დანაშაულის გრძნობა

Admin
სხვადასხვა
0
0

დანაშაულის გრძნობა (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი". თავი IV - წონასწორობა) მ...

დანაშაულის გრძნობა

(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი". თავი IV - წონასწორობა)

მთარგმნელი: მამუკა გურული

agsareba image

 დანაშაულის გრძნობა - ესაა ჭარბი პოტენციალი სუფთა სახით.                 საქმე იმაშია, რომ ბუნებაში არ არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა კარგი და ცუდი. როგორც კარგი, ასევე ცუდი ქმედებები წონასწორული ძალებისთვის ექვივალენტურია. წონასწორობა ნებისმიერ შემთხვევაში აღდგება, თუ ჭარბი პოტენციალი წარმოიქმნა. თქვენ ცუდად მოიქეცით, გააცნობიერეთ ეს, განიცადეთ დანაშაულის გრძნობა (მე უნდა დავისაჯო) - შექმენით პოტენციალი. კარგად მოიქეცით, გააცნობიერეთ ეს, განიცადეთ სიამაყის გრძნობა საკუთარი თავით (მე ჯილდო უნდა მივიღო) - ასევე შექმენით პოტენციალი. წონასწორული ძალები გონზე არ არიან, რის გამო უნდა დაგსაჯონ ან დაგაჯილდოვონ. ისინი მხოლოდ ენერგეტიკულ ველში შექმნილი არაერთგვაროვნების მოშორებას ახდენენ.

საზღაური დანაშაულის გრძნობისთვის ყოველთვის იქნება სასჯელი ამა თუ იმ ფორმით. ხოლო თუ დანაშაულის გრძნობა არ არის, სასჯელი შეიძლება არც მოვიდეს.

სამწუხაროდ, სიამაყე კარგი საქციელის გამო ასევე მოიზიდავს სასჯელს და არა ჯილდოს. წონასწორულ ძალებს ხომ ჭარბი პოტენციალის მოშორება სჭირდებათ, ჯილდო კი მას მხოლოდ გააძლიერებს.

დანაშაულის ინდუცირებული, ანუ „მართალი“ ადამიანების მიერ გარედან შემოტენილი გრძნობა, ქმნის პოტენციალს კვადრატში, რადგანაც ადამიანს ისედაც აწუხებს სინდისი, აქ კიდევ „სათნო“ ადამიანების რისხვაც ატყდება.

და ბოლოს, უსაფუძვლო დანაშაულის გრძნობა, რომელიც დაკავშირებულია თანდაყოლილ მიდრეკილებასთან - „ყველაფერზე პასუხი აგო“, - ყველაზე მეტ ჭარბ პოტენციალს ქმნის. ამ შემთხვევაში დანაშაული არ შეესაბამება განცდილი სინდისის ქენჯნას, ან საერთოდ ჰაერიდან მოტანილია. დანაშაულის კომპლექსს შეუძლია გვარიანად გაგიფუჭოთ ცხოვრება, რადგანაც ადამიანი გამუდმებით ექვემდებარება წონსწორული ძალების მოქმედებას, ანუ ყველა შესაძლო სასჯელს ჰაერიდან მოტანილი ცოდვებისთვის.

აი, რატომ არსებობს ასეთი გამოთქმა: „სითავხედე - მეორე ბედნიერებაა“. როგორც წესი, წონასწორული ძალები არ ეხებიან ადამიანებს, რომლებსაც სინდისის ქენჯნა არ აწუხებთ. არადა როგორ გვინდა, რომ ღმერთმა დასაჯოს ნაძირლები. თითქოს სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, ბოროტება კი უნდა დაისაჯოს. მაგრამ ბუნება არ იცნობს სამართლიანობის გრძნობას, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს. პირიქით, წესიერ ადამიანებს, თანდაყოლილი დანაშაულის გრძნობით, გამუდმებით ატყდება ახალი უბედურებები, უსინდისო და ცინიკურ ნაძირლებს კი ხშირად თან სდევს არა მხოლოდ დაუსჯელობა, არამედ წარმატებაც.

დანაშაულის გრძნობა აუცილებლად წარმოშობს სასჯელის სცენარს, ამასთან ჩვენი ცნობიერებისგან დამოუკიდებლად.

ამ სცენარის შესაბამისად ქვეცნობიერი მიგიყვანთ სასჯელამდე. უკეთეს შემთხვევაში ხელს გაიჭრით, მცირე ზიანს მიიღებთ, ან რაღაც პრობლემები გაგიჩნდებათ. უარესში კი ეს შესაძლოა უბედური შემთხვევით და მძიმე შედეგებით დამთავრდეს. აი, რას აკეთებს დანაშაულის გრძნობა. იგი საკუთარ თავში მხოლოდ ნგრევას მოიცავს. მასში არაფერია სასარგებლო და შემოქმედებითი. ნუ დაიტანჯავთ თავს დანაშაულის გრძნობით - ეს საქმეს ვერ უშველის. ჯობია ისე მოიქცეთ, რომ შემდეგ დანაშაულის გრძნობა არ გქონდეთ. და თუ უკვე მოხდა ასე, აზრი არ აქვს ტყუილად ტანჯვას, ამით უკეთ არავინ არ გახდება.

ბიბლიური მცნებები - ეს არაა მორალი იმ გაგებით, რომ კარგად უნდა მოიქცე, არამედ რეკომენდაციებია იმისთვის, რომ წონასწორობა არ დაარღვიო და უსიამოვნებებს არ გადაეყარო.

ეს ჩვენ, ჩვენი ბავშვური ფსიქოლოგიის რუდიმენტებით აღვიქვამთ მცნებებს ისე, თითქოს დედამ დაგვიბარა: არ იცელქოთ, თორემ კუთხეში დაგვაყენებთო. პირიქით, იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც „მიქარეს“, არავინ აპირებს. როდესაც წონასწორობას არღვევენ, ადამიანები თვითონ ეჯახებიან პრობლემებს. მცნებები კი მხოლოდ გვაფრთხილებენ ამის შესახებ.

როგორც ადრე ითქვა, დანაშაულის გრძნობა იმ ძაფის ფუნქციას ასრულებს, რომელზეც ადამიანს ქანქარები ექაჩებიან, განსაკუთრებით კი მანიპულატორები. მანიპულატორები - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ფორმულით: „შენ ის უნდა გააკეთო, რასაც გეუბნები, იმიტომ რომ დამნაშავე ხარ“, ან „მე შენზე უკეთესი ვარ, იმიტომ, რომ მართალი არ ხარ“. ისინი ცდილობენ, რომ თავიანთ „მრევლს“ დანაშაულის გრძნობა მოახვიონ თავს, მათზე ძალაუფლების მოპოვებისთვის, ან თვითდამკვიდრებისთვის. გარეგნულად ეს ადამიანები „მართლებად“ გამოიყურებიან. მათთვის დიდი ხანია დადგენილია, რა არის ცუდი და რა - კარგი. ისინი ყოველთვის სწორ სიტყვებს ამბობენ, ამიტომ ყოველთვის მართლები არიან. ყველა მათი საქციელი ასევე უზადოდ სწორია.

თუმცაღა უნდა ითქვას, რომ ყველა მართალი ადამიანი არაა მიდრეკილი მანიპულირებისკენ. მაშ, რატომ აქვთ მანიპულატორებს საჭიროება, რომ ჭკუა ასწავლონ და მართონ სხვები? იმიტომ, რომ გულის სიღრმეში მათ გამუდმებით ტანჯავს ეჭვი და თავდაუჯერებლობა. ამ შინაგან ბრძოლას ისინი ოსტატურად მალავენ გარშემომყოფებისგანაც და საკუთარი თავისგანაც. იმ შინაგანი ღერძის არქონა, რომელიც ნამდვილად მართალ ადამიანებს აქვთ, მანიპულატორებს სხვების ხარჯზე თვითდამკვიდრებისკენ უბიძგებს. სწავლების და მართვის მოთხოვნილება ჩნდება სურვილისგან - გაამყარონ საკუთარი პოზიციები სხვების დაკნინებით. იქმნება დამოკიდებულობის ურთიერთობები. კარგი იქნებოდა, წონასწორული ძალები საკადრისს რომ უზღვავდნენ მანიპულატორებს. მაგრამ ჭარბი პოტენციალი მხოლოდ იქ იქმნება, სადაც დაძაბულობაა, მაგრამ ენერგიის მოძრაობა არაა. მოცემულ შემთხვევაში კი მსხვერპლი აძლევს მანიპულატორს ენერგიას, ამიტომ პოტენციალი არ ჩნდება, და მაანიპულატორიც დაუსჯელად მოქმედებს.

როგორც კი ვინმემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საკუთარ თავზე დანაშაულის გრძნობა აიღოს, მანიპულატორებიც მაშინვე ეწეპებიან და ენერგიას წოვენ. იმისთვის, რომ მათი გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ, მხოლოდ ისაა საჭირო, რომ დანაშაულის გრძნობაზე უარი ვთქვათ.

თქვენ არავის წინაშე არ ხართ ვალდებული, რომ თავი იმართლოთ, და არავისი არაფერი გმართებთ. თუკი დანაშაულს მართლაც აქვს ადგილი, შეგიძლიათ სასჯელი მოიხადოთ, მაგრამ თან არ ატაროთ დანაშაულის გრძნობა. თქვენი ახლობლების გმართებთ რაიმე? ასევე - არა. თქვენ ხომ მათზე საკუთარი ნებით ზრუნავთ და არა იძულებით? ეს სულ სხვა საქმეა. უარი თქვით თავის გამართლების მიდრეკილებაზე, თუკი ეს თვისება გაქვთ. მაშინ მანიპულატორები მიხვდებიან, რომ მოსაჭიდი კაუჭი არ გაქვთ, და თავს დაგანებებენ.

სხვათაშორის, არასრულფასოვნების კომპლექსის საწყისი მიზეზი - დანაშაულის გრძნობაა. თუკი რამეში მაინც გრძნობთ თქვენს არასრულფასოვნებას, ეს ნიშნავს, რომ ეს არასრულფასოვნება სხვებთან შედარებით განისაზღვრება.

აღიძვრება სასამართლო პროცესი, სადაც თქვენ თავად გამოდიხართ მოსამართლის როლში საკუთარ თავზე. მაგრამ ეს მხოლოდ გეჩვენებათ, რომ თავად თქვენ ხართ მოსამართლე. სინამდვილეში სხვა რამ ხდება. პირველადად თქვენ განწყობილი ხართ, რომ დანაშაული აიღოთ საკუთარ თავზე - მნიშვნელობა არ აქვს რის გამო. უბრალოდ პრინციპში, თქვენ მზად ხართ, იყოთ დამნაშავე. და რადგან ასეა, თანხმდებით, რომ მსჯავრდებული იყოთ და სასჯელი იწვნიოთ. ადარებთ რა საკუთარ თავს სხვებს, უფლებას აძლევთ მათ, რომ უპირატესობა ჰქონდეთ თქვენზე. დააკვირდით, თქვენ თავად მიეცით მათ ეს უფლება! უფლება მიეცით სხვებს, ივარაუდონ, რომ ისინი თქვენზე უკეთესები არიან. ისინი სავარაუდოდ ასე არც ფიქრობენ, მაგრამ თავად გადაწყვიტეთ ასე და მოსამართლის როლში გამოდიხართ საკუთარ თავის მიმართ სხვების სახელით. გამოდის, ისინი გასამართლებენ, რადგანაც თქვენ თვითონ ჩაუგდეთ თავი განსასჯელად.

უკან დაიბრუნეთ თქვენი უფლება - იყოთ ის ვინც ხართ, და ადექით განსასჯელის სკამიდან. ვერავინ გაბედავს თქვენს გასამართლებას, თუ თქვენ არ თვლით თავს დამნაშავედ. მხოლოდ თქვენი კეთილი ნებით შეგიძლიათ მისცეთ სხვებს პრივილეგია, რომ თქვენი მსჯავრმდებლები იყვნენ.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ აქ ცარიელ დემაგოგიას ვეწევი. რადგან თუ არსებობენ რეალური ნაკლოვანებები, მაშინ ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ამას აღნიშნავენ. მართალია, ნამვდვილად მოიძებნებიან. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგრძნობენ, რომ წინასწარგანწყობილი ხართ თქვენს ნაკლოვანებებზე დანაშაულის საკუთარ თავზე ასაღებად. თუ ერთი წამით მაინც დაუშვებთ, რომ დამნაშავე ხართ იმაში, რომ სხვებზე უარესი ხართ, ისინი ამას აუცილებლად იგრძნობენ. და პირიქით, თუ თავისუფალი ხართ დანაშაულის გრძნობისგან, თავში არავის მოუვა, რომ თქვენს ხარჯზე დაიმკვიდროს თავი. აქ ვლინდება დანაშაულის ჭარბი პოტენციალის ძალიან ნატიფი გავლენა გარემო ენერგეტიკულ არეზე. საღი აზრის თვალსაზრისით, ამის ასი პროცენტით დაჯერება რთულია. თუმცაღა სიტყვებით ვერაფერს დავამტკიცებ. არ გჯერათ? - შეამოწმეთ!

არსებობს დანაშაულის გრძნობის კიდევ ორი საინტერესო ასპექტი: ძალაუფლება და გაბედულება. ადამიანები, რომლებსაც დანაშაულის გრძნობა აქვთ, ყოველთვის ემორჩილებიან იმ ადამიანების ნებას, ვისაც ეს გრძნობა არ აქვს.

თუ მე პოტენციურად ვარ მზად, ვაღიარო, რომ შემიძლია რამეში მაინც ვიყო დამნაშავე, ქვეცნობიერად მზად ვარ, რომ სასჯელი მივიღო, და შესაბამისად მორჩილებისთვისაც მზად ვარ. და თუ არ მაქვს დანაშაულის გრძნობა, მაგრამ მაქვს მოთხოვნილება, რომ სხვების ხარჯზე დავიმკვიდრო თავი, მაშინ მზად ვარ, რომ მანიპულატორი გავხდე. სულაც არ მინდა ვაჩვენო, რომ ადამიანები მანიპულატორებად და მარიონეტებად იყოფიან. უბრალოდ დააკვირდით კანონზომიერებას. ბატონებს და მმართველებს დანაშაულის გრძნობა ნაკლებად აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ. დანაშაულის გრძნობა ასევე უცხოა ცინიკოსებისთვის და სხვა უსინდისო ადამიანებისთვის. სხვების თავებზე ან გვამებზე სიარული - მათი მეთოდია. გასაკვირი არაა, რომ ძალაუფლების სათავეში ძალიან ხშირად არაკეთილსინდისიერი ადამიანები მოდიან. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ძალაუფლება ცუდია, და ყველა, ვინც ძალაუფლების სათავეში დგას - ცუდია. შესაძლოა, თქვენი ბედნიერებაც იმაშია, რომ ქანქარას ფავორიტი გახდეთ. ყველა თავისთვის წყვეტს, როგორ აწონ-დაწონოს თავისი სინდისი - არავის აქვს უფლება, რომ ამაში რამეზე მიგითითოთ. აი, დანაშაულის გრძნობაზე კი, ნებისმიერ შემთხვევაში უარი უნდა თქვათ.

მეორე ასპექტი, გაბედულება - ესაა დანაშაულის გრძნობის არქონის ნიშანი.

შიშის ბუნება ქვეცნობიერში დევს, და მის მიზეზს წარმოადგენს არა მხოლოდ შემაშინებელი გაურკვევლობა, არამედ დასჯის შიშიც. თუ მე „დამნაშავე“ ვარ, პოტენციურად მზად ვარ, რომ სასჯელი მივიღო, ამიტომაც მეშინია. სინამდვილეში, გამბედავი ადამიანები არა მხოლოდ არ იტანჯებიან სინდისის ქენჯნით, არამედ ოდნავი დანაშაულის გრძნობაც კი არ ტანჯავთ. მათ არ აქვთ მიზეზი, რომ რაიმესი ეშინოდეთ, რადგანაც მათი შინაგანი მოსამართლე ამტკიცებს, რომ ისინი უდანაშაულონი არიან და მათი საქმე მართალია. მფრთხალ მსხვერპლს, პირიქით, სრულიად სხვა პოზიცია ახასიათებს: მე არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად ვიქცევი, მე შესაძლოა დამადანაშაულონ, ნებისმიერს შეუძლია ჩემი დასჯა. დანაშაულის გრძნობა, ყველაზე სუსტი და ღრმად ჩამარხულიც კი, ქვეცნობიერ კარს ხსნის სასჯელისთვის. თუ მე დანაშაულის გრძნობას განვიცდი, ეს ნიშნავს, რომ პოტენციურად ვთანხმდები, რომ ქურდს და ყაჩაღს უფლება აქვთ თავს დამესხან, ამიტომაც მეშინია.

ადამიანებმა ერთი საინტერესო მეთოდი მოიგონეს ჭარბი პოტენციალის გასაფანტად - პატიების თხოვნა. ეს მართლაც მუშაობს. თუ ადამიანი საკუთარ თავში დანაშაულის გრძნობას ატარებს, იგი ცდილობს შეინარჩუნოს ნეგატიური ენერგია და გაზარდოს ჭარბი პოტენციალი. როცა პატიებას ითხოვს, ადამიანი უშვებს ამ პოტენციალს და საშუალებას აძლევს ენერგიას, რომ გაწოვილ იქნეს. პატიების თხოვნა, საკუთარი შეცდომების აღიარება, ცოდვების გამოლოცვა, მონანიება, აღსარება - ეს ყველაფერი დანაშაულის პოტენციალისგან განთავისუფლების მეთოდებია. იწერს რა ამა თუ იმ მეთოდით ინდულგენციას, ადამიანი უშვებს თავი მიერვე შექმნილ დანაშაულის პოტენციალს და უფრო მსუბუქად ხდება. მაგრამ აუცილებელია, თვალყური ადევნოთ, რომ მონანიება მანიპულატორებზე დამოკიდებულებაში არ გადავიდეს. ისინი სწორედ ამას უცდიან. როდესაც პატიებას ითხოვთ, თქვენ თქვენს შეცდომას აღიარებთ, რათა დანაშაულის პოტენციალი გაფანტოთ. მანიპულატორები კი ეცდებიან, რომ ეს შეცდომა არაერთხელ გაგახსენონ და პროვოცირებას გაგიკეთებენ, რომ დანაშაულის გრძნობა შეინარჩუნოთ. ნუ აყვებით მათ პროვოკაციებს, თქვენ უფლება გაქვთ პატიება ითხოვოთ შეცდომისთვის მხოლოდ ერთხელ და უკანასკნელად.

დანაშაულის გრძნობაზე უარის თქმა - ყველაზე ქმედითი საშუალებაა აგრესიულ გარემოში გადასარჩენად: ციხეში, ბანდაში, არმიაში, ქუჩაში.

ტყუილად არაა, რომ კრიმინალურ სამყაროში დაუწერელი წესი არსებობს: „არ დაიჯერო, არ შეგეშინდეს, არ ითხოვო“. ეს წესი მოგვიწოდებს, რომ ჭარბი პოტენციალები არ შევქმნათ. იმ პოტენციალებს, რომლებსაც შეუძლიათ ცუდი სამსახური გაგიწიონ აგრესიულ გარემოში, საფუძვლად დანაშაულის გრძნობა უდევს. შეგიძლიათ საკუთარი უსაფრთხოება თქვენი ძალის დემონსტრირებით დაიცვათ. სამყაროში, სადაც ძლიერი იმარჯვებს, ეს ამართლებს. მაგრამ ეს ძალზე ექსტენსიური მეთოდია. გაცილებით უფრო ეფექტურად მუშაობს ქვეცნობიერიდან სასჯელის პოტენციური შესაძლებლობის გამორიცხვა. ილუსტრაციის სახით შეგვიძლია ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ. ყოფილ საბჭოთა კავშირში პოლიტ-პატიმრებს განზრახ სვავდნენ კრიმინალებთან, რათა მათი ნება გაეტეხათ. მაგრამ ისე გამოდიოდა, რომ მრავალი პოლიტ-პატიმარი, იყვნენ რა არაორდინალური ადამიანები, არა მხოლოდ არ გახდა დამცირების მსხვერპლნი, არამედ ავტორიტეტიც მოიპოვა კრიმინალებს შორის. საქმე იმაშია, რომ პირადი თავისუფლება და ღირსება უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ძალა. ფიზიკური ძალა ბევრს აქვს, აი, პიროვნული ძალა კი - იშვიათი მოვლენაა. გასაღები საკუთარი ღირსებისკენ - დანაშაულის გრძნობის არქონაშია. ჭეშმარიტი პირადი ძალა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ვინმეს ყელში წვდე, არამედ იმაში, თუ რამდენად შეუძლია პიროვნებას თავისუფალი იყოს დანაშაულის გრძნობისგან.

ცნობილი რუსი მწერალი ანტონ ჩეხოვი ამბობდა: „მე წვეთ-წვეთობით ვდევნი საკუთარი თავისგან მონას“. ამ ფრაზით ხაზგასმულია დანაშაულის გრძნობისგან განთავისუფლების მისწრაფება. განთავისუფლდე - ნიშნავს იბრძოლო. თუმცაღა ტრანსერფინგში ადგილი არ აქვს ბრძოლას და საკუთარ თავზე ძალადობას. უმჯობესია სხვა რამ: უარი თქვა, ანუ აირჩიო. არ არის საჭირო საკუთარი თავიდან დანაშაულის გრძნობის გამოწურვა. საკმარისია, უბრალოდ ნება მისცეთ საკუთარ თავს, რომ თქვენი კრედოს შესაბამისად იცხოვროთ.

არავის აქვს თქვენი განსჯის უფლება. თქვენ უფლება გაქვთ იყოთ ის, ვინც ხართ. თუ მისცემთ საკუთარ თავს ამის საშუალებას, თავის მართლების საჭიროება გაქრება, და სასჯელის შიშიც გაიფანტება.

აი, მაშინ მოხდება ჭეშმარიტად საოცარი რამ: თქვენს წყენინებას ვეღარავინ გაბედავს. სადაც არ უნდა იყოთ: ციხეში, ჯარში, ბანდაში, სამსახურში, ქუჩაში, ბარში - სულერთია სად. თქვენ არასოდეს მოხვდებით სიტუაციაში, სადაც ვინმე ძალადობით დაგემუქრებათ. სხვები დროდადრო დაექვემდებარებიან ძალადობას ამა თუ იმ ფორმით, თქვენ კი - არა. იმიტომ, რომ თქვენი ქვეცნობიერიდან დანაშაულის გრძნობა განდევნეთ, შესაბამისად ცხოვრების მოცემულ ხაზებში თქვენი დასჯის სცენარი უბრალოდ არ არსებობს. აი, ასე.

მეოთხე თავის სრული ტექსტის სანახავად გადადით ამ ლინკზე.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ჰოპონოპონო


ავტორი: Ihaleakala Hew Len მთარგმნელი: თამარ რეხვიაშვილი რა არი...

კვანტური მექანიკა ამხელს მატერიალიზმს (3)


ავტორი: ლეო გურა მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე ტრანსკრიბცია ვიდე...

აპოლონური და დიონისური პრინციპების შეერთება


ძველ ბერძნულ ნახატზე გამოსახულია ვეფხის ტყავით შემოსილი დიონისე... ...

ოშო - ეგოს და გონების შესახებ


მონაკვეთი წიგნიდან - "ძენის ათი ხარი" (მზადდება გამოსაცემად...

კვანტური მექანიკა ამხელს მატერიალიზმს (4)


  ავტორი: ლეო გურა მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე ტრანსკრიბ...

მარსის ეგრეგორი


ატლანტების და სხვა რასების წარმოშობის შესახებ... ავტორი: ბორის მონ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff