაა პიროვნება, რომელიც დაბადების შემდგომ ჩამოყალიბდა.

ჩასახვის მომენტში ჩნდება „მენტალური ნაპერწკალი“, ანუ გონების ნაპერწკალი სულის ფიზიკურ სამყაროზე პირველად შეჭიდულობასთან ერთად უჯრედულ დონეზე. ჩნდება არა მხოლოდ მოკვდავი სხეული, არამედ მოკვდავი ცნობიერებაც, ეს მნიშვნელოვანი მომენტია. გონების ნაპერწკალი წმინდა სინათლეს ჰგავს, რომელიც შემდეგ ერთგვარ მენტალურ გარსად ვლინდება. და ეს ნაპერწკალი უკვე გაჩენის ეტაპზევე განსხვავდება იმ სულის ცნობიერებისგან, რომელიც უნდა განსხეულდეს. ეს მოკვდავ და უკვდავ ბუნებად დაყოფის ყველაზე პირველი მომენტია. შეიძლება ითქვას, ეს ნაპერწკალი „ხიბლავს“, იზიდავს სულს, თავს აიგივებს მის წმინდა სინათლესთან, უერთდება მას, რითაც ძალებს და განვითარების უნარს ჰმატებს, მისი გზის ფორმირებას ახდენს. უმეტესწილად ეს პროცესი არაცნობიერია.

შემდეგ მოდის საშვილოსნოს შიგა პერიოდი, მშობიარობა. გარსები უფრო და უფრო მატერიალური, შეიძლება ითქვას უფრო უხეში ხდება, და ის პირველადი ნაპერწკალი, რომელმაც გონება დაჰბადა ჩასახვის მომენტში, უკვე დამალულია უფრო მეტი გარსის ქვეშ, და ამის გამო სული დაფარული ხდება. პირველ პლანზე გამოდის გარესამყაროსთან ადაპტაცია, რომლის პროცესშიც პიროვნება ფორმირდება, როგორც გარსების ბაზაზე ჩაწერილი ერთგვარი პროგრამული უზრუნველყოფა. პიროვნების ფორმირება მრავალი ფაქტორის ზეგავლენით ხდება, როგორც ვერბალურით და ცნობიერად რეგისტრირებადით, ასევე არავერბალურით და ქვეცნობიერით. ცხოვრების პირველ წლებში ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩავრთოთ მოკვდავი ჭკუა, რათა შეგვეძლოს სამყაროს ნორმალური აღქმა, მისი გაგება და მასში მოქმედება. აქ ხდება როგორც აღზრდა და სწავლება, გაცნობიერებული გამოცდილების მიღება, ასევე ქვეცნობიერი დონეების არავერბალური ფორმირება საზოგადოების საინფორმაციო ველის, ოჯახის, პლანეტის, ასტროლოგიური ძალების მეშვეობით. ამასთან, ცხოვრების პირველ წლებში არავერბალური ნაწილი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ვერბალური. ამ დროს ადამიანი სკოლაში არ დადის, სახელმძღვანელოებს არ კითხულობს, მაგრამ მისი თავად გარკვეულ გარემოში ყოფნა მისი ცნობიერების ფორმირებას ღრმა დონეზე ახდენს. და შემდეგ ეტაპებზეც არავერბალური შემედგენელის როლი ძალზე დიდია.

ახალგაზრდობაში ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი პიროვნების განვითარებას, გამყარებას და უფრო და უფრო ძლიერ, თვითკმარ და ჩაკეტილ სტრუქტურად ვაქცევთ მას. და ბოლოს და ბოლოს იგი ძალიან ჩაკეტილი, ჩახუთული ხდება, უფრო მეტად ვიმყოფებით ჩვენი წარმოდგენების, თვითშეზღუდვების შიგნით, უფრო ნაკლებია უშუალო აღქმა და გაცნობიერება, მოქნილობა, სამყაროსთან პირდაპირი კონტაქტი. უფრო და უფრო მეტად გვავიწყდება, თუ ვინ ვართ. იმყოფება რა თავისი გონების ამ ციხეში, ადამიანი ქვეცნობიერად ან სრულიად ცნობიერად იწყებს გამოსავალის ძიებას. ისწრაფვის, რომ უფრო ღია და წმინდა ცნობიერებას, თავისუფლებას, სიახლეს მიაღწიოს. ხშირად ამ გამოსავალს ადამიანი სიბერეში პოულობს, წარსული მომენტების, ცხოვრების წარსული სიხარულისა და ბავშვობასა და ახალგაზრდობასთან დაკავშირებული სიახლეების გახსენებით. და ეს შინაგანი მდგომარეობა გარესამყაროზე პროეცირდება, ჰბადებს შეხედულებას, რომ აი, მაგალითად საბჭოთა კავშირის დროს ყველაფერი კარგად იყო, ახლა კი ცუდადაა, ან რევოლუციამდე ყველაფერი კარგად იყო, ახლა კი ცუდადაა, კონკრეტულ დროს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია წარსულისადმი მიმართვის ფაქტი, სადაც არის სულისა და წმინდა ცნობიერების კვალი - თვითშეზღუდვების ამ ტვირთისგან თავისუფალის. მაგრამ ასეთ ვარიანტს კიდევ უფრო მეტი ჩაკეტილობისკენ, გაძვალებისკენ და ნამდვილ მომენტთან, ასევე საკუთარ სულთან კავშირის დაკარგვისკენ მივყავართ, რაც ჰბადებს გაღიზიანებას, უკმაყოფილებას და დეპრესიას. და ეს უკვე დაკავშირებულია არა იმდენად განვითარებასთან, არამედ ნგრევასთან. ბოლოს და ბოლოს მხოლოდ სიკვდილი არღვევს ამ ჩაკეტილ წრეს. ასეთია განვითარების მიახლოებითი სქემა და მოკვდავი ცნობიერების თვისებები, თუმცა აქ რა თქმა უნდა მრავალი სხვადასხვა ვარიანტია შესაძლებელი. მაგრამ მოკვდავი ცნობიერების მთავარი თვისება - ესაა სასრულობა და განპირობებულობა გამოცდილებით, ფორმით და გარე პირობებით.

მაგრამ არსებობს სხვა ნაწილი, უმაღლესი მე, უსასრულო ნაწილი. იგი არსებობდა დაბადებამდე და იარსებებს სიკვდილის შემდეგ, იგი არასოდეს არავის უშობია და მოუკლავს. იგი მხოლოდ დროებით შედის გაიგივებაში ჩასახვის მომენტში ამა თუ იმ ფორმასთან, მაგრამ შემდეგ მიდის და საწყისს უბრუნდება სიკვდილის შემდეგ. იგი სადღაც იქ არაა და აქვე იმყოფება, და მხოლოდ ჩვენი უმეცრება არ გვაძლევს საშალებას, რომ დავინახოთ. ესაა ჩვენი ჭეშმარიტი არსი, ის, რასაც სინამდვილეში წარმოვადგენთ. ჩვენი ჩვეული პიროვნება - რაღაც ხელოვნურია, მაშინ, როცა უმაღლესი მე - რაღაც ბუნებრივია, და არაა შექმნილი გარემო პირობებით ან ადამიანური აღზრდით. და ჩვენ ეს ვართ უკვე ახლა, მაგრამ გაუცნობიერებლად. იმისთვის, რომ ჩვენი არსი აღმოვაჩინოთ, არაა საჭირო არანაირი ჩვეული ძალისხმევა, რომელსაც გამუდმებით ვასრულებთ იმით, რომ გონებას ვავარჯიშებთ. აქ რაღაც ხარისხობრივად სხვაა საჭირო: უბრალოდ ნება უნდა მისცეთ გაცნობიერებულობას, რომ ეს წყარო მოიცვას, თავად გახდეს იგი. და გზა ამისკენ - აზრის გაჩერება და მოკვდავი გონების მიღმა გასვლაა. ამასთან ჩვენ არაფერს არ ვქმნით, არ წარმოვიდგენთ, არ ვამუშავებთ ახალ თვისებებს ამის ჩვეული გაგებით. შემოქმედი ყოველთვის იმაზე უფრო რთულია, ვიდრე მისი ქმნილება, და იმისთის, რომ შემოქმედი აღმოვაჩინოთ, უნდა შევწყვიტოთ აზრების, განმარტებებისა და მოდელების ქმნის პროცესი, და ყურადღება მივმართოთ შიგნით, რათა უფრო ღრმად გავაცნობიეროთ, ვინ ქმნის და ანგრევს პიროვნებებს რეინკარნაციების პროცესში ისე, რომ თავად არ წარმოადგენს მათ. უბრალოდ საკუთარი თავის გაცნობიერება. ამ წყაროსთან ერთიანობა. და გაცნობიერება მოცემულ შემთხვევაში განსხვავდება „აზროვნებისგან“, როგორც სხვადასხვა მოდელების წარმოების პროცესისგან. შემდეგ, თუკი ახალი გაცნობიერებულობა მიღწეულია, იგი შეიძლება როგორღაც აღწერილ იქნას, მაგრამ აღწერილობა ყოველთვის დროებითი, არასრული და ძალიან ფარდობითი იქნება.

მედიტაცია, როგორც ამ გაცნობიერების პროცესი - არა იმდენად თემაზე ფიქრია, რამდენადაც აზრების გაჩერება და შეცნობის პირდაპირი განცდა რაიმე ფორმების შუამავლობის გარეშე. ეს გამოცდილება გვანთავისუფლებს თვითშეზღუდვებისაგან და ჭეშმარიტ თვითრეალიზაციას გვაძლევს. და ეს გამოცდილება უდევს საფუძვლად ყველა რელიგიასა და მისტიკურ სწავლებას - საკუთარ თავში ღვთაებასთან პირდაპირი კონტაქტის გამოცდილება, ან როგორც ხშირად ამბობენ - «ღმერთთან საკუთარ გულში». შემდეგ ეს სწავლებები იზრდებიან ინტერპრეტაციებად, ფორმებად, რომლებიც სულ უფრო და უფრო შორს მიდიან წყაროსგან და შეიძლება მტრობის საფუძველიც გახდნენ სხვადასხვა სექტებს შორის, რადგანაც დავიწყებულია წყაროს ერთიანობა. მაგრამ თუკი ადამიანი თავის უკვდავ ბუნებას რაღაც დონით მაინც ეხება, ამ მომენტში მის ცნობიერებაში ძალას კარგავს წინააღმდეგობა ყველა კონფესიასა და მიმართულებას შორის. ცხადი ხდება, რომ მწვერვალი ერთია, მაგრამ მისკენ მიმავალი გზა - ბევრი, და არ აქვს აზრი მტკიცებას, რომ რომელიღაც ერთი გზა ერთადერთი სწორია. ყველას თავისი აქვს, და ყველაში ერთი არსია ერთდროულად. საკუთარ თავში სულის აღმოჩენით ადამიანი ყველაფერში აღმოაჩენს მას. მაგრამ გარდა დოგმებისა რელიგიებში არსებობენ ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან წმინდანები, რომლებიც ღვთაებასთან შინაგან კონტაქტს ინარჩუნებენ. სწორედ ისინი წარმოადგენენ საყრდენ წერტილებს, ან სინათლის წყაროებს, რომლებზეცაა დაფუძნებული სწავლება. მტრობა და მიუღებლობა მხოლოდ კონცეფციების, გონების დონეზე არსებობს, როდესაც მოკვდავი გონება ცდილობს ფიქრის ხარჯზე აიცილოს უმაღლესი მე და უმაღლესი მე-ს ჭეშმარიტ თანმყოფობას თავისი იდეებით ანაცვლებს. მაგრამ იგივე სინათლე ყოველ ჩვენთაგანშია, მხოლოდ მისი აღმოჩენა დაგვრჩენია. იგი ყველაში თანაბრად არსებობს, განსხვავება მხოლოდ ამ ფაქტის გაცნობიერებაშია, რაც განსხვავდება ინტელექტუალური ახსნისგან ან ემოციური რწმენისგან. საკუთარ ჭეშმარიტ ბუნებასთან სრული შერწყმა ნიშნავს ყველა დარდისაგან განთავისუფლებას და დაბადებისა და სიკვდილის წრებრუნვის გარღვევას. მედიტაციის ძირითადი მიზანია - საკუთარი თავის, როგორც უსაზღვრო სულის შესახებ პირდაპირი გამოცდილების მიღება და შესაძლო ზღვრულ ვარიანტში მატერიალური ბუნების პირობითობებისგან სრული განთავისუფლება.

იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ, აუცილებელი არაა ძალიან ერუდირებული ვიყოთ და მრავალი წიგნი ვიკითხოთ, აუცილებელი არაა მოხერხებული ვიყოთ ყოფითი თვალსაზრისით. მაგრამ საკმარისია შეგვეძლოს აზრებთან და კონცეფციებთან გაიგივების მიღმა გასვლა. შემდეგ, პრაქტიკის შესაბამისად, ადამიანთან სხვადასხვა განცდები მოდის, იცვლება მისი სხეული და ცნობიერება, და შეიძლება გამოადგეს სხვადასხვა მდგომარეობათა კლასიფიკაციები და ამა თუ იმ ტრადიციათა გამოცდილება. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ დამხმარე როლს თამაშობს. ძირითადი - ესაა საკუთარი ჭეშმარიტი ბუნების ძახილის მიყოლა. და თუკი მივყვებით მას, ყველა სიტუაცია ისე ლაგდება, როგორც საჭიროა, და როგორც ვერც წარმოვიდგენთ. ჩვენ ვიძენთ საჭირო თვისებებს, მათ შორის სხეულისა და გონების, რათა ახალი გამოცდილებისადმი ადეკვატურები გავხდეთ, ვპოულობთ საჭირო მასწავლებლებსა და წიგნებს, თუკი საჭირო იქნება. შემდეგ, ახალი გამოცდილება უეჭველად აისახება გარესამყაროს ჩვენეულ სურათზე და ცხოვრების წესზე, მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივი და დროებითი ანარეკლია, და ზედმეტად არ უნდა მივეჯაჭვოთ მას, არ უნდა ვაქციოთ დოგმად და არ ჩავანაცვლოთ ამ ანარეკლით მთავარი არსი.

meditation1

მეთოდი

თავად მედიტაციის მეთოდში შეგვიძლია გამოვყოთ 4 მთავარი ელემენტი: მოდუნება, დაკვირვება, გაცნობიერება და განზრახვა. როცა ყველა ეს ელემენტი სწორადაა ჩართული და ერთ მთლიანობას ქმნის, პრაქტიკა სწორი მიმართულებით მიდის.

1) მოდუნება. პირველ რიგში ეს სუფთა ფიზიკური მოდუნებაა კუნთებისა, რომლებსაც კარგად ვაკონტროლებთ და ვაცნობიერებთ. მეორე, სხეულის უფრო ნატიფი დაძაბულობების მოდუნება, რომლებსაც ხშირად ბოლომდე ვერც ვაცნობიერებთ და თითქმის ვერ ვგრძნობთ. მაგალითად, მუცლის, ყელის შინაგანი კუნთები, მიკრო-დაძაბულობები სხეულის სხვადასხვა წერტილში. ეს მიკრო-დაძაბულობები ქმნიან დაჭიმულობებს ენერგიის მოძრაობისთვის, ქმნიან დომინანტებს ნერვული იმპულსების დონეზე და გავლენას ახდენენ ენერგიის მოძრაობაზე ეთერული სხეულის, ანუ სასიცოცხლო სხეულის არხებში. ეს სხეული ფიზიკურ სხეულთან ყველაზე ახლოსაა ნატიფ სხეულებს შორის და სიცოცხლით უზრუნველყოფს მას. სწორი მოდუნება, თუკი უბრალოდ სწორად ვადუნებთ ფიზიკურ სხეულს, - უკვე ცვლის ჩვენს ენერგეტიკას და ამაღლებს კონცენტრაციის უნარს. შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ფსიქიკურ მოდუნებაზე. ეს ეხება ემოციებს და აზროვნებას. ემოციებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ შედეგის დაძაბული მოლოდინი, ნებისმიერი სახის მღელვარება თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და ნებისმიერი მკაფიო ემოცია. ეს დაძაბულობა პროეცირდება ფიზიკურ სხეულზე, ხელს უშლის ცნობიერებას პროცესზე კონცენტრაციაში, იმაზე, რაც ახლა ხდება, და არა იმაზე, რასაც ველოდებით, ან რაზეც ვღელავთ. შესაბამისად, რაც უფრო ძლიერია დაძაბულობა, მით უფრო ცუდად მიდის პრაქტიკა. ყველაზე გავრცელებული ვარიანტი - შედეგის მოლოდინია, რომელიც რეალურ შედეგს ხელს უშლის. ამგვარად, ემოციების მოდუნება ნიშნავს მშვიდ თანაბარ მდგომარეობაში შესვლას, რომელშიც არაა არც მკაფიო პლუსი (ეგზალტირებული სიხარული, აგზნება), არც მკაფიო მინუსი (დათრგუნულობა, დეპრესია). შემდეგი ეტაპი აზროვნების მოდუნებაა. ეს ნიშნავს ყველა რწმენის და იდეის გაშვებას, რაც ეხება პრაქტიკას და ყველაფერ დანარჩენს, მთელ ცოდნას საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ. სამყაროს სურათის ეს გამუდმებული შენარჩუნება ერთვარი ზედმეტი მენტალური დაძაბულობით წარმოადგენს ფარს, რომლითაც შეუცნობელისგან ვიცავთ თავს. აქ ასევე შედის მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტების გამუდმებული პროგნოზირება, გამუდმებული მოდელირება. როგორც წესი, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ რაღაცის კეთებას დავიწყებდეთ, ქვეცნობიერად უკვე გვიფორმირდება წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. მნიშვნელოვანია, რომ გავუშვათ ეს წარმოდგენა, შევწყვიტოთ სამყაროს სურათის ფიქსირება. სხვა სიტყვებით, მივიღოთ ის, რომ არ ვიცით ვინ ვართ და რა სამყაროა ეს, თუმცაღა ვიცით, რომ მეგობრულ გარემოში ვიმყოფებით. მაშინ აზრი დუნდება და იხსნება, შედეგად კი ახალ გამოცდილებას ვუშვებთ ჩვენში და საშუალებას ვაძლევთ გონებას, რომ კონცენტრირდეს აწმყო მომენტზე, რეალობაზე უფრო ნატიფი და ღრმა აზრით, ვიდრე ფიზიკური სამყაროს ცნობილი სურათია. შედეგად უნდა მოვიდეს ფიზიკური მოდუნების მდგომარეობა, ემოციური წონასწორობა, შეუცნობელის მიღების მზადყოფნა და აწმყო მომენტში ჩართულობა.

2) დაკვირვება. დამკვირვებლის მდგომარეობა ნიშნავს, რომ ჩვენ სწორედაც რომ ვაკვირდებით. დაკვირვება - ჩვენი ერთადერთი ქმედებაა. არც შეფასება, არც მართვა, არც ჩახშობა, არც გაძლიერება, მხოლოდ დაკვირვება. დამკვირვებლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი - ესაა პოზიცია იმის გარეთ, რასაც აკვირდება, არ-ჩართულობა. შევიდეთ დამკვირვებლის მდგომარეობაში რაღაცასთან მიმართებაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, პირველ რიგში, გავედით იმის საზღვრებს გარეთ, რაზე დაკვირვებაც გვინდა, მეორეც, მივაღწიეთ სრული არადაინტერესებულობის და უმოქმედობის მდგომარეობას იმასთან მიმართებაში, რასაც ვაკვირდებით. დაკვირვებაში აქ იგულისხმება არა მაინც და მაინც მხედველობითი აღქმა (ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ასოციაცია დაკვირვების იდეასთან). ეს შეიძება იყოს ნებისმიერი შეგრძნება, მთავარია შევინარჩუნოთ არა-ჩართულობა, არა-დაინტერესებულობა და უმოქმედობა. ფიზიკურ ცდებში გარდა სხვა პარამეტრებისა, როგორც ფიზიკის კურსიდანაა ცნობილი, ნებისმიერი ათვლის სისტემის აუცილებელ ელემენტს დამკვირვებელი წარმოადგენს. მედიტაციის პრაქტიკაში ესეც მნიშვნელოვანი მომენტია და იგი განსაზღვრავს მოვლენათა მიმდინარეობას. თითქოს არაფერს აკეთებს, მაგრამ თავად დამკვირვებლის მდგომარეობაში ყოფნა უკვე ცვლის პროცესს. თუკი რაიმეს ველოდებით, პროცესზე ჩვენი მოლოდინები და შეფასებები მოქმედებენ. თუკი ჩართული ვართ პროცესში (თავს ვაიგივებთ მასთან), მასზე ჩვენი გაუცნობიერებელი ჩართულობა ზემოქმედებს. მაგრამ როდესაც ვწყვეტთ ჩართულობას და შეფასებას, პროცესზე ზემოქმედებას იწყებს თავად ჩვენი არსი, პირდაპირ, ფილტრების გარეშე. ნებისმიერი შეფასება და მოლოდინი დაფუძნებულია ჩვენს გამოცდილებაზე ან კონცეფციებზე, მაგრამ არსი გაცილებით უფრო ღრმაა ვიდრე ნებისმიერი წარმოდგენა ან კონცეფცია, და მის გავლენას არა-დაინტერესებული დაკვირვებით თავად მისკენ, შეუცნობლისკენ მიჰყავს პროცესი. მაგრამ, ამავე დროს, გვაქვს ბუნდოვნად ნაცნობი და მიმზიდველი ერთიანობა სულთან. მედიტაციაში ჩვენ ვაკვირდებით აზრებს, გრძნობებს და ცნობიერების სხვა უფრო ნატიფ პროცესებს. ანუ გამოვყოფთ საკუთარ თავს ცნობიერების უფრო და უფრო ნატიფი პროცესებისგან. ანუ გამოვყოფთ საკუთარ თავს უფრო ნატიფი პროცესებისგან იმით, რომ გვერდიდან ვაკვირდებით მათ, არა ჩახშობის ან უარყოფის, ან შეფასების გზით, არამედ ამ პროცესების მიღმა გასვლის და უფრო განჯაჭვული დაკვირვების, უფრო ნატიფი ყურადღების და ამ პროცესებთან ქვეცნობიერი გაიგივებისგან განთავისუფლების ხარჯზე. ნებისმიერი პროცესი ჩვენში იკვებება ჩვენი მასთან გაიგივებით. გაიგივება - ეს ბატარეას ჰგავს აზრებისთვის, გრძნობებისთვის, და აძლიერებს მათ. როცა ვწყვეტთ მათთან გაიგივებას, აღარ ვამბობთ: «ეს მე ვარ», და ვიწყებთ მათ განხილვას უბრალოდ როგორც ბუნებრივ მოვლენას, რომელსაც ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს, როგორც ქარის ფანჯრებს მიღმა, ეს პროცესები კარგავენ ენერგიის წყაროს და ჩერდებიან, მშვიდდებიან. შედეგად უხეშიდან უფრო და უფრო ნატიფ გარსებამდე ჩვენი გონება სრულ გაჩერებამდე აღწევს, მაგრამ ამასთან ნარჩუნდება დამკვირვებლის გაცნობიერებული თანამყოფობა. შემდეგ, ამ უფრო და უფრო მეტად გაღრმავებად სიცარიელეში უფრო და უფრო სრულად შემოდის და ცნობიერდება ჭეშმარიტი არსი, უმაღლესი მე. ამრიგად, დამკვირვებლის პოზიციაში სწორი შესვლისას ჩვენ ვჭვრეტთ აზრთა და გრძნობათა უფრო და უფრო ნატიფი პროცესების გაჩერებას.

3) გაცნობიერებულობა. ვფიქრობ, ესაა ყველაზე რთულად ასახსნელი ელემენტი განზრახვასთან ერთად. თუმცა ეს სრულიად კონკრეტული მოვლენაა. ჩვენს ცნობიერებაში გარდა სხვა რამეებისა, შეგვიძლია გამოვყოთ 5 ელემენტი. პირველი - აღქმაა. რა არის აღქმა, სრულიად გასაგებია, რადგანაც ყველა აღიქვამს. თუნდაც არ იყოს ცხადი ამ პროცესის მრავალი მექანიზმი, მაგრამ აღქმას ყველა გრძნობს, და სწორედ ესაა შეგრძნების საშუალება. მეორეა - ყურადღება. ესეც გასაგებია. ჩვენ შეგვიძლია იგი მივმართოთ, ვაკონტროლოთ, ვიცით, სადაა იგი მიმართული. მესამეა - მეხსიერება. ასევე შედარებით ცხადი მოვლენა, შეგვიძლია ჩვენი შეხედულებისამებრ გამოვიყენოთ იგი. მეოთხეა - აზროვნება, აზრების წარმოქმნის, შეცნობის უნარი. და მეხუთე - გაცნობიერებულობა. აი, ეს ელემენტი კი, არც ისე ცხადია. ეს არაა არც აზრი, არც მეხსიერება, არც აღქმა და არც ყურადღება, არამედ ის, რაც იმყოფება ამ ელემენტებში ისე, რომ არ წარმოადგენს მათ, მაგრამ ან ხდის გაცნობიერებულს, ან არა. შეიძლება ითქვას, გაცნობიერებულობა - სხვა თვისებების წყაროა, ცნობიერების თავად საფუძველის ბუნებრივი თვისებაა. მისი გაგება შეგვიძლია ძილსა და ღვიძილს შორის სხვაობის მაგალითზე. ძილში შეგვიძლია რაღაც მოქმედებები შევასრულოთ, რაღაცაზე ვიფიქროთ, გვახსოვდეს, ყურადღება მივმართოთ. სიფხიზლეშიც შეგვიძლია იგივე ვაკეთოთ, მაგრამ არსებობს განსხვავება: ძილში ჩვენ ნაკლებად გაცნობიერებულნი ვართ, სიფხიზლეში კი - მეტად. ეს გაცნობიერებულობა მოქმედებებსა და აზრებს მიღმაა, მაგრამ ამავდროულად რეალურია. სწორედ ეს თვისება იგულისხმება სიტყვაში «გაცნობიერებულობა»: ერთგვარი განსაკუთრებული ჩართულობა, ან «გამოღვიძებულობა». როცა გაცნობიერებულობა იზრდება, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ნაკლები გაცნობიერებულობის უწინდელი მდგომარეობა სიზმარს ჰგავს, ხოლო ახალი, უფრო ცნობიერი, გამოღვიძებას ჰგავს რეალობის უფრო სრული შეცნობისთვის. კიდევ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გაცნობიერებულობა - არაა მოქმედებების ალგორითმი. გაუგებარია, რა უნდა ვაკეთოთ, რომ უფრო გაცნობიერებულნი გავხდეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს შესაძლებელია. და შესაძლოა განზრახვის ხარჯზე, როცა უბრალოდ განზრახვა გვაქვს, რომ უფრო გაცნობიერებულნი ვიყოთ, მოდუნებულ მდგომარეობაში და აზრებთან გაიგივების გარეშე, მათი უფრო და უფრო სრული გაჩერებით. და სწორედ გაცნობიერებულობას, რომელსაც ფორმა არა აქვს (და არა მეხსიერებას, აზროვნებას, ყურადღებას ან აღქმას) შეუძლია მიაღწიოს უმაღლესი მე-ს პირდაპირ შემეცნებას ფორმებთან, აზრებთან და კიდევ სხვა რამესთან გაიგივების გარეშე. სწორედ გაცნობიერებულობის ხარჯზე მიიღწევა პრაქტიკის მესამე საფეხური (სამადჰი) (პირველი ორია - დჰიანა და დჰარანა, კონცენტრაცია და ჭვრეტა) - სრული შერწყმა ობიექტთან და მისი, როგორც საკუთარი თავის გაცნობიერება. მაგრამ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ საკუთარი თავის, როგორც სულის შეცნობის ამ პროცესში საბოლოო მიზანი არ არსებობს. ესაა უსასრულობაში ჩაძირვა, საკუთარი თავის უსასრულობად გაცნობიერება მეტი დონით, და ამ პროცესში უფრო და უფრო ნაკლებია ჩვენი ჩვეული «მე», ან იგი საერთოდ ქრება. მნიშვნელოვანია, რომ განვთავისუფლდეთ საბოლოო მიზნის კონცეფციისგან, ბოლომდე მივეცეთ უსასრულო პროცესს, ანუ დავდგეთ გზაზე, რომელსაც გული აქვს [„გზა, რომელსაც გული აქვს“ეს ფრაზა კასტანედას აქვს გამოყენებული - მთარგმნ. შენიშვნა], რომელზე მოძრაობაც ნამდვილ სიხარულს გვანიჭებს და ჭეშმარიტ არსს ავლენს. გაცნობიერებულობა - ესაა ის, რაც პროცესს გაცნობიერებულს ხდის. შესაძლოა ჩვენ გვესიზმრებოდეს, რომ ვმედიტირებთ, მაგრამ როდესაც გაცნობიერებულად ვაკეთებთ იგივეს, ეს პრაქტიკას ნამდვილ რეალობას აძლევს. ხშირად გაცნობიერებულობას რაღაც ავტომატური რეაქციებით ან ალგორითმებით ანაცვლებენ. მაგალითად, დღეს ტექნიკა ისეთ დონემდე მივიდა, რომ იქმნება კომპიუტერული პროგრამები, რომლებსაც შეუძლიათ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხონ. ანუ ალგორითმი იმდენად სრულყოფილია, იმდენად კარგად ახდენს ცნობიერების იმიტაციას, რომ თავის შემქმნელსაც კი აღემატება საჭადრაკო ალგორითმის შესრულებაში. თუმცაღა ეს ყველაფერი იმიტაციაა და არა გაცნობიერებულობა. ხდება ისე, რომ ადამიანი იმდენად უმეცარია, რომ ცნობიერებას უბრალოდ ალგორითმების ნაკრებად თვლის. მაგრამ გაცნობიერებულობა - არაა ალგორითმი, ეს ყველა შესაძლო ალგორითმის წყაროა, რაღაც ხარისხობრივად განსხვავებული. ესაა სამყაროების წყარო, მათ შორის ჩვენი სიზმრების სამყაროების. თანაც იმას, რასაც ჩვენ ობიექტურ რეალობას ვუწოდებთ, ინდუიზმში სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა ბრაჰმას სიზმარი, ანუ ის, რაც მისი ცნობიერებისგან დაიბადა. მედიტაციაში ჩვენ არ ვიძინებთ, არამედ პირიქით, კიდევ უფრო მეტად ვიღვიძებთ. გავდივართ სულ ახალი და ახალი ალგორითმების, ანუ ხატ-სახეთა სამყაროების, სხვადასხვა სიზმრებისა და წარმოდგენების უსასრულო ქმნილებებიდან, და ვაღწევთ წმინდა გაცნობიერებულობის მდგომარეობას, რომელშიც ვლინდება ჩვენი ჭეშმარიტი არსის უფრო სრული ცოდნა. შეიძლება ითქვას, მშვიდ გონებაში, ისევე როგორც იდეალურად გლუვ წყლის ზედაპირზე, თითქმის დამახინჯების გარეშე ირეკლება ჩვენი ჭეშმარიტი ბუნების ცა. ამგვარად, მედიტაციაში ჩვენ ვაღწევთ არა დაძინებას, არამედ გაცნობიერებულობის უფრო მეტ ზრდას, უფრო მეტ სიფხიზლეს და ფორმათა და გრძნობათა ორგანოებით განპირობებულობათა საზღვრებს მიღმა გასვლას.

4) განზრახვა. განზრახვა, ანუ მოტივაცია - ესაა ის, რაც პირველად იმპულსს ჰბადებს და პროცესს მიმართულებას აძლევს, რაზეც ძალიანაა დამოკიდებული შედეგი. მთავარი და ერთადერთი სწორი განზრახვა პრაქტიკის დასაწყისისთვის და მისი სწორი მიმდინარეობისთვის - ესაა სულის მიღწევის მცდელობა. უბრალოდ უმაღლესი მე-ს მიღწევა არა რაღაცისთვის, არამედ თავად მისთვის. მაგრამ რადგანაც სული ფორმებს მიღმაა, და საერთოდ უცნობია, ჩვენ მას ვერანაირად ვერ წარმოვიდგენთ. არის რუსულ ხალხურ ზღაპრებში ბოლო - ყველაზე რთული გმირობა, რომელიც „ბაგატირმა“ უნდა ჩაიდინოს: „წადი იქ, არ ვიცი სად, იპოვნე ის, არ ვიცი რა“ (пойди туда, не знаю куда, найди то, не знаю что). ესაა პირდაპირი მითითება უმაღლეს მე-ზე, სულზე, რომელსაც ფორმა არ გააჩნია, რომელიც ამ ზღაპრის ზოგიერთ ინტერპრეტაციაში მკვდართა და ცოცხალთა სამყაროების საზღვრებს მიღმა იმყოფება, სმოროდინის მდინარის იქით, რომელიც ამ სამყაროებს ჰყოფს. ანუ განზრახვა მოცემულ შემთხვევაში ურყევი უნდა იყოს, მოკლებული რაიმე ხატ-სახეებს და სიკვდილისთვის მზადყოფნის მსგავსი, ბოლომდე უნდა მივენდოთ სულის ნებას თავად მისი გულისთვის. არა იმისთვის, რომ უკეთესი გავხდეთ, არა იმისთვის, რომ უფრო ძლიერი გავხდეთ, არა იმისთვის, რომ უფრო ბედნიერი გავხდეთ, სხვისთვის არაფრისთვის, გარდა თავად სულისა, მისი, როგორც საკუთარი თავის სრული გაცნობიერებისა და ამ გაცნობიერებაში ადამიანურ პიროვნებად გაიგივების გაქრობისა. სწორი განზრახვის ჩამოყალიბება პირველ ჯერზე, პრაქტიკის დასაწყისში ძალზე რთულია, თითქმის შეუძლებელიც. მაგალითად, ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, როგორც მას ეჩვენება, რომ სულთან კონტაქტს მიაღწიოს, შეიცნოს იგი, თავად ამ ფაქტის გულისთვის. მაგრამ რეალურად, სადღაც ქვეცნობიერში იგი სიამოვნებას ელოდება. არსებობს ქვეცნობიერი რწმენა, რომ სული - მხოლოდ სიამოვნების წყაროა. დიახ, არის ამაში კაიფიც, როდესაც ღრმა მდგომარეობები მიიღწევა, მაგრამ არა მარტო. შედეგად გამოდის, რომ ის ისწრაფვოდა არა იმდენად სულისკენ, რომელსაც ფორმა არ გააჩნია, არამედ სიამოვნებისკენ. საბოლოოდ ამას ცდომილება შემოაქვს, და როდესაც სიამოვნების ნაცვლად, ბლოკების დამუშავების დროს, კაიფის პერიოდის შემდეგ ადამიანი დაძაბულობას და მტკივნეულ ტრანსფორმაციებს ღებულობს, მისი რწმენა შესაძლოა შეირყეს. მაგრამ ასეთ მომენტებში ყოველთვისაა არჩევანი: მივიღოთ, რომ სული არა მხოლოდ სიამოვნებაა, არამედ სიამოვნება და ტანჯვა - მისი თანმყოფობის გარდატეხაა ჩვენს ჭკუაში, ან განვაგრძოთ მხოლოდ სიამოვნებისკენ სწრაფვა - ამის ჩვეული გაგებით. თუ მოტივაცია არ იცვლება, მაშინ პრაქტიკა ან წყდება, ან ადამიანს შეუძია მრავალი წელი ტკეპნოს ერთი ადგილი და ვერ გადადგას შემდეგი ნაბიჯი, არამედ იმყოფებოდეს ილუზიაში, რომ გზაზე მოძრაობს. ჭეშმარიტი განზრახვის ჩანაცვლება შეიძლება გახდეს ნებისმიერი იდეა, და ეს იდეები შესაძლოა იმდენად ნატიფნი იყვნენ, რომ მათ ადვილად ვერ შევუსაბამებთ ჩვენს ცხოვრებასაც კი. ამ შემთხვევაში განზრახვა - ესაა ილუზიების გამუდმებული გადალახვა, მათში გავლის უნარი ინსტინქტის-მაგვარი შინაგანი ხმისადმი მორჩილებით, და ყველაზე მთავართან - საკუთარი განცალკევებული მე-სთან - განშორებისთვის მზადყოფნა.

ამგვარად, იმისთვის, რომ სწორად შევიდეთ მედიტაციის პროცესში, აუცილებელია: მზად ვიყოთ მივაღწიოთ სულს თავად სულისთვის, მიუხედავად ყველაფრისა, მოდუნებულობა, ჩაურეველი დამკვირვებლის პოზიცია ყველა პროცესთან მიმართებაში, რომელიც შეგვიძლია შევიგრძნოთ, და გაცნობიერებულობა.

meditation2

შესრულების ტექნიკა

1) ვჯდებით მოხერხებულად, ვდუნდებით, ისე რომ სხეულმა კომფორტულად იგრძნოს თავი.

2) საშუალებას ვაძლევთ საკუთარ თავს, რომ ვიგრძნოთ აწმყო მომენტი, ვუშვებთ ყველა ფიქრს, მოლოდინს, სურვილს, მოგონებას. უბრალოდ ვიმყოფებით აქ და ახლა, მაგრამ არა დაძაბული, არამედ მოდუნებული. მომავლის გამუდმებული მოდელირება და წარსულის ანალიზი - ეს დაძაბულობაა. როგორც კი ემოციურად და მენტალურად ცოტათი უფრო მეტად ვდუნდებით, ავტომატურად ვგრძნობთ აწმყო მომენტს, აქ და ახლა ვიმყოფებით, უფრო ღრმად ვაცნობიერებთ ამ მომენტს, რომელშიც უსასრულო შესაძლებლობებია თავმოყრილი.

3) აქ და ახლა ვაცნობიერებთ, რომ მთელი პრაქტიკა წარმოადგენს გზას სულისკენ, რომელსაც არ გააჩნია ფორმა, რომელიც აღუწერელია, მაგრამ იმყოფება ჩვენში და მთელ სამყაროში. და ჩვენი მედიტაცია ძღვენია მისადმი. ესაა საშუალება, რომ გაცნობიერებულად მივცეთ თავი მის სრულ განკარგულებაში, შევერწყათ მას და დავემორჩილოთ მიმართულების ღრმა შეგრძნებას, ყველა ცოცხალი არსების საკეთილდღეოდ. ეს სახლში დაბრუნებას ჰგავს.

4) ვუშვებთ ამ ყველაფერს და შევდივართ აზრების დაკვირვების მდგომარეობაში. განზე მდგარნი ვაკვირდებით აზრების მოძრაობას გონებაში, როგორც ერთგვარ ბუნებრივ მოვლენას, რომელსაც ჩვენთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. არ ვცდილობთ მათ შეფასებას, დეტალებში ჩაღრმავებას, ჩახშობას და ა.შ. არაფერს არ ვუშვრებით მათ, მაგრამ არც თავს ვაიგივებთ მათთან. ვინარჩუნებთ ჩაურეველი დამკვირვებლის პოზიციას, საშუალებას ვაძლევთ აზრებს და გრძნობებს, რომ უფრო და უფრო დამშვიდდნენ, და ამავე დროს ვინარჩუნებთ გაცნობიერებულობას.

5) როცა აზრების გაჩერების მდგომარეობას ვაღწევთ, სიცარიელეს ვჭვრეტთ, განვაგრძობთ უბრალოდ დაკვირვებას და გაცნობიერებას. საშუალებას ვაძლევთ საკუთარ თავს, რომ ამ სიცარიელეში ჩვენთვის ჩვეული აზრებისგან განსხვავებული უფრო ნატიფი მოძრაობები ვიგრძნოთ. ვჭვრეტთ ამას, მაგრამ არ ვქმნით, არ ვაფასებთ, და ვიძირებით გონების უფრო სრულ და ყოვლისმომცველ გაჩერებაში, გაცნობიერებულობის დაკარგვის გარეშე.

ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ჩვენ არ ვიძაბებით და არ ვაკეთებთ არაფერს, მხოლოდ ვდუნდებით და ვაკვირდებით. ეს რთულია ჩვენი გონებისთვის, რომელიც მოქმედებებისა და შედეგების სამყაროშია გაწვრთნილი. ჩვენში ძალიან ღრმად ზის, რომ თუ გსურს რაღაცას მიაღწიო, უნდა იფიქრო, ისურვო, აკეთო. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა: რაც უფრო ნაკლებს ვაკეთებთ და რაც უფრო მეტად ვდუნდებით, მით უფრო ეფექტურია პრაქტიკა. ერთადერთი ქმედება - დაკვირვება და გაცნობიერებაა, რომელიც ფიქრისგან განსხვავდება. მოქმედების არარსებობა, და მაინც მოქმედება.

meditation cover

გზის ეტაპები

სულისკენ გზაზე შეგვიძლია პირობითად გამოვყოთ შემდეგი ძირითადი ეტაპები: ფორმათა დონე, არსთა დონე, «მე»-ს დონე და უმაღლესი მე-ს დონე.

1) ფორმების დონე. ეს გონების საქმიანობის ის პლანია, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ცნობილი და გასაგებია, და რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ. აქ ხდება სხვადასხვა ფორმათა გამუდმებული მოძრაობა: ხატ-სახეების, ბგერების, სიტყვების. მედიტაციის პირველ ეტაპზე მათზე დაკვირვების მდგომარეობაში შევდივართ. ამ ნაბიჯის გაკეთება ყველას შეუძლია. ასევე ამ დონეს შეგვიძლია ღვიძილის დონე ვუწოდოთ, რადგანაც როდესაც არ გვძინავს, იგი უფრო მეტადაა გააქტიურებული. უსასრულოდ თამაშდება წარსული და მომავალი სიტუაციები, შინაგანი დიალოგის სხვადასხვა ფორმები და სრულიად სხვადასხვაგვარი აზრები.მათზე მიუკერძოებელი დაკვირვების თავად ფაქტმაც კი უკვე ბევრი შეიძლება მოგვცეს: უკეთ გავიგებთ, რა კანონებით ხდება ეს მოძრაობა. არსებობს ცნობილი ფრაზა: «თავში აზრი მოვიდა». და საიდან მოვიდა? და სად წავიდა შემდეგ? აქ ჩვენ ვსწავლობთ აზრების წარმოშობისა და გაქრობის პროცესზე დაკვირვებას, ისე რომ არ ჩავეფლოთ მათში, არამედ ამ გარსში გავლით დამშვიდების საშუალება მივცეთ მას. იმის შესაბამისად, თუ როგორ ვინარჩუნებთ თავს დამკვირვებლის პოზიციაში, ეს მღვრიე ნაკადი, რომელიც ჩვენი გაუცნობიერებელი გაიგივების ბატარეას კარგავს, უფრო მშვიდი და მოწესრიგებული ხდება. შემდეგ იგი საერთოდ დნობას იწყებს, ჩნდება სიცარიელეები, როდესაც აზრი საერთოდ არ მოდის. და თანდათანობით ეს სიცარიელეები სულ უფრო და უფრო ხანგრძლივი ხდება, სანამ ბოლოს და ბოლოს ფორმათა ნაკადი საერთოდ არ გამოირთვება და სრულ შინაგან მდუმარებაში არ ჩავიძირებით. ამ მომენტს შეგვიძლია ვუწოდოთ მედიტატიური მდგომარეობის პირველი საფეხური: აზრის გარეგნული ფორმების გაჩერება. აქ არის საფრთხე, რომ მედიტატიურ მდგომარეობაში გადასვლის ნაცვლად ჩაგვეძინოს. რადგანაც ხატ-სახეთა და აზრთა მოძრაობა ტონუსს და აუცილებელ სტიმულაციას აძლევს მათ შორის ნერვულ სისტემასაც, როდესაც ნაკადი გამოირთვება, სხეულს და გონებას შეუძლიათ აღიქვან ეს, როგორც დაძინების სიგნალი. მაგრამ თუკი შევინარჩუნებთ გაცნობიერებულობას, დაძინების ნაცვლად გაძლიერებული გაცნობიერებულობის მდგომარეობაში გადავალთ, გონების უფრო ნატიფ დონეზე.

2) არსთა დონე. იგი მას შემდეგ გვეხსნება, როცა რეალურად ვაჩერებთ ფორმათა ნაკადს. არსი(Смысл) მოცემულ შემთხვევაში - ესაა ერთგვარი სისავსე, რომელიც ფორმას ხარისხს ანიჭებს, მაგრამ თავად არ წარმოადგენს ფორმას. მაგალითად, არსებობს ცნება - «ხე». იგი გამოვლენილია ყველა ხეში, ანუ ხის ნებისმიერი ხატ-სახე (ჭადარი, ნაძვი, პალმადა ა.შ.) თავის თავში ამ არსს შეიცავს. მაგრამ თავად არსი არცერთ ამ ხეს არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, იგი შესაძლებელია ჩადებული იყოს რაღაც სრულიად სხვაში. მაგალითად, არის ასეთი სქემა - «სეფიროტის ხე», როგორც სამყაროს სტრუქტურის ერთ-ერთი სიმბოლური გამოსახულება. მაგრამ ამ სქემაში არ არის არც ფესვები, არც ფოთლები, თუმცაღა არსის ჩადება ნებისმიერ ფორმაში შეიძლება. უფრო მეტიც, არსი - ხე არ წარმოადგენს თავად სიტყვა «ხეს», რადგანაც შეგვიძლია იგი ნებისმიერი სხვა ენით გამოვთქვათ, მაგალითად ინგლისურად (tree). სიტყვა სხვაა, არსი კი - იგივე. არსი - არც ხატ-სახეა, არც სიტყვა, ეს რაღაც უფორმოა, რომელიც სიტყვას და ფორმას აზრს ანიჭებს. და არსი შესაძლებელია იყოს როგორც გაფორმებული, ასევე არ-გაფორმებული - გამოუვლენელი. მაგალითად, ჩვენ უბრალოდ ვიცით ხის არსი, ჩვენ არ გვჭირდება, რომ გამუდმებით მასთან დაკავშირებული ხატ-სახეებით ვიფიქროთ. იგი ჩვენში არსებობს, როგორც ერთგვარი მარცვალი, რომელსაც შეუძლია მყისვე გაიზარდოს სხვადასხვა ხეთა ხატ-სახეების ურიცხვ რაოდენობად და სხვადასხვა ენის სიტყვებად, რომლებიც ხეს აღნიშნავენ. მაგრამ არსებობს უფრო რთული არსები. მაგალითად, სილამაზე. არსებობს ლამაზი მანქანები, ლამაზი ადამიანები, პეიზაჟები, ყველა ხალხს და კულტურას სილამაზის საკუთარი კრიტერიუმი გააჩნია, მაგრამ არსი - საერთოა. ამგვარად, არსთა დონე - ესაა გონების მოქმედების პლანი, სადაც ასეთი უფორმო საგნები არსებობენ. და იქ ისინი შეიძლება ითქვას ერთგვარ მოძრაობაში იმყოფებიან, მაგრამ ეს მოძრაობა რიგით უფრო ნატიფია, ვიდრე ფორმათა მოძრაობა. აქ ფორმათა მოძრაობა შეგვიძლია შევადაროთ ძვლების გადაადგილებას საანგარიშოზე, ხოლო არსთა მოძრაობა - ინფორმაციის გადაადგილებას კომპიუტერში. ერთიც და მეორეც - მოძრაობაა, მაგრამ ინფორმაციის მოძრაობა კომპიუტერში, თუმცა კი უფრო სწრაფია, ისე ჩანს, როგორც სიმშვიდე. ფორმების გაჩერების შემდეგ ჩვენ ვიღებთ შესაძლებლობას, რომ პირდაპირ აღვიქვათ არსები, ანუ მივიღოთ ერთგვარი პირდაპირი ცოდნა სხვადასხვა მატარებლის შუამავლობის გარეშე, რომლებიც პროცესს ანელებენ. ეს გამოიყურება, როგორც კრისტალური სიცხადე, სიმშვიდე და ხშირად ერთგვარი კაიფი, ფიზიკური წონის შემცირების შეგრძნება. ასეთია მედიტატიური მდგომარეობის პირველი საფეხური. გამოდის, რომ ჩვენ უკვე აღარ ვფიქრობთ, მაგრამ ერთგვარი უფრო ნატიფი პროცესი მაინც არსებობს. ამ ეტაპზე შესაძლოა გაჩნდეს სხვადასხვა ინსაითები, როგორც პირდაპირი შეღწევა სხვადასხვა პრობლემათა არსში, რომელთა გადაწყვეტაც მანამდე არ შეგვეძლო, როგორც სამყაროს რაღაც კანონების ან სხვადასხვა მისტიკური სისტემების უეცარი გაგება. ან უბრალოდ უჩვეულო სიცხადის მდგომარეობაში ყოფნა და მრავალი ნატიფი პროცესის გაცნობიერება აქ და ახლა, რომლებიც უფრო უხეშ მდგომარეობაში უბრალოდ არ შეიმჩნეოდნენ. არსებობს ასევე ვარიანტი, რომ მედიტაცია ამ საფეხურზე შეიძლება ერთგვარ გაცნობიერებულ სიზმარხილვად იქცეს, რომელშიც შეგვიძლია დავინახოთ უჩვეულოდ კაშკაშა ხატ-სახეები, რომლებიც განსხვავდებიან ჩვენთვის ჩვეული აზროფორმებისგან. ან აღვიქვათ სამყაროს უფრო ნატიფი - ენერგეტიკული - შრე. შემდეგ გვიჩნდება არჩევანი: დავრჩეთ ამ საფეხურზე და თავი გავაიგივოთ მასთან თუ უფრო შორს გადავდგათ ნაბიჯი. თუკი არ ვერთვებით გაცნობიერებულობის ტალღების თამაშში და კაიფში, არამედ ვაკვირდებით ამას ზუსტად ისევე ჩაურევლად, როგორც აქამდე ვაკვირდებოდით აზრთა ფორმებს, მაშინ ჩნდება შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა. ჩვენ ვიწყებთ შემჩნევას, თუკი ვმყარდებით დამკვირვებლის პოზიციაში, რომ ეს სიცხადე და გაცნობიერებულობა - ასევე აზრთა მოძრაობაა, და იგი შეიძლება დატოვებულ იქნეს. უმეტეს შემთხვევებში, როდესაც საუბრობენ აზრის ან შინაგანი დიალოგის გაჩერებაზე, საქმე ძირითადად ეხება გარეგნული ფორმების გაჩერებას, შემდეგ კი ხდება გაიგივება არსთა დონესთან, და უკვე მასზე, მის სიბრტყეზე მიმდინარეობს ძირითადი სამუშაო. ჩვენი ამოცანა კი ამ დონის მიღმა გასვლაა მისი უარყოფის და ჩახშობის, და ასევე მასთან გაიგივების გარეშე ისე, რომ მის გაჩერებას მივაღწიოთ. მექანიზმი იგივეა: დაკვირვება გაიგივების გარეშე. და ამ დაკვირვების შესაბამისად ჩვენ ვიწყებთ შეგრძნებას, რომ ეს საფეხურიც ჩერდება, და რაღაც ნაპრალებიდან მის მოძრაობაში უფრო ღრმა სიცარიელე აღწევს, რომელშიც ეს სიცხადეც კი აღარაა, მაგრამ არის რაღაც სხვა. მსგავსად იმისა, როგორც ატმოსფეროში იჭრება ღია კოსმოსის ხედი. არსთა გაჩერება შემდეგ საფეხურზე გადასვლის ზღვარზე ისე ჩანს, როგორც არსთა უაზრობა. მათ შორის პრაქტიკის უაზრობაც. მაგრამ თუკი ჩვენ რეალურად არ ვაიგივებთ თავს არსთა გაჩერებასთან, ჩვენ გავდივართ მის მიღმა და ვათავისუფლებთ გაცნობიერებას ამ დონიდან. ხოლო თუ გასვლას ვერ ვახერხებთ, მაშინ ან უსიზმრო ძილით დაგვეძინება რაღაც პერიოდის განმავლობაში, ან შესაძლოა პრაქტიკისადმი ინტერესი დიდი ხნით დავკარგოთ, მთელი ამ მუშაობის უაზრობა შევიგრძნოთ, და სწორედ ეს გახდება ჩვენი მოტივაცია.

3) «მე»-ს დონე. შემდეგი, კიდევ უფრო ღმა შრე, რომელზეც ბაზირებულია ყველა არსი და ფორმა, მაგრამ თავად ის არ წარმოადგენს არცერთ არსს და არცერთ ფორმას, არამედ იმას რისი მეშვეობითაც ყველფერი ეს არსებობს, ის, რის შიგნითაც ყველაფერი ეს ხდება. ამასთან არსები მე-ს შიგნით არ ჰგავს წყალს - ჭურჭელში (თანაბარი რეალობის ობიექტები), არამედ გამოიყურება, როგორც სურათი კომპიუტერში. კომპიუტერი - ხარისხობრივად რაღაც სხვაა, ასევე „მე“ - რაღაც უფრო ყოვლისმომცველია, ვიდრე ნებისმიერი არსი, და მთელ მათ უსასრულობას საკუთარ თავში მოიცავს ისე, რომ არ წარმოადგენს მათ. შესაბამისად, «მე»-ს ნებისმიერი განმარტება რაიმე არსების ან კონცეფციების პოზიციიდან ძალიან ამარტივებს რეალობას. ფორმების დონეზე არსებობს განმარტებები და ხატ-სახეები, არსთა დონეზე - გაგება, მე-ს დონეზე - საკუთარი თავის გამაცნობიერებელი სიცოცხლე, თანმყოფობა. ამ დონის უშუალო აღქმის გამოცდილება განთავისუფლებისა და ნეტარების შეგრძნებას იძლევა. ამ ეტაპზე ცხოვრების აზრის, რაღაც მიზნის ყველანაირი ძიება სრულდება. თავად ამ დონის გაცნობიერება, როგორც განსაკუთრებული მოვლენა, უკვე პასუხია ყველა მსგავს კითხვაზე. უბრალოდ თვითგაცნობიერება, ყველაფერ სხვისგან თავისუფალი. ყოფიერება. ესაა მოკვდავი ცნობიერების კვინტესენცია, ყველაზე მაღალი დონე, რაც კი მოკვდავი გონებისთვისაა მისაწვდომი. და მაინც, ეს დონე, მიუხედავად ყველა თვისებისა, თავისებურად შეზღუდულია. ეს შეზღუდულობა გაგებაში ან ვერ-გაგებაში კი არა, მის მოკვდავობაშია. ეს მე დაბადების მომენტში გაჩნდა როგორც წმინდა სინათლის მენტალური ნაპერწკალი. მას შეუძლია საკუთარ თავში მოიცვას არსთა უსასრულო რაოდენობა, ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია წარსულ განსხეულებათა შესახებ, შეუძლია განიცადოს პლანეტასთან, კოსმოსთან ერთიანობის მდგომარეობა, მრავალი მდგომარეობა, რომლებსაც სამადჰის უწოდებენ. შეიძლება მოვიპოვოთ აზრის ზეგავლენის დიდი ძალა, თუკი ამ დონეს დავეყრდნობით. და კვლავაც, ჩვენ შეგვიძლია თავი გავაიგივოთ ამ დონესთან, შევიცნოთ სხვადასხვა მიღმიერი მდგომარეობები და დიდხანს გავიჭედოთ მასში. მაგრამ შეგვიძლია უფრო შორსაც წავიდეთ და შევიდეთ არადაინტერესებული დამკვირვებლის მდგომარეობაში. მაშინ დადგება მომენტი, როდესაც გვერდიდან დავინახავთ ამ თვითცნობიერებას როგორც გონების უნატიფეს მოძრაობას. და დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნის შესაბამისად კიდევ უფრო ღრმა გაჩერებას მივაღწევთ, როდესაც თავად «მე» ჩერდება, და მის საზღვარს ვუახლოვდებით. ხოლო იმ მოძრაობის გაჩერება, რომელიც მე-ს ინარჩუნებს, ნიშნავს მე-ს გაქრობას, ანუ სიკვდილს. ღრმა და კაიფის მდგომარეობებს შორის ჩვენ შეგვიძლია უცებ შევიგრძნოთ მოახლოებული სიკვდილი, ან თითქოს რაღაცას ჩვენი სულის ჩაყლაპვა სურს, ან უბრალოდ ყოვლისმომცველი არყოფნის სიბნელე გვაწვება. მაგრამ თუკი გვყოფნის განზრახვა და გაცნობიერებულობა იმისთვის, რომ გავიაროთ ეს ისე, რომ თავი არ გავაიგოვოთ ამ ყველაფერთან, მაშინ ჩნდება უფრო ღრმა დონესთან შეხების შესაძლებლობა.

4) უმაღლესი მე-ს დონე. ამაზე ძალიან ძნელია რაიმეს თქმა, მაგრამ ამ დონეზე ჩვენ განვიცდით დაბადებისა და სიკვდილის მიღმა მყოფი არსის მდგომარეობას.

მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ჩვენი მოძრაობის პროცესში - წყაროსთან დაბრუნებისკენ, ჩვენ არაფერს არ ვქმნით, არაფერს ვაკეთებთ ისეთს, რაც ჩვენთვის ახალი იქნებოდა. თავისი არსით სიცარიელეში ჩაძირვის იგივე ეტაპებს გავდივართ ყოველ ღამე, როდესაც ვიძინებთ და ძილის ყველა ფაზას გავდივართ «სწრაფიდან» (ძილი სიზმრებით) «ნელისკენ».ასევე არაერთხელ მიგვიღწევია უფრო ღრმა ზღვარისთვის - სიკვდილი გარდასხეულების პროცესში. მედიტაცია ამისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ჩვენ ვსწავლობთ იმის გაცნობიერებულად კეთებას, რასაც ყოველთვის გაუცნობიერებლად ვაკეთებდით. ჩვენ უბრალოდ ახალ საფეხურზე აღმოვაჩენთ თავს, და ეს საფუძველშივე ცვლის ყველაფერს. და ყოველ ახალ გაცნობიერებას ხშირად წინ უძღვის მოტივაციის, მსოფლმხედველობის, ცხოვრებისეული სიტუაციების სერიოზული კრიზისი. მაგრამ ყოველ ახალ გაცნობიერებასთან ერთად მოდის ყოფიერების უფრო ყოვლისმომცველი სისავსე იმად, რაც სინამდვილეში ვართ, უფრო მეტი თავისუფლება და ნამდვილი თვითრეალიზაცია. სხვადასხვა პროგრამებისა და ავტოპილოტის ნაცვლად მოდის მოვლენებისა და საკუთარი თავის უფრო ღრმა გაგება, და კვამლივით ფანტავს მრავალ პრობლემას, რომლებიც მნიშვნელოვნად და რთულად ითვლებოდა ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ.

ასევე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ აქ აღწერილი მედიტაციის პრაქტიკა არ წარმოადგენს რჩეული «მაღალსულიერი» არსებების ატრიბუტს. პრაქტიკის დაწყება აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიუხედავად ცნობიერების დონისა, უნარებისა, სოციალური სტატუსისა თუ ასაკისა. აზრები ყველას აქვს, მათი ჭვრეტის დაწყება ყველას შეუძლია, ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია. მაგრამ აი, როგორ ღრმად შევა ადამიანი საკუთარი თავის კვლევაში, სულთან ან საკუთარ გულში არსებულ ღმერთთან შეერთებისკენ მოძრაობაში ეს უკვე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. და არასოდეს ზუსტად არაა ცნობილი, როგორ ღრმად შეუძლია ადამიანს შესვლა ამ გზაზე. ასე რომ, სრულიად სწორი იქნება, თუკი ვიტყვით, რომ შანსი ყველას აქვს, რადგანაც სული ყველაშია. და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული არა იმდენად უნარ-ჩვევებზე, რომლებიც საზოგადოებაში ან ამ სამყაროში თვითგადარჩენისთვის ფასდება, რამდენადაც სულის ძახილის მოსმენის უნარზე და ამ წარმმართველი ხმისადმი გულწრფელ ერთგულებაზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ თანდათანობით განვთავისუფლდეთ საკუთარი გაძალებულობისგან და სხვადასხვა თვითშეზღუდვებისგან. არავინ აკავებს ადამიანს ამ გზაზე, გარდა თავად საკუთარი თავისა, საკუთარი წარმოდგენებისა და მისი წარსული ქმედებების (კარმის) შედეგებისა.

ასევე განსაკუთრებულად უნდა ვახსენოთ, რომ პრაქტიკის აღწერილი სურათი - მხოლოდ ადგილობრივი რუკაა. და იგი არ აღწერს მდგომარეობების, გამოცდილებების და ხაფანგების უსასრულოდ მრავალფეროვან რაოდენობას, რომელსაც შეგვიძლია შევეჯახოთ. ეს აღწერა ისევე შეეხება რეალობას, როგორც იანდექს რუკები რეალურ ადგილ-მდებარეობას. დიახ, ეს საშუალებას გვაძლევს, რომ მარშრუტი დავსახოთ და მოძრაობა დავიწყოთ, ორიენტირები გვქონდეს, მაგრამ რეალობა ყოველთვის უფრო რთული და საინტერესოა, ვიდრე ნებისმიერი მისი აღწერილობა.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ... 

მსგავსი სტატიები

ცოტა რამ სექსის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული ენერგეტიკული თვალსაზრისით სექსის დროს (თუნ...

ბჰაკტი-იოგა


პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი" მთარგმნელი: ნ...

შვიდი ძალა ხელში


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ადამიანის სხეულ...

როგორ აღმოვაჩინე 7 სხეული


ავტორი: Shivo Ramadatta პირადი გამოცდილება თითოეული მათგანის ფუნ...

სიცარიელის გასაღები


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ვარსკვლავთა ბუნება კოსმოსი. სი...

სანთლის პოზა


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე იოგაში, იოგების გიმნასტიკაში სხვადასხვა პოზე...

ადამი და ევა


მონაკვეთი იოგანანდა პარამაჰამსას წიგნიდან “იოგის ავტობიოგრაფია” ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff