ავტორი: ნუცა აივაზაშვილი
ნამდვილი ამბავი და არაფერი გამოგონილი!
ღამის ათი საათია. მე და ჟანი რესტორნიდან გამოვედით, რუსთაველის ქუჩას მივუყვებით, ვსაუბრობთ და ვცდილობთ საფრანგეთსა და საქართველოს შორის პარალელები გავავლოთ. ლაპარაკ-ლაპარაკში ერთ ბნელ ქუჩაზე შევუხვიეთ, მექანიკურად მივიწევთ აღმართზე და თან ვქლოშინებთ. ჟანი საინტერესო მოსაუბრეა, ცოტა უცნაურიც, მაგრამ აქვს რაღაც ხიბლი მის ამ უცნაურობას. როცა გაიგო, რომ საქართველოში ვიყავი, საფრანგეთიდან მატარებლებით და ავტობუსებით ჩამოვიდა (ფრენა არ უყვარს). არ ვიცი რამდენი დღე იყო გზაში, ის კი ვიცი, რომ ქალებს თვალები არ გვაქვს! მივუყვებით ბნელ, ვიწრო ქუჩებს, ირგვლივ კერძო სახლებია და ისეთი სიჩუმე, საკუთარი სუნთქვა გვესმის. აქა-იქ ჭიშკარს მიღმა მყოფი ‘’ავი ძაღლი’’ შემოგვყეფს, ესაა და ეს. გავიხედეთ, გამოვიხედეთ, აღარც სახლებია და აღარც ძაღლები, მხოლოდ აღმართი, ზედ დაყრილი შემოდგომისდროინდელი ფოთლებითა და ეკალ-ბარდებით. ერთმანეთს შევხედეთ და ორივემ ვიგრძენით ადრენალინის მოწოლა ნეირონებში.
აღმართს დავადექით, ბუჩქებს ვეჭიდებით, მივხოხავთ, მთვარე დაგვნათის. არაფერს ვამბობთ, თითქოს წინასწარ ვგრძნობთ რაღაც უნდა დატრიალდეს. ალბათ ერთი საათი ვიარეთ ასე... ეკალ-ბარდები ნაშალმა ქვიშამ შეცვალა, ხელს ვერაფერს ვკიდებთ. ‘’ლეთს რითერნ!’’ ვამბობთ ერთხმად. ვჩერდებით და დაბლა ვიყურებით, მერე - მაღლა. გვეშინია, მაგრამ მაღლა მისტიკური ციცაბო აღმართია და დაწყებულის დამთავრების აუტანელი სურვილი გვიპყრობს. თან გვგონია, - აი ახლა დამთავრდება აღმართი და წესით, სადღაც მთაწმინდაზე აღმოვჩნდებით. აღმართი არ მთავრდება! ნაშალი ქვიშა კლდემ შეცვალა, თან ისეთმა, ხელს რომ მოკიდებ და ხელში გეფშვნება. ახლა კი მართლა უნდა გავბრუნდეთ, მეუბნება ჟანი. შევჩერდით კლდეზე მიტყეპებულები, დაბლა ჩავიხედე. ორი ნაბიჯი ჩავდგი კიდეც, მაგრამ კინაღამ ფეხი დამიცდა. ‘’ფეხი დაგვიცდება, ჟან! ‘’ - ავძახე. ჩასვლა უფრო რთული ჩანს. თვითონაც ცადა და მიხვდა, მართალს ვამბობდი. უსიტყვოდ აგრძელებს კლდეზე აბობღებას. ვატყობ შიში იპყრობს. ‘’მგონი მალე ვაკე ადგილზე გავალთ’’ - ვამხნევებ მე. გაჩერდა, ‘’ხელს ვერაფერს ვკიდებ, შეხედე!’’ და მიჩვენებს მოტიტვლებულ კლდეს, რომლის გამობურცული ადგილებიც ქვიშასავით იფშვნება. ‘’შეგიძლია პირველი მიმიშვა?’’ - ვეუბნები. თან ღმერთს შევთხოვ, ოღონდ ახლა არ გამოამჟღავნოს პირველყოფილური ინსტინქტები, არ ჩათვალოს, რომ ამით მისი მამაკაცურობა შეილახება და მიმიშვას იმ დაწყევლილ ადგილზე, საიდანაც ვეღარც ჩამოდის და ვეღარც ადის. თან ვეუბნები, უკან რომ მოგდევ უფრო მეშინია, ისე უფრო დაცულად ვიგრძნობ თავს მეთქი. ეს ვთქვი თუ არა, მივხვდი, დამითმო პირველობა.
გავუთანაბრდი, ერთი მეტრის იქით, გვერდით მოვუდექი და მართლა არაფერია ხელმოსაჭიდი. ვდგავართ ასე, ვუყურებთ ერთმანეთს, ვნანობ, რომ უკან არ გავბრუნდი ზუსტად ოცი წამის წინ. ახლა ვეღარც წინ მივდივარ, ვეღარც უკან ჩავდივარ. მარცხნივ უფსკრულია, ქვევითაც უფსკრულია და მხოლოდ მთავრემ იცის ჩვენი გასაჭირის შესახებ. ‘’მაშველებს ხომ არ დავურეკოთ?’’ - მეკითხება. ისტერიული სიცილი მიტყდება. ჟანი გაფართოებული თვალებით მიყურებს და ცდილობს მითხრას, არ გადავარდეო. ორივე ვშეშდებით, მუხლები მიკანკალებს უკვე. დაბლა ჩავიხედე და მთელ ტანში ვიგრძენი, როგორ ვგდივარ სადღაც კლდეზე, თავგახლეჩილი. რაღაც სუნს ვგრძნობ, ეს ალბათ სიკვდილის შიშის სუნია. რანაირი სუნია, ღმერთო ჩემო! წვას ვიწყებ თითქოს და შორიდან ვხედავ კლდეზე აკრულ ჩემს სხეულს, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წამს მოწყდეს და დაბლა, უკუნ სიბნელეში ჩაიკარგოს. მერე გონებაში უცბად, არსაიდან მოდის სადღაც წაკითხული სიტყვები: ‘’სიკვდილით არც მთავრდება და არაც იწყება რამე. ეს მხოლოდ ყოფიერების ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლაა, ამიტომ ნუ გეშინიათ!’’ შიში ოდნავ მბჟუტავმა იმედმა ჩაანაცვლა, იმედმა, რომ სიკვდილი არც ისეთი საშიშია, როგორც ადამიანებს გვგონია. ეს გავიაზრე თუ არა, მივხვდი, სიკვდილს დავნებდი. ჟანს შევხედე და იმავეს გრძნობდა. ვუყურებ და ყველაზე კარგი, რაც ამ წამს შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ თავი მოვიკატუნო, თითქოს ყველაფერი კარგადაა. ასეც ვიქცევი, მარჯვენა ფეხს მაღლა ვწევ, თვალებს ვხუჭავ, ხელებს განზე ვშლი, ვეხუტები კლდეს და მთლიანად ვენდობი. არაფერი დასაყრდენი, არაფერი ხელმოსაჭიდი, მხოლოდ მე და კლდე! ავედი...გადავრჩი... ცოცხალი ვარ...
ტვინი არსად არ მაქვს მინთხეული! უცბად მივხვდი, რაღაც გრანდიოზული მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ორ წამში სულ სხვა ადამიანად ვიქეცი. მე გამოვცადე სიკვდილი! და წამსვე დავაფასე სიცოცხლე. ახლა ჟანის ჯერია. ზემოდან ვამხნევებ: ‘’არაფერია ჟან! ფეხი არ ცურავს საერთოდ. კლდეს მიენდე! დაბლა ნუ იყურები!’’ ეიფორიაში ვარ და კარგად ვერ ვაანალიზებ, რომ ჟანიც ზუსტად იმ პროცესს გადის ამ წამს, რაც მე ათი წამის წინ გავიარე. ამიტომ ბუნდოვნად მახსოვს მისი ამოსვლა. ერთადერთი, რაც მახსენდება, არის მისი გაფართოებული თვალის გუგები და ჩურჩულით ნათქვამი: ამოვედი! მუხლები მომეკვეთა, ჩამოვჯექი. ჟანიც მომიჯდა. ვერაფერს ვამბობთ. მეცინება, ხარხარში გადამივიდა, ერთმანეთს ვუყურებთ და ვხარხარებთ. ‘’იცი, რა გამახსენდა?’’ - ვეუბნები. ‘’მაშველები გამოვიძახოთო, რომ მითხარი. წარმოვიდგინე, დეიდაჩემი ზის ტელევიზორის წინ და უყურებს საგანგებოდ გასულ ახალ ამბავს, სადაც აცხადებენ, რომ მაშველებმა, მთაწმინდის მიდამოებში, კლდეზე აკრული ორი ახალგაზრდა ჩამოხსნეს. მერე ახლო კადრი და დეიდაჩემი ხედავს ჩემს მტვრიან თავ-პირს და გაკრეჭილ კბილებს. არა, ამას სიკვდილი მერჩივნა!’’
ორივე ისტერიულად ვიცინით, ისე მეცინება, ძლივს ვამთავრებ ჩემს სათქმელს. ადრენალინი, სეროტონინი, დოპამინი, ყველაფერი ერთადაა ტვინში და აღარ ვიცით, ერთმანეთს ჩავეხუტოთ, მიწა ვკოცნოთ, თუ ხეებს მივუალერსოთ. ცოტა რომ დავმშვიდდით და შოკური მდგომარეობიდან გამოვედით, გზა გავაგრძელეთ. მთაწმინდის ანძას ჩავუარეთ ფეხაკრეფით, საგუშაგო იყო იქ და გული მისკდებოდა, ვინმე თოფიანი არ გამოგვივარდეს და ეს სიკვდილს ძლივს გადარჩენილი ხალხი არ მიგვაცხრილოს, ან სადმე დენის კაბელს არ დავაბიჯოთ და ერთმანეთს არ შევეტრუსოთ - მეთქი. აქაც გადავრჩით. არც დენს დაურტყამს და არც გუშაგს უსვრია რამე. მთაწმინდაზე ვართ, ავტობუსის გაჩერებასთან ვდგავართ და ერთმანეთს მადლობას ვუხდით იმ გამოცდილებისთვის, სიკვდილის დაგემოვნებას რომ დავარქმევდი.