"იყო იგი სხვაი ჩემი"

Admin
სხვადასხვა
0
0

 ქრისტიანული ლოცვის ტექსტებში არის ერთი მონაკვეთი, კერძოდ ანდრია კრიტელის კანონში, რომელსაც დიდმა...

ავტორი: გიორგი დოლიძე

 ქრისტიანული ლოცვის ტექსტებში არის ერთი მონაკვეთი, კერძოდ ანდრია კრიტელის კანონში, რომელსაც დიდმარხვის პერიოდში კითხულობენ: „არა არს სოფელსა შინა ცოდვა, არცა დაცემა, არცა სიბოროტე, მხსნელო, რომელი მე არა მიცოდავს: გონებით და სიტყვით და მოგონებით, ნებებით და ჯერ-ჩინებით და ქმნით, ვითარ სხვას არცა ერთსა ვის სადა“. ოდესღაც, როცა აქტიურად ვკითხულობდი ლოცვის ტექსტებს, ამ სიტყვების შემდეგ ტექსტი თითქოს წინ აღარ მიშვებდა. ისევ ამ სიტყვებს ვუტრიალებდი. ერთგვარად უკვე დასრულებული ფორმაა ლოცვის. არათუ ვარჩევ ჩემი ქმედებებიდან რომელიმეს, ცოდვა არ არის რომელიც ჩემი ჩადენილი არაა. და გონებაში იქვე ვუმატებდი: და შესაბამისად არ უნდა იყოს მადლიც, რომელიც მე არ აღმისრულებია. არ უნდა იყოს ეს სიტყვები გაზვიადება. ყველაფერი ჩემშია. ყველანაირი განცდა, ცნობიერად თუ არაცნობიერად, რომელიღაც ბუნდოვანი წინა ცხოვრებიდან ვივარაუდებთ ამას თუ ამ ცხოვრებიდან, დროისა და სივრცის მიუხედავად ყველაფერი ჩემშია... ჩვენი კონკრეტული პორტრეტი იქმნება იმის მიხევით, თუ რომელ მხარეზე ვახდენთ აქცენტირებას. გავა დრო და ეს პორტრეტიც ცვლილებებს განიცდის, ამას უნდა ვარაუდობდეს ბუდა კონცეფციაში სახელად "ანიტია" - რომ არაფერია უცვლელი და ყველაფერი როგორც ადამიანში ისე მთელს სამყაროში ცვლილებას განიცდის. დროის მოკლე მონაკვეთშიც კი, თუნდაც რამდენიმე წლით ადრე ჩვენი თავი სხვა გვეგონა, დღეს კი სხვა აღქმა გვაქვს საკუთარი პიროვნების, რადგან შევეხით კიდევ სხვას უცნობს ჩვენში, იმ ვიღაც "უცხოს", რომელსაც ჯერ არ ვიცნობდით. და სანამ შევეხებოდით, ჩვენ ისიც უკვე ვიყავით კიდეც, უბრალოდ მისი მოქმედების დრო არ იყო მოსული. სანამ ჩანასახი მომწიფდება, ის თესლიც კი უკვე პოტენციური შედეგია. ძველ ეგვიპტურ ლოცვებში ოსირისის მიმართ ამბობდნენ: "მე არ ჩამიდენია ბოროტება, არ მომიპარავს, არ მჩვევია შური, არ მომიკლავს, არ მომიტყუებია წონაში, არ მჩვევია თვალთმაქცობა, არ მითქვამს ტყუილი..."

seeker

 

 ეს ტექსტი ერთგარი ფორმულაა, რომლითაც პირიქით, ადამიანი უკვე ცნობიერ დონეზე უკუაგდებს იმას, რაც ისედაც მასშია. ის ამ უარყოფას აკეთებს არა იმიტომ, რომ მას ეს მართლა არ ჩაუდენია, არამედ ჩადენილიც აქვს, ჩადენილი აზრების დონეზე მაინც, და შემდეგ მას მიუჩენს შესაბამის ადგილს. მაგრამ მან ეს ქმედებებიც უკვე გაატარა ცნობიერ დონეზე. არ გქონიათ შეგრძნება, რომ ცხოვრებაში რაღაც ძალიან გნდომებიათ, გწყუროდათ რაღაცის აღსრულება, რადგან საკუთარი თავის გამოცდა, შეცნობა გსურდათ ამ ქმედებაში, თუმცა ვერ მოხვდით შესაფერის ადგილას ან სიტუაციაში, რომელშიც ამას იზამდით? მაგრამ ინტენსიური ფიქრისა და ამაზე მედიტირების შედეგად თავდაჯერება და კმაყოფილება გეუფლებათ. რადგან თქვენ ეს განიცადეთ სურათ-ხატების, შეგრძნებების დონეზე, სურვილების და წყურვილის სიცარიელე ამოივსო. თქვენ ეს უკვე გაიარეთ... ასე შეიძლება ავხსნათ მაგალითად როცა ადამიანი, რომელსაც შვილი არასოდეს ჰყოლია, გაცილებით ღრმად აღიქვამს მშობლის და შვილის ფენომენს, ვიდრე ბევრი მშობელი, რომლებმაც ამდენი ვერ გააცნობიერეს, რადგან იმ უშვილომ უშუალოდ განიცადა საკუთარი თავი მშობლად, ინატრა, ეტკინა და გაუხარდა როგორც მოსიყვარულე მშობელს, სხვის შვილში ჩუმად ჩაუფიქრებია საკუთარი მზრუნველობა. ამ დროს ის გაცილებით რეალური და გაცნობიერებული მშობელია, ვიდრე ბევრი სხვა ბიოლოგიური მშობელი, ანუ ქმედება უკვე აღსრულებულია მასში...


 გნოსტიკურ ლიტერატურაში შევხვდებით ასეთ ფრაზას: "მე ვარ პატივსაცემი და საზიზღარი, მე ვარ მეძავი და წმინდანი"... არასოდეს განგიცდიათ, როცა გარშემო, სადმე შეკრებაზე გესიყვარულებიან და აღნიშნავენ თქვენს ყველაზე ნათელ თვისებებს, მაგრამ ზუსტად მაგ დროს თავს ჩახრი ჩუმად და ვერავის ეუბნები, რომ ამავე დროს შენში რაღაც სიბნელეს გრძნობ გულში, რომელიც მხოლოდ შენ იცი? ან არასოდეს გქონიათ ისეთი წუთი, როცა საკუთარი თავის ბოლომდე დაცარიელება გიცდიათ, ბოლომდე გნდომებიათ საკუთარი თავის გადასწორება და ამით დაცლა, გაგიბედავთ წარმოსახვაში ან ქმედებაში კონკრეტული მორალის ფსკერზე დასვლა, მაგრამ ზუსტად ამ გახრწნაში, დაცემაში, დაშლაში გიგრძვნიათ თან ზუსტად ის გამოუთქმელი ნათელი შეგრძნება, რომლითაც მართლა სიმშვიდეს პოულობთ? თუ არ განგიცდიათ, არასოდეს წარმოგიდგენიათ მაინც, რომ ვინმემ გადმოგცეთ ძალიან დიდი უფლება პიროვნებაზე, ჯგუფზე რადგან თქვენში მაშენებელ ძალას ხედავენ, მაგრამ თქვენ თვითონ საკუთარ თავში ძლივს თოკავთ დამანგრეველ ძალას? ან არასოდეს გიცდიათ ან გიფიქრიათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადარევა, გაგიჟება ისე, რომ დაგენგრიათ თქვენი მორალური სახე სხვების თვალში, ყოფილიყავით გაკიცხვის ობიექტი რათა ამ თვითგანადგურებაში გეგრძნოთ ის, რაც ვერ ნადგურდება - ის ნათელი წერტილი, რომელზეც დაშენებულია თქვენი პიროვნება?.. "მე ვარ მეძავი და მე ვარ წმინდანი" - ორივე ჩემშია, იტყვი ამ დროს, სრული სიცარიელე და სრული სისავსე, და არც ერთი განცალკევებულად ერთმანეთისგან... გაბედავ კი ასეთ დროს საკუთარ ჩვეულ "მე"-სთან შეჭიდებას? გაბედავ ასეთ დროს სხვად დაინახო საკუთარი თავი?

 გრიგოლ რობაქიძე ეპიგრაფად იყენებს "გველის პერანგში": „ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა... და უმეტეს ხმალისა რამე თუ იყო იგი სხვაჲ ჩემი“. გიცდიათ საკუთარ ძმაში ან დაში, დედაში, მამაში, მეგობარში, მეორე ნახევარში, ან საერთოდ უცხო ადამიანში, შემთხვევითი შემხვედრის მზერაში საკუთარი თავი დაგენახათ? გეგრძნოთ "სხვაჲ ჩემი", ანუ მეორე "მე", თქვენი დაფარული ნაწილი, რომელსაც სხვაში როგორც ანარეკლში დაინახავ? და იქნებ ცხოვრების ამოსახსნელი გასაღები არის იმის შემეცნება, რომ ყველაფერი დინამიკაშია და ცვალებადია, როგორც სამყარო ისე ჩვენი "მე"-ც, და ეს არის მისტერია, სიმბოლურად რომ აღიქმება როგორც გველის მიერ საკუთარი პერანგის გამოცვლა, ანუ საკუთარი "მე"-სა და მისი მახასიათებლების პირობითობა...
ფსალმუნში ვკითხულობთ: "ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ!.." მითხარი ვინ და როგორი არის შენი ღმერთი და გეტყვი ვინ ხარ შენ. შენი ღმერთი შენივე ანარეკლია და ის "ზეცაშიც" არის და "ქვესკნელშიც". ის არის შემოქმედი უფალიც... და მისი საწინააღმდეგო ანარეკლიც - დამანგრეველი სატანაც. შენი ღმერთი შენ თვითონ ხარ, როგორიც დახატე, ისიც და მისი ანტიპოდიც შენ ხარ... როცა მშვიდ მდგომარეობაში მიიწერ შენს მიერ განდიდებული ღმერთის თვისებებს, იქვე არ დაგავიწყდეს დაინახო შენში ამ თვისებების ოპოზიცია, რაც ასევე შენია. აღმოსავლეთი კი, რომელიც გაცილებით უფრო დიდ ყურადღებას აქცევს "მე"-ს კონცეფციის აღქმას ფილოსოფიურად, ბჰაგავად-გიტას ენაზე იტყოდა: "არა ყოფილა ჟამი, ოდეს მე, ანუ შენ არ ვიყოფოდით. და ჭეშმარიტად. უკუნისამდე ყოფად მოვიქცევით..." ამას ეხმიანება ძენის ცნობილი შეგონება: "როგორი იყო შენი სახე შენს დაბადებამდე? ანუ სანამ სანამ შენი მშობლები ერთმანეთს შეხვდებოდნენ?"... შეგრძნება, რომელიც ჩვენს უშუალო კავშირს ხედავს არა მხოლოდ ჩვენს ამ მიმდინარე ფორმასთან, არამედ იმ ქმედებებთან, რომელიც ჩვენს დაბადებამდე განხორციელებულა და ჩვენი სიკვდილის შემდეგ მოხდება... თუნდაც შენი პიროვნება რომ დაგენახოს კონკრეტულ პერსონაჟში, რომელიც ძველ ნაწერებშია აღწერილი, ან წარმოიდგინო ჯერ კიდევ არდაბადებული მომავლის გმირი, რომელსაც ნატრობ, და სინამდვილეში შენ თვითონ ხარ ეს გმირი...

 მაგრამ სანამ წიგნებში დაიწყებ ამ კონცეფციებზე ძიებას და ფილოსოფოსებთან მოკვლევას, ხომ არ ჯობდა ყველაზე მარტივი ნაბიჯით დაგეწყო: როცა სადმე გახვალ, თუნდაც დააკვირდე ქუჩაში მდგომ ადამიანს, რომელიც გამოარჩიე და თვალს ვერ წყვეტ, რაღაც გიზიდავს მასში, რაღაც ვერ გასვენებს მის მზერაში. იქნებ ასეთ დროს დაფიქრდე რომ საკუთარ თავს ხედავ მის თვალებში, რომელიც მთელი სამყაროა და სწორედ ის მზერა, რომელიც შენს მზერასთან წამიერად გადაიკვეთება, რაღაც ახალს გაგრძნობინებს შენში. დაფიქრდე: "რა არ მასვენებს მასში?" - სხვაში ხედავდე შენს სურვილებს, ან ქმედებებს (რეალიზებულს თუ ჩაფიქრებულს), რომელიც არ გეგონა რომ ჯერ შენი იყო... და რომ იმაზე მეტი ქმედება გაქვს აღსრულებული, ვიდრე გეგონა...

მსგავსი სტატიები

რა ხდება ამერიკაში... რა ხდება მსოფლიოში... (ნაწილი პირველი)


ტექსტში მოყვანილი ყველა სიტყვა დადასტურებული იქნება დოკუმენტური მას...

გახდი პროგრესის მონაწილე!


რამდენიმე ხნის წინ, ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე დავდე პოსტი სადაც ...

ოშო - ომის და მშვიდობის შესახებ


ოშოს წიგნიდან - "მღვდლები და პოლიტიკოსები: სულის მაფია" (მზ...

მონანიება


ბულგაკოვის რომანში "ოსტატი და მარგარიტა" სატანას მეჯლისზე დედოფლად ...

ადამიანი და ეგრეგორები


მთარგმნელი: მამუკა გურული (ბორის მონოსოვის წიგნიდან - "ფსიქოტრონ...

პალმისტრი - შესავალი გაკვეთილი


1. ხელის არჩევა ჯერ უნდა აირჩიოთ ხელი, რომელზეც იმკითხავებთ. - ...

შვილის 10 მცნება


ავტორი: ანა თოფურიძე 1. შეიყვარე სული და არა სხეული. ამ ქვეყნად...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff