ავტორი: მეკო გელაშვილი
პიქსარის ანიმაციებიდან, რომლებიც ყოველთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრებიან, ჩემთვის გამორჩეულია "Inside Out."
ვეცნობით ექვს ემოციას, სიხარული, სევდა, შიში, ბრაზი, ზიზღი და შფოთვა. პიქსარისა და დისნეის ჯგუფი, გამოცდილ ფსიქოლოგებთან ერთად ზუსტად მიჰყვებიან იმ ეტაპებს, რასაც ბავშვი დაბადებიდან გადის. ჩემთვის ეს ანიმაცია ერთგვარი სახელმძღვანელოა, რა გამოწვევების წინაშე უწევს ადამიანს ყოფნა და, ასევე, რა უნდა მოიმოქმედოს ამა თუ იმ სიტუაციაში.
„არ შეგეშინდეს შენი ემოციების" - ესაა ანიმაციის მთავარი სათქმელი. მისი ძირითადი მიზანია, დაეხმაროს ბავშვებს და მათ მშობლებს ემოციების გაკონტროლებაში და, შესაბამისად, საკუთარ თავთან ჰარმონიის შენარჩუნებაში. Pixar-ის ჯგუფი ამას, როგორც ყოველთვის, საინტერესო მეთოდით გვთავაზობს და თითოეულ ემოციას გმირის სახით წარმოგვიდგენს. მაყურებელი არამხოლოდ კონკრეტული სახელით, არამედ, ისტორიით ეცნობა ყველა ემოციას და რწმუნდება მათ საჭიროებასა და, საბოლოოდ, ბალანსის შენარჩუნების აუცილებლობაში. რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი ფილმი, ანიმაცია თუ ვიდეო, რომელიც მშობლებს ბავშვებთან ურთიერთობის მეთოდებზე მიუთითებს, თუმცა, ეს კონკრეტული ანიმაცია, ყოველგვარი მაღალფარდოვანი სიტყვებისა და ტერმინების გარეშე, პირდაპირ ემოციებთან შეხვედრის მეშვეობით გვამოგზაურებს პატარების გულსა და გონებაში. მაყურებელი მომსწრეა, თუ როგორ ფორმირდება პატარა გმირის გონებაში ემოციური ინტელექტი, რომელმაც შემდგომ საკუთარი და სხვისი ემოციის გაცნობიერება და მართვა უნდა გვასწავლოს. ანიმაცია უმნიშვნელოვანეს დეტალებზე დაკვირვებით გვაჩვენებს, თუ რა დროს და რა მიზნით იღვიძებს ჩვენში ესა თუ ის ემოცია. ჩვენ არამხოლოდ ადამიანების, არამედ, თავად ემოციების მეგობრები ვხდებით. როგორც კი ემოციებს ნამდვილ, სულიერ არსებებად წარმოვიდგენთ, მაშინვე გვიჩნდება მათდამი ინტერესი და, ამასთან, სურვილი მათთან დამეგობრების.
მას შემდეგ რაც ანიმაციის მთავარ გმირს ემოციები გაუჩნდა, ემოციების სამართავ საჭესთან (რაც ანიმაციაში ვიზუალურად მართლაც ასეა) სიხარულია და არ აძლევს სხვა ემოციებს მიახლოვებისა და კონტროლის საშუალებას. სიხარულის მოხერხებულობისა და თავდადების შედეგად, შიში, მწუხარება, ზიზღი და ბრაზი ვერ ახერხებდნენ გმირის სამყაროში აქტიურ გამოჩენას. თუმცა, გარშემო განვითარებული მოვლენები მოგონებების ტალღის დახმარებით ახერხებენ სიტუაციის არევას, სიხარული მართვის სადავეებს კარგავს და, შედეგად, გოგონა იძულებულია გაიცნოს ახალი რამ - დეპრესია, რომელიც ზიზღს, შიშს, მწუხარებასა და ბრაზს ახლავს თან.
"Inside Out 2"-ში კი, მოზარდობაში შესვლასთან ერთად, გმირის გონებაში შემოდის ახალი, კომპლექსური ემოცია - შფოთვა (Anxiety). ეს გენიალური მხატვრული გადაწყვეტა ასახავს ეგზისტენციალურ შფოთვას, რომელიც არა კონკრეტული საფრთხის, არამედ, თავისუფლებისა და შესაძლებლობების წინაშე დგომის შიშია. შფოთვა მოზარდობის გარდამავალი პერიოდის ფილოსოფიური ხატია - იგი არის როგორც დესტრუქციული, ისე შემოქმედებითი ძალა, რომელიც საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენისა და ხელახლა შექმნის პროცესს ასახავს. პიქსარი მოგვიანებით განვითარებულ ემოციებს წარმოგვიდგენს არა მხოლოდ როგორც სუბიექტური განცდების პერსონიფიკაციას, არამედ როგორც საზოგადოებრივი იდენტობის ფორმირების ინსტრუმენტებს, სადაც შფოთვა გვევლინება როგორც ნიცშესეული "ზეკაცის" წინაპირობა - გზა, რომელიც უნდა გაიარო, რათა შეძლო საკუთარი თავის გადალახვა და ახალი იდენტობის შექმნა.
მაყურებელი გმირთან ერთად იზრდება და საოცარი ვიზუალის დახმარებით ვმოგზაურობთ პატარა გოგონას გონებაში არსებულ ლაბირინთში, სადაც, პარალელურად, მოგონებათა არქივი და ღირებულებათა სისტემა შენდება. გოგონას ხასიათი იმის მიხედვით იცვლება, თუ რომელი ემოცია მოასწრებს სამართავ საჭესთან მისვლას და დაჯდომას. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენაა, როცა ბავშვი დასაძინებლად მიემართება. როცა საკუთარ თავთან მარტო რჩება ვხედავთ, როგორ იწყებენ ემოციები დღის განმავლობაში დაგროვებული შთაბეჭდილებების მოგონებებად ქცევას და მათ დაარქივებას. როგორ შესამჩნევად ინაცვლებს ყველა მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება გულში და ხდება გულის მოგონება, რომელიც მუდამ ახსოვს. გულში დაგროვებული მნიშვნელოვანი მოგონებები ზოგი მხიარულია, ზოგი სევდიანი და, საბოლოოდ, ისინიც სახეს იძენენ და მთლიანდებიან, რათა გმირი პიროვნებად აქციონ. იქვეა ღირებულებათა კუნძულიც, რომლის ფორმირებაც გმირს ოჯახის, მეგობრობის, პატიოსნებისა და, ზოგადად, კარგ და კეთილ ადამიანად ყოფნის მნიშვნელობის გააზრებაში ეხმარება.
ემოციათა სამფლობელოში არსებობს ერთი შეხედვით მივიწყებული კუნძული, რომელიც უსიცოცხლო ფერებითაა სავსე და ნაგავსაყრელს მოგაგონებთ. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დავიწყების მეტაფორა - ეს არის ჰაიდეგერისეული "Verfallen"-ის (დაცემა, დავიწყება) განსახიერება, ადგილი, სადაც ჩვენი ყოფიერების ნაწილები ერწყმიან უფერულობას. ფილოსოფიურად, ეს კუნძული წარმოადგენს არა უბრალოდ დავიწყებას, არამედ, თვითცნობიერების ფრაგმენტაციას – პლატონის გამოქვაბულის თანამედროვე ვერსიას, სადაც მოგონებების ჩრდილები გაურკვეველ მასად იქცევა. დავიწყებული არ ნიშნავს გამქრალს - ისინი კვლავ არსებობენ ჩვენი ფსიქიკის ღრმა შრეებში, მუდამ მზად გავლენის მოსახდენად.
ეს მოგონებები, დროთა განმავლობაში, სრულიად კარგავენ ფერს და ნადგურდებიან, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათ შორის, ზოგჯერ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოგონებებიც იყრიან თავს - მსგავსად იუნგის „კოლექტიური არაცნობიერის" არქეტიპებისა, რომლებიც ჩვენი იდენტობის საფუძველია, მაგრამ, ცნობიერი გონების მიღმა არსებობენ. ეს კუნძული წარმოგვიდგენს დროის, მეხსიერებისა და თვითცნობიერების ურთიერთკავშირს, სადაც წარსული უბრალოდ კი არ ქრება, არამედ, ტრანსფორმირდება და ახალ მნიშვნელობას იძენს.
ნელ-ნელა ვხდებით მომსწრენი იმ ფაქტის გაანალიზებისა, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი ემოცია. იქ, სადაც სიხარული უძლურია, შესაძლოა, სევდამ ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი. არასასურველი ემოციები კი არ უნდა ჩამოვიშოროთ, არამედ, გავიაზროთ, რომ ისინი რეალურია, მათ ნამდვილად განვიცდით და ჩვენში სწორი ფორმირებისა და განვითარების საშუალება უნდა მივცეთ. ეს ყოველივე კი ემოციების არა შებოჭვით, არამედ, გამოხატვით, სხვებისთვის გაზიარებით ხდება.
ანიმაცია "Inside Out" ("თავდაყირა" ქართულ თარგმანში) სახელწოდება მრავალშრიანი სიმბოლური დატვირთვის მატარებელია, რაც ანიმაციის კონცეფციის სიღრმეს კიდევ უფრო ამძაფრებს. სახელწოდება პირდაპირ მიუთითებს ანიმაციის მთავარ იდეაზე, ადამიანის შინაგანი, უხილავი სამყაროს (ემოციების, მოგონებების, პიროვნების ფორმირების) გარეგნულად, ხილულად წარმოჩენაზე. "Inside Out" ნიშნავს რაიმეს ამობრუნებას, თავდაყირა დაყენებას, ჩვეული ხედვის სრულიად შეცვლას. ფილმი სწორედ ამას აკეთებს, როდესაც არა ადამიანის ქცევას, არამედ, ამ ქცევის შინაგან მამოძრავებელ ძალას წარმოაჩენს მთავარ მოქმედ პირად.
ეს ანიმაცია გვეხმარება, დავუმეგობრდეთ საკუთარ ემოციებს და რაც უფრო მეტად გამოვნახავთ მათთან საერთო ენას, მით უკეთესი იქნება ბალანსი, რაც, საბოლოოდ, ითამაშებს დიდ როლს მშვიდი და თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებაში.