მამაკაცი და ქალი სულიერი მეცნიერების ჭრილში

Admin
ანთროპოსოფია
0
0

(რუდოლფ შტაინერის ეს ლექცია წაკითხულია 1908 წლის 18 მარტს მიუნხენში, გერმანულიდან ინგლისურად თარგმნა ბერნარდ ჯერმანმა, შემდეგ კი ინგლისურიდან ითარგმნა ქართულად)

მთარგმნელი: ადილარი წირღვავა

ანთროპოსოფიული მეცნიერება არ არსებობს იმისათვის, რომ ადამიანები რაღაც სახეობის მისტიციზმით ცხოვრებისაგან გაუცხოვდნენ, მან არანაირი გზით არ უნდა მოწყვიტოს ხალხი მათი ყოველდღიური ცხოვრების ამოცანებს, ყოველდღიურობას. პირიქით, სულიერმა მეცნიერებამ კაცობრიობას უნდა მოუტანოს ძალა, ენერგია და გონებაგახსნილობა იმდაგვარად, რომ ადამიანებს შეეძლოთ ყოველდღიური ცხოვრებისა და ჩვენი დროის საჭიროების დანახვა. სულიერი მეცნიერება არ უნდა იყოს მხოლოდ არსებობის, ადამიანის არსებობის ბუნებისა და სამყაროს მნიშვნელობის დიადი გამოცანებით შეპყრობილი, არამედ ნათელი უნდა მოჰფინოს იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას. ამ ლექციებში ჩვენ მთლიანად შევეხებით იმას, რასაც ჩვენი დროის შეკითხვებს უწოდებენ. 

ვინც ასეთ თანამედროვე საკითხებზე სულიერი მეცნიერებაზე დაყრდნობით ისაუბრებს, განსაკუთრებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგანაც ის ხელს შეუწყობს იმ მოლოდინს, რომ თითქოს პირდაპირ ჩაერთვება ამ მიმდინარე დებატებში. ეს მოლოდინი ადვილად ჩნდება მამაკაცის და ქალის საკითხის, ან მამაკაცის, ქალისა და ბავშვის საკითხებზე. თუმცა ზუსტად იმიტომ, რომ სულიერმა მკვლევარმა ეს საკითხები უფრო მაღალი პერსპექტივიდან უნდა განიხილოს, მისი დაკვირვებები როგორც ჩანს გადაუხვევს ტრადიციულ დისკუსიებში წარმოშობილ შეხედულებებსა და მოსაზრებებს. მიუხედავად იმისა სულიერი მეცნიერება უყურებს ამ საკითხებს მაღალი პერსპექტივიდან მხოლოდ მას ძალუძს ამ საკითხებზე ყველაზე პრაქტიკულად მუშაობა.

სულიერი მეცნიერული დაკვირვების თავისებურებაა, რომ ასეთი შეკითხვები მათი მარადიული კონტექსტიდან ამოიზრდებიან და ამავდროულად ეს დაკვირვება კონკრეტული პრობლემების პრაქტიკულ გადაწყვეტას ააშკარავებს (განსხვავებით პოლიტიკური პარტიის პროგრამების, სლოგანების და ა.შ. რაც პრაქტიკაში შეუსრულებელია). ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როდესაც მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობას უფრო მაღალი პერსპექტივიდან განვიხილავთ. ბევრი რამ რაც უნდა ითქვას საკმაოდ უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ თუ ჩაუღრმავდები აღმოაჩენ, რომ სულიერმა მეცნიერებამ პრაქტიკულ ცხოვრების შეკითხვებზე შეიძლება შემოგვთავაზოს გაცილებით საფუძვლიანი პასუხები ვიდრე სხვაგან შეიძლება ნახოთ.

