ოშოს წიგნიდან - "მღვდლები და პოლიტიკოსები: სულის მაფია" (მზადდება გამოსაცემად)
მთარგმნელი: მამუკა გურული
ოშო, რას აკეთებენ პოლიტიკოსები მეორე მსოფლიო ომის ბოლოს მსოფლიოში მშვიდობის ოფიციალურად აღდგენის შემდეგ?
არანაირი მშვიდობა არასოდეს არ ყოფილა. ისტორიაში მხოლოდ ორი პერიოდი იყო: პერიოდი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, როგორც ომი, და პერიოდი, რომელსაც მშვიდობას ვეძახით, რაც მხოლოდ საფარველია, სინამდვილეში კი მას შემდეგი ომისთვის მზადებას უნდა ვუწოდებდეთ. მთელი ისტორია მხოლოდ ამ ორისგან შედგება: ომისგან და ომისთვის მზადებისგან. თქვენ მეკითხებით „რას აკეთებენ პოლიტიკოსები მეორე მსოფლიო ომის ბოლოს მსოფლიოში მშვიდობის ოფიციალურად აღდგენის შემდეგ?“
პოლიტიკოსები იმას აკეთებენ, რასაც ყოველთვის - ქმნიან კონფლიქტს, დიდ მღელვარებას, დიდ დისკრიმინაციას, დამანგრეველ იარაღს, და შედეგად, მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადებიან.
ერთხელ ალბერტ აინშტაინს ჰკითხეს: „რას იტყვით, როგორც მეცნიერი, რომელმაც ატომური ენერგია აღმოაჩინა, იმაზე, თუ რა მოხდება მესამე მსოფლიო ომის დროს?“
აინშტაინს თვალზე ცრემლები მოადგა, და თქვა: „არაფერი მკითხოთ მესამე მსოფლიო ომზე, ამის შესახებ არაფერი ვიცი. მაგრამ თუ გინდათ გაიგოთ მეოთხე მსოფლიო ომის შესახებ, რაღაც შემიძლია გითხრათ“.
ჟურნალისტი, რომელმაც კითხვა დასვა, ძალზე გაკვირვებული იყო. ეს ადამიანი არაფერს ამბობს მესამე მსოფლიო ომზე, მაგრამ მზადაა, რომ მეოთხეს შესახებ თქვას რაღაც. მან აღელვებულმა უთხრა: „დიახ, გთხოვთ, მოგვიყევით მეოთხე მსოფლიო ომის შესახებ“.
აინშტაინმა თქვა: „ამის შესახებ მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება - ის არასოდეს მოხდება. მესამე მსოფლიო ომი უკანასკნელი მსოფლიო ომი იქნება“.
ამიტომ ამ უკანასკნელ მსოფლიო ომს პოლიტიკოსები მშვიდობის ოფიციალური აღდგენიდან მოყოლებული ამზადებენ.
პოლიტიკოსი თავისი თამაშებით - ესაა ყველაზე საშინელი, რისი წარმოდგენაც შეიძლება.
ჩვენ ბნელ ღამეს ვუახლოვდებით, და ძველი გამოთქმა გამახსენდა: „როცა ღამე ყველაზე ბნელია, ეს ნიშნავს, რომ განთიადი უკვე ახლოვდება“. მაგრამ ვერ ვბედავ ვთქვა, რომ ეს ბნელი ღამე, რომელიც ჩვენს გარშემოა, შეიძლება აღარც გათენდეს.
მე გიპასუხებთ, რა ხდება 1945 წლიდან მოყოლებული. ადამიანები სრულ უმეცრებაში არიან. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ზიან ვულკანზე, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ამოიფრქვეს. ისინი ყოველდღიური პრობლემებით არიან დაკავებულნი, ნამდვილ პრობლემებს კი - ფარავენ, თითქოს ისინი არც არსებობენ.
1945 წლიდან მოყოლებული ასხუთი ომი მოხდა სამოც ქვეყანაში, და ყველა - მესამე მსოფლიოში. ჩნდება კითხვა, რატომ მესამეში? ამერიკა და საბჭოთა კავშირი ისე შორს წავიდნენ დამანგრეველი იარაღის შექმნაში, რომ მეორე მსოფლიო ომში გამოყენებული იარაღი მოძველდა. ის მათ არ ჭირდებათ. ის ვინმეს უნდა მიყიდონ, რაღაც ბაზარია საჭირო, ბაზარი კი მაშინაა, როცა ომებია.
ამერიკა პაკისტანს აწვდის იარაღს; მაშინ, ბუნებრივია, ინდოეთი რუსეთისგან ყიდულობს მას. ასე ხდება მესამე მსოფლიოში. ერთი ქვეყანა დაძველებულ მასალას საბჭოთა კავშირისგან ყიდულობს, მაშინ, როცა მისი მტერი ამერიკისგან ყიდულობს მას. ეს კარგი ბიზნესია.
და მათ არ სურთ, რომ ამ ერებმა ომი შეწყვიტონ: „მაშინ ვიღას მივყიდით იარაღს, რომლებზეც მილიონობით დოლარი დაიხარჯა? ეს ღარიბი ქვეყნები და მათი პოლიტიკოსები მზად არიან იყიდონ იარაღი, მიუხედავად იმისა, რომ მათი ხალხი შიმშილისგან კვდება. მათი ბიუჯეტის სამოცდათხუთმეტი პროცენტი სამხედრო ხარჯებზე მიდის.
ყოველი ომი საშუალოდ სამნახევარი წელი გრძელდებოდა. ღირს კი, მშვიდობის აღდგენაზე ლაპარაკი? ასხუთი ომი სამოც ქვეყანაში. და თქვენ მშვიდობაზე ლაპარაკობთ?
საომარმა კონფლიქტებმა მრავალი სიკვდილი გამოიწვია. მეორე მსოფლიო ომშიც მილიონები დაიღუპნენ. მაგრამ მისი დასრულების დროიდან თექვსმეტი მილიონი ადამიანი მოკლეს - ნუთუ შეიძლება ამას მშვიდობა დავარქვათ?
მაგრამ პოლიტიკოსები ისეთი ვერაგები არიან, ხალხი კი ისეთი ბრმა, რომ ისინი არ უყურებენ, რა ხდება გარშემო. ისინი განაგრძობენ წვრილმანებისთვის ბრძოლას. მაგალითად, რომელი რეგიონი რომელ სახელმწიფოს უნდა ეკუთვნოდეს? აქ ბელგაუმის რეგიონია, უნდა დარჩეს თუ არა იგი მაჰარაშტრას? რადგან რეგიონი კარნატაკასა და მაჰარაშტრას შორის საზღვარზეა.
ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ენებზე საუბრობენ, უკვე სამი ათწლეულია კლავენ ერთმანეთს, და ასეთი მარტივი რაღაც ვერ გადაუწყვეტიათ. საჭიროა მხოლოდ პატარა პლებისციტი: უნდა ჩატარდეს კენჭისყრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე, და ადამიანები თავად გადაწყვეტენ, სად უნდათ ყოფნა. ერთმანეთის მოკვლის არანაირი საჭიროება არაა. მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკოსები ღრმად არიან დაინტერესებულნი იმაში, რომ სადღაც არეულობები იყოს, რადგან მათი, პოლიტიკოსების საჭიროება ჩნდება.
უკვე მრავალი ადამიანი იქნა მოკლული, და მაინც, ყოველ სკოლაში, ყოველ კოლეჯში, ყოველ უნივერსიტეტში ისინი იმეორებენ: „ჩვენ მშვიდობიან დროში ვცხოვრობთ“. სინამდვილეში ეს მსოფლიო ომი უფრო მშვიდობიანიც კი იყო. „მშვიდობამ“ თითქმის სამჯერ მეტი ადამიანი მოკლა.
ომების უმეტესობა აზიაში ხდება. ეს ძლევამოსილი ნაციების და პოლიტიკოსების სტრატეგიაა: მათ ყოველთვის რომელიმე სხვა ქვეყანაში უნდა იბრძოლონ. საბჭოთა კავშირი და ამერიკა ისე იბრძოლებენ ავღანეთში, რომ ავღანელი ხალხი მოკვდეს. ავღანეთი სასაფლაო ხდება, ამერიკა და საბჭოთა კავშირი კი იარაღის გაყიდვით ღებულობენ სარგებელს. ისინი გზავნიან თავიანთ იარაღს და თავიანთ ექსპერტებს, ისინი ასწავლიან ავღანელებს, და ავღანელები სხვა ავღანელებს კლავენ. ერთი მხარე ამერიკის იარაღს იყენებს, მეორე კი - საბჭოთა კავშირისას...
თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...