ოშო - ეშმაკის, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ...

Admin
იოგა და ტანტრა ოშო
0
0

ოშოს წიგნიდან - "ძენის ათი ხარი" (მზადდება გამოსაცემად) მთარგმნელი: მამუკა გურული კითხვ...

Fundraising

ოშოს წიგნიდან - "ძენის ათი ხარი" (მზადდება გამოსაცემად)

მთარგმნელი: მამუკა გურული

კითხვა: ოშო, როგორ შემიძლია მივენდო, თუკი გზაზე უამრავი იუდაა?

არ არსებობს არანაირი გზა, არანაირი იუდა. მაგრამ გონება მიდრეკილია, რომ ვინმე სხვაზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა. გონება განტევების ვაცებს ეძებს. და ეს მისი ხერხია, რომ თავი დაიცვას, თავი გადაირჩინოს.

თავად თქვენს გარდა ხელს არავინ გიშლით; მხოლოდ თქვენ უღობავთ გზას საკუთარ თავს. ნუ ეძებთ, რომ ვინმეს გადააბრალოთ. არ თქვათ, რომ ეს იუდების ბრალია; არ თქვათ, რომ ეს ეშმაკის, სატანას, ბელზებულის ბრალია - არავინ გიქმნით გზაზე წინააღმდეგობებს. მაგრამ როგორც კი იჯერებთ, რომ ვიღაც სხვა გიშლით ხელს, მაშინვე შვებას გრძნობთ. ეს ხომ თქვენი ბრალი არაა, მაშ რისი გაკეთება შეგიძლიათ. ვიღაც სხვა გიღობავთ გზას. მაგრამ მე გეუბნებით, რომ არავინ.

ეს ყველაფერი რელიგიური ადამიანების, ეგრეთწოდებული რელიგიური ადამიანების შექმნილია. მათ შექმნეს ეშმაკი, და როცა ცოდვას სჩადიხართ, ეს ეშმაკი გაცდუნებთ. და თქვენ შვებას გრძნობთ: „ბოლოს და ბოლოს ეს ხომ მე არ ვარ, ეს ხომ ეშმაკია“. ინდუისტებს არ სჯერათ ეშმაკის, მათ საკუთარი მითოლოგია აქვთ: რომ წინა ცხოვრებაში გამოიმუშავეთ ცუდი კარმა. და კვლავაც თავს იმშვიდებთ - რა უნდა ქნათ? წინა ცხოვრებას ხომ ვერ შეცვლით. და თუ კითხავთ ინდუისტებს: „როგორ მოხდა, რომ წინა ცხოვრებაში ცუდი კარმა დავაგროვე?“, ისინი გეტყვიან: „იმის წინა ცხოვრებაში ჩაიდინე რაღაც ცუდი“. „მაშინ რა მოხდა სულ თავიდან, რა ცოდვა იყო?“ და ისინი გაბრაზებულები გეტყვიან: „ნუ სვამ ასეთ კითხვებს - უბრალოდ უნდა დაიჯერო“.

იგივე შეიძლება ითქვას მათზეც, ვისაც ეშმაკის სჯერა. ეშმაკის კი უფრო მეტს სჯერა, ვიდრე ღმერთის, რადგან ღმერთისადმი რწმენით ნაკლები სარგებელი აქვთ, ეშმაკისადმი რწმენა კი უფრო პრაქტიკულია. სინამდვილეში ღმერთი ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელია. თუ ღმერთი არსებობს, თქვენ გარკვეული შფოთვა გიჩნდებათ; მაგრამ თუ ეშმაკი არსებობს, შვებას გრძნობთ, შეგიძლიათ მთელი პასუხისმგებლობა ეშმაკზე გადაიტანოთ. მკვლელობა ჩაიდინეთ? - ეს ეშმაკმა შეგაცდინათ. რა უნდა გექნათ, თქვენ ხომ უმწეო მსხვერპლი ხართ?

გახსოვდეთ, - ეს ვერ დაგეხმარებათ. ნუ შეგეცოდებათ საკუთარი თავი და ნუ ეცდებით თავის მსხვერპლად წარმოჩენას. ეს გონების ხაფანგია. თქვენს გარდა არავინ გიღობავთ გზას. და თქვენს გარდა არავინ აპირებს თქვენს დახმარებას. ამიტომ ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას. მიიღეთ ყველაფერი, რაც თქვენზეა დამოკიდებული, რადგან მხოლოდ ასე მომწიფდებით.

მაგრამ ადამიანები განაგრძობენ სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას და ეს სრულიად ლოგიკური ჩანს. რა თქმა უნდა, როცა სიბრაზისგან წყობიდან გამოდიხართ, შემდეგ ინანიებთ, დანაშაულის გრძნობას განიცდით. მაშ, როგორ უნდა აიხსნას ეს ლოგიკურად? მოგვიანებით ამბობთ: „არასოდეს მინდოდა ამის გაკეთება“. შემდეგ იტყვით: „ეს ჩემს ხელთ არ იყო“. შემდეგ ხატ-სახის გადახატვა მოგიწევთ. გიჟი იყავით, მაგრამ ყოველთვის ფიქრობდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ბრძენი და საღად მოაზროვნე ადამიანი ხართ ამქვეყნად. ახლა კი ეს ხატ-სახე განადგურებულია. რა უნდა ქნათ? ეჭიდებით ეშმაკს, იუდას - ყველაფერი გამოგადგებათ. თქვენ არ ჩაგიდენიათ ეს. ვიღაც სხვამ გაიძულათ.

ბიბლიურ ისტორიაში, როცა ადამი განდევნილ იქნა სამოთხის ბაღიდან, იგივე დაიწყო. ადამმა მთელი პასუხისმგებლობა ქალზე - ევაზე გადაიტანა. მან თქვა: „ევამ შემაცდინა და იმიტომ ვჭამე ნაყოფი“. ბუნებრივია, ევამ თქვა: „ჩემი ბრალი არაა - გველის ბრალია“. გველს კი არაფრის თქმა არ შეუძლია, ან რა უნდა თქვას? ასე რომ გველს ყველაფერი წესრიგში აქვს. საწყალი გველი!

ყველა ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა ვიღაც სხვაზე გადაიტანოს. გველს რომ ლაპარაკი შეეძლოს, იტყოდა: „ღმერთმა შემქმნა ისეთად, რომ უნდა გამეკეთებინა ეს“.
ლოგიკა განაგრძობს გზების და საშუალებების ძიებას და ეს სრულიად ლოგიკურად გამოიყურება. მაგრამ მე ჯერ არ შემხვედრია არაფერი უფრო არალოგიკური, ვიდრე ლოგიკაა.

ერთ ანეკდოტს მოვყვები...

ერთ პატარა ქალაქში მოხუცი მჭედელი ეუბნება მეგობარს, რომ როცა პატარა იყო, დედამისს სურდა, რომ კბილის ექიმი გამოსულიყო, მამა კი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მჭედელი გამოსულიყო.

„და ალბათ გესმის, - თქვა მოხუცმა, - რომ გამიმართლა, მამამ რომ ტავისი გაიტანა, თორემ კბილის ექიმი გავხდებოდი და შიმშილით მოვკვდებოდი“.

„რა იცი?“ - ჰკითხა მეგობარმა.

„ძალიან მარტივია, შემიძლია დავამტკიცო კიდეც. ამ სამჭედლოში ოცდაათ წელზე მეტია ვმუშაობ, და უამრავი სხვადასხვა რამ გამოვჭედე, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთ ცოცხალ ადამიანს არ უთხოვია ჩემთვის კბილის ამოღება“.

სრულიად ლოგიკური ჩანს. ლოგიკა ყოველთვის ლოგიკურად გამოიყურება. მაგრამ ეს ხომ არაა ლოგიკური. პატარა საკითხებთან მიმართებაში ეს შეიძლება ლოგიკური იყოს, მაგრამ როცა ღრმად შედიხართ, როცა საქმე ცხოვრების მთავარ საკითხებს ეხება, მაშინ ლოგიკა - ყველაზე არალოგიკური რამაა. ის კარგია პატარა საკითხების, პატარა საქმეების გადაწყვეტისას, მაგრამ ცხოვრება უფრო დიდია, ვიდრე ლოგიკა. ლოგიკა - მხოლოდ ნაწილია, ცხოვრების უმნიშვნელო ნაწილი.
მიაყურადეთ ცხოვრებას. იყავით მასთან უფრო ახლოს და უფრო მეტად ჩაუღრმავდით საკუთარ თავს. დახუჭეთ თვალები, წადით ღრმად მედიტაციაში და დააკვირდით, რა გიღობავთ გზას. იუდები? არავინ თქვენს გარდა. თუ რამეს არასწორად აკეთებთ, აიღეთ მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რადგან ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ერთხელაც ამას გადააბიჯოთ. თუ ასე მოიქცევით, შესაძლებლობაც გაგიჩნდებათ. თუ არ გინდათ - შეგიძლიათ არ გააკეთოთ. მაგრამ ტუკი ვინმე სხვა გაიძულებთ ამას, შესაძლებლობა ხელიდან იქნება გაშვებული და თავისუფლება შეუძლებელი გახდება.

თავისუფლება და პასუხისმგებლობა მხარდამხარ მიდიან; ისინი ერთი მონეტის ორი მხარეა. თუ თავისუფლება გსურთ, პასუხისმგებელი უნდა იყოთ ყველაფერზე, რასაც აკეთებთ. თუ პასუხისმგებლობის აღება არ გინდათ, მაშინ თავისუფლებასაც დაკარგავთ.

ყველას უნდა თავისუფლება, მაგრამ არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება. კვლავ და კვლავ გავურბივართ პასუხისმგებლობას. გადაგაქვთ რა პასუხისმგებლობა სხვების მხრებზე, თქვენ ასევე კარგავთ შესაძლებლობას, რომ თავისუფალი გახდეთ. იყავით პასუხისმგებელნი! თუ გაბრაზდით, ეს ნიშნავს, რომ გაბრაზდით. ნუ იტყვით: „მე არ მინდოდა“; ნუ გადააბრალებთ იუდებს. ნუ იტყვით: „ეს ვიღაც სხვა, ან რაღაც სხვა ძალა მმართავდა“. არა, არავინ არ გმართავთ.

რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თავად აირჩიეთ ეს. შესაძლოა, საერთოდ არ იცით, როგორ აირჩიეთ, რადგან ზოგჯერ ერთი გინდათ და მეორეს ირჩევთ, და ეს პრობლემას ქმნის. თქვენ ფიქრობთ, რომ ერთი გინდათ, მაგრამ სრულიად სხვას ირჩევთ. ან როცა რაღაც სხვა მოისურვეთ, კვლავ იგივე აირჩიეთ, მაგრამ შედეგი ხომ სხვა იქნება.

მაგალითად, მოისურვეთ, რომ ადამიანებზე ძალაუფლება გქონოდათ - ეს თქვენი არჩევანია. თქვენ მათზე ძალაუფლება გაქვთ, მაგრამ ისინი ისინი წინააღმდეგობას გიწევენ, რადგან იგივე სურთ. ისინიც ეცდებიან, რომ ძალაუფლება ჰქონდეთ თქვენზე, და თქვენ ეს უკვე აღარ მოგეწონებათ - ბრძოლა, შეჯიბრება, ჯოჯოხეთი, რომელიც ამის გარშემო იქმნება. და მაშინ ამბობთ: „მე ეს არასოდეს მინდოდა“, - მაგრამ თქვენ ხომ გინდოდათ ძალაუფლება; ეს იყო წყარო.

ყოველთვის ეძებეთ მიზეზი. თუ არის შედეგი, მაშინ აუცილებლად იქნება მიზეზიც. და შედეგი არ იქნება, ვერ იქნება, თუ თავიდანვე არ იყო მიზეზი, რომელიც თავად აირჩიეთ. ადამიანებს სურთ, რომ შედეგი შეცვალონ, ისე, რომ საერთოდ არ სურთ მიზეზის შეცვლა. ეს გონების ჩვეული მდგომარეობაა, გონების, რომელიც სულელია. ბრძენი ადამიანის გონებას სრულიად სხვა თვისებები აქვს. როცა მას შედეგის შეცვლა სურს, იგი ღრმად იკვლევს მიზეზს და ცვლის მას - და პრობლემა ქრება!

თქვენ გინდათ, რომ ადამიანებმა შეგიყვარონ, თავად კი აგრესიით და სიძულვილით ხართ სავსე, და ყველაფერი მსგავსით, რასაც ადამიანების მიმართ განიცდით, და კიდევ გსურთ, რომ შეგიყვარონ; და როცა მათ არ უყვარხართ ან სძულხართ კიდეც, უკმაყოფილონი არიან თქვენით, მაშინ ამბობთ: „საერთოდ არ მინდოდა, რომ ასე გამოსულიყო“. თავად აირჩიეთ ეს. რაღაც სხვა გინდოდათ - თქვენი არჩევანი არასწორი აღმოჩნდა. ეძებეთ მიზეზი.

რამდენიმე დღის წინ ჩემთან სანიასი მოვიდა და მითხრა, რომ აქ იგი არავის უყვარს - მას ყველა უყვარს, ის კი - არავის. და ამის გამო ძალიან განრისხებული იყო. მე ვთხოვე, რომ დაესახელებინა ისინი, ვინც უყვარდა, ვინც მის სიყვარულზე არ პასუხობდა, და ვკითხავ მათ, რით ახსნიან ამას. ისინი ხომ იგივეს იტყვიან: რომ მათ უყვართ, მაგრამ არავინ პასუხობს სიყვარულზე. მან ვერავის დასახელება ვერ შეძლო.

ყველა ფიქრობს, რომ უყვარს ადამიანები, მაგრამ არავინ პასუხობს სიყვარულზე, მაგრამ ასე ხომ არ ხდება. ეს არაბუნებრივია, არ შეესაბამება დჰარმას, ცხოვრების უმაღლეს კანონს. თუ გიყვართ, მაშინ თქვენც უყვარხართ. თუ ეს არ ხდება, წადით უფრო სიღრმეში. სადღაც, სიყვარულის სახელის ქვეშ, რაღაც სხვა იმალება.
ერთმა ადამიანმა ერთხელ თავის უფროსს ჰკითხა, შეეძლო თუ არა სამსახურის ავტომობილის გამოყენება ოცდაათ ოქტომბერს. იმ დღემდე ჯერ კიდევ მთელი ერთი თვე იყო წინ.

„რა თქმა უნდა, - უთხრა ბოსმა, - შეგიძლია წაიყვანო მანქანა. და რა მოხდა?“

„ამ დღეს ვქორწინდები“.

„მშვენიერია, - თქვა ბოსმა. - და ვინაა ის ბედნიერი?“

„საქმე იმაშია, რომ ჯერ არ ამირჩევია, - იყო პასუხი. - მაგრამ ჯერ მინდა მანქანა ვიპოვო“.

ეს ხომ არაა მთავარი. თქვენ ჯერ არაარსებითზე ზრუნავთ და ფიქრობთ, რომ არსებითი თავისთავად მოჰყვება ამას. შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება: იფიქრეთ ჯერ არსებითზე, ხოლო არაარსებითი თავისთავად მოვა. ჯერ მთავარზე იფიქრეთ! რა არის მთავარი? ეს მიზეზია და არა შედეგი. თქვენ ხართ მთავარი და არა სხვა.
იმას, რაც დღეს იყო, როგორღაც გაუმკლავდით - გაგების გარეშე, გაცნობიერების გარეშე, მაგრამ თესლები უკვე ჩარგულია, ახლა კი ნაყოფებს მოიმკით. ადამიანები ფიქრობენ, რომ თუ არაარსებითს გაუმკლავდებიან, არსებითი თავისთავად მოვა.

მაგალითად, ადამიანები ფიქრობენ, რომ თუ საკმარის ფულს გამოიმუშავებენ, ამით ბედნიერები იქნებიან. მაგრამ ეს ასე არაა. თუ ბედნიერი ხართ - უკვე ხართ მდიდარი, მხოლოდ ასე, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხართ მდიდარი ადამიანი. მდიდარი მხოლოდ მაშინ ხართ, როცა ბედნიერი ხართ. სხვანაირად ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი. მას შეიძლება არ ჰქონდეს დიდი სასახლეები, მაგრამ მაინც მდიდარი იქნება. შეიძლება ქუჩის გლახაკი იყოს, მაგრამ მაინც მდიდარი იქნება. თქვენ კი ცდილობთ, რომ ჯერ ბევრი ძვირფასეულობა დააგროვოთ, შემდეგ კი ფიქრობთ, რომ ბედნიერი გახდებით. ასე არასოდეს მოხდება, რადგან ძვირფასეულობა თავისთავად ვერ მოგიტანთ ბედნიერებას. ყოველთვის პირიქითაა. ბედნიერებაა სიმდიდრის წყარო.

თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაზე მთავარი თავისით მოხდება: „ჯერ მომეცით საშუალება, რომ მეორეხარისხოვანზე ვიზრუნო. თუ წვრილმანებზე ვიზრუნებ, ამით გარემოებას შევქმნი“. ჯერ: ძალაუფლება, პრესტიჟი, სიმდიდრე - ყველა აუცილებელი წვრილმანი.

ჯერ ჩაიხედეთ ღრმად საკუთარ არსებაში და იფიქრეთ მთავარზე. გახდით ბედნიერი! ახლავე შეგიძლიათ გახდეთ ბედნიერი. ხელს არავინ გიშლით. ხოლო თუ არ შეგიძლიათ, რომ სწორედ ამ მომენტში იყოთ ბედნიერი, ვერასოდეს გახდებით ბედნიერები. ბედნიერება არ უკავშირდება მომავალს. ბედნიერებამ არაფერი იცის ხვალინდელის შესახებ, რადგან იგი არაფერზე არაა დამოკიდებული. ეს უბრალოდ მდგომარეობაა. თქვენ შეგიძლიათ ბედნიერი იყოთ პირდაპირ ახლა, ისეთებად, როგორიც ხართ.

სცადეთ, იყოთ ბედნიერები ყოველგვარი მიზეზის გარეშე, და გაოცდებით! თავისუფლად შეგიძლიათ ბედნიერი იყოთ მიზეზის გარეშე, რადგან ბედნიერება წარმოადგენს მიზეზს ბევრი სხვა რამისთვის, ბედნიერება - ყველაფრის წყაროა. შეგიძლიათ გახდეთ ბედნიერები - სცადეთ. ყოველთვის პირიქით აკეთებდით, ახლა კი სცადეთ დაიწყოთ წყაროთი. ჯერ საფუძველს მოკიდეთ ხელი - იყავით ბედნიერი, შემდეგ კი ყველაფერი თავისით მოვა.

და ყოველთვის გახსოვდეთ, ნუ ეძებთ განტევების ვაცებს - ეს უმარტივესი გზა იქნება ცხოვრების ამაოდ გასაფლანგად.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

უნდა ვიდგეთ თუ არა თავზე?


ნამდვილ პრობლემას წარმოადგენს არა აზრები, არამედ მათი ზემოქმედება ...

ოშო - ეშმაკის, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ...


ოშოს წიგნიდან - "ძენის ათი ხარი" (მზადდება გამოსაცემად) მთ...

სანთლის პოზა


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე იოგაში, იოგების გიმნასტიკაში სხვადასხვა პოზე...

სიკვდილის ძალა


ავტორი: სერგეი მელნიკოვი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე ჩემი ბ...

ბჰაკტი-იოგა


პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი" მთარგმნელი: ნ...

შვიდი ძალა ხელში


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ადამიანის სხეულ...

შავასანა - მოდუნების ტექნიკები იოგაში


მთარგმნელი: მარი სოლოღაშვილი წყარო ჩვენს საუკუნეში ადამიანები გან...

ცოტა რამ სექსის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული ენერგეტიკული თვალსაზრისით სექსის დროს (თუნ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff