მოამზადა მამუკა გურულმა
ნაწილი მეორე
(პირველი ნაწილი იხ. ამ ლინკზე)
როგორც კვე აღვნიშნე, მატრიცული თეორიისთვის მე მჭირდება ფუნდამენტალურ ცნებებზე შეთანხმება. ამიტომ შემომაქვს სამი ცნება. პირველი - ესაა უწესრიგობა, მეორე - ქაოსი, და მესამე - წესრიგი. რატომ გვაქვს პრობლემები? ბევრს თუ კითხავთ გიპასუხებთ - იმიტომ, რომ უწესრიგოები ვართ. ნუ დაყრი ქუჩაში ნაგავს, დაიცავი საგზაო მოძრაობის წესები და ა.შ. მოკლედ, ყველა ჩვენი პრობლემის სათავე უწესრიგობაშია. რა არის ქაოსი? სამწუხაროდ, ეს ცნება არასწორადაა გაგებული. ვისაც არ უნდა კითხოთ, გეტყვით, რომ ქაოსი და უწესრიგობა სინონიმებია. ხოლო წესრიგი ჩვენთვის საოცნებო მდგომარეობაა, რომელსაც გვგონია, რომ ვერასოდეს მივწვდებით. ახლა კი გეტყვით, რომ არავითარი ქაოსი ცნება უწესრიგობასა და ცნება ქაოსს შორის არ არის. საერთოდ, მატრიცულ თეორიაში, ყოველი სიტყვა, ყოველი აზრი, ყოველი გამონათქვამი მტკიცებულებით მოდის. უთავბოლო საუბარი და მხოლოდ შენი შეგძნებებით საუბარი გამორიცხულია. განვსაზღვროთ, რა არის ქაოსი? ბერძნულად ქაოსი ნიშნავს პირველად მატერიას, რომელმაც შექმნა ყოფიერება. ამის საპირისპიროა კოსმოსი, როგორც იდეალური წესრიგი. და ქაოსი უფრო წესრიგთანაა დაკავშირებული, ვიდრე უწესრიგობასთან.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, ერთმა ბელგიელმა ბიჭმა - ბენარმა კაცობრიობის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გააკეთა. მან აიღო ქვაბი, ჩაასხა ზეთი, ჩაყარა ბრინჯაო და შედგა გაზზე, და სულ ეს იყო, მეტი არაფერი. და არც კი იცოდა, რომ ამით კაცობრიობის აზროვნების პარადიგმას შეცვლიდა. ახლავე აგიხსნით რა მოხდა. ჩავთვალოთ, რომ აი ამ ჭიქაში არის ყავა. თუ ჩავთვლი, რომ ეს მაგიდა არ ინძრევა, ეს ყავა წყნარადაა, ანუ შედარებით წესრიგია. თუ ყავას ავადუღებ, უწესრიგობა მატულობს. ამას ფიზიკაში ენტროპია ეწოდება. თერმოდინამიკის კანონების მიხედვით, რაც უფრო მეტად მატულობს ტემპერატურა, მით უფრო მეტად მატულობს უწესრიგობის ზომა. ბენარი იწყებს ამ ექსპერიმენტის ჩატარებას (მისი თავდაპირველი მიზანი საღებავის მიღება იყო). ოთახის ტემპერატურაზე ჩავთვალოთ, რომ ზეთი წყნარადაა. 100 გრადუსზე დაიწყო რაღაც „ფართხალი“, ანუ მოიმატა უწესრიგობამ, მოიმატა ენტროპიამ. 240 გრადუსზე კი მოხდა საოცრება, მეტი უწესრიგობის ნაცვლად დაიბადა უდიადესი წესრიგი (იხ. ფოტო).
რატომაა ფუტკრის ფიჭა მაინცდამაინც ექვსკუთხედი? აქაც დააკვირდით, ზეთი და ბრინჯაოც ექვსკუთხედებს გვაძლევს. რა არის საინტერესო? თუ მე ამ სითხეში ჩავყოფ ჯოხს და მოვურევ, შემდეგ კი ისევ ამოვწევ, სითხე ისევ თავისი წესრიგით დალაგდება. რატომ აკეთებს ფუტკარი ექვსკუთხედს? როგორც უკვე ვთქვი, სამყაროში იზოლირებული არაფერია. უკვე გამოჩნდა დისიპაციის, ანუ უმცირესი ქმედების პრინციპი. ესაა ერთ-ერთი იმ თორმეტი პრინციპიდან, რომელზეც აგებულია მატრიცული თეორია. და ფუტკარმა ეს პრინციპი ძალიან კარგად იცის. თუ თქვენ აიღებთ გარკვეულ ფართობს, მაგალითად ერთ კვადრატულ სანტიმეტრს და მისი შემოღობვა დაგჭირდებათ. ხომ შეიძლებოდა, ფუტკარს გაეკეთებინა არა ექვსკუთხედი, არამედ წრე, სამკუთხედი, კვადრატი და ა.შ. რატომ მაინცდამაინც ექვსკუთხედი? იმიტომ, რომ ექვსკუთხედის დროს პერიმეტრი ყველაზე მინიმალურია. ბუნება იმიტომაა გენიალური, რომ რაციონალურია, და ფუტკარმა იცის, რომ ექვსკუთხედი უფრო რაციონალურია, ვიდრე კვადრატი. ის, თუ საიდან იცის, ეს ცალკე სალაპარაკო თემაა. თითქოს გამოდის, რომ სამყაროს კანონზომიერებაში ჩადებულია ის, რასაც ქაოსს ვეძახით, და რომელშიც უკვე შენიღბულია წესრიგი.
დასკვნა: თუ გვინდა, რომ ეკონომიკაში წესრიგი დამყარდეს, ჩვენ უნდა შევქმნათ ქაოსი. და ხდება საოცრება. როცა ქაოსს შექმნი, უბრალოდ ჯდები, ფეხს ფეხზე გადაიდებ და წესრიგი თვითონ იბადება. არავითარი ეკონომიკური გათვლები, ფორთოხლის ფასი, 184-ე მუხლი და ა.შ. საჭირო აღარაა. მთავარია პრინციპი გესმოდეს. ამიტომაც ვერ ხვდებიან, რომ ეკონომიკა, ესაა უდიადესი მეცნიერება, რომელიც იხსნება მხოლოდ მატრიცული თეორიით.
ახლა ვისაუბროთ თომას კუნზე. ის იყო ფიზიკოსი, შემდეგ დაინტერესდა მეცნიერების ისტორიით, შემდეგ მეცნიერების ფილოსოფიით, შემდეგ საერთოდ ფილოსოფიით და დაიმახსოვრეთ, რომ თომას კუნი ქრისტეს შემდეგ ყველაზე ხშირად ციტირებადი ადამიანია. ანუ ციტირების ინდექსით ამ ადამიანს მეცნიერებასა და ფილოსოფიაში რეკორდი აქვს მოხსნილი. ესაა ის, ვინც მოიგონა სიტყვა პარადიგმა. მე ვილაპარაკებ იმაზე, რასაც თომას კუნი უწოდებს პარადიგმას, ანუ გარკვეულ მსოფლმხედველობაზე. და ვეცდები თომას კუნის მაგალითზე ავხსნა, თუ რა არის ქაოსი, რა განსხვავებაა ქაოსსა და უწესრიგობას შორის, და რა კავშირი აქვს ქაოსს წესრიგთან.
1962 წელს კუნმა დაწერა ძალიან კარგი წიგნი, რომელიც ხდება სამაგიდო წიგნი ყველა ფილოსოფოსისთვის და ინტელექტუალისთვის. ამ წიგნს ეწოდება - „მეცნიერული რევოლუციების სტრუქტურა“, ანუ ცნობიერების დონის განვითარების სტრუქტურა. იგი პარადიგმას უწოდებს გარკვეულ დროსა და სივრცეში გამეფებულ მსოფლმხედველობას. მაგალითად, იყო პერიოდი, როცა ხალხს ეგონა, რომ დედამიწა ბრტყელია. და ამ გამეფებული პარადიგმის დროს რამდენიმე გამოთქვამს ეჭვს - რომ იქნებ მრგვალია? იწყება ერთი აზრის საწინააღმდეგო მეორე აზრის დაბადება. ჩვენთვის ეს თითქოს არაფერია, მაგრამ ჰეგელის ფილოსოფიით ეს ურთიერთსაწინააღმდეგოთა ერთობის კანონია, რომ რაღაც ერთი იცვლება მეორეთი და იწყება არეულობა. ანუ არა უწესრიგობა, არამედ ქაოსი. სწორედ ქაოსი ჰბადებს რაღაც ახალს, ანუ წინაპირობაა ამისთვის. და უცებ აღმოჩნდება, რომ ეს საპირისპირო აზრი იმარჯვებს. კოლუმბის და მაგელანის შემდეგ უკვე ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ დედამიწა მრგვალია. ანუ გაჩნდა ახალი გამეფებული პარადიგმა, რომ დედამიწა მრგვალია (სფეროსებურია). მოხდა ცნობიერების ერთი დონიდან მეორეზე გადასვლა. და ამ დროს მოდის კიდევ ვიღაც, და ამბობს, რომ ეჭვი ეპარება დედამიწის სიმრგვალეში. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ბიჭი იდიოტა, მაგრამ სინამდვილეში იდიოტი კი არა გენიოსია. მან ქანქარით გაზომა g პოლუსზე და ეკვატორზე, და ნახა, რომ g ცვალებადია. და მიხვდა, რომ დედამიწა მრგვალი კი არა - (გეოიდია) ელიფსურია. ესაა უკვე მესამე პარადიგმა. ანუ ქაოსმა კიდევ დაბადა ახალი დონის წესრიგი.
და ფიქრობთ ყველაფერი დამთავრდა? კიდევ მოვიდა ერთი ბიჭი და იძახის, რომ მანამდე ყველა ცდებოდა, და დედამიწა - ესაა ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც სუნთქავს. ავხსნათ, თუ რა კავშირია ჩრდილოეთის ციალს, მიწისძვრასა და ვულკანებს შორის? რა არის ვულკანი? როგორც ვიცით, მასში მაგმა, ლავა „იხარშება“, ფართოვდება და სადაც გასასვლელს მოძებნის ამოიფრქვევა ვულკანის სახით. რატომ ხდება ასე? რატომ ხურდება ლითონი დედამიწის სიღრმეში? დედამიწას თითქოს ენერგია არ გააჩნია სიღრმეში. მზეს აქვს ბირთვული ენერგია, დედამიწა კი პლანეტაა და ოთხი მილიარდი წლის განმავლობაში ის უნდა გაცივებულიყო. საიდან ენერგია? წარმოიდგინეთ მზე, რომლის გარშემოც ელიფსზე მოძრაობს დედამიწა, რომლის გარშემოც თავის მხრივ მოძრაობს მთვარე. თუ დედამიწა მზისგან უკიდურეს წერტილშია, მანძილი მასა და მზეს შორის დიდია, ანუ შესაბამისად მიზიდულობა ნაკლებია. ხოლო უახლოეს წერტილში, პირიქით, მიზიდულობა ყველაზე მეტია. ამას ემატება მთვარის გავლენაც. სწორედ ეს გრავიტაცია კუმშავს და აფართოებს დედამიწას. აიღეთ ლურსმანი და დაიწყებთ მისი სწრაფად გადაღუნვა. ნახავთ, რომ ის ხურდება. როცა დედამიწის სიღრმეში გახურებული და გამდნარი ლითონი ტრიალებს, ამ დროს მოძრაობენ ელექტრონები და იბადება დენი, დენი ქმნის მაგნიტურ ველს, მაგნიტური ველი გამოდის პოლუსებიდან და როცა კოსმოსიდან მოდის მაღალენერგეტიკული ნაწილაკების ნაკადი, მას ამუხრუჭებს ეს ველი და სწორედ აქედან იქმნება ჩრდილოეთის ციალი. გამოდის, რომ ამ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული.
და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოვა ვინმე, ვინც „მსუნთქავი დედამიწის“ შემდეგ ახალ მოდელს აღმოაჩენს.
ახლა აღვწეროთ პროცესი. რაღაც გარკვეული წესრიგი, ამ დროსა და სივრცეში მიღებული მსოფლმხედველობა, ანუ პარადიგმა იცვლება განსხვავებული აზრით, რომელიც ხალხს თავიდან უწესრიგობა ჰგონია, (რეალურად ეს ქაოსია) ანუ მრგვალი დედამიწის თეორიით. შემდეგ ასევე ჩნდება ახალი, მესამე თორია და ა.შ. ყოველი ქაოსი ჰბადებს ახალ წესრიგს. ქაოსი იწყება მაშინ, როდესაც იწყება ახალი აზრის განვითარება. დააკვირდით ვიდეოს. ესაა მათემატიკური ქანქარები, რომლებიც თავიდან გამოჰყავთ წონასწორობიდან და ანიჭებენ გარკვეულ ენერგიას. აქ თქვენ დაინახავთ, რომ წესრიგი გადადის ქაოსში, ქაოსი ჰბადებს ახალ წესრიგს, შემდეგ ეს ახალი წესრიგი ისევ ქაოსს და ა.შ. (იხ. ვიდეო).
მატრიცული თეორია - ესაა მეთოდოლოგია, რომელიც ქმნის იმ ქაოსს, რომელშიც ჩადებულია ის წესრიგი, რომელიც მუდმივ განვითარებაში გადადის. ესაა კანონზომიერება, რომელსაც ემორჩილება მთელი ცოცხალი და არაცოცხალიო ბუნება, მთელი სამყარო.
აქ ბუნებრივია ადამიანს უჩნდება კითხვა, რა უნდა გავაკეთოთ კონკრეტულად და პრაქტიკულად იმისთვის, რომ ეს ქაოსი შევქმნათ და ბედნიერად ვიცხოვროთ? ადამიანი ხედავს, რომ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ მეკითხება - რა გავაკეთო? იმიტომ რომ ადამიანს ნაკლებად აინტერესებს ზოგადი, და აინტერესებს კონკრეტულის გამოვლინება ზოგადში. მე გეტყვით კონკრეტულს, რომელსაც თუ შეიმეცნებთ, ჩათვალეთ, რომ ფლობთ უდიადეს ძალას. ესაა შრედინგერის განტოლება, რომელმაც შექმნა მთელი ცივილიზაცია.
ამ განტოლებამ მოგვცა ბირთვული იარაღი, ზებგერითი თვითმფრინავები, მობილური, კომპიუტერი - ყველაფერი ეს მოგვცა შრედინგერის განტოლებამ. ამაზე კონკრეტული შეიძლება იყოს რამე? ვიმეორებ: ვინც ფლობს ამას, ფლობს უდიადეს ძალას, დაწყებული ბირთვული იარაღით, დამთავრებული „სატურნ-5“-ით, რომელიც მთვარეზე დაჯდა. მაგრამ რამდენი დრო დამჭირდება იმისთვის, რომ გაგაგებინოთ, რას ნიშნავს შრედინგერის განტოლება? იმისთვის, რომ გაგაგებინოთ რას ნიშნავს კომპლექსური რიცხვი, დამჭირდება 7-8 წელი. პლანკის მუდმივა რომ აგიხსნათ, კიდევ 5 წელი დამჭირდება. დიფერენციალური აღრიცხვის გასაგებად 9 წელია საჭირო (იცინის). „პსი“ არ მკითხოთ, იმიტომ რომ არც კი ვიცი, რამდენი დრო დამჭირდება. ხოლო ამას ეწოდება „ჰამელტონიანი“. ჩვენ ახლა აქ მივადექით იმ აზრს, რომლითაც გაგიჟებული იყო ბატონი ჰეგელი. სულ მეუბნებიან - „მითხარი კონკრეტული“. და თითქმის არავინ დაფიქრებულა, თუ რას ნიშნავს კონკრეტულის მოთხოვნა. რა არის სიტყვა კონკრეტულის ეტიმოლოგია? ვერავისგან გაიგებთ და ვერც google-ში იპოვით, იმიტომ რომ იმდენად ვერ იტანს ადამიანის გონება ამ კონკრეტულის განმარტებას, რომ მას უბრალოდ ვერ იპოვით. კონკრეტული ნიშნავს ზოგადთან შერწყმას. როგორც კი შენ მთხოვ კონკრეტულს, შენ მთხოვ რაღაცას, რაღაცის გარეშე, რომელიც აზრს კარგავს. ანუ კონკრეტულს აბსტრაქტულის, თეორიის გარეშე აზრი არა აქვს. ყველაზე პრაქტიკული ადამიანი - ესაა ჰენრი ფორდი. მან ფაქტიურად არაფრისგან ყველაფერი შექმნა. მისი უნიკალური სიტყვებია: „ყველაზე კარგი პრაქტიკა თეორიაა“. და რას ვხედავთ საქართველოში? არსებობენ მათემატიკოსები, მაგრამ არ არსებობს მათემატიკა. არსებობენ არქიტექტორები, მაგრამ არ არსებობს არქიტექტურა. არსებობენ მხატვრები, მაგრამ არ არსებობს ფერწერა. უფრო მეტიც, წარმოიდგინეთ ქიმია. შეგიძლიათ ისწავლოთ ქიმია მათემატიკის გარეშე, ფიზიკის გარეშე, მინეროლოგიის გარეშე? თავისთავად ცხადია, მეტყვი, რეებს მელაპარაკები, მე თუ ამ ყველაფრის სწავლა დავიწყე მთელი ცხოვრება არ მეყოფა, და საქართველოსაც არაფერი ეშველება. ჰოდა მე გეტყვით, რა არის მატრიცული თეორია. რომ გაიგოთ, თუ როგორ უნდა იცხოვროთ, საკმარისია მხოლოდ 10 წიგნის წაკითხვა. მაგრამ ეს 10 წიგნი რომ იპოვო, 10 000 უნდა წაიკითხო. მატრიცულ თეორიაში კი სწორედ ის ნაღებია საჭირო ინფორმაციისა, რომელიც ამ ყველაფრისთვის გჭირდებათ, რადგან მე მქონდა ფუფუნება იმისა, რომ მეკითხა, მეფიქრა და შემდეგ ეს ყველაფერი 27 წელი მეწერა. მატრიცული თეორია, ესაა რვა ტომი, და თოთოეული ტომი - ესაა 1200 გვერდი. ეს ის მასალაა, რომელიც როდესაც დაიწურა, გამოიკვეთა, თუ რა უნდა გაკეთდეს. იმისთვის, რომ მატრიცული თეორია გაიგოთ, საჭიროა 7-8 შეხვედრა, რომელიც გვაძლევს იმას, რომ შენ უკვე აღარ გჭირდება სტიმული გარედან, შენ უკვე საკუთარი თავისთვის ხარ სტიმული. და როგორც კი მოიძებნება ზუსტი გათვლებით 278 ადამიანი (დაახლოებით 300), იცვლება ჩვენი რეალობა. 300 ადამიანი წყვეტს ჩვენი შვილების და ჩვენს ბედს, და ბადებს ქაოსს, რომლის შემდეგაც პროცესი თავისით მიდის. საკმარისია გაითავისოთ 12 მთავარი პრინციპი, თავისთავად იბადება ახალი რეალობა.
ახლა გეტყვით, თუ რა არის პირველი ნაბიჯი. პირველი ნაბიჯი - ესაა ფსიქოლოგიური ნაბიჯი. უნდა ვისაუბრო კოლექტიურ ქვეცნობიერზე და უკვე გამოჩნდება, რა უნდა გაკეთდეს. ესაა უვერტურა, შესავალი, საიდანაც იწყება მატრიცული თეორია. მატრიცულმა თეორიამ პასუხი გასცა ორ პარადოქსს. პირველი, ესაა კარლ გუსტავ იუნგის პარადოქსი, მეორე - ესაა, მერიდება, მაგრამ უნდა ვთქვა - ჩემი პარადოქსი. პირველი პარადოქსი მდგომარეობს შემდეგში: „როცა იკრიბებიან ინსტინქტიქტით შეპყრობილი უგონო არსებები, იბადება კოლექტიური გონი“. ერთი წერო არაფერია, ერთი ჭიანჭველაც არაფერია, მაგრამ როცა იკრიბება გარკვეული რაოდენობა წეროებისა, ხდება საოცრება, იბადება კოლექტიური გონი. გაიხსენეთ ვეშაპების უნიკალური გადაადგილება, ჭიანჭველების და ფუტკრების მოწესრიგებული ცხოვრება. „ვიკრიბებით ჩვენ, გონიერი ადამიანები, და ხდება საოცრება - იბადება კოლექტიური უგუნურება“ - თუ არ გჯერათ გადახედეთ საქართველოს დღევანდელ სიტუაციას. ახლა კი ვთქვათ, თუ რა არის, ჩვენი პარადოქსი: ყოველ კონკრეტულ (ფილოსოფიურ) „მე“-ს საქართველოში უნდა კარგი ცხოვრება, ასევე ფილოსოფიურ „ჩვენს“ უნდა კარგი ცხოვრება. მეტ-ნაკლებად ნორმალური ადამიანი დასვამს ჯანსაღ კითხვას: მეც მინდა, ჩვენც გვინდა, გამოდის არც ჩემს სურვილზეა დამოკიდებული ეს კარგი ცხოვრება და არც ჩვენზე, იმიტომ, რომ მესაც უნდა და ჩვენსაც უნდა. მაშინ თუ ასეა, ჩნდება კითხვა: რა არის ის მესამე, რაზეც დამოკიდებულია ეს კარგი ცხოვრება? მატრიცული თეორიის ამოცანა - ესაა, როგორ შეიკრიბონ გონიერი ადამიანები, რათა დაიბადოს კოლექტიური გონი, რომელიც მიხვდება, რა არის ის მესამე, რაზეც დამოკიდებულია ბედნიერი ცხოვრება. ესაა მატრიცული თეორია.
ფილოსოფიაში არსებობს კანტის განმარტება, თუ რა არის სინთეტური მსჯელობა. სინთეტური მსჯელობა - ესაა განვითარების მსჯელობა. ესაა უნარი - რაღაც ობიექტში ან მოვლენაში დაინახო მანამდე დაუნახავ თვისება.
თუ შენ წაიკითხე ნიცშეს ფილოსოფია და ვერაფერი ვერ დაამატე, მაშინ მხოლოდ ცოტა რამ გაგიგიათ.
თუ შეიმეცნე ბუნების, ფიზიკის კანონები და მას ვერაფერი ვერ დაამატე მაშინ არაფერი გამოვა.
მაგალითად, აინშტაინმა კარგად რომ გაიგო ნიუტონის კლასიკურ მექანიკა მან შექმნა ფარდობითობის თეორია
დასკვნა - თუ რაღაც არ ვითარდება, ეს უკვე სტაგნაციაა.
მატრიცული თეორია - როგორც აღვნიშნე არის მეთოდოლოგია, რომელიც განაცალკევებს რეალობას იმ ილუზიისგან, რომელსაც შემოგვიგდებს ხოლმე ჩვენი ფსიქიკა.
დავუბრუნდეთ იუნგს. რა განსხვავებაა იუნგისა და ფროიდის ფსიქოლოგიაში? ფროიდი არ აღიარებს კოლექტიურ არაცნობიერს, იუნგმა კი ყველაფერი კოლექტიურ არაცნობიერზე ააშენა. ანუ თურმე არსებობს არა მარტო ინდივიდუალური ქვეცნობიერი, არამედ კოლექტიური ქვეცნობიერიც. თუ თქვენთვის ქართული აზროვნება, ქართული სული, ქართული ხასიათი - ესაა მხოლოდ მეტაფორული გამოთქმა, ე.ი. თქვენ არ აღიარებთ კოლექტიურ არაცნობიერს. თუ მაგალითად, ლონდონში თუ სუბიექტი ამაყი თვითკმაყოფილებით დგას პიკადილზე და ლუდს მირთმევს მე ვხვდები, რომ ის ქართველია. არსებობს არა მხოლოდ ეთნოსის, არამედ უბნის კოლექტიური არაცნობიერიც. ასევე გავიხსენოთ ბერნარდ შოუს ნაწარმოები, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი პროფესორი ჰიგინსი, ფონეტიკის „ღმერთი“, ამბობს: „მაჩვენეთ ნებისმიერი ლონდონელი და გეტყვით, რომელი უბნიდანაა“.
სამიათასი წელია ჩვენი ცნობიერება ქმნის გარკვეულ წარმოდგენას ამ ყოფიერებაზე და ეს ყველაფერი ღრუბელივით გვაწევს თავზე - თავისი ტრადიციებით, მენტალიტეტით და ა.შ. გამოდის, რომ სამიათასი წლის განმავლობაში ჩვენს ცნობიერსა და არაცნობიერში დაილექა ის, რაც სხვისგან მეტ-ნაკლებად გამოგვარჩევს. იუნგმა შემოიტანა არქეტიპების ცნება. თურმე არსებობს მილიონობით ის არქეტიპი, რომელიც ნებისმიერ კოლექტივს, ეროვნებას და ა.შ. აწვება და მართავს. მაგრამ ამ მილიონ არქეტიპში იუნგმა გამოყო ექვსი ძირითადი არქეტიპი, რომლებიც მართავენ, როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ არაცნობიერს:
1. ჩრდილი; 2. პერსონა; 3. ანიმა; 4. ანიმუსი; 5. ეგო; 6. თვითობა (იუნგის არქეტიპების მოკლე მიმოხილვა იხ. ამ ლინკზე).
და თუ იუნგი არ გვიწყენს, ჩვენ გავბედოთ და ამ ექვს არქეტიპს დავამატოთ მეშვიდე მნიშვნელოვანი არქეტიპი - შიშის არქეტიპი. წარმოიდგინეთ სიტუაცია: შავი ზღვა, საქართველო. სამიათასი წელია ზღვის ნაპირზე ცხოვრობს ქართველი და გემი არასოდეს აუშენებია. ესაა ყველაზე გულსატკენი. გემი რომ აგვეშენებინა გადაგვეცურა შავი ზღვა, აუცილებლად ვიპოვნიდით მდინარე დუნაის და ისე ავიდოდით ვენამდე, შუაგულ ევროპამდე, რომ არცერთი ქვეყნის საზღვარს არ გადავლახავდით. რამდენჯერ იყო საქართველოში შიმშილობა? ვცხოვრობდით საკვებით სავსე არეალში და ზღვაში შესვლის გვეშინოდა. ავიღოთ სიტყვა „ზღვარი“. ეს იქნებ ზღვიდან მოდის? ანუ „იქით არ შეიძლება “. მაგალითად თუნდაც ჩვენი კულინარია - ყველაფერი გვაქვს ტრადიციულ კერძები, კალმახი, ლოქო და ა.შ. ზღვის პროდუქტი კი არ გვაქვს. ზოგიერთი შემეკამათება, რომ ჩვენ „გეოს“ ხალხი ვართ, ანუ მიწის ხალხი. მაშინ შევხედოთ კავკასიონს როგორ ბრწყინავს ის აისიდან დაისამდე და სამწუხაროდ ამ ბრწყინვალებას ერთხელაც არ მიუზიდია ქართველი. ერთხელ მაინც ასულიყო ვინმე. სამწუხაროდ, 1863 წლამდე არავინ ასულა მწვერვალებზე და ინგლისელმა ფლეშფელდმა დალაშქრა ყველა ჩვენი მწვერვალი. ეს ის წელია, როცა საქართველოში ჯერ კიდევ ბატონ-ყმობაა. და იცით, რომ ლონდონში 1863 წელს მეტრო გაიხსნა?
არსებობს შიშის რამდენიმე ფორმა. ერთ-ერთია ნეოფობია (ახლის შიში). მიუხედავად იმისა, რომ ნეოფობიას აფასებენ დარღვევად, სინამდვილეში ესაა გადამრჩენელი. თუ თქვენ არ ხართ ელექტრიკოსი და არ იცით რა არის 220-2000 ვოლტი, ხელი არ უნდა შეყოთ როზეტში. სიახლის შიში ამ დროს გიცავს. როცა გაერკვევი მერე უკვე შეგიძლია გააკეთო. თუ პარაშუტიდან გადმოხტომა არ იცი არ უნდა გადმოხტე. მოკლედ, არსებობს კოლექტიური ცნობიერი, არსებობს კოლექტიური არაცნობიერი. ასევე ჩემს ტვინშიც არსებობს ცნობიერი და არაცნობიერი. გამოდის, რომ შიშის არქეტიპი იბადება არაცნობიერში ფორმისა და შინაარსის გარეშე. რას ნიშნავს ფორმისა და შინაარსის გარეშე? ვთქვათ, უცებ გაიღვიძე და პანიკაში ხარ, და რომ გკითხონ რისი შეგეშინდაო, ვერ იტყვი. ეს გადმოდის ჩემს არაცნობიერში და მე მეწყება შინაგანი მოთხოვნილება - რაღაცის შემეშინდეს. ჰოდა რისი უნდა შემეშინდეს? მეგობარი დიდად საშიში არაა, მაგრამ, აი, „იეღოველების“ უნდა გეშინოდეს, „მასონების“ უნდა გეშინოდეს, და ა.შ. აი, აქ იწყება პრობლემა. იუნგი მკაცრად გვეუბნება, რომ კოლექტიური არაცნობიერი მართავს ინდივიდუალურ არაცნობიერს, მაგრამ ინდივიდუალურს არ შეუძლია მართოს კოლექტიური. მიუხედავად იუნგის გენიალურობისა, ეს მიდგომა არასწორია. უბრალოდ ის ფიზიკოსი არ იყო და არ იცოდა. ფიზიკაში არ არსებობს ცალმხრივი ქმედება. გაიხსენეთ ნიუტონის მესამე კანონი. მარტივად რომ ვთქვათ, თუ რაღაცას აწვები, ისიც გაწვება. მაგრამ საქმე იმაშია, გვყოფნის თუ არა სიმძლავრე, რომ ინდივიდუალურმა კოლექტიურზე იმოქმედოს? ავიღოთ ვაჟა, გენიოსი, მთელი ცხოვრება ცდილობდა არაცნობიერის შეცვლას, მაგრამ ბოლოს თქვა: „სიყრმე სიბერედ ვაქციე, ერი კი ვერა ერადა“. ვერც ნიკალამ შეძლო ეს. დიმიტრი უზნაძე, ასეთი გენიალური ადამიანი, ბოლოს და ბოლოს გაიქცა საქართველოდან.
რასთან გვაქვს საქმე? ჩვენ ვართ ავად, და ავად ვართ ძალიან ბევრნი. ამ ავადმყოფობას ჰქვია მიზონეიზმი. უკვე ვთქვით, რომ არსებობს ნეოფობია, და ამ მოვლენას უფრო პოზიტიურ კონტექსტში განვიხილავ, ვიდრე ნეგატიურში. მიზონეიზმი კი სულ სხვა რამაა. ესაა ახლის ზიზღი. და ეს ორი სიმპტომით ვლინდება. როცა მე ვიწყებ საუბარს რაღაც განსხვავებულ თემაზე, საკმარისია ვთქვა რაღაც, ჩვენი კოლექტიური არაცნობიერისთვის მიუღებელი, იმ წუთში იწყება აგრესია. მიზონეიზმი ორი ფორმით ვლინდება. ერთია აგრესია, მეორე კი - ძილი. მისივე არაცნობიერი იცავს და გადაჰყავს ძილქუშის მდგომარეობაში. საქართველოში მასობრივად გვჭირს ეს მიზონეიზმი. ვინ დაბადა ეს კოლექტიური არაცნობიერი? მთელი ოცდაათი საუკუნის განმავლობაში დაბადა ქართულმა ცნობიერებამ, შემდეგ კი მე გავხდი მსხვერპლი ამ სამიათასწლოვანი დალექილი მენტალობისა. თუ ეს ყველაფერი ვერ შეცვალა ვერც ვაჟამ, ვერც ნიკალამ და ვერც დიმიტრი უზნაძემ, თუ ერთს არ შეუძლია შეცვლა, ორს არ შეუძლია და ათს არ შეუძლია, რამდენი უნდა შევიკრიბოთ, რომ მოხდეს ამის გარღვევა? 300 ადამიანი საკმარისია ამისთვის.
თუ გადავხედავთ ისტორიას, იგი სავსეა კრიტიკული რიცხვის მაგალითებით. გადავიდეთ 27 საუკუნით ადრე, საბერძნეთში, რომელსაც დრაკონი მართავდა (ასე ერქვა დიქტატორს, რომელსაც ისეთი სისხლიანი კანონები ჰქონდა, რომ დღესაც დრაკონის კანონებ აღნიშნავს განსაკუთრებულ სისასტიკეს). ამ დროს გამოჩნდა ერთი ბიჭი, სახელად სოლონი. და ეს სოლონი წერს: „შევაგროვე 400 კაცი და დავანგრიე არეოპაგი“. ოღონდ იქ არ წერია, ის 400 კაცი რა მახასიათებლებით იყო შერჩეული. გავიხსენოთ ფრიდრიხ დიდი - 500 ბარონი. გავიხსენოთ მეთორმეტე საუკუნის მონღოლეთი. წარმოიდგინეთ მაშინდელი მონღოლეთი, სადაც იურტები ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდნენ. და ხდება საოცრება. რას წერს ერთი მონღოლი: „შევკრიბე 500 გრძელი ნებისყოფის ადამიანი და მსოფლიო დავიპყარი“ (ჩინგიზ ხანი). სწორედ ესაა ის მექანიზმი, პრინციპი რაც ახსნა მატრიცულმა თეორიამ. საჭირო 300 ადამიანის მოგროვების შემდეგ სისტემა გადადის ქაოსში, ქაოსი კი ავტომატურად ჰბადებს განვითარებას.
მე ხშირად მეუბნებიან, რომ ძალიან ჭკვიან ადამიანებს ვეძებ ამისთვის. არა, მე სხვა ქართველები არ მყავს, მე ისინი მყავს, ვინც ჩემს გარშემო არიან. მატრიცული თეორია ისე დავწერე, რომ თუ კარგი ცხოვრების სურვილი გაქვთ, ეს თეორია ნებისმიერი თქვენთაგანისთვისაა. მახასიათებლები შემდეგ ჩნდება, როცა ვიკრიბებით. თავიდან არ ვიცით რა შეგვიძლია. რა იცით, რომ იმ სამასიდან ერთ-ერთი არ შეგიძლიათ იყოთ? აქ რაოდენობა ხარისხში გადადის. ავიღოთ ქიმია. ნიულენცის ელემენტთა პერიოდული სისტემა (და არა მენდელეევის). პირველი ელემენტი წყალბადია. რა არის წყალბადი? დადებითი პროტონი და მის გარშემო ერთი უარყოფითი ელექტრონი. საკმარისია ამას დაემატოს მეორე ელექტრონი, რომ ღებულობთ ჰელიუმს. აიღეთ წყალბადი, დაემატება 3 ელემენტი და ღებულობთ ლითიუმს. ეს ჰეგელის დიალექტიკის კანონიცაა. რაოდენობა გადადის თვისებაში. არცერთმა არ იცით, რა პოტენციალი დევს თქვენში. დღეისათვის საკმარისია. ვისაც საკუთარი და სხვების ბედი აღელვებს, ყველას შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და უფრო დეტალურად გაეცნოს ამ სისტემას.
სტატიის ბოლოს გთავაზობთ მცირე ბლიც ინტერვიუს:
მ.გ. როგორ მიხვედით მატრიცულ თეორიამდე?
თ.ბ. ჯერ იყო ქართული სკოლა, ქართული უნივერსიტეტი, ასპირანტურა მოსკოვში, შემდეგ პირველი დისერტაცია ძალიან სწრაფად დაიწერა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დისერტაცია.
მ.გ. ფიზიკის რომელ მიმართულებაში მუშაობდით?
თ.ბ. კვანტური ელექტრო-დინამიკა. ფოტონების და ელექტრონების ურთიერთობა. ესაა კვანტური ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დარგი.
...შემდეგ დამტოვეს მოსკოვში, მომცეს ბინა და ვიყავი ყველაფრით უზრუნველყოფილი. დიდი პერიოდი იქ ვიმუშავე, და როცა იწყება საქართველოში ეს არეულობა, ანუ 90-იანი წლები. მე მივხვდი, რომ თუ რამე ინტელექტი მაქვს, საქართველოს უნდა მოვახმარო. ამიტომ ყველაფერი მოვათავე და მოსკოვიდან თბილისში წამოვედი. მატრიცული თეორიის კონსტრუქცია ჯერ კიდევ იქ მქონდა მოფიქრებული. 1980 წლიდან იწყება პირველი ექსპერიმენტები ამ 300 ადამიანის მოძებნაში. და თუ ეს პროცესი ამუშავდებოდა, ჩვენ ალბათ ნორვეგიას და ფინეთსაც კი გავისწრებდით. მაგრამ მოხდა ის საშინელება, რომ როცა საქართველოში დიდ ხანს არ ხარ, გეწყება ხავერდოვანი ნოსტალგია. ანუ რა შემეშალა მაშინ, რომ მე მეცნიერული ფორმით წარმოვადგინე მატრიცული თეორია. და რომ ჩამოვდიოდი, ჩამოვდიოდი იმასთან, ვინც მიყვარს, ჩემთანაც მოსკოვში ჩამოდიოდნენ ისინი, ვინც მიყვარდა, ამიტომ მეგონა, რომ მთელი საქართველო ასეთია, როგორებიც ჩემი მეგობრები, მეცნიერები და ა.შ. და როდესაც ჩამოვედი და დავინახე, რომ 90-იანების მთელი ეს ნაგავი იყო ამოტივტივებული, იოსელიანი, მხედრიონი და ა.შ. მე მივხვდი, რომ აქ ვერავის ვერაფერს გავაგებინებდი. მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ბოლომდე მივიყვანე მატრიცული თეორია, და გარწმუნებთ, რომ ან ასე უნდა ვიმოქმედოთ, ან ჩვენი საქმე ძალიან ცუდად იქნება. უბედურება იმაშია, რომ გაერომ 2050 წლისთვის ჩვენ გადაშენებად ერებში შეგვიყვანა. და თუ ასე გაგრძელდა, საქართველო მხოლოდ ცნებად დარჩება, პოლიტიკურ რუკაზე კი აღარ იქნება.
მ.გ. თქვენი აზრით, რა არის მთავარი პრობლემები განათლებაში, და როგორ შეიძლება ისინი გადაილახოს?
თ.ბ. პირველი შეცდომაა, როცა ჩვენ ვიღებთ ცალკე სფეროს ამოგლეჯილად. რაზეც ვისაუბრე, ჩასვით ეკონომიკის ნაცვლად განათლება და იგივეს მივიღებთ. თუ ამოცანაა განათლების განვითარება, მე გეტყვით, რომ უნდა ჩაერთოს ეკონომიკაც, იურისპუდენციაც, და სხვა ყველაფერიც. მატრიცა განიხილავს ყველაფერს ერთად და არავითარ შემთხვევაში ცალ-ცალკე.
მ.გ. თქვენი აზრით, ვის აქვს დღეს რეალური ძალაუფლება? ხელისუფლებას, ეკლესიას, ბანკებს თუ ვის?
თ.ბ. ყველა იმას, ვინც გონებრივად დაქვეითებულია.
მ.გ. დაასახელეთ თქვენი საყვარელი სამი მოაზროვნე.
თ.ბ. ჰეგელი, ფიხტე, აინშტაინი.
მ.გ. საუკეთესო სამი კომპოზიტორი?
თ.ბ. გრიგი, შუბერტი, შოპენი, და კიდევ ბევრია, მიჭირს გამორჩევა.
მ.გ. საუკეთესო მწერლები?
თ.ბ. ფოლკნერი, კაფკა, სერვანტესი.
მ.გ. დიდი მადლობა ბატონო თამაზ, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ თქვენს მიზნებში.
თ.ბ. თქვენც მადლობა.
ვიდეო და სხვა სახის ინფორმაცია თამაზ ბუთხუზის და მისი თეორიის შესახებ იხილეთ გვერდზე - ჰუმანური განვითარების ინიციატივა
თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...