ავტორი: გიორგი დოლიძე
ვაშლას ეძახდნენ ხელმწიფის სამი ვაჟიდან უმცროსს. ერთ-ერთი ეპიზოდი: ვაშლა მამის საფლავს დარაჯობს და მიყოლებით მოკლავს საფლავზე მოსულ შავ, წითელ და შემდეგ თეთრ აღკაზმულობაში და იგივე ფერის ცხენებზე ამხედრებულ მეომრებს. მათ ცხენებს და აღკაზმულობას დაიტოვებს. შემდეგ კი თავისთვის და ორი უფროსი ძმისთვის სპილენძის ქალაქიდან სამი ქალი რომ წამოიყვანოს რათა ცოლებად შეირთონ, მიყოლებით ჯერ შავი აბჯარ-საჭურველით და შავი ცხენით, შემდეგ წითლით, ბოლოს კი თეთრით გამოიყვანს სამივე ქალს.
რაც არის ზუსტი გამეორება შუა საუკუნეების რაინდული და ალქიმიური სიმბოლოების. ვაშლა გადის შინაგანი განწმენდის გზას და სიმბოლურად იცვლის ფერებს: ის ჯერ შავი რაინდია, რომელიც დანთქმულია ცოდვაში, ბოლომდე იაზრებს საკუთარ ფსკერს და საკუთარ დაცემულობას. როგორც შავი რაინდი ის მონანიე პიროვნებაა. შემდეგ ის გადაიქცევა წითელ რაინდად, რაც უკვე გამოფხიზლების, შინაგანი აქტივაციისა და სიყვარულით მოქმედების სიმბოლოა. და ბოლო საფეხური თეთრი რაინდია, რომელიც სრულად განიწმინდა, გაიაზრა საკუთარი თავი და შემოქმედებითი იმპულსით სხვა არსებების გამოსწორებას იწყებს.
ალქიმიურ სიმბოლურ ფერებში იგივე ფერებია, უბრალოდ მიმდევრობაა ცოტა სხვა. ჯერ შავი (ნიგრედო) - სრული დაშლის სიმბოლო, ბნელი მატერია რომლიდანაც უნდა მივიღოთ ნათელი და დამუშავებული პიროვნება. შემდეგ მოდის თეთრი (ალბედო) - სრული დაშლის შემდეგ მკვდრეთით აღდგომა, ახალი ძალით შემოსვა და სულის განახლება. (ზოგჯერ მესამე ფერს უმატებენ, ყვითელს - ციტრინიტასს, რომელიც თეთრის ოქროსფერი ნათებით შემოსვას ნიშნავს, მაგრამ ხანდახან გამოტოვებულია ეს ფერი), ბოლო საფეხური აქ წითელია(რუბედო) - ინდივიდუაციის მიღწევა, ცნობიერების გასხივოსნება, ფილოსოფიური ქვის შექმნა. (საინტერესოა, რომ უმაღლეს საფეხურზე ასული პიროვნების სულიერ ძალას ეზოტერიკოსები სიმბოლურად წითელ ფერში ხედავენ).
სურათზე მოყვანილია სამივე საფეხური, რომელსაც ადამიანი გაივლის გარდაქმნისას და აღნიშნულია ამ სამი ფერით. როგორც დასავლეთში რაინდული სულიერი კულტურა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ალქიმიასთანაც და იყენებდა იგივე სიმბოლოებს, ქართულ ზღაპარშიც მხედარი, რაინდი ასევე იგივე ეტაპებს გადის და იგივე სიმბოლურ ფერებს იცვლის...