სულიერი მეცნიერება სათავეს იღებს იმ ცოდნიდან, რომ ყოველივე გრძნობადი აღქმის უკან მშვინვიერ–სულიერი ბუნება დგას. მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ მზერას გრძნობადი სამყაროს მიღმა არსებულ სულიერს მივაპყრობთ, სწორი კუთხით გაგვიცხადდება ის შეკითხვები, რაც გვაინტერესებს. ჩვენ უნდა შევეკითხოთ საკუთარ თავს: „რა არის ორივე სქესის სულიერი ბუნება?“ ჩვენ შემდეგ ვნახავთ, რომ სულიერი მეცნიერების მიერ გამჟღავნებულ ჭეშმარიტებებს უკვე გრძნობს ბევრი მათ შორის ისინიც ვისაც მატერიელისტური მსოფლმხედველობა აქვს. მაგრამ რადგანაც ეს მინიშნებები მხოლოდ მატერიალისტურ წარმოდგენაზე დაფუძნებული ისინი ხშირად ილუზორულად გამოიყურება. 

რას ამბობს მატერიალიზმი სქესთა ბუნების შესახებ? ჩვენ შეგვიძლია საუკეთესოდ ვორიენტირდეთ ამ შეკითხვაზე თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალები ცდილობდნენ ადამიანის ევოლუციაში იმ დროის მოახლოებას სადაც ორივე სქესი სრულ თანასწორობას მიაღწევდა. რადგანაც ქალები ჩაებნენ მათი უფლებებისათვის ბრძოლაში, მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვისწავლოთ მატერიალიზმი რას ამბობს ქალის ბუნებაზე. შემდეგ ჩვენ ვიპოვით საორიენტაციო მითითებას როგორ აღიქვამს თანამედროვე სამყარო ამ საკითხს. ქალის ბუნებაზე განსხვავებული იდეების საილუსტრაციოდ როზა მაირედერის წიგნი „ქალის საკითხის კრიტიკა“ გამოდგება. ნამდვილად კარგია, რომ ამ ტიპის საკითხებზე ამ ეპოქის წამყვანი პიროვნებების მოსაზრება მოვიძიოთ.

მე–19 საუკუნის ერთმა ძალიან ცნობილმა მეცნიერმა ქალის ძირითად თვისებად თავმდაბლობა დაასახელა. მეორემ, რომლის აზრიც თანაბრად საფუძვლიანია განაცხადა, რომ ქალის ძირითადი თვისება მგზნებარე ხასიათი იყო. კიდევ ერთი მეცნიერი, რომელმაც დიდი დავა გამოიწვია, დაასკვნა, რომ ქალის ძირითადი თვისება მორჩილება იყო, ხოლო კიდევ ერთის აზრით ძირითადი თვისება დომინირება იყო. ზოგმა ქალები კონსერვატორებად აღწერა, სხვამ კი ისინი მსოფლიოში რევოლუციურ ელემენტად მიიჩნია. კიდევ ერთმა თქვა, რომ ქალებს კარგად განვითარებული ანალიზის უნარი აქვთ, სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც თვლიდნენ, რომ ქალებს ეს თვისება საერთოდ არ გააჩნდათ და მხოლოდ სინთეზის უნარი ჰქონდათ განვითარებული. 

ამ უცნაური კოლექციის გაფართოება უსასრულოდ შეიძლებოდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ იმას გაიგებთ, რომ ინტელექტუალური ადამიანები საგნების მხოლოდ გარეგნულ დონეზე დაკვირვებით საპირისპირო დასკვნებამდე მიდიან. მათ ვისაც აღნიშნულ საკითხში ჩაღრმავება სურთ უნდა იკითხონ: ხომ არ არის ამ დამკვირვებელთა საწყისი პოზიციები მცდარი? ადამიანი მთლიანობაში უნდა განვიხილოთ და არა მხოლოდ გარეგნული ფაქტორებით. ჭეშმარიტების მინიშნება ბევრ მკვლევარს თავათ ფაქტებიდან გაუჩნდა, თუმცა ეს მატერიალისტურმა აზროვნებამ დაბინდა. მაგალითად, ახალგაზრდა მამაკაცმა ოტო ვაინინგენმა დაწერა წიგი „სქესი და ხასიათი“. ოტო ვაინინგენი იყო ადამიანი დიდი პოტენციალით, რომლის განვითარებაც არ შეეძლო, რადგანაც მატერიალიზმის მთელი სიმძიმით მის სულზე იყო ჩამოკიდებული. ის იმ აზრზე იყო, რომ ინდივიდუალური ადამიანი მხოლოდ არც ქალად და არც მამაკაცად არ უნდა ჩათვლილიყო, არამედ მამაკაცურისა ქალურის ნაზავად. ამ იდეის ჩანასახი ვაინინგენის სულში გაჩნდა, მაგრამ იგი გაბატონებულმა მატერიალიზმმა გააქრო. ამგვარად ვაინინგენი წარმოიდგენდა მამაკაცური და ქალური პრინციპების შერევას და მატერიალურ ურთიერთმოქმედებას ისე, რომ ყოველ მამაკაცში ფარული ქალი და ყოველ ქალში ფარული მამაკაცი იმალებოდა. მაგრამ აქაედან მან უცნაური დანასკვები გამოიტანა, მაგალითად, რომ ქალს არ გააჩნდა ეგო, ინდივიდუალობა, ხასიათი, პიროვნება, თავისუფლება და ა.შ. რადგან მისი თეორია მამრობითი და მდედრობითი თვისებების მხოლოდ წმინდა მატერიალურ რაოდენობრივ შერევას ეხებოდა. აქედან გამომდინარეობდა რომ მამაკაცს ყველაფერი ეს გააჩნია. მაგრამ ეს ყველაფერი მასში არაფრამდე მივიდა მისი სხვა მამაკაცური თვისებების გამო. ამგვარად თუ ამას ლოგიკურად ჩავუღრმავდებით მალე აღმოვაჩვენთ თეორიას, რომელიც საკუთარ თავს ანადგურებს. თუმცა როგორც ვნახეთ მასში არის გარკვეული სიმართლე. 

კვლავ და კვლავ ვიმეორებ, რომ ადამიანის გაგება სულიერი მეცნიერებით ისეთი მარტივი არ არის, როგორც მატერიალისტურად ორიენტირებული მეცნიერების მეშვეობით. რადგან ის რასაც ჩვენ გრძნობად ადამიანად აღვიქვამთ, სულიერი მეცნიერებისათვის მხოლოდ ერთი წევრია, კერძოდ ფიზიკური სხეული. თუმცა ამის გარდა სულიერი მეცნიერება განასხვავებს ეთერულ სხეულს, რომელიც ადამიანს საერთო აქვს ცხოველებთან და მცენარეებთან. ადამიანური არსების მესამე წევრი არის ასტრალური ანუ მშვინვიერი სხეული, რომელიც ცხოვრობს სურვილებსა და გრძნობებში და ჩვენი სიხარულისა და მწუხარების მატარებელია. ეს წევრი ჩვენ გვაქვს საერთო ცხოველთა სამყაროსთან. მეოთხე წევრს სულიერი მეცნიერება აღიარებს იმას რასაც ადამიანური არსებას ადამიანად საკუთარი თავის შემმეცნებლად აქცევს – ეგო, იგივე – მე სხეული. ამრიგად სულიერი მეცნიერება ადამიანურ არსებას აღწერს, როგორც სხეულის ოთხი წევრის მქონეს.  

ამჟამად ჩვენ ფიზიკურ და ეთერულ სხეულებზე ვისაუბრებთ, რადგანაც აქაა სქესთა გამოცანის გადაწყვეტა. ეთერული სხეული მხოლოდ გარკვეულწილად წარმოადგენს ფიზიკური სხეულის სურათს. სქესებთან დაკავშირებით ყველაფერი განსხვავებულია. მამაკაცთან ეთერული სხეული ქალურია, ხოლო ქალთან ეთერული სხეული მამაკაცური. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ ღრმა დაკვირვება შემდეგს ამჟღავნებს: რაღაც საპირისპირო სქესი იმალება ყველა ადამიანში. თუმცა ყოველგვარი ანომალიური ფენომენის ძიება არ ღირს, პირიქით ყურადღება ნორმალურ გამოცდილებას უნდა მივაქციოთ.

ამ ფაქტის გააზრებით უნდა ვისაუბროთ პირდაპირი გაგებით არა მამაკაცზე და ქალზე, არამედ მამაკაცურ და ქალურ თვისებებზე. ქალში გარკვეული თვისებები უფრო გარეგნულად მოქმედებს, ზოგი კი უფრო შინაგანად. ქალს შინაგანი მამაკაცური თვისებები აქვს, მამაკაცს კი შინაგანად – ქალური. მაგალითად მამაკაცი მეომარი ხდება თავისი ფიზიკური ბუნების გარეგანი გამბედაობის წყალობით. ქალი კი ფლობს შინაგან სიმამაცეს, თავგანწირვისა და ერთგულების გამბედაობას. მამაკაცი თავისი შემოქმედებითი საქმიანობით გარე ცხოვრებაზე ზემოქმედებს. ქალი სამყაროსადმი ერთგული მიმღებლობით მუშაობს. ცხოვრებისეული უთვალავი ფენომენი ჩვენთვის ნათელი გახდება თუ ადამიანის ბუნებას ორი პოლარული საპირისპიროს ერთად მოქმედებად წარმოვიდგენთ. მამაკაცში მამაკაცური პოლუსი გარეთ მოქმედებს, ქალური კი შიგნით. ქალში კი ეგ პირიქითაა. სულიერი მეცნიერება ამასთან გვაჩვენებს უფრო ღრმა მიზეზს ქალში რატომ არის მამრობითი თვისება და მამაკაცში – ქალური. სულიერი მეცნიერება საუბრობს მრავალი ცხოვრების განმავლობაში თუ როგორ ისწრაფვიან ადამიანები სრულყოფისაკენ. ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება ყოველთვის წინა ცხოვრების შედეგია. ამრიგად მრავალი ცხოვრების გავლისას ჩვენ ვინკარნირდებით, როგორც მამრობით ასევე მდედრობით სქესად. ამ გზით რაც ჩნდება შესაძლოა გამოიხატოს როგორც მიწიერ ცხოვრებაში ორივე მხარის მიერ დაგროვილი გამოცდილების შედეგი.

ვისაც ძალუძს ამ გზით უფრო ღრმად შეიმეცნოს მამაკაცური და ქალური ბუნება, იცის რომ მეტი ინტიმური გამოცდილებები ამ ორ სქესს შორის განსხვავებულია და უნდა იყოს განსხვავებული. დედამიწაზე მთელი ჩვენი არსებობა უამრავი განსხვავებული გამოცდილების ერთობლიობაა. თუმცა ეს გამოცდილებები მაშინ გახდება სრული, როცა მათ ორივე სქესის თვალთხედვით შევიძენთ. 

ამგვარად, მაშინაც კი თუ ადამიანს მხოლოდ ორი ქვედა წევრის (ფიზიკური სხეული და ეთერული სხეული) მიხედვით განვიხილავთ, სინამდვილეში ორმხრივ არსებას ვაწყდებით. თუ მხოლოდ ფიზიკურ სხეულს დავაკვირდებით მცირეოდენის გაგება შეიძლება. ასევე უნდა ვაღიაროთ მის უკან არსებული სულიერი. მამაკაცური ბუნებით ვვლინდება კაცის შინაგანი ქალურობა და ქალის ქალურობით ვვლინდება მისი შინაგანი მამაკაცურობა. ახლა შეიძლება გავიგოთ თუ რატომ შეფასდა არასწორად ამდენჯერ ეს საკითხი. ეს იმაზეა დამოკიდებული შინაგან ასპექტებს უყურებ თუ გარეგანს. ადამიანის მხოლოდ ერთი მხარის განხილვისას განმხილველი შემთხვევითობის ტყვეობაში აღმოჩნდება. მაგალითად თუ ერთი მკვლევარი აღმოაჩენს, რომ ქალის მთავარი თვისება თავმდაბლობაა, ხოლო მეორე კი – გაბრაზება. ეს ნიშნავს, რომ ორივე ერთიდაიგივე არსების მხოლოდ სხვადასხვა მხარეს დააკვირდა. ამ ტიპის მიდგომას აუცილებლად მოჰყვება შეცდომა. სრული ჭეშმარიტების დასადგენად ჩვენ მთლიან ადამიანურ არსებას უნდა დავაკვირდეთ. სრული სიმართლე, რომ მოვიპოვოთ ჩვენ აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ადამიანურ არსებას ძილისას და სიფხიზლისას. ძილისას ასტრალური სხეული და ეგო ტოვებს ადამიანური არსების ფიზიკურ–ეთერულ ორგანიზმს. ადამიანი ძილისას კარგავს დღის ცნობიერებას და შედის სხვა ტიპის ცნობიერებაში – ძილის ცნობიერებაში. შექმნილი აღქმები და გამოცდილებები, რომლებიც განხორციელდა ეგოსა და ასტრალური სხეულის მიერ ძილის დროს სულიერ სამყაროში დაფარული რჩება ჩვენი ჩვეულებრივი ცნობიერებისათვის. თანამედროვე ევოლუციურ მდგომარეობაში ადამიანური არსება იმდაგვარადაა მოწყობილი, რომ ეგომ და ასტრალური სხეულებმა ფიზიკური სამყაროს აღქმის მიზნით ფიზიკური გრძნობების ორგანოები უნდა გამოიყენონ. ჩვენ რომ ვხედავთ, გვესმის, ვაგემოვნებთ და ა.შ. ჩვენი გრძნობის ორგანოების მეშვეობით არის საყოველთაოდ გავრცელებული აზრი. თუმცა ფიხტეს მსგავსი მოაზროვნე იტყოდა – ყური არ ისმენს, მე ვისმენ! ეგო, ადამიანური არსების ნამდვილი შინაგანი არსება არის საწყისი წერტილი ყველა ჩვენი გრძნობის აღქმებისა. ყოველ დილით როდესაც ჩვენ ვიღვიძებთ ეგო, იგივე მე სხეული და ასტრალური სხეული ფიზიკური სამყაროზე ახალ ცოდნას იძენს გრძნობის ორგანოების მეშვეობით. ძილის დროს სიტუაცია განსხვავებულია, რადგანაც მე სხეული და ასტრალური სხეული ამ დროს სულიერ სამყაროში ატარებენ. ადამიანურ არსებას ასტრალურ სხეულში აქვს გრძნობის ორგანოები, რომელიც შესაძლებლობას იძლევა აღიქვას სულიერ სამყარო, თუმცა ისინი არ არიან განვითარებულნი. ვინც ამას შესაძლებლობად მიღებას ვერ ახერხებს უფრო თანმიმდევრულები უნდა იყვნენ და თქვან ადამიანური არსებები ყველა საღამოს კვდებიან. მაგრამ სინამდვილეში ადამიანები ღამით სულიერ სამყაროში აღმოჩნდებიან. 

ამას გარდა სულიერ და ფიზიკურ სამყაროებს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთკავშირი აქვთ, რადგანაც ყველაფერი ფიზიკური სულიერის თავისებურად ძალიან მკვრივი ფორმაა. როგორც ყინულია წყლის გამკვრივებული ფორმა, ასევეა ფიზიკური და ეთერული სხეული ასტრალური სხეულის გამკვრივება. თანამედროვე მატერიალიზმს ძალიან გაუჭირდება იმის აღიარება, რომ სული ქმნის ყოველივე მატერიალურს. თუმცა მატერიალიზმის უმთავრესი ტრაგედიაა ის, რომ მას თავათ მატერიალიზმის ბუნება არ ესმის. თუ უარვყოფთ, რომ მატერია სულიერის შეკუმშული ფორმაა ძალიან უცნაურ დასკვნებამდე მივალთ. ბუნებრივია თუ დავრჩებით პოპულარულ კონცეფციებთან ადამიანთა უმეტესობა მაშინვე ვერ ამოიცნობს რაიმეს რაც გონიერებას არ წარმოადგენს შემდეგ წინადადებაში – სხეული ჩვენი სულის ჭეშმარიტი ბუნების საფუძველია; ყველა ე.წ. სულიერი რამ შესაძლოა ხორციელი გზით წარიმართოს. თუმცა ეს ბევრად უფრო ნათელი გახდება თუ მას ლოგიკურ დასკვნამდე მივიყვანთ, როგორც ეს მაგალითად ამერიკიდან მომდინარე პრაგმატიზმში ხდება. ერთი წინადადებით ადვილად დავინახავთ თუ როგორ ეუბნება ეგ თეორია ადამიანს სისულელეს. ამგვარად ის აცხადებს, რომ ადამიანი არ ტირის იმიტომ რომ სევდიანია, არამედ სევდიანია იმიტომ რომ ტირის. ის რომ სულის განწყობას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ფიზიკურ მდგომარეობაზე შესაძლებლად არ ითვლება, პირიქით ითვლება, რომ რაიმე გარე მოვლენა იწვევს ცრემლების დინებას, რაც შემდეგ ადამიანის სევდას იწვევს. ეს იმის შედეგია, რომ მატერიალიზმი ლოგიკურ აბსურდულობამდე მიდის. 

სულიერმა მეცნიერებამ იცის რომ ადამიანის სხეულის ორი უმაღლესი წევრი ეგო და ასტრალური სხეული ტოვებს მას ძილის დროს, ხოლო ფიზიკური და ეთერული სხეულები რჩება. ამრიგად ძილის დროს ადამიანი ტოვებს მამაკაცურ და ქალურ ასპექტებს და სულიერ სამყაროში იგი ცხოვრობს, როგორც სექსუალურად განურჩეველი არსება. ამრიგად ყველას ცხოვრება იყოფა სექსუალურ და ასექსუალურ გამოცდილებად. 

ნუთუ სქესს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სულიერ სამყაროში? ნუთუ ფიზიკური და ეთერული სხეულების პოლარობა, რომელიც ფიზიკურ სამყაროში ორ სქესს წარმოაჩენს არავითარ გამოძახის არ ჰპოულობს სულიერ–ზენა სამყაროში? რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენი სექსუალური ბუნება არ მიგვაქვს ზენა სამყაროებში, თუმცა ასტრალურ სფეროში ვიპოვით ორი სქესის წარმოშობას. ისეთნაირად როგორც ყინული წარმოიქმნება წლისაგან, ის რაც ფიზიკურ სამყაროში მამრობითისა და მდედრობითის ხასიათს ატარებს უმაღლესი პრინციპების პოლარობიდან ფორმირდება. ჩვენ ამას საუკეთესოდ მივუდგებით თუ მას სიცოცხლისა და ფორმის პოლარობით მივუდგებით. ეს პოლარობა ბუნებაშიც ვვლინდება. ხეში ერთდროულად ვხედავთ როგორც ამოსულ სიცოცხლეს ასევე იმას რაც მყარ ფორმებს ქმნის, ანელებს ზრდას და მას მყარ ფორმად გარდაქმნის.  სიცოცხლემ და ფორმამ ერთდროულად უნდა იმუშაოს ყველაფერ ცოცხალში. და თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ სქესს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: ის რაც სიცოცხლის პრინციპს შეესაბამება მამრობითია და ის რაც სიცოცხლეს გარკვეულ ფორმაში მოაქვს მდედრობითია. ის რასაც მოქანდაკე ფორმის სახით ქმნის მარმარილოში არ გვხვდება გარე ბუნებაში, მხოლოდ მოქანდაკის შინაგანი არსება, რომელიც ფესვგადგმულია სულიერ სამყაროში და იქ პოულობს საზრდოს შეიძლება იყოს მხატვრულად შემოქმედი. ჭეშმარიტად რეალობა ისაა, რომ სულიერი სამყაროს ძალები და არსებები მუდმივად მიედინებიან ადამიანური არსების მე სხეულში და ასტრალურ სხეულში. და ის რასაც მოქანდაკე შექმნის, როგორც  ანაბეჭდს მატერიაზე არის მოგონება რითაც ის სულიერ სამყაროში იყო სტიმულირებული. თუ ადამიანი ძილის დროს სულიერ სამშობლოში ვერ დაბრუნდებოდა ფიზიკურ არსებობაში დიდი და კეთილშობილური საქმეების დასაწყებად საჭირო თესლის გადატანა შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ ადამიანის ძილის ხანგრძლივ უკმარისობაზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს.

ის რაც ხელოვანმა სულიერი სამყაროდან აიღო და არაცნობიერად ჩადო მის ნამუშევარში შემდეგ სიცოცხლედ და ფორმად გვევლინება. შეიძლება გაჩნდეს კითხვა თუ რატომ გვეჩვენება “Juno Ludovisi” ასე საოცრად. ეს არის დიდი სახე, ფართე შუბლი, უჩვეულო ცხვირი თუ ამ სურათში ჩაღრმავებას შევეცდებით დავინახავთ თუ რამდენად შეუძლებელი სულიერის უარყოფა. სული და სამშვინველის აღმოჩენა შეიძლება ამ სახეში. ეს ფორმა შეიძლება დარჩეს ამდაგვარად მუდმივად. შინაგანი ცხოვრება მთლიანად ფორმად იქცა, ფორმაში დაფიქსირდა. მაგრამ როდესაც ვუყურებთ ზევსის თავს სადაც ასევე ჩანს სული და სამშვინველი თუმცა ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ეს ფორმა შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს. ღრმა შთაგონებით ხელოვანმა შესძლო სიცოცხლისა და ფორმის შენარჩუნება მთელ რეალობაში. 

როგორც ხელოვანს შეუძლია სიცოცხლისა და ფორმის ჩამოყალიბება თავის დიდებულ ნამუშევრებში ასევეა მთელი ჩვენი არსება სინამდვილეში სიცოცხლესა და ფორმაში. ეს თავისთავად აჩვენებს, რომ ადამიანის ბუნება სულიერი წარმოშობისაა და შექმნილია სიცოცხლისაგან, სიცოცხლის უწყვეტი პროცესისაგან და იმისაგან რაც მას მუდმივობას ანიჭებს. ადამიანი სიცოცხლესა და სიკვდილს ამ უმაღლესი პოლარობის გამოხატულებად განიცდის. სწორედ ამ გაგებით შეეძლო გოეთეს ეთქვა „ სიკვდილი არის საშუალება, რომლითაც ბუნებას შეუძლია შექმნას მეტი სიცოცხლე“. ამგვარად სიცოცხლე პოულობს ფორმას არა ცალმხრივი სიცოცხლისათვის ან სიკვდილისათვის არამედ უმაღლესი ჰარმონიული მთლიანობისთვის რომლის შექმნაც შესაძლებელია სიცოცხლისა და სიკვდილის ერთიანი გზით. ამ საფუძველზე სულიერმა და ფიზიკურმა შეიძლება  ერთად იმოქმედოს მამრობითი და მდედრობითი ასპექტებით. მამაკაცურ პრინციპში – მარად განვითარებადი სიცოცხლე და ქალურ პრინციპში –ფორმაში მოქცეული სიცოცხლე. 

სქესთა კვლევა ჩვენ არ დავიწყეთ ფიზიკური არსებობის ცალმხრივი დაკვირვებით, არამედ ვეძებდით პასუხს არსებობის სულიერ დონეზე. სქესთა ჰარმონია იმდენად შესაძლებელია მოიძებნოს, რამდენადაც ორივე სქესი ამ დონემდე (სულიერი) ამაღლდება. ამრიგად თუ სულიერი მეცნიერებიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე შევძლებთ სქესთა მიღმა არსებული რეალობის პრაქტიკულ ცხოვრებაში ამოქმედებას, სქესთა პრობლემა მოგვარდება.  თუმცა ეს ცხოვრებას არ გვაშორებს. რადგან ის რაც ადამიანური ბუნების ორ ფენომენში გვხვდება საუკეთესოდ შეიძლება გაირკვეს ამ უმაღლესი ჰარმონიისაკენ შეგნებული სწრაფვით. ამ გზით სქესთა საკითხი გაღრმავდება და პოლარობები ჰარმონიზირდება. სქესთა ბუნებაში ყველაფერი სრულიად განსხვავებულ ფორმასა და მნიშვნელობას აღწევს. ამ საკითხს დოგმებით ვერ გადავჭრით, პირიქით უნდა ვეძიოთ საერთო საფუძველი და ვიპოვოთ აღქმები და გრძნობები, რომლებიც სქესთა შორის საზღვრებს სცდება. 

ამ დაკვირვებებმა აჩვენა, როგორც ეს არაერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ უნდა განვასხვავოთ გრძნობების რეალობა და თავათ არსებობის ბუნება. თუ გვსურს ცხოვრების საიდუმლოებების ამოხსნა, მთლიანად უნდა დავაკვირდეთ ადამიანს გრძნობების სამყაროდან და სულის სამყაროდან. ჩანს, რომ გრძნობებით აღქმადი პოლარობების მიღმა კაცი და ქალი მხოლოდ სამოსელია, გარსი, რომელიც ადამიანის ნამდვილ ბუნებას მალავს. ჩვენ სამოსის მიღმა უნდა ვეძებოთ რადგან იქ სულია. ჩვენ არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ სულის გარეგანი მხარე, ჩვენ თავათ სულში უნდა შევიდეთ. ასევე შეგვიძლია ეს ასე გამოვხატოთ – სიბრძნით გაჯერებული სიყვარული ან სიყვარულით გაჟღენთილი სიბრძნე უმაღლესი მიზანია. „მარადქალური ბუნება წინ გვიბიძგებს“. ქალური ბუნება სამყაროში ის ელემენტია, რომელიც გარეთ ესწრაფვის. რათა სიცოცხლის მარადიული ელემენტებით განაყოფიერდეს. 

 

შენიშვნები

როზა მაირედერი – (Rosa Mayreder), ქორწინებამდელი გვარია ობერმაიერი. იყო ავსტრიელი ფემინისტი, მწერალი, მხატვარი, კულტურის კრიტიკოსი. ვენის თეოსოფიურ წრეს დაუახლოვდა მე–19 საუკუნის ბოლოს და მე–20 საუკუნის დასაწყისში, რაც თეოსოფიურ საზოგადოებაში რუდოლფ შტაინერის ადრეული მოღვაწეობის წლებს ემთხვევა. მიუხედავად იმისა ფორმალურად არ ყოფილა ანთროპოსოფოსი, მისი ნაშრომები სქესზე, სულიერებაზე და სოციალურ რეფორმებზე ეთანხმებოდა რუდოლფ შტაინერის იდეებს ადამიანის ევოლუციაზე. 

“Juno Ludovisi” – „იუნო ლუდოვიზი“, რომაული ქალღმერთი იუნონას  მარმარილოს ქანდაკება,  რომელიც იდეალურ ქალურ სილამაზეს განასახიერებს. შექმნილია დაახლოებით პირველ საუკუნეში ახალი წელთაღრიცხვით. იპოვეს რომში ლუდოვიზის ვილის ტერიტორიაზე, აქედან მოდის მისი სახელწოდებაც. დაცულია რომის ნაციონალურ მუზეუმში.

„მარადქალური ბუნება წინ გვიბიძგებს“ – ამონარიდი გოეთეს ფაუსტიდან

მსგავსი სტატიები

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი VI)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო სამი სამყარ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი X)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო V. ფიზიკური...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი IX)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო IV. სული სუ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი XI)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო VI. ფორმააზ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი - II)


ადამიანის არსება თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი XII)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო შემეცნების ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი - I)


შესავალი ადამიანის დანიშნულებისა და სამყაროს ზეგრძნობადი შემეცნებ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff