ქართველმა მეცნიერმა, 1977 წელს მიღებული, უცხო ცივილიზაციის მიერ გამოგზავნილი დაძინებული რადიოსიგნალი გააღვიძა
სტატიის ავტორი: დავით რამიშვილი
დავით რამიშვილი
ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, ადამიანებს სულ უფრო და უფრო გვიძლიერდება სურვილი მივიღოთ პასუხი კითხვებზე: საიდან წარმოიშვა სამყარო, საით მიდის და რა იქნება ბოლოს, სად მთავრდება კოსმოსური სივრცე, რა არის მის ზღვარს მიღმა, რა არის დრო? ვართ თუ არა მარტო ამ უკიდეგანო სამყაროში, არსებობენ თუ არა სხვა გონიერი ცივილიზაციები, დადებით შემთხვევაში, ცდილობენ თუ არა ჩვენთან კონტაქტის დამყარებას? იქნებ ცდილობენ და ჩვენ ვერ ვახერხებთ მათი გზავნილის მიღებას. მეცნიერთა ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებზე უფრო და უფრო აბნევს ადამიანს, ფერმის პარადოქსი, დრეიკის განტოლება, რომელია მათ შორის მართალი? ეს ის კითხვებია, რომელიც მრავალ ადამიანს უჩნდება და რომელზეც ჯერჯერობით მხოლოდ ჰიპოთეტური პასუხებით ვიფარგლებით, თუმცა ადამიანი მუდმივ ძიებაშია და ასე იოლად არ ნებდება.
მე-20 საუკუნის სამოციან წლებში, აშშ-ში შეიქმნა მეცნიერთა ორგანიზაცია სახელწოდებით SETI (Search for Extraterrestrial Intelligence), რომლის მიზანს წარმოადგენდა სამყაროში სიცოცხლის სხვადასხვა ფორმის ძიება და რომელიც დღესაც აგრძელებს აღნიშნულ საქმიანობას.
რადიოასტრონომიის განვითარებასთან ერთად, გაჩნდა რამდენიმე საინტერესო პროექტი და რადიოასტრონომებმა დაიწყეს ფიქრი, მათ ხელთარსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შესაძლო უცხო ცივილიზაციების მიერ გამოგზავნილი რადიოსიგნალების მიღებაზე, რისთვისაც შეიქმნა უზარმაზარი ობსერვატორიები. აღნიშნულის პარალელურად, დროდადრო კოსმოსში, დედამიწიდან გადაიცემა სპეციალური, მათემატიკურად კოდირებული ინფორმაცია ჩვენი ცივილიზაციის შესახებ, იმედით ,,იქნებ, ვინმემ გვიპასუხოს“. ერთ-ერთი მათგანია ე. წ. არესიბოს გზავნილი, რადიოსიგნალი, რომელიც გაიგზავნა 1974 წელს არესიბოს
ობსერვატორიიდან ჰერკულესის თანავარსკვლავედში არსებული ვარსკვლავების გროვისკენ, 25 000 სინათლის წლის მანძილზე.
გარდა ამისა, უცხო ცივილიზაციების აღმოჩენის სამეცნიერო პრობლემატიკაში, მწვავედ დგას ამოცანა, რომელიც ეხება დედამიწაზე არსებულ სხვადასხვა აუხსნელ მოვლენას, ნიმუშს და არტეფაქტს, რომელიც არ თავსდება დედამიწისეულ ცოდნასა და გამოცდილებაში.
დღემდე გაკვირვებას იწვევს რამდენიმე ცნობილი მეგალითური ნაგებობა თავისი დანიშნულებისა და შექმნის ტექნოლოგიებით. ასევე საინტერესოა დედამიწაზე არსებული ძველი ცივილიზაციების მიერ დატოვებული ინფორმაციები კოსმოსის შესახებ. საიდან შეიძლება ჰქონოდათ ძველად ადამიანებს კოსმოსის შესახებ ამდენად დიდი ინფორმაცია? იქნებ მართლაც იყო ძველ დროში ექსპედიციები უცხო პლანეტიდან დედამიწაზე? იქნებ სულაც არ არის ,,მცდარი“ და ,,ფსევდო“
,,პალეოკონტაქტების თეორია“.
აღნიშნულ საკითხზე კვლევა-ძიებისას, ორ საინტერესო ნაშრომს წავაწყდი, სახელწოდებით „ციური ექსპრესი“ და „ფესტოსის დისკო, გზავნილი გალაქტიკიდან“, ისინი მოგვითხრობენ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელთა მიერ დედამიწაზე განხორციელებულ რამდენიმე ექსპედიციაზე, რა დროსაც (ავტორის აზრით) მათ დატოვეს ინფორმაცია ამ მოგზაურობის შესახებ.
წიგნის ქვესათაური - ,,სტუმრებმა წერილი დატოვეს, ე.ი. დაბრუნდებიან“ - აშკარად მიუთითებდა ნაშრომის ავტორის ოპტიმისტურ დამოკიდებულებაზე, ,,უცხო ცივილიზაციასთან შესაძლო კავშირის დამყარების საკითხთან“.
გადავწყვიტე დავკავშირებოდი ავტორს, მაინტერესებდა განაგრძო თუ არა მან კვლევები აღნიშნული მიმართულებით, იგი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მეცნიერი და ძალიან საინტერესო პიროვნება - გეოგრაფიის დოქტორი გიზო ვაშაკიძე აღმოჩნდა.
(გეოგრაფიის დოქტორი გიზო ვაშაკიძე, თსუ-თან არსებული ეკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის, ცივილიზაციათა ეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი
ვინაიდან ბატონი გიზო აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ჩვენი კავშირ-ურთიერთობა მხოლოდ ინტერნეტ-სივრცით იქნა შესაძლებელი. იგი საკმაოდ გახსნილი ადამიანი აღმოჩნდა, თუმცა ვიდრე დავიწყებდით საუბარს, მაღალპროფესიულად დაიცვა უსაფრთხოების ნორმები და ფრთხილად გამომკითხა ამ სფეროსთან ჩემი შემხებლობის შესახებ, რამაც კიდევ უფრო დამარწმუნა მის პროფესიონალიზმში.
გიზო ვაშაკიძე
ავუხსენი რომ, როგორც მრავალ ადამიანს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, ინტერესი ამ თემებისადმი ბავშვობიდან მქონდა. მიუხედავად მაღალსაპასუხისმგებლო პროფესიისა, რაც პირდაპირ კავშირშია დროის დეფიციტთან, მაინც ვახერხებდი აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებასა და მათ გაცნობას. ავუხსენი ისიც, რომ ვარ ,,საქართველოს რადიომოყვარულთა ასოციაციის წევრი“ და მაქვს წესდებით დაშვებულ სიხშირეებზე რადიოკავშირების ჩატარების ნებართვა, საერთაშორისო საძახილით (4L1DR). ასევე, გავაცანი ის აქტივობები, რომლებიც ხორციელდება რადიომოყვარულთა სივრცეში და ვისაუბრეთ იმ სამომავლო ამოცანების გადაჭრის გზებზე, რომელიც დგას აღნიშნული სფეროს წინაშე. საერთო ინტერესი ბევრი აღმოგვაჩნდა და სხვა ბევრ საინტერესო საკითხთან ერთად, სანახევროდ ხუმრობით ჩამოვარდა საუბარი იმედზე, დიახაც, უცხო ცივილიზაციათა მიერ გამოგზავნილი რადიოსიგნალის დაჭერის იმედზე.
ჩვენ შორის საინტერესო მიმოწერა გაიმართა, არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი ეპიზოდი, რომელიც 2022 წლის აგვისტოში შედგა და პირდაპირ კავშირშია იმ აღმოჩენასთან, რის შესახებაც ბატონი გიზო მოგვითხრობს თავის სამეცნიერულ ნაშრომში:
დავით რამიშვილი - ბატონო გიზო, თქვენს წიგნს „ციური ექსპრესი“ (გამოიცა 2009 წელს), მეტად დამაინტრიგებელი ქვესათაური აქვს - „სტუმრებმა წერილები დატოვეს, ესე იგი დაბრუნდებიან“, რა არის სიახლე ამ მიმართულებით?
გიზო ვაშაკიძე - დროის გასვლის პარალელურად, განვითარდა ტექნოლოგიები, მათ შორის შეიქმნა ისეთი ინსტრუმენტები და მეთოდები, რომელთა დახმარებით დადგინდა, რომ გალაქტიკის გარშემო მოძრაობისას, პერიოდულად, ვარსკვლავები უახლოვდებიან და განეშორებიან ერთმანეთს. ეს ისეთივე პროცესია, როგორც მზის სისტემაში პლანეტებს შორის ხდება. შესაბამისად, ცნობილია კონკრეტული ვარსკვლავები, რომლებიც მზეს მიუახლოვდებიან მომავალში. ასეთი შეხვედრები იყო ადრეც და გველის მომავალშიც. ამრიგად, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ასეთ შეხვედრებს (ადრეც და მომავალშიც) თან ახლდეს ცივილიზაციათა შეხვედრები და მიგრაცია. როგორც ვხედავ, დაკავებული და საპასუხისმგებლო პროფესიის მიუხედავად, საკმაოდ გათვითცნობიერებული ხართ რადიოასტრონომიაში. ერთ კითხვაზე მინდა რომ გამცეთ პასუხი, როგორ ფიქრობთ, დედამიწაზე არსებული რადიოტელესკოპები ვერ იღებენ რადიოსიგნალებს კოსმოსიდან თუ იღებენ და ვერ განმარტავენ რადიოსიგნალის შინაარსს?
დავით რამიშვილი - ბატონო გიზო, მე ადრე დავინტერესდი ამ საკითხით და ინტერნეტსივრცეში გავარკვიე, რომ არის ასეთი საყოველთაოდ ცნობილი რადიოსიგნალი სახელწოდებით Wow! სიგნალი, თუმცა დეტალურად მისი შინაარსი
არ შემისწავლია. მე ხომ მეცნიერი არ ვარ და ფიზიკა სკოლის დონეზეც კი არ ვიცი. ინტერნეტსივრციდან ჩემთვის ცნობილია ის, რომ მეცნიერთა ნაწილს ადრეც მიაჩნდათ და კვლავაც მიაჩნიათ, რომ ის შეიძლება იყოს უცხო ცივილიზაციის გზავნილი. ასევე, არიან აღნიშნული მოსაზრების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მეცნიერებიც, თუმცა ამ სიგნალის განმარტება ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ 45 წელი გავიდა მისი მიღებიდან.
ამ კითხვა-პასუხის მერე, დაახლოებით თვენახევარი გავიდა და ბატონმა გიზომ მომწერა, რომ ბოლო მიმოწერის შემდეგ უფრო ღრმად დაინტერესდა Wow! სიგნალის გზავნილით, მიაგნო ახალ მეთოდს, რითიც შეძლო სიგნალიდან ინფორმაციის ამოღება. ასევე, მომწერა იმ ვარსკვლავის დასახელებაც, საიდანაც მისივე განმარტებით მივიღეთ გზავნილი.
ამ უცნაურმა სიახლემ ძალზე დამაინტერესა. დაუჯერებლად ჟღერდა, როგორ შეიძლება 45 დღეში გააკეთო ის, რაც 45 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა? გადავწყვიტე, მიმოწერის მაგივრად, თუნდაც ვიდეოთვალით, პირადად გავსაუბრებოდი ბატონ გიზოს და ვისარგებლე იმ მცირე დროის მონაკვეთით, რომელიც ორივემ გამოვნახეთ, ჩამოვართვი მას მცირე ინტერვიუ.
დავით რამიშვილი - ბატონო გიზო, Wow! სიგნალის შესახებ საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ შესაძლოა საზოგადოების ნაწილს არ სმენია მის შესახებ. ორი სიტყვით რომ მოგვითხროთ მასზე.
გიზო ვაშაკიძე - 1977 წლის 15 აგვისტოს, შტატ ოჰაიოში მდებარე რადიოტელესკოპზე (სახელად „დიდი ყური“) დაფიქსირდა რადიოსიგნალი. რადიოსიგნალების ინტენსივობა იმდენად მაღალი იყო, რომ რადიოობსერვატორიის გაოცებულმა თანამშრომელმა (Jerry R. Ehman) თავისი ემოცია ვერ შეიკავა და გაკვირვებულმა წამოიძახა სიტყვა „Wow“, აღნიშნული სიტყვა მიაწერა სიგნალების ამონაბეჭდ ფურცელს. არსებული ფაქტის გამო უწოდებენ ამ სიგნალს Wow! სიგნალს.
დავით რამიშვილი - გამოქვეყნებულია უამრავი სტატია, მოსაზრება თუ თეორია Wow!
სიგნალის შესახებ, რითია თქვენი თეორია განსხვავებული?
გიზო ვაშაკიძე - პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ Wow! სიგნალის განმარტების შესახებ სამეცნიერო სტატია პირადად მე ვერსად მოვიძიე. განმარტებაში ვგულისხმობ მოსული სიგნალების ტექსტობრივ შინაარსში გადაყვანას. სტატიები ბევრი გამოქვეყნდა განვლილი 45 წლის განმავლობაში. ძირითადად, სტატიებში მიმდინარეობს Wow! სიგნალის, როგორც მოვლენის ზოგადი მიმოხილვა. დღემდე გამოქვეყნებულ სტატიებში შეგხვდებათ რადიოტელესკოპ „დიდი ყურის“ ტექნიკურ მონაცემებზე საუბარი, ზოგ სტატიაში გამოთქმულია აზრი იმის შესახებ, რომ Wow! სიგნალი საერთოდ არ არის გონიერი არსებების გამოგზავნილი, არამედ ის არის კოსმოსური ხმაური. ასევე, ხშირად იბეჭდება იმ ადამიანთა სტატიები ვინც Wow! სიგნალის ავტორთა მისამართს ეძებს ტელესკოპით. ამ უკანასკნელი სტატიების ავტორების განსაკუთრებით მიკვირს.
დავით რამიშვილი - და რატომ, რა არის აქ საკვირველი?
გიზო ვაშაკიძე - როდესაც წერილი მოგდის, გამომგზავნის მისამართი უნდა ეძებო წერილში არსებულ ტექსტში და არა კოსმოსში, ხომ ასეა? ტელესკოპში დაჟინებული მზერით მისამართს ვერ იპოვი, კოსმოსში არ გამოისახება მისამართი. სწორედ ესაა საკვირველი ბატონო დავით. მაგალითად, თავად თქვენ წერილი რომ მოგდით, იღებთ ჭოგრიტს და სარკმელში ეძებთ წერილის ავტორის მისამართს?
დავით რამიშვილი - არა! რა თქმა უნდა არა! ლოგიკურია წერილშივე ეძებო გამომგზავნის მისამართი.
გიზო ვაშაკიძე - ხედავთ, რა უბრალოა ჭეშმარიტება.
დავით რამიშვილი - დავუბრუნდეთ წინა კითხვას. Wow! რადიოსიგნალი ყველა კოსმოსური სააგენტოსთვის იყო ცნობილი, იმისთვის რომ განემარტათ ეს სიგნალი, არსებობდა აურაცხელი დრო. ამ ფონზე იბადება კითხვა - რა არის ის სიახლე თქვენს თეორიაში, რომლის დახმარებითაც თქვენ შეძელით Wow! სიგნალის განმარტება?
გიზო ვაშაკიძე - დღემდე მეცნიერები განიხილავდნენ 6 სიგნალს, რომელიც მიღებულია #2 არხზე. ამისგან განსხვავებით, ჩემს ნაშრომში განხილულია 12 რადიოსიგნალი, რომელიც განთავსებულია 6 სხვადასხვა არხზე. აღნიშნულის გამო, ჩვენ წინ გადაიშალა უჩვეულო საინფორმაციო გრაფიკული გამოსახულება. ეს გახლავთ ინფორმაციის კოდირების ახალი, ჩვენთვის უცნობი მეთოდი - რამდენიმე არხზე ერთი ინფორმაციის გადაცემის გამოცდილება, ჩვენს რადიოასტრონომიაში არ გაგვაჩნდა.
დავით რამიშვილი - თქვენ ფიქრობთ, რომ სწორედ ეს გახდა 45 წლის დაკარგვის მიზეზი?
გიზო ვაშაკიძე - მართალს ბრძანებთ, მეთოდის არცოდნა გახდა 45 წლის დაკარგვის მიზეზი. 1977 წელს რომ წაგვეკითხა ეს წერილი, სადაც მითითებულია გამომგზავნის მისამართი და იმავე წელს გვეპასუხა მათთვის, 20 წლის მერე, ანუ, 1997 წელს ისინი მიიღებდნენ ჩვენგან საპასუხო რადიოსიგნალს და შესაძლოა, 2017 წელს ჩვენ გვქონოდა მეორე გზავნილი მათგან. სამწუხაროა, ადამიანური დროის ათვლით საკმაოდ დიდი დრო დაიკარგა, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ გალაქტიკური დროის მასშტაბით 45 წელი არ გახლავთ დიდი დრო.
დავით რამიშვილი - ანუ, ვარსკვლავი, რომლისგანაც გამოგზავნილია წერილი, 20
სინათლის წლითაა დაშორებული?
გიზო ვაშაკიძე - გზავნილში მითითებულია მანძილი ვარსკვლავამდე დაახლოებით 19,9 ს.წ. რადიოსიგნალი ვაკუუმში მოძრაობს სინათლის სიჩქარით, შესაბამისად, ჩვენს ვარსკვლავებს შორის გადაადგილებას რადიოსიგნალი დაახლოებით 20 წელს მოანდომებს. აღნიშნულ მანძილზე მზიდან რამდენიმე ვარსკვლავი მდებარეობს. შესაძლოა, ყველა მათგანი განვიხილოთ როგორც პოტენციური ავტორები, მაგრამ მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. რადიოტელესკოპ
„დიდი ყურის“ ასტრონომები იუწყებიან, რომ რადიოსიგნალის მიღების დღეს (1977 წლის 15 აგვისტო) ხდებოდა ცის სკანირება მშვილდოსნის თანავარსკვლავედის მიმართულებით. ამ მიმართულებით, დაახლოებით იმავე მანძილზე მდებარეობს ვარსკვლავთა ბინარული წყვილი HJ 5173 (A-B). ვარსკვლავის ასაკად სახელდება დაახლოებით 7-8 მილიარდი წელი (მზე 4,5 მილიარდი წლისაა). გამომდინარე ასაკიდან და ასევე მათი გზავნილიდან, მათი ცივილიზაცია ტექნოლოგიური განვითარებით ძალზედ გვისწრებს.
დავით რამიშვილი - რას მოგვითხრობს წერილი?
გიზო ვაშაკიძე - გზავნილი შეიცავს პირველადი კონტაქტისთვის საჭირო აუცილებელ და საკმარის ინფორმაციას:
1- მზის სისტემის მოკლე დახასიათება (ამით ფიქსირდება ჩვენი მისამართი კოსმოსში).
2 - გვამცნობენ მეთოდს, რითიც იქნა კოდირებული ინფორმაცია.
3 - Wow! სიგნალის ავტორები თავის მეთოდში იყენებენ ათობით სისტემას.
4 - კუთხეების საზომ ერთეულად იყენებენ გრადუსებს (360).
5 - გვამცნობენ, რომ ჩვენ უნდა შევისწავლოთ კომუნიკაციის ის მეთოდი რომელიც არის გამოყენებული Wow! სიგნალის შექმნისას.
6 - მითითებულია Wow! სიგნალის ავტორების მისამართი.
7 - აღწერილია ორ ვარსკვლავს შორის მოსალოდნელი პროცესი.
დავით რამიშვილი - რა პროცესს გულისხმობთ?
გიზო ვაშაკიძე - მზესა და Wow! სიგნალის ავტორების ვარსკვლავს შორის ხდება მეტად იშვიათი მოვლენა, რაც გალაქტიკურ სივრცეში შეიძლება მილიონობით წელიწადში ერთხელ მოხდეს. ჩვენი ვარსკვლავები უახლოვდებიან ერთმანეთს. ეს მოვლენა გადმოცემულია რადიოსიგნალში, იგივე მოვლენა დაფიქსირებული აქვთ ჩვენს მეცნიერებს (Bobylev, 2010). ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ვარსკვლავური სისტემა HJ 5173 AB მოძრაობს ჩვენი მიმართულებით. ეს იშვიათი მოვლენა შეიძლება ჩაითვალოს დიდ მოტივაციად წერილობითი ურთიერთობის დაწყებისთვის.
დავით რამიშვილი - ბატონო გიზო, ხშირად შეხვდებით Wow! სიგნალისადმი მიძღვნილ სტატიებში ასეთ მოსაზრებას - „ეს რომ ყოფილიყო გონიერ არსებათა მიერ გამოგზავნილი, მაშინ ჩვენ გვექნებოდა არა ერთჯერადი სიგნალი, არამედ - განმეორებითი სიგნალები მათი მიმართულებიდან“, რაც ჩემი აზრითაც, ლოგიკურია. ანუ, კითხვა შეგვიძლია დავსვათ ასე - რატომ მოვიდა სიგნალი ერთხელ?
გიზო ვაშაკიძე - პირველ რიგში აღსანიშნავია შემდეგი, ვერავინ იტყვის მტკიცებით ფორმაში რომ სიგნალი მოვიდა ერთხელ. ჩვენ მხოლოდ მაშინ გვექნებოდა მტკიცებით ფორმაში ამის თქმის უფლება, თუ 1977 წელს სიგნალის მიღების მეორე დღიდან კოსმოსში (და არა დედამიწაზე) გვექნებოდა განთავსებული რადიოობსერვატორია, სადაც ნაკლები შეფერხებებია სიგნალის მისაღებად, რომელიც მუდმივ მონიტორინგს გაუწევდა ცის აღნიშნულ მიმართულებას და არ გამორჩებოდა არცერთი წუთი განვლილი 45 წლის მანძილზე. ეს არ გაკეთებულა. 1977 წლიდან სხვადასხვა პროექტის საშუალებით ხდებოდა ცის აღნიშნულ მიმართულებაზე დაკვირვება პერიოდულად. ამის გაკეთება ჰგავს ლატარიის თამაშს, გაგვიღიმებს ბედი და გზავნილის რამდენიმე წუთიანი რადიოსიგნალი დაემთხვევა ჩვენი პროექტის პერიოდს თუ არა? შესაბამისად, მტკიცებით ფორმაში ჩვენ შეიძლება ვთქვათ შემდეგი - ჩვენ არ ვიცით, რამდენი სიგნალი იყო აღნიშნული მიმართულებიდან მოსული, ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ დავიჭირეთ ერთი - სახელად Wow! სიგნალი.
განვიხილოთ სცენარი, სადაც გზავნილი განხორციელებულია მხოლოდ ერთხელ. ის რომ, ჩვენ გვინდა მოვიდეს რადიოსიგნალი ბევრჯერ, ეს არის ჩვენი სურვილი. ბუნებრივია, ჩვენ ვაჟღერებთ ჩვენს სურვილებს, მაგრამ რა აუცილებელია მან (გზავნილის ავტორმა) ჩვენი სურვილი შეასრულოს? ჩვენ ვერ დავავალდებულებთ მას ამის გაკეთებას! ამიტომ, მოდით კითხვა დავსვათ სხვაგვარად - რა არის მათი სურვილი? რა უნდათ მათ ჩვენგან? ვიდრე ამ კითხვას გავაანალიზებთ, შეგახსენებთ, რომ მათი ვარსკვლავი დაახლოებით 2,5 მილიარდი წლით ხანდაზმულია ვიდრე ჩვენი მზე. შესაბამისად, ჩვენ მათთვის შესაძლოა ვართ, მაგალითად, მეასე პლანეტა ვისთანაც მიმოწერა აქვთ. აქედან გამომდინარე, მათი ცივილიზაცია პირველადი კონტაქტის ემოციებისგან - სურვილებისგან სრულიად დაცლილი იქნება (განსხვავებით ჩვენგან). შესაბამისად, ცხოვრობენ პრაგმატული წესით, რომელიც გულისხმობს ინტენსიური მიმოწერის დაწყებას და არა მხოლოდ შეტყობინებას რომ
„ვარსებობთ“, რაც გვახასიათებს ჩვენ როგორც ტექნოლოგიურად დამწყებ ეპოქაში მყოფთ.
განვიხილოთ, როგორ შეიძლება აღიქვას პრაგმატული დღის წესრიგით მცხოვრებმა,
Wow! სიგნალის ავტორმა ,,ჩვენგან პასუხის არმიღება“ :
პირველი - მიმღებმა (ჩვენ) ვერ მიიღო წერილი, მიზეზი - მას არ აქვს შესაბამისი ტექნოლოგიური დონე. ტექნოლოგიური განვითარებისთვის საჭიროა დრო, წლები ან
ათწლეულები... შესაბამისად, აზრმოკლებულია გზავნილის ხშირად გამეორება პირველი გზავნილის მერე, ახლო პერიოდში.
მეორე - მიმღებმა (ჩვენ) მიიღო გზავნილი, მაგრამ მას არ სურს წერილობითი ურთიერთობა. არ არსებობს ნება, მაგალითად, პოლიტიკური ნება დედამიწის ლიდერების მხრიდან, ან მეცნიერები ვერ თანხმდებიან ამ საკითხში.
შესაბამისად, თუ ჩვენ არ გვსურს მათთან ურთიერთობა, აზრმოკლებულია გზავნილის ხშირად გამეორება, პირველი გზავნილის მერე, ახლო პერიოდში. დასაშვებია, გავიდეს რაღაც დრო, გარკვეული პერიოდი, რის შემდეგაც შესაძლოა პლანეტის ლიდერებმა (პოლიტიკოსებმა, მეცნიერებმა...) შეიცვალონ აზრი აღნიშნულ საკითხზე.
მესამე - მიმღებმა (ჩვენ) მიიღო გზავნილი, სურს ურთიერთობა, მაგრამ ჯერ ვერ განმარტა წერილი. უცხო ცივილიზაციის გზავნილის განმარტებას, რომელიც შექმნილია მიმღებისთვის (ჩვენთვის) უცხო მეთოდით, სჭირდება დრო. ფაქტიურად, ამ პროცესის წინაშე ვდგავართ დღეს - 45 წელი გავიდა, სიგნალი გაუშიფრავია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვაწოდეს პირველი გზავნილი და მოგვცეს დრო.
დავით რამიშვილი - თუ სწორად გავიგე გამოგვიგზავნეს წერილი და მოგვცეს დრო იმისთვის, რომ შევისწავლოთ მათი მეთოდი, ამოვიკითხოთ მისამართი წერილიდან და მივწეროთ პასუხი?
გიზო ვაშაკიძე - პირველი კონტაქტის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია შედგეს თანხმობა მხარეებს შორის მიმოწერის მეთოდის შესახებ. უნდა შეირჩეს ერთი მეთოდი, რომელზეც შედგება მიმოწერა. წარმოიდგინეთ, რომ ყველა ცივილიზაციამ თავისი გამოგონებული (განსხვავებული) მეთოდით მისწეროს გზავნილები ერთმანეთს, ეს ხომ გაუგებარი ქმედებაა.
მიმოწერაში მონაწილეობს ორი მხარე - გამომგზავნი, რომელიც გაცილებით მაღალ ტექნოლოგიურ დონეზე დგას და მიმღები (ჩვენ), რომელიც შედარებით დაბალ ტექნოლოგიურ დონეზე ვართ. არსებობს ორი ვარიანტი, ან განვითარებული ცივილიზაცია უნდა ჩამოვიდეს დაბალ (ანუ ჩვენს) დონეზე, ან ჩვენ უნდა ავიდეთ მათ დონეზე, ანუ, უნდა გავერკვეთ მათი წერის მეთოდში. ბუნებრივია, ამ პროცესში დომინანტი არის გამომგზავნი, წინმსწრები ცივილიზაცია. ის გვკარნახობს მოვლენებს, იმას, თუ რა მეთოდია დამკვიდრებული ვარსკვლავთა შორის მიმოწერაში, მეთოდი, რომელიც ავლენს თავს, როგორც ყველაზე უფრო წარმატებულს ამ ტიპის მიმოწერისთვის.
არალოგიკურია, გათვალისწინებული იყოს მხოლოდ ერთი მხარის სურვილები - გამომგზავნმა აგზავნოს წერილები სერიულად (ვინაიდან ასე სურს მიმღებს) და მიმღებმა არაფერი აკეთოს საპასუხოდ.
ჩვენ რომ მიგვეწერა პასუხი, ეს იქნებოდა იმის დასტური, რომ მივიღეთ, შევისწავლეთ კოდირების მათი მეთოდი, შესაბამისად ამოვიკითხეთ მისამართი და გვსურს
მიმოწერა. ჩვენი პასუხი იქნება თანხმობა ურთიერთობის დაწყებაზე მათი მეთოდის გამოყენებით.
გალაქტიკაში დამკვიდრებული მიმოწერის მეთოდში გარკვევა არის ჩვენი საქმე. ჩვენს მაგივრად ამ საქმეს Wow! სიგნალის ავტორი ვერ შეასრულებს. ჩვენ უნდა შევისწავლოთ მეთოდი, როგორაა აგებული წერილის სტრუქტურა, შიდა სტრატეგია და ა. შ.
დავით რამიშვილი - ასე რომ, მათი მეთოდი მკვეთრად განსხვავდება ჩვენი მეთოდისგან.
გიზო ვაშაკიძე - დიახ, როგორც ირკვევა Wow! სიგნალის ავტორებს აქვთ შემუშავებული ჩვენგან განსხვავებული მეთოდი. ჩვენი გზავნილის (მეთოდის) მაგალითია არესიბოდან (1974 წ.) გაგზავნილი რადიოსიგნალი. Wow! სიგნალთან შედარებით, არესიბოს გზავნილი ვერ უძლებს კრიტიკას, ვინაიდან:
პირველი - გაურკვეველია, კონკრეტულად ვისთანაა გაგზავნილი ეს სიგნალი. მეორე - სიგნალში არ არის მითითებული გამგზავნის, ანუ, ჩვენი ზუსტი მისამართი.
ზუსტი მისამართების არარსებობა საკმარისია იმისთვის, რომ ითქვას გზავნილი არასრულფასოვანია. მისამართები არის წერილის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. გასაგებია, რომ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ჩვენს ისტორიას, რომ ეს იყო პირველი მცდელობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ აღვნიშნოთ, Wow! სიგნალის მეთოდთან შედარებით, ჩვენი მეთოდი საკმაოდ პრიმიტიულია.
Wow! სიგნალის მეთოდში ინფორმაციის შენახვის მეტი შრეა, მეტი სივრცეა ციფრული მანიპულაციებისთვის, რაც განაპირობებს სიგნალების მინიმალური რაოდენობით, მაქსიმალური ინფორმაციის გადაცემას. მათი მეთოდი გაცილებით მოქნილია და ეფექტური. 12 რადიოსიგნალით Wow! სიგნალის ავტორებმა გაცილებით მეტი, აღსაქმელად ადვილი და ზუსტი ინფორმაციის მოწოდება შეძლეს, ვიდრე ჩვენ ორესიბოდან გაგზავნილი 1679 სიგნალით შევძელით.
დავით რამიშვილი - ბატონო გიზო, თვლით, რომ თუ პასუხს არ გავგზავნით, შემდეგი რადიოსიგნალი არ მოგვივა?
გიზო ვაშაკიძე - არა, ასე არ ვთვლი. უბრალოდ ვცდილობ დავასაბუთო, რომ ჩვენგან პასუხის მიწერის შემთხვევაში, დაჩქარდება ინტენსიური მიმოწერის დაწყების პროცესი. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პასუხს არ მივწერთ, მათ მაინც შეიძლება გამოიჩინონ კეთილი ნება და კიდევ ერთხელ შეგვახსენონ თავი.
ახალი გზავნილის დაჭერის ერთადერთი შანსი კი არის შემდეგი: კოსმოსის აღნიშნული მიმართულებით, აღნიშნულ სიხშირეზე (1420.4056 MHz.), მუდმივი 24- საათიანი მონიტორინგი, რაც არის რადიო ობსერვატორიების საქმე, მათი საქმე, ვინც არის ჩართული როგორც პროფესიულად, ასევე მოყვარულ დონეზე. დღევანდელი
ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია ჩაერთოს ამ საინტერესო პროცესში. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ საქართველოს რადიომოყვარულთა ასოციაცია დაინტერესდება აღნიშნული საკითხით და განახორციელებს ქმედით ზომებს აღნიშნული მიმართულებით.
დავით რამიშვილი: როგორ ფიქრობთ, რა რეაქციას გამოიწვევს თქვენი ნაშრომი მეცნიერთა წრეებში?
გიზო ვაშაკიძე - ეს იმდენად ახალი თემაა, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია ამაზე საუბარი. ნაშრომი ჯერ კიდევ ბეჭდვის პროცესშია, განვლილი აქვს რეცენზირების პირველი ეტაპი, რადიოასტრონომიის ჟურნალში (RADIOASTRONOMY). სრული სტატია სახელწოდებით „Graph Algorithmic Thinking for the Wow! Signal. The First Contact“ შეგიძლიათ იხილოთ ე. წ. „წინასწარ გამოქვეყნების“ გვერდზე.
საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორი იქნება მეცნიერთა კომპეტენტური აზრი, თუმცა ამას მომავალი გვიჩვენებს, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ შორეულ ქვეყანაში მოღვაწე ქართველ მეცნიერს. ვისურვოთ, რომ თავისი აღმოჩენებით ბევრჯერ გაგვაოცოს და დაგვარწმუნოს, რომ ,,უცნობი რეალობა, ყოველგვარ მისტიკაზე ბევრად საინტერესოა“ .
ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ, თუ აღნიშნული თეორია სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა დადებით შეფასებებს მოიპოვებს, მაშინ ახალი ეპოქა დაიწყება კაცობრიობის ისტორიაში, დადგება უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტის დაწყების დრო და წარმოიდგინეთ რამდენად სასიხარულოა, რომ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რითაც ყველაფერმა 45-წლიანი ძილის შემდგომ გაიღვიძა, მოპოვებულ იქნა ქართულ ენაზე, ქართველი მეცნიერის მიერ.
რასაც უნდა ამბობდნენ სკეპტიკოსები, უნდა ვთქვათ, რომ უცხო ცივილიზაციების ძებნა და ამ ამოცანასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, ჩვენი კულტურისა და შემოქმედების ნაწილი გახდა. იგი ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ეს ამოცანა უმძაფრებს ადამიანს წარმატების მიღწევის სურვილს და ნებისმიერი მცდელობა, ერთმანეთს გავუზიაროთ აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებული სიახლეები, მისასალმებელია და მხარდასაჭერია.
P.S. ჩემი მხრიდან, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიზო ვაშაკიძეს, ჩემი ,,იდეის მიმწოდებელ, წამქეზებლის“ როლის, ასეთი დიდი შეფასებისათვის. ასევე, მსურს მადლობა ვუთხრა ჩემს მეგობრებს, გიორგი სირაძესა და ნიკოლოზ
ბასილაიას, საქართველოს რადიომოყვარულთა ასოციაციის პრეზიდენტს ბატონ მამუკა კორძახიას, მის ვაჟს ირაკლის და აღნიშნული ასოციაციის აქტიურ წევრებს თემურ იმნაიშვილსა და გიორგი ხიმშიაშვილს, რადიოსამოყვარულო საქმიანობაში ჩემი აქტიური მხარდაჭერისათვის. ასევე, მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს, რომელთა გვერდში დგომითაც შევძელი არასამსახურებრივი, თუმცა ჩემთვის საინტერესო თემებისათვის საკმარისი დროის გამონახვა.