ავტორი: მეკო გელაშვილი
ვისაც თავგადასავლები, საინტერესო ისტორიები, ზღაპრები, ფენტეზი უყვარს, ისედაც იცის, რომ პინოქიოს თავგადასავალი მრავალი კუთხით შეიძლება გამოხატო, განიხილო, იმსჯელო, რადგან, ეს ისტორია საუკეთესო ნიმუშია საიმისოდ, რომ "გმირის მოგზაურობა" გაიაზრო. თუმცა, ტოროს ეს ვერსია იმდენად პირადული, იმდენად გულშიჩამწვდომია, არამხოლოდ დამაფიქრა, ასევე, დამასევდიანა. კარლო კოლოდი, პინოქიოს ავტორი ისე გარდაიცვალა შვილი არასდროს ჰყოლია. ტორომ გადაწყვიტა, პინოქიო ამ ფაქტის გააზრებაზე, ამ ამბის შინაარსზე დაეშენებინა და მშობლობის ემოციას და განცდას მოწყურებული მამის თვალით მოეყოლა ამბავი. ესაა არა პინოქიოს, არამედ, თავად ჯეპეტოს თვალსაწიერით, მისი სევდანარევი და ამღვრეული თვალებით დანახული და მოყოლილი ამბავი. დასაწყისშივე ვხედავთ, რომ ომის პერიოდში, ჯეპეტოს 10 წლის ბიჭი, კარლოსი ეკლესიის დაბომბვას ემსხვერპლა. ეს ყველაფერი კი ჯეპეტოს მიერ გამოთლილი ჯვარცმული ქრისტეს ქანდაკების წინ მოხდა და გამაყრუებელ ხმაურს მოსდევს ასევე გამაყრუებელი სიჩუმე. სიმბოლურად სიკვდილს აღდგომა მოსდევს და ზუსტად ამას გვიჩვენებს ტორო სცენით, როცა ჯეპეტო გადაწყვეტს თავისი შვილის საფლავზე დარგული ხისგან თოჯინა გააკეთოს.
ტოროსეულ ვერსიაში პინოქიო დაბომბვას შეწირული უმწეო და უცოდველი ბავშვების ხმაა. ბავშვი, რომელიც ვეღარ გაიზრდება პინოქიოა, რომელიც ხის სათამაშოა, მაგრამ, სიცოცხლე სურს. ტორო, მიუხედავად ამ საზარელი წარსულისა, არ უკარგავს მაყურებელს იმედს და ეუბნება, რომ სიცოცხლე ყველგანაა. ჯეპეტომ თავისი შვილის სახედ და ხატად სათამაშო შექმნა. სათამაშო, რომელზე შეხედვაც მას თავის შვილს გაახსენებდა. შემდგომი პროცესი კი თავად ჯეპეტოზე აღარ იყო დამოკიდებული. ჯეპეტოს, როგორც შემოქმედის გულწრფელი და სევდანარევი ჩანაფიქრი გაცოცხლდა პინოქიოში და ამ ხის ქმნილებაში გაჩნდა სული, რომელიც თავად იმედია. ის იმედი, ის ჩირაღდანი, რომელიც არასდროს ქრება ხოლმე ადამიანში. ვფიქრობ, ზუსტად ესაა გამოხატული სცენით, როცა პინოქიო თავის მეგობარ ჭრიჭინას თავისივე გულში აცხოვრებს (პირდაპირი მნიშვნელობით, მას გულში ადგილი აქვს გამოთლილი, სადაც მისი მეგობარი ცხოვრობს).
ფილმში პინოქიო ბევრჯერ კვდება, თუმცა, ყველა ჯერზე ცოცხლდება. მისი ყოველი დაბრუნება შეხსენებაა, რომ თუ სიკვდილი არსებობს, იქვეა სიცოცხლეც.
ჯეპეტო თავის საქმიანობას აგრძელებს და ქრისტეს ქანდაკებასთან მდგომი პინოქიო ეკითხება:
"მამა, ეს ქრისტეს ხატი ხომ შენ შექმენი?
"კი, პინოქიო".
"მაშინ, ისიც თუ ხისაა და მეც, მას ამდენი ადამიანი რატომ ეთაყვანება და მე არავის ვუყვარვარ?"
პინოქიოში გაჩენილი სიცოცხლე არაა ჯეპეტოს გარდაცვლილი შვილის მეტაფორა. ეს სიცოცხლე თავადაა გზავნილი. თავადაა ფაქტი, რომ ის გრძელდება და უწყვეტი პროცესია. ადამიანები ერთი გზით მივდივართ, ერთ თავგადასავალში ვართ, თუმცა, სხვადასხვა სიმძიმის სიხარულსა და სევდას დავატარებთ ზურგით. ხის ქანდაკებაში, პინოქიოში თავისით გაჩენილი სიცოცხლე კი ის ძალაა, რომელსაც მაინც თანაბრად მივყავართ ჩვენს გასავლელ გზაზე.