„სტრესში არ იმყოფებით? ესე იგი, თქვენ უკვე მოკვდით!“ რატომ გვევლინება სტრესი სწავლის, შეცნობის პროცესის, და ზოგადად, მთელი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად

Admin
ფსიქოლოგია
0
0

მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო სტრესი არ გახლავთ მხოლოდ ნერვული მდგომარეობა ხელების კანკალის, ...

მთარგმნელი: ლიკა მარღანია

წყარო

სტრესი არ გახლავთ მხოლოდ ნერვული მდგომარეობა ხელების კანკალის, დაფანტული ყურადღებისა და გახშირებული გულისცემის თანხლებით. ეს რეაქციაა სიახლეზე, რომელსაც იძულებული ვართ შევეგუოთ, მას ვერ განაცალკევებთ სწავლის, შეცნობის პროცესისგან (ხოლო რაღაცის სწავლა/შეცნობა მუდმივად გვიწევს). პერსპექტიული კვლევების სკოლის (SAS) პროფესორი ჟული რეშე გვიყვება, თუ როგორ აღმოაჩინა სტრესი კანადელმა მედიკოსმა ჰანს სელიემ და როგორ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა - სიკვდილია.

სტრესმა საკმაოდ ცუდი რეპუტაცია დაიმკვიდრა. პოპულარული ფსიქოლოგიის ბაზარზე უამრავია მსგავსი მოარული შეთავაზებები: „სამუდამოდ გაგათავისუფლებთ სტრესისგან“, „გასწავლით, როგორ იცხოვროთ სტრესის გარეშე“, „დაგეხმარებით, რომ შეწყვიტოთ მღელვარება და დაიწყოთ ცხოვრება“. ამას გარდა, გვთავაზობენ სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების გათავისუფლებას სტრესისგან, იმის მტკიცებით, რომ სტრესი უარყოფითად აისახება სწავლის პროცესზე. ეს, ერთი შეხედვით კეთილშობილური ზრახვები თავის თავში მასობრივი განადგურების საფრთხეს მალავენ, რადგან სტრესის არარსებობა მხოლოდ მიცვალებულ ადამიანს ახასიათებს.
შესაძლოა, ამგვარი შეთავაზებების პოპულარობა განაპირობა იმან, რომ სიტყვა „სტრესი“მთლიანობაში ორგანიზმისთვის საშიშ აშლილობებთან ასოცირდება. სტრესის ფსიქოლოგიური გამოვლინებები დევიანტურ (ნორმიდან გადახრილ) არაჯანსაღ მდგომარეობად ითვლება, რომელიც იდეალურ შემთხვევაში, სასურველია ავირიდოთ. ხოლო ფართოდ გავრცელებული ცრურწმენის თანახმად, ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანად ის ადამიანი ითვლება, რომელიც ცხოვრების გზას ღიმილით და აუღელვებლად მიჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი იდეალი მიუწვდომელია, ის ძალიან ‘აწყობს’ პოპულარულ ფსიქოლოგიას - სწორედ ამ იდეალის მიუწვდომლობის წყალობით შეუძლიათ უსასრულოდ შემოგვთავაზონ თავიანთი ‘დახმარება’ ამ სტრესის მოხსნასა და მის თავიდან აცილებაში.
საყოველთაოდ აღიარებული თვალსაზრისის საპირისპიროდ, რომელიც თვლის, რომ სტრესი - მავნებელი და არასასურველი მდგომარეობაა, ის რეალურად, შემგუებლური (ადაპტივური) პროცესების კომპლექსად გვევლინება.
სტრესი ემსახურება ორგანიზმის მთლიანობის შენარჩუნებას, უზრუნველყოფს მის სწავლისუნარიანობას და არსებობის ცვალებადი პირობებისადმი შეგუების უნარს.
ის რომ სტრესი - მეტწილად უსიამოვნოა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ის არ უნდა განვიცადოთ.

 stres

რა არის „სტრესი“?
ეს ტერმინი პირველად, 1964 წელს , „სტრესის მამად“ აღიარებულმა ჰანს სელიემ გამოიყენა. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ახალი ჰორმონის ძიების პროცესში სელიემ ვირთხებს შეუყვანა ძროხის საკვერცხიდან ამოღებული მასალა. ინექციამ შედეგად გამოიწვია სიმპტომების შემდეგი მახასიათებლების ტრიადა: თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვანი ფენის გადიდება, ლიმფატიკური სტრუქტურების შემცირება და წყლულების გაჩენა კუჭნაწლავის ტრაქტის წებოვან გარსზე. სელიემ ვერ აღმოაჩინა ახალი ჰორმონი, სამაგიეროდ, თვითონ რეაქცია აღმოჩნდა საკმაოდ საინტერესო ფენომენი, ის ხომ ყოველი ინტენსიური მანიპულაციის შემდეგ ხელახლა იჩენდა თავს: უცხო ნივთიერებების შეყვანისას, სითბოს ან სიცივის გავლენით, ტრავმირების, ტკივილის, ხმამაღალი ბგერის, ან კაშკაშა სინათლის ზემოქმედებით. ამგვარად, სელიემ აღმოაჩინა, რომ ორგანიზმი და არამხოლოდ ცხოველების, არამედ ადამიანის ორგანიზმიც - მსგავსად რეაგირებს სხვადასხვა სახის გამღიზიანებლებზე. შედეგად, მან დაუშვა რომ არსებობს ორგანიზმის უნივერსალური შემგუებლური რეაქცია. აღმოჩენილ ტრიადას სელიემ უწოდა ზოგადი (საერთო) შეგუების სინდრომი (ОАС), ხოლო მოგვიანებით - სტრესი. ეს სამი სიმპტომი იქცა სელიესთვის სტრესული მდგომარეობის ობიექტურ მაჩვენებლად და სტრესის მთელი მისეული კონცეფციის შემუშავების საფუძვლად.
სელიემ მოგვცა სტრესის შემდეგი განსაზღვრება - ორგანიზმის არასპეციფიკური რეაქცია გარემო პირობების ცვლილებაზე, ან რამე გამღიზიანებელზე. სტრესის ძირითად მახასიათებლად იქცა მისი არასპეციფიკურობა, რაც ნიშნავს იმას, რომ გამღიზიანებლის ტიპის, ან გარემო პირობების სპეციფიკისგან დამოუკიდებლად, ორგანიზმში ამუშავდება შემგუებლური ქმედებების მსგავსი კომპლექსი. სტრესის გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა მრავალგვარი ბუნების იყოს (ტემპერატურული, სინათლისმიერი, ფსიქიკური და ა.შ.). და, თუმცა, ყოველ ასეთ გამომწვევ ფაქტორზე ორგანიზმი სხვადასხვაგვარად რეაგირებს (მაგალითად, სიცხეში ადამიანის ორგანიზმში ოფლის გამოყოფა ძლიერდება, ხოლო სიცივეში, ის კანკალებს), ნებისმიერი გამღიზიანებლის გავლენით, ისევ ჩნდება სიმპტომების მსგავსი კომპლექსი, რომელიც შეადგენს სწორედ სტრესულ რეაქციას.
სელიეს სიტყვებით, „სპეციფიკური ეფექტის გარდა, ჩვენზე მოქმედი და გავლენის მქონე ყველა აგენტი იწვევს ასევე არასპეციფიკურ მოთხოვნილებას, შევასრულოთ შემგუებლური ფუნქციები და, ამის მეშვეობით, აღვიდგინოთ ნორმალური მდგომარეობა“.
სტრესი ითვლება რაღაც ცუდზე რეაქციად, როგორიცაა არასასურველი ცვლილებები, ან მავნებლური გამღიზიანებელი, მაგრამ ეს ასე არ არის. მისი არასპეციფიკურობა ნიშნავს, რომ სტრესული ფაქტორი არ არის აუცილებელი იყოს სუბექტურად არასასიამოვნო და პოტენციურად ზიანისმომტანი ორგანიზმისთვის. ასეთ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ცვლილებები, რომლებიც თან სდევს როგორც უარყოფით, ასევე დადებით ემოციებს.
სელიეს მტკიცებით, „სტრესული რეაქციის თვალსაზრისით, არ აქვს მნიშვნელობა, სასიამოვნოა, თუ არასასიამოვნოა სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩნდით. მნიშვნელობა მხოლოდ გარდაქმნისა თუ ადაპტირების მოთხოვნის ინტენსივობას ენიჭება.“
უპრიანი იქნებოდა, სტრესი განგვესაზღვრა, არა როგორც რეაქცია მავნებლურ გამღიზიანებელზე, არამედ როგორც ორგანიზმის შემგუებლური რეაქცია სიახლისადმი. სტრესული რეაქცია ხომ არსებობის ჩვეული პირობებიდან ნებისმიერი გადახრისას ვლინდება, და არა მხოლოდ მაშინ, თუ ამ გადახრებს ზიანი მოაქვს ორგანიზმისთვის, ან სუბიექტურად განიცდება, როგორც არასასიამოვნო და არასასურველი მოვლენა. უამრავი რამ, რასაც უცილობლად მივყავართ სტრესთან, საზოგადოებაში მიღებულია ითვლებოდეს სასურველად, - მაგალითად, ინსტიტუტში ჩაბარება, შეყვარებულობა, სამსახურში დაწინაურება, შვილების დაბადება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა ცვლილებების, ან გამღიზიანებლების ტიპს, არამედ მათი ზემოქმედების ინტენსივობას. აქ დიდ როლს სიახლის დონე თამაშობს: რამდენადაც ახალია ესა თუ ის სიტუაცია, ან გამღიზიანებელი ჩვენთვის, სწორედ იმ დონეზე მოითხოვენ ისინი შეგუების პროცესს.
სელიე აღნიშნავს: „ დედა, რომელსაც უცაბედად ეუბნებიან, რომ მისი ერთადერთი შვილი ბრძოლაში დაიღუპა, საშინელ ფსიქიკურ შოკს განიცდის; თუკი წლების შემდეგ გაირკვევა, რომ ეს ახალი ამბავი ტყუილი იყო და მისი შვილი უცებ ცოცხალი და ჯანმრთელი შედის მის ოთახში, ის სიხარულს განიცდის. კონკრეტული შედეგები ამ ორი მოვლენისა, მწუხარებისა და სიხარულის, სრულიად განსხვავებულია, რეალურად, ისინი ურთიერთსაპირისპიროა, მაგრამ მათი სტრესული ეფექტი - არასპეციფიკური მოთხოვნილება, გადაეწყონ ახალ სიტუაციაზე - ერთნაირია“.
სტრესი ეს არის რეაქცია ზოგადად ცვლილებებზე, მიუხედავად იმისა, სასურველია, თუ არასასურველი ეს ცვლილებები. მაშინაც, თუკი ცვლილებები უკეთესობისკენაა, მაგრამ ძალიან ინტენსიურია, ავტომატურად ირთვება სტრესული რეაქცია. როგორც არ უნდა სასურველი იყოს ეს სიტუაცია, ის ჩვენთვის უცხოა (ახალია) და აუცილებელია მას შევეგუოთ. ამასთან, არ არსებობს უკეთესობისკენ უპირობო ცვლილებები - ყველაფერ კარგს თავისი ფასი აქვს, რომლის გადახდაც გვიწევს.
სელიეს ტრიადამ, როგორც სტრესის საბაზისო მაჩვენებელმა, ბოლომდე ვერ გაუძლო დროის გამოცდას. თანამედროვე კვლევების საფუძველზე, დღეს, სტრესის ძირითად ბიოლოგიურ მარკერებად ითვლება ქცევითი რეაქციები, რომლებიც ფასდება დაკვირვებისა და ტესტების მეშვეობით, ასევე, სტრესის ჰორმონების, კორტიკოსტეროიდების, უმთავრესად კი, კორტიზოლის დონის მიხედვით.
სელიეს დასკვნა სტრესული რეაქციის არასპეციფიკურობასთან დაკავშირებით არაერთხელ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. პაჩაკმა და პალკოვიცმა (2001) ჩაატარეს ექსპერიმენტების სერია, სადაც მოახდინეს იმ ფაქტის დემონსტრირება, რომ სხვადასხვა სტრესორები სხვადასხვა ბიომარკერებს და ტვინის სხვადასხვა ნაწილებს ააქტიურებენ. მაგალითად, სისხლში გლუკოზის დაბალი კონცენტრაციები, ან სისხლჩაქცევა ააქტიურებს როგორც სიმპატიკურ, ასევე HPA -სისტემას (ღერძი ჰიპოთალამუსი - ჰიპოფიზი - თირკმლისზედა ჯირკვლები, რომლებიც სტრესზე რეაქციის ფორმირებას ახდენენ); ხოლო, ჰიპერთერმია, გაციება და ფორმალინის ინექცია შერჩევითად ააქტიურებს მხოლოდ სიმპატიკურ სისტემას. ამ მონაცემთა საფუძველზე, პაჩაკმა და პალკოვიცმა დაასკვნეს, რომ ყოველ სტრესორს თავისი ნეიროქიმიური სპეციფიკა ახასიათებს. თუმცა, რამდენადაც სტრესორების უმრავლესობის ზემოქმედების დროს საპასუხო რეაქციის გარკვეული დამთხვევა დაიკვირვება, დღეისათვის ითვლება, რომ ეს კვლევები არ ეწინააღმდეგება სტრესის, როგორც ორგანიზმის, სიტუაციიდან გამომდინარე მოთხოვნილი, არასპეციფიკური საპასუხო რეაქციის თავდაპირველ განმარტებას.

 stres1

სტრესულ მდგომარეობაში ორგანიზმი ერთიანად რეაგირებს გამღიზიანებელ ფაქტორზე, ახდენს ძალების კომპლექსურ მობილიზებას, რათა გაუმკლავდეს შექმნილ სიტუაციას. ორგანიზმის ყველა სისტემა ჩართული და გააქტიურებულია რეაქციაში, მხოლოდ ‘კომფორტისთვის’ გამოყოფენ ხოლმე სტრესის კონკრეტულ გამოვლინებებს, როგორიცაა ფიზიოლოგიური (მაგალითად, კორტიზოლის გამოყოფა), ფსიქოლოგიური (განგაში და ყურადღების მობილიზება) ქცევითი (კვების და სექსუალური ქცევების შენელება/დამუხრუჭება) და სხვა.
როდესაც საქმე მოსალოდნელ საფრთხესთან გვაქვს: ვთქვათ, ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს ურთიერთობებს გაწყვეტა ემუქრება, ან გამოცდაზე ჩაჭრის საფრთხე არსებობს, ან, თუ მშვიდობიანი პროტესტის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში მოხვედრის საფრთხეს ვხედავთ, ჩვენი ჰიპოთალამუსი ამ დროს საავარიო სისტემას რთავს და ქიმიურ სიგნალებს გზავნის ჰიპოფიზში.
ჰიპოფიზი, თავის მხრივ, გამოყოფს ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს, რომელიც ააქტიურებს ჩვენს თირკმლისზედა ჯირკვლებს, რათა მათ გამოყონ ადრენალინი და კორტიზოლი. ადრენალინი ზრდის გულის შეკუმშვების სიხშირეს, სისხლის წნევას და ორგანიზმის საერთო აქტივობას. კორტიზოლი ზრდის გლუკოზის დონეს სისხლში და ზემოქმედებს იმუნურ სისტემაზე, ტვინსა და სხვა ორგანოებზე. ამას გარდა, ის თრგუნავს საჭმლისმომნელებელ და რეპროდუქციულ სისტემებს, ასუსტებს იმუნური სისტემის რეაქციებს და ტვინის იმ ნაწილებში გზავნის სიგნალს, რომლებიც კოგნიტურ ფუნქციებს, გუნება-განწყობას, მოტივაციას და შიშს აკონტროლებენ. ეს კომპლექსი ჩვენ გვეხმარება ორგანიზმის ძალების მობილიზებაში, რათა შევეგუოთ ცვლილებებს, ან გავუმკლავდეთ სიტუაციას.

არსებობს თუ არა კარგი ან ცუდი სტრესი?
მოგვიანებით, კვლევებში სელიემ მთელი ყურადღება სტრესული რეაქციების ტიპიზაციისკენ მიმართა ჯანმრთელობისთვის მისი სარგებლისა და მავნებლობის ნიშნით. შედეგად, 1976 წელს მან შემოიღო ტერმინი „ეუსტრესი“ (ძველბერძნულიდან - εὖ, „კარგი“), რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „კარგ სტრესს“ და „დისტრესი“ (ძველბერძნულიდან - δυσ, „დანაკარგი/ ზიანი“), სიტყვასიტყვით - „გამომფიტავი სტრესი“. სელიეს კონცეპტუალიზაციის მიხედვით, დისტრესი და ეუსტრესი არ გახლავთ სტრესის ორი სახე, როგორც ზოგჯერ თვლიან ხოლმე. ეს იმთავითვე უნივერსალური სტრესული მდგომარეობის განვითარების ორი სცენარია. განსხვავება თავს იჩენს მხოლოდ იმ ეტაპებზე, რომელიც თვით სტრესს მოსდევს. ეუსტრესი - ეს არის სტრესის შემგუებლური შედეგები, ხოლო დისტრესი - პირიქით.
სელიე გამოყოფს სტრესის განვითარების სამ ძირითად სტადიას: განგაშს, წინააღმდეგობას, გამოფიტვას.
• პირველ სტადიაზე ვითარდება განგაშის მდგომარეობა და ყურადღების კონცენტრირება ხდება - როგორც რეაქცია გამღიზიანებელზე, ან გარემო პირობების ცვლილებაზე, ანუ, ისეთ რამეზე, რაც, ამა თუ იმ ხარისხით, სიახლეა.
• მეორე სტადიაზე გამომუშავდება ორგანიზმის რეზისტენტულობა, ანუ მიმდინარეობს ორგანიზმის ძალების მობილიზება ახლად შექმნილ სიტუაციასთან გასამკლავებლად, ან მასთან შესაგუებლად.
• მესამე სტადიაზე უკვე ხდება გამოფიტვა, ორგანიზმის რესურსები თავის თავს ამოწურავენ, რაც სუბიექტურად განიცდება, როგორც დაღლილობა და გამოფიტულობა.
სტრესი ითვლება არაადაპტივურად, დისტრესად, თუკი ორგანიზმის რესურსები თავს ამოწურავენ მანამდე, ვიდრე ადაპტაცია მიიღწევა.
ტერმინებმა „ეუსტრესი“ და „დისტრესი“ ვერ ჰპოვეს ფართო გავრცელება სამეცნიერო წრეებში, სამაგიეროდ მათი გამარტივებული ინტერპრეტაცია დღემდე ფართოდ გამოიყენება პოპულარულ ფსიქოლოგიაში. მიუხედავად იმისა, რომ თეორიაში დისტრესსა და ეუსტრესს შორის საზღვრის გავლება საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება, პრაქტიკაში რთულია განსაზღვრა, თუ სტრესის განვითარების რომელ სცენართან გვაქვს საქმე - წარმატებით იქნა თუ არა მიღწეული ადაპტაცია და ამართლებს თუ არა მიღწეული შედეგები ორგანიზმის მიერ დახარჯულ რესურსებს. იმდენად, რამდენადაც სტრესის თავდაპირველი ფიზიოლოგიური სურათი ერთნაირია ხოლმე, განსხვავება, ძირითადად, სტრესის თანმხლებ სუბიექტურ ემოციებსა და შეფასებებში მდგომარეობს. მაგალითად, ღირდა თუ არა გამოცდაზე მიღებული ‘ხუთიანი’ მის მომზადებაში გათეულ ღამეებად და ნერვიულობად? გავითვალისწინოთ ისიც, რომ სტრესის შემგუებლური და არაშემგუებლური შედეგები, ფაქტობრივად, ერთი მედლის ორი მხარეა.
ზემოთ მოყვანილ გამოცდის შემთხვევაში არაშემგუებლურ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ძილის რეჟიმის დარღვევა, ხოლო შემგუებლურად - ცოდნის ათვისება და კარგი ნიშანი.
გავითვალისწინოთ, რომ თუნდაც გამოცდა ვერ ჩაბარდა, მაგრამ საგამოცდო მზადებას მაინც ახლდა სტრესი, ეს შედეგი ვერ ჩაითვლება მხოლოდ არაშემგუებლურად, ჩვენ ხომ მივიღეთ სწავლის გარკვეული გამოცდილება.
ფსიქიატრიაში სტრესს უკავშირებენ გარკვეული ფსიქიკური აშლილობების დაწყებას. ‘ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს’ ბოლო ვერსიაში (DSM-5) უთითებენ ორი სახის ფსიქიკურ აშლილობაზე, რომელიც ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად ვლინდება: მწვავე სტრესული აშლილობა და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა (ПТСР). სიმპტომებს შორისაა: ტრავმის შემცველ მოვლენებთან დაკავშირებული მოგონებების ამოჩემება, მდგრადი ნეგატიური ემოციური მდგომარეობა, დადებითი ემოციების განცდის უუნარობა, გამძაფრებული საფრთხის მოლოდინი (настороженность), შფოთვა. ეს სიმპტომები პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოსტირების საფუძვლად მიიჩნევა, თუკი მათი გამოვლინება თვეზე მეტ ხანს გრძელდება და სხვა მნიშვნელოვან აშლილობებს, ან დარღვევებს იწვევს სოციალურ, პროფესიულ ან საქმიანობის სხვა სფეროებში.
ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგებს ჯერ კიდევ ფროიდი იკვლევდა. ამასთან, ის ამტკიცებდა, რომ განვითარების პროცესში ტრავმატიზება გარდაუვალია. უფრო მეტიც, თუკი ფროიდს მივყვებით, თვით განვითარება შეიძლება განვიხილოთ, როგორც ტრავმირების გამოცდილებასთან ადაპტაციის პროცესი.
ფროიდი ფსიქიკურ ტრავმას ფიზიკური ტრავმის ანალოგიურად განიხილავდა: „ფსიქიკური ტრავმა, ან მასთან დაკავშირებული მოგონება უცხო სხეულის მსგავსად მოქმედებს, რომელიც (ორგანიზმში) შეღწევის შემდეგ კიდევ დიდხანს რჩება მოქმედ ფაქტორად.“
თუკი დავუბრუნდებით სელიეს ცდებს, ვნახავთ, რომ სტრესული რეაქცია მაშინ გამოვლინდა, როდესაც ვირთხებს შეუყვანეს საკვერცხეებიდან ამოტუმბული მასალა - უცხო ნივთიერება, რომელთან შესაგუებლადაც ორგანიზმში სტრესული რეაქცია დაიწყო. ფსიქოლოგიური ტრავმის შემთხვევაში უცხო ნივთიერების ან სხეულის ანალოგად გვევლინება ახალი გამოცდილება, რომელიც თავისი განსაზღვრებით განსხვავებულია ძველისგან, ინდივიდში უკვე არსებულისგან, ამიტომაც უცხოა, და ესე იგი, მას არ შეუძლია უმტკივნეულოდ შეერწყას უკვე არსებულ გამოცდილებას და ერთ მთლიანობად იქცეს.
თუმცა, მაშინაც კი, როდესაც შესაძლებელია სტრესის შედეგების ПТСР-ად კლასიფიცირება, ის ვერ განიხილება უპირობოდ არაშემგუებლურ შედეგად. თუკი ომში ნამყოფ ადამიანს აღენიშნება ПТСР, ეს გულისხმობს, რომ ცვლილებები მის ფსიქიკაში შესაძლოა იყოს არაშემგუებლური მშვიდობის პირობებში, მაგრამ, ამავე დროს, მან (რამდენადაც შეძლო) განვლო ომის მიმართ ადაპტირების პროცესი. თუკი გარემო პირობები შეიცვლება, ანუ, აღარ იქნება მშვიდობიანი, ამგვარი „არაშემგუებლური“ ადამიანები ყველაზე მეტად შემგუებლები გახდებიან.

რატომ არის სტრესი რეაქცია სიახლეზე?
სტრესი აუცილებელი პირობაა განვითარებისა და არსებობისთვის. უფრო უპრიანი იქნებოდა მავნებლურად ჩაგვეთვალა არა თვით სტრესული მდგომარეობა, არამედ არასასიკეთო ზემოქმედება, ან გარემოს ცვლილებები, რომლებიც ახდენენ მათდამი ადაპტირების პროვოცირებას. სტრესი ბიძგს აძლევს საადაპტაციო რეაქციას, ანუ ახალი სიტუაციის პირობებთან, ან გამღიზიანებლის არსებობასთან შეგუებას. გამღიზიანებლის რეგულარული ზემოქმედებისას სიახლის ეფექტი ქრება ან სუსტდება და, შესაბამისად ეცემა სტრესის დონეც - ჩვენი ორგანიზმი მასზე უფრო მშვიდად რეაგირებს. ჩვეულებრივ ხდება აღნიშნულის, როგორც მიჩვევის ინტერპრეტირება.
თუ ჩვენ რეგულარულად ვიმყოფებით გარკვეული სტრესორის ზემოქმედების ქვეშ, მაგალითად, მაღვიძარას ზარზე ყოველ დილით ადრე ვიღვიძებთ, დროთა განმავლობაში ვეჩვევით ამ გამღიზიანებელს და სტრესული რეაქციაც ნაკლებად გამოიხატება.
იმის სადემონსტრაციოდ, რომ სტრესი წარმოადგენს რეაქციას სიახლეზე და არა უარესობისკენ შეცვლილ გარემო პირობებზე, თავის წიგნში „სტრესი, რომელიც მუდამ შენთანაა“ დიმიტრი ჟუკოვს მაგალითად მოჰყავს კატა, რომელიც აღბეჭდილია სტალინგრადის ბრძოლის დროს გადაღებულ ფოტოზე.

 stres2

კატის პოზის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის არ განიცდის სტრესს, თუმცა ბრძოლის ველზე იმყოფება. უფრო მეტიც, ფოტოზე ჩანს წერილი, რომელიც მიმაგრებულია კატის საყელურზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კატა მეკავშირის როლს ასრულებდა. საომარი პირობები, უდავოდ, ძლიერი სტრესის წყაროა, მიუხედავად ამისა, კატამ მოახერხა ამ პირობებთან შეგუება, რადგან ის ამ ომში გაიზარდა. სროლისა და აფეთქების ხმებს, რომლებიც მშვიდობიან პირობებში სტრესს იწვევს, კატა აღიქვამდა, როგორც თავისი საარსებო გარემოს შემადგენელ განუყოფელ ნაწილს.
ჟუკოვი უშვებს, რომ კატას, რომელმაც შეძლო ამ პირობებთან ადაპტირება, სტრესული რეაქცია გაუჩნდება ნაკლებად საშიშ პირობებში (მაგალითად, მშვიდობიანი სოფლის არაკეთილსაიმედო სიჩუმეში), ეს ხომ მისთვის უჩვეულოა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სტრესი წარმოადგენს (ნებისმიერ) სიახლეზე შემგუებლურ რეაქციას, მაშინ, პრინციპში, მთელი ჩვენი არსებობა ამ სტრესების მონაცვლეობაა, ანუ სიახლის შეცნობის, ახლის სწავლის ეტაპები. სწავლის პროცესი შეიძლება განვიხილოთ, როგორც აქამდე უცნობ სიტუაციაში მოხვედრა და მასთან ადაპტირება.
ამ გაგებით, ბავშვი უფრო ექვემდებარება სტრესებს, მიუხედავად გავრცელებული მითისა ბავშვობის, როგორც ცხოვრების ყველაზე უსტრესო პერიოდის შესახებ. ბავშვობა ინტენსიური შეცნობის ხანაა. მითი უსტრესო ბავშვობის შესახებ უფროსების მოგონილია, რომლებსაც ის ყველაფერი, რასაც ბავშვი სწავლობს, ელემენტარულად და მარტივად ეჩვენებათ.
აღნიშნულ წიგნში ჟუკოვს მოჰყავს ერთი წლის ასაკის ყვავების მაგალითი, რომლებიც ასაკით უფროსი ფრინველებისგან თავის შედარებით დიდი ზომით გამოირჩევიან. მაგრამ, ეს მხოლოდ შთაბეჭდილებაა, რომელიც იმიტომ გვექმნება, რომ ამ პატარა ბახალებს თავზე ბუმბული ყალყზე უდგათ. ეს სტრესული რეაქციის ერთ-ერთი გამოვლინებაა: ერთი წლის ბახალას ყველაფერი უკვირს, მისთვის მთელი ეს სამყარო რაღაც ახალია და ყველაფერთან ადაპტირება უწევს. ხოლო ზრდასრული ყვავების გაკვირვება უფრო რთულია და მათი ბუმბული მშვიდადაა დალაგებული და თავიც ვიზუალურად პატარავდება.

 

როგორ გვეხმარება (და ხელს გვიშლის) სტრესი სწავლაში?
სტრესული მოვლენები ძალიან კარგად გვამახსოვრდება, უფრო მეტიც, რაც უფრო გამოხატულია რეაქცია, მით უფრო კარგად ვიმახსოვრებთ მის მაპროვოცირებელ მოვლენებს. ეს მექანიზმი დევს ПТСР-ის საფუძველში, როდესაც ადამიანს სურს დაივიწყოს ის, რამაც მოახდინა სტრესის პროვოცირება, მაგრამ, ვერ ახერხებს ამას.
თავისი უნარის წყალობით, ხელი შეუწყოს კონცენტრაციას და დამახსოვრებას, სტრესი გვეხმარება სწავლის პროცესში და ის აუცილებელიც კია. იმ შემთხვევაში, თუკი სტრესორი უკავშირდება მიზანმიმართულ სასწავლო პროცესს (მაგალითად, სტრესი გამოცდის წინა ღამეს), უნდა ვისაუბროთ არა აბსტრაქტულ ადაპტაციაზე, არამედ თვითონ სწავლაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შემგუებლური რეაქცია იქნება თვით სწავლის პროცესი, რომელიც უნდა განიხილებოდეს, როგორც დამახსოვრების, ყურადღების, შრომისმოყვარეობის, კონცენტრირებულობისა და საზრიანობის უნარების კომპლექსი.
ტრადიციულად ითვლება, რომ სტრესის კავშირი სწავლასთან არაერთგვაროვანია: სტრესი, თუმცა ითვლება სწავლის აუცილებელ პირობად, მას ცუდი ზეგავლენის მოხდენაც შეუძლია.
მაგალითად, ვირთხები, რომლებიც სწავლობენ მორისის ლაბირინთში დამალული პლატფორმის მოძებნას, სტრესის მომატებული დონის პირობებში (რაც წყლის ტემპერატურის დაწევით მიიღწევა) უკეთ იმახსოვრებენ პლატფორმის ადგილმდებარეობას და უფრო დიდხანს ახსოვთ, ამ ვარჯიშიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგაც. მიუხედავად ამისა, სტრესის გავლენა სწავლის პროცესზე მოქმედებს მხოლოდ წყლის განსაზღვრულ ტემპერატურამდე. უფრო დაბალი ტემპერატურა არ გვაძლევს უკეთეს შედეგს, პირიქით, აუარესებს პროცესს. სწორედ ამის საფუძველზე, ჩვეულებრივ, ასკვნიან, რომ სტრესის ზომიერი დონე სასარგებლოა სწავლისთვის, ხოლო მომატებული დონე უარყოფითად მოქმედებს.
ნეირობიოლოგი მარიან ჯოელსი და მისი კოლეგები დაინტერესდნენ შემდეგი საკითხით: რა განსაზღვრავდა კონკრეტულად იმას, თუ რა გავლენას ახდენს სტრესი სწავლის პროცესზე. მათ, ასევე, ეჭვქვეშ დააყენეს წარმოდგენა სტრესზე, როგორც მექანიზმზე, რომელიც გავლენას ახდენს სწავლის პროცესზე ურთიერთგამომრიცხავი ფორმით, ანუ უნარით, ხელი შეუშალოს, ან ხელი შეუწყოს სწავლის პროცესს.
რაც შეეხება ვირთხების ექსპერიმენტს, ის გვიჩვენებს, რომ სწავლის ეფექტურობის შემცირება შეიძლება დავუკავშიროთ არა სტრესის ნეგატიურ ზემოქმედებას, არამედ იმას, რომ შედარებით დაბალ ტემპერატურაზე ვირთხების ორგანიზმი გადაირთვება ენერგიის შენახვის სტრატეგიაზე, და აქედან გამომდინარე, სწავლა აღარ არის პრიორიტეტული ამოცანა. ესე იგი, სტრესის რეაქციამ ამოწურა თავის თავი, რამაც დაბლა დაწია სწავლის ეფექტურობა.
ჯოელსისა და მისი კოლეგების კვლევებმა კი გვიჩვენა, რომ სტრესი იმ შემთხვევაში უწყობს ხელს სწავლას და დამახსოვრებას, თუკი სტრესის რეაქცია დროში ემთხვევა სწავლის პროცესს. თუ სტრესი გამიჯნულია სწავლის პროცესისგან, ანუ ადამიანი განიცდის სტრესს არა თვით სწავლის პროცესში, არამედ, მაგალითად, ამ სტრესის განცდიდან ერთი დღის შემდეგ, მას უფრო ძნელად დაამახსოვრდება ნასწავლი მასალა.
თუ თქვენ ემზადებოდით მათემატიკის გამოცდისთვის და ამ პროცესს თან ახლდა შესატყვისი სტრესი, ხოლო მომდევნო დღეს თქვენ განიცადეთ სტრესი პირადი სიტუაციების გამო, მაშინ თქვენ გამოცდაზე ბევრად დაბალ შედეგებს აჩვენებთ, ვიდრე შეგეძლოთ გეჩვენებინათ, თუკი თქვენი სტრესი უშუალოდ მათემატიკასთან იქნებოდა მჭიდრო კავშირში.
მიუხედავად იმისა, რომ სტრესით განპირობებული ეფექტი, რომელიც არ ემთხვევა სწავლის პროცესს, ლოგიკურად ინტერპრეტირდება, როგორც ნეგატიური გავლენა სწავლის პროცესზე, ჯოელსი და მისი კოლეგები გვთავაზობენ ალტერნატიულ ინტერპრეტაციას. სტრესმა, რომელიც არ დაემთხვა სწავლის პროცესს, ბიძგი მისცა ახალ სწავლის პროცესს, რომელიც კონკურენციას უწევს, ან ‘გადაეწერება’ ძველ ნასწავლ ინფორმაციას. ჩვენს მაგალითში გამოცდასთან და პირად პრობლემებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცუდად ავითვისეთ საგამოცდო მასალა, მაგრამ, სამაგიეროდ, კარგად დავიმახსოვრეთ პირადი ხასიათის სტრესის მაპროვოცირებელი სიტუაცია. და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ის ცოდნა გამოგვადგეს მეტად ცხოვრებაში, რომელიც დაბალი საგამოცდო ქულის ფასად მივიღეთ.
მოგვიანებით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურეს ჯოელსის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევების შედეგები. ტომ სმიტსმა და მისმა კოლეგებმა მიუთითეს სტრესული მდგომარეობის სწავლის პროცესთან არამხოლოდ დროითი, არამედ კონტექსტუალური თანხვედრის მნიშვნელობაზე.
მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი სტუდენტებთან და აღმოაჩინეს, რომ როდესაც ინფორმაცია, რომელიც უნდა დასწავლილიყო, კონცეპტუალურად უკავშირდებოდა მათ სტრესულ მდგომარეობას, რაც სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი იყო, სწავლა სტრესულ მდგომარეობაში ხელს უწყობდა მასალის უკეთ ათვისებას და დამახსოვრებას. ესე იგი, ხარისხიანი საგამოცდო მზადებისთვის ჩვენი სტრესი სწავლის პროცესში უნდა იყოს გამოწვეული თვით გამოცდისა და სასწავლი მასალის ფაქტით და არა, მაგალითად, პირადი სიტუაციებით.

***
იდეალიზებული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ თუ შევძლებთ მთლიანად ავირიდოთ სტრესი, ამით ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახდება, არარეალურია. სტრესისგან გათავისუფლება შეუძლებელია, და არც არის საჭირო. სტრესს შეუძლია გამოგაცოცხლოთ და მხნეობა შეგმატოთ, მაგრამ ამავე დროს, ღონე გამოგაცალოთ და გამოგფიტოთ. პირველი შეუძლებელია მეორის გარეშე. გულისცემის მსგავსად, სტიმულაციის ეტაპების მონაცვლეობა, გამოფიტვა და აღდგენა არის სწორედ სიცოცხლის რიტმი. სტრესი მიუთითებს იმაზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც ჩვენ აღგვაფრთოვანებს, ან გვტკენს, რის მიმართაც ვერ დავრჩებით გულგრილნი. თუკი სტრესი არ იქნება, ჩვენთვის ყველაფერი სულ ერთი გახდება, აპათიას და გაუცხოებას ვიგრძნობთ, არაფერში აღარ ვიქნებით ჩართულები.
ჰანს სელიეს სიტყვებით, „სტრესისგან სრული თავისუფლება სიკვდილს უდრის. სტრესი დაკავშირებულია სასიამოვნო, თუ უსიამოვნო განცდებთან. ფიზიოლოგიური სტრესის დონე მაქსიმალურად დაბალია გულგრილობის მომენტებში, მაგრამ არასოდეს უდრის ნულს (ეს უკვე სიკვდილი იქნებოდა).“
შესაძლოა, გეცნობათ სიტუაცია, როდესაც გადაწყვიტეთ დღე დასვენებისთვის მიგეძღვნათ, ამასთან, დასვენების ქვეშ არაფრის კეთებას გულისმობდით, მაგრამ ამ დღის ბოლოს, თქვენ გაგიჩნდათ შემაწუხებელი შეგრძნება, თითქოს ეს დღე არც ყოფილა. ერთადერთი, რაც ასეთ დღეს გადაარჩენს, არის წუხილი დაკარგული დღის გამო, რაც ძალების მობილიზაციის და დაკარგულის ანაზღაურების სტიმულს წარმოშობს. 

ჯანმრთლობისათვის საფრთხისა და იმ ილიუზიის პოსტულირებისას, რომ ვითომ შესაძლებელია სტრესის თავიდან აცილება, პოპულარული ფსიქოლოგია ექსპლუატაციას უწევს ჩვენს უნარს განვიცადოთ სტრესი. ადამიანი იწყებს ამ მდგომარეობის, როგორც არაჯანსაღი მდგომარეობის აღქმას და მიმართავს შემგუებლურ და სამობილიზაციო რესურსებს არა იმ სიტუაციებისკენ, რომლებმაც მოახდინეს სტრესის პროვოცირება, არამედ თვით სტრესის თავიდან აცილებისკენ, ანუ, განიცდის სტრესს თავად სტრესის გამო და ამ ეტაპზე დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართავს.
ანალოგიურად, ჩვენს უნარს განვიცადოთ სტრესი ექსპლუატაციას უწევენ საზოგადოებრივი მოძრაობები, რომლებიც პანიკას ტეხენ იმის გამო, რომ თანამედროვე საზოგადოებაში სტრესის დონე გაზრდილია. ამით ისინი ყურადღების მიქცევას ცდილობენ, თუმცა, თვითონ იწვევენ ახალ სტრესს ისევ სტრესის გამო.
სტრესი გარდაუვალია, ვიდრე ჩვენ ვცოცხლობთ. ამიტომ, მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ეფექტურად გამოვიყენოთ იგი და, სულ მცირე, არ დავხარჯოთ სტრესი არასაჭირო შფოთვასა და წუხილში იმის გამო, რომ ჩვენ მას განვიცდით.

მსგავსი სტატიები

აგრესია და მისი გამოვლინებები გამომწვევი ფაქტორები


ავტორი: ნანა აბესაძე აგრესია არის ადამიანის ერთერთი პიროვნული მა...

7 უცნაური კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრების მიზნის პოვნაში


მთარგმნელი: ნინო მამულაძე წყარო ერთ დღეს, როდესაც ჩემი ძმა 18-ის ...

შიშს რომ ნახევარწრე შემოუარო


 ავტორი: ანა თოფურიძე  სამყაროს შეუცნობელი ძალა მართავ...

საკუთარ თავზე შეყვარებული დემონები: მართალია, რომ ნარცისიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ?


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო უთუოდ გექნებათ გაგონილი, თითქოს...

ჯორდან პიტერსონი: რატომ არიან ახალგაზრდები განაწყენებულები და ცინიკურები


ტრანსკრიბცია ჯორდან პიტერსონის ვიდეოდან (ვიდეო იხ. ტექსტის ბოლო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff