სტატიის და ფოტოების ავტორი: ქრისტინე ბებია
ავტოსტოპერებისთვის, ვინც ქალაქში გაჩერებას არ აპირებს და მისი მხოლოდ ტრანზიტულად გავლა უნდა, შუაგულ ქალაქში მოხვედრა დიდი თავსატეხი რამეა. ერთ-ერთი შემთხვევა იყო ირანში, მძღოლი რომ ვერ მიმიხვდა, ქალაქის ცენტრი არ მაწყობდა და მისი აზრით, რომ პატივს მცემდა, მიზანმიმართულად შუა ცენტრში მიმიყვანა. რომ (გა)ვიფიქრე, არსად მეჩქარებოდა, მოდი, ამ ქალაქსაც დავათვალიერებ-მეთქი. ბოდიალ-ბოდიალში შემომაბნელდა. ღამის გასათევი არსად მქონდა და მეჩეთში შევბოდიალდი. თანდათან ღამდებოდა და თანდათან იცლებოდა მეჩეთი. ბოლოს ერთადერთი მე შემოვრჩი შიგნით და გარეთ _ ორიოდე დაცვის თანამშრომელი. ქალთა სალოცავ ოთახში რომ შემოიხედეს და მიმოათვალიერეს, მე შემნიშნეს. გამოიცნეს, უცხოელი რომ ვიყავი და მეჩეთიდან გასვლასაც არ ვაპირებდი. სხვა დანარჩენი, რაც აინტერესებდათ, შიგნით არც შემოსულან, კართან მიხმეს და მკითხეს (ინგლისურის მინიმალური ცოდნის მაქსიმალური გამოყენებით). მეც გულწრფელი პასუხები გავეცი. არამუსლიმობაც არ დამიმალია. ok-იო. მშვიდი ღამე მისურვეს და მარტო დამტოვეს. მართლა მშვიდად კი მეძინა. დილაადრიან საუზმეც მომართვეს. გემრიელად ვისაუზმე და გზის გასაგრძლებლად გავემზადე. დარაჯებისთვის მადლობის მეტი რა მეთქმოდა და არ დავამადლე. ჩემი გადახდილი Thank You-თი ისინიც მადლიერები დარჩნენ თითქოს, სახეზე ეწერათ. მე კი, არ ვიცოდი, წინ რა ბედი მეწერა, გზა გავაგრძელე.
კითხვა-კითხვით, გუმან-გუმანით ქალაქის გასასვლელის მიმართულება დავადგინე და მალე ავტოსტოპიც დავიჭირე. იმდენად კარგი ჩიტი დამიჭერია, რომ ზუსტად იმ ქალაქში მიდიოდა, მე რომ ვუმიზნებდი. უდაბნოში გაჭრილ გზატკეცილს დავადექით. ცოტას ვსაუბრობდით და იმ ცოტას english-bodylanguage ნაზავით ერთმანეთს ვაგებინებდით ასე თუ ისე. ასე იყო თუ ისე, უდაბნოს ხილვამ გეგმა შემაცვლევინა და გამართლებაც (რომ ეს მძღოლი ზუსტად იმ ქალაქში მიდიოდა, სადაც მე) წანწალით დამძიმებულ ფეხებზე დამაკიდებინა. მძღოლმა ჯერ ის ვერ გაიგო, გზის გაგრძელება რომ მეტი აღარ და უდაბნოში დარჩენა მინდოდა, და ეგ რომ გაიგო, მერე ის ვერ გაიგო, რატომ მინდოდა. ზუსტი და ლოგიკური პასუხი, ალბათ, არც მე მქონდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვიცი, რომ იმდენად გულით მინდოდა ჩემი ქვეცნობიერი თუ ზეცნობიერი ახირების ახდენა, გონება არც ჩამირთია, გულითვე მივიღე გადაწყვეტილება. გიჟი ხარ, აქ ვერ დაგტოვებო, _ თავი გაიგიჟა მძღოლმა. იმ ერთსახა უდაბნოში რაღაც ნიშნულს მოხვდა ჩემი თვალი და იმაზე მივუთითე და ჩავიციკლე, friends-friends-მეთქი, თითქოს მეგობრებს იმ ნიშნულთან გვქონდა შეხვედრა დანიშნული. არამგონია, ზღაპრის დაეჯერებინა, მაგრამ მგონია, მის თვალში ზღაპრული კუდიანივით კი გამოვიყურებოდი, უდაბნოს სიცხეში რომ გადავწყვიტე განმარტოება. თან მოხეტიალე მოგზაურის იერში თავისთავად არის რაღაც ალქაჯური.
ბოლო-ბოლო წავიდა და დამტოვა ბედნიერად გაღიმებული. მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად ჰყოფდა გრძელი გზატკეცილი უდაბნოს. ბევრი არ მიყოყმანია, ზღაპარში კი მეგონა თავი და როგორც კეთილი გზა, მარჯვენა მიმართულება ავირჩიე. ვიარე, ვიარე და კიდევ ვიარე... უკვალოდ დავიკარგე. მზის სრულ მცხუნვარებაში სრულად გამოვწრუპე წყალი ბოთლიდან. მარჯვნივ უდაბნო, მარცხნივ უდაბნო, წინ უდაბნო, უკან უდაბნო, შუა უდაბნოში მე და შუა ცაზე მზე. ეგ რომ უდაბნოს მიეფარა, სიცხეც თან გაიყოლა და მიმაყინა ბედნიერი ღიმილი სახეზე. სხეულგაყინულს არც ხელები მემორჩილებოდნენ, არც ფეხები... არც ფიქრები. გაყინულ ძარღვებში სისხლი არ მიმოძრავდებდა, მაგრამ გავლილი და მომავალი ცხოვრებაც თვალწინ მიმომირბოდა. მომავალში იმედიანად მზეს ვხედავდი და ასე მზის მოლოდინში ვიკანკალე ის ღამე. დილით რომ მზის პირველივე სხივი შევნიშნე, უკვე ვიცოდი ,,ცოტაც და, გავთბები!". ვიცოდი, გათბობას მალევე დაცხომა მოჰყვებოდა და არ ვიცოდი, მერე რას რა მოჰყვებოდა, მაინც ბედნიერი ვიყავი. ოპტიმიზმმა დამარწმუნა, რომ წუხანდელი ღამის გადარჩენილი ბოლომდე გადავრჩებოდი და მოგზაურობიდან დაბრუნებული თავგადასავლად გავიხსენებდი ამ ისტორიას. მშიერ-მწყურვალს მზე მაცხუნებდა და ერთ ადგილას გაჩერება რომ უფრო სისულელე იყო, ვიდრე გზის გაგრძელება, ჩემმა დასიცხულ-დამწვარ-დახრუკულმა თავმაც მოწვა. ხანგრძლივ ლასლას-ლასლასში რაღაც ფუნდუკისმაგვარს მივადექი. მოცემული სიტუაციით (ადგილით) ვისარგებლე და გადავწყვიტე, რომ ამჯერად გაჩერება უფრო გონივრული იქნებოდა, ვიდრე გზის გაგრძელება. მალე მზე ჩავიდოდა. ფუნდუკში შევძვერი და ორი დღის სიცხისაგან ოფლდაღვრილს და წინა ღამის კანკალით დაღლილს ჩამეძინა. ხან სიცივე გამომაღვიძებდა, ხან _ სხეულის ქავილი, ხან _ სიზმრები და ამ გაწა-მაწიაში შემდეგი დილაც დამათენდა. აბაზანა და საუზმე მე არ მელოდა და გზა ეგრევე გავაგრძელე. მზის აბაზანები კი, არ მომკლებია შემდეგი რამდენიმე საათი.
მერე ქარავანს გადავეყარე (და ქარავანი გადამეყარა მე). როგორც უცხოპლანეტელს, ისე მიყურებდნენ და ალბათ, მეც ეგრე შევხედავდი საკუთარ თავს გარედან, ამის შესაძლებლობა რომ მქონოდა, მაგრამ იმ მომენტისთვის, იმედის მეტი არაფერი გამაჩნდა და ასე იმედიანად მივენდე უცხოებს, ჩემთვის უცხო ენაზე რომ საუბრობდნენ. უცხო გარემოში უცხო ხალხი ცალსახად იმედის მომცემი არ იყო, მაგრამ უდაბნოში სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობების გარეშე მარტომყოფს ის ხალხი, იყო თუ არ იყო, მე მაინც მხსნელად მეჩვენებოდა. წყალი შემომთავაზეს და დავეწაფე წყალს. აქლემზე შეჯდომა შემომთავაზეს და შემოვასკუპდი აქლემს. არ ვიცოდი, სად მივყავდი და მაინც უსიტყვოდ მივყვებოდი. ყველაფერზე ყაბულს ვიყავი. სხვა გზას ვერც ვხედავდი უგზო-უკვლო უდაბნოში. გასაკვირი არ იქნებოდა (არც ჩემთვის, არც მათთვის და ალბათ, არც თქვენთვის), მიბნედილს რომ თავი ვერ დამემაგრებინდა უშველებელ აქლემზე, მაგრამ მე ნაშველები ისეთ შემართულ ენერგია-განწყობაზე დავდექი, ცოტაც და, აქლემს გავაჭენებდი.
უდაბნოს თიხის სახლებიან სოფელში მიმიყვანეს. მთელი სოფელი მოქუჩდა და მომაშტერდა უცხო(პლანეტ)ელს. ერთი სახლისკენ გამიძღვნენ. ფეხსაცმელები, როგორც მათ, სახლის შესასვლელთან დავტოვე და პატარა ერთოთახიან სახლში შევედი. შესვლისთანავე სასიამოვნოდ მომხვდა სიგრილე. სასიამოვნოდ მომხვდა თვალში ოთახის ღარიბული, მაგრამ კოხტა, სადა და მყუდრო ვიზუალი. ოთახში სასიამოვნო აურა და რეალურად ბევრი არა, მაგრამ იმ პატარა ოთახისთვის მაინც საკმაოდ ბევრი ხალხი ტრიალებდა. ოჯახის დიასახლისი დაფაცურდა. სუფრა იატაკზე გაშალა. მე მშიერმა სხაპა-სხუპით შევსანსლე საჭმელი და რძეც იმავე ტემპით მივაყოლე. მათ მე ვაინტერესებდი, მე ისინი მაინტერესებდა და ასე ერთმანეთით დაინტერესებულები ერთმანეთის დაკვირდებით ვიყავით დაკავებულები. კითხვა-პასუხები დიდად არ გამოგვდიოდა, სხვადასხვა ენებზე ვსაუბრობდით და ერთმანეთის არ გვესმოდა, მაგრამ უნივერსალურ ენაზე ვკონტაქტობდით _ ერთმანეთს ვუღიმოდით. მზისგან და უჭმელ-უსმელობის შემდეგ დანაყრებით ჩაკაიფებულს საინტერესო ღიმილი კი უნდა გამომსვლოდა.
სახლიდან რომ გარეთ გამოვდიოდი, დავინახე, იქვე ბავშვები შეგროვილიყვნენ და რაღაცას დაფუსფუსებდნენ. აუცილებელი რომ არ ყოფილიყო ჩემთვის, აუცილებლად დავუტოვებდი ჩემს სპორტულ ფეხსაცმელებს სანდლებიან ბავშვებს. მზის ჩასვლამდე გარეთ ერთად გავატარეთ დრო. მზის ჩასვლაზე უკვე აღარ მაკანკალებდა. ქვესაგებ-ზეწრები რომ გაშალეს მასპინძლებმა იატაკზე პატარა ოთახში და მე ოჯახის წევრები გადავთვალე, მეუხერხულა, თუმცა კი, დარწმუნებული ვიყავი, სული-გულიდან წამოსული სითბო-სიყვარულით მიმიღეს. მშვიდად მეძინა ის ღამე. აქა-იქ მამაკაცის ხვრინვა, ბავშვების ჭყავილი, ქალის ,,ჩუ-ჩუუუ..." გამომაღვიძებდა, მაგრამ აი, ის ხმებიც იავნანად ჩამესმოდა...