კუნგ-ფუ პანდა და აწმყო, როგორც სამოქმედო არეალი

Admin
ხელოვნება
0
0

Screenshot 2024-09-23 at 18.40.54

ავტორი: მეკო გელაშვილი

მთავარი სათქმელი, რის გარშემოც ეს ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი, „კუნგ-ფუ პანდა” ტრიალებს ისაა, რაც თავისთავადაც ცხადია. ანუ, ის, რომ დროსივრცულ განლაგებაში სამივე დროს თავისი ფუნქცია აქვს. ესაა წარსული, როგორც განცდილი ემოციების, განვლილი ისტორიისა და გამოცდილებების საცავი. მომავალი, როგორც განსახორციელებელი ქმედებების და შესაძლებლობების ხელჩასაჭიდი. ბოლოს კი აწმყო, რომელიც უმთავრესია, რადგან სწორედ ისაა მთავარი არეალი, სადაც წარსულიდან წამოღებული არქივისა და სამომავლოდ მისაღწევი ოცნებების მუხტი გიბიძგებს, შეძლო თითქმის შეუძლებელი.

ანიმაცია აღმოსავლურ ფილოსოფიას ეფუძნება და ძირითადი აქცენტი საკუთარ თავში გმირის ჯერ აღმოჩენას, შემდეგ კი ამავე გმირის გათავისუფლებას ეხება. პოს გამზრდელი მამა მისგან მხოლოდ იმას მოელის, რომ მათი ოჯახის მიერ შემუშავებული ინგრედიენტებით მომზადებული წვნიანი პოპულარული გახდეს და მუდმივად ჰყავდეს მომხმარებელი. პო გმირია, რომელიც ამ წვნიანს დაატარებს მაგიდებს შორის და ზოგჯერ გაჰყურებს ხოლმე სასახლეს, რომელშიც დრაკონის მებრძოლები ცხოვრობენ. პოს აქვს ოცნება, ერთ-ერთი მათგანი გახდეს და თავისი როლი შეასრულოს ბოროტი ძალებისგან დაჩაგრული ქვეყნისთვის თავისუფლებისა და სიმშვიდის დაბრუნების პროცესში.

ერთხელაც, პო მიიღებს ინფორმაციას, რომ დადგა დღე, როდესაც მთავარი დრაკონის მებრძოლი უნდა გამოვლინდეს. მას ერთი სული აქვს, ამ ცერემონიას დაესწროს, თუმცა, სამზარეულოში ბევრი საქმე აქვს. ამ დროს, მამა, იმ მიზნით, რომ საკვები გაყიდონ პოს ცერემონიაზე საკვებით სავსე დახლს გაატანს. სასახლემდე მისასველად უზარმაზარი კიბეა ასავლელი, რაც, მეტაფორულად, არის ურთულესი გზა, რომლის გავლაც პოს მოუწევს ოცნების ასახდენად. კადრში ჩანს, როგორ უჭირს პოს ამ საკვებით სავსე დახლის ატანა უსაშველოდ დიდი კიბის პირველ საფეხურზეც კი. ვფიქრობ, დახლზე დალაგებული წვნიანით სავსე ჭურჭელი არამარტო პოს მიერ, არამედ, ზოგადად, ჩვენი, ადამიანების მიერ დროთა განმავლობაში გააზრებულად თუ გაუაზრებლად მოწებებული პატარ-პატარა ტვირთების მთლიანობაა. იმ ტვირთებისა, რომელთაგანაც, თუ კარგად დავფიქრდებით, ბევრი ჩვენ არც კი გვეკუთვნის. ესენია დროთა განმავლობაში შეძენილი შიში, დაძაბულობა, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დაეჭვება, ოცნებების დათრგუნვა, გაღიმებისა და კარგი ხასიათზე ყოფნის უხერხულობა, თავდაჯერებულობის არარსებობა და კიდევ უამრავი რამ, რაც ყველას ერთად გაგვახსენდა ამის კითხვისას. საკვებით დატვირთული ეს დახლი, რომელიც პომ სასახლემდე უნდა აიტანოს ის მძიმე ლოდია, რომელიც, თუ რაღაც არ შევცვალეთ, სიზიფესეულად უკან დაგვიბრუნდება ისევ. იმისთვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი შემაფერხებელი და დამაბრკოლებელი შეგრძნებები აღარ გვაწუხებდეს, საჭიროა, მათ ნაცვლად ვისწავლოთ მათი შემცვლელი შეგრძნებების მიღება. საჭიროა, ადგილი დავუთმოთ გამბედაობას, სიმშვიდეს, თავდაჯერებულობას და სხვა. ეს ვერ მოხდება მაშინ, როცა შინაგან ღირებულებათა ველში მთელი ადგილი აქვს ათვისებული დამაზიანებელ შეგრძნებებს. რაღაც ახალმა რომ შეძლოს შემოსვლა, ამისთვის ადგილი უნდა გათავისუფლდეს. ჩემი აზრით, ზუსტად ეს პროცესია ის კადრი, როცა პო გაჭირვებით, მაგრამ, მაინც დიდი მონდომებით გააგრძელებს კიბეზე სვლას და ჩვენ ვხედავთ, რომ პროცესში დახლიდან ჭურჭელი ცვივა. ბოლო რამდენიმე საფეხურია დარჩენილი და პოს მხოლოდ ერთი ჯამი უჭირავს ხელში. ბოლოს კი ხვდება, რომ ეს ჯამიც კი ამძიმებს და შიშველი ხელებით დაადგამს პირველ ნაბიჯს მწვერვალზე, ანუ, კიბის საბოლოო საფეხურზე. ამ სირთულის გადალახვის ფონზე, ვხედავთ, რომ პოს სასახლის კარი დაკეტილი ხვდება, თუმცა, ესეც სიმბოლო და მეტაფორაა. ხშირად გვგონია, რომ რაღაც დაგვიანებულია, რაღაც არ გამოვა, არ მიმართლებს და ასე შემდეგ. თუმცა, საკმარისია, რომ გვერდით გაიხედო და დაინახავ, რომ ამ სასახლეს სხვა კარიც აქვს. აი, ზუსტად აქ იწყება სწორედ ის, რაც მის დაცარიელებულ და „მშიერ“ გულსა და გონებას აავსებს ახალი, ნათელი და დადებითი შეგრძნებებით.

სიტუაციის უცნაურად განვითარების ფონზე, ხდება ისე, რომ ბრძენი უგვეი მთავარ დრაკონის მებრძოლად პოს ასახელებს. რა თქმა უნდა, ყველა, მათ შორის პოც გაოგნებულია ამ გადაწყვეტილებით, თუმცა, შეწინააღმდეგებას ვერავინ ბედავს, რადგან, ამ არჩევანს ბედისწერასთან აკავშირებენ, ეს კი მათთვის ძვირფასი რამაა. იწყება პოს წვრთნა და თავგადასავალი, რომელმაც ჯერ პო უნდა აქციოს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებულ გმირად, შემდეგ კი თავად შეძლოს ბოროტი ძალის დამარცხება. პო დროთა განმავლობაში სწავლობს, რომ სიმამაცე შიშის არქონა კი არა, არსებულ შიშზე გამარჯვებაა. შინაგან თუ გარეგან შიშთან დაპირისპირება ის საკრალური ნაბიჯია, რომელიც თავდაჯერებულობის ხარჯზე გაგვამარჯვებინებს. პოს ისტორია არის ზუსტი გამოხატულება იმისა, რომ თუ ოცნება გაქვს, შეგიძლია ნულიდან, სრული საწყისიდან იქცე გმირად.

ანიმაციაში ორი მთავარი გმირია, რომელიც ნათელ და ბნელ მხარედაა წარმოდგენილი და იბრძვის იმისთვის, რომ მოიპოვონ აქამდე თვალით უხილავი გრაგნილი, რომელშიც რაღაც ისეთი წერია, რაც უფრო მეტ ძალას მოუტანს ამა თუ იმ გმირს. საბოლოოდ, ვხედავთ, რომ ამ გრაგნილზე არაფერი წერია და შიგნით მხოლოდ სარკე, ანუ, შენივე ანარეკლია. ის, რამაც ძალა უნდა შეგმატოს, ვინც და რამაც სწორი გადაწყვეტილება უნდა მიგაღებინოს მხოლოდ და მხოლოდ შენ ხარ. შენ, რომელსაც არ გაგიჭირდება და სარკეში საკუთარ თავს თვალებში ჩახედავ. საბოლოოდ, პოს მამაც უმხელს საიდუმლო ინგრედიენტს და ეუბნება: „არ არსებობს განსაკუთრებული ინგრედიენტი იმისთვის, რომ კერძი გემრიელი გამოვიდეს. მთავარია, გჯეროდეს, რომ ის განსაკუთრებულია.“ ამის შემდეგ, პო ერთმანეთთან აკავშირებს მამამისის სიტყვებსა და გრაგნილის სიცარიელეს. შენ ხარ ის, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, დარჩები იქ, სადაც ახლა ხარ თუ დაიჯერებ შენს შესაძლებლობას და გახდები ბევრად უკეთესი.

გავიხსენოთ ბრძენი უგვეის არაჩვეულებრივი სიტყვა: „გუშინდელი დღე ისტორიაა, ხვალინდელი დღე საიდუმლო, დღევანდელი კი საჩუქარია და ამიტომაც ჰქვია მას ეს სახელი.“

მსგავსი სტატიები

რილკეს ვარდის ძალა


1926 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა დიდი ავსტრიელი პოეტი რაინერ მარი...

„შტორმის შემდეგ“: ის, რაც შტორმის დროს მოხდა


    „შტორმის შემდეგ“ (After The Storm) - იაპონელი რეჟის...

რეჟისორები და მათი მუზები


  თარგმანი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი წყარო 1. ლორა დერ...

პაბლო პიკასო


    პაბლო რუის ი პიკასო (ესპ. Pablo Ruiz y Pi...

ინტერვიუ უინგ შიასთან


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი    - უინგ შია   &n...

ქართული ხალხური ზღაპარი - "ვაშლა"


 ვაშლას ეძახდნენ ხელმწიფის სამი ვაჟიდან უმცროსს. ერთ-ე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff