კორტიზოლი — ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონია. მას ბევრი ფუნქცია აქვს: ნივთიერებათა ცვლის რეგულირება, წყალ-მარილოვანი ბალანსის კონტროლი, ანთებასთან ბრძოლა და სხვა. ჰორმონის მთავარი მისიაა — დაეხმაროს ორგანიზმს სტრესულ სიტუაციებში.
რაზე ახდენს გავლენას კორტიზოლი
კორტიზოლი ეხმარება ორგანიზმს ენერგიის სწორად გამოყენებაში. იგი აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მეხსიერებასა და იმუნურ სისტემას, ასევე პასუხისმგებელია კონცენტრაციაზე. თუმცა, თუ ხშირი სტრესის ან ქრონიკული დაძაბულობის გამო კორტიზოლი სისხლში დიდი ხნის განმავლობაში მომატებული რჩება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა, როგორიცაა არტერიული წნევა, ძილის დარღვევა, ნივთიერებათა ცვლის პრობლემები და დეპრესიაც კი. ამიტომ მნიშვნელოვანია თვალი ადევნოთ თქვენი სტრესის დონეს, დაუთმოთ საკმარისი დრო დასვენებასა და ძილს, დაკავდეთ სპორტით და დაიცვათ ჯანსაღი რაციონი.
დაძაბულ სიტუაციაში ჰორმონის დონის მატება საშუალებას იძლევა გამოთავისუფლდეს გლუკოზის მარაგი და გული, ტვინი და სხვა ორგანოები უზრუნველყოს მათთვის საჭირო ენერგიით ნორმაზე მეტად. გარდა ამისა, კორტიზოლის მაღალი დონე ზრდის გულისცემის სიხშირესა და არტერიულ წნევას. ეს საშუალებას აძლევს სისხლს უფრო სწრაფად მივიდეს ტვინამდე და მიაწოდოს მას საკვები ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია აქტიური საქმიანობისთვის.
მომატების მიზეზები
სისხლში ჰორმონის დონის მომატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული:
ახლახან მიღებული ტრავმები ან ორგანიზმში არსებული ინფექცია.
მზეზე გადახურება ან გაყინვა ცივ ამინდში.
შფოთვა, შიში და სხვა განცდები, რომლებიც დაკავშირებულია ემოციურ სფეროსთან.
არასრულფასოვანი კვება.
ძილისა და დღის სწორი რეჟიმის დარღვევა.
ზედმეტი წონა, სიმსუქნე.
ფიზიკური გადატვირთვა.
ალკოჰოლის, თამბაქოს, ყავისა და ენერგეტიკების ჭარბი მოხმარება.
ორალური კონტრაცეპტივების მიღება.
გონებრივი გადაღლა.
მეტაფიზიკა
კორტიზოლი ორგანიზმის თვითგამანადგურებელი დოპინგია. როდესაც ბრძოლის გასაგრძელებლად არსებული რესურსები არ გვყოფნის, გამოიყოფა კორტიზოლი, რათა საკუთარი თავის ხარჯზე მივიღოთ ენერგორესურსი გადაუჭრელი ამოცანის დასაძლევად.
ასევე, კორტიზოლი ახდენს ჩვენს დილის აგზნებას და მზაობას, ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის: ღამის განმავლობაში შაქრის დონე ეცემა, შესაბამისად, ჩნდება საზრდოს მოპოვების საჭიროება.
გარდა ამისა, იგი პასუხისმგებელია საკუთარ შეცდომებზე სწავლის უნარზე, აღქმაში აფიქსირებს და ამყარებს ჩვენთვის სახიფათო და ნეგატიურ გარემოებებს, ადამიანებსა და მოვლენებს.
ფიზიკური გამოვლინებები
არეგულირებს ორგანიზმში ქსოვილების შემადგენლობასა და მდგომარეობას. გადარჩენის მიზნით, აქ და ახლა გამოსაყენებლად, შლის რთულ ენერგეტიკულ და სამშენებლო კომპონენტებს უფრო მარტივებად. პასუხისმგებელია ახალგაზრდობასა და დღეგრძელობაზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
როგორ ვლინდება მაღალი მაჩვენებლების დროს?
ადამიანი ხდება ნერვიული, გაღიზიანებული, ბოღმიანი, ღვარძლიანი; ეცვლება მეტყველება, სახეზე უჩნდება გრიმასა. ადამიანი შეიძლება იყოს აგრესიულ-გაღიზიანებული ან მტირალა-გაღიზიანებული. მაგრამ არსი ერთია — ადამიანი წყვეტს იყოს პროაქტიული, აღარ მოქმედებს თავისი გონებითა და განზრახვით, არამედ უფრო მეტად რეაგირებს გარემოებაზე, ანუ იკავებს მომლოდინე პოზიციას: „მე არაფერს გავაკეთებ, სანამ რაღაც არ დამემართება, და როცა რაღაც დამემართება — მხოლოდ მაშინ ვიმოქმედებ“.
ეპიზოდურად მაღალი კორტიზოლი აღიქმება როგორც დაღლილობა, ჭამის, გამოძინების, მხარდამჭერ გარემოცვაში ყოფნისა და გადაჯგუფების საჭიროება.
ქრონიკულად მაღალი კორტიზოლის დროს კანი, კუნთები, ტვინი, თვალები, ძვლები, თმა და ყველა შინაგანი ორგანო ხდება სუსტი, მოშვებული, ანთებითი და უხარისხო, რადგან მათგანვე „ამოიღება“ სამშენებლო მასალა აქტუალური ამოცანების გადასაჭრელად.
ქრონიკული, გადაუმუშავებელი სტრესის დიდმა მოცულობამ ორგანიზმს შესაძლოა ორი მდგომარეობა მისცეს სხვა პარამეტრებზე დამოკიდებულებით: ან აღიქვას, როგორც სასიცოცხლო სივრცის მოპოვების უუნარობა და ამიტომ არ დაგვაძინოს, ან პირიქით, თავი იგრძნოს სრულიად, აბსოლუტურად დაცლილად და გამოიწვიოს უჩვეულოდ ძლიერი, აკვიატებული ძილიანობა.
ქრონიკულად მაღალი კორტიზოლის დონე უკიდურესად აქვეითებს ჩვენს უსაფრთხოების შეგრძნებას და ჩვენი მოთხოვნილებების დონეს; შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი მასლოუს პირამიდის უმაღლესი საფეხურებიდან ყველაზე დაბალ საფეხურებზე ეცემა.
მიღებული გადაწყვეტილებების, დასკვნებისა და კოგნიტური პროცესების ხარისხი უარესდება მათი გაცნობიერებულად შეცვლის შესაძლებლობის გარეშე.
როგორ ვლინდება დაბალი მაჩვენებლების დროს?
ადამიანი თავს გრძნობს შესანიშნავად, მხნედ, ორგანიზმის ქსოვილები არის ხარისხიანი და კარგ მდგომარეობაში, იგი გრძნობს სივრცეს მოქმედებისთვის თავის ცხოვრებაში. მას არ აქვს გადაუმუშავებელი შეცდომების არავითარი დამამძიმებელი ტვირთი. სწორედ ეს არის ის, რაც ახანგრძლივებს ჩვენს ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას. რადგან შეუძლებელია მუდმივად შლიდე საკუთარ სახლს აგურებად, რათა გაყიდო ისინი და საჭმელი გქონდეს — ასეთი ცხოვრება დიდხანს და კეთილდღეობით ვერ გაგრძელდება.
კავშირი სხვა ჰორმონებთან და ნეირომედიატორებთან
კორტიზოლი მცირდება ინსულინის, სომატოტროპინის, სეროტონინის, მელატონინის, ოქსიტოცინისა და ტესტოსტერონის გამომუშავებასთან ერთად. ხშირად მის ზრდას თან ახლავს პროლაქტინისა და ადრენალინის მატება; იგი ნერვულ სისტემას ხდის უფრო რეაქტიულს და ნაკლებად ჩართულს მოცემულ მომენტში.
როგორ მოვახდინოთ ნორმალიზება?
ფიზიკის მეშვეობით:
ჯანსაღი ძილისა და დასვენების კულტურა.
შაქრის ცვლის აღდგენა.
ფიზიკური აქტივობა: აუცილებელია ბევრი მოძრაობა, რადგან მოძრაობისას ხდება სხვა ჰორმონებისა და ნეირომედიატორების გამოთავისუფლება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რელაქსაციაზე. სანამ ადამიანი მოძრაობს, მისი ორგანიზმი ამას აღიქვამს, როგორც რესურსებისა და ახალი შესაძლებლობების მოპოვების შანსს. ორგანიზმისთვის ეს არის სიგნალი, რომ ის ძიების პროცესშია, რის შედეგადაც გამომუშავდება სასიცოცხლო ოპტიმიზმი.
ღეჭვა: ხის ნატურალური ფისის ან „ზაბრუსის“ (ფუტკრის პროდუქტი) ნებისმიერი ფუჭი ღეჭვა ამშვიდებს და ამცირებს ნერვულ დაძაბულობასა და კორტიზოლს. ორგანიზმისთვის ღეჭვის სურვილი კვების განუყოფელი წინამორბედია, რაც ნიშნავს გადარჩენის შანსების გაზრდას. გარდა ამისა, ეფექტს აძლიერებს ისიც, რომ ყბის კუნთების ნერვული დაბოლოებები პირდაპირ ტვინში მიდის.
ფსიქიკის მეშვეობით
აუტოტრენინგი: უმარტივესი აუტოტრენინგის გამოყენება. დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ გადარჩენილხართ ბევრად უფრო საშინელ სიტუაციებში, ვიდრე ახლაა.
რწმენა: გქონდეთ ღმერთის, ბედისწერის ან გზამკვლევი ვარსკვლავის რწმენა, რაც გადარჩენის გარანტიას მოგცემთ. მიმართეთ იმ კონცეფციებსა და იდეებს, რომლებისაც გჯერათ.
თვითპროგრამირება: დააპროგრამეთ საკუთარი თავი, რომ თქვენთან ყველაფერი კარგად იქნება, ხართ უსაფრთხოდ და ეს ყველაფერი დროებითი სირთულეა. ამოცანაა, ცნობიერებიდან სრულიად გამორიცხოთ მარცხი და სიკვდილი, ხოლო ნებისმიერი უბედურება აღიქვათ, როგორც „ტრენაჟორი“ უკეთესი ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე.
სოციუმის მეშვეობით
ჯანსაღი გარემოცვა: გყავდეთ ჯანსაღი გარემოცვა. შეუძლებელია საკუთარი არსებობითა და ცხოვრების წესით სძლიოთ პესიმისტებს, სკეპტიკოსებს, სუსტებს, დაღლილებსა და განვითარებაში გაჩერებულებს.
მხარდაჭერა: გამოხატეთ მხარდაჭერა, მიიღეთ მხარდაჭერა, იმუშავეთ ახლობელ ადამიანებთან ღრმა კავშირებზე და განამტკიცეთ ისინი. დროთა განმავლობაში ასეთი კავშირები გახდება ყველაზე მძლავრი ანტისტრესული სისტემა, რომელსაც ვერაფერი შეცვლის (იხ. ჰარი ჰარლოუს ექსპერიმენტი).
შეცდომები
კორტიზოლის მაღალმა დონემ შესაძლოა სერიოზულად დაამახინჯოს დამოკიდებულება გარშემომყოფების და მოვლენების მიმართ. თუ საკუთარ თავს გამოიჭერთ გაღიზიანების შეგრძნებაზე და იმაზე, რომ ირგვლივ აბსოლუტურად ყველაფერი გაცოფებთ, უნდა გადადოთ ნებისმიერი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება და საუბარი მანამ, სანამ კვლავ არ მოხვალთ ბალანსში, რათა არ ინანოთ დაუფიქრებლად ნათქვამი ან გაკეთებული: დამოკიდებულება შეიცვლება, შედეგები კი დარჩება.
პირველ რიგში, საკუთარი თავით ან ცხოვრებით უკმაყოფილება და ნეგატიური განწყობა უნდა შემოწმდეს გადაუმუშავებელი სტრესის არსებობაზე და გამოირიცხოს ობიექტური ფაქტორები: უნდა გამოიძინოთ, დანაყრდეთ, მიიღოთ უსაფრთხოების შეგრძნება. თუ ამის შემდეგაც რჩება კითხვები და ნეგატიური კონოტაციები — მხოლოდ მაშინ აქვთ მათ რეალური საფუძველი და არ არის სუბიექტური, გამოწვეული კოგნიტური პროცესების დარღვევით, რაც აღქმის გაცნობიერებულიდან უფრო პრიმატულ (ინსტინქტურ) დონეზე გადასვლის შედეგია.
მომზადებულია სხვადასხვა სტატიებზე დაყრდნობით
ავტორი: მამუკა გურული