ტრანსკრიბცია ვიდეოდან
მთარგმნელი:დავით ჯანგველაძე
სიკვდილი არა მარტო მისტიურია, არამედ იგი ამასთან ერთად განწმენდის დიდებული აქტია. გესმით? ამ სიტყვის მნიშვნელობა იცით? განწმენდა, განახლება. მაპატიეთ, თუ არ გესმით იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომელსაც ვიყენებ. მე თითოეულ სიტყვას აგიხსნით საუბრის განმავლობაში. თქვენ იცით, რომ ის, რაც გრძელდება, დეგრადაციულია. ვიმედოვნებ გებულობთ რას ვამბობ. ის, რაც უწყვეტად გრძელდება, რაც განმეორებადია, რაც შაბლონია... შაბლონი შეიძლება განსხვავებული იყოს ქვეყნების, კლიმატის, გარემოებებისა და სხვათა მიხდვით, მაგრამ მაინც იგივე შაბლონია. ნებისმიერი შაბლონის მოძრაობა წარმოშობს განგრძობადობას, განმეორებას. არის თუ არა ასე? ხედავთ ამას? ეს განგრძობადობა არის ადამიანის დეგრადაციული პროცესის ნაწილი. ხოლო როდესაც ეს უწყვეტობა სრულდება, შესაძლოა რაღაც ახალს ჰქონდეს ადგილი.
გესმით? ეს მარტივია. ზოგადად, თქვენ დიდი დრო გჭირდებათ იმის გასაგებად, თუ რა არის სიკვდილი; ან არსებობს მეორე ვარიანტი, თქვენ ამას გაიგებთ მომენტალურად, რადგან მთლიანად ჩაწვდებით აზრის მოძრაობას, როგორც შიშს, სიძულვილს, სიყვარულს და ასე შემდეგ. მომყვებით? შედეგად მომენტალურად ჩაწვდებით იმის მნიშვნელობას, თუ რა არის სიკვდილი. მაგრამ, ადამიანთა უმეტესობა ამ სახის სამუშაოს არ ასრულებს, ამიტომაც, ჩვენ ერთად უნდა შევაღწიოთ მოცემულ საკითხში. თუმცა, მე არ ვარ თქვენი გურუ. ნუ იქნებით ნურავის მიმდევარი.
რა არის სიკვდილი? როდესაც ამ კითხვას ვსვამთ, ფიქრს აქვს უამრავი პასუხი. ასეა თუ არა? ფიქრი ამბობს... არ მინდა ფიქრის მიერ მოწოდებულ საცოდავ ახსნებზე ვისაუბრო. დაკვირვებიხართ თუ არა, როდესაც სიკვდილზე კითხვას სვამთ, ყველა ადამიანს აქვს ამაზე საკუთარი პასუხი. ყველას აქვს პასუხი საკუთარი მიდრეკილებების, სურვილების, იმედებისა და კომფორტის მიხედვით. ადამიანს ყოველთვის აქვს სიკვდილზე პასუხი. თუ შეგვიძლია, შევხედოთ ამ საკითხს პასუხის გაცემის გარეშე. მოდით, გამოვიკვლიოთ პასუხის გარეშე. ხვდებით? პასუხი უეჭველად ინტელექტუალური და ვერბალური იქნება, ანუ ფიქრის მიერ თავმოყრილი.
მაგრამ ჩვენ შევისწავლით აბსოლუტურად უცნობს, ტოტალურად მისტიურს. სიკვდილი წარმოუდგენლად დიდი მოვლენაა. ვიმედოვნებ ამის გაკეთება შეგიძლიათ. ჩვენ ვსვავთ კითხვას, რა არის სიკვდილი? ფაქტობრივად, ორგანიზმი კვდება. გთხოვთ, მომისმინეთ უფრო ყურადღებით, თუ მართლა გსურთ ამ საკითხში ღრმად წვდომა. გთხოვთ, დაუთმეთ ამ საკითხს ყურადღება. მესმის, რომ საათი და ათი წუთის განმავლობაში შესაძლოა ფიქრი ცოტათი დამღლელი იყოს. ჩვენ ვხვდებით, რომ სიკვდილის დროს ორგანიზმი ტვინთან ერთად კვდება. ტვინთან ერთად, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე თვითგვემის, წინააღმდეგობების, მცდელობების და მუდმივი ტანჯვის სხვადასხვა ფორმით არასწორად არის გამოყენებული. ამ ყველაფერს ტვინი საკუთარ თავში მექანიკურად ატარებს, ტვინი მექანიზმია. სიკვდილის დროს ტვინი კვდება. იგი მეხსიერების შემნახველი ორგანოა. მეხსიერებაში ვგულისხმობ გამოცდილებას, ცოდნას. ამ გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე, ტვინის უჯრედებში ყველაფერი ინახება მეხსიერების სახით, საიდანაც ფიქრი იღებს სათავეს.
როდესაც ორგანიზმი ასრულებს ფუნქციონირებას, მასთან ერთად ტვინიც ასრულებს ფუნქციონირებას. არის თუ არა ასე? მომყვებით? აქედან გამომდინარეობს, რომ ფიქრიც სრულდება. რადგან ჩვენ ვთქვით, რომ ფიქრი არის მატერიალური პროცესი. ფიქრი არც ეთერულია და არც სპირიტუალური, ის არის უბრალო მატერიალური პროცესი, რომელიც მეხსიერებაზეა დაფუძნებული. მეხსიერება ტვინის მოლეკულებშია ჩაბეჭდილი, ფიქრი კი მისი პასუხია. ამიტომ, როდესაც ორგანიზმი კვდება, ფიქრიც კვდება. გესმით? ფიქრის მიერ არის შექმნილი მთელი სტრუქტურა, რასაც "მეს" ვუწოდებთ. ვიმედოვნებ გესმით ეს ყველაფერი. (აუდიტორია ეთანხმება). "მე", რომელსაც ეს უნდა; "მე", რომელსაც ის არ უნდა; "მე", რომელსაც ეშინია, ნევროზიანია, სასოწარკვეთილია, მარტოსულია... ეს განგრძობადობა ფიქრის მიერ იღებს სათავეს, რაც ასევე მოძრაობაა. როდესაც ორგანიზმი კვდება, მასთან ერთად ფიქრიც - რომელიც მატერიალური პროცესია - კვდება. მოითმინეთ... მივდივართ მთავარ საკითხამდე, ძალიან ნელა.
თქვენ სვამთ კითხვას: სულ ესაა? გესმით? მომყვებით? ადამიანმა იცხოვრა, იტანჯა, ცოდნა მიიღო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ... და თქვენ ამბობთ: ეს არის ყველაფრის დასასრული? რა ფასი აქვს ამ ყველაფერს? ხვდებით რაზე ვსაუბრობ? ვიმედოვნებ გესმით. რა ფასი აქვს ადამიანის ცხოვრებას, რომელმაც იცხოვრა, იტანჯა, გამოცდილება მიიღო... ფასი იმ გაგებით, რომ რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს? უბრალოდ იცხოვრო ასეთი უშნო, იდიოტური, გარყვნილი, საცოდავი ცხოვრებით და უცებ მოკვდე. მომყვებით? ფიქრი ამბობს: არა, არა, ეს დასასრული არ არის. სხვა სამყარო არსებობს. ეს სხვა სამყაროც ფიქრის მოძრაობის საკუთრებაა. ასე რომ, ფიქრი იგონებს სხვა სამყაროს. სამყაროს, სადაც ბედნიერი იქნებით. (აუდიტორია იცინის). სამყაროს, რომელიც ყველა სურვილს შეგისრულებთ, ღმერთის გვერდით ჩამოჯდებით. ეს ყველაფერი ფიქრის საკუთრებაა. შეხედეთ ფიქრი რას აკეთებს. დაინახეთ ფიქრის საშიშროება არასწორ ადგილას. ფიქრს თავისი ადგილი აქვს, სადაც მისი ფუნქციონირება საჭიროა: ტექნოლოგია, კომუნიკაცია, ენა - ეს ყველაფერი.
მაგრამ, როდესაც ფიქრი რაღაცებს იგონებს და ამბობს, "ის იქაა", იგი ფიქრის მოძრაობას ეკუთვნის. ტვინი კვდება დაავადების, ასაკის, უბედური შემთხვევის ან არასწორად გამოყენების შედეგად. არასწორად გამოყენებაში ვგულისხმობ ილუზიაში ცხოვრებას, ფიქსირებულ რწმენაში ცხოვრებას... ყველანაირი რწმენა ილუზორულია! არც ერთი იდეალი ფაქტზე არაა დაფუძნებული! არსებობს მხოლოდ ფაქტები და არა იდეალები. მოკლედ, ტვინი ორგანიზმთან ერთად კვდება, რაც ნიშნავს, რომ ფიქრიც კვდება. ფიქრი ამას ძალიან ღრმად აცნობიერებს. ფიქრი ხვდება, რომ მოკვდება, რადგან იგი საკმაოდ ეშმაკია. ფიქრი ამბობს: ეს არ უნდა იყოს დასასრული, მე უნდა გავაგრძელო არსებობა... ამიტომაც, იგი აგრძელებს არსებობას იდეაში, ილუზიაში, სამოთხეში ან მარადიულ ჯოჯოხეთში, რადგან თქვენ ვიღაც მღვდელის წესები არ შეასრულეთ. (აუდიტორია იცინის). გთხოვთ გაყევით ამ ყველაფერს. ჩვენ ვამბობთ, ნუთუ ეს არის ცხოვრების მთელი მნიშვნელობა? გებულობთ ჩემს შეკითხვას? ბავშვებს ზრდით, გტკივათ, იტანჯებით, სასოწარკვეთილებაში ეშვებით, ომებს აწარმოებთ, ერთმანეთი გძულთ, ერთმანეთი მოგწონთ და უცებ კვდებით. ადამიანი იკითხავს, რა მაშინ რა აზრი აქვს ცხოვრებას? მომყვებით? ადამიანი ყოველთვის სვამს კითხვას - ისევ, გთხოვთ, მომისმინეთ - ადამიანი ყოველთვის სვამს კითხვას, რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ჩვენ ვსვამთ რადიკალურად განსხვავებულ შეკითხვას - რა ხდება სიკვდილამდე? და არა სიკვდილის შემდეგ. გესმით რაზე ვსაუბრობ?
რა არის სიკვდილამდე? თქვენი ცხოვრება, ასე არაა? რა არის თქვენი ცხოვრება? იარე სკოლაში, კოლეჯში, უნივერსიტეტში, იშოვე სამსახური, იცხოვრე პარტიონრთან, სექსი, გაზარდე შვილები, ტკივილი, ნევროზი, ყველა ერთმანეთს ეჩხუბება, იარე სამსახურში მომდევნო ორმოცდაათი წელი... რა ცხოვრება გაქვთ გავლილი! (აუდიტორია იცინის). ეს არის თქვენი ცხოვრება სიკვდილამდე. და ყველაფრისგან დაცლილი ცხოვრების შემდეგ თქვენ გინდათ გაიგოთ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. (ისევ სიცილი). ნახეთ რას სჩადიხართ ბატონებო. თქვენთან ერთად სიცილი მინდა, მაგრამ თქვენთვის სიცილი კარგი არ არის. მოკლედ, ეს არის ყველაფერი? ეს ფაქტია! ასე არაა? მომყვებით? სხვა სამყაროზე ფიქრის გარეშე ეს ყველაფერი ფაქტია. დავივიწყოთ სხვა სამყარო. ყველა მათგანი ფიქრზეა დაფუძნებული. ყველა ფიქრი ამბობს: "მე მჯერა". ყველაფერი განზე რომ გაწიოთ, რა დაგრჩებათ? მხოლოდ ფაქტი! ფაქტი, რომ თქვენ, რომელიც ფიქრის მიერ ხართ შექმნილნი, სიკვდილთან ერთად დასრულდებით. შეძლებთ ამ გაცნობიერების ტარებას? მომყევით? შეგიძლიათ ამ ფაქტის დანახვა? ყველა თქვენი შფოთვა, ყველა თქვენი სურვილი, ყველაფერი... როცა კვდებით, ტვინთან ერთად ტვინის მიერ შექმნილი ფიქრიც მოკვდება. რახან ასეა, ჩვენ შეგვიძლია შევეხოთ ტოტალურად განსხვავებულ საკითხს.
როცა ყველაფერი სრულდება, რა ხდება? გესმით ჩემი შეკითხვა? შეხედეთ ბატონებო, როდესაც ცხოვრობთ, ისევე როგორც ახლა ცხოვრობთ, მთელი თქვენი ენერგიით, გამბედაობით, ცხოვრების სირთულეებით... შეგიძლიათ თუ არა იცხოვროთ - ახლა - და შეხვდეთ სიკვდილს - ახლა. გესმით ჩემი შეკითხვა? გთხოვთ, გესმით ჩემი შეკითხვა? ეს ნიშნავს, რომ მე ვცხოვრობ ჩემი ენერგიით, შესაძლებლობებით, გამბედაობით სავსე და სიკვდილი ნიშნავს ამ ცხოვრების დასასრულს. ასეა? ახლა, შემიძლია თუ არა დასასრულის ცხოვრებაში შეტანა? გესმით? (აუდიტორია ეთანხმება). რაც ნიშნავს, რომ იცხოვრო სიკვდილთან ერთად მუდმივად. საერთოდ გესმით რაზე ვსაუბრობ? (ისევ თანხმობა). მე შენზე დამოკიდებული ვარ - მომენტალურად ვასრულებ ამ დამოკიდებულებას! რაც არის სიკვდილი. ასე არაა? ვიმედოვნებ შეგიძლიათ ამის დანახვა. მე გაუმაძღარი ვარ, მაგრამ როცა მოვკვდები, ამ გაუმაძღრობას ჩემთან ერთად ვერ წავიღებ, ამიტომ, ვასრულებ გაუმაძღრობას. ერთი კვირის და ათი დღის მერე კი არა, დაასრულეთ, ახლავე. თქვენ ცხოვრობთ, ხედავთ სამყაროს ყველა სილამაზეს და ცხოვრობთ სიკვდილთან ერთად. სიკვდილამდე ცხოვრება ნიშნავს სიკვდილთან ცხოვრებას. რამეს მიაგენით? სიკვდილთან ერთად ცხოვრება ნიშნავს, რომ თქვენ მარადიულ სამყაროში ცხოვრობთ. ყველაფერს, რასაც აღწევთ, ასრულებთ. ამიტომ, ასეთ დროს ყოველთვის წარმოუდგენელი მოძრაობა არსებობს და არა ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც ფიქსირებულნი ხართ. შეგიძლიათ ამის გაკეთება? თუ ესეც უბრალო იდეაა თქვენთვის? ეს არ არის უბრალო იდეა. სიკვდილი ნიშნავს ყველაფრის დასასრულს, რაც კი ოდესმე შეგიგროვებიათ. დასასრული ყოველდღიურად, ყოველწუთიერად. შემდეგ, თქვენ აღმოაჩენთ - არა, თქვენ არა - ეს არის... რადგან უკვე "თქვენ" აღარ არსებობთ. (აუდიტორია იცინის). არსებობს უდროო სივრცე, სადაც ფიქრისთვის ცნობილი დრო არ არსებობს. ეს არის მედიტაციის სიღრმე. ეს არის ცნობიერების შემადგენლის დაწმენდა. შემდეგ დრო აღარ არსებობს, დრო სრულდება, რაც არის სიკვდილი. მაგრამ ათი წლის და ორმოცდაათი წლის მერე კი არა, ახლავე.