ავტორი: გიორგი დოლიძე
ძველ ბერძნულ ნახატზე გამოსახულია ვეფხის ტყავით შემოსილი დიონისე... "მას ტანსა კაბა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავისა"... მძაფრი ემოციებით მუდამ გაშმაგებული ღმერთი, რადგან ის გამიჯნურებულია. "მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა". ისეთივე შმაგი, როგორც ვეფხის ტყავით შემოსილი ტარიელი, რომელსაც აწონასწორებს ავთანდილი, რადგან ავთანდილი ტარიელისაგან განსხვავებით არასოდეს იბნიდება და საღი გონებით, მოზომილად წყვეტს ყველაფერს, როგორც ზომიერების მოყვარული და თავდაჭერილი აპოლონი... ვეფხი, ანუ ლეოპარდი, რომელიც საქართველოშიც იყო კავკასიური ჯიქის სახით და გადაშენდა, ჩვენი სულიერების სიმბოლოა, ის ჩვენს სიღრმეშია დაბუდებული და საჭიროებს აღმოჩენასა და გააზრებას. აპოლონის ტაძარზე იყო წარწერა "შეიცანი თავი შენი", ამ ტაძარს ზამთრის თვეებში დროებით უთმობდნენ დიონისეს კულტის მსახურებს. დიონისე, როგორც აპოლონის ანტიპოდი და ოპოზიცია, სინამდვილეში მისი ბნელი მხარეა, რომელიც უნდა შევიცნოთ. როცა გონიერი არსება საკუთარ თავში იწყებს მოგზაურობასა და ძიებას ავთანდილივით, მისი ნათელი აპოლონური ბუნება ცდილობს გაერკვიოს საკუთარ გაუცნობიერებელ მხარეში, რომელიც ვეფხის ტყავში გამოწყობილი, დაფარული დიონისური ბუნებაა უცხო მოყმის სახით...
შენ ცხოვრობ ყოველდღიურობაში, მაგრამ გაწუხებს შენში დამალული და გაუაზრებელი საწყისი, ის ზოგჯერ გაშინებს და გეუცხოვება კიდეც, მაგრამ თან ითხოვს რომ გამოიტანო ცნობიერებაში, ეს ბუნდოვანება გამოაშკარავო და ახალ წესრიგად გარდაქმნა. იწყებ ძიებას როგორც ავთანდილი და ხვდები, რომ შენში დაბუდებული მოუსვენარი ტოტემი არის ვეფხი, დიონისესავით პირმშვენიერი მაგრამ იმავე დროს შმაგი და ველად გაჭრილი... სხვადასხვა სულიერი სწავლებები აცხადებენ, რომ რაც ადამიანშია, ის გაცხადდება სამომავლოდ უკვე ხილული სახით. რაღაზე ველოდოთ სიკვდილსა და რომელიმე სხვა ჰიპოთეტურ ცხოვრებას, როცა აქ და ახლა შეგვიძლია გარეთ გამოვიტანოთ ჩვენში დამალული ვეფხის ტყავის მშვენიერება? დიონისეს დევიზიც ხომ ეს არის "აქ და ახლა", და არა ის რომ რაიმეს განცდა და გამოხატვა გადავდოთ სხვა დროისთვის. ამ ცხოვრებაშივე ჩავიძიროთ ჩვენს არსებაში უცხო მოყმისა და მისი ტოტემური ცხოველის საძიებლად. ის ჭრელი ტყავი, რომელიც ჩვენშია, ამ ცხოვრებაში შევიმოსოთ და მოვირგოთ გარედან, ანუ აქტიურად გამოვხატოთ საკუთარი თავი სანამ ცოცხლები ვართ. გამოვხატოთ როგორც ცოცხალი განცდა და ექსტაზი, რომელსაც აპოლონური ნათელი გონება ამოუშვებს სიღრმეებიდან როგორც დიონისურ თრობასა და სიცოცხლის სისავსეს...
ჩვენს შემთხვევაში, ვინც ვართ და სადაც ვცხოვრობთ, ეს არ არის მხოლოდ ინდივიდუალური გეგმა. ამას გვასწავლის ის ქართული კულტურაც, რომელიც მთელი თავისი არსებობის განმავლობაში უმძაფრესად გადმოსცემს აპოლონურსა და დიონისურს შორის გაორებას. ქართველი ხალხი, რომელიც ორ სამყაროს შორის არის გადებული, არის ამ გაორების განსახიერება. ტყუილად კი არ წერს კონსტანტინე გამსახურდია: "ქართველობა ისე ვიდოდა იესოს სისხლიან გზაზე, რომ იმავე დროს დიონისეს ყვავილოვან შუბლს თვალს არ აშორებდა." ქრისტეს იმპულსი სწორედ ის ნათელი და გონიერი, აპოლონური საწყისია, რომელსაც გაუყვა ქართველი ხალხის ცნობიერი ძალები და ეგრეგორი, მაგრამ იმავე დროს ის არ ივიწყებს "დიონისეს ყვავილოვან შუბლს" - იმ ლხენასა და ექსტაზს, სიცოცხლის შმაგ განცდას, რომლითაც შემკობილია ქრისტეს სახე ქართულ ფოლკლორში. ქრისტიანობამ, როგორც აპოლონურმა საწყისმა, სცადა წარმართობის გვერდზე გაწევა, მაგრამ დღეს ისევ ვიხსენებთ ჩვენს სულიერ ძირს ქართული მითოსის სახით, ანუ ვცდილობთ გავშმაგდეთ იმ წარმართული ლხენით, რომელიც ყოველთვის ახასიათებდა ქართულ სივრცეს. აპოლონი და დიონისე ერთმანეთის გარეშე ვერ იქნებიან, ისევე როგორც ცნობიერი და არაცნობიერი ერთმანეთისგან გაიყოფა. ტარიელი ავთანდილის გარეშე ვერ იქნება გათავისუფლებული გაურკვევლობისაგან, ისევე როგორც ავთანდილის ნათელი გონება მოწოდებულია გაიაზროს და გაითავისოს უცხო მოყმე, მისი ვეფხის ტოტემი.
აპოლონურისა და დიონისურის, ქრისტიანობისა და წარმართობის სინთეზის შედეგად საქართველოში ვიღებთ გიორგის სახეს, რომელიც სინათლის გმირია და აპოლონივით განგმირავს გველს, მაგრამ ასევე კვდება დიონისეს მსგავსად, რათა კვლავ მკვდრეთით აღდგეს. ამ სინთეზს ითხოვს ქართული სივრცე - გმირს, რომელიც გონებისმიერ ნათელს ასხივებს, მაგრამ იმავე დროს არ არის უცხო ადამიანური ვნებების მიმართ. ჩვენი კულტურული გარემოც ასეთ აქტიურ ადამიანს ითხოვს, რომელიც ავთანდილივით მოწოდებულია ნათელი მოჰფინოს გაუცნობიერებელს, და თან ტარიელივით საზრდოობს საკუთარი სიშმაგით, რაც სიყვარულიდან მომდინარეობს. და ეს აღსრულდება თქმულებაში, როცა ქაჯეთში ლაშქრობს ხახმატის წმინდა გიორგი, რომელიც ჭრელ კაბაშია გამოწყობილი, თავადაც სულით ჭრელი და მდიდარი. “გიორგივ, ნუ გაიქცევი, სამძიმარ მოგდევ ხელაო; გიორგი არ გაიქცევის, ტანთ კაბა აქვის ჭრელაო”.
ყოველი ასეთი გმირი კი არა მხოლოდ ფილოსოფიური გააზრებებიდან(აპოლონური), არამედ პოეტური ექსტაზითაც(დიონისური) უნდა იშვას... მხოლოდ ამ ორი საწყისის შეერთებით